კაცი, რომელიც მსოფლიოს ცვლის

ამერიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მსოფლიო ორად გაიყო _ ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. გაიყვნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ გაიყო საზოგადოება. გაიყვნენ ბიზნესმენები, მსახიობები, ჟურნალისტები. გაიყო ყველა, რადგან ნათლად დაინახა, რომ ის, რასაც შეჩვეული იყო, თვალსა და ხელს შუა იცვლება, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ინგრევა.

უდავოა, ტრამპის ინაუგურაცია არა მხოლოდ მსოფლიო საზოგადოებას, არამედ კაცობრიობის პოლიტიკური განვითარების პერიოდსაც ორად გაჰყოფს _ ტრამპამდე და ტრამპის შემდგომ პერიოდებად.

ტრამპამდე იყო „ისტებლიშმენტის ჰეგემონია“, ანუ  პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა მართვის უფლება და მითვისებული ჰქონდა კაცობრიობის მთავარი იდეოლოგის სტატუსი. ამერიკული პოლიტელიტის იდეოლოგია კი, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი, ლიბერალიზმია. ლიბერალიზმი ყველგან და ყველაფერში. ლიბერალიზმი თავისუფლების სახელით. ლიბერალიზმი რწმენის ნაცვლად. ლიბერალიზმი, როგორც ცხოვრების წესი. მრავალი წლის განმავლობაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს იდეოლოგია მთავარ საექსპორტო პროდუქტად აქცია. ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ეს სისტემა, ოდესღაც, აღარ იმუშავებდა და დამარცხდებოდა, მაგრამ არასოდეს არ უნდა თქვა „არასოდეს“.

პირველი, რაც ტრამპმა შეძლო, ისაა, რომ იპოვა და რაც მთავარია, გააღვიძა ის ამერიკა, რომელსაც ათწლეულებია, (დაახლოებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ) საღათას ძილით ეძინა. ესაა, ძირითადად, კონსერვატიული, თეთრი ამერიკა, რომელმაც ვერა და ვერ მიიღო ეს  თავსმოხვეული ლიბერალიზმი, მაგრამ იმის ძალაც არ შესწევდა, მისთვის რამე სერიოზული დაეპირისპირებინა, რადგან სისტემამ ის ბევრჯერ დაადუმა. როგორც კი ხმა ამოიღო და თქვა, მე ტრადიციულად მინდა ვიცხოვრო და ტრადიციული ოჯახი მინდა მქონდესო, მაშინვე ჰომოფობი და კაცთმოძულე უწოდეს, მედიის მეშვეობით სამარცხვინო ბოძზე გააკრეს, დაამცირეს და დაიჭირეს კიდეც.  ამიტომაც დადუმდა ნახევარი ამერიკა და ნელ-ნელა მიიძინა კიდეც. აი, სწორედ ეს მიძინებული ამერიკა გააღვიძა ტრამპმა.

მაღვიძარას ფუნქცია ტრამპის მიერ, სი-ენ-ენ-ის ეთერში, წინასაარჩევნოდ, ნათქვამმა ფრაზამ შეასრულა: „მე ტრადიციული ქორწინების მომხრე ვარ, როდესაც ქორწინებაში ქალი და მამაკაცი იმყოფებიან“. ეს იყო მეხი ამერიკული ლიბერალიზმის მოწმენდილ ცაზე. უცებ, ყველამ დაინახა, რომ, თურმე, ასეთი რამეების ლაპარაკი შეიძლება და თან ძალიან მაღალი ტრიბუნიდანაც. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის, რომ ამ ურყევი ლიბერალური  ღირებულებების წინააღმდეგ ილაშქრებს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც არავის ვალი არ აქვს. მას არ აქვს მათი ვალი, ვინც ტრადიცულად აფინანსებდა ამერიკელი პრეზიდენტების საარჩევნო კამპანიას და შემდგომ ითხოვდა თავის წილს ქვეყნის ჩრდილოვან მართვაში. მაგალითად, სოროსის მსგავსი ფილანტროპები, სხვადასხვა ბიზნესკორპორაციის ლობისტები, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ლობისტები და ა. შ. ტრამპმა თავისი საარჩევნო კამპანია თავად დააფინანსა, ამიტომაც დღეს არავის ვალი არ აქვს. ეს კი მას მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევს. ამან რიგით ამომრჩეველში რწმენა გააჩინა, რომ ეს კაცი თავის დაპირებებს შეასრულებს, რადგან ხელის შემშლელი არავინ ჰყავს.

ამას გარდა, ტრამპმა ყველასთვის გასაგებ ენაზე ახსნა, თუ როგორ აპირებს მილიონობით სამუშაო ადგილის შექმნას. 80-იანი წლების ბოლოდან, იაფი მუშახელის ძებნაში, ათასობით ამერიკული საწარმო მექსიკაში, ჩინეთში, ინდონეზიასა და ა. შ. გადაბარგდა. შედეგად, კორპორაციებმა თავისი კაპიტალი გააასმაგეს. რა თქმა უნდა, იგივე პროდუქციას ამზადებენ და იგივე ფასად ყიდიან, ოღონდ ათჯერ იაფი მუშახელით, ანუ ნაკლები დანახარჯით. ბედნიერი იყო ყველა, ამერიკელი მილიონერები, რომლებიც მილიარდერები გახდნენ და მშიერი ჩინეთიც, რომელმაც საოცარი ეკონომიკური აღმასვლა დაიწყო. მილიონობით თავის მოქალაქე დაასაქმა და ტრილიონობით დოლარი თავის ეკონომიკაში მოიზიდა.

ვინ დაზარალდა?.. ვინ და რიგითი ამერიკელი, რომელიც ამ საწარმოებში მუშაობდა, სანამ ისინი ჯინსებს შტატებში კერავდნენ. ჩინეთში კი ისინი აღარ წაიყვანეს, შედეგად ათ მილიონამდე ამერიკელი უმუშევარი დარჩა. შემოსავლის გარეშე დარჩა ათი მილიონი ამერიკული ოჯახი. ესეც უკმაყოფილო 30 მილიონი ამომრჩეველი, რომელსაც, უეცრად, მათთვის გასაგებ ენაზე უთხრეს, რომ უშველიდნენ. ტრამპი მათ დაჰპირდა, რომ ყველა საწარმოს ამერიკაში დააბრუნებს, ხოლო ვინც ამას არ იზამს, მათ პროდუქციას დამატებითი გადასახადებით დაბეგრავს, შედეგად კი იაფი მუშახელით მიღებული შეღავათი აზრს დაკარგავს. ფაქტია, რომ ამ დაპირებებმა იმუშავა.

იმუშავა ამომრჩეველზეც და იმუშავა პრაქტიკაშიც. შედეგი უკვე გამოჩნდა _ ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია „ფორდი“ თავის გეგმებს ცვლის და მექსიკაში საწარმოს აღარ ააშენებს. კომპანია 700 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას, მექსიკის ნაცვლად, შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი მიჩიგანში ჩადებს და ამით ამერიკაში 700 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

დაპირებების შესრულება, საერთოდ, ცალკე თემაა. ფაქტია, რომ ტრამპმა ყველა თავისი დაპირების შესრულება ინაუგურაციის დღესვე დაიწყო, რაც, თავის მხრივ, სერიოზული სიახლეა. ამერიკელებს ასეთი ოპერატიულობა ფრანკლინ რუზველტის შემდეგ არ ახსოვთ, როცა დიდი დეპრესიის დასაძლევი კანონი რუზველტმა საზოგადოებას ინაუგურაციიდან მეექვსე დღეს წარუდგინა.

ერთი თვეც არ გასულა ტრამპის გაპრეზიდენტებიდან და უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ მისი ყველაზე „გიჟური“ დაპირებებიც კი, დიდი ალბათობით, განხორციელდება. მაგალითისთვის _ კედელი მექსიკასთან. აშშ-ში ყველამ იცის, რომ მათ ქვეყანაში არალეგალებისა და კრიმინალის ყველაზე დიდი ნაკადი, ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიები, სწორედ მექსიკიდან შედის. 3000-კილომეტრიანი საზღვრის გაკონტროლება კი ისე, რომ იქ ვერაფერი და არაფერი შემოძვრეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომ გადაწყვიტა, ააშენოს კედელი, რომელზეც ვერავინ გადმოძვრება. ლიბერალებმა კი მაშინვე მოძებნეს ანალოგი, _ „ბერლინის კედელი“. იდეაში, ორივე კედელია, მაგრამ სრულიად სხვადასხვა რამეს ჰყოფს. ბერლინის კედელმა ერთი სახელმწიფო და ერთი ერი გაჰყო ორად, ტრამპის კედელი კი არაფერს ჰყოფს. თუ მაინცდამაინც გაყოფაზეა საქმე, აშშ-სა და მექსიკას სახელმწიფო საზღვარი ჰყოფს, კედელს კი ამ საზღვრის დაცვის ფუნქცია ეკისრება და არანაირი პოლიტიკური დატვირტვა მას არ გააჩნია, განსხვავებით ბერლინის, ან, თუნდაც, ისრაელ-პალესტინის გამყოფი კედლისგან. აქ ის უფრო მნიშვნელოვანია, ვინ გამოყოფს ფულს ამხელა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის და რამდენი ათასი ადამიანი დასაქმდება 3141-კილომეტრიანი კედლის მშენებლობაზე.

ასე რომ, კედელთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ისევ კონსერვატიული და ლიბერალური მსოფლიოს  დაპირისპირების კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ისევე როგორც ტრამპის მიერ, მიგრანტებთან დაკავშირებული განკარგულებები. ახალი ხომ არაფერი მომხდარა. უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ იბრძოდა ბარაკ ობამაც. მის დროს ყველაზე მეტი არალეგალი გამოაძევეს ამერიკიდან. თუმცა მაშინ, ამის გამო, მსოფლიო ლიბერალიზმი კრუნჩხვებში არ ჩავარდნილა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ამერიკის მემარცხენე-ლიბერალური, დემოკრატიული პარტიის ლიდერის ხელით კეთდებოდა, ამიტომაც დასაშვები იყო. ტრამპმა კი, რაც არ უნდა თქვას, ყველაფერი მიუღებელია, და არა იმიტომ, რომ ყველაფერს ცუდს და მიუღებელს ამბობს, არამედ იმიტომ, რომ მისი მემარჯვენე კონსერვატიზმია მიუღებელი.

თუმცა არავინ იფიქროს, რომ ბრძოლა მხოლოდ იდეოლოგიურ დონეზე მიმდინარეობს. ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, მიმდინარეობს დაფინანსების შესანარჩუნებლად. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აცხადებდა პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელთა დაფინანსებაზეც, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მეშვეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიარდობით დოლარი ნაწილდებოდა. მაგალითისთვის 2012 წლამდე ასეთ პრიორიტეტს წარმოადგენა გენდერული თემები. შესაბამისად, მთელი მსოფლიოს სამოქალაქო სექტორი გენდერული თემატიკით დაკავდა და, წლების განმავლობაში, უთო რომ ჩაგერთო, იქიდანაც ქალთა ემანსიპაციების საკითხებზე საუბარი ისმოდა. 2012 წლიდან გენდერი სექსუალურმა უმცირესობებმა ჩაანაცვლა და ამიტომაცაა, რომ მეხუთე წელია, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, LGBT თემას იცავს. ხუთი წლის წინათ ეს თემა არავის ახსოვდა, რადგან ამ თემით ფული არ იშოვებოდა. ამას ჰქვია ლიბერალიზმის აგრესიული ექსპორტი მთელ მსოფლიოში. ესაა ყველაზე ძლიერი ამერიკული იარაღი. ის გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე რომელიმე ბირთვული ქობინი.

და უცებ, თეთრ სახლში მოდის კაცი, რომელიც ამბობს, რომ ამერიკა არავის აღარ მოახვევს თავს საკუთარი ცხოვრების წესს, არც ლიბერალურს და არც კონსერვატიულს. ანუ ათწლეულების განმავლობაში აწყობილ დაფინანსების სისტემას, უბრალოდ, გამორთავს. ახლა ხომ გასაგებია, რატომ აჭყივლდა მშიერი გოჭივით მსოფლიო სამოქალაქო სექტორი… ამიტომაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რა თემაზე დაუპირისპირდებიან ტრამპს, მთავარია, მისი დისკრედიტაცია. იქნებ, როგორმე გადადგომა აიძულონ. იქნებ, როგორმე ძველი სისტემა გადაარჩინონ.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტრამპის სურვილი, დამეგობრდეს რუსეთთან. ეს, ალბათ, მისი დაპირებების ყველაზე რთულად შესასრულებელი ნაწილია. მსოფლიოს ბევრჯერ უნახავს ვაშინგტონისა და მოსკოვის შერიგების მცდელობები. რუზველტიდან მოყოლებული ამას ცდილობდა ყველა. რუზველტი _ სტალინთან, კენედი და ნიქსონი _ ხრუშჩოვთან, ფორდი და ჯონსონი _ ბრეჟნევთან და ა. შ. ურთიერთობების გადატვირთვის სულ ბოლო მცდელობა კი ობამას ჰქონდა პუტინთან, მაგრამ უშედეგოდ. არაფერი მაგ საქმიდან, საბოლოო ჯამში, არ გამოდის, რადგან ეს ორი სახელმწიფო მხოლოდ ურთიერთდაპირისპირებისა და კონკურენციის პირობებში ახერხებს განვითარებას. დიდხანს ჩახუტება მათ ჯერ არასდროს გამოსვლიათ. ძალიან საინტერესოა, გამოუვათ თუ არა ამჯერად?..

თუმცა, თუ ამ ორი გიგანტი სახელმწიფოს ურთიერთობის ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ყველაზე ეფექტიანად და დიდი ხნით თანამშრომლობა მათ მაშინ შეძლეს, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს საერთო მტერი გამოუჩნდათ. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა რუსები და ამერიკელები, რეალურად, მოკავშირეები იყვნენ (და ისიც ქართველის დამსახურებით:)))…).

რუსეთთან სათანამშრომლოდ ტრამპი ანალოგიურ წინაპირობებს ეძებს. თუ მაშინ იყო ნაცისტური გერმანია და ფაშიზმი, რატომ არ გამოდგება დღეს საერთო მტრად ისლამური სახელმწიფო და ტერორიზმი?.. მით უმეტეს, რომ ტრამპმა ერთი კვირის წინ, სამხედროებთან შეხვედრისას, პრაქტიკულად, ჯვაროსნული ომი გამოუცხადა ისლამურ სახელმწიფოს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ტრამპი ღვთისგან დალოცვილ საქმეს უწოდებს და მიზნის მისაღწევად უკიდურესად რადიკალურ ზომებსაც ამართლებს. მაგალითად ისეთს, როგორიცაა ტერორისტების წყლით წამება.

არადა, ერთი შეხედვით, სად ამერიკა და სად ისლამური სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხე?.. ამ ტერორისტული სახელმწიფოს შექმნით ობამას ადმინისტრაციამ შექმნა მაგნიტი, რომელმაც მთელი მსოფლიოდან მიიზიდა ტერორიზმით მოხიბლული, გახურებული თავები. ამით პრობლემა, ამერიკიდან ძალიან შორს _ სირიასა და ერაყში გადაიტანეს. თითქოსდა რა უნდა იყოს ამაზე კომფორტული მდგომარეობა ქვეყნისთვის, რომელიც ტერორიზმის მთავარი სამიზნეა ბოლო 16 წელიწადი. ხოლო ის, რომ ამერიკელები ერაყის ხელისუფლებას ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ეხმარებიან, ალიბის შექმნის მცელობაა იმ ბრალდების საწინააღმდეგოდ, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია ობამას ადმინისტრაციამ ჰილარი კლინტონის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეობის დროს შექმნა.

როგორადაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ტრამპი ობამას დალაგებულ საერთაშორისო პოლიტიკაში აშკარად ვერ გრძნობს თავს კომფორტულად და ერთი სული აქვს, ისე აჩეჩოს იქ ყველაფერი, როგორც მისი ქოჩორი აჩეჩა იუმორისტული შოუს წამყვანმა.

ტრამპს, ისლამურ სახელმწიფოსთან ასეთი გააფთრებული დაპირისპირებით, უფრო პოლიტიკური მიზნების მიღწევა სურს. პირველ რიგში, მან თავის ამომრჩეველს უნდა დაანახვოს, რომ ის გაანადგურებს იმ დანაშაულებრივ ორგანიზაციას, რომელიც მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა შექმნეს. ამას გარდა, ამერიკულ არმიას, დიდი ხანია, ალბათ, ბინ ლადენის ლიკვიდაციის მერე, რაიმე მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვება არ უზეიმია. ეს კი, რუსების მიერ ალეპოს აღების შემდეგ, განსაკუთრებულად დამამცირებელია. მსოფლიოს მთავარმა  პოლიციელმა, დროდადრო, თავისი სტატუსი უნდა განაახლოს ხოლმე. ყოველივე ეს რუსებთან, დროებით მაინც, დამეგობრებას თუ შეუწყობს ხელს, ხომ მთლად კარგი. თუმცა რუსულ-ამერიკული მეგობრობა არც მეორე მსოფლიო ომში ყოფილა სიამტკბილობაზე აწყობილი. მათი მოკავშირეობა იძულებითი რომ იყო, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. თუ ტრამპმა და პუტინმა, რაღაც ფორმით, ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანება შეძლეს, ბედნიერ და დიდი ხნით დაძმაკაცებას ეს მაინც არ გამოიწვევს. თუმცა ამ დროებითი ჩახუტების მიღწევაც საკმაოდ რთული იქნება, თუნდაც იგივე ირანის ფაქტორის გამო. ტრამპი ირანს ღიად ემუქრება, თან არა მხოლოდ სანქციების აღდგენით. ირანის უკან კი რუსეთი დგას, რომელც დღე დღეზე ახალი, გრანდიოზული ენერგოპროექტების წამოწყებას გეგმავს თავის ძველ პარტნიორთან. ირანმა კი, ამასობაში, ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა და ისრაელის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკა განაახლა.

მოკლედ, მსოფლიო ტრამპა-ცუმპის ფონზე გეოპოლიტიკური ძვრების მოლოდინი დიდია. სამწუხაროდ, ამ გადანაწილებიდან არ ჩანს, რომ საქართველომ ტორტის პატარა ნაჭერი მაინც შეიძლება მიიღოს. თუ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობაში არაფერი შეიცვალა, არც ჩვენთვის შეიცვლება რამე და დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების სრულიად გაუგებარი საგარეო პოლიტიკით ისევ ამ ქაოსში ვიქნებით _ როცა ვერავინ გამჩნევს და ვერავინ გხედავს, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ არ გვსურს, მსოფლიო პოლიტიკურ პროცესში ჩავერთოთ. და ამას ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბრძნული დაბალანსების პოლიტიკას ვუწოდებთ.

ამერიკისა და რუსეთის, თუნდაც, დროებითი დამეგობრების შემთხვევაში ხომ საერთოდ აღარავის გავახსენდებით. ასეთი გეოპოლიტიკური დამეგობრება აუცილებლად გულისხმობს ხოლმე ერთმანეთის გავლენის სფეროებში ჩაურევლობას. და, რატომღაც, ეჭვი მაქვს, საქართველო, ასეთ შემთხვევაში, ამერიკული გავლენის სფეროში არ მოხვდება.

ე. ი. ერთადერთი, რის იმედზეც საქართველოს საგარეო პოლიტიკა არის დამოკიდებული, ის გახლავთ, რომ ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდეს, რომ პატარა, ჩრდილოელი მეზობლისგან დაჩაგრული საქართველოსთვის შეშფოთება და აღშფოთება ისევ საჭირო გახდეს. ეს არის და ეს ჩვენი ხეირიც და ჩვენი საერთაშორისო პოზიციონირებაც.

ძალიან მნიშვნელოვანია ტრამპის განცხადებები ნატოსთან დაკავშირებით. ამერიკის პრეზიდენტი შანსს არ უშვებს ხელიდან, ევროპელებს შეახსენოს, რომ უსაფრთხოებისთვის ფულია გადასახდელი. და რომ ამერიკა აღარ აპირებს ყველას მაგივრად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შენახვას. ამას ტრამპმა ისიც დაუმატა, რომ 28 წევრისგან შემდგარი ბლოკი მოძველდა. ტრამპის თქმით, მათ ან უნდა გადაიხადონ ძველი ვალები, ან ნატო უნდა დატოვონ: „თუკი ეს ნატოს დაშლის, ის დაშლის ნატოს“.

კიდევ უფრო გასაოცარი აღმოჩნდა ევროპელების რეაქცია ტრამპის ამ განცხადებაზე. ევროპელები, როგრც ჩანს, იმდენად შეეჩვივნენ სხვის ხარჯზე ცხოვრებას, რომ ტრამპის სიტყვები ნატოს ერთობლივი დაფინანსების აუცილებლობაზე შეურაცხყოფადაც კი მიიღეს. და იმის მაგივრად, რომ საკუთარი უსაფრთხოებისთვის ჯიბეზე ხელი გაეკრათ, მერკელმა და ოლანდმა ევროპის დამოუკიდებელი არმიის შექმნაზე დაიწყეს საუბარი. ასე თუ გაგრძელდა, ნატო საქართველოსთვის და უკრაინისთვის კი არა, უსაფრთხოების ქოლგის ფუნქციას ევროკავშირისთვისაც ვეღარ შეასრულებს. ესეც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო გეგმებზე სერიოზული გავლენა შეიძლება იქონიოს.

როგორადაც არ უნდა განვითარდეს მსოფლიო გეოპოლიტიკა, ფაქტია, რომ ტრამპმა საჭე მკვეთრად მარჯვნივ გადახარა. ფაქტია ისიც, რომ მსოფლიო მასშტაბის შავი პიარიც მას ვერ აზარალებს. პირველად ხდება ისე, რომ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო მედიასაშუალებები ტრამპის ტვიტერის პოსტებთან ყოველდღე მარცხდებიან, რომლებსაც უფრო მეტი ადამიანი კითხულობს და ელოდება, ვიდრე CNN-ს, ABC -ისა და NBC-ის ერეთად აღებულს.

ტრამპის სიძლიერე მის მარტოობაშია. ყველას წინააღმდეგ მებრძოლი აშკარად უფრო დიდ მხარდაჭერას პოულობს მასებში, ვიდრე მისი კონკურენტები პოლიტელიტიდან. ტრამპის კოზირი სტერეოტიპების ნგრევაა. მან ეს იცის და ამიტომაც ყოველდღე ახალ-ახალ სტერეოტიპს ანგრევს.

ტრამპი დღეს მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველაზე დიდი თაღლითობაა მედიცინის მთელი ისტორიის მანძილზე. და რომ  ვაქცინაცია უზარმაზარი ფულის გაკეთების საშუალებაა, ის ორგანიზმის იმუნიტეტს აქვეითებს და ამის შედეგად ადამიანები ვირუსების მიმართ კიდევ უფრო დაუცველები ხდებიან.

საინტერესოა, რომ ტრამპმა ეს თქვა და მისი ეს ნათქვამი მთელმა მსოფლიომ გაიგო. დარწმუნებული ვარ, უამრავმა ექიმმა მისი ეს გამონათქვამი უამრავ ტელეეთერში „მიწაში ჩადო“, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ გადაფარა. ვერ გადაფარა კი ნიშნავს, საინფორმაციო ომი წააგო.

მხოლოდ ტრამპს შეუძლია თქვას, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევები არასანდოა და ის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას უფრო ემსახურება, ვიდრე აზრის გამოკითხვას. ამას პლანეტაზე უამრავი ადამიანი ამბობს, მაგრამ ტრამპის ნათქვამი მთელმა მსოფლიომ გაიგო და მსგავსი კვლევის სანდოობასაც ჯერ არნახული დარტყმა მიადგა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი დღეს ყველაზე მოთხოვნადი ადამიანია მსოფლიოში, იმავდროულად, ის ყველაზე საძულველი ადამიანიცაა. ძნელად მოსაძებნია პოლიტიკოსი, რომლის წარუმატებლობაც, ერთდროულად, ამდენ ადამიანს უნდა. ყველას წინააღმდეგ მებრძოლის მანტია ტრამპისთვის როგორც წარმატების, ისე კატასტროფის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა ნუ ვიმკითხავებთ, უმჯობესია, თვალი მივადევნოთ მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის ელვისებურ ცვლილებებს, რომელიც ბრექსიტით დაიწყო და ტრამპით გრძელდება. ცვლილებების სიო ევროკავშირს უახლოვდება, სადაც წელს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი არჩევნები ელით. გარდამტეხი იქნება თუ არა ცვლილებები, ვნახავთ, მაგრამ რომ იქნება, ეჭვი არავის ეპარება, რადგან საჭესთან ამერიკის ისტორიაში ყველაზე არაორდინარული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ზის.

 

დემნა ვეშაპიძე