იმერეთის რეგიონის საბიუჯეტო სახსრებით გამდიდრებული ეკლესია- მონასტრები

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“ მორიგი კვლევა იმერეთის რეგიონში მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან რელიგიური ორგანიზაციებისთვის ქონებისა და თანხის გადაცემის შესახებ განახორციელა. შესაბამისად, თითოეული მუნიციპალიტეტიდან ინფორმაცია გამოითხოვეს, თუ რა ოდენობის თანხა გაიცა რელიგიურ ორგანიზაციებზე 2013 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით და რამდენი შეადგინა ამავე პერიოდში რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნისთვის გაწეულმა ფინანსურმა დანახარჯებმა.

ორგანიზაცია ასევე დაინტერესდა მუნიციპალიტეტების გამგეობების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს შორის წარმოებული იმ კორესპონდენციებით, სადაც სამინისტრო ან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების სახელმწიფო ბალანსზე გადატანას საპატრიარქოსთვის გადასაცემად ითხოვს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“, მიღებულ მასალებზე დაყრდნობით, გაარკვია, რომ თორმეტივე მუნიციპალიტეტის მხრიდან ფინანსური დახმარება გაეწია მხოლოდ მართლმადიდებლურ ავტოკეფალიურ ეკლესიას. ზემოთ აღნიშნულ პერიოდში, რეგიონის მასშტაბით, ამ მიზნით გაცემულმა თანხამ, საერთო ჯამში, 4 942 603 ლარი შეადგინა. რაც შეეხება  მართლმადიდებლურ ეკლესიაზეა მიწისა და შენობა-ნაგებობების გადაცემას, ირკვევა, რომ წყალტუბოს, ზესტაფონის, ქუთაისის, ბაღდათის, ჭიათურის მუნიციპალიტეტებმა ჯამურად ეკლესიას 90 140 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცეს.

კვლევამ აჩვენა, რომ რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის მიზნით თანხები მხოლოდ ხარაგაულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებმა გაიღეს.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები რელიგიური  ორგანიზაციებისთვის თანხების გამოყოფასა და გადარიცხვას  დასაბუთებისა და ეპარქიის მხრიდან ხარჯთაღრიცხვის წარდგენის გარეშე ახდენენ, რაც კანონის დარღვევაზე მიუთითებს.

 

კვლევის შედეგები ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია:

 

თერჯოლა

2013 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის მარტამდე პერიოდში  მუნიციპალიტეტის მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემული თანხების მოცულობამ 1 199 194 ლარი შეადგინა. თანხა გადახდილია საკათედრო ტაძრის ეზოს მოვლა-პატრონობისთვის, სოფელ გოგნში ტაძრის მშენებლობისთვის და ამავე ტაძრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის დასაფარად.

2013 წელს მუნიციპალიტეტმა რელიგიურ ფონდ „გოგნის კარუგდებულს“ მიმართვის საფუძველზე 100 000 ლარი გადაურიცხა. მუნიციპალიტეტისთვის საკმარისი აღმოჩნდა წერილი, რომლის მიხედვითაც ფონდი თანხას რელიგიური საქმიანობის სტიმულირებისა და ფინანსური დახმარებისთვის ითხოვდა. ასევე გაურკვეველია, რა მიზნით დაიხარჯა ის 5000 ლარი, რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტისგან 2013 წელს მიიღო? ამავე ეპარქიამ თვითმმართველობისგან ორჯერ მიიღო თანხა ავტომანქანის შესაკეთებლად: 2014 წლის სექტემბერში 7194, ხოლო 2015 წლის თებერვალში 8415 ლარის ოდენობით.

 

ტყიბული

თერჯოლის ფონზე მოკრძალებულად გამოიყურება ის თანხა, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტმა აღნიშნულ პერიოდში გასცა. ეკლესიისთვის გადარიცხულმა თანხამ სულ 2200 ლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალიტეტში არ დაფიქსირებულა ქონების რომელიმე კონფესიისთვის გადაცემის შემთხვევა.

 

ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ კვლევის პერიოდში რელიგიური ორგანიზაციების სასარგებლოდ გაღებულმა ფინანსურმა დახმარებამ   372 200 ლარი შეადგინა. მართალია, აღნიშნული თანხა თერჯოლის ფონზე შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ ხარაგაულის ბიუჯეტს თუ გავითვალისწინებთ, მაშინ იგი სოლიდურ წყალობად შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება ქონებას, ამის შესახებ გამგეობისგან „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“  ინფორმაცია არ მიუღია.

 

საჩხერე

ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის თხოვნის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მხრიდან კვლევის პერიოდში, 194 300 ლარია გაცემული. რა მიზნით გაიღეს თანხა ბიუჯეტიდან გაურკვეველია, რადგან ორგანიზაციისთვის აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

 

ვანი

215 000 ლარი გაიღო ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა ბაღდათისა და ვანის ეპარქიის განვითარების ფონდისთვის, რომელიც 2010 წელს ეპარქიის მიტროპოლიტ ანტონმა დააარსა.

საინტერესოა, რომ 2015, 2016, 2017 წლებში მიტროპოლიტის მიერ გამგეობისთვის გაგზავნილი წერილი თანხის მოთხოვნის თაობაზე იდენტურია. ყოველ წერილში მიტროპოლიტი 40 000 ლარს ეკლესია-მონასტრებისა და მღვდელმთავრების რეზიდენციაში მიმდინარე სამუშაოების საჭიროებებისა და რელიგიური ღონისძიებებისთვის,  ყოველგვარი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის გარეშე, ითხოვს.

 

ხონი

517 000 ლარია გაცემული ხონის მუნიციპალიტეტის მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის ფულადი დახმარების სახით. მოთხოვნის მიუხედავად, ხონის მუნიციპალიტეტმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ ინფორმაცია არ მოაწოდა და, შესაბამისად, გაურკვეველია, რა მიზნით გაიხარჯა თანხა?..

 

წყალტუბო

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა კვლევის პერიოდში ეკლესია-მონასტრების მშენებლობისთვის 399 999 ლარი გაიღო, ხოლო 9 აპრილის ქუჩაზე არსებული 780 კვ.მ. არსასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი,  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე,  ჯერ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა, ხოლო შემდეგ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ ეკლესიას.

 

ზესტაფონი

2013-17 წლებში მარგვეთისა და უბისის ეპარქიამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტისგან 317 010 ლარი მიიღო. ხელგაშლილი აღმოჩნდა მუნიციპალიტეტი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით. 2013 წელს 2944 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც ზესტაფონში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს, ეკლესიას, პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის გარეშე, აღნაგობის უფლებით გადაეცა, 2014 წელს კი ეპარქიას თვითმმართველობამ უსასყიდლო უზურფრუქტით დაუთმო ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 627 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. ამავე ქუჩაზე, ამავე წელს კი ეკლესიამ, დამატებით, 794 კვ.მ. მიწის ფართობი, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, ხოლო კეკელიძისა და მელქაძის ქუჩების კვეთაზე 1702 კვ.მ. ტერიტორია უსასყიდლოდ, ასევე უზურფრუქტით მიიღო.

 

სამტრედია

926 000 ლარი შეადგინა ხონი-სამტრედიის ეპარქიისთვის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მხრიდან გამოყოფილმა თანხამ, 2013-17 წლებში კი დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის თვითმმართველობის მიერ 1 000 000 ლარამდე თანხაა გადარიცხული.

 

ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მხრიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოსთვის“ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2017 წელს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ბაღდათის მუნიციპალიტეტს 20 000 ლარის გამოყოფით მიმართა. თუმცა დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენის გამო ვერ დგინდება, დაკმაყოფილდა თუ არა აღნიშნული მოთხოვნა. მხოლოდ 4000 ლარის მიზნობრიობა დადგინდა, რომელიც ეპარქიამ გამგეობისგან 20 წლის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით მიიღო.

მუნიციპალიტეტმა 2015 წელს ეპარქიას 99 წლის ვადით ეკლესიის მშენებლობისთვის სოფელ წითელხევში არსებული 1165 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო 2016 წელს, უზურფრუქტის ფორმით, 7 ჰა ფართობი გადასცა; გოთიეს მამათა მონასტერს კი მუნიციპალიტეტმა ავტომანქანა „გრანდ ჩეროკი“ უსასყიდლოდ სარგებლობაში ორი წლის ვადით დაუთმო.

 

ქუთაისი

ქუთაის-გაენათის ეპარქია ქუთაისის მერიის მიერ კვლევის პერიოდში 366 200 ლარის ოდენობით დაფინანსდა, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ მხოლოდ 2013-14 წლების კორესპონდენცია გადაეცა, დარჩენილი პერიოდის შესახებ კი ეცნობა, რომ ვინაიდან მუნიციპალიტეტი 2015 წლიდან ელექტრონულ ხაზინაზე გადავიდა, შესაბამისად, გადახდების განხორციელებისთვის წერილების გამოგზავნა აღარ წარმოადგენდა აუცილებლობას. სწორედ ამიტომ ორგანიზაციისთვის გაურკვეველი დარჩა 2015 წლიდან 2017 წლის მარტამდე პერიოდში, რა საფუძველს უთითებენ რელიგიური ორგანიზაციები დაფინანსების მისაღებად.

კვლევამ აჩვენა, რომ 2013-14 წლებში, მიტროპოლიტ კალისტრატეს მოთხოვნის საფუძველზე, მერია იხდიდა ქუთაისის სიონის (ბაგრატი) ტაძრის განათების თანხებს. რაც შეეხება ქონებას: 2013-14 წლებში მერიამ ეკლესიებს ქალაქის სხვადასხვა უბანში 14 მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელთა საერთო ფართმა, ჯამურად, 11 654 კვ.მ. შეადგენა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელმაც ეკლესიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბუხაიძის ქუჩაზე 1400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მას არ გადასცა, რომელსაც ეპარქია მომლოცველთა ცენტრის ასაშენებლად ითხოვდა. უარის მიზეზი ტერიტორიის საპრივატიზაციო ნუსხაში არსებობა გახდა.

 

ჭიათურა

საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტისგან 2013 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის მარტამდე 305 000 ლარი და ორი მიწის ნაკვეთი მიიღო, რომლის საერთო ფართმა 1 074, 75 კვ.მ. შეადგინა.

 

როგორც ხედავთ, იმ პერიოდში, რომლის შესწავლასაც კვლევა ითვალისწინებდა, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები გაიღეს ეკლესიის საჭიროებებისთვის. ასევე აღსანიშნავია გადაცემული მიწის ოდენობა, რომელიც ეპარქიებს ეკლესია-მონასტრების ასაშენებლად თუ სხვა დანიშნულებისთვის გადაეცა. თუ გავითვალისწინებთ იმ ქონებას და ფინანსებს, რომელსაც მუნიციპალიტეტები უკვე ტრადიციულად იღებენ ეკლესიის სასარგებლოდ, ადვილად შეიძლება დავადგინოთ, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ქონებრივი თვალსაზრისით, რეგიონში ერთ-ერთ მდიდარ ინსტიტუციად არის წარმოდგენილი.

როგორც „ქრონიკა+“-ს „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა მოწონელიძემ განუცხადა, კვლევები ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება, რათა გაირკვეს, თუ რამდენად კანონიერად ხარჯავენ მუნიციპალიტეტები ბიუჯეტიდან თანხებს.

 

ხვიჩა ვაშაყმაძე