თეიმურაზ მაგრაქველიძე: „სახეზეა პოლიციისა და პროკურატურის მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაული!“

დედაქალაქში მცხოვრები მეგი თავბერიძე დისკრიმინაციის, მოტყუებისა და ძალადობის მსხვერპლი საკუთარი დეიდაშვილისა და მისი ოჯახის მხრიდან გახდა. ამ ოჯახის ორი წევრი პოლიციის თანამშრომელია. ქალბატონი, რომელსაც ნათესავებმა სახლი გაუყიდეს და ქუჩაში დატოვეს, სამართალდამცველ ორგანოებში სამართალს ვერ პოულობს, რადგან პოლიციელს საკუთარი კოლეგები მფარველობენ.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება _ მეგი თავბერიძე:

_ კანდელაკის ქუჩის #8-ში ვცხოვრობდი. 2011 წლის თებერვალში დედა გარდამეცვალა, სამი თვის შემდეგ კი, _ ავადმყოფი მამა, აქედან გამომდინარე, ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი. ჩემ გარშემო არავინ იყო, საკუთარი ოჯახი არ მყავს და მშობლებთან ვცხოვრობდი. ისე ცუდად გავხდი, რომ საწოლს მივეჯაჭვე, მხოლოდ ჩემი დეიდაშვილი _ გიორგი გიგაშვილი მაკითხავდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, სრულიად მარტო ვიყავი. ჩემმა დეიდაშვილმა მირჩია, ბინა გამეყიდა და იმ სახლიდან წავსულიყავი. ამაზე ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა, იმდენად, რომ იგი სახლიდან გაიქცა. დეპრესია იმდენად ღრმა იყო, იმის ნაცვლად, ფსიქოლოგთან მივეყვანე (თვითონ ამას ვერ გავაკეთებდი, ფეხზე დგომა არ შემეძლო), გადაწყვიტა, ამ სტრესიდან გამოვეყვანე და საკუთარი ინიციატივით რაღაც აბები მომიტანა, მერე გავიგე, რომ „დიაზეპამი“, რომელმაც საერთოდ გამთიშა. დაახლოებით ორი თვის შემდეგ, როდესაც ჩემმა მეგობრებმა მნახეს, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი, დაურეკეს და უთხრეს, _ ერთადერთი უახლოესი ნათესავი ხარ და მიხედე, ადამიანი კვდებაო. მართლაც, მოვიდა და მითხრა, _ შენთვის ცუდი ხომ არ მინდა, რაღაც მოვიფიქროთ, ხომ გითხარი, რომ ბინა უნდა გაყიდოო. იმდენად ახლო დეიდაშვილი იყო, ჩვენს ოჯახში გაიზარდა, თავისი ცოლ-შვილით სულ ჩვენთან იყო, შეიძლებოდა, ერთი თვით მასთან ვყოფილიყავი და თან მემკურნალა. მართლაც გადამიყვანა დიღმის მასივში მასთან სახლში, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ჩემი მკურნალობა დიდი ხანი გასტანდა. არც ფსიქოლოგთან მიმიყვანეს და მისმა მეუღლემ, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია, მითხრა, _ ასე როდემდე უნდა იყო, ბინა გაყიდეო. დავთანხმდი, _ მაგრამ საარსებო საშუალებად ერთი ოთახი მიყიდეთ, გავაქირავებ და სამკურნალო თანხა მაინც მექნება-მეთქი. ეს ყველაფერი ზეპირად იყო ნათქვამი. როდესაც ბინა გაიყიდა, მყიდველსაც კი ვთხოვე, _ თანხა ჩემს ანგარიშზე დადეთ-მეთქი. არ ვიცი, რამ განაპირობა, მაგრამ ყველაფერი ჩემი მოტყუებისკენ იყო მიმართული, რომელიც მართლაც შესანიშნავად გამოუვიდათ. მყიდველმა უარი მითხრა, _ გიასთან შევთანხმდითო. თითქოს, გია იყო იმ სახლის მფლობელი. ჯერ კიდევ ეიფორიაში ვიყავი, მოგეხსენებათ, ღრმა დეპრესიას ხანგრძლივად თუ არ უმკურნალე და ფსიქოლოგი არ დაგეხმარა, ასე იოლად არ გაივლის, თან როდესაც ამდენი აბი გაქვს მიღებული „დიაზეპამის“ სახით. მაჩერებს გიას შვილი _ მიშა გიგაშვილი და მეუბნება, _ ნუ გეშინია, მეგი, ყველაფერი კარგად იქნებაო. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. გადავედი გიას ოჯახში საცხოვრებლად, ბინის თანხა 80 000 დოლარი მან აიღო. ვთხოვე, _ გია, ხომ იცი, რომ მე ერთი ოთახის ყიდვა მჭირდება-მეთქი. _ რა ერთი ოთახიო?! _ მიპასუხა ხმამაღალი და ცუდი ტონით. _ საარსებოდ 20 000 დოლარი მაინც არ მეკუთვნის-მეთქი? _ შენ ვინ გეკითხება, ახლა მე ვარ უკვე მბრძანებელიო. ამას ესწრებოდა მისი მეუღლე, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ახლა გარდაცვლილია. ფულმა ადამიანი გადააგვარა, 80 000 დოლარს საჩუქრად ვინ მოგცემს?! დასარტყმელად გამოიწია, ისედაც სტრესულ მდგომარეობაში ვარ, წნევამ ამიწია და ვხვდები, რომ ძალიან ცუდად ვარ, გია სახლიდან გაიქცა და მეუღლესთან დამტოვა. მე თვითონ გავიზომე წნევა და ვეუბნები, _ მარინა, ძალიან ცუდად ვარ, 220 მაქვს-მეთქი. მიპასუხა, _ რა ვქნა, არაფერი მეხერხებაო. მაშინ მივხვდი, რომ ცოლ-ქმარი და შვილი შეთანხმებულები იყვნენ! სასწრაფო ვერ გამოვიძახე და მეზობელთან გავიქეცი, 90 წლის მოხუცი ქალია, მითხრა, _ მეგი, ახლავე წადი პოლიციაში და განაცხადეო. მაგრამ როგორც ჩემი დეიდაშვილი, ჩემთან ერთად გაზრდილი ერთადერთი ადამიანი, დავინდე, ვიფიქრე, _ გონს მოვა და რაღაცას მოიმოქმედებს-მეთქი. სანამ ჩემი დეიდაშვილი სახლში დაბრუნდებოდა, მისმა ცოლმა რუსულად მითხრა, _ გაგვშიფრეო! ზოგადად, ჩემს დეიდაშვილს პათოლოგიური სიმთვრალე აქვს და ვერ იგებს, რას აკეთებს. ჩემი ფული მშენებარე ბინაში ჩადეს, თავიანთი ბინაც გაყიდეს და 10 000 დოლარი დარჩა. ეს თანხა მაინც შეიტანეთ-მეთქი ჩემს სახელზე. უარი მითხრა, _ გავაპროცენტებ და მოგცემო. ამაზე თანახმა არ ვიყავი, რადგან გაპროცენტება ცუდი ფორმაა და რადგანაც ცოლი ჰყავდა ავად, აქაც გამომიყენა, 2-3 თვე მომცა 150 დოლარი და მერე მოიგონა, თთქოს ვისაც ეს თანხა მისცა, ის ადამიანი დაიკარგა. თან ვერ დაელაპარაკები, კაცი შეტევაზე გადმოდის, თავიდან ხელს თუ არ დაგატყამს, ყველანაირ უცენზურო სიტყვას გაკადრებს.

_ თქვენთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მოუყენებია?

_ დიახ, ერთხელაც დამარტყა, მაშინაც იმავე მეზობელთან გავიქევი და იმ ქალბატონს რომ ვუთხარი, მირჩია, _ ახლა მაინც განაცხადე პოლიციაშიო. აქაც შეცდომა დავუშვი და დავინდე, რადგან მისი შვილი ჩაერია _ მიშა, რომელიც პოლიციაში მუშაობს. მიშას მეუღლეც პოლიციის თანამშრომელია, ახალგაზრდები არიან და ვიფიქრე, იქნებ, გია გონს მოეყვანათ. შემდეგ ახალ სახლში გადავედით, სადაც ძალიან მავიწროებდნენ. ელემენტარულად, ტელევიზორი რომ დამიზიანდა და შეკეთება ვთხოვე, ყურად არ იღეს. 20 ლარი მჭირდებოდა წამლებისთვის, გული დამიავადდა, ექიმის კონტროლის ქვეშ ვიყავი, არ გაიმეტეს, რომ მოეცათ. დღესაც გიორგი გიგაშვილის სახელზეა გაფორმებული ბინა, თანამესაკუთრეობაზე უარი მითხრა და პენსიის დანიშვნის დრო რომ მოვიდა, ერთი თვე მომიწია ხვეწნა, რომ ბინაში ჩაწერის უფლება მოეცა, რათა პენსია მაინც არ დამკარგვოდა. 20 ლარი არც მამამ, არც შვილმა და არც რძალმა არ გაიმეტა. უკვე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდიოდა, მორალურთან და ეკონომიკურთან ერთად. ბოლოს სახლის კარი ურდულით დამიკეტეს, გია თან მეჩხუბება, _ რატომ მოხვედიო?! ნასვამი იყო, სიტყვიერი შეურაცხოფიდან ხელით შეხებაზე გადმოვიდა, მივხვდი, რომ უკვე ძალიან ცუდად იყო საქმე, მეორე დილას დავტოვე სახლი და მამაჩემის მეგობრის ოჯახში გადავედი, სადაც სამი თვე ვიცხოვრე.

_ რას ფიქრობთ, რატომ გექცეოდნენ ასე?

_ მათთვის ზედმეტი ვიყავი, რაც სურდათ, მიიღეს და რაღაში ვჭირდებოდი?! ერთი სული ჰქონდათ, მოვმკვდარიყავი, ფიქრობდნენ, იქნებ, თავი მაინც მომეკლა. უგულებელმყოფდნენ, არც მკითხულობდნენ, არც ვაინტერესებდი. მამაჩემის მეგობრის რჩევით, როდესაც უკან დავბრუნდი, არავის არაფერი უკითხავს, უკვე შანტაჟზე გადავიდნენ. რძალი და გია დამეგობრებულები დამხვდნენ, არადა, ვერ იტანდა. მეორე დილით გია ოთახში შემოდის და მეუბნება, _ შენ, რა, მოხვედიო? ვუპასუხე, _ არ ვარსებობ-მეთქი?! საშიშროება რომ ვიგრძენი, კარი ჩავკეტე და ერთი კვირა არ გამოვსულვარ. 2016 წლის 8 დეკემბერია, 22:00 საათი, გია სახლში ხმაურით შემოვიდა. მივხვდი, ნასვამი იყო, ჩემი ოთახის კარი დაკეტილი რომ დახვდა, თავისი გასაღებით გააღო, შემოვარდა, სრულიად უსაფუძვლოდ გადმომათრია საწოლიდან, შემოვიდა მისი რძალი და ხმას არ იღებს. საწოლიდან გადმოვვარდი, გიამ გულზე ფეხი ორჯერ დამარტყა, მახსოვს, ერთი წამით სრულიად დავკარგე გონება, მაგრამ მერე ძალა მოვიკრიბე და დავიყვირე, _ მიშველეთ-მეთქი. ბავშვი შემოვარდა და ეუბნება, _ პაპა, მეგი არ მოკლაო! ამ სიტყვებმაც კი ვერ გამოაფხიზლა! გია გაბოროტებული სახით უყურებს რძალს, _ მე მგონი, გადარჩაო. რომ გადმომათრია, თითი მომტყდა, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რადგან ტკივილს მთელ სხეულში ვგრძნობდი, სულ დაჟეჟილი და გაშავებული ვიყავი, რაც ოთახში იყო, ყველაფერი დაამსხვრია, რძალს ეუბნება, _ გაწმინდე, პოლიცია რომ მოვიდეს, სუფთა იყოს, მთავარია, ახლა ძალადობა არ შემტენონო. ჩემთან ბავშვი შემოვიდა, 5 წლისაა და მეუბნება, _ მეგი, დედამ მომატყუა, სასწრაფოში არ დარეკა და ტელეფონზე მამას ელაპარაკებაო (ანუ მიშა გიგაშვილს, რომელიც მაშინ ლანჩხუთის პოლიციაში იყო მივლინებული). მივხვდი, რომ აქ დირექტივებს მიშა იძლევა! მან განაპირობა ეს ყველაფერი, რომ როგორმე მოვეშორებინე, გამოიყენა თავისი მეუღლე, მამის პათოლოგური სიმთვრალე. რძალი ჩემთან შემოვიდა და ცივი ხმით მეუბნება, _ მეგი, თუ ძალიან ცუდად ხარ, სასწრაფოში ვერ დავრეკავ, გიასი მეშინია! ავდექი და მე თვითონ დავრეკე სასწრაფოში. უკუზარები განხორციელდა, რომ სასწრაფო დახმარება ზუსტად მოსულიყო მისამართზე, მაგრამ ისე ცუდად გავხდი, ვეღარ ვპასუხობდი. სასწრაფო და პოლიცია ერთდროულად მოვიდა, ზარს რომ რეკდნენ, კარი არც ერთმა გაუღო. როგორც იყო, მივედი კარამდე, ექიმმა მკითხა, _ ქალბატონო, რა დაგემართათო? რძალი ეუბნება, _ კარგად იყო და რატომ უნდა გამომეძახებინა სასწრაფოო? ამ დროს ადამიანს აღარ ვგავარ. _ ქალბატონო, ეს კარგად არისო?! _ ეკითხება ექიმი. გაოცებულები დარჩნენ, ეს რა ხალხში მოხვედრილხართო. ამ დროს თითიც ჩამომეკიდა და მივხვდი, რომ მოტეხილი მქონდა. პოლიცია მეკითხება, _ რას ითხოვთ, დავკითხოთ ბატონი გიორგიო? ვპასუხობ, _ რა თქმა უნდა-მეთქი! წავიყვანოთო? _ კიდევ კითხულობენ, ვპასუხობ, _ რა თქმა უნდა-მეთქი! სასწრაფო დახმარებას მივყავარ და რძალმა მომაძახა, _ მეგი, არ გრცხვენია, რას აკეთებო?! პასუხის თავიც არ მქონდა, სასწრაფოს თანამშრომლები მოუბრუნდნენ და უთხრეს, _ ქალბატონო, ეს თქვენ უნდა გრცხვენოდეთო! ღამის პირველი საათი იყო, საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, ყველანაირად დამეხმარნენ და მითხრეს, _ მინიმუმ, 2-3 საათი მაინც უნდა გაჩერდეთო, მაგრამ პოლიციის თანამშრომლები აძალებდნენ, _ დაკითხვაზე უნდა წავიყვანოთო. საპატრულო პოლიციის მანქანაში რომ ჩავჯექი, ვკითხე, _ მქონდა თუ არა უფლება, რომ ადვოკატი მყოლოდა თან. პასუხად მივიღე, რომ საპატრულოში ამის უფლება არ მქონდა და მერე ვნახოთო… თუმცა მაშინვე დავრეკე ადვოკატთან და დახმარება ვთხოვე.

 

თეიმურაზ მაგრაქველიძე _ მეგი თავბერიძის ადვოკატი:

_ როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მეგი თავბერიძემ დამირეკა, ვკითხე, სად იმყოფებოდა. მითხრა, რომ ადვოკატის აყვანის უფლებას საპატრულო პოლიცია არ მაძლევსო. ეს საქმე ეკუთვნის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციას. მეგი ვინახულე, ავიღეთ დოკუმენტები, რომ მას ფიზიკური ტრავმები ჰქონდა მიყენებული, რომელიც ექსპერტიზას ვაჩვენე. ექსპერტიზამ თქვა, _ ეს ტრავმები არის ხანგრძლივი ჯანმრთელობის მოშლით, ნაკლებად მძიმე დაზიანებაო. ჩავატარეთ სამედიცინო ექსპერტიზა, ეს ყველაფერი სურათებით დააფიქსირეს, სხეულის სხვადასხვა ნაწილში იყო სისხლნაჟღეთი ჭრილობები, მოტეხილობა და მრავალი სახის დაზიანება, რომელზედაც ექსპერტმა დასკვნა გასცა. სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული 3-წლიანი მუხლით, ჩადენილი გია გიგაშვილის მიერ თავისსავე ოჯახში. 4-5 თვეზე მეტია, რაც ეს საქმე მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში შევიტანე, ასევე შევიტანე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ვინაიდან ამ საქმეში ფიგურირებდა გია გიგაშვილის ვაჟი _ მიხეილ გიგაშვილი, რომელიც გახლავთ პოლიციის მუშაკი და დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, გურიის რეგიონის პოლიციაში მუშაობს. ასევე რძალიც გახლავთ პოლიციის თუ უშიშროების თანამშრომელი, დაზუსტებით არ ვიცი, რომლებიც ამ საქმეს ბლოკავენ და მეგი თავბერიძის გადმოცემით ვიცი, რომ სწორედ მათ გაიმეტეს სასიკვდილოდ, მოატყუეს, წაართვეს, სახლ-კარი 80 000 დოლარად გაუყიდეს, რაც უტყუარად დადასტურდება გამოძიებაში. როდესაც საქმე გენერალურ ინსპექციაში შევიტანე, იქ აღვნიშნე, რომ გამოძიება დაეწყოთ, ადამიანი სტრესულ მდგომარეობაში იყო და საკუთარ დეიდაშვილს დაეყრდნო, მათ კი გაიმეტეს. საქმის მასალებით ეს ყველაფერი უტყუარად არის დადგენილი, არც ერთოთახიანი ბინა უყიდეს, გარკვეული პერიოდი თავიანთ სახლში გააჩერეს, შემდეგ კი მის გამოგდებას ცდილობდნენ. ჩემი დაცვვის ქვეშ მყოფს უამრავჯერ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ბევრს ითმენდა, მაგრამ როდესაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო და, შესაბამისად, აქედან გახდა ცნობილი ეს ფაქტი პოლიციისთვის. ეს არის გაზრახ დანაშაული მამისა და შვილის მხრიდან! აქვე გეტყვით, რომ მეგი თავბერიძის მამა იყო სამხედრო პირი, პოლკოვნიკი, მას ჰქონდა საკუთრებაში სახელმწიფოს მიერ მინდობილი ცეცხლსასრლი იარაღი, პისტოლეტი, რომელიც მიშა გიგაშვილმა მიითვისა. ალბათ, სამსახურებრივ საქმიანობაში იყენებს და არ გამოვრიცხავ, იმ იარაღით დანაშაულიც კი ჰქონდეს ჩადენილი! ამის შესახებ განვაცხადე, ქვემდებარეობით დააწერეს საბურთალოს პოლიციას, პროკურორი გახლავთ ბატონი მინაშვილი, მას რამდენჯერმე შევხვდი და ვთხოვე, თავბერიძე დაზარალებულად მაინც ეცნოთ, რომ სამართლებრივი მოქმედებები დამეწყო და როგორმე დამეცვა ქუჩაში დარჩენილი განწირული ადამიანი. ბატონი მინაშვილი სიტყვიერად დამპირდა, მაგრამ არაფერი გააკეთა, მხოლოდ და მხოლოდ, აცხადებდა, რომ ბევრი საქმე ჰქონდა და ამისთვისაც მოიცლიდა. რაც შეეხება ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებას, იქ ორი გოგონა იძიებდა ამ საქმეს, ფორმალურად მივდიოდით, აშკარად ეტყობოდათ, რომ ისინი იცავდნენ თავიანთ კოლეგას _ მიშა გიგაშვილს და მის მეუღლეს! სახეზე ეწერათ ყველაფერი! აქედან გამომდინარე, დღეს საქმე გვაქვს პოლიციელის მხრიდან ჩადენილ დანაშაულთან, რომელსაც ხელს აფარებენ მისი კოლეგები. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, არ გავჩერდებით და ამის შესახებ ყველა ინსტანციას ვაცნობებთ. სახეზე გვაქვს პოლიციისა და პროკურატურის მიერ ჩადენილი აშკარა სამოხელეო დანაშაული, რომელიც კვალიფიცირდება უფლებამოსილების გადამეტებით, საქმის არაჯეროვნად შესრულებით, მიკერძოებით. დამნაშავე პირების არმიცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში გახლავთ მძიმე მუხლი. ეს ჩადენილია პროკურორ მინაშვილისა და პოლიციის განყოფილების მუშაკების მიერ. ისინი გენერალური ინსპექციიდან მიღებულ მითითებებსაც კი არ ასრულებენ. ბატონ ჭოხონელიძესთან შევიტანეთ, მათ მიუთითეს, რომ გამოძიება დაეწყოთ, მაგრამ დღეს აბსოლუტური უმოქმედობაა. ასეთი თანამშრომლები მხოლოდ კი არ უნდა მოხსნან თანამდებობიდან, პასუხისგებაში უნდა მისცენ, აი, მაშინ ეშველება ხალხს და, ზოგადად, ქვეყანას! რასაც ვამბობ, პასუხისმგებელი ვარ, ექსპერტიზის დასკვნა არსებობს და ხმამაღლა ვაცახდებ, რომ ჩადენილია დანაშაული პროკურორისა და გამომძიებლის მიერ. გამომძიებელი ხელს იშვერს პროკურორისკენ, პროკურორი ამბობს, საქმეები მაქვს და ვერ ვიცლიო. ეს რას ნიშნავს, უნდა გაირკვეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს! უნდა დაისაჯონ! ეს არის ჩვენი მოთხოვნა!

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კითხვით უნდა მიგვემართა შსს-ს საჯარო ინფორმაციის გაცემის სამსახურისთვის. მათ მივმართეთ, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

 

თამარ ბატიაშვილი