თეონა ჭალიძე: „უფასო სასადილოების პროგრამაში“ მონაწილეობის მოლოდინის რეჟიმში 7030 მოქალაქეა

„სამოქალაქო პლატფორმა _ ახალი საქართველო“ „უფასო სასადილოების მომსახურების“ პროგრამით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც თბილისის მცხოვრებლებმა სხვადასხვა სახის ჩივილით მიმართეს. პარტიაში შეისწავლეს მათ მიერ დასახელებული საკითხები და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე გაკეთებულ ანალიზსა და რეკომენდაციებს წარმოგვიდგენენ.

კვლევის ფარგლებში თბილისის მასშტაბით 57-მა ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. ამისთვის სატელეფონო გამოკითხვები, პირისპირ ინტერვიუები, ვიდეო და აუდიო ინტერვიუები განხორციელდა.

„ქრონიკა+“ მიღებულ შედეგებზე „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, თეონა ჭალიძეს ესაუბრება:

_ ბენეფიციართა ნაწილი ღიად პრობლემებზე საუბარს იმის შიშით ერიდება, რომ სოციალური დახმარება მოეხსნებათ, ან სასადილოს ბენეფიციართა სიიდან ამოიღებენ და ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ. რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როცა ბენეფიციარებს პირდაპირ უთხრეს გამგეობის თანამშრომლებმა, რომ ფოტოებში ნახეს „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთ ღონისძიებაზე და ურჩიეს, მსგავს აქტივობებზე აღარ  გამოჩენილიყვნენ. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ადამიანებზე პირდაპირი ან ირიბი ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.

ბენეფიციართა აქტივობის აღსარიცხად მონიტორინგი თბილისში მოქმედ ექვს სასადილოზე განხორციელდა  (გლდანში, ისანში, სამგორში, ჩუღურეთში, ნაძალადევსა და მთაწმინდაზე).

თავდაპირველად, „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამის განხორციელების არსებულ საკანონმდებლო საფუძველზე მოგახსენებთ.

„უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებებს გამგეობები, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 26 ნოემბრის  #1879 ბრძანების საფუძველზე ახორციელებენ. პროგრამის მიხედვით, უფასო კვების სასადილოთი მოსარგებლეთა სიაში შეყვანას ექვემდებარებიან მხოლოდ სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 200000-ს არ აღემატება; მისი რეგისტრაციის ან/და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად მდებარე სასადილოს მიხედვით, აღნიშნული ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „ბენეფიციართა აღრიცხვის საქმის წარმოების ინსტრუქციის“ მე-6 პუნქტის თანახმად, ძირითად ან დამატებით სიაში ადგილების გამოთავისუფლების შემთხვევაში, განმცხადებელთა სიაში შეყვანის საკითხის განხილვის რიგითობა, მათი განცხადების რეგისტრაციის თარიღის მითითებით განისაზღვრება. ადგილების გამოთავისუფლება  შეიძლება მოხდეს ამავე ინსტრუქციის 12-ე პუნქტის შესაბამისად, როდესაც ბენეფიციარი არასაპატიო მიზეზით 10, ან მეტი დღის განმავლობაში არ გამოცხადდება სასადილოში. ასეთ დროს გამგებელი ვალდებულია, ბენეფიციარი ამოიღოს ბენეფიციართა სიიდან.

ამჟამად თბილისში 63 უფასო სასადილო ფუნქციონირებს: აქედან გლდანში _ 9, ჩუღურეთში _ 5, კრწანისში _ 4, სამგორში _ 11, ნაძალადევში _ 10, ვაკეში _ 3, ისანში _ 7, საბურთალოზე _ 5, მთაწმინდაზე _ 5, დიდუბეში _ 4.

2017 წლის მარტის მონაცემებით, 39251 ბენეფიციარი სარგებლობს უფასო სასადილოების მომსახურებით. კერძოდ, ე. წ. ძირითად სიაში გლდანში 6480, ჩუღურეთში 3100, კრწანისში 3380, სამგორში 6088, ნაძალადევში 6980, ვაკეში 1600, ისანში 4800, საბურთალოზე 1815, მთაწმინდაზე 2808, დიდუბეში 2200 ბენეფიციარი.

2017 წლის მარტის მონაცემებით ე. წ. დამატებით სიაში იმყოფება 2308 ბენეფიციარზე მეტი, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ უფასო სასადილოდან საკვებს, თუ ძირითად სიაში მყოფი ბენეფიციარებიდან ვინმე ადგილზე არ გამოცხადდება.

2017 წლის მარტის მონაცემებით, 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის მარტამდე, „უფასო სასადილოების პროგრამაში“ მონაწილეობის მოლოდინის რეჟიმშია 7030 მოქალაქე.

კერძოდ, გლდანში 2300, ჩუღურეთში 603, კრწანისში 48, სამგორში 613, ნაძალადევში 2514, ვაკეში 23, ისანში 889, საბურთალოზე 16, მთაწმინდაზე 24 ბენეფიციარია მოლოდინის რეჟიმში. ხოლო დიდუბეში არც ერთი ბენეფიციარი არაა მოლოდინის რეჟიმში.

უფასო სასადილოებში კვებისთვის გამოყოფილი თანხები 2012-2017 წლებში შემდეგი ცხრილის შესაბამისად მერყეობდა:

წელი: 2012; 2013; 2014; 2015; 2016; 2017.

გეგმური დაფინანსება (ათასი ლ): 6648.6; 8,510.4; 10,495.6; 13,832.6; 14,290.0; 16,905.405.

ბენეფიციართა რაოდენობა: 15,338; 23,224; 27,745; 31,320; 33, 178; 39 251.

ერთ კაცზე დღეში გამოყოფილი თანხა (ლ): 1.188; 1.004; 1.036; 1.210; 1.18; 1.18.

_ რა პრობლემები და მიგნებები გამოიკვეთა კვლევის პროცესში?

_ მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების გამოკვების რიგითობა არ უნდა იყოს დამოკიდებული განცხადების დაწერის „დასწრებაზე“. ვინაიდან ის 7030 პირი, ვინც იმყოფება მომლოდინეთა სარეზერვო სიაში, ისევე აკმაყოფილებს „უფასო სასადილოების მომსახურების პროგრამაში“ ჩართვისთვის აუცილებელ პირობებს, როგორც ის 39251 პირი, რომელიც ძირითად სიაშია. შესაბამისად, ვხედავთ, რომ არათანაბარი ხელმისაწვდომობაა ერთი და იმავე კატეგორიის პირებისთვის აღნიშნულ სოციალურ პროგრამაზე, რაც მათ უფლებებს არღვევს.

გამგეობების ნაწილი (მაგ.: კრწანისის, ვაკის, საბურთალოს რაიონის გამგეობები) მომლოდინეთა სიაში მყოფი ბენეფიციარის დაკმაყოფილების კონკრეტული თარიღის შესახებ ამბობს, რომ „მომლოდინეთა დაკმაყოფილება უმოკლეს ვადაში“ მოხდება.

გამგეობების ნაწილი (მაგ.: ჩუღურეთის, გლდანის რაიონის გამგეობები) კი გვწერს, რომ „პრაქტიკულად, შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს სასადილოებში ბენეფიციართა მონაცვლეობის დინამიკა, რადგან აღნიშნული მრავალ არაპროგნოზირებად ყოფით პრობლემასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას, „განსაზღვროს მომლოდინეთა უფასო კვების სასადილოს მომსახურებით დაკმაყოფილების ზუსტი თარიღი“.

როგორც ვხედავთ, ეს პასუხები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება, რაც „უფასო სასადილოების მომსახურების“ პროგრამის განხორციელების დროს პრაქტიკაში არსებულ არაერთგვაროვან მიდგომებზე მიუთითებს.

ზოგიერთი ბენეფიციარი მხოლოდ იმიტომ არის ძირითად სიაში, რომ დღესასწაულებზე სასაჩუქრე პაკეტები აიღოს, რომლებსაც გამგეობები  სპეციალურად „უფასო სასადილოების მომსახურების“ პროგრამაში მონაწილეებისთვის შეისყიდიან.

კერძოდ, ბენეფიციარები, რომლებიც მხოლოდ პურისთვის მიდიან სასადილოში და, მაგალითად, ორსულიანი ოჯახის წარმომადგენლებს მიაქვთ ნორმის მიხედვით ერთი პური, ამ ერთი პურისთვის მისვლა არ უღირთ, რადგან ფული გზაში ეხარჯებათ და ურჩევნიათ, მხოლოდ დღესასწაულებზე მივიდნენ; მათ მაგივრად კი ხელს აწერენ სასადილოების თანამშრომლები, ან როცა შიგადაშიგ მივლენ, მაშინ აწერინებენ ხელს გაცდენილ გრაფებზეც.

ირღვევა „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სტენდერო პირობები.

კერძოდ, მუხლი 2-ის მეორე და მესამე პუნქტები, სადაც ნათქვამია: „სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საკვების დღიური ულუფების რაოდენობა ბენეფციართა ძირითად სიაზე ნაკლები“ არ უნდა იყოს. და მოსამზადებელი საკვების ულუფების რაოდენობა, კონკრეტულ დღეს საკვების მისაღებად გამოცხადებულ პირთა ოდენობაზე არ არის დამოკიდებული.  მოსამზადებელი საკვების ოდენობა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოცულობით განისაზღვრება.

ბუნდოვანია, რა სიზუსტით ხდება ულუფების გაცემა ყოველდღიურად. „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო პირობების მუხლი 9-ის მესამე პუნქტში ნათქვამია რომ „მიმწოდებელმა საკვები ულუფები უნდა გასცეს გამგეობის მიერ ოფიციალურად გადმოცემული, ბენეფიციართა ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით, რომელიც მოწმდება ელექტრონული აღრიცხვის მეთოდით, ასევე აკინძულ, ზონარგაყრილ და გამგეობის ბეჭდითა და გამგებლის ხელმოწერით დამოწმებულ ჟურნალში.

_ ბენეფიციარებთან უშუალო გასაუბრებისა და ინტერვიუების გზით რა გამოჩნდა?

_ ა) რიგ შემთხვევებში სასადილოების პერსონალი თავად აწერს ხელს იმ ბენეფიციარების ნაცვლად, რომლებიც არ/ვერ დადიან უფასო სასადილოში;

ბ) რიგ შემთხვევებში ელექტრონული აღრიცხვისთვის სპეციალური ბარათები თან არ აქვთ ბენეფიციარებს, მაგრამ საკვების გაცემა მაინც ხდება. ამ შემთხვევაში „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო პირობების მუხლი 9-ის მეხუთე პუნქტი ირღვევა;

გ) რიგ შემთხვევებში საკვების წამოსაღებად მიდიან ბავშვები, რომლებიც არ აწერენ ხელს. „აკინძულ, ზონარგაყრილ და გამგეობის ბეჭდითა და გამგებლის ხელმოწერით დამოწმებულ ჟურნალში“ და თუ აწერენ, ესეც დარღვევაა, რადგან ხელმოწერის უფლება არასრულწლოვანს არ აქვს;

დ) რიგ შემთხვევებში, როცა ბენეფიციარებს სასადილოდან მხოლოდ პური მოაქვთ, არსად და არანაირი აღრიცხვა არ ხდება ამის. ასეთ შემთხვევებში ფიქსირდება, რომ თითქოს ბენეფიციარმა მისთვის განკუთვნილი სრული ულუფა წაიღო. სინამდვილეში კი წაღებული აქვს მხოლოდ პური.

აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები დადგენილ წესს არღვევენ და ულუფების  რაოდენობა  სავალდებულოზე ნაკლები ოდენობით მზადდება.

„უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო პირობების მუხლი 9-ის მეთორმეტე პუნქტში ნათქვამია, რომ „მიმწოდებელმა ყოველი თვის ბოლოსთვის გამგეობას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია იმ ბენეფიციარების შესახებ, რომელსაც გაუწია ფაქტობრივი მომსახურება თვის განმავლობაში“.

როგორც ვხედავთ, „აკინძულ, ზონარგაყრილ და გამგეობის ბეჭდითა და გამგებლის ხელმოწერით დამოწმებულ ჟურნალში“ ხელმოწერების ნამდვილობა დგება ეჭვქვეშ, რადგან ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე სასადილოს თანამშრომლები თავად აწერენ ხელს აღნიშნულ ჟურნალში. მსგავსი შემთხვევები არის კანონდარღვევა და ფაქტების გამოსავლენად საჭიროა „აკინძულ, ზონარგაყრილ და გამგეობის ბეჭდითა და გამგებლის ხელმოწერით დამოწმებულ ჟურნალში“ ხელმოწერების ნამდვილობის ექსპერტიზის ჩატარება.

ბენეფიციარებთან გსაუბრების შემდეგ გამოირკვა, რომ რიგ შემთხვევებში ირღვევა „უფასო სასადილოებით მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო პირობების მუხლი 9-ის მეშვიდე პუნქტი, სადაც ნათქვამია: „კვების პროდუქტების მიწოდების, შენახვისას, საკვების დამზადებისას და გაცემისას დაცული უნდა იყოს სანიტარიული და ჰიგიენური ნორმები, მალფუჭებადი პროდუქტების მიწოდება უნდა მოხდეს ყოველდღიურად, სასადილომ უნდა გამოიყენოს მხოლოდ ახალი და ხარისხიანი პროდუქცია, ბენეფიციარებზე უნდა გაიცეს მიწოდების დღეს დამზადებული სადილი“.

მაგალითად, დაფიქსირდა შემდეგი სახის ფაქტები:

ა) ქათმის ხორცი არის ძალიან მცირე ზომის ნაჭრებად დაჭრილი და დადგენილ ნორმაზე მცირე წონისაა, რიგ შემთხვევებში დარღვეულია მომზადების წესიც „სისხლი სდის“ და ხანდახან წინა ღამეს გამზადების გამო სპეციფიკური სუნი აქვს;

ბ) მაწვნის შეჭამანდსა და ამოლესილ ლობიოს დამატებული აქვს ფქვილი;

გ) წიწიბურის ფანტია ფაფაში ხშირად შემჩნეულია „მცირე უცხო ნაწილაკები, ქვები და სხვა“, კარგად არ არის გარჩეული წიწიბურა მომზადებისას;

დ) კომპოტი და მენიუთი გათვალისწინებული სხვა დასალევი სითხეები არ მზადდება სავალდებულოდ აუცილებელი ოდენობით, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბენეფიციარების უმრავლესობას არ მიაქვს იმის გამო, რომ სიტკბო არ აქვს, წყალივითაა  და ეს იციან „მიმწოდებლებმა“.

თბილისში დაფიქსირებულია სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე 92410 პირი, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს. აქედან 9774 (10,5%) 0-6 წლამდე ბავშვია. ხოლო 6-18 წლამდე ასაკის 21469 ბავშვია (23,2%). ჯამში _ 31243 ბავშვი. უფროსი _ 61167. ანუ თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა 33,8% არის ბავშვი. ეს სტატისტიკა საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საშუალოდ უფასო სასადილოს პროგრამაში მონაწილე ძირითადი სიის ბენეფიციართა მესამედი ბავშვია, რაც დაახლოებით 13266-ს შეადგენს.

ბენეფიციარების გამოკითხვებმა და ინტერვიუებმა აჩვენა, რომ უფასო სასადილოში მომზადებულ საკვებს, ძირითადად, ვერ/არ ჭამენ ბავშვები. მენიუთი გათვალისწინებული და მომზადებული საკვები შეუსაბამოა ბავშვების საკვები საჭიროებებისთვის. შესაბამისად, ბავშვებზე გათვლილი ულუფა ხშირად არ მიაქვთ მშობლებს და მათი სასადილოში ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენს პურის წამოღება.

დამატებით სიაში მყოფთა რიცხვი, საერთო ჯამში, აღემატება დადგენილ 5 პროცენტს. 39251 ძირითად სიაში მყოფი ბენეფიციარის არსებობის პირობებში, დამატებით სიაში შეიძლება იყოს მხოლოდ 1962 ბენეფიციარი. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მხოლოდ 7 გამგეობის მონაცემებით, 2308 ბენეფიციარია დამატებით სიაში, რაც უკვე ნათლად აჩვენებს, რომ 500-მდე პირის ყოფნა დამატებით სიაში, ჯერ ერთი, რომ ეწინააღმდეგება ამ პროგრამის განხორციელების ინსტრუქციას და, მეორეც, ვარაუდი იმისა, რომ ამ ბენეფიციარებს საერთოდ მოუწიოთ საკვების წაღება, საფუძველს მოკლებულია.

აღსანიშნავია, ინსტრუქციით დაშვებულია ის, რომ ყოველდღე შესაძლოა არ მივიდეს სასადილოში ძირითად სიაში მყოფ ბენეფიციართა 5%, მაგრამ ჩვენმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასადილოებში ყოველდღიურად მიდის იმაზე 30%-ით ნაკლები ბენეფიციარი, ვიდრე სიითაა გათვალისწინებული.

მონიტორინგი განხორციელდა ექვს სასადილოში (ისანში, სამგორში, გლდანში, ჩუღურეთში, ნაძალადევსა და მთაწმინდაზე), ბენეფიციართა აქტივობის აღრიცხვის მიზნით. შედეგად მივიღეთ, რომ დღის განმავლობაში სასადილოებში საკვების წამოსაღებად მისული  ბენეფიციარების საგანგაშოდ დაბალი აქტივობაა.

კერძოდ, 50 პროცენტზე მეტი ბენეფიციართა ოჯახის წარმომადგენელი სისტემატურად არ დადის სასადილოში.

_ თქვენი დასკვნა როგორია?

_ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და ჩვენ ხელთ არსებული ფაქტების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს  ობიექტური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მონიტორინგი.

მოვითხოვთ:

  1. დაუყოვნებლივ შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება მერიის შესაბამისი სამსახურის, არასამთავრობო სექტორისა და „სამოქალქო პლატფორმა _ ახალი საქართველოს“ წარმომადგენლებისგან;
  2. დაუყოვნებლივ მოხდეს „აკინძულ, ზონარგაყრილ და გამგეობის ბეჭდითა და გამგებლის ხელმოწერით დამოწმებულ ჟურნალში“ ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარება;
  3. დაუყოვნებლივ მოხდეს სასადილოებში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების შესწავლა რამდენიმე ძირითადი მიზნით:

ა) აღირიცხოს, რეალურად რამდენი ადამიანი დადის სასადილოში და რამდენი ბენეფიციარის ულუფა მიაქვს თან;

ბ) რამდენად არის დაცული საკვების მომზადების დროს წესები;

გ) რეალურად, მზადდება თუ არა იმდენი ულუფა, რამდენი ბენეფიციარიც ირიცხება ძირითად სიაში თითოეული სასადილოსთვის;

დ) დამატებით სიაში მყოფი რამდენი ბენეფიციარი იღებს საკვებს მათთვის განკუთვნილ დროის მონაკვეთში?

  1. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა წარმოადგინონ შესყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შედარდეს, არის თუ არა შესაბამისობაში სატენდერო პირობებით გათვალისწინებული რაოდენობის საკვების მოსამზადებლად?

 

გიორგი მეფარიძე