ირმა ინაშვილი: „ბატონ კვირიკაშვილს არ ესმის, რა ფასი აქვს დემოკრატიას!“

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მმართველ პარტიას მზაკვრული გეგმის შემუშავებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ პარლამენტში დასამტკიცებლად ჩუმ-ჩუმად შეიტანა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პირდაპირ აკანონებს საარჩევნო უბნებზე ნებისმიერი სახის გაყალბებას. ამ პროცესების უკან კი, უშუალოდ, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი დგას.

„ქრონიკა+“-ს ირმა ინაშვილი ესაუბრება:

_ ყველამ ვიცით, რომ ხელისუფლება ღიად ცდილობდა საპარლამენტო მანდატების მიტაცების დაკანონებას. ამას ვაპროტესტებდით ჩვენც, აპროტესტებდა მთელი პოლიტიკური სპექტრი და სრულიად საზოგადოება. ევროსტრუქტურებმაც მკაფიოდ თქვეს, რომ ეს არ არის დემოკრატია და ეს არის უსამართლობა. ამ ვითარებაში ხელისუფლებას ზნეობრივი გადაწყვეტილება უნდა მიეღო და ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა. ნაცვლად ამისა, ხელისუფლებამ კვლავ მოატყუა ქართველი ხალხი, კვლავ გვთავაზობს შერეულ საარჩევნო სისტემას, ე. ი. კონსტიტუციის საჯარო განხილვის პროცესი სპექტაკლი და ტყუილი იყო. მეტიც, ხელისუფლებამ პარლამენტში დასამტკიცებლად ჩუმ-ჩუმად და მზაკვრულად შემოიტანა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პირდაპირ აკანონებს საარჩევნო უბნებზე ნებისმიერი სახის გაყალბებას. მსგავს უსინდისობას ჩვენ ვერ შევეგუებით. დღეს პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ამ პროცესების უკან დგას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. სწორედ მისი დირექტივით მიმდინარეობდა საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესი და სწორედ ის უჭერდა მხარს ე. წ. ბონუსის მოდელს, რასაც საპარლამენტო სივრცეში და საჯარო განხილვებისას აქტიურად ლობირებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები.

თქვენ გახსოვთ, ერთხელ ვუთხარი ბატონ კვირიკაშვილს, რომ ის სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში არ მონაწილეობდა და ახლაც ვამბობ, ბატონ კვირიკაშვილს არ ესმის, რა ფასი აქვს დემოკრატიას! ღიად ვაცხადებ, რომ კვირიკაშვილი და მისი თანამოაზრენი ახორციელებენ ხელისუფლების უზურპაციას! კვლავ მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, როგორც „ქართული ოცნების“ ყველაზე გავლენიან წევრს და როგორც საქართველოს ყველაზე გავლენიან მოქალაქეს: სწორედ დღეს უნდა შეასრულოს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მისი დანაპირები. დღეს სწორედ დემოკრატიის რღვევას ვხედავთ, ამიტომ ივანიშვილი უნდა ჩაერთოს, გნებავთ, ჩაერიოს მიმდინარე პროცესებში. რაც შეეხება ბატონ კვირიკაშვილს, პირდაპირ ვურჩევ: დატოვოს პრემიერის თანამდებობა! მისი პრემიერობისას ქვეყნისა და ხალხისთვის სასიკეთო ძვრები არათუ არ მომხდარა, არამედ მასობრივად გაღატაკდა მოსახლეობა, უსამართლოდ უხსნიან შემწეობას ისედაც ღარიბ ადამიანებს, გაიზარდა დაუსაქმებელთა რიცხვი, მოქალაქეთა დიდი ნაწილი უსახლკაროდ დარჩა, არავის ესმის ხალხის ხმა და ტკივილი: არც იპოთეკარების, არც საფინანსო კომპანიების უკანონო მოქმედებების შედეგად დაზარალებულების, არც პენსიონერების, არც მრავალშვილიანი ოჯახების, არც ომის ვეტერანების, არც დევნილთა პრობლემების რეალურ გადაწყვეტაზე ზრუნავენ ქვეყანაში. ხალხი ცალკეა, ხელისუფლება სხვაგან არის! რაც შეეხება ჩვენს ფრაქციას, ბოიკოტს ვუცხადებთ ამ საპარლამენტო განხილვებს და ორი მიმართულებით ვიწყებთ მუშაობას.

_ კონკრეტულად, რა არის ეს მიმართულებები?

_ ვმუშაობთ ევროსტრუქტურებთან და მზადებას ვიწყებთ საპროტესტო აქციებისთვის. დღეს უკვე შევხვდი აშშ-ს ელჩს და ვისაუბრე სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კონსენსუსის არარსებობასა და ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე, ჯერჯერობით, პარლამენტის დონეზე. გავუზიარე ჩემი ხედვა შემდგომ პოლიტიკურ პროცესებზე. აღვნიშნე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არ არსებობს ფართო კონსენსუსი. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, მესამე სექტორი, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ არწმუნებს უმრავლესობას, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ქვეყანაში კლავს არჩევნების იდეას და დემოკრატიას. ელჩის განცხადებით, ის და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი მუდმივად ესაუბრებოდნენ და ესაუბრებიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციასთან არ შეთანხმდება, მას არ ექნება საერთაშორისო მხარდაჭერა. მინდა, მოვუწოდო ყველა კეთილსინდისიერ დეპუტატს და, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს: ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ ურცხვი ცვლილებების დაკანონების პროცესში, დაგვიჭირეთ მხარი, დაუჭირეთ მხარი სიმართლეს! დაუჭირეთ მხარი ქვეყნის დემოკრატიული განვითრების მომავალს და ნუ მოაწერთ ხელს ჩრდილოეთ კორეის პერსპექტივაზე!

_ როდის დაიწყებთ საპტროტესტო აქციებს და რა სახის იქნება ის?

_ ამის შესახებ შეგატყობინებთ. ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც უმნიშვნელოვანესია, ის სტრატეგიულად უნდა გავთვალოთ.

_ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდეთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს. აპირებთ თუ არა მასთან პირადად საუბარს, შეხვედრას, რომ ინფორმაცია მიაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, რაც გაწუხებთ?

_ ამ ბრიფინგის საშუალებით ბატონ ივანიშვილს უკვე მივაწოდე ინფორმაცია, თუმცა არც პირისპირ შეხვედრას გამოვრიცხავ!

 

თამარ ბატიაშვილი