ირმა პავლიაშვილი: „საარჩევნო წლის ბიუჯეტი ყოველთვის ამომრჩეველთა კმაყოფილებაზე არის ორიენტირებული“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) კონფერენცია გამართა: „2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეები, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები.

არსებულ გამოცდილებასა და რეკომენდაციებზე „ქრონიკა+“ საიას საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელს, ირმა პავლიაშვილს ესაუბრება:

_ კონფერენციაზე მსჯელობა წარიმართა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო და პოლიტიკური უფლებების რეალიზებისას საკანონმდებლო და პრაქტიკის კუთხით იდენტიფიცირებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს დამკვიდრებას.

თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს დამკვიდრების საქმეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს წინა არჩევნებისას მიღებული გამოცდილების გაანალიზება. ეს საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ საარჩევნო კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და დავგეგმოთ სამომავლო ნაბიჯები. სისტემური ანალიზი კი იმ უზუსტობებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრაში დაგვეხმარება, რომლებიც ერთიანობაში  მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას განაპირობებს.

საიამ საკუთარი მიგნებები და რეკომენდაციები წარმოადგინა 5 ძირითადი თემატური მიმართულებით:

  1. წინასაარჩევნო, არჩევნების დღე და შემდგომი პერიოდის დარღვევები (წინასაარჩევნო აგიტაცია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სხვ.);
  2. არჩევნებში ჩართული უწყებების (საარჩევნო ადმინისტრაცია, აუდიტის სამსახური, უწყებათშორისი კომისია და სხვ.) საქმიანობა;
  3. ობიექტური, სამართლიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობა სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ;
  4. სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა;
  5. ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ქალების, შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.

თითოეული თემატური ჯგუფის წარმომადგენლებმა კონფერენციის მსვლელობისას იმსჯელეს  და წარმოადგინეს ძირითადი მიგნებები და ერთიანი ხედვები, რომელიც ზემოაღნიშნული მიმართულებების მიხედვით, შესაძლებლობას მოგვცემს, როგორც საკანონმდებლო, ასევე არსებული მანკიერი პრაქტიკის გაუმჯობესების კუთხით, დავგეგმოთ სამომავლო ნაბიჯები სამართლიანი, კონკურენტული და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესაქმნელად.

დავიწყოთ პირველი მიმართულებით და ყველაზე მთავარზე კომპონენტებზე გავამახვილოთ ყურადღება: წინასაარჩევნო, არჩევნების დღე და შემდგომი პერიოდის დარღვევები (წინასაარჩევნო აგიტაცია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სხვ.):

– თუ 2012-ისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს შევადარებთ, რასაკვირველია, გარკვეული წინსვლა გვაქვს. უკეთესად ხდება არჩევნების ადმინისტრირება, დარღვევების ფაქტები შემცირებულია, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. 2016 წელს ახალი გამოწვევები დაფიქსირდა, მაგალითად, აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა. ჩვენი კანონმდებლობით ეს პირდაპირ არის აკრძალული. როდესაც ეს შესაბამის უწყებებში გავასაჩივრეთ (საარჩევნო ადმინისტრაცია და სასამართლო), სამწუხაროდ, ნორმა პროგრესულად არ განმარტეს და ჩვენი საჩივრები არ დააკმაყოფილეს.

უარი იმას ეფუძნებოდა, რომ ნორმას ვერ აღასრულებდნენ და ამ პირის მიმართ გარკვეულ ღონისძიებას ვერ გაატარებდნენ. ვფიქრობთ, რომ არასწორი დამოკიდებულებაა. ერთი მხრივ, შესაბამისმა უწყებებმა ნორმები სწორად უნდა ახსნან და ეს ყველაფერი უფრო პროგრესულად განმარტონ.

მართალია, ადმინისტრაციული რესურების გამოყენება, გარკვეულწილად, შემცირებული იყო, მაინც დაფიქსირდა ქმედებები, _ ეს იქნებოდა კამპანიაში საჯარო მოხელეების ჩართულობა, თუ სხვა აქტივობები, რაც ხელს უწყობდა, რომ ამომრჩევლის კმაყოფილების დონე ამაღლებულიყო და, შესაბამისად, გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიეღო.

აქ ორ კომპონენტს გამოვყოფ: გახსოვთ, ოთხთვიანი საარჩევნო პერიოდი იყო და ამ დროს საბიუჯეტო ცვლილებები მხოლოდ სამოცი დღის განმავლობაში არის აკრძალული. შესაბამისად, ალბათობა გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტები შეცვლილიყო, იმდაგვარად დაგეგმილიყო, რომ ამით მმართველი გუნდის სასარგებლოდ ამომრჩეველთა კმაყოფილება აეწიათ. შემდგომ ეს უკვე გადაწყვეტილების მიღებაზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენდა.

ამიტომ მნიშვნელოვანია, კანონმდებლობა გადაიხედოს და ისეთი ნორმები შემოგვთავაზონ, რომლის შედაგად ასეთი რისკები კვლავ არ გაჩნდება, ამ მხრივ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობის სივრცე დაიხურება.

ასევე ბიუჯეტის შესწავლისას 2015-ისა და 2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტები შევადარეთ. სწორედ მაშინ გამოიკვეთა, რომ საარჩევნო წლის ბიუჯეტი ყოველთვის მეტად ორიენტირებულია ამომრჩეველთა კმაყოფილებაზე. მაგალითად, უფრო მეტად ისეთი პროგრამები ფინანსდება, როგორიცაა ინფრასტრუქტურული, სოციალური პროგრამები.

სოციალური დახმარებების გაცემაც კონკრეტულად საარჩევნო პერიოდით შემოისაზღვრება. ანუ ერთი წლის განმავლობაში გასაცემი დახმარება საარჩევნო პერიოდში უფრო აქტიურად ნაწილდება.

ასევე საინტერესოა, საჯარო მოხელეების ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში. მართალია, კანონი განსაზღვრავს, რომ მათ სამსახურისგან თავისუფალ დროს და არასამუშაო საათებში შეუძლიათ ჩაერთონ და აგიტაცია აწარმოონ, თუმცა საჯარო მოხელეები ამას კუთვნილი შვებულების ხარჯზე ახორციელებდნენ. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ისინი ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა აქციისთვის მობილიზებას უკეთებდნენ და შემდგომ თავადაც ესწრებოდნენ აღნიშნულ აქციებს…

რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სთხოვდნენ, რომ მომხრეების გარკვეული რაოდენობის პირადი ინფორმაცია შეეგროვებინათ, _ ეს ადამიანები შემდეგ მივიდოდნენ და კონკრეტულ სუბიექტს ხმას მისცემდნენ.

რაც შეეხება კენჭისყრის დღესთან დაკავშირებულ დარღვევებს, საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობდა, ადმინისტრირება პროცედურებთან შესაბამისობაში წარემართა. თუმცა შემდგომ ვნახეთ, რომ გარკვეული დაძაბულობა და მოთხოვნების დარღვევა უკვე შეჯამებისა და შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესში წარმოიშვა, რასთან დაკავშირებითაც იგივე საიას არაერთი დავა ჰქონდა.

კერძოდ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გარკვეულწილად, ძალადობრივმა ფაქტებმა მოიმატა. კენჭისყრის დროსაც ჩვენ რამდენიმე ოლქში ძალადობის ფაქტი ვნახეთ, რამაც იქ არჩევნების შედეგებზეც გავლენა იქონია. განმეორებითი არჩევნები დაინიშნა მარნეულსა თუ შემდგომ ჯიხაშკარში.

ასევე მნიშვნელოვანია შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, რა პრობლემები გამოიკვეთა, როგორ ხდებოდა მათი შედგენა და რამდენად ერთგვაროვანი იყო ეს წესი. ამ მხრივაც მთელი რიგი პრობლემებია. ვფიქრობთ, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, ერთგვაროვანი წესი გაიწეროს, რა დროსაც ამის მიხედვით მოხდება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა დაკომპლექტება.

რაც შეეხება ჩვენ მიერ რამდენიმე ოლქში ხილულ ძალადობრივ ფაქტებს, მნიშვნელოვანია, რომ ეს ქმედებები სწორად დაკვალიფიცირდეს და, შესაბამისად, მონაწილე პირების მიმართ პასუხისმგებლობის ზომები გატარდეს.

იგივე არჩევნების დღეს თუ ავიღებთ, ოთხთვიანი პერიოდის განმავლობაში ძალადობრივი ქმედებები მაშინ გაიზარდა, როცა კენჭისყრის თარიღი ახლოვდებოდა და ამან პიკს მიაღწია.  კორცხელის ინციდენტის შემდეგ (რომელიც შუალედურ არჩევნებზე მოხდა), ხელისუფლება, გარკვეულწილად, შეეცადა, რომ სიტუაცია დაებალანსებინა, საკანონმდებლო ცვლილებები შემოგვთავაზა (ახალი მუხლი), სადაც იმაზე იყო საუბარი, რომ საარჩევნო პერიოდში ძალადობა დასჯადი გახდებოდა. ასევე შსს-მ ბრძანება შეიმუშავა, რითაც განისაზღვრა, თუ როგორ განთავსდებოდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლები. მაგრამ რიგ შემთხვევებში ჩვენ ვიხილეთ, რომ პრევენციული ღონისძიებები არასაკმარისი იყო იმისთვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი აღარ ყოფილიყო.

ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს და დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს. ამ რეალობის ერთ-ერთი დასტურია ჯიხაშკარის ფაქტი. არჩევნების შემდეგ მთელი რიგი პროცესები მიდიოდა, გამოძიებამ სასამართლოში გადაინაცვლა. ბოლო პროცესი 27 ივნისს, სულ რამდენიმე ხნის წინათ იყო და მხოლოდ სამი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. არადა, ჩვენ ვიცით, რომ მომხდარში გაცილებით მეტი ადამიანი მონაწილეობდა, იქ უბანი დაარბიეს.

არაეფექტიანობა იმ მხრივ ვლინდება, რომ ყველა პირის იდენტიფიცირება ვერ მოხდა. მერე უკვე მოწეები აცხადებდნენ, რომ აღარ ახსოვდათ, იქ ვინ მონაწილეობდა და ვინ _ არა. მოკლედ, მხოლოდ სამი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

რაც შეეხება შსს-ს ბრძანების შესრულებას, თუ რამდენად ეფექტიანები იყვნენ სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები უშუალოდ არჩევნების დღეს და რამდენად შეძლეს ძალადობრივი ქმედებების პრევენცია და აღმოფხვრა, ვნახეთ, რომ სადაც სიტუაცია დაიძაბა, მაგალითად, მარნეულში, იმდენად არაეფექტიანები იყვნენ სამართალდამცველები, რომ თავადაც დაზარალდნენ.

ამიტომ ვფიქრობთ, რომ კვლავ უნდა გადაიხედოს ნორმა, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს ძალადობრივი ქმედებებისთვის საარჩევნო პერიოდში. დაზუსტდეს ბუნდოვანებები, რომელიც ნორმაშია დარჩენილი და თუნდაც სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან უფრო ეფექტიანი ღონისძიებების გატარება დაიგეგმოს, რათა მსგავსი ქმედებები არ მივიღოთ და არჩევნები უსაფრთხოდ წარიმართოს.

_ რაც შეეხება სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობას?

_ ჩვენ, ასევე, წინასაარჩევნო, კენჭისყრის დღისა და შემდგომი პერიოდის საარჩევნო დავებს ვაწარმოებდით. ეს იმისთვის, რომ პროცედურები დაცულიყო და პოლიტიკური უფლებები არ შეზღუდულიყო. ასევე მეორე შემთხვევაში უკვე სხვა სუბიექტების მიერ წარმოებულ დავებს ვაკვირდებოდით.

ჩვენთვის საინტერესო იყო, საარჩევნო ადმინისტრაციის მიღმა სასამართლოები რამდენად ერთგვაროვნად ხსნიდნენ კანონმდებლობას და რამდენად ეფექტიან და სწორ განმარტებებს აკეთებდნენ. ამ შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ გარკვეული პრობლემები გვაქვს მოსამართლეთა კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე საკითხზე ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ და თბილისის საქალაქო სასამართლომ განსხვავებული გადაწყვეტილებები გამოიტანეს.

ამიტომ მთელი რიგი აქტივობები უნდა დაიგეგმოს, რომ მოსამართლეებს კვალიფიკაცია აუმაღლდეთ, _ ეს იქნება მოდულის შემუშავება, ტრენინგების ჩატარება თუ მისთ. მართალია, ტრენინგები უტარდებათ, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, ეს ტრენინგები მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებზეა მორგებული და ნორმათა სწორ განმარტებას, ან უფრო საფუძვლიანად სწავლებას არ მოიცავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, კომპლექსურად შემუშავდეს მოდული და იმ გამოწვევებზე მორგებული იყოს, რაც სასამართლოში მოსამართლეთა კვალიფიკაციის მხრივ დავინახეთ.

_ გადავიდეთ შემდეგზე, ინკლუზიური და კონკურენტული საარჩევნო გარემო…

_ ჩვენი დაკვირვების ობიექტი, ერთი მხრივ, ქალები, მათი არჩევნებში მონაწილეობა იყო; მეორე მხრივ, ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირთა ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში და მათი პოლიტიკური უფლებები რამდენად რეალიზებულია.

პირველ რიგში, ქალთა მონაწილეობაზე ვისაუბროთ. კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ ქალთა პოლიტიკაში ჩართულობა დაბალია არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ თვითმმართველობის დონეზეც, სადაც მხოლოდ 12%-ია, ხოლო საპარლამენტი პირობებში _ 16%. თუ ყველა არჩევნებს შევხედავთ და მატება-კლებას დიაგრამით წარმოვიდგენთ, გარკვეული მატება არის. თუმცა 25-წლიან პროცესში მხოლოდ 16%-ს მივაღწიეთ, მეტი წარმომადგენლობითობა არ არის. არადა, საერთაშორისო სტანდარტი იმაზე საუბრობს, რომ თუ ჩვენ გვინდა, მონაწილეობითი დემოკრატია გვქონდეს და ქალები პოლიტიკაში ჩართული იყვნენ, სადღაც, 40%-იანი ჩართულობა უნდა იყოს.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ქმედებები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდეს. ერთია საკანონმდებლო ცვლილებები და, მეორე, პრაქტიკაში რას ვაკეთებთ, თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია.

საკანონმდებლო კუთხით, მართალია, პარლამენტმა მუშაობა დაასრულა და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოკლევადიან პერიოდში ცვლილებების განხორციელება ვეღარ მოესწრება, მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, კვოტა შემოვიღოთ და ასევე ჩანაცვლების პრინციპი განხორციელდეს. მაგალითად, თუ საკრებულოს ან პარლამენტის წევრს დეპუტატის მანდატი ადრე შეუწყდება, ამ შემთხვევაში, სიიდან ისეთი დეპუტატი შევიდეს, რომელიც იმავე სქესის წარმომადგენელი იქნება და აქ უფლებამონაცვლეობის პრინციპი დაცული უნდა იყოს.

საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, მნიშვნელოვანია, პრაქტიკაში რა პრობლემებია. მაგალითად, პოლიტიკურმა პარტიებმა შიდა დემოკრატია უნდა განავითარონ და ამ მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადადგან. გამოკითხვა გავაკეთეთ, არჩევნების შემდგომ გვაინტერესებდა, პარტიები რას ფიქრობდნენ, როგორი მდგომარეობა ჰქონდათ ქალთა ჩართულობის თვალსაზრისით…

ცალსახად დავინახეთ, რომ პროცესში ქალები ნაკლებად არიან ჩართულები, ნაკლებად არიან წარმოდგენილები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. როდესაც კარდაკარ ღონისძიება ტარდება, ან სხვადახვა ტექნიკური საკითხის გადაწყვეტაა აუცილებელი, ქალები ჩართული არიან კამპანიში, მაგრამ ისინი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე წარმოდგენილი არ არიან.

ამიტომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებებისა და სავალდებულო კვოტის გარდა, პარტიებმა თვითონვე, შიდაპარტიულად ხელი შეუწყონ ქალთა წახალისებას. შიდა რეგულაციები შეიმუშაონ, რომელიც, ერთი მხრივ, ქალთა რეკრუტირების დროს გათვალისწინებული იქნება და დაწინაურება-წახალისების მექანიზმები იმისთვის, რომ ქალები პოლიტიკაში უფრო მეტად ჩართულები იყვნენ.

ის წამახალისებელი ზომა, რომელიც დღეს კანონმდებლობაში გვაქვს, სამწუხაროდ, ვერ მუშაობს. ამას ყველა პოლიტიკური პარტია არ იცავს, მაგალითად, ყოველ ათეულში განსხვავებული სქესის წარმომადგენელს არ წარადგენს. რიგ შემთხვევაში, როცა წარადგენენ, მათი ნომინირება გამსვლელ პოზიციებზე არ ხდება და ქალები მანდატებს ვერ მოიპოვებენ.

ასევე საინტერესოა, რომ როდესაც პარტია ფინანსურ წახალისებას იღებს (იმისთვის, რომ სიაში 30% ქალი წარმოადგინა), გაუგებარია, შემგომში ამ თანხების ხარჯვა რამდენად ხდება პარტის ქალთა წარმომადგენლობის გაძლიერებაზე და ეს პროცესზე მიზეზშედეგობრივად რამდენად აისახება.

ამიტომ მნიშვნელოვანია, ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე გატარდეს. სწორედ კვოტირება ის დროებითი მექანიზმი იქნება, რომელიც პოლიტიკაში ქალთა გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

_ ახლა რაც შეეხება შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს…

_ აქ ნათლად გამოიკვეთა, რომ ამ ადამიანებს თავიანთი უფლებების შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ. ეთნიკური უმცირესობები ინფორმირებული არ არიან, დამატებით ენობრივი ბარიერი უდგათ წინ. მეორე მნიშვნელოვანია საკითხია, რომ საქართველოში პოლიტიკური აქტორების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, რაც გადაწყვეტილების მიღებისას პრობლემებს ქმნის. შედეგად, ეს ადამიანები უფრო მეტად მანიპულირების ობიექტები ხდებიან.

რაც შეეხება შშმ პირთა უფლებებს, აქაც ინფორმაციისა და უფლებების ცოდნის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე. ასევე მეორე პრობლემაა, რამდენად ადაპტირებული გარემოა იმისთვის, რომ მათ არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა შეძლონ. ერთია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უბნების ადაპტირებას ცდილობს. ეს იქნება პანდუსის მოწყობა თუ შემდგომ შესაბამისი ინვენტარი, რომელიც შშმ პირებს დაეხმარება.

თუმცა პანდუსისა და უბანზე შეღწევის მიღმა მნიშვნელოვანია, შიგნით როგორ გადაადგილდებიან. შესაბამისი მანიშნებლები უნდა იყოს, რომ ადამიანმა დამოუკიდებლად გადაადგილება მოახერხოს. ასევე უბნამდე მისვლამდე ტრანსპორტი, გზები და ა. შ. ადაპტირებული უნდა იყოს. ამ მიმართულებით გლობალური პრობლემებია და შესაბამისი პროექტი უნდა დაიგეგმოს.

_ როგორ აფასებთ საკონსტიტუციო რეფორმას არჩევნების ნაწილში?

_ საქართველოში მაჟორიტარული სისტემა ვერ მუშაობს, ამ მხრივ, გარკვეული გამოწვევები გვაქვს, თუნდაც ის, რომ ხმები პროპორციულად მანდატებში გარდაისახოს და რეალურად გამოჩნდეს ამომრჩევლის ნება. ვფიქრობთ, სისტემა უნდა შეიცვალოს და პროპორციულზე გადავიდეთ. საკონსტიტუციო კომისიაში ხედვები სწორედ ამის გათვალისწნებით წარვადგინეთ.

გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ 2020 წლისთვის ქვეყანა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გდავიდოდა. შემდგომ ვიხილეთ, მმართველმა გუნდმა ერთპარტიულად როგორ შეცვალა გადაწყვეტილება და 2024 წლისთვის გადადო ამოქმედება.

ამიტომ ეს საკითხი ისევ გამოწვევად რჩება და მნიშვნელოვანია, რომ ორი მოსმენის შემდეგაც არის რესურსი, რომ აღნიშნულ საკითხს მივუბრუნდეთ. მესამე მოსმენაზე შეიძლება მსჯელობა, რომ პროპორციული სისტემა უკვე 2020 წლისთვის შემოვიღოთ.

აქ უკვე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება და კონსენსუსი. პროპორციულ სისტემაშიც რამდენიმე საკითხი პრობლემურია, ერთია დაბლოკების უფლება და მეორე _ ბარიერის საკითხი. ამ შემთხვევაში ჩვენ ალტერნატივები წარვადგინეთ: თუ ბლოკების უფლება აღარ იქნებოდა, მაშინ ბარიერი უნდა დაწეულიყო და 3% უნდა ყოფილიყო. იგივე ბონუსსისტემასთან დაკავშირებით, რასაც მმართველი გუნდი გვთავაზობდა, შესაძლებელი იყო ისეთი ალტერნატივების შემუშავება, რომელიც მდგომარეობას მეტ-ნაკლებად დააბალანსებდა და პროპორციას უზრუნველყოფდა, უფრო მეტად პლურალურ პარლამენტს შექმნიდა.

ჯერ კიდევ არის რესურსი, რომ პროპორციულ სისტემაზე ვიმსჯელოთ, თუ როგორი უნდა იყოს ის და აუცილებელია მასზე 2020 წლისთვის გადავიდეთ, რადგან ეს ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნებზეც მიბმულია. 2018 წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები ირიბი წესით წარიმართება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რამდენად პლურალური იქნება პარლამენტი, რომელიც უკვე შემდგომ თვითმმართველობასთან ერთად პრეზიდენტს აირჩევს.

 

გელა მამულაშვილი