კახელი მევენახეების საქმე და დარბაზიდან გაქცეული მოსამართლე!

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას მკვიდრი, დიანა ქართლელიშვილი, ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც კახეთში ღვინის ქარხნებისგან დაზარალებული მევენახეების საქმე გაახმაურა და სამართალდამცველ ორგანოებში იჩივლა.

როგორც ქართლელიშვილი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, ღვინის ქარხნის მეპატრონეებს ერთი დაჯგუფება იცავს, რომლის წევრები პროკურატურისა და სასამართლოს წარმომადგენლები არიან, რომელთაც მფარველები ხელისუფლების ზედა ეშელონებში ჰყავთ. ქართლელიშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკანდალური სქემაც გაახმაურა, რომლის უკან ექსპრემიერი ღარიბაშვილი იდგა და რომლის მეშვეობითაც კახელი მევენახეები დაზარალდნენ. ამ საკითხზე „ქრონიკა+“ რამდენიმე წელია, წერს.  დაზარალებული მევენახის საქმეზე თითქმის ბოლოში გავიდა და მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე წუთი სჭირდება, თუმცა ეს პროცესი უსასრულოდ იწელება. ქართლელიშვილი ამჯერად სწორედ საქმეში მონაწილე მოსამართლეებს ამხელს.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება დიანა ქართლელიშვილი:

_ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, რომელიც ზიანის დაკისრებას ეხებოდა, ქარხანამ და მაკლერმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო მაკლერ ხუტიაშვილის საჩივარი და მიიღო ქარხანა „ჰელიოს+“-ის საჩივარი. აქ მთავარი ის არის, რომ ორივე საჩივარი გახლდათ ერთი და იგივე შინაარსის. ხუტიაშვილი წერდა, რომ სასამართლოს პირველმა ინსტანციამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რადგან თანხა დააკისრა დიანა ქართლელიშვილს იმიტომ, რომ ქვითრები გამოწერილი იყო ჩემს სახელზე და ყურძენი მე ჩავაბარეო, ანუ გაყალბებულ ცნობებზე გვაქვს საუბარი. ქარხანაც წერდა, რომ ყურძენი პირველად მე ჩამაბარა იოსებ ხუტიაშვილმა და კანონი მავალდებულებს, თანხა მას გადავუხადოო, ანუ ერთი ტიპის სარჩელი იყო შესული სააპელაციო სასამართლოში. ჯერ ამაზე მქონდა პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ მიეღო ეს სარჩელები, ან ორივესი მიეღო, მთელი ორი წელი პირველ ინსტანციაში მადავეს ბრალდებულთან. ადამიანთან, რომელსაც ბრალი დაუმტკიცდა, აღიარა დანაშაული და ბრალდებული იყო, ის ადამიანი ერთსა და იმავე საქმეზე მედავებოდა თანხას და ორი წლის მანძილზე მიწელავდა ამ პროცესს დღევანდელი „დამოუკიდებელი“ და „მიუკერძოებელი“ სასამართლო, კერძოდ, გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი. ეს მოსამართლე შეგხვდებათ გურჯაანშიც, ყვარელშიც და ლაგოდეხშიც, რა დროსაც სად არის საჭირო, თუ მსგავსი საქმეებია. მოკლედ, მოსამართლემ წარმოებაში მიიღო „ჰელიოს+“-ის საჩივარი და მაკლერ ხუტიაშვილს უარი უთხრა, რომელმაც უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა. ორი თვის განმავლობაში უზენაესმა სასამართლომ უარის თქმის დაწერა ვერ მოახერხა და როგორც იყო, რა გადაწყვეტილებაც მიიღო სასაპელაციო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა არევაძემ, იგივე გადაწყვეტილემა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ეკა გასიტაშვილმა და საქმე უკან დააბრუნა. მარტში დაბრუნებულ საქმეზე სასამართლო პროცესი ხათუნა არევაძემ 30 მაისს ჩანიშნა. ხმა არ ამომიღია, რადგან სასამართლო პროცესის დასრულებას ველოდი. ყოველთვის მეგონა, რომ მთავარი იყო, საქმე პირველ ინსტანციაში დასრულებულიყო და მერე აღარ იქნებოდა პრობლემა, თუ ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრდებოდა, რადგან უფრო მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეები მუშაობენ და ვფიქრობდი, რომ არ იკადრებდნენ იმას, რასაც რაიონის მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი კადრულობდა, მაგრამ აქაც მოვტყუვდი, რადგან ხათუნა არევაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ დრო მაქსიმალურად გაეწელა. როდესაც არ მიიღო ხუტიაშვილის სააპელაციო საჩივარი და უკან დაუბრუნა, უზენაეს სასამართოლოში გაასაჩივრა. მეორე-მესამე დღეს აგზავნიან საქმეს ზემდგომ ინსტანციაში. გავიდა ერთი კვირა და არ გადააგზავნა ქალბატონმა არევაძემ, მეორე კვირას დავრეკე და ასეთი პასუხი გამცეს, რომ თანაშემწე იყო ავად და ერთი კვირა სამსახურში არ იქნებოდა, როდესაც გამოცხადდებოდა, მაშინ გადააგზავნიდნენ. ორი კვირა დამაკარგვინეს, ხომ წარმოგიდგენიათ. არევაძის თანაშემწე ცუდად გახდა მაინცდამაინც იმ დროს, როდესაც საქმე უნდა გადაეგზავნა. ერთი კვირა არ იქნებოდა სამსახურში და სააპელაციო სასამართლომ ამის გამო მუშაობა შეწყვიტა?! ელემენტარულად, წერილი კანცელარიაში არავინ ჩაიტანა, რომ უზენაეს სასამართლოში გადაეგზავნათ. მერე სანამ თანაშემწე დაბრუნდა, იმან კიდევ რამდენიმე დღე გაწელა, სტატისტიკის დღეებს იმიზეზებდა. ბოლოს, როგორც იქნა, უზენაეს სასამართლოში გადავედით. უზენაეს სასამართლოში, დიდი ბრძოლის შედეგად, როგორც იქნა, ეკა გასიტაშვილმა გადაწყვეტილება დაწერა, ახლა ამის თანაშემწემ გააჩერა კვირები და კანცელარიას არ გადასცემდა. იძულებული გავხდი, რომ მეთქვა, ჟურნალისტებს მივმართავ და მათ გაეცი პასუხი, რატომ არ ჩაგაქვს კანცელარიაში და რატომ იქცევი ასე-მეთქი?! ესეც მითითებით იყო, თორემ გასიტაშვილის თანაშემწეს რა ინტერესი ჰქონდა, უკან დაბრუნებული მასალები კანცელარიაში არ მიეტანა? რადგან ყოველდღე ვრეკავდი და ვითხოვდი, მოსამართლე იძულებული გახდა, რომ თანაშემწისთვის დაწერილი განჩინება გადაეცა, სამაგიეროდ, თანაშემწეებს ხვევენ ისინი შარში და ის აჩერებდა ამ საქმეს კვირების განმავლობაში. როგორც იქნა, საქმე სააპელაციო სასამართლოში დაბრუნდა. მოსამართლე არევაძემ მარტში მიღებულ საქმეზე სასამართლო პროცესი მაისში დანიშნა, თანაშემწემ ხან მითხრა, რომ პროცესი 2 მაისს იყო ჩანიშნული, მერე მითხრა, რომ 19-ში იყო, მერე 23 თქვა და ბოლოს აღმოჩნდა, რომ 30 მაისს გადაიტანეს. მაინც არ გამიპროტესტებია, რადგან ბოლო ეტაპი იყო და, მაქსიმუმ, 5-10 წუთში სასამართლო პროცესი დამთავრდებოდა, მაგრამ 30 მაისს ასეთი სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა.

_ რას გულისხმობთ?

_ ხშირად ვრეკავდი და არც არავის უცნობებია, საერთოდ არც გადაწყვეტილებაში არის მითითებული, რომ მოპასუხე იყო მაკლერი ხუტიაშვილი, არც მხარეა, არც მოწმეა, არც მესამე პირია, რა არის, არავინ იცის, იმიტომ, რომ განჩინებაში ორივე მოსამართლემ _ არევაძემაც, გასიტაშვილმაც და ჩალათაშვილმაც კი, დაასაბუთეს, რომ მე შემხებლობაში არ ვარ ამ მაკლერთან. თვითონ ხუტიაშვილიც აღიარებს, რომ არ მიცნობდა, არანაირი გარიგება და სახელშეკრულებო ურთიერთობა ჩვენ შორის არ ყოფილა. სამი წელია, სასამართლო პროცესები მიმდინარეობს და არც ერთ პროცესს არ დავსწრებივარ, ყოველთვის ჩემი ადვოკატები ესწრებიან. მოულოდნელად გადავწყვიტე, რომ სასამართლო პროცესს დავსწრებოდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამან რაღაც უხერხულობა გამოიწვია, იმიტომ, რომ მოსამართლეს ჩაფიქრებული ჰქონდა სასამართლო პროცესის გადადება, საქმეს არ იყო გაცნობილი, იმიტომ, რომ დავალება ჰქონდა, პირველივე წუთიდან შევატყვე, რომ რაღაც ვერ იყო წესრიგში. მოსამართლემ 2-3-ჯერ დაიწყო ერთი და იგივე ტექსტის წაკითხვა, პროცესს არ ესწრებოდა ქარხნის ადვოკატი, ქალბატონმა არევაძემ თქვა, გუშინ წარმომიდგინეს განცხადებები „ჰელიოს+“-ის ადვოკატმაც და ხუტიაშვილისამაც, რომ ზუსტად ამ დღეს სხვა პროცესი ჰქონდათ ჩანიშნული და ვერ გამოცხადდებოდნენ. ორივეზე ერთად კი არ უთქვამს, ჯერ ქარხნის ადვოკატზე თქვა და მერე მაკლერის ადვოკატის განცხადება შემოაპარა, იცოდა, რომ თავიდანვე გავაპროტესტებდი. მაკლერის ადვოკატი წერს, _ დღეს 10 საათზე პროცესი მაქვს ჩანიშნული, ვერ გამოვცხადდები და გთხოვთ, ივლისის შუა რიცხვებისთვის გადაიტანოთ, რადგან თვენახევარი სულ დაკავებული მაქვსო. რადგან მოსამართლე არევაძეს მხოლოდ სამშაბათი დღე აქვს, პროცესი 11 ივლისს გადაიტანეს. მოსამართლე ხათუნა არევაძეს ადვოკატმა თამარ მეტრეველმა განუსაზღვრა სასამართლო პროცესების ჩანიშვნის დღე! სანამ მაკლერის ადვოკატის განცხადებაზე მოსამართლე რამეს იტყოდა, მკითხა, თანახმა ვიყავი თუ არა, რომ პროცესი გადადებულიყო? დავფიქრდი, უარს თუ ვიტყოდი, შეიძლებოდა, მაინც გადაეტანა, ზოგადად, მოსამართლეებს არ ვენდობი, ვისთანაც შეხება მქონია ამ საქმეზე, შეიძლებოდა, დაეკმაყოფილებინა, მაგრამ, სამაგიეროდ, ქარხნის ადვოკატი უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრებდა და საქმეს კიდევ 1-2 წელი გაწელავდნენ. დავთანხმდი, რომ სასამართლო პროცესი გადადებულიყო, ოღონდ 1-2 კვირის ვადაში და სწორედ ამის შემდეგ წარმოადგინა თამარ მეტრეველის განცხადება, რომელიც ითხოვს, რომ ივლისის შუა რიცხვებამდე გადაიდოს. მინდა აღვნიშნო, რომ თამარ მეტრეველი გახლავთ, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადვოკატი, ყველა მაკლერი, თუ ვინმე აყალბებს საბუთებს, ყალბი დოკუმენტებით აბარებს ყურძენს, ჩავარდება და ეს საქმე გახმაურდება, ეს ადამიანი ყველას ადვოკატად ჰყავს. ჩემი მხრიდან პროტესტი იყო, რომ საქმე სამი წელი მიმდინარეობს, ძალინ გაჭიანურებულია და პროცესი, მაქსიმუმ, 1-2 კვირით გადაგვედო. თამარ მეტრეველს რა უნდოდა ჩვენს საქმეში, ეს კითხვა მოსამართლესთან რომ დავსვი, _ ხუტიაშვილი არის ბრალდებული, თქვენივე განჩინებით ამ საქმეს ჩამოაცილეთ, ასევე გასიტაშვილის განჩინებით და ხუტიაშვილს რა უნდა ჩვენს პროცესზე-მეთქი? ამის პასუხად წამოხტა მოსამართლე და სასამართლო დარბაზიდან გაიქცა, დანარჩენი ორი მოსამართლე შეგვატოვა.

_ რატომ გაიქცა?

_ ვითომ სასამართლო პროცესი დაასრულა, იმიტომ, რომ საქმე არ ჰქონდა წაკითხული და რატომ იყო ჩართული მაკლერი ხუტიაშვილი პროცესში, თვითონაც არ იცოდა! პირველად ვიფიქრე, იქნებ, საქმე არ ჰქონდა შესწავლილი და თანაშემწემ დაუშვა შეცდომა-მეთქი, მაგრამ მოსამართლემ თქვა, _ მე ასე მივიჩნიე სწორადო. ხომ მაქვს იმის უფლება, მივიღო პასუხი, რატომ მოიწვიე სასამართლო პროცესზე ბრალდებული ხუტიაშვილი, რომელიც სამი წელია, ყელში მყავს გაჩხერილი?! მისი ბრალი დამტკიცებულია, აღიარებული აქვს თაღლითობა და დოკუმენტების გაყალბება… მოსამართლემ პასუხი ვერ გაგვცა, დარბაზიდან გაიქცა, იქვე ოთახში გაჩერდა, ნახევრად მოკეტა კარი და იქიდან იყურებოდა, შეგვატოვა მდივანი და ორი მოსამართლე, იქიდან გვითვალთვალებდა და გვისმენდა, რა ხდებოდა სასამართლოს დარბაზში. რა მეთქვა იმ ორი მოსამართლისთვის, მომხსენებელი მოსამართლე არევაძეა, ამათ არც თარიღის გადმოწევა შეუძლიათ და არც პასუხის გაცემა. ხათუნა არევაძეს არ ჰქონდა საქმე წაკითხული და იმ ორ მოსამართლეს რომ არ ჰქონოდა წაკითხული, რამეში გავამტყუნებდი?! არევაძეს დავუსვი კითხვა, _ რატომ იყო მოწვეული სასამართლო პროცესზე მაკლერი ხუტიაშვილი, მისი ადვოკატი მეტრეველი და 11 ივლისს ადვოკატებს რომ წარმოედგინათ, მაგალითად, ავადმყოფობის ცნობა, რას აპირებდა? მივმართე, _ სამი წელია, ეს სიტუაცია მეორდება, თქვენთვის თუ პირველი პროცესია, მე ამან შემიწირა და მერე რა ვქნათ-მეთქი? პასუხი ვერ მივიღე! ისიც საინტერესოა, ან რატომ იყო სარწმუნო მოსამართლისთვის, რომ ადვოკატებს თვენახევრის განმავლობაში, მთელი დღის მანძილზე, სასამართლო პროცესები ჰქონდათ ჩანიშნული და დღის არც ერთი მონაკვეთი არ ჰქონდათ თავისუფალი?! მით უმეტეს, ადვოკატებს ივნის-ივლისის არანაირი გრაფიკი არ წამოუდგენიათ. ამის გამო, დღეს მივმართე „ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ზაზა ხატიაშვილს, ამის უფლებამოსულება მხოლოდ მას აქვს და ვთხოვე, რომ ადვოკატებმა წარმოადგინონ დათარიღებული გრაფიკი მოკლე ვადაში, ეს გრაფიკი უნდა წარვადგინო სასამართლოში. ამ საკითხზე შუამდგომლობით მივმართეთ მოსამართლე არევაძეს, მაგრამ არ დაგვიკმაყოფილა, რადგან თვითონაც იცოდა, რომ რაღაც აბსურდს ამბობდა, რას ლაპარაკობდა, თვითონაც არ იცოდა. რატომ არ დააკმაყოფილა? გამოეთხვა გრაფიკი, იმიტომ, რომ არც მხარეა, არც მოწმეა ხუტიაშვილი და არც არაფრის წარმოდგენა ევალება. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის არევაძემ და ეს შუამდგომლობაც იმიტომ არ დააკმაყოფილა. რა პრობლემაა? _ თუ მირთავ საქმეში, მოდი, პროცედურულად გავყვეთ, რატომ მაძლევ სალაპარაკოს, რატომ ტოვებ ბევრ კითხვის ნიშანს?! რატომ გარბიხარ სასამართლო დარბაზიდან, მიპასუხე?! სასამართლო ხომ ეყრდნობა მტკიცებულებებს, რა მტკიცებულება იყო ფურცელზე დაწერილი, რომ თვენახევრის განმავლობაში არ მცალია და გადაიტანე პროცესი. 11 ივლისს რომ კიდევ მოგვწერონ ადვოკატებმა, არ გვცალიაო, რა ვქათ, 2018 წელს გადავიტანოთ სასამართლო პროცესი?! დამღალა მოსამართლეების რწმენით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, ამას ეფარებიან, საქმეს არ კითხულობენ, ჩემი საქმეებიდან გამომდინარე შემიძლია ეს განვაცხადო, სხვა მოსამართლეებს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, არ კითხულობენ, ზოგადად, ზერელედ იღებენ გადაწყვეტილებებს და, საბოლოო ჯამში, საქმეს ართულებენ. ერთ მაგალითსაც გეტყვით: ჩემს საქმეს თელავის სასამართლოს მოსამართლე მარინა ცერცვაძე იხილავდა, მას მოსამართლედ მუშაობის საკმაოდ დიდი სტაჟი აქვს, ერთ-ერთ პროცესზე მხარემ ყველა მტკიცებულება წარმოადგინა, რასაც ედავებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, მოპასუხე მხარის ადვოკატი ადრე თელავში პროკურატურაში მუშაობდა და ერთმანეთს იცნობდნენ. მოსამართლე ცერცვაძემ საქმე საერთოდ არ წაიკითხა და დაწერა, _ მხარემ სიმართლე ვერ დაამტკიცაო. ამ დროს ყველა მტკიცებულება დევს საქმეში! საქმე გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში და მოსამართლე ტაბაღუას დაეწერა. ხალხი გადაირია, არანაირი მტკიცებულების გამოკვლევა, არანაირი მსჯელობა, აბსოლუტურად არაფერი, საქმე უკან დაბრუნდა, _ გამოიკვლიეთო! ყველა მტკიცებულება დევს და როგორ ამტყუნებ ამ ადამიანს?! ეს მოსამართლე ჰყავთ თელავში! თელავი-ყვარელი-ლაგოდეხი-გურჯაანი, პრაქტიკულად, ეს სისტემა დახურულია და საქმეებს მოსამართლეები არ კითხულობენ. თუმცა ეს ყველაზე არ შეიძლება ითქვას. სირცხვილი არ არის, ამხელა სტაჟის მქონე მოსამართლისთვის, რომ სააპელაციო სასამართლო საქმეს უკან გიბრუნებს და გეუბნება, ელემენტარულად, საქმე წაიკითხე და გადაწყვეტილება ისე მიიღეო?!

_ მოსამართლის გაქცევის შემდეგ როგორ გაგრძელდა ამბავი?

_ რადგან მოსამართლე სასამართლო დარბაზიდან გაგვექცა, მდივანიც დაიბნა, არ იკისრეს ეთქვათ, რომ შეეშალათ, ამით მაინც რომ გამოესწორებინათ. მერე რა, ადამიანები არიან. სამი წელია, რაც ჩემი საქმე გრძელდება, პირველი ინსტანციიდან დაწყებული, სულ ასე ხდება, საქმე რომ გაიწელოს, ყოველთვის ადვოკატები იმიზეზებენ, რომ სხვა პროცესები აქვთ ჩანიშნული. ამდენი დამთხვევა ხომ არ შეიძლება, რომ არსებობდეს?! ე. ი. არსებობს ვიღაც, რომელიც მოსამართლეებს მართავს და ამ სიყალბეებს აწერინებს. მოსამართლის მდივანმა გვითხრა, შეიძლება, თანაშემწეს შეეშალა, რომ მაკლერი მოიწვია სასამართლო პროცესზე და მასთან გაარკვიეთო. თანაშემწესთან რომ დავრეკე, განაცხადა, მოსამართლემ ვინც მიმითითა, ისინი დავიბარეო, ე.ი მოსამართლის მითითებით, შეგნებულად მოხდა დაბარება. მოსამართლემ თქვა, განცხადება დამიწერონ და ვიმსჯელებო. განცხადება რომ დავწერეთ, ორი დღე დასჭირდათ პასუხისთვის (ვინც ეს დავალება მისცა, ალბათ, იმისთვის შეეთანხმებინათ), ეს ამბავი რომ გამეხმაურებინა, არევაძეს ხომ არ შეექმნებოდა რაიმე პრობლემა?! მანამდე ვუთარი, რომ ჟურნალისტებს ჩავრთავდი, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ჩინჩალაძეს მივმართავდი და გავახმაურებდი. ხუტიაშვილი მე ხელს ვერ შემიშლის, თანხაში ვეღარ შემომედავება, მხარე არ არის, მოწმე არ არის, საქმეში არანაირი ფუნქცია არ გააჩნია და მისი ჩვენების შემდეგ მოსამართლე საქმეს ვერანაირად შეცვლის და შემოაბრუნებს, მის საუბარს მოსამართლისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ისედაც ხომ ვიცით, რომ ამ მაკლერს სამი წელია, ტყუილად დაატარებენ, რეალურად, ამ კაცის უკან სოფლის მეურნეობის სამინისტრო დგას და მას ფარად იყენებენ. ხუტიაშვილმა ძალიან ბევჯერ თქვა, _ ეს სასამართლო პროცესები უკვე ყელში მაქვს ამოსული და არ მანტერესებსო. თანაშემწეს როდესაც ვუთხარი, ორი დღე დავიცდი, მერე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მივმართავ და უხერხული არ იქნება, რომ დღეს დაინიშნა ამ თანამდებობაზე ჩინჩალაძე და მოსამართლის მიმართ უკვე პრეტენზიით მივმართო-მეთქი?! თანაშემწემ მითხრა, _ ეს საქმე, ფაქტობრივად, უკვე მოგებული გაქვს, არავინ გყავს მოდავე, რამდენიმე წუთის საქმეა დარჩენილი, ფორმალურად უნდა გამოვიდეს მოსამართლე და თქვას, რომ ქარხანას ქართლელიშვილის მიმართ თანხის ანაზღაურება დაეკსრა, შენ თუ გაახმაურებ, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება და არ გეშინიაო?!

_ დაგემუქრათ?

_ ფაქტობრივად, მუქარა შემომაპარა, თუკი ამ ამბავს ჩინჩალაძემდე მივიტანდი. ვუთხარი, _ მე იმის არ მეშინია, რომ ვინმე ამ თანხას წამართმევს, ან შემომედავება, არევაძემ და მისმა თანაშემწემ თუ არ იცის, ყველამ იცის, ამ ხნის მანძილზე რამდენ ადამიანს დავუპირისპირდი და ისე გავიტანე ეს საქმე, რომ ნახევარ მთავრობას ვებრძოლე და მოვიგე. ახლა არევაძის თანაშემწე მუქარანარევ სიტყვებს მეუბნება, ეს არაფერს ნიშნავს. რადგან სასამართლო პროცესის თარიღი არ გადმოწიეს, განცხადებით ჩინჩალაძესაც მივმართე, ზაზა ხატიაშვილსაც დავუწერე განცხადება და გამოჩნდება, როგორ არიან დაკავებულები თვენახევრის მანძილზე 24 საათის განმავლობაში ადვოკატები. „ქრონიკა+“-ს მოგმართეთ და ვფიქრობ, ტელევიზიებსაც მივმართო, მაინტერესებს და ველოდები, რა შეიცვლება 11 ივლისს! როგორ შეცვლიან გადაწყვეტილებას? რა უნდა გააკეთონ, ეს არის საიტერესო, როგორ აასრულებენ ერთი მუქარას! აი, ეს არის ჩვენი მოსამართლეების სახე!

 

თამარ ბატიაშვილი