ირაკლი ცხადაია: „ნუ დაგენანებათ დრო კარგი საქმეებისთვის“

ფილმებს ჯერ კიდევ მაშინ იღებდა, როცა სკოლის მოსწავლე იყო. საზოგადოებაც დადიოდა მისი ფილმების ჩვენებაზე და სიხარულს გამოხატავდა, რომ იცნობდა ადამიანს, რომელსაც ბევრი პრობლემის წარმოჩენა და საზოგადოებისთვის მათი ჩვენება ხელოვნების გზით შეეძლო.

წერდა სცენარებს ფილმებისთვის და პიესებს სპექტაკლებისთვის ისე, რომ ეს არსად უსწავლია. უბრალოდ, ასეთი გარემო იყო იქ, სადაც გაიზარდა და სადაც შეიყვარეს.

 

ირაკლი ცხადაია დასავლეთ საქართველოს პატარა რეგიონში, ხობში მოევლინა ქვეყანას. დღეს თბილისში დგამს სპექტაკლებს და აკეთებს საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს.

მასთან ინტერვიუ და დაბადების დღე  ერთმანეთს დაემთხვა. 6 ოქტომბერს რეჟისორ ირაკლი ცხადაიას 23 წელი შეუსრულდა. პირველი პრიზი 2012 წელს აიღო სადებიუტო სცენარით „თუმანიშვილის ვაშლი“ და წლის აღმოჩენა გახდა, მეორედ პრიზი 2015 წელს დაისაკუთრა, უკვე მაშინ, როდესაც თბილისში დრამის რეჟისურის ხელოვნებას ეუფლებოდა. ამის შემდეგ კიდევ იყო ბევრი წარმატება, რომელმაც გერმანიაში იქაურ თეატრს დააკავშირა.

ირაკლი ცხადაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დროს ილიაუნის თეატრში მუშაობდა ოთარ ეგაძესთან, ამჟამად თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია. როცა თავისი პირველი ფილმების გახსენება ეუხერხულება, ამბობს, რომ მათი დამალვა უნდება. თუმცა თანდათან დახვეწა სტილი, ტექნიკა, გამოსახულება, იდეა და ა. შ.

სწორედ პირველი ფილმების გადაღებისას მიხვდა, რომ კინორეჟისორობა დიდი თანხების მოძიებას უკავშირდება, ეს პროცესი კი მისთვის მომხიბვლელი სულაც არ არის. მერე, როგორც ამბობენ, „სცენის მტვერით“ მოიწამლა და დღეს თეატრი მისი სახლია.

2015 წელს პრიზი _ „თუმანიშვილის ვაშლი“ _ მეორედ აიღო პიესით „ჭუპრში“, სადაც მამათა და შვილთა შორის არსებული პრობლემებია განხილული, _ ის, თუ რა ჩარჩოებს აწესებენ მშობლები შვილებისთვის იმის გამო, რომ ისინი კარგად იყვნენ.

ბევრი წარმატების მიუხედავად ჰგონია, რომ პიესების წერა არ გამოსდის. როგორც თავად ამბობს, ჯერჯერობით, რეჟისორობა უკეთ ეხერხება.

უყვარს, როცა სპექტაკლისთვის თითქმის ყველაფერს თავად აგვარებს. მოსწონს, როცა პრობლემას, რომელიც აწუხებს, პიესად გადააქცევს, საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევს და მაყურებლამდე მიაქვს.

სულ ცოტა ხნის წინათ, გოეთეს ინსტიტუტის პროექტით, სადაც საკუთარი პიესის ნაწყვეტი უნდა წარგედგინათ, გაიმარჯვა და გერმანიაში გაემგზავრა, სადაც გერმანული თეატრის ნახვის შესაძლებლობა მიეცა. იქაურობით ძალიან მოიხიბლა.

23 წლის რეჟისორი წუხს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერაც ბოლომდე გაუგებარია რეჟისორის როლი თეატრში, მნახველისთვის ხომ სპექტაკლის საზომი მსახიობია, თუმცა, სინამდვილეში, ეს როლი რჟისორისაა, რადგან სწორედ ის არის მთავარი. და მაინც, დღემდე ასეა _ ცუდი სპექტაკლი რეჟისორის ბრალია, კარგი კი _ მსახიობის.

ცხოვრებაში ბევრი სირთულე შეხვედრია. ეს, ძირითადად, ისევ თეატრს უკავშირდება _ ახსენდება დრო, როდესაც ძალიან წუხდა რეპეტიციისთვის არარსებული ლოკაციის გამო, თუმცა 3 წლის ბრძოლის შემდეგ მიხვდა, რომ თუ ძალიან გინდა რაიმეს გაკეთება, შეგიძლია, ყველგან ითამაშო, _ შუშაში, ქუჩაში, აივანზე, ხიდზე: „არის სირთულეები, რაც ადამიანური ცხოვრების აჩქარებულ რიტმს უკავშირდება, მსახიობების თავმოყრა ძალიან რთულია, მით უფრო, რომ მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე გიჭირავს ისინი და ეს არ კმარა ხოლმე, შედეგად, გარბიან-გამორბიან… ყველაფერს მსახიობების ოსტატობის პრობლემაც ემატება, მას ვერბალურობაში აკრობატულობა უნდა შეეძლოს, თუმცა ახლა ძალიან ჭირს მეტყველება. ვფიქრობ, ეს საზოგადო პრობლემაა“.

ბავშვობიდან მეხსიერებას შემორჩა მოგონება, რომლის გახსენებაზე სევდა შემოაწვება ხოლმე: „მაშინ ხობში ვცხოვრობდი, დედა საავადმყოფოში მუშაობდა, პატარა ვიყავი, თუმცა სკოლაში დავდიოდი. დედას სამსახურში მივაკითხე და უკვე როცა სახლში უნდა დავბრუნებულიყავი, ერთადერთი სამარშრუტო ტაქსი მოძრაობდა იმ ტერიტორიაზე, ისიც, საათში ერთხელ. მახსოვს, დედამ როგორ ჩამსვა ამ სამარშრუტო ტაქსიში, რომელსაც ქალაქამდე უნდა მივეყვანე. უკან ვიჯექი, ტაქსი დაიქოქა და უცებ, უკნიდან მოხუცი ქალი წამოვიდა, უფრო სწორად, გამოიქცა, თან იძახდა: „გამიჩერეთ!“ ჩემ გარდა ვერავინ შეამჩნია და მაშინ იმდენი ძალა არ მეყო, რომ მეთქვა, _ გააჩერეთ-მეთქი. ძალა ვერ ვიპოვე, პატარა ვიყავი, ძალიან მინდოდა წამეყვანა, მაგრამ ვერ შევძელი. ის, ალბათ, კიდევ ერთ საათს იცდიდა იქ. ამას ვნანობ ყველაზე მეტად“.

როგორც თავად ამბობს, საკუთარი სპექტაკლების ყველაზე ობიექტური შემფასებელი თავადაა და შინაგანად იმდენი წლისაა, რომ შესაძლოა, უკვე ცოცხალი აღარ იყოს.

ფიქრობს ყველასა და ყველაფერზე, ადამიანის რაობასა და ჭეშმარიტებაზე, ფიქრობს, რომ გარემო, რელიგია, მენტალობა, სახელი _ დაბადებიდანვე აქვს ადამიანს და გარემომ, საზოგადოებამ, უკვე გადაწყვიტა, თუ ვინ უნდა იყო შენ…

აღიზიანებს ფაქტი, როცა ადამიანებს ჯანსაღი კამათი არ შეუძლიათ, საღ აზრს პატივს არ სცემენ და საპირისპირო მოსაზრების გამო, ხშირ შემთხვევაში, უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდებათ.

ირაკლი მიიჩნევს, რომ მაქსიმალურად რეალისტია. სპექტაკლის დადგმამდე დიდხანს უღრმავდება ნაწარმოებს, არჩევს მსახიობებს, ფიქრობს შესრულების მანერაზე, ტიპებზე _ სწორედ ესაა ის, რაც ყველაზე მეტად უყვარს და ამისთვის გამოყოფილი დრო არ ენანება.

არ მოსწონს ფაქტი, როცა ხელოვნების სფეროში მოღვაწეები ხშირად იმ პრობლემას აჩვენებენ საზოგადოებას, რაც თავად არ აწუხებთ.

ყოველ დილით გერმანიაში ნაყიდ ფირფიტის საკრავზე ძველებურ სიმღერას უსმენს ხრინწიანი ხმით და ასეთი გარემო ყველაზე მეტად ამშვიდებს.

საბოლოოდ, ამბობს, რომ ირაკლი ცხადაია ქუჩაში მოსიარულე უბრალო ადამიანია, რომელსაც შეუძლია, უცებ გაჩერდეს, მოტრიალდეს და უკან წავიდეს, რადგან არ აღელვებს, ვინ რას იტყვის მასზე.

მისი გზავნილი საზოგადოებისთვის: „იარეთ სპექტაკლებზე, ცუდზეც და კარგზეც, რომ ერთმანეთისგან განასხვავოთ ისინი, ისაუბრეთ პრობლემებზე, რომელსაც საზოგადოება გაჩვენებთ, რომელსაც სპექტაკლი დაგანახვებთ. ნუ დაგენანებათ დრო კარგი საქმეებისთვის“.

ამჟამად ირაკლი ცხადაია სადიპლომო სპექტაკლზე მუშაობს და ამბობს, რომ არაფერი ენანება, მისი საყვარელი მსახიობისა და, ამავე დროს, შეყვარებულისთვის, ეს ლიკაა.

ნინო ტაბაღუა