შშმ ბავშვთა გარდაცვალებისა და არასრულწლოვანთა სექსუალური ძალადობის ფაქტები სახელმწიფო პანსიონატებში

m

რატომ აქვეყნებს პირველი „ქრონიკა+“ ისეთ სკანდალურ ანგარიშებს, რომელიც სრულიად ღიაა და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი სამთავრობო სტრუქტურებისთვის?! მაგალითად, ოთხი შშმ ბავშვის გარდაცვალების ფაქტი გაურკვეველ ვითარებაში, რომელთაც პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობდა. გაგიგიათ სადმე ამის შესახებ?! _ არა! დამალული იყო ეს ინფორმაცია?! _ არა!

ის რომ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა პანსიონატებში ბავშვები კვდებიან და არასრულწლოვნები ერთმანეთზე სექსუალურად ძალადობენ, ამჯერად სწორედ ამის ოფიციალურ ანგარიშს წარმოგიდგენთ.

ჯერ დაწესებულებებს ჩამოგითვლით:

1. ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი _ 58 ბენეფიციარი;

2. კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი _ 28 ბენეფიციარი;

3. ძევრის შშმ პირთა პანსიონატი _ 64 ბენეფიციარი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი);

4. დუშეთის შშმ პირთა პანსიონატი _ 43 ბენეფიციარი (სოფ. პირმისაანთკარი);

5. მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატი _ 69 ბენეფიციარი.

 

„ქრონიკა+“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის შედეგად დაიხურა სენაკის შშმ ბავშვთა სახლი, ხოლო სხვა დაწესებულებებში ბავშვთა რაოდენობა რამდენიმე ათეულით შემცირდა. სამწუხაროდ, ამან მდგომარეობა არათუ არ გამოასწორა, პირიქით _ დაამძიმა.

სანამ დეტალებზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არსებობს სამი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი: მარტყოფში, დუშეთსა და ძევრში.

დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციართათვის ტანსაცმელი 2014 წლის დეკემბრის შემდეგ არ შეუძენიათ. რას იცვამენ ბავშვები _ ერთმანეთის გამონაცვალს, მომვლელების მიერ სახლიდან მოტანილს, თუ კეთილი ადამიანების შემოწირულს, ამის გარკვევა „ქრონიკა+“-ს, როგორც ჩანს, ადგილზე მოუწევს. თუმცა მხოლოდ ამის ადგილზე გარკვევა არა. მაგალითად, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ბავშვებთან იმყოფება მხოლოდ ორი აღმზრდელი.

სახალხო დამცველის ანგარიშიდან:

„თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის რწმუნებულმა დააფიქსირა ბავშვი, რომელიც ბავშვისთვის განკუთვნილ რბილ სავარძელში იჯდა, ტიროდა და მოძრაობით მოუსვენრობას გამოხატავდა. მონიტორინგის ჯგუფის წევრის მიერ ყურადღების გამახვილების შემდეგ ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვი სავარძლიდან ამოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს ჰიგიენური საფენი ეცვა, ქვედა ტანსაცმელი წელამდე იყო დასველებული, ასევე სველი აღმოჩნდა სავარძელი. მოცემული ფაქტი ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ აღმზრდელების სიმწირის გამო, ხშირად, ბავშვების ტირილზე ისინი არ რეაგირებენ“.

მონიტორინგის ჯგუფის წევრების მიერ შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარებთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, მათ წერა-კითხვა არ იციან მხედველობის დაქვეითების გამო. მათ ამაზე მიმართეს ფილიალის ხელმძღვანელობას, მაგრამ ეს ფაქტები არათუ მოაგვარეს, არამედ არც  განუხილავთ. მაგალითად, დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის ბავშვების გადმოცემით, წლების განმავლობაში დაგროვილი გადაუჭრელი პრობლემებისა და მათი უფლებების დარღვევის გამო (ტანსაცმლისა და საკვების პრობლემა, ან სპეციალური დამხმარე საშუალებებისა და ა. შ. პრობლემა), ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად მიმართავდნენ ფილიალის ხელმძღვანელობას, მაგრამ სანაცვლოდ საყვედურებს იმსახურებდნენ. თანამშრომლები ინვალიდ და უდედმამო ბავშვებს უმადურებს უწოდებდნენ, ან ამადლიდნენ პანსიონატში ცხოვრებას. შედეგად ხდებოდა ის, რომ მოზარდები პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავდნენ, კერძოდ, შიმშილობას ან  თვითდაზიანებას.

კოჯრის შშმ ბავშვთა პანსიონატის მკვიდრებს კომპიუტერით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ. საკითხავია, სად მიდის ფონდის ფული, რომელიც სპეციალურად ტექნიკური აღჭურვილობისთვის და შშმ პირებისთვის კომპიუტერის შესაძენად არის გამოყოფილი.

ახლა კი ყველაზე სკანდალურ პუნქტს მივადექით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 116-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო რამდენიმე ფაქტის გამოძიება: კერძოდ, 28 ნოემბერს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მ. ქ.-ს (სისხლის სამართლის საქმი #007281115002), 22 დეკემბერს მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში გ. მ.-ს (სისხლის სამართლის საქმე #021221215001), ხოლო 2016 წლის 4 თებერვალს დუშეთის შშმ

პირთა პანსიონატში ი. გ.-ს (სისხლის სამართლის საქმე #025040216002) გარდაცვალების ფაქტებზე.

გამოძიება დაიწყო იმიტომ, რომ ეს ბავშვები, სავარაუდოდ, თავისი სიკვდილით არ გარდაცვლილან.

სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო აღნიშნული ფაქტების შესწავლა. აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ განახორციელეს ვიზიტები ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში. ასევე, ოფიციალური კორესპონდენციით გამოითხოვეს ინფორმაცია საქართველოს მთავარი პროკურატურიდან და  შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

და რა გგონიათ, რა მიიღო სახალხო დამცველის აპარატმა პასუხად?! ის, რომ ეს საქმეები არ იქნა გამოძიებული.

ჩავხედოთ ომბუდსმენის ანგარიშს:

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება არაეფექტიანი და გაჭიანურებულია. 2015 წლის 28 ნოემბერს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მ. ქ.-ს, ხოლო 2015 წლის 22 დეკემბერს მარტყოფის შშმ

პირთა პანსიონატში გ. მ.-ს (სისხლის სამართლის საქმე #021221215001) გარდაცვალების საქმეებზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ არ დაწყებულა. 2016 წლის 4 თებერვალს დუშეთის შშმ პირთა

პანსიონატში ი. გ.-ს (სისხლის სამართლის საქმე #025040216002) გარდაცვალების საქმეზე კი გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო“.

 

რა მოხდა სინამდვილეში და რამ გამოიწვია ბავშვების სიკვდილი?!

 

„ქრონიკა+“ შეეცდება, დეტალურად აღწეროს ის სიტუაცია, როდესაც ეს შემთხვევები მოხდა:

2016 წლის 4 თებერვალს დუშეთის ფილიალის მოზარდ ი. გ.-ს საცხოვრებელ ოთახში სადილი შეუტანა ამავე ოთახში მცხოვრებმა ს.ტ.-მ. როგორც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, კვების პროცესში ი.გ.-ს „გადასცდა“ ხორცის ნაჭერი. პანსიონატის მომსახურე პერსონალი შეეცადა დახმარებას, თუმცა უშედეგოდ. გამოძახებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბენეფიციარი კლინიკაში გადაიყვანა, სადაც, მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, დაფიქსირდა მისი ბიოლოგიური სიკვდილი.

აი, ეს არის და ეს. ანუ ჭამის დროს გარდაიცვალა სულ ჯანმრთელი ბავშვი.

ახლა, როგორ ხსნის აღნიშნულ სიტუაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის NMIA316017174774 წერილი:

„ი.გ.-ს სიკვდილის მიზეზია მექანიკური ასფიქსია უცხო სხეულის (უცხო მიკრონაწილაკები ბრონქების სანათურში; სამედიცინო დოკუმენტაციით,

საკვები მასები) სასუნთქ გზებში მოხვედრით“.

არადა, როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, ბენეფიციარსა და პანსიონატს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.3.2 პუნქტის თანახმად, ბენეფიციარი ვალდებულია, კვების მომსახურების მისაღებად გამოცხადდეს პანსიონატის სასადილო ოთახში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია აღნიშნული ვალდებულების შესრულება. გარდაცვლილი პირი იყო სრულიად ჯანმრთელი და, სავარაუდოდ, იკვებებოდა სასადილო ოთახში.

სახალხო დამცველის აპარატმა საქმის შესწავლის მიზნით მიმართა საქართველოს შიდა აუდიტის დეპარტამენტს, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის უფროსი, უფროსის მოადგილე, ექიმი თერაპევტი, ფსიქოლოგი არაჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

შიდა აუდიტის დასკვნის დადების შემდეგ თანამდებობიდან განთავისუფლდა დუშეთის ფილიალის უფროსი, ხოლო დანარჩენს „საყვედური“ გამოეცხადა. ეს არის სულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოულოდნელი სიკვდილის გამო რა პასუხისმგებლობაც დაეკისრათ ხელმძღვანელ პირებს.

პარალელურად შეწყდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება.

მონიტორინგის ჯგუფი მიიჩნევს, რომ დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში ბენეფიციარ ი.გ.-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სერიოზული რეაგირება არც ერთმა სახელმწიფო უწყებამ არ განახორციელა. რა მიზეზით მოკვდა ბავშვი, დღემდე უცნობია. იგივე შეიძლება ითქვას დანარჩენ ოთხ შემთხვევაზე.

კოჯრის შშმ პირთა პანსიონატში ექსპერტების მიერ ბენეფიციართა ჯგუფების შემოვლის დროს დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ეტლით მოსარგებლე და მეტყველების არმქონე გოგონას აღმზრდელი სახეზე ხელს აფარებდა ტუჩ-კბილის მიდამოზე ხელის მკვეთრი მოჭერით. ექსპერტების შეშფოთებაზე, ბავშვი ასე დაიხრჩობა, ქალბატონო, ამ უკანასკნლემა უპასუხა, რომ იგი ამით გამოხატავდა „მოფერებას და სიყვარულს“ მის მიმართ. ამავდროულად, აცხადებდა, რომ გოგონას ეს სიამოვნებდა. თუმცა ბენეფიციარის სახეზე უსიამოვნო შეგრძნების გამომხატველი ემოცია იკითხებოდა. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს შთაბეჭდილება დარჩა, რომ აღმზრდელი ვერც კი აცნობიერებდა, რომ ბენეფიციარს უხეშად ეპყრობოდა და, ფაქტობრივად, ძალადობდა მასზე. აღნიშნული აღმზრდელის კვალიფიკაციის დაბალ დონეზე მიუთითებს.

ძევრის შშმ პირთა პანსიონატის მომვლელმა რ.ვ.-მ დაწესებულების ერთ-ერთ ბენეფიციარზე განახორციელა ძალადობის ფაქტი. მიღებული ინფორმაციით შემთხვევა 2016 წლის 29 ივლისს, პანსიონატის გარეთ, ქ. თერჯოლაში მოხდა სწორედ იმ დროს, როდესაც ბენეფიციარი გარკვეული სამედიცინო მომსახურების მისაღებად

გადაჰყავდათ ამბულატორიულ დაწესებულებაში, ხოლო მისი რთული ქცევის მართვის მიზნით თანმხლებმა მომვლელმა გამოიყენა ძალადობრივი მეთოდები, _ სცემა!

დუშეთის ფილიალის ოთხი ბენეფიციარის ურთიერთძალადობის

დროს ერთ-ერთმა ბენეფიციარმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. მომხდარ ფაქტს პერსონალი ,კონფლიქტად აფასებს და შესაბამის ჟურნალში არ მიუთითებს, რა ღონისძიებები გატარდა მისი მოგვარების მიზნით. ჩანაწერების მიხედვით, ცოტა მოგვიანებით, აღნიშნულმა უფრო ფართო მასშტაბები შეიძინა, კონფლიქტში სხვა ბენეფიციარებიც ჩაერთნენ და მათმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სოფლის გზა გადაკეტა. ჩანაწერებიდან არ ირკვევა პროტესტის მიზეზი და შედეგები. იმავე რიცხვში დაფიქსირდა ორ ბენეფიციარს შორის ურთიერთძალადობის ფაქტი: „მოხდა კონფლიქტი და „კალიასკებით“ შეხლა-შემოხლა“. მსგავსი ფაქტები ფიქსირდება მომდევნო დღეებშიც. საბოლოო ჯამში, გამოიძახეს პატრული.

ამავე დაწესებულებაში ერთ-ერთმა ბენეფიციარმა დამლაგებელი სცემა, რის გამოც დამლაგებელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

დუშეთის ფილიალში იკვეთება ბენეფიციართა ცალკეულ ჯგუფებს შორის სისტემატური დაპირისპირება. ინტერვიუს დროს ისინი ერთმანეთს სალანძღავი და მუქარის შემცველი სიტყვებით მოიხსენიებენ, იყენებენ გამოთქმებს: „ერთმანეთი სცემეს“, „ერთმანეთს თავების დაჭრით ემუქრებოდნენ“, „ყელში უჭერდა ხელს და ძლივს გააგდებინეს“ და სხვ. ბენეფიციარები საკუთარ ფეთქებად ხასიათს არ მალავენ და, შესაბამისად, არ გამორიცხავენ მორიგი კონფლიქტის შემთხვევაში მათ ხელთ არსებული

ყველა საშუალების (მათ შორის, დანების) გამოყენებას.

ბენეფიციარების ინტერვიუებით დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში გამოვლინდა ძალადობის მთელი რიგი შემთხვევები, რასაც, სავარაუდოდ, სისტემატური ხასიათი აქვს, კერძოდ, ერთ-ერთი ბენეფიციარი, რომელიც თავს მიიჩნევს სხვებთან შედარებით მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონედ და „მასზე დაბლა მდგომებმა“ „წერა-კითხვა და ანგარიშიც კი არ იციან“, აცხადებს, რომ ის მათი უფლებების დასაცავად „შიშველი შიმშილობდა“, პირი ამოიკერა, „მუცელი გადაიფატრა“ და ა. შ. სანაცვლოდ კი არ ითხოვს წილს, მაგრამ თუ ვინმე თავისი პენსიიდან რაღაც თანხას მისცემს, უარს არ ეტყვის. იგივე ბენეფიციარი არ მალავს იმ ფაქტს და, ამავე დროს, ბრაზობს, რომ მას „სექსუალური მოძალადის“ იარლიყი მიაკერეს, მაგრამ არ უარყოფს ბენეფიციარებთან სექსუალურ კავშირებს. მონიტორინგის დროს ბენეფიციარებთან და პერსონალთან გასაუბრების შედეგად სექსუალური კავშირის კონკრეტული ფაქტები არ გამოვლინდა, თუმცა საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და მონიტორინგს.

ერთ-ერთი ბენეფიციარი ყოველდღიურად გადის პანსიონატიდან და ნასვამი ბრუნდება. ამის შემდეგ იწყება ჩხუბი და ალიაქოთი. აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლი სხვა ძალადობრივი და აგრესიული ქცევით გამორჩეული ბენეფიციარებისთვისაც მარტივად ხელმისაწვდომია. კიდევ ერთმა ბენეფიციარმა აგზნებულ მდგომარეობაში მუშტის დარტყმით დაამსხვრია კედელზე დაკიდებული სურათის მინა, იმუქრებოდა თვითდაზიანებით (თვალების ამოთხრით), თვითმკვლელობით, სხვებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებით და ითხოვდა ფსიქოტროპული პრეპარატების დამატებას.

კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში ერთი ბენეფიციარი გამომწვევი ქცევით გამოირჩევა და ხშირად ავლენს ძალადობას სხვა ბენეფიციარის მიმართ, აყენებს მათ სხვადასხვა სახის დაზიანებას, თვითონაც იღებს ტრავმას და სამედიცინო დახმარების მისაღებად საჭირო ხდება სასწრაფო დახმარების მანქანით სტაციონარში მისი გადაყვანა.

 

 

„ქრონიკა+“ ანგარიშში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ნინო ცხადაძეს დაუკავშირდა:

_ შშმ პირების პანსიონატებში დაფიქსირდა 4 ბავშვის გაურკვეველ ვითარებში გარდაცვალების ფაქტები. საქმე პროკურატურაში იყო აღძრული, ხოლო გამოძიებას აწარმოებდა შს სამინისტრო. რატომ შეწყდა გამოძიება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით?

_ სანამ პასუხს გაგცემდეთ, მანამდე ანგარიშს უნდა გავეცნო. თუ შეიძლება, წერილობით გამომიგზავნეთ ყველა კითხვა, გადავუგზავნი შესაბამის განყოფილებებს და ყველა მათგანზე დეტალურად გაგცემთ პასუხს.

 

როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, შშმ პანსიონატები ეხება სსიპ „ტრეფიკინგის ცენტრს“, იგივე სახელმწიფოს ფონდს. „ქრონიკა+“ ამ საკითხთან დაკავშირებით მისი პრეს-სამსახურის უფროსს, ქეთი ბეროშვილს დაუკავშირდა:

_ რაც შეეხება 4 ბავშვის გარდაცვალების ფაქტს, ეს არის შს სამინისტროს პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, საქმე ძიებაშია და ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი, ამაზე გიპასუხოთ.

_ საქმეც ეგ არის, რომ ძიება შეწყვეტილია.

_ ვერაფერს გეტყვით.

_ სახალხო დამცველმა თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში სხვადასხვა ტიპის დარღვევა აღმოაჩინა.

_ თუ ოფიციალურად გსურთ პასუხი, ამასთან დაკავშირებით ოფიციალურად გამოგვიგზავნეთ შეკითხვები.

 

„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას.

 

თამარ როსტიაშვილი