კახა გოგოლაშვილი: „ძალადობა არის ხელისუფლების სტრატეგია“

ირინა მაკარიძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა, ირალი ქადაგიშვილმა, განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება დაბრკოლება გახდეს საქართველოსთვის სტატუსის მიღების გზაზე.

რას ნიშნავს უკრაინის მიერ საქართველოდან საკუთარი ელჩის გაწვევის შემდეგ საქართველოს ელჩის „კონსულტაციებისთვის“ გამოშვება? რატომ არის „ქართული ოცნებისთვის“ ასე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვება მაშინ, როდესაც თავად აცხადებს, რომ ამ დემარშის შემდეგ უკრაინა შეიძლება საქართველოსთვის დაბრკოლება გახდეს სტატუსის მიღებისთვის? _ ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი, კახა გოგოლაშვილი:

_ რაც შეეხება ქადაგიშვილის ნათქვამს, რას გულისხმობს ის, არ ვიცი, მაგრამ, საერთოდ, კანდიდატის სტატუსსა და ევროპულ პერსპექტივაზე საუბარი  დაიწყო იმიტომ, რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ამის შემდეგ მიიღო ევროკავშირმა გადაწყვეტილება, მოგვანიჭოს ევროპული პერსპექტივა. თუ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბება, ამას ევროკავშირი, რა თქმა უნდა, აუცილებლად გაითვალისწინებს. საბოლოო ჯამში, უკრაინა არის ის ლოკომოტივი, რომლის გამოც, ამ ეტაპზე, ჩვენ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე დავდექით. ასე რომ, ცხადია, მნიშვნელობა ექნება უკრაინის პოზიციას. არ ვიცი, შეიძლება ის  სხვა რამეს გულისხმობდა, რომ უკრაინა შეგნებულად შეგვიშლის ხელსო. შესაძლოა, ეს ნიშნავდეს იმას, რომ თუ ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხელისუფლება ოპოზიციასთან ერთად ახლა უკვე უკრაინას დააბრალებს ამას.

რაც შეეხება უკრაინის გადაწყვეტილებას, წარმოიდგინეთ თქვენი თავი ზელენსკის ადგილას, _ სააკაშვილი არის მისი მეგობარი, ერთად მუშაობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ერთია ის, რომ სააკაშვილი დააკავეს საქართველოში რაღაც დანაშაულისთვის და მეორე, როცა ის ხედავს, რომ ეს ადამიანი სიკვდილის პირას არის მისული. მას, უბრალოდ, არ შეეძლო სხვანაირად მოქცეულიყო, თუ არა, რომ მოეთხოვა მისი გადაცემა. ეს არ არის ელჩის გამოძევება, ზელენსკიმ ელჩს მისცა რეკომენდაცია, დაეტოვებინა კიევი და კონსულტაციებისთვის წასულიყო საქართველოში. ალბათ, რაღაც მესიჯებიც მისცა საქართველოს მთავრობისთვის გადასაცემად. ეს არის, რა თქმა უნდა, დიპლომატიური  ურთიერთობების შედარებით დაბლა დაწევა, თუმცა არა _ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან არცერთი შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგმულა. ომში მყოფმა ზელენსკიმ რამდენჯერმე  ითხოვა სააკაშვილის გადაცემა. შესაძლებელი იყო მისთვის ანგარიშის გაწევა და გაშვება ან, როგორღაც, შეერბილებინათ მისთვის საასჯელის ეს ზომა და, ვთქვათ, შინაპატიმრობაში გაეშვათ, რადგანაც მაინც ქვეყნის პრეზიდენტი იყო. „ოცნებას“ არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ამიტომ არ მიკვირს ზელენსკის ეს დემარში. ზელენსკი არის ომში მყოფი  პრეზიდენტი, მას უყურებს მილიონამდე უკრაინელი ჯარისკაცი, როგორც მაგალითსა და შეუპოვრობის განსახიერებას. ისინი თუ დაინახავენ, რომ ზელენსკის რეაგირება არ აქვს თავისი ქვეყნის მოქალაქისა და  თანამებრძოლის ბედზე, რომლის ასეთი მძიმე მდგომარეობის ამსახველი  კადრები ვრცელდება, ეს ხომ ცუდად აისახება ზელენსკის ავტორიტეტზე?  ესეც პოლიტიკაა. შეიძლება, მხოლოდ ემოცია არ იყოს აქ გადამწყვეტი, მას აუცილებლად სჭირდება ამ საკითხზე რეაგირება. როგორც ვხედავთ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საერთოდ სურვილი არ აქვთ,  ზელენსკის მდგომარეობაში შევიდნენ.

_ რატომ არის „ოცნებისთვის“ სტატუსსა და უკრაინის პოზიციაზე უფრო მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვება?

_ როგორც ჩანს, სააკაშვილის თემის აქტუალიზაცია, საქართველოში ყოფნა და მის გარშემო ეს დაძაბულობა ხელსაყრელია „ქართული ოცნებისთვის“.  ამით სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს ყოველდღე ახსენებს ამ საფრთხეს, რაც მის ხელისუფლებაში დაბრუნებას უკავშირდება. სააკაშვილი თუ წავა უკრაინაში, დაიკარგება და შეიძლება, თვეში ერთხელ გამოჩნეს. მაშინ ამ „საფრთხის“ შეგრძნება მინელდება, ამიტომ „ოცნებას“ ურჩევნია, აქ იყოს. ხელისუფლების პოზიციები ძლიერდება მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის ფაქტორის გამო. სააკაშვილის უკრაინაში წასვლის შემთხვევაში მართალია, სააკაშვილის მიმართ, შესაძლოა, მხარდაჭერაც შემცირდეს, მაგრამ შემცირდება მათი რიცხვიც, ვინც „ოცნებას“ სააკაშვილისადმი შიშის გამო უჭერს მხარს.

_ რაც შეეხება სტატუსის საკითხს, აშკარად აცდენაა ეკროკომისიის შეფასებასა და „ქართული ოცნების“ თვითშეფასებას შორის შესრულებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. თქვენ რას იტყვით? 

_ მე მონაწილე ვარ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოებული მონიტორინგის პროექტის, რომელსაც უძღვება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. ჩვენი შეფასებით, ევროკომისიამ ძალიან რბილად შეაფასა ბევრი კრიტერიუმი. სინამდვილეში, უფრო ცუდადაა საქმე ამ შესრულებასთან დაკავშირებით. რეალურად, მხოლოდ ერთი რეკომენდაციაა შესრულებული, დანარჩენები ნაწილობრივ და 4 რეკომენდაცია საერთოდ არ შესრულებულა. ევროკომისიამ კი თქვა, რომ მხოლოდ ერთში არ არის პროგრესი და დანარჩენში ნაწილობრივი პროგრესია. შესაბამისად, ევროკომისიის შეფასება იყო უფრო რბილი, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოების. მაგრამ „ოცნებამ“ დადო თავისი მოსაზრებები,  თუმცა მინდა ხაზი გავუსვა ამას, რომ „ოცნების“ შეფასებებს არანაირი ფასი არ აქვს ამ შემთხვევაში, ის დაინტერესებული მხარეა, მას აფასებენ.  ეს იგივეა, ახალგაზრდა გავიდეს გამოცდაზე და საკუთარ თავს უმაღლესი შეფასება დაუწეროს, ლექტორმა კი დაბალი შეფასება მისცეს. რა ფასი აქვს იმას, რას იტყვის კობახიძე შესრულებასთან დაკავშირებით? კომისიამ უნდა მოგვცეს ჩვენ დასკვნა. 

_ კი, მაგრამ ამ ახალგაზრდამ  დააჯერა ოჯახის წევრები, რომ თავად ყველაფერი შეასრულა, ხოლო ლექტორი არის ცუდი და კორუმპირებული…

_ შეიძლება, აბიტურიენტმა დააჯეროს თავისი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ და არ დაუწერეს ქულა, ამიტომ სახლში გააგრძელებენ მის პატივისცემას, არ დატუქსავენ, მაგრამ ამით ის ვერ მოხვდება უნივერსიტეტში. ჩვენი მიზანი რა არის? ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხმა უთხრას, რა კარგად უმუშავიათ, მაგრამ დაჩაგრეს, თუ ის, რომ ევროკომისიამ დაწეროს დასკვნა, რომ ჩვენ მართლა ღირსი ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის? ამ შემთხვევაში, ევროკომისიის შეფასებაა მნიშვნელოვანი და არა კობახიძის. მან რამდენიც უნდა იძახოს, ყველაფერი შევასრულეთ და დაგვჩაგრესო, ამით არ მოგვცემენ სტატუსს. თუ მართლა ყველაფერი შეასრულეს, მაშინ დაარწმუნოს მეორე მხარე. თუ ვერ არწმუნებს, ე. ი.  დიპლომატია არ უვარგათ და ვიღაცები გადაიკიდეს ბრიუსელში. რატომ უნდა დაუპირისპირდე იქ ადამიანებს, სადაც გინდა, რომ შეხვიდე? ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობა არის პასუხისმგებელი, რომ მივიღოთ სტატუსი. იმის გამო ვერ მიიღებენ, რომ რეკომენდაციები არ შეასრულეს, თუ იმის გამო, რომ დიპლომატია და ურთიერთობები არ უვარგათ, ამას მოსახლეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვნია შედეგი, მაგრამ, როგორც ჩანს, „ოცნებისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია თავისი მომხრეების დარწმუნება, რომ ისინი არიან კარგები და მათ ჩაგრავენ. ეს რაღაც სტრატეგია არის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც წაგებული სტრატეგიაა.

_ ამის პარალელურად ვხედავთ, როგორი ანტიდასავლური კამპანია ააგორა „ოცნებამ“. რას იტყვით, ჭრის ეს პროპაგანდა?

_ „ოცნება“ ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს, რომ ევროკავშირი არ არის ისეთი კარგი, როგორც ჩვენ გვგონია, რომ სინამდვილეში იქ ცუდი ხალხია, იქ არის კორუფცია, იქ არის გარყვნილება, რომ ზოგიერთი ქვეყანა „ომის პარტიის“ მიერ იმართება, რომ ჩვენ, თურმე, ომში გვითრევენ. ეს არის „ქართული ოცნების“ ნარატივი, მაგრამ საქმე ისაა, რამდენი ადამიანი ირწმუნებს ამას. თუ მართლა იჯერებს ხალხი მათ ტყუილებს, მაშინ რატომ არის რომ 85% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას? აქედან გამომდინარე, ისეთი ხალხი არსებობს, რომელიც სიამოვნებით იჯერებს, რომ ევროკავშირი ცუდია, მაგრამ მისი რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ არჩევნები მოიგოს.

_ გარდა ამისა, ვხედავთ ძალადობის კამპანიას, რომელიც წამოიწყო ხელისუფლებამ, ვხედავთ ძალადობას პოლიტიკოსებზე, მედიისა და საზოგადოების ჯგუფების წარმომადგენლებზე. როგორც  ფიქრობთ, რას უკავშირდება ეს?

_ „ოცნება“ სკრუპულოზურად ამზადებს არჩევნებისთვის ნიადაგს და მზად არის, აქედანვე იომოს ხმების მოსაპოვებლად.  მგონია, რომ ძალადობის კამპანია არის იმისთვის, რათა მოსახლეობის ნაწილი, უბრალოდ, დააშინოს, მოკვეთოს, როგორღაც შექმნას სიტუაცია, რომ ვინც მერყეობს, საერთოდ არ ჩაერიოს ამ ძალადობის მორევში. ფიქრობენ, ამ ფონზე ისინი გაიმარჯვებენ, რადგან მაინც აქვთ რესურსი, რომ კმაყოფილი ჰყავდეთ თუნდათ მოსახლეობის 20 პროცენტი თანამდებობებით, სამსახურებით, ხელფასებით, მოგებული ტენდერებით. დანარჩენი, რაც ნაკლები არ ჩაერევა პოლიტიკაში, მით უკეთესი. ამიტომ ძალადობრივ კამპანიას თუ გააჩაღებენ, სადაც დისკრედიტებული ეყოლებათ ადამიანები, აჩვენებენ, რომ თითქოს სუსტია ოპოზიციის მხარე, მედია, არასამთავრობო სექტორი და სჯობს, მათ მხარეს არ იდგნენ. ძალადობის სიტუაციაში ადამიანებს ხშირად უჭირთ არჩევანის გაკეთება, რადგან აქ მხოლოდ სამართლიანობის ფაქტორი არ მოქმედებს, არსებობს უსაფრთხოებისა და პირადი ურთიერთობების ფაქტორი. ეს არ ხდება შემთხვევით, ეს არის არჩეული სტრატეგია. სხვა, უფრო ცივილიზებული  მეთოდებით ვერ ხედავენ თავიანთი გამარჯვების პერსპექტივას, ამიტომ მიმართავენ ასეთი დაპირისპირებისა და ძალადობრივი გარემოს შექმნას, რათა ამ გარემოში რაც შეიძლება ნაკლებმა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში.

_ ეს ზოგადი პესიმიზმის ფონი, ალბათ, კიდევ უფრო გაზრდის ემიგრაციის ტალღას, რითაც მოსუფთავდება „ოცნებისთვის“ საარჩევნო ველი 2024 წლის არჩევნებისთვის, აქეთკენ მიდის ვითარება?

_ აბსოლუტურად სწორია, ამას ცდილობენ. ვინც ემიგრაციაში არ წავა, აქ იქნება ჩუმად ან იტყვის, საერთოდ არ მინდა პოლიტიკა, არავინ ვარგა, არც ერთი პარტია, ესენი სუსტები არიან, ისინი კიდევ მოძალადეები. ძალიან ბევრი ადამიანის დისკრედიტაცია შეიძლება მოხდეს კიდევ ამ პერიოდში.

_ რამდენად ელოდებით, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაჭერის კამპანიაც წამოიწყონ?

_ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სად დაინახავენ საფრთხეებს. როგორც ვუყურებ, პრაქტიკულად, არ აქვთ უკვე მუხრუჭები. ეთიკური მუხრუჭები მოხსნილია საერთოდ, ამიტომ ეზიზღება „ოცნებას“ ევროკავშირი. მისგან დისტანცირება სჭირდებათ, რადგან ევროკავშირი თუ რჩება შენს ახლო პარტნიორად, გიჭირს ყველანაირი მეთოდის გამოყენება. ისინი გეუბნებიან, რომ ეს არ შეიძლება, ეს დაუშვებელია. ბევრმა ქვეყანამ, მაგალითად, რუსეთმა, თავის დროზე, ასე გააკეთა, ევროკავშირს უთხრა, _ შენ საერთოდ ნუ ერევი ჩემს საქმეებში, მე არც თქვენთან ინტეგრაცია და არც გრძელვადიანი თანამშრომლობა მსურს. თუ გინდა, იყიდე ჩემგან ნავთობი, მე ვიყიდი შენგან სხვა რამეს და ასე ვიყოთ. დაახლოებით ასე არის აზერბაიჯანი ევროკავშირთან. როდესაც აკრიტიკებდნენ ალიევს ჟურნალისტების დაჭერისა და არასამთავრობოების დევნისთვის, ალიევმა თქვა, არ მინდა თქვენგან არც დახმარება და არაფერი, თუ გინდათ ჩვენი გაზი, კი ბატონო, მოგაწვდით და იყიდეთ. დაახლოებით ასეთი ვითარებისკენ უნდათ, რომ წაიყვანონ ამათ ურთიერთობა. შემდეგ უკვე ევროკავშირი ვეღარ ჩაერევა პირდაპირ ასეთი ქვეყნის საქმეებში და ვერც არჩევნებში. უბრალოდ, არც მოიწვევენ ევროკავშირის დამკვირვებლებს, ეუთო/ოდირი შეიძლება მოვიდეს, მაგრამ ისინი რომ თავიანთ დასკვნებს დადებენ, აღარავინ იქნება, ვინც ამაზე მიუთითებს. ანუ არ უნდათ ქვეყანაში ევროკავშირი, როგორც არბიტრი. განსხვავება ის არის, რომ ამათ კანდიდატის სტატუსი მაინც უნდათ, ოღონდ არ უნდათ თავიანთი ძალაუფლების შეზღუდვის სანაცვლოდ. ასეთი მიზნები აქვთ, მაგრამ არ უწერია ამ მიზნებს ახდენა.

_ რა გაძლევთ ამ ოპტიმიზმის საფუძველს?

_ ამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს უკრაინის გამარჯვების იმედი ამ ომში.  ახლა ევროპა ძალიან ჩართულია უკრაინის ომში, დასუსტებულია რუსეთთან ამ დაპირისპირებით, ამიტომ ცდილობს, არ გაამწვავოს ვითარება არც ერთ მთავრობასთან, მაგრამ როდესაც გამარჯვება იქნება უკრაინისკენ, მაშინ შეიცვლება დამოკიდებულება. მაშინ „ოცნება“ დაკარგავს სიტუაციურ მომხრეებს საქართველოშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც.