კომუნიკაცია საერთო ენის გარეშე

არსებობს განათლება-ფორმალური, განათლება-არაფორმალური, განათლება საერთო ენაზე დაფუძნებული და არსებობს განათლება ემოციებსა და ვიზუალზე დაფუძნებული. ეს უკანასკნელი ნაკლებად რეალურია, ცოტაც წარმოუდგენელი და, ალბათ, მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა, თვალები დახუჭო, ფანტაზიას გასაქანი მისცე და პროცესი წარმოიდგინო.
23 წლის მარიამ ლეკიაშვილი ამ ფერად გარემოს წარმოადგენს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულება 2017 წელს დაამთავრდა. ამავე წელს განათლების მეცნიერებების მაგისტრატურის სტუდენტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ უყვარს ჟურნალისტიკა, წერა და ხალხთან ურთიერთობა, სურდა, უფრო მეტად თეორიულ სპეციალობაშიც ეცადა თავი. განათლების მეცნიერებები განათლების მართვასა და მენეჯმენტს გულისხმობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მარიამი სკოლის პედაგოგი იქნება, თუმცა უნდოდა, გამოეცადა ბავშვებთან ურთიერთობის საკუთარი შესაძლებლობები. ეს იმიტომ, რომ ჩაეხედა ბავშვების რეალურ პრობლემებში, პროგრამებში, სასკოლო პროცესებში და, შესაბამისად, სწორად დაეგეგმა განათლების პოლიტიკა.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან ასეთი სახის ურთიერთობას, ჯერჯერობით, არ გეგმავდა, არსებული შანსი გამოიყენა და პედაგოგიგისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. ეს შანსი პირველკლასელი ბავშვის ყველა საგანში მომზადებას გულისხმობდა. ეს პირველი ნაბიჯი მისთვის საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა ახალი მეთოდების, თამაშებისა და შემეცნებითი მასალების მოძიების წყალობით. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ (დაახლოებით, ორი კვირის წინ), მის ცხოვრებაში მეტად საპასუხისმგებლო მოცემულობა გაჩნდა. კორეელ ოჯახს საკუთარი ხუთი და შვიდი წლის შვილებისთვის სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მათ ინგლისური ენის საბაზისო დონეზე სწავლაში დაეხმარებოდა.
ერთი შეხედვით მარტივ პროცესს საერთო ენის არარსებობა ართულებდა. თანაც, მარიამს არ ჰქონდა ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება. გარდა იმისა, რომ ბავშვები ვერ ფლობენ ინგლისურ ენას, ამ ენაზე ვერც მათი დედა საუბრობს, მამას კი მხოლოდ ელემენტარული ცოდნა აქვს. დიდ პასუხისმგებლობას ოჯახის ნდობა აძლიერებდა. მარიამი დათანხმდა ბავშვების მეცადინეობას.
„რა თქმა უნდა, ემოციები დამოკიდებულებებიდან მოდის, განსხვავებულია დამოკიდებულება და განსხვავებულია ემოცია თითოეულ ბავშვთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ ვერბალურად არ გვესმის ერთმანეთის, მუდმივად ემოციებზე ვართ დამოკიდებული, ეს ემოციები ორმხრივი და სასიამოვნოა. ყოველი გაკვეთილის დაწყების წინ მუდმივად ველოდები, როგორ მოეწონებათ ახალი ვიდეოგაკვეთილი, როგორ შეხვდებიან ახალ დავალებას, ან რამდენად კარგად გაართმევენ თავს ამ ყველაფერს. ემოცია გაცილებით უფრო დიდი და სასიამოვნოა თავად გაკვეთილის პროცესში და მისი დასრულების შემდეგ. სასიამოვნოა, როდესაც გაკვეთილის დროს აქტიურები, მხიარულები და ენერგიულები არიან; ცდილობენ, გაიგონ და კარგად დაიმახსოვრონ ის, რასაც ვასწავლი. როდესაც ვაქებ, თვალები უბრწყინდებათ და კიდევ უფრო მეტ მონდომებას ვხედავ. ეს ყველაფერი იმდენად წამახალისებელი და სტიმულის მომცემია, შინაგანად იმის შეგრძნება მავსებს, რომ შემიძლია, რაღაც ვასწავლო და ეს სწავლა მათთვის სასიამოვნო იყოს“.
ხუთი წლის ბავშვისთვის გაკვეთილების ჩატარება, რასაც, გარდა საერთო ენის არცოდნისა, მისი მცირე ასაკი ართულებდა, ერთი შეხედვით, მარტივი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა პროცესი ორმხრივად სასიამოვნო აღმოჩნდა. გაკვეთილები კვირაში სამ დღეს, ორ-ორი საათის განმავლობაში გრძელდება და თითო ბავშვს თითო საათი ეთმობა. სწავლების მეთოდები მარიამის შემუშავებულია. ორივე ბავშვისთვის განსხვავებული პრინციპების აღმოჩენა გახდა საჭირო. პატარა ბავშვისთვის, უფრო მეტად, გართობით უწევს სწავლა. პირველივე გაკვეთილზე ის დიდი მონდომებით იმეორებდა საკუთარ სახელს ინგლისურ ენაზე და ახალი სიტყვებიც იმავე დღეს აითვისა. ინგლისურად წერას სწავლობს და ცდილობს, ლამაზადაც წეროს.
ბუნებრივია, არ არის მარტივი, თითოეული სიტყვის მნიშვნელობა ისე მიაწოდო, დარწმუნებული იყო, რომ სწორად გაიგო. სწავლას ნივთების ვიზუალიზაციის შესაძლებლობა უწყობს ხელს, თუმცა არსებობს ისეთი სიტყვებიც, რომლებიც რთულად იძლევა ამის საშუალებას. ამ შემთხვევაში მარიამს მათი ფიზიკური გაცოცხლება უწევს და გაკვეთილი საინტერესო პროცესის სახეს ინარჩუნებს. გამარტივების კიდევ ერთი საშუალება წიგნში გამოყენებული ილუსტრაციებია, რომლებიც კარგად აღქმადია. მით უმეტეს, როცა მას მუსიკა ახლავს და, ასევე, ბავშვს სიტყვების გამეორების შესაძლებლობა ეძლევა.
„ყველაფერს თვალსაჩინოების მეთოდით ვასწავლი. როცა ბავშვი თვითონვე ეხება კონკრეტულ ნივთებს, უფრო მარტივად აღიქვამს ის მის ინგლისურ მნიშვნელობას. გამიმართლა იმიტომ, რომ ორივე ბავშვი მართლა ძალიან გონიერია და ბევრჯერ გამეორება არ მიწევს“.
განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალება, შუალედში, სულ სამ-ოთხ წუთს, მშობლიურ ენაზე გახმოვანებული მულტფილმის ყურებაა. ამის შემდეგ გაკვეთილი უფრო მეტად ენერგიულად გრძელდება და ბავშვსაც არ ბეზრდება ინგლისური სიტყვების ხმამაღლა გამეორება.
შვიდი წლის ბავშვი იმ სკოლაში დადის, რომელშიც, სრულად, ინგლისურენოვანი სწავლებაა. მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვას, მეტ-ნაკლებად, ახერხებს, გადმოცემა და წინადადების აწყობა უჭირს. გარდა სიტყვების სწორად წარმოთქმისა, მარიამი მას მართლწერაშიც ავარჯიშებს. შემთხვევით აღმოჩენილმა მეთოდმა კი მასთან სწავლის პროცესი მეტად გაუმარტივა. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს სიტყვები, რომელთა ვიზუალიზაციაც ვერ ხერხდება, ონლაინლექსიკონის მეშვეობით მარიამი ერთ გრაფაში სიტყვის ინგლისურ შესატყვისს წერს, მეორე გრაფის მეშვეობით კი ბავშვს, ავტომატურად, მშობლიურ ენაზე შეუძლია მისი მნიშვნელობის აღქმა. მხოლოდ მოსასმენად ჩაფიქრებული იდეა ასე გამოადგა.
„მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და, ერთმანეთის, წესით, არ უნდა გვესმოდეს, აღმოჩნდა, რომ, რეალურად, ერთმანეთს მშვენივრად ვუგებთ. სასიამოვნო გაკვეთილები ტარდება. ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მიწევს სხვადასხვა მეთოდისა და პრინციპის შემუშავება, რომ ბავშვებს მეცადინეობა არ მობეზრდეთ. სწავლების უფრო მეტად გამარტივების სურვილი მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი მათთან გაკვეთილებს, თუ ისინი საქართველოში დარჩებიან. ბავშვები სწრაფად იზრდებიან, იცვლებიან, სწავლობენ უფრო მეტს. მჯერა, მომავალში კომუნიკაცია ბევრად უფრო მარტივი იქნება; შეძლებენ, ინგლისურად მესაუბრონ დღის მანძილზე გადახდენილ ამბებზე, მათ ჰობიზე, ინტერესებზე, ქვეყანაზე. გაკვეთილისა და, ზოგადად, ჩვენი კომუნიკაციის პროცესი ბევრად უფრო მოსახერხებელი და სასიამოვნო იქნება ამ მხრივ“.
მარიამისთვის ამ გაკვეთილების პროცესი, უმთავრესად, თვითგამოხატვის საშუალებაა, რითაც, როგორც თვითონ ამბობს, სრულიად უწევს გარდასახვა, რათა, არავერბალური გზით, ბავშვებს რაღაც ასწავლოს. „გარდა მასწავლებლობისა გიწევს, მსახიობი იყო. ამასთან, საინტერესოა, რომ უკეთ ეცნობი სხვა ეროვნების ადამიანებს, მათ ტრადიციებს; ურთიერთობისას ხვდები, რა კარგები არიან. ერთი გაკვეთილის გაცდენით ის ემოცია და გაცდა მომაკლდება, რაც თან ახლავს თითოეულ გაკვეთილს, პირველ ყოვლისა, კმაყოფილების განცდა, რასაც მათთან თითოეული მიღწეული მიზნის შემდეგ ვგრძნობ“.

მარიამ ტიელიძე