იეზიდი ქალები საქართველოდან და მათი წარმატებების ფორმულა

საქართველო ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. საკუთარი არსებობის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში, ქარველებთან ერთად, ყოველთვის არერთი ერი თანაარსებობდა. აქ დღეს სახლობენ ქურთები-იეზიდები. სახლობენ წარმატებულად, აქტიურად უძღვებიან სხვადასხვა სფეროს და დიდი მადლობელნი არიან საქართველოსი.

ქალთა უფლებების სათემო იცინიატივამ გაახორციელა პროექტი „წარმატებული ქურთი-ეზიდი ქალები საქართველოდან“. ეს პროექტი განხორციელდა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
100 წლის წინათ იეზიდები იძულებულები გახდნენ, გადმოსახლებულიყვნენ საქართველოში. ცნობილია, რომ იმ დროისთვის განათლების მიღება აკრძალული იყო. ეს პროცესი საქართველოში მათი გადმოსახლების შემდეგაც გრძელდებოდა, თუმცა ქართველებთან თანაარსებობის პერიოდში მათთვის განათლების მიღების შეზღუდვის პროცესი, თანდათანობით, შესუსტდა და სწავლა ხელმისაწვდომი გახდა, ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ, მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის, ქალებისა და გოგონებისთვის კი ის კვლავ აკრძალული გახლდათ. ეს ეტაპიც საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. მალევე აშკარა გახდა, რომ განათლების მიღება აუცილებელი იყო, თუნდაც _ საშუალო განათლების, მაგრამ ამ პროცესს არაერთი დაბრკოლება ახლდა. ეს პრობლემები მომდინარეობდა ოჯახიდან, არსებული საცხოვრებელი გარემოდან, მათ შორის, იმ რეალობიდან, რომ 12-13 წლის ასაკში გოგონებს უკვე ოჯახებს აქმნევინებდნენ. განათლების მიღება შიშთანაც ასოცირდებოდა _ რეალობის მოწყვეტის შიშთან. განათლების მიღებას კრძალავდა რელიგიაც. ეს ფენომენი ტრადიციების საწინააღმდეგო პროცესადაც განიხილებოდა. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები XXI საუკუნეშიც განაგრძობს არსებობას. დღესაც ბევრ ოჯახში მიიჩნევენ, რომ ქალისთვის განათლების მიღება საჭიროებას არ წარმოადგენს. შესაბამისი გამოწვევები დღესაც არსებობს. ოჯახებს განათლებული რძალი არ სჭირდებათ. საკუთარი თავის რეალიზება კი სჭირდება როგორც კაცს, ისე _ ქალს, განურჩევლად ყველანაირი მახასიათებლისა. ის, რომ მსგავსი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, განპირობებულია იეზიდების თანაარსებობით საქართველოში ქართველ ხალხთან, რომლისთვისაც განათლება და განვითარება პრიორიტეტია.

„ქურთული-იეზიდური უმცირესობის ისტორია და კულტურა საქართველოში“ (პუბლიკაცია): „დღევანდელი ქურთი-იეზიდი მოსახლეობის წინაპრების უმეტესობა საქართველოში მიგრაციის რამდენიმე ტალღის სახით ჩამოვიდა. პირველი ტალღა 1770 წელს გამოჩნდა. მეორე ტალღას XIX საუკუნეში იყო, როდესაც იეზიდები, ძირითადად, აჭარისა და მესხეთის რეგიონში დასახლდნენ. გადმოსახლების უკანასკნელი დიდი ტალღა XX საუკუნის პირველ მეოთხედში ვიხილეთ, როდესაც, ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შემდგომ, რუსეთმა დაიბრუნა ზოგიერთი თურქული ტერიტორია და მოცემული ეთნიკური ჯგუფი, ისლამის მიღების იძულების მიზნით, ზეწოლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი საქართველოში დასახლდნენ. ქურთებმა-იეზიდებმა საკუთარი კულტურა და ტრადიცია თავიანთ დასახლებებში ჩამოიტანეს, რაც აისახა სამოსში, მუსიკალურ ინსტრუმენტებსა და ხალხურ სიმღერებში. ქურთებს-იეზიდებს ყოველთვის ძალიან აქტიური კულტურული ცხოვრება ჰქონდათ საქართველოში“.

ბასე ჯაფაროვა _ ერთ-ერთი გამოჩენილი ქურთი-იეზიდი მოღვაწე ქალი საქართველოში. იგი წარმატებულია ხატვის ნიჭით. დაიბადა და გაიზარდა გრიბოედოვის ქუჩაზე. როგორც ის ამბობს, გაუმართლა მეზობლებში. სკოლაში სწავლისას, როგორც ბასე იხსენებს, ხატვის მასწავლებელმა გამოფენა მოაწყო. ამ გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრის ნახვამ უდიდესი სიამოვნება მიანიჭა. სწორედ ხატვის მასწავლებელმა დაინახა მასში შემოქმედის ნიჭი და მომავალშიც აქტიურად ედგა მას გვერდით. ნელ-ნელა დაიწყო მისი სწავლა-განათლება. ბასეს ცხოვრება ადრეული ასაკიდანვე საინტერესო ეტაპით გამოირჩევა _ შვიდი შვილიდან, სახსრების უკმარისობის მიუხედავად, შვიდივემ შეძლო განათლების მიღება. აღსანიშნავია, რომ პირველ პერსონალურ გამოფენაზე ბასეს ნამუშევრები ეროვნულ თემატიკაზე ხაზგასმით არ გამოირჩეოდა. შემდგომ უკვე მან ეზიდური თემის ტრადიციების, კულტურისა და იმ საკითხების ასახვა დაიწყო, რაც თემს აწუხებდა. „წარმატების მიღწევის საწინდარია საქმის სიყვარული, პასუხისმგებლობა, შრომა. ამ გზით დაეუფლები პროფესიას. ერთ დღეს თუ არ დავხატე, მეორე დღეს ხელი არ მემორჩილება, ამიტომ ყოველდღე უნდა აკეთო შენი საყვარელი საქმე“, _ გვეუბნება წარმატებული ქალი, ბასე ჯაფაროვა _ ერთ-ერთი პირველი იეზიდი მხატვარი ქალი.

ლალი ხუდოევა _ გინეკოლოგი.
მის წარმატებაში დიდი წვლილი საკუთარ მშობლებს მიუძღვით, განსაკუთრებით კი _ დედას. ლალის ძალიან უყვარს მუსიკა და მხატვრული ლიტერატურა. დაამთავრა მე-2 სამუსიკო სკოლის ათწლედი, მონაწილეობს კონფერენციებსა და ტრენინგებში, დღეს ის გინეკოლოგია: „დღეს მე რასაც ვუყურებ, რაც ხდება მსოფლიოში არა მხოლოდ იეზიდი ქალების მიმართ, სავალალოა. საქართველოს თვითონ აქვს ეს ტოლერანტობა. ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ მას აქვს ის სითბო და ერთობა, რითაც ჩვენ აქ წარმატებულები ვართ და ქართველი ერის წვლილი უდიდესია“, _ ამბობს ლალი. „როდის აღწევ წარმატებას? მაშინ, როცა გაქვს ოჯახის მხარდაჭერა, როცა ხარ მიზანდასახული, კეთილსინდისიერი შენი საქმისადმი, როცა გიყვარს შენი პროფესია, როცა ყოველდღე სწავლობ და ერთ ადგილზე არ ჩერდები. მყავს შვილი ამირან კოჩოიანი, რომელიც ექიმია და მყავს ორი შვილიშვილი. ჩემი წარმატება ჩემი ოჯახის კეთილდღეობაა. სწორედ დედის, შვილისა და რძლის მხარდაჭერა მეხმარება იმ საქმის წარმატებით გახორციელებაში, რომელსაც მე ვემსახურები“.

ხათუნა გვარაძე _ რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი:
„უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, პარალელურად, სკოლაში ვმუშაობდი. სკოლაში მუშაობის დიდი გამოდცილება დამიგროვდა. მაქვს უფროსი მასწავლებლის წოდება; ვარ სერტიფიცირებული მასწავლებელი. მაქვს პროფესიული მიღწევები: მასწავლებლების მეოთხე სასწავლო კონფერენციაზე წარვადგინე ჩემი გამარჯვებული პროექტი: „რომანოვების ოჯახის ტრაგედია“. ჩემი პროფესიული განვითარებისთვის ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვმონაწილეობ სხვადასხვა პროფესიულ ტრენინგში. ჩემი წინაპარი, საუკუნის დასაწყისში, თურქეთიდან გადმოვიდა საქართველოში. დუშეთელმა კაცმა თავისი გვარი მისცა: ისეთი სირთულეები გადაიტანე, დაგჭირდება ეს გვარი და დარჩი ამ მიწა-წყალზეო. ამ კაცს ძალიან ვემადლიერები, რომ ჩემს წინაპარს უფლება მისცა და დღეს მე ამ გვარს ვატარებ. ჩემი ისტორიული გვარი არ ვიცი. ვემადლიერები ამ მიწა-წყალს, საქართველოს. რაც ხდება საქართველოში, ყოველთვის გულთან ახლოს მიმაქვს ძალიან“.

ლანა ალოიანი _ ქართველების გარემოცვაში გაიზარდა. ეროვნული გამოცდებიც სწორედ ქართულ ენაზე ჩააბარა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული პროგრამირებისა და ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა: „სკოლიდან მოყოლებული მინდოდა, ფინანსისტი გავმხდარიყავი. მიყვარდა ტექნიკური საგნები და სკოლაში გამორჩეულად ვსწავლობდი. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მშობლები მხარში მიდგანან, განსაკუთრებით, განათლების მიღების საკითხში. მათი მხარდაჭერა უპირველესი საწინდარია წარმატებისა. ასევე მნიშვნელოვანია მონდომება, მიზნის დასახვა და მისკენ სწრაფვა. ჩემს ცხოვრებას ოჯახთან მეტი დროის გატარების მიზნით თუ შევცვლიდი. იმდროინდელი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მათ ეს შეძლეს. მომავალში მსურს, შევქმნა აუდიტორული კომპანია. ჩემი პროფესია მოითხოვს სწავლის ეტაპობრივად გავლას და, ვცდილობ, არ სიახლეებს ჩამოვრჩე. ამჟამად საერთაშორისო ბუღალტრების სტანდარტების კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს გავდივარ“.

თინათინ თამოევი-ბროევი _ სკოლაში ყველა საგანს კარგად სწავლობდა, თუმცა, განსაკუთრებით, ინგლისური ენის სწავლის პროცესი უყვარდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ჩააბარა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში უცხო ენათა ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა და ინგლისური ენის მასწავლებლის კვალიფიკაცია მიიღო. აქვს მაგისტრის წოდება და ინგლისური ენის განსავითარებლად უამრავი ტრენინგი გაიარა: „ოჯახში ყოველგვარ შესაძლებლობას გვიქმნიდნენ, რომ იმ დროის შესაფერისი აღზრდა და განათლება მიგვეღო. შვილებზე დიდ გავლენას ახდენდა დედა. მშობლებმა იცოდნენ სწავლის ფასი და ცდილობდნენ, შვილებისთვის კარგი განათლება მიეცათ. დედა გვიკითხავდა წიგნებს საქართველოს ისტორიის შესახებ და ამ ქვეყნის სიყვარულსა და ერთგულებას გვინერგავდა. მაქვს ოჯახი, მყავს ორი შვილი. ოჯახი არ არის ჩემი პროფესიისთვის დაბრკოლება. ორივეს კარგად ვუთავსებ ერთმანეთს, რაშიც ჩემი ოჯახი ძალიან მეხმარება. ბედნიერი ვარ, რომ ავისრულე ჩემი ბავშვობის ოცნება _ გავმხდარიყავი მასწავლებელი, თუმცა საბოლოო მიზნის მიღწევამდე, ვფიქრობ, ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი“.

თამილა თეჯოიანი _ სტომატოლოგი. მან, თავდაპირველად, სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. ეს იმ მიზეზით, რომ დედ-მამა ადრე გარდაეცვალა: „ბავშვობაში სტომატოლოგების მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი. მეგობრებს უკვირდათ, რადგან მათ ეშინოდათ კბილის ექიმების, რაც ჩემთვის ნამდვილად მიუღებელი იყო. სწავლა ძალიან მიყვარდა და იმედს არ ვკარგავდი. უკვე ორი შვილის დედა ვიყავი, როცა მეუღლეს ჩემი სურვილი გავუზიარე. გარდა მეუღლის მხარდაჭერისა, ჩემს წარმატებაში უდიდესი დამსახურება აქვს ჩემს დედამთილს, რომელიც სიხარულით შეხვდა ამ ამბავს და თავის თავზე აიღო ოჯახის საქმეები და ბავშვების მოვლა. ის ხელს მიწყობდა განათლების მიღებაში“. ამ მხარდაჭერით თამილამ გორგასლის სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მუშაობა დაიწყო თერაპევტ-სტომატოლოგად. თამილა მონაწილეობს სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ კონფერეციებსა და ტრენინგებში. მისთვის საინტერესოა კულინარიული პროცესები, მხატვრული ლიტერატურის კითხვა და ბუნებაში ყოფნა: „იყო წარმატებული _ უნდა გქონდეს სურვილი და ოჯახის მხარდაჭერა და ხელშეწყობა“.

ლამარა მირანგი _ ქიმიკოსი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ის ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა. თუმცა, როგორც ის ამბობს, სკოლაში მუშაობა მისი მოწოდება არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ძალიან უყვარს. 2002 წელს მიიღო მეორე უმაღლესი განათლება _ კომპიუტერული გრაფიკისა და ანიმაციის მასწავლებელი. სწორედ კომპიუტერული გრაფიკისა და ანიმაციის წამყვანი სპეციალისტის დამსახურებაა ის, რომ ლამარას ჩაესახა რწმენა, რომ ის შეძლებდა ხატვას: „ბუნებით ოპტიმისტი ვარ. ვცდილობ, ყველაფერში დავინახო მხოლოდ კარგი, კეთილი, ნათელი. იშვიათად ვხატავ ან ვცდილობ, საერთოდ არ დავხატო ტრაგიკული და პირქუში ნახატები. რასაკვირველია, იეზიდი დევნილების თემა შანგალაში გულგრილს ვერ დამტოვებდა. მწვავედ განვიცდი ჩემი ხალხის ტრაგედიას. რა თქმა უნდა, ნახატები იეზიდ ბავშვებს მივუძღვენი, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ომის ყველა საშინელება. თუმცა ვცდილობდი, ბავშვების პორტრეტები გამომესახა სიცოცხლით სავსე ტონებით, რითაც გამოვხატავ მათი ბედნიერი, მშვიდობიანი მომავლის იმედს ომებისა და ტანჯვების გარეშე. ძალიან ვემადლიერები ჩემს ნათესავებს, ახლობლებს, ვისაც ვუყვარვარ, მხარს მიჭერენ შემოქმედებით ცხოვრებაში და ზრუნავენ ჩემზე. ძალიან მეხმარება მაყურებელთა მხარდაჭერაც _ ეს შთამაგონებელია. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია განვაცხადო, რომ, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს, ასაკის მიუხედავად, შეუძლია, ისწავლოს ხატვა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საქმიანობა, როცა თეთრ ფონზე იქმნება საოცარი ქმნილება. არასდროს არაფერი არის გვიან!“ როგორც ლამარა ამბობს, ქალბატონ ბასე ჯაფაროვასთან მის გაცნობას, შესაძლოა, მისი ცხოვრების ბედნიერი შემთხვევა ეწოდოს: „ბასეს რჩევები ფერწერაში დამეხმარა, საფეხურით მაღლა ამეწია ჩემი შემოქმედებითი გავითარება რის გამოც ძალიან ვემადლიერები მას. 2015 წლის მარტში პირველად გამოვფინე ჩემი ნახატები ბასე ჯაფაროვას ნახატებთან ერთად. ჩემთვის, როგორც თვითნასწავლი მხატვრისთვის, პირველი გამოფენის ორგანიზება სრულიად ახალი და მღელვარე გამოცდილება იყო. ფერწერა მიყვარს მის ყველა გამოვლინებაში, მაგრამ განსაკუთრებით მომწონს პორტრეტების ხატვა. ვხატავ ადამიანებს მოძრაობაში: მოცეკვავეებს, მოთამაშეებს და ა. შ. ძალიან მომწონს ჟანრული სცენები“.

როზა ნადირიანი _ მან 1980 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მისი ცხოვრება მრავალ ქრონოლოგიასთანაა დაკავშირებული და სხვადასხვა წელს, სხვადასხვა წარმატებას მოიაზრებს. როზას ბიოგრაფია, ადრეულ პერიოდშივე, საქართველოს განათლების სამინისტროში სამართალმცოდნეობის მეთოდისტად მუშაობას მოიცავს. მოგვიანებით, უფროს ლაბორანტად მუშაობდა დამნაშავეობის სოციოლოგიის ლაბორატორიაში. მალევე ის საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრია. 2011 წლიდან დღემდე გავლილი აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ ორგანზებული ყველა სემინარი და ტრენინგი. ტრენინგ-სემინარებსა და კონფერენციებს ის ასევე თურქეთში ესწრებოდა. უზენაეს სასამართლოში მუშაობის პერიოდში როზა ექსპერტიზას უტარებდა საგამოცდო კითხვებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის. მან სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქართველოს სტუდენტ-იურისტთა ასოციაციის ოლიმპიადის მხარდაჭერისთვის, 2008-2009 წლებში, მადლიერების სერტიფიკატები მიიღო. როზა ნადირიანის პროფესიული ცხოვრება კიდევ სხვა არაერთ წარმატებულ თარიღს უკავშირდება.

ქრისტინა რზგოევა _ ამ დროისთვის იგი ოთხ ენას ფლობს: ქურთულს, ქართულს, ინგლისურსა და რუსულს. ის საქართველოს დედაქალაქში დაიბადა. იყო სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წელს მიიღო ბაკალავრის დიპლომი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაში. მალევე ქრისტინამ სწავლა განაგრძო ლონდონის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე. სწავლის დასრულებიდან მალევე ის მუშაობდა საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში დიდი პროექტების თარჯიმნად. 2005 წლიდან 2011 წლამდე ის მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში იურისკონსულტად. მისი წარმატებებიდან აუცილებლად უნდა გამოვყოთ „პოლიციის კაპიტნის“ წოდების ვადაზე ადრე მინიჭება. 2011 წელს ქრისტინამ დატოვა შინაგან საქმეთა ორგანოები და მუშაობა დაიწყო ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში“, სადაც, თავდაპირველად, მუშაობდა ხარისხის მართვის სამსახურში, ხოლო 2012 წლის აგვისტოდან გადაიყვანეს იურიდიული სამმართველოს უფროსად. ის აქ დღემდე წარმატებით ახორციელებს საკუთარ საქმიანობას.

ლილი საფაროვა _ მისი ოცნება ასრულდა, რომელიც პირველი კლასიდან ჰქონდა _ ის დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. „მასწავლებლები ყველანაირად მიწყობდნენ ხელს. ჩემთვის მისაბაძები, იმთავითვე, ჩემი ბიძები იყვნენ. იმ პერიოდში მათ სათანადო განათლება ჰქონდათ და ინტეგრირებულები იყვნენ ქართულ საზოგადოებაში. მახსოვს თავყრილობები, რომლებსაც ბიძები აწყობდნენ; საუბრობდნენ ახალ წაკითხულ წიგნზე, კითხულობდნენ ლექსებს, ზეპირად იცოდნენ პოემები მშობლიურ ენაზე, ისტორია. ამ შეხვედრებზე მეც აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი და მერე აზრს მეკითხებოდნენ. ყოველთვის ვიამაყებ, რომ დავიბადე საქართველოში და არაერთ თაობას ვასწავლე ქართული ენა და ლიტერატურა. დღესაც მაქვს ურთიერთობა ჩემს ყოფილ მოსწავლეებთან. როცა შენი საქმე გიყვარს, უთუოდ გიყვარს და პატივს სცემ იმ ხალხს, ვისთანაც გიწევს ურთიერთობა. განათლების მხრივ, იეზიდურ თემში, ყოველთვის იქმნებოდა პრობლემები, განსაკუთრებით, გოგონებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარში მედგა. ოჯახის მხარდაჭერა უპირველესია. უნდა გიყვარდეს შენი საქმე, რომელსაც ემსახურები. საჭიროა მუდმივად წინსვლა. დრო ისე უნდა გადაანაწილო, რომ არც საყვარელი საქმე დაზარალდეს და არც _ ოჯახი“.

„ქურთული-ეზიდური უმცირესობის კულტურული მარშრუტი საქართველოში“ (პუბლიკაცია): „იეზიდიზმზე მრავალმა სხვა რელიგიამ მოახდინა ზეგავლენა, მათ შორის, იუდაიზმმა,
ისლამმა და ქრისტიანობამ, რის შედეგადაც მოცემული რელიგია ზემოხსენებული რელიგიების სხვადასხვა ელემენტს შეიცავს და საკმაოდ სინკრეტულია. ეს არის მონოთეისტური რწმენა, სადაც ღმერთი წარმოადგენს კარგსაც და ბოროტსაც. აღნიშნულის გამო, მთელი ისტორიის განმავლობაში, ბევრნი იეზიდებს ერეტიკოსებად თვლიდნენ. ქურთები/ეზიდები საუბრობენ კურმანჯიზე, ქურთული ენის დიალექტზე, თუმცა ამჟამად იგი შენარჩუნებულია როგორც „სახლის“ ენა“.

ლამარა ფაშაევა _ პირველი იეზიდი-ქურთი ეთნოლოგი.
ქალბატონი ლამარა ყველაზე მეტად არის ცნობილი, თუმცა მის შესახებ ბევრმაც არ იცის. სამწუხაროდ, 2015 წლის 12 აგვისტოს, ლამარა ფაშაევას გარდაცვალების გამო, ქართულმა ეთნოლოგიურმა მეცნიერებამ უდიდესი დანაკლისი განიცადა.
„უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე ლამარა ფაშაევამ თავისი ცხოვრება ეთნოლოგიურ მეცნიერებასა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს დაუკავშირა _ 1965 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში. ლამარა ფაშაევას შემდეგაც არ შეუწყვეტია საქართველოში მცხოვრები ბერძნების შესახებ სამეცნიერო ნაშრომების შექმნა. მის შემოქმედებაში კი განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქურთების/იეზიდების პრობლემატიკას. ის ცდილობდა, თავისი ხალხის ეთნიკური კულტურა არა მხოლოდ სამეცნიერო წრისთვის გაეცნო, არამედ მკითხველთა ფართო საზოგადოებისთვისაც. 1985 წლიდან ლამარა ფაშაევას სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფერო სწორედ ქურთოლოგია იყო. ამ წელს დაიბეჭდა ჟურნალ „მაცნეში“ მოზრდილი ნაშრომი საქართველოში მცხოვრები ქურთების შესახებ. 1987 წელს გამოიცა წიგნი „საქართველოში მცხოვრები იეზიდების საქორწინო წეს-ჩვეულებების დადებითი და უარყოფითი ელემენტები“.
1988 წელს კავკასიის ეთნოლოგიური კრებულის VII ტომში დაისტამბა მისი საყურადღებო გამოკვლევა იეზიდების საქორწინო ტრადიციებში რელიგიურ-კასტური აკრძალვების შესახებ. ამას მოყვა ნაშრომი ქურთების კონფესიური და ეთნიკური ცნობიერების შესახებ. მის კალამს ეკუთვნის, აგრეთვე, ნაშრომები ქურთების დაკრძალვის ტრადიციების, ბავშვის აღზრდის წეს-ჩვეულებების შესახებ. 2004 წელს გამოქვეყნდა სტატია საქართველოში ქურთთა დასახლებების შესახებ და სხვ. ლამარა ფაშაევა ბერძნებისა და ქურთების შესახებ შესანიშნავი ექსპერტიც გახლდათ. ქურთების ისტორიისა და კულტურის პრობლემებზე ლამარა ფაშაევა სხვადასხვა კონფერენციაშიც მონაწილეობდა (თბილისი, ერევანი, მოსკოვი, პეტერბურგი, ბაქო, სალონიკი, ბუდაპეშტი, ბერლინი…). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეთნიკური ქურთების გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა რა რუსულფორმატიან გვარებზე, მათ ქურთული ყაიდის გვარები ქალბატონ ლამარას სამეცნიერო დასკვნების საფუძველზე გაუფორმეს. ლამარა ფაშაევას რუსეთში ერაყის ელჩისგან მიღებული ჰქონდა ჯილდო ასპირანტების მომზადების საქმეში, ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნების დაცვის ასოციაციაში გაწეული მუშაობისთვის. მისი სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობა არც საქართველოს ხელისუფლებას დარჩენია უყურადღებოდ _ 2003 წელს ლამარა ფაშაევა ღირსების ორდენის მფლობელი გახდა“, _ ასე აფასებს ლამარა ფაშაევას „კავკასიის ეთნოლოგიური კრებული“.
თუნდაც ამ ბოლო აბზაციდან რომ დავიწყოთ შეფასება, უნდა აღვნიშნოთ, თუ რამდენად განსხვავებული და საინტერესოა ქურთების/იეზიდების მიდგომები და მსოფლმხედველობა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: დაკრძალვა, ქორწინება, ბავშვის მოვლა და ა. შ. თითოეული ამ ფენომენის მოსალოდნელი შედეგების ძიებას რომ თავი დავანებოთ, ისინი აშკარად უწყობს ხელს, რომ ქურთი/იეზიდი ხალხი იყოს ინდივიდუალური და სხვათაგან გამორჩეული. მათი ტრადიციების განხილვა და გამოქვეყნება კიდევ სხვა დამატებით ფურცლებს მოითხოვს და ხაზს გაუსვამს, რამდენად თავისთავადია ეს ხალხი. საქართველომ ძალიან ბევრ ქურთს შეუწყო ხელი და მისცა სტიმული წარმატებისა და განვითარებისთვის. ზემოთ წარმოდგენილი ქალბატონების მიღმა კიდევ ბევრი ქალბატონი დგას, რომელმაც თავი დააღწია ძველ მოსაზრებებს და საკუთარი დასახული მიზნებისკენ გაჰყვა გზას. ნამდვილად არის ამის მიზეზი მათი თანაარსებობა ქართველ ხალხთან, ყველა სუბიექტურ აზრს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ქვეყნის მადლიერები თავად ეს ქალბატონები არიან.

იეზიდი დევნილები შანგალაში

შეგახსენებთ: ეს მოხდა 2014 წლის 3 აგვისტოს. ყველაფერი გვიან ღამით დაიწყო, როდესაც, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყში იეზიდებით დასახლებულ რაიონ შანგალას შეუტიეს. წინააღმდეგობა მხოლოდ იეზიდმა მოსახლეობამ გაწია, რის შემდეგაც, ცხადია, დაიწყო მათი მასობრივი ხოცვა. გარდა ამ პროცესებისა, ტერორისტები აქტიურად ანადგურებდნენ იეზიდების წმინდა ადგილებს, სალოცავებსა და სხვა სიწმინდეებს.

მარიამ ტიელიძე