ირაკლი წერეთელი: „კარგი იქნება, თუ მარგველაშვილი უსუფაშვილს შეეკრება და კვირიკაშვილსაც გადაიბირებენ!“

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი _ ირაკლი წერეთელი:

_ ბატონო ირაკლი, თქვენი ბოლო აქტიურობა ცოტა ხნის წინათ დაფიქსირდა, როდესაც ვიდეომიმართვით გამოეხმაურეთ მოსაზრებას კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის თაობაზე. როგორ ფიქრობთ, რას უნდა უკავშირდებოდეს, ამ შემთხვევაში, მმართველი გუნდის ინტერესი, რომ მათ უცებ აიტაცეს იდეა? მოგეხსენებათ, კათოლიკოს-პატრიარქი ამაზე ისედაც დიდი ხანია, საუბრობს…

_ სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება წარუმატებელია, განსაკუთრებით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში. ამ ხელისუფლებას ჭკუა დიდად არ მოეკითხება, ამიტომ იფიქრეს, რომ კონსტიტუციური მონარქია პატრიოტული იდეაა და თავიანთი წარუმატებლობის გადაფარვის მიზნით დადებითად გამოეხმაურნენ. ამ დროს, ეს სულაც არ არის პატრიოტული იდეა იმიტომ, რომ კონსტიტუციური მონარქია უპირისპირდება საერთო სახელმწიფოებრივ იდეას მონარქიის შესახებ. საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორიის არსებობის მანძილზე, სულ ცოტა, 3500 წლის განმავლობაში, მონარქია არასოდეს ყოფილა კონსტიტუციური. ჩვენთან იყო  აბსოლუტური, ან ძლიერი მონარქია. მაშინაც კი, როდესაც საქართველო იყო ერთიანი, ძლიერი და ცენტრალიზებული სახელმწიფო და მაშინაც, როდესაც იყო დაშლილი და დაქსაქსული ქვეყანა, მონარქია საქართველოში ყოველთვის იყო ძლიერი. კონსტიტუციური მონარქია არ ყოფილა, ეს ერთი და მეორე _ იდეა ძალიან საშიშია იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო ხედავს, საქართველო პირდაპირი მნიშვნელობით არის პრობლემის ქარცეცხლში გახვეული. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს, ხელისუფლების, საზოგადოების, ერის გონება, ძალისხმევა, მოქმედება დაკავებული იყოს უმნიშვნელოვანესი პობლემების მოგვარებით, შემოგვაქვს ისეთი საკითხები, რომლებიც კლოუნადურ და კომიკურ ხასიათს ატარებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს საერთაშორისო კომპრომეტაცია. მარტივი ლოგიკაა, როგორც პიროვნება, ისე ერი, რომელიც არ არის დაკავებული სერიოზული პრობლემებით, დასაცინი  ხდება და დღეს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და, ჯერ კიდევ, სუსტ სახელმწიფოს, ყველაზე მეტად სჭირდება საყოველთაო საერთაშორისო პოპულარობა და ავტორიტეტი. საერთაშორისო კომპრომეტაცია ჩვენთვის სასაცილოა იმიტომ, რომ კომპრომეტირებული, დისკრედიტებული და შერცხვენილი საქართველო უფრო ადვილად გახდება რუსეთის იმპერიისგან დასამხობი, დასამარცხებელი და მოწყვლადი, ვიდრე ძლიერი ავტორიტეტით შემოსილი. მერე ამ იდეების უკან ვინ დგას, დააკვირდით, _ პირწავარდნილი რუსოფილები, კოლაბორაციონისტები და ანტიდასავლელები. კონსტიტუციური მონარქია მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაშია, ყველა სახელმწიფოს პატივს ვცემ, მაგრამ იქ არ ყოფილა წყვეტა და იქ კონსტიტუციურ მონარქიას უსწრებდა აბსოლუტური მონარქია და რომ ვერ აიტანეს თავისუფალი დემოკრატიული განვითარება, შეკვეცეს. მსოფლიოში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ რესპუბლიკური წყობიდან გადასულიყვნენ მონარქიაზე და ჩვენთან რატომ უნდა მოხდეს ასეთი სასაცილო რაღაც?! ამიტომ მე ამის მიმართ ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი! ძალიან ბევრს ეწყინა, ირაკლი წერეთელმა თქვა, _ ვინ არის პატრიარქიო. მე პატრიარქის შეურაცხყოფის მიზნით კი არ მითქვამს, უნდა შევეგუოთ, რომ ნებისმიერი პიროვნება, რაგინდ დამსახურებული, ღვაწლმოსილი და საყვარელი არ უნდა იყოს, ერის წინაშე არავინ არის. დავით აღმაშენებელზე და ვახტანგ გორგასალზე დიდი ვინ გვყავს, მაგრამ ერი მაინც მეტია იმიტომ, რომ ერი არის აღმაშენებელიც, გორგასალიც, ილია ჭავჭავაძეც და ყველა დანარჩენი, ნებისმიერი პიროვნება, რაც უფრო დიდი იქნება, მისი სიდიადით ერი დიდდება, ნებისმიერი პიროვნება არის ერის ნაწილი, ერი არავის ნაწილი არ არის. ქართველმა ერმა ეს არაერთხელ გადაწყვიტა და ვისი ნების წინააღმდეგ მიდიან?! რეფერენდუმი ჩატარებულია, ხომ წერია, რომ დამოუკიდებლობას ვადგენთ 26 მაისის აქტის საფუძველზე.

_ საქართველოში „ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტი იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან იმედგაცრუებულია, რადგან სჯეროდა, რომ ქართული პოლიტიკური კლასი შეძლებდა ნაბიჯების გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. თქვენი აზრით, რამდენად არის იმის ალბათობა, რომ სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებები აღმოჩნდეს ის თემა, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანაში შეცვალოს პოლიტიკური პროცესები?

_ რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ აქ ერთი მომენტია: მე არანაირ მონაწილეობას არ ვიღებ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესში იმიტომ, რომ ეს კონსტიტუცია, რომელიც საქართველოში დღეს დე ფაქტო მოქმედებს, არის ანტილეგიტიმური. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუცია არის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია, რომელიც ასევე დადასტურებულია რეფერენდუმით და 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. თუ ოდესმე მოვედი ხელისუფლებაში, ყველა პოლიტიკოსს, ვინც 1921 წლის კონსტიტუციას იგნორირებას უკეთებს, ციხეში გავუშვებ, როგორც სამშობლოს მოღალატეს. „ვენეციის კომისიაც“ უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ცვლილებები უნდა შევიდეს 1921 წლის კონსტიტუციაში, ეს რა კოსტიტუციაა?!

_ რატომ არ ვარგა საპარლამენტო რესპუბლიკა, რატომ არ გაამართლებს ის საქართველოში?

_ საქართველოს ისტორია ნათელი დადასტურებაა იმის, რომ ყველა პროგრესი და წინსვლა დაკავშირებულია ძლიერ პიროვნებებთან და არა კოლექტიურ წარმონაქმნებთან. მეორე: მსოფლიოში ყველაზე სანიმუშო და სამაგალითო ქვეყანაში _ აშშ-ში _ არის საპრეზიდენტო მმართველობა. უნდა იყოს ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი და ძლიერი სასამართლო ხელისუფლება და, რა თქმა უნდა, თავისუფალი მედია. პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს პარლამენტის დათხოვის უფლება. საქართველოს ისტორიაში ვის სცემს პატივს სხვადასხვა დროს არსებულ ინსტიტუტებს თუ სახელოვან მეფეებს და გმირებს?! ისტორიას ადამიანი ქმნის! გუბაზ სანიკიძე ამტკიცებს, მთავარი ვინ კი არ არის, მთავარია, რა გვინდაო. ეს არის მისი ანტიქრისტიანული აზროვნების ამბავი, ღმერთი ვინ არის, თუ _ რა?! პიროვნებაა ღმერთი თუ სისტემა?! როცა ლაპარაკია იაზე, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად და სახედ თვისად, ის ხომ არ წერია, რომ რაღაც სისტემა შექმნა?! ისტორიას ქმნიან პიროვნებები და ძლიერი პიროვნებისთვის საპრეზიდენტო მმართველობაში უფრო დიდი ასპარეზია, ვიდრე საპარლამენტოში. ეს აშშ-ს პრეზიდენტად ტრამპის მოსვლამაც გამოაჩინა, მოვიდა ძლიერი პიროვნება და მსოფლიო პოლიტიკა შეიცვალა. იმის ლაპარაკი, რომ საქართველოში პრეზიდენტებმა ვერ გაამართლეს, ჯერ ერთი, ვინც იყო, ყველას ჰქონდა თავისი დადებითი, ისე არ არის, რომ მხოლოდ უარყოფითი მხარე ჰქონდა, ვიღაცამ ვერ გაამართლა, სხვა გაამართლებს, პოეტების უმრავლესობა ვერ ამართლებს და რა ვქნათ, პოეზია აღარ წავიკითხოთ?!

_ ზემოთ ახსენეთ, თუ ხელისუფლებაში მოვედიო… აპირებთ ამას?

_ თუ გავძლიერდი, რატომაც არ ვაპირებ! საზოგადოებას ჭკუა რომ ჰქონდეს, ჩემზე კარგი ვარიანტი არც არსებობს, იმიტომ, რომ მე ვიყავი მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრალური ლიდერი. ამის გარდა, თუ საქართველოში რაიმე სწორუპოვარი სტრატეგიული იდეა არსებობს, პირადად მე მეკუთვნის. გნებავთ, ამერიკის ბაზების საქართველოში განთავსება, საქართველოს მილიტარიზაცია, ნატოში გაწევრიანება და ა. შ. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ, თავის დროზე, ჩემი გავლენა და პოპულარობა არ გამოვიყენე დიდი ფინანსების შოვნისთვის და წლების მანძილზე უფინანსობამ უკან დამწია. ჩემმა პარტიამ თავისი დრო უკვე ამოჭამა და შევაჩერე მისი მოქმედება, უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა, როგორც ძველი, ისე ახალი სახეებით.

_ შემოთავაზება რომ გქონდეთ რომელიმე პარტიიდან, დათანხმდებით?

_ გააჩნია, ვინ შემომთავაზებს და რას შემომთავაზებენ, რიგით წევრად ვერ დავთანხმდები. პარტიაში ან მოძრაობაში იმ შემთხვევაში დავფიქსირდები, თუ მარტო თბილისში ქუჩაში გამომსვლელი 100 000 კაცი ეყოლება და მთელ საქართველოში _ 800 000 მაინც.

_ საქართველოში ასეთი პარტია გეგულებათ?

_ არ მეგულება! საქართველოში უნდა არსებობდეს, მაქსიმუმ, 2-3 პარტია, წვრილფეხობა უნდა დაიშალოს. ერთადერთი დადებითი, რაც ამ ხელისუფლების მომწონს, ის არის, საარჩევნო ბლოკების აკრძალვა რომ უნდათ.

_ თუმცა, ამის საპირწონედ, საარჩევნო ბარიერს დაბლა წევენ…

_ ეს ძალიან ცუდია, არ უნდა დაეწიათ! იმიტომ დაწიეს, რომ ხელისუფლება წვრილფეხა პარტიებს ევაჭრება, ამით იყიდონ, რომ კიდევ უფრო დამახინჯებული და გაუპატიურებული კონსტიტუცია გაათრიონ, მაგრამ არაფერი გამოვა, იმ 3%-საც ვერ გადალახავს პარტიების უმეტესობა. ფაქტებით მიყვარს ლაპარაკი, პოლიტიკაში ვარაუდებით ლაპარაკი არ შეიძლება, უკანასკნელი 5 წლის პოლიტიკური სინამდვილისა და გამოცდლების საფუძველზე ვასკვნი, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში არის ორი პარტია, ერთია „ქართული ოცნება“ და მეორეა _ „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენმა 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახა. ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ გამოეყო, „ევროქოცებს“ რომ ეძახიან, ალბათ, ამის გამო „ნაცებს“ გაუჭირდებათ საკმარისი ხმების შეგროვება. დანარჩენი, აბა, რა პარტიებია…

_ დავით უსუფაშვილმა საინიციატივო ჯგუფთან ერთად ჩამოაყალიბა „შენების მოძრაობა“…

_ სხვათა შორის, დავით უსუფაშვილი კონსტრუქციული ადამიანია! მოვუწოდებ, რომ უსუფაშვილის მოძრაობა, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, გიორგი მარგველაშვილი, ყველა გაერთიანდეს. საკითხი დგას ასე, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი და მრავალრიცხოვანი პოლიტიკური ორგანიზაციები, ეს მოხდება ერთი პიროვნების გარშემო თუ სხვადასხვა პარტიის გაერთიანების ხარჯზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან გამეხარდება, თუ დავით უსუფაშვილის გარშემო გაერთიანდება მრავალრიცხოვანი მოძრაობა, ასი პარტიაც რომ შევიდეს და მათი ჯამი სულ 10 000 კაცი იყოს, ამას სჯობია, ერთი ისეთი პარტია მიიღოს, რომ 100 000 გახდეს. მთავარი ის კი არ არის, რამდენი პარტია გაერთიანდება, მთავარი ის არის, პარტიის რამდენი წევრი ეყოლება შიგნით და რამდენი ამომრჩეველი. უსუფაშვილმა კეთილი ინებოს და დაარტყას კონსტიტუციური მონარქიის იდეას. სხვათა შორის, მე მას ძალიან დიდი პატივს ვცემ, ის აღმოჩნდა ერთადერთი კაცი ჩემ შემდეგ, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა საქართველოში ამერიკის ბაზების გახსნის შესახებ. ის, ჯერ კიდევ, „რესპუბლიკურ პარტიაში“ იყო და როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, თქვა, რომ კონსტიტუციით დავაკანონოთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრიო და არავინ დაუჭირა მხარი. ამიტომ მე სხვების პროდასავლურობაში და ატლანტიკურობაში ეჭვი მეპარება. ასეთი კარგი პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს არ ჰყოლია. მე მისით აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ დღემდე არსებულ პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის ყველას სჯობდა, თვით ზურაბ ჟვანიასაც და და ჰიპერ აკაკი ასათიანსაც!

_ საკონსტიტუციო ცვლილებებს დავუბრუნდეთ… პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური სპექტრი მზად არ არის კონსენსუსისთვის. ვიცე-სპიკერი ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის ქმედებები მიმართულია იქითკენ, რომ პოლიტიკური კრიზისი შექმნას. თუ ხელისუფლებამ იცის, რომ ოპოზიცია მზად არ არის კომპრომისისთვის, პრეზიდენტის ქმედებები კი პოლიტიკური კრიზისისკენაა მიმართული, რატომ გადადგა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი, თუნდაც იმიტომ, რომ პრეზიდენტს არ მისცემოდა ამის განხორციელების საშუალება?

_ გიორგი მარგველაშვილს ის ღირსება აღმოაჩნდა, რომ არ გახდა ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონა! მას სიტუაცია კრიზისისკენ კი არა გაჯანსაღებისკენ მიჰყავს! ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ გიორგი მარგველაშვილი უსუფაშვილს შეეკრება და იქნებ, გიორგი კვირიკაშვილიც გადაიბირონ!

_ ე. ი. მოქმედი პრემიერ-მინისტრი მოგწონთ?..

_ კვირიკაშვილი ცოტა გაუბედავი კაცია, მაგრამ… სანამ მე გავძლიერდები, კვირიკაშვილი პლუს მარგველაშვილი, პლუს უსუფაშვილი… მივიდნენ „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“, ისინი მარტო ბარიერს ვერ გადალახავენ, 3%-იანს _ კი, მაგრამ ეს რა არის?! ძალიან ეშმაკი და ვერაგი ხელისუფლებაა! ბარიერი კი არ უნდა დაიწიოს, პირიქით, უნდა აიწიოს და 7% უნდა გახდეს!

_ თქვენი აზრით, რატომ თქვა ხელისუფლებამ უარი საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებულ რეფერენდუმზე? იქ იყო ისეთი საკითხები, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, მაგალითად, უცხოელებზე მიწის გაყიდვა…

_ საქართველოში უცხოელებზე მიწა არ უნდა იყიდებოდეს! მცირერიცხოვანი ერი ვართ. თურქები, არაბები, ირანელები თუ სხვები საქართველოში გახდებიან ჩვენზე მეტი და არ მეშინია, თუნდაც, ფაშისტი დამიძახონ, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის! საქართველოს ძლიერება ის არის, რომ კომუნისტების დროსაც კი, რიცხობრივად, ქართველები ვიყავით ყველაზე მეტი და როგორც კი საქართველოში ქართველები გადავიქცევით ეთნიკურ უმცირესობად, ის საქართველო აღარ იქნება! ამიტომ მიწა არ უნდა გაიყიდოს! ინდოელებივით რომ ვიყოთ მილიარდი, კი ბატონო, არ არის პრობლემა.

_ ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. როგორ ფიქრობთ, ამ ფორმით მიღებულ კონსტიტუციას შესაძლოა თუ არა, პროცესების ქუჩაში გადატანა მოჰყვეს?

_ არ დაიჯეროთ! დღევანდელი ქართველი ერი არ არის ისეთი ინტელექტუალი, რომ კონსტიტუციის გამო ქუჩაში გამოვიდეს. სამწუხაროდ, დღევანდელ ქართველებს ამდენი პოლიტიკური ღირსება არ გააჩნიათ, მაგრამ თუ ეკონომიკური და სოციალური ვითარება გამწვავდა, საჭმელზე, ბენზინზე, გაზზე, დენზე ფასებმა მოიმატა, არ მოიმატა პენსიამ, ხელფასმა და ხალხი მშიერი დარჩა, მაშინ შეიძლება! როდის იყო ქართველი ერი ინტელექტუალური საკითხების გამო გამოდიოდა ქუჩაში?! ერთადერთი შემთხვევა ქართველი ერის ისტორიაში ბოლო 70 წლის განმავლობაში იყო დიდი ეროვნული მოძრაობა, როცა ხალხი გამოვიდა ამაღლებული იდეისთვის, დამოუკიდებლობისთვის და მაშინ ქართველებს ჰყავდათ სახელოვანი ლიდერები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია და რაც მთავარია, მაშინ ხალხს არ შიოდა! ქართველ კაცს რომ მოშივდება, რომ გაუჭირდება, მასზე გამყიდველი და უღირსი არავინ არსებობს! ამას, ჯერ კიდევ, მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებლის მემატიანე წერდა. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ქართველი ერი მაღალი იდეებისთვის გამოვა ქუჩაში, მაგრამ ამის იმედი არ მაქვს!

_ რატომ შეიცვალა, მხოლოდ მშიერმა კუჭმა იმუშავა?

_ კი, მოშივდა! ძალიან ბევრი ქართველისთვის დიდ პრობლემად იქცა საკუთარი თავის შენახვა და სარჩო-საბადებლის შოვნა. ძალიან მდიდრებისა და შეძლებული ადამიანების რიცხვი, პროცენტულად, ჯერ კიდევ, ცოტაა, 80% არის  ღარიბი, ხელმოკლე ან ღატაკი. მეორე _ დღემდე არსებული ხელისუფლება, ზვიად გამსახურდიას გარდა, ქართველ ერს რყვნის ცრულიბერალური აზროვნებით, პორნოფილმებით, სატელევიზიო გადაცემებით. მამაკაცი ოჯახში ვეღარ არის შემომტანი… ამას წინათ კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა თურქულ ბარებში ცუდი ამბები ხდებაო… ხომ არ გგონიათ, იქ თურქები არ უშვებენ ქართველ ბიჭებს?! ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგონა, რომელიც უბანში ცნობილია წესიერებით, ჩადის იმ ბარში და იმ თურქებს, არაბებსა და ირანელებს უწევს სექსუალურ მომსახურებას, ამაში იღებს ფულს და არსებობს. ქართველი ბიჭების შესვლა იმიტომაც არ უნდათ ბარში, რომ ისინი ამ საქმეს „გაუბაზრებენ“. გარყვნილება, კორუფცია, ზნედაცემულობა ყველა სფეროს შეეხო, ვერც ეკლესია დგას თავის სიმაღლეზე, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა პოლიტიკური პროსტიტუტები არიან, ოპოზიციასა და ხელისუფლებას ავტორიტეტი არ აქვს. კიდევ კარგი, რომ საქართველოში ამდენი ღირსეული ადამიანია, ეტყობა, ღმერთი გვიფარავს! ამის იმედი მაქვს, თორემ, წესით, საქართველო არ უნდა არსებობდეს!

_ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. წინასაარჩევნოდ როგორ გამოიყურებიან პოლიტიკური პარტიები?

_ ძალიან ცუდად გამოიყურებიან! დღევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება შეიძლება, მით უმეტეს, კახი კალაძის, მაგრამ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, ერთი კანდიდატი უნდა ჰყავდეს! „ნაცებს“ თავისი კანდიდატი ჰყავთ, გამოყოფილ „ნაცებს“ _ თავისი, არ არის ცუდი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი, ერთ კანდიდატზე შეთანხმდნენ! არც ერთი ოპოზიციური კანდიდატის წინააღმდეგი არ ვარ, არც უდუმაშვილი მძულს, ქალბატონ ელენესაც სიმპათიით ვუყურებ და არც ელისაშვილის მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ სამ ნაწილად გავიყო?! თუ არ გაერთიანდებიან, ყველა მათგანს ხელისუფლება ბეჭებზე დადებს და ვერაფერს იზამენ! არ ერთიანდება ოპოზიცია იმიტომ, რომ შეკრულები არიან დღევანდელ ხელისუფლებასთან! თბილისის მერის არჩევნებში თუ ოპოზიცია ხელისუფლებას დაამარცხებს, ჩათვალეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციას უკვე გამარჯვების დიდი შანსი აქვს! შეურაცხყოფას არც ერთ ქალაქს არ ვაყენებ, მაგრამ თბილისის მერის არჩევნები არის სულ სხვა ხარისხი და მასშტაბი! მოვუწოდებ ოპოზიციას, თუ მართლა აწუხებს საერთო ეროვნული ინტერესები, გადალახოს ერთმანეთის სიძულვილიც, დაპირისპირებაც და აჩვენოს ქართველ ერს, რომ დღევანდელ ოპოზიციას შეუძლია ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა საერთო ეროვნული ინტერესის დაყენება! როგორც წინა საპარლამენტო არჩევნებზე ხალხის უმეტესობა არ მივიდა, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ გვეტრაბახებოდა ბეჭებზე დავდებთ ხელისუფლებასო, დადეს?! კი ბატონო, დანარჩენს მოუგეს, მაგრამ ხელისუფლებასთან ხომ წააგეს?! ახლაც წააგებენ, თუ დიდი გაერთიანება არ მოხდება! მე რომ მკითხო, ოპოზიციის არაგამაღიზიანებელი კანდიდატი იქნება დავით უსუფაშვილი! თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია სასწაულს მოახდენს და დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“ მერის არჩევნებში, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მივულოცავ, თუ ვერ გაიმარჯვებენ, ვეტყვი, რომ პოლიტიკიდან გავიდნენ! სასტიკად დამარცხდებიან. ალეკო ელისაშვილი რომ იმუქრება, კბილებს დავამტვრევო, ვერავისაც ვერ დაამტვრევს! თუ ის მოახერხებს, რომ თავისი ავტორიტეტისა და სახელის გარშემო მთელ თბილისს გააერთიანებს, არ ვიცი, მაგრამ ქუჩაში დიდი ხმაური იგრძნობა?! საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების წინააღმდეგ როდის იმარჯვებს ოპოზიცია?! როცა არჩევნებამდე ქუჩაში უამრავი ხალხია! ეს გააკეთა, თავის დროზე, ზვიად გამსახურდიამ, შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა! დღეს ცალ-ცალკე აღებული ოპოზიციური პარტიები ისე ვეღარ წვიმს და ქუხს, როგორც თავის დროზე გამსახურდია, სააკაშვილი და ივანიშვილი! შეიძლება, დღეს სააკაშვილი თავისი „ნაცებისთვის“ ქუხს, მაგრამ ისინი მათდა სამწუხაროდ, არ არიან ძალიან ბევრი! ამიტომ საჭიროა ქუჩაში დიდი წვიმა და ქუხილი, ეს კი შეიძლება მოვიდეს საყოველთაო გაერთიანების საფუძველზე!

_ ადრე თქვენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადება გააკეთეთ და საპროტესტო აქციებიც კი მოაწყვეთ. რამდენიმე მოთხოვნასთან ერთად, ერთ-ერთი იყო მისი საქართველოში დაბრუნების საკითხი. ახლაც ასე ფიქრობთ?

_ საერთოდ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი მოვლენისა და პიროვნების ცალმხრივად შეფასების. ძალიან დიდი უსამართლობა იქნება, მიხეილ სააკაშვილი შევაფასოთ „ნაციონალების“ მსგავსად მხოლოდ დადებითად. განსაკუთრებით დიდი უნამუსობა იქნება, სააკაშვილი შევაფასოთ მხოლოდ უარყოფითად. მით უმეტეს, ახლა სააკაშვილი არის დევნილი არცთუ სახელოვანი ხელისუფლების მიერ, თან დევნილია რუსეთის მიერ და საქართველოდან უკვე რამდენი წელია, წასულია. რუსეთისა და დღევანდელი ხელისუფლების მიერ დევნილ ადამიანზე საქვეყნოდ ცუდის ლაპარაკისგან ყოველთვის თავს შევიკავებ. მინდა, ყველა ქართველის გაერთიანება და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი, ის უკვე ქვეყნის ისტორიის ნაწილია და ისტორიაზე ხაზის გადასმა არ შეიძლება. ახლა რომ ჩაატარეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული და რუსთაველს რომ დაამთხვიეს, სასაცილო იდეა იყო, _ 26 მაისს დაიბადა რუსთაველი?! 2017 წლის 26 მაისს რუსთაველის 850 წლისთავის აღნიშვნა ნიშნავს, რომ ის დაბადებულა 1177 წლის 26 მაისს და ეს ვინ დაამტკიცა?! ამ დროს არ ახსენეს ზვიად გამსახურდია! განა, მხოლოდ ის, უნდა ეხსენებინათ შევარდნაძეც, ისიც საქართველოს პრეზიდენტი იყო, ასევე  სააკაშვილი, ჟორდანია…  წინააღმდეგი ვარ მხოლოდ უარყოფით კონტექსტში პიროვნებების მოხსენიების და რაც კარგი გაკეთდა, იმაზე თვალის დახუჭვის, იმიტომ, რომ ვიღაცას ვიღაცა არ უყვარს, ეს არის ძალიან დიდი უნამუსობა!

_ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გატაცების საქმეს დიდი რეზონანსი მოჰყვა, ევროსაბჭომაც კი იმსჯელა ამ საკითხზე. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მისი ამერიკაში ვიზიტის დროს, ყველა შეხვედრაზე, ყველა ოთახში თუ დერეფანში ამის შესახებ კითხვები დაისვა. თქვენ რა შეფასებას მისცემთ ამ საქმეს და რა შეიძლება ამან საქართველოს მოუტანოს?

_ სახალხო დამცველი იტყუება, აშშ-ს დღეს მართავს ვაჟკაცი კაცი და ეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სულ ფეხებზე ჰკიდია, იმიტომ, რომ დონალდ ტრამპის ტვინი და გონება დღეს დაკავებულია ამერიკის გაძლიერებით და მსოფლიოში ამერიკის ბატონობით. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში 300-ზე მეტი ტერორისტული აქტი მოაწყვეს, რომელიც სუპერსახელმწიფოა და რა მოხდა, საქართველოდან ერთი ჟურნალისტი გაიტაცეს და რა ამბავი ატეხეს?! დაცვა ხომ არ ჰყავდა?!

_ არ მიიჩნევთ ამას პრობლემად, თუნდაც, იმ ასპექტში, რომ ჩვენი საზღვარი დაუცველია, ეს ამბავი ხომ ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე იმოქმედებს?

_ პრობლემა როგორ არ არის, მაგრამ რატომ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენს ქვეყანაზე?! სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი არის კეთილსინდისიერება! მე ვიცი, რომ ის კაცი გაიტაცეს დაცვის გარეშე. ისეთი მდიდარი სახელმწიფოსგან, როგორიც არის აზერბაიჯანი და ისეთი ძლიერი, როგორც ალიევია, რა უნდა ნებისმიერი ადამიანის მოტაცებას, თუ მას დაცვა არ ჰყავს?! ივანიშვილის, კვირიკაშვილისა და პრეზიდენტის გარდა, ნებიმიერ ადამიანს მოვიტაცებ, ეს რა პრობლემაა?! გადაიხდი „მაყუთს“ და საზღვარსაც გადაკვეთ! ლონდონში, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ზედიზედ მოხდა სამი ტერორისტული აქტი, თუ იქ ყველაფერი შეიძლება, მაშინ ჩვენ რა ვქნათ?! ეს ყველგან ხდება და ამაზე ნუ შევქმნით ტრაგედიას!

_ „ციანიდის საქმე“ რას გეუბნებათ?

_ ერთადერთი შემიძლია ვთქვა: მიხარია ის ფაქტი, რომ პატრიარქი ვერ მოწამლეს! შორიდან რასაც ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დეკანოზი მამალაძე არ უნდა იყოს პატრიარქის მოწამვლის მსურველი.

_ ივლისის ბოლოს საქართველოს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ეწვევა. რას ელოდებით ამ ვიზიტისგან?

_ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლას წინ უსწრებდა ჩვენი აქტიური პროპაგანდა საელჩოს დონეზე, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის გაღრმავდეს პირდაპირი სამოკავშირეო ურთიერთობები. ნატოში საქართველოს მიღება ბრკოლდება, საქართველო რომ ნატოში მიიღონ, რაც ასევე ჩემი იდეაა, 28 სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს. საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ბევრად უკეთესი იდეაა ამერიკასთან პირდაპირი ურთიერთობა. ჩვენ ვაგზავნით სისტემატურად განცხადებებს საელჩოში ვაშინგტონში, სხვათა შორის, ამის შედეგად კვირკაშვილი იქ ჩაიყვანეს, აშშ-ს პრეზიდენტმა მარგველაშვილის სახელზე ოფიციალური მიმართვა გამოაგზავნა, ასევე თავდაცვის მინისტრთან. ამ ვიზიტით ველოდები იმას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდება და ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ, რომ ამერიკის ბაზები გაიხსნას საქართველოში. ამერიკას თუ უნდა, რომ საქართველოს სიკეთე გაუკეთოს, ეს არის! საქართველოს მოღალატე არის ყველა ის ქართველი, ვისთვისაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა არ არის უპირველესი მიზანი. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ბრძოლებით მოპოვებული დამოუკიდებლობა და თავისუფლება შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ, საქართველოში უნდა გაიხსნას ამერიკის ბაზები! მე ამაზე ვმუშაობ და თქვენს გაზეთს ახლა ექსკლუზიურად ვეუბნები, რომ ჩემი ინიციატივით ყალიბდება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის ეროვნული კომიტეტი, გვინდა მოვიწვიოთ ყველა ცნობილი ადამიანი, უკვე მოვიწვიეთ აშშ-ს პრეზდენტი დონალდ ტრამპი. ახლო მომავალში დონალდ ტრამპს შევთავაზებთ ამ კომიტეტის თავმჯდომარეობას და მისი ჩამოსვლა იქნება უკვე იმის გარანტია, რომ საქართველოს ნატოშიც მიიღებენ და აშშ-ს ბაზებიც გაიხსენება! ჩატარდება გრანდიოზული საკონცერტო ღინისძიებები და რაც მთავარია, ტრამპი რომ ჩამობრძანდება, ნატოს წევრი ყველა ქვეყნის სპეციალური სამიტი გაიმართოს ქართველი ერისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი პატივისცემის ნიშნად. ეს თავისთავად დიდი იდეაა და აი, მაშინ გადაწყდება საქართველოს ბედი! ჩემი მეგობრები მუშაობენ, ვიცე-პრეზიდენტი რომ ჩამოვა, მეც შევხვდე. ზოგადად, ამერიკელები რომ ჩამოდიან, პირველად მე უნდა მხვდებოდნენ. მართალია, არ ვარ ხელისუფლებაში, მაგრამ ამ იდეების ავტორი ვარ. ახლო მომავალში გამოვცემ წიგნს: „დამოუკიდებელი საქართველო და ძლევამოსილი ამერიკა“, რომელიც იწყება წერილით: როდესაც ამერიკას შეუსრულდა 200 წლისთავი, მაშინ 14 წლის ვიყავი და დავწერე ამერიკაზე. რა თქმა უნდა, ეს წერილი არ დაბეჭდილა, მაშინ გმირობის ტოლფასი იყო ამის გაკეთება. ასე რომ, ჩვენ ძალიან ვაქტიურობთ!

_ საქართველოში ამერიკის ბაზების განთავსებაზე როცა საუბრობთ, ნინო ბურჯანაძე ამაზე ასე გიპასუხებდათ, _ კი ბატონო, განვათავსეთ, ნატოშიც შევედით, ფიქრობთ, რომ ამით რუსეთი უკან დაიხევს და უარეს შედეგს არ მივიღებთ?

_ აბა, რას იზამს, უკან დავახევინებთ! მით უმეტეს, ტრამპს ახლა წამოყენებული აქვს ახალი დოქტრინა, _ ამერიკა გააძლიეროს სამხედრო თვალსაზრისით. ამერიკა ისე გაძლიერდება, რუსეთს ნებისმიერ დროს მოუგებს ომს, დაიხევს, აბა, რას იზამს?! რუსეთი იმიტომ გვიტევს, რომ ჩვენი შესვლა არ უნდა ნატოში, თუ რუსეთი იმ ფაქტის წინაშე დადგება, რომ აქ აშშ-ს ბაზები განთავსდება და ნატოში შევალთ, მაშინ რა აზრი აქვს რუსეთისთვის აფხაზეთისა და ერთი მუჭა სამაჩაბლოს დატოვებას?!

_ ამის შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მოგვარდება?

_ აუცილებლად მოგვარდება! ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობა გულისხმობს საქართველოს ხელშეუხებლობას და სამხედრო გაძლიერებას! აშშ-ში წერილებს რომ ვაგზავნი, იქიდან მომდის პასუხები, ისინი ხმამაღლა ხომ არ იტყვიან, ირაკლი წერთელი გვიგზავნის წერილებსო. გარდა იმისა, რომ პირდაპირ თეთრ სახლში ვაგზავნი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ოფიციალურად საელჩოშიც იდება. მაინცდამაინც ახლანდელი ელჩი არ მომწონს, იგნორირებას მიკეთებს, ერთხელაც არ მივუწვევივარ. შარშან ერთადერთი კაცი ვიყავი, რომელმაც ამერიკას 240 წლისთავი მივულოცე და მხარდამჭერი ღონისძიება ჩავატარეთ, ამ საკითხსაც დავსვამ ვიცე-პრეზიდენტთან, თუ ჭკვიანად არ იქნება! ძალიან კარგი ელჩები იყვნენ: ბრაუნი, კორტნი და მაილსი რომ ჩამოვიდა, მას შემდეგ დაიწყო ჩემი იგნორირება. ეჭვი მაქვს, რომ პარტიები და ხელისუფლება მუშაობს ჩემ წინააღმდეგ! ამ საკითხს ძალიან მკაცრად დავსვამ!

 

თამარ ბატიაშვილი