თეონა ჭალიძე: „ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ უნდა ეომოს, რადგან წაგება გარანტირებულია“

თამუნა მჭედლიშვილი

ბოლო რამდენიმე წელია, მსოფლიო ხედავს, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა როგორ ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. ამ კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ.

შეიყვანს თუ არა „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ გაღებულ კარში საქართველოს? გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ამ უნიკალურ ისტორიულ შანსს? რა საფრთხეებს შეიცავს „რუსული კანონი“? როგორ შეძლებენ შესაბამისი სერვისების მიღებას მარტოხელა დედები, შშმ პირები და სოციალურად დაუცველი ოჯახები იმ შემთხვევაში, თუკი სამოქალაქო საზოგადოებას „რუსული კანონის“ სახით ბორკილებს „დაადებს“ ხელისუფლება? _ ამ აქტუალური თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე:

_ ქალბატონო თეონა, რა შესაძლო საფრთხეებს შეიცავს „რუსული კანონი“ და როგორი სავარაუდო შედეგები მოჰყვება სოციალურ ჭრილში ამ ყველაფერს?

_ ძალიან სავალალო იქნება „რუსული კანონის“ შედეგები სოციალურ ჭრილში. ამ ტოტალური კონტროლის პირობებში, რაც თითქოს გამჭვირვალობის სახელითაა შეფუთული, ასიათასობით ადამიანი დარჩება იმ სერვისებისა და დახმარების გარეშე, რომელსაც იღებდა არასამთავრობო სექტორის მეშვეობით.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველდღურად შრომობენ ქართველი ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ისინი სთავაზობენ მოსახლეობას იმ სერვისებს, რომელსაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს. ისინი ზრუნავენ იმ ადამიანების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესები სახელმწიფოს მხრიდან უგულებელყოფილია. 

_ თქვენი აზრით, რატომ შემოაბრუნა „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონის“ მიღების საკითხი საკანონმდებლო ორგანოში?

_ აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ ეს იმ კანონის მსგავსია, რაც რუსეთმა მიიღო.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოთქვა იმედი, რომ „ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას“.

ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის პერსპექტივა აღარ იქნება. ევროკავშირის ელჩის განცხადებები გასაგები და მკაფიოა, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან… მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს: ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა; ასევე ევროპარლამენტარებმა: ანა ფოტიგამ, ანდრიუს კუბილიუსმა, მირიამ ლექსმანმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა, სვენ მიქსერმა, მარკეტა გრეგოროვამ, ვიოლა ფონ კრამონმა და სხვებმა; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტონტელბერგმა, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა, აშშ-ის ელჩმა სქართველოში, გერმანიის ელჩმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა.

ათობით საერთაშორისო ორგანიზაცია გამოეხმაურა კრიტიკულად საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში „რუსული“ სულისკვეთებით გამსჭვალული კანონპროექტის დაიცინირებას. მათ შორისაა, ჰელსინკის კომისია, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, დემოკრატიის ეროვნული ფონდი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი წარმომადგენლები.

ეს რას ნიშნავს? ეს არის საქართველოს ხელისუფლების საბოტაჟი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ. მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ. უნდათ შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

„უცხოური აგენტის“ ჩანაცვლება „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ რას გვაძლევს? _ არაფერს, გარდა იმისა, რომ მიზანი არ შეცვლილა, მოხდეს სტიგმატიზება, იარლიყების მინიჭება სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ კერძო პირებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ა. შ. რაც, საბოლოოდ ჩაახშობს სიტყვის თავისუფლებას ქვეყანაში, ისევე, როგორც ეს რუსეთში მოხდა.

_ ვინ და როგორ დაიცავს „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში იმ ადამიანების უფლებებს, რომლებსაც ადვოკატისთვის გადასახდელი ფულიც არ გააჩნიათ?

_ ისედაც ჭირს ამ სასამართლო სისტემის პირობებში სამართლის მიღწევა და ამ კანონის მიღების შემდეგ საერთოდ დაუცველი დარჩება მილიონზე მეტი ადამიანი. ეს დეკლარირებულია უკვე, მილიონ ორასი ათასი ადამიანია სოციალური დახმარებების ერთიან ბაზაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. მათ არანაირი რესურსი არ ექნებათ, კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის სერვისი მიიღონ. ქვეყანაში ამ კანონის ამოქმედების შედეგად დამყარდება ტოტალური კონტროლი ყველასა და ყველაფერზე.

მარტოხელა მშობლები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, ახალგაზრდები, მეცნიერები, მშრომელები დაუცველად დარჩებიან მაშინ, როცა მათ დასჭირდებათ სამართლებრივი თუ სხვა კონსულტაცია, როცა მათ სახელმწიფო უსამართლოდ მოექცევა და დასჭირდებათ შესაბამისი სერვისები, ისინი ამას ვეღარ მიიღებენ. დახმარება ასევე შეუწყდებათ ფერმერებს, დევნილ და უსახლკარო ადამიანებს; ფინანსურ დახმარებას გრანტებისა და სტიპენდიების სახით ვეღარ მიიღებენ სტუდენტები განათლების მისაღებად საზღვარგარეთ.

_ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს კანონი მხოლოდ გამჭვირვალობის მოთხოვნა არასამთავრობო სექტორისგან და მეტი არაფერი?

_ „ქართული ოცნების“ მიზანია კრიტიკული აქტორებისა და ფინანსურად დამოუკიდებელი ინსტიტუტების ანტიეროვნულებად შერაცხვა. მათი წარმოდგენილი კანონპროექტი, მისი რუსული ვარიანტის მსგავსად, არის იარაღი ტოტალური კონტროლის დასამყარებლად.

საჭირო და სათანადო გამჭვირვალობა არასამთავრობო სექტორისგან ისედაც სახეზეა და სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს აქვთ წვდომა ამაზე.  მაგალითად, დღესდღეობით არასამთავრობო ორგანიზაციები კონტროლდება შემდეგი კანონებისა თუ ნორმატიული აქტების საფუძველზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კანონი „მეწარმეთა შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონი, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე იუსტიციის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ბრძანებები და სხვა კანონქვემდებარე აქტები.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან საქართველოში არსებობს AIMშ მონაცემთა ბაზა, სადაც ასახულია დონორები, დაფინანსების ტიპები ორგანიზაციების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ და სხვა სახის ინფორმაცია. ეს ბაზა შეიქმნა საქართველოს მთავრობის მიერ და იგი განთავსებულია ვებგვერდზე, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. 

პარალელურად ვიცით, რომ წელს, მაგალითად, საქართველოს მთავრობა გრანტის სახით 130 მილიონ ლარს მიიღებს დონორებისგან, თუმცა მათ ამ კანონით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი არ დაერქმევა, მაგრამ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ სხვა ფიზიკურ პირებს „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყი ექნებათ. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინ არიან ამ „რუსული კანონის“ შემოქმედები და ხმის მიმცემები, მაგალითად: შალვა პაპუაშვილი, რომელიც 17 წელი მუშაობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში, ირაკლი კობახიძე რომელიც ჯამურად 9 წელი მუშაობდა UშAID-სა და UNDP-ში, გივი მიქანაძე, რომელიც ჯამურად 10 წელი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რატი იონათამიშვილი, რომელიც 9 წელი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში და სხვები, რომლებიც თავად ან მათი ოჯახის წევრები ზოგიერთი დღემდეც მუშაობს ასეთ ორგანიზაციებში და ყველა ეს ორგანიზაცია ამ კანონოთ უცხოურ ძალად შეირაცხება. კომიკურია თან ეს ყველაფერი, მაგრამ ტრაგიკული იქნება მისი შედეგები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია უცხო ქვეყნისთვის, ორგანიზაციისთვის დახმარება იმ საქმეში, რაც ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფას. ჰოდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით რაღატომ გვჭირდება ეს კანონი? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, ხალხსა და ქვეყანას ეს კანონი არ სჭირდება.

_ როგორ ხედავთ 2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში არჩევნებს, რომელზედაც არანაირი კონტროლი და დაკვირვება არ და ვერ განხორციელდება „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში?

_ მჯერა და მწამს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, მეორედაც გაიწვიოს თავისი „რუსული კანონი“. მაგრამ თუ მცირე შანსიც არსებობს იმისა, რომ მათ ეს არ გააკეთონ, მაშინ 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხალხი სილას გააწნავს „ქართულ ოცნებას“ და მათ ხელისუფლებაში ყოფნასთან ერთად გააუქმებს მაგ კანონსაც. 

შვილებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის განადგურებას ქართველი ხალხი არ შეარჩენს „ქართულ ოცნებას“. ევროკავშირში გაწევრიანება დღეს ჰაერივით გვჭირდება, რადგან ეს ნიშნავს კეთილდღეობას ჩვენს ქვეყანაში. ევროკავშირში გაწევრიანებიდან 5 წელიწადში პოლონეთში უმუშევრობის დონე თითქმის ორ-ნახევარჯერ, გაწევრიანებიდან დღემდე კი შვიდ-ნახევარჯერ შემცირდა. საქართველოში მოსახლეობის 17,3% უმუშევარია, პოლონეთში კი იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 2,6%-ია. ლიეტუვაში, მაგალითად, ბაღის მასწავლებლის ხელფასი, მინიმუმ, 1400 ევროდან იწყება, როცა საქართველოში 300-400 ლარია.

_ დღეს პენსია საქართველოში ძალიან დაბალია. რას ჰპირდება „სტრატეგია აღმაშენებელი“ პენსიონერებს?

_ მოხუცებულობა, სიბერე, ხანდაზმულობა, პენსიონერობა საქართველოში ასოცირდება სიღარიბესთან, გაჭირვებასთან, არჩევანთან საკვებსა და წამალს შორის. ეს სწორედ იმ პენსიის დამსახურებაა, რომლის ოდენობაც შეურაცხმყოფელია ლარის მსყიდველუნარიანობის, ინფლაციისა და იმ ფასების ფონზე, რაც საქართველოშია. მთავრობა ამაყობს იმით, რომ პენსია საარსებო მინიმუმზე ცოტა მეტია. არადა, საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგია თითქმის 25 წელია, არ შეცვლილა და ის მოძველებული და გადასახედია.

დღეს საარსებო მინიმუმი 250 ლარია. აქედან 70 პროცენტი, ანუ 175 ლარი გათვლილია საკვებზე, ხოლო დანარჩენი 75 ლარი სხვა საჭიროებისთვის: მედიკამენტები, კომუნალურები, ჰიგიენის საშუალებები, ტრანსპორტი, ექიმის კონსულტაცია თუ სხვა და ა. შ. ამას ემატება კიდევ ის, რომ „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან პენსიონერების ძარცვა წლებია, გრძელდება. 354 000-ზე მეტ პენსიონერს, შშმ პირს, დევნილსა და მარჩენალდაკარგულს აქვს სესხი მაღალ პროცენტში „ლიბერთი ბანკში“. ყველაფერთან ერთად, ეს ბანკი იყენებს ამ ადამიანების მოწყვლადობას და წლების განმავლობაში მათი არაინფორმირებული თანხმობების საფუძველზე, სტანდარტული სესხების ნაცვლად გასცემდა ე. წ. ოვერდრაფტებს, რაც გულისხმობდა იმას, რომ წლების განმავლობაში პენსიონერთა მიერ ყოველთვიურად გადახდილი თანხებით იფარებოდა მხოლოდ პროცენტი და სესხის ძირს ერთი ლარიც არ აკლდებოდა! ესეც არ იკმარა „ლიბერთი ბანკმა“ და პანდემიაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა _ პენსიონერებსა და არამარტო, მათი თანხმობის გარეშე, დაუმტკიცა ე. წ. საშეღავათო პერიოდი, რითაც ვითომ შეღავათით ასარგებლა მსესხებლები, სინამდვილეში კი ისინი დაზარალდნენ და 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის ნაცვლად, სესხის საბოლოო გადახდის თარიღი 1-2 წლით გაუგრძელა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად იძლევა პირობას, რომ ეს სესხები გაუნულდებათ ამ ადამიანებს არჩევნების შემდეგ. პენსია კი იქნება ღირსეული და სიბერე აღარ იქნება ასოცირებული გაჭირვებასთან, პენსიონერებს აღარ მოუწევთ არჩევანის გაკეთება საკვებსა და წამალს შორის.

ევროკავშირის ქვეყნებში პენსია საქართველოსთან შედარებით რამდენჯერმე მეტია. მას შემდეგ, რაც სლოვაკეთი ევროკავშირის წევრი გახდა, 6 წელიწადში პენსიები გაორმაგდა. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ესტონეთში სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 წლით გაიზარდა!

_ საკვებ პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება, ათი ათასობით ადამიანი ემიგრაციაში გარბის: მღვდელი, სტუდენტი, მასწავლებელი, ექიმი თუ პატრულის თანამშრომელი. რა ხდება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის თავს?

_ ხელისუფლება თვალს ხუჭავს ძალადობაზე, კორუფციაზე, უკანონობასა და შერჩევით სამართალზე, რომელზეც ხშირად საუბრობს კრიტიკული მედია.

საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს, თითქმის ყოველი მესამე კი ემიგრაციაში წასვლას განიხილავს. საქსტატის მიხედვით, მიგრაციული სალდო თითქმის ყოველ წელს უარყოფითია. ემიგრაციაში, ძირითადად, ახალგაზრდები მიდიან და იქ პროფესიით ძალიან ცოტა მუშაობს, უმეტესად ფიზიკური სამუშაოებზე საქმდებიან. ისინი რომ არა და მათი გზავნილები, საქართველოში კიდევ უფრო მეტი ოჯახი იქნებოდა სიღარიბეში.

_ როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას „ქართულ ოცნებასთან“ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში და სად ხედავთ გამოსავალს? 

_ „რუსული კანონებით“ აღარ ვიცხოვრებთ, წარსული დარჩა წარსულში და რუსეთი საქართველოში ვეღარ მოიკიდებს ფეხს.

„ქართული ოცნება“, როგორც 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონის მიღების მსგავსად, პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობს, ადამიანებს გონება აურიოს. ხალხის ნებას ვერ მოერევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მათ ავიწყდებათ, რომ ხალხთან ომი არ შეიძლება, ეს დაუწერელი კანონია! ხელისუფლება საკუთარ ხალხს არ უნდა ეომოს, რადგან წაგება გარანტირებული ექნება.