თბილისიდან მთაში გახიზნული ხელისუფლება – როგორ გადაიქცა კონსტიტუციის საჯარო განხილვა ფარულ შეხვედრებად?

თბილისში განცდილი მარცხის შემდეგ „ქართული ოცნება“ დედაქალაქიდან გაიქცა. გაქცევის გარდა სხვას ვერაფერს დაარქმევ იმას, რაც კონსტიტუციის საჯარო განხილვის ბოლოს მოხდა. ბოლოს იმიტომ, რომ პარლამენტის მიერ კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის გრაფიკი მხოლოდ 5-დან 15 მაისამდე იყო გაწერილი.

მიუხედავად იმისა, რომ კანონით ამას ერთთვიანი განხილვა ჰქვია, ხელისუფლებამ იცოდა რა, რომ ეს პროცესი მათთვის არასასიამოვნო იქნებოდა, გადაწყვიტა, ერთთვიანი პროცესი ათ დღეში ჩაეტია.

ასე თუ ისე, ეს საყოველთაო განხილვა 15 მაისს უნდა დასრულებულიყო და დასრულებულიყო თბილისის ფილარმონიაში შეხვედრით. არავითარი კიდევ ათი რაიონი გათვალისწინებული არ ყოფილა. მაღალ მთაში გახიზვნა ხელისუფლებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ფილარმონიის სცენიდან კუდამოძუებული გაქცევა მოუწია. „ოცნების“ ამ სერიოზულ კრახს კი თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა.

თავდაპირველად პროცესები ზუსტად ისე ვითარდებოდა, როგორც მანამდე ყველა სხვა ქალაქში. შეხვედრამდე ორი საათით ადრე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია ადმინისტრაციული რესურსით გაივსო. განსაკუთრებული მობილიზება ჰქონდათ გამოცხადებული ძველი თბილისის, კრწანისის, დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკის გამგეობებს. საჯარო მოხელეები მობილიზებული ჰყავდათ საბურთალოდანაც. მოკლედ, თბილისის მერიამ თავი არ დაზოგა და პოლიტიკურ ბოსებს 2000-კაციანი აქტივი პირნათლად დაახვედრა ფილარმონიაში.

რა დასამალია და ოპოზიციური აქტივობაც აშკარად შეიმჩნეოდა. ძირითადად, არასაპარლამენტო ფლანგი ჩანდა. განსხვავებული ხედვების მქონე არასამთავრო სექტორის წარმომადგენლებსაც ხშირად შეხვდებოდით. გაიღო თუ არა ფილარმონიის კარი, ათ წუთში დარბაზი შევსებული იყო. სკამებზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლების აქტივი განთავსდა, ხოლო ის, ვინც კონსტიტუციური ცვლილებებით უკმაყოფილო იყო, ფეხზე დარჩა. თუმცა ამას მათთვის ხელი არ შეუშლია, საკუთარი აზრი ხმამაღლა გამოეხატა. პირველი უკმაყოფილების ტალღამ დარბაზს მაშინ გადაუარა, როცა სცენაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია გამოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ მისი პერსონით გამოწვეული უკმაყოფილება შეხვედრის ბოლომდე არ განელებულა. უკმაყოფილოთა რიგებში თავიდანვე გამოირჩეოდა ახალგაზრდების გუნდი, რომელსაც, ძირითადად, სოციალური ლოზუნგები ქონდა.

ის, რაც მოხდა შემდეგ, კლასიკური მაგალითი იყო იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როცა ხელისუფლებას მართვის სადავეები გაურბის და როცა ცეცხლში ნავთს უმატებს. ეს ცეცხლისა და ნავთის ამბავი, ძირითადად, პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარეს ეხება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თბილისის შეხვედრაც ისე წარემართა, როგორც რეგიონებში. ანუ ჯერ სამი საათი კოჰაბიტირებულ პოლიტიკურ ძალებს უნდა გამოელაყებინათ აუდიტორია და შემდგომ მიეცათ დარბაზში მყოფი ადამიანებისთვის კითხვის დასმის საშუალება. თუმცა დაიწყო თუ არა ირაკლი კობახიძემ თავისი დაზეპირებული მონოლოგი, მაშინვე გაირკვა, რომ კონსტიტუციით უკმაყოფილო ოპოზიცია მის მშვიდად მოსმენას არ აპირებდა. დარბაზში ატყდა გუგუნი, ისმოდა შეძახილები მიწის გაყიდვის აკრძალვასთან, უსამართლო საარჩევნო სისტემის მიუღებლობასთან, შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით და ა. შ. ყველაზე ხშირად კი ისმოდა სიტყვები „კონსტიტუცია ყარს“.

შეხვედრის დაწყებიდან პირველსავე წუთებში ნათელი გახდა, რომ კობახიძისთვის სასურველი სცენარით შეხვედრა არ წარიმართებოდა. თან საპროტესტოდ განწყობილი სამასამდე ადამიანი იმდენად აქტიური აღმოჩნდა, რომ 2000-კაციანმა ადმინისტრაციულმა აქტივმაც კი ვერაფერი მოუხერხა. სიმართლე უნდა ითქვას და ამ ორი ათას კაცსაც ძალიან უჭირდა, რაიმე საწინააღმდეგო ეთქვა ან მიწის გაყიდვის აკრძალვასთან, ანდა სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით.

მართალია, ვითარება თავიდანვე დაიძაბა, მაგრამ მისი განმუხტვის საშუალება ნამდვილად იყო. ცოტა მეტი პოლიტიკური გამოცდილება და პარლამენტის თავმჯდომარე მიხვდებოდა, რომ შეხვედრა მონოლოგის რეჟიმიდან სასწრაფოდ კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გადაეყვანა. მას უნდა მიეცა საშუალება ადამიანებისთვის, თავისი სათქმელი ეთქვათ, თავიანთი პოზიცია გამოეხატათ, რაოდენ მწვავე და ხელისუფლებისთვის მიუღებელიც არ უნდა ყოფილიყო ის. კობახიძეს უნდა დაენახა, რომ ხალხი ფილარმონიაში მის მოსასმენად კი არა, თვიანთი სატკივრის ხელისუფლებისთვის სათქმელად მივიდა.  გამოუცდელი თავმჯდომარე არათუ ვერ მიხვდა, რა უნდა ექნა, ისიც კი ვერ გათვალა, რა უნდა ეთქვა. დარბაზის დამშვიდების ნაცვლად, ის თავად გამოვიდა წყობილებიდან და ცეცხლზე ნავთის დასხმა დაიწყო. ყველა ის ადამიანი, რომელიც მშრომელების დაცვის მექანიზმებსა და მათდამი სოლიდარობაზე საუბრობდა, კობახიძემ კომუნისტებად და ბოლშევიკებად შერაცხა, ხოლო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქართული მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების აკრძალვას ითხოვდა, რუსეთუმეები უწოდა. თუ რატომაა სოლიდარობა ბოლშევიზმის სინონიმი, ხოლო ქართული მიწების დაცვა პრორუსულობა, კობახიძეს არ დაუკონკრეტებია. თუმცა კითხვა ჯერ კიდევ ღიაა და პარლამენტის თავმჯდომარეს მასზე პასუხის გაცემა, ადრე თუ გვიან, მოუწევს.

სამაგიეროდ ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რას ნიშნავს, მისი გაგებით ქართული მიწების გაყიდვის გზით სიარული. პარლამენტის თავმჯდომარემ ამას ილიას გზით სიარული უწოდა.  როგორც ჩანს, ახალბედა პოლიტიკოსს დაავიწყდა, რისთვის შექმნა ილია ჭავჭავაძემ, თავის თანამოაზრეებთან ერთად, საადგილმამულო ბანკი. დაავიწყდა, როგორ მოუწოდებდა ის ერს, რომ ხიზნებზე, ანუ უცხოელებზე მიწის გაყიდვა არ შეიძლებოდა, ხოლო ის მიწები, რომლებიც უკვე დაგირავებული და გასასხვისებლად გამზადებული იყო, სწორედ ამ ბანკის მეშვეობით უბრუნდებოდა ქართველ მფლობელს. თუმცა ანერვიულებული კობახიძე უკვე საერთოდ ვეღარ აკონტროლებდა იმას, რასაც ამბობდა, მას ისე აერია ყველაფერი ერთმანეთში, რომ ილია ჭავჭავაძე, ქართული მიწების გაყიდვის გარდა, კიდევ რამე სისულელეში რომ დაედანაშაულებინა, ალბათ, აღარავის გაუკვირდებოდა. შეურაცხყოფილი დარბაზი გაჩერებას აღარ აპირებდა და რომ არა „ოცნებისტების“ ოპერატიული გადაწყვეტილება, სასწრაფოდ გასცლოდენ იქაურობას, „კომუნისტებს“,  „ბოლშევიკებსა“ და „რუსეთუმეებს“, შესაძლოა, სცენაც კი დაეკავებინათ. ხელისუფლების გაქცევამ ვითარება განმუხტა. შეხლა-შემოხლა არ მოხდა და ყველაფერი მშვიდად დასრულდა, მაგრამ არავითარი გარანტია იმისა, რომ ეს ყოველივე არ განმეორდება და არ განმეორდება გაცილებით დიდი მასშტაბით, არ არსებობს. „ქართული ოცნება“ დაჟინებით აგრძელებს თავის ერთპარტიულ ინტერესზე მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებების ლობირებას და ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის შეურაცხყოფას.

ერთი სიტყვით, თბილისმა აჩვენა, რომ საპროტესტო მუხტმა ქვეყანაში გაიღვიძა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ესაა ეროვნული მუხტი, ეროვნული ფასეულობების დაცვის იდეით გაჯერებული მუხტი. არადა, 2012-ში ვინ წარმოიდგენდა, რომ ხელისუფლებაში მოდიოდნენ არა ტრადიციულ ღირებულებებზე ორიენტირებული კონსერვატორები, არამედ პირწავარდნილი ლიბერალები, რომელთათვისაც ქართული მიწის დაცვა რუსეთუმეობაა, ხოლო მშრომელი ადამიანის მიმართ სოლიდარობა _  ბოლშევიზმი.

თბილისში ჩავარდნილი შეხვედრით „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვას, ბუნებრივია, ვერ დაასრულებდა. ასეთ ნოტზე დამთავრება, ზოგადად, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წარუმატებლად დამთავრებას ნიშნავდა. ამიტომაც ერთადერთი, რაც თავის გადასარჩენად მოიფიქრეს, კვლავ რეგიონებში დაბრუნებაა. თან, რაც შეიძლება, მაღლა მთაში ასვლა და შეკრებების იქ გამართვა გადაწყვიტეს. თითქოს თბილისიდან გაქცევა არ იყო საკმარისი და სრული კონსპირაციისთვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საჯარო შეხვედრების ტრანსლირება შეეწყვიტა. ანუ საჯარო განხილვები საჯაროობის გარეშე. თბილისელებისგან გაქცეული და მთელ ქვეყანას დამალული „ოცნება“ თავის აქტივისტებთან, აგერ უკვე, კვირაზე მეტია, შეხვედრებს ატარებს, რომლის შესახებაც კაციშვილმა არაფერი იცის. არასდროს საჯარო განხილვა საქართველოში ასეთი დაფარული და კონსპირაციული არ ყოფილა.

ხელისუფლებას თბილისში დაბრუნება მაინც მოუწევს და იცის რა, რომ „ოცნებაში“ მეორე ფილარმონიას ბიძინა ივანიშვილი მათ აღარ აპატიებს, კონსპირაციული გეგმა დედაქალაქთან დაკავშირებითაც მოიფიქრეს. ოპოზიციისგან და, ზოგადად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისგან თავის დასაცავად გადაწყდა, თბილისში, ერთი დიდი შეხვედრის მაგივრად, რამდენიმე პატარ-პატარა შეხვედრის ჩატარება, თან ერთდროულად. ამდენ პატარა შეხვედრაზე, თან, ერთდროულად, ვერც ოპოზიციონერები მოასწრებენ მისვლას და ვერც _ ტელევიზიები, ამიტომ ჩაშლის საშიშროებაც ნაკლებია. აღარც კობახიძეს გაუსკდება გული „ბოლშევიკების“ დანახვაზე და არც „ოცნებას“ მოეჭრება თავი საქვეყნოდ. საკონსტიტუციო ცვლილებებსაც ჩაარიხინებენ და ივანიშვილსაც უპატაკებენ, ყველაფერი ჩვენს თავზე მოვირგეთო…(!) მაგრამ ნუთუ ასეთი მიამიტი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ფიქრობს, რომ მთელი ქართველი ერი ცხვრის ფარაა?.. ან ცარიელი ქვევრი, რომელსაც რასაც გინდა ჩასძახებ და ისიც მხოლოდ იმას ამოგძახებს?..  საოცარია, პირდაპირ, როგორი ამნეზია სცოდნია ხელისუფლებაში მოსვლას. საკუთარი ქვეყნის უახლესი ისტორია გავიწყდება, თურმე, პირველ რიგში…(!)

ხელისუფლება, რომელსაც თავისი ინიციატივების საზოგადოებისგან დამალვა სჭირდება, უკვე ძალიან ცუდ დღეშია. ეს მდგომარეობა კი უშუალოდ ახალგაზრდა პარლამენტის თავმჯდომარის  პასუხისმგებლობაა. საკონსტიტუციო ცვლილებები კობახიძის პირველი მნიშვნელოვანი პროექტი იყო. მან, როგორც კონსტიტუციონალისტმა,  თავის თავზე აიღო ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომელიც „ქართულ ოცნებაზეც“ იქნებოდა მორგებული და, იმავდროულად, წინგადადგმულ ნაბიჯადაც ჩაითვლებოდა. ამისთვის, პირველ რიგში, საარჩევნო სისტემის ცვლილება გახლდათ საჭირო. ხელისუფლებისთვის უკვე შეუძლებელი იყო მუდმივად თავის მართლების მდგომარეობაში ყოფნა იმის გამო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საარჩევნო სისტემა არ შეცვალა, თავის თავზე მოირგო „ნაცების“ მიერ შექმნილი მჟორიტარობა და უსამართლოდ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ხელისუფლებისთვის ეს იმდენად მტკივნეული აქილევსის ქუსლი გამოდგა, რომ ოპოზიციის მუდმივ თავდასხმებზე „ოცნებაში“ პასუხის გაცემასაც კი ვერ ახერხებდნენ. ან რა პასუხი უნდა გაეცა, ვინც რამდენიმე წლის წინათ, ოპოზიციაში ყოფნის დროს, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავდა საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით? შიმშილობის მე-16 დღეს ცოცხალ-მკვდრები გამოჰყავდათ კარვებიდან და ძალით გადაჰყავდათ საავადმყოფოში. პატრიარქს ემუდარებოდნენ, მოდით, გვიშველეთ, სეფისკვერი ჩაგვიდეთ პირში, რომ როგორმე მოვრჩეთ ამ შიმშილობას და არ დავიხოცოთო. ბუნებრივია, ასეთი წარსულის შემდეგ ძნელია აუხსნა ხალხს, რატომ გადაგიბრუნდა ტვინი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, რატომ გახდი მაშინვე მაჟორიტარული სისტემის მომხრე და რატომ აღმოჩნდა სააკაშვილის დრაკონული საარჩევნო სისტემა შენი სამაგადო წიგნი?! „ქართულმა ოცნებამ“ ამ სამარცხვინო დამღით ოთხი წელი განვლო. ძალიან შეაწუხა სინდისმა-მეთქი, რომ ვთქვათ, არა… „ნაცების“ დროინდელი საარჩევნო სისტემით და იმდროინდელი საარჩევნო სიებით, რომელსაც ასევე უნდობლობას უცხადებდნენ 2012-ში, „ოცნების“ ხელისუფლებამ სამი საყოველთაო არჩევნები ჩაატარა: საპრეზიდენტო, ადგილობრივი და საპარლამენტო.

სრული ძალაუფლების ხელში ჩაგდების, განსაკუთრებით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, „ოცნებაში“ გადაწყვიტეს, დემოკრატიულობანა ითამაშონ. აი, აქ გახდა საჭირო ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტის, შარშან პოლიტიკაში მოსული და უკვე პარლამენტის თავმჯდომარედ ქცეული, ირაკლი კობახიძის სამართალმცოდნეობითი გენია. მრავალნატანჯი კონსტიტუციის გაკეთილშობილება მას დაევალა, ან თავად დაივალა. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც იანვრიდან საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო, მთელი საპარლამენტო უმრავლესობის ძალაუფლება ერთ ადამიანს ჩაბარდა. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაცია, თითქოს, სადღაც გაქრა. ყველაფრის გამხმოვანებელი და ყველაფერზე პასუხის გამცემი მხოლოდ ირაკლი კობახიძე იყო. ისე ჩანდა, რომ საკონსტიტუციო თემატიკას სხვას არავის ანდობდნენ.

კობახიძის მიზანი, როგორც აღვნიშნეთ, საარჩევნო სისტემის ცვლილება იყო, მაგრამ ეს არც ისე იოლი საქმე გახლდათ, რადგან სამართლიანი საარჩევნო სისტემის პირობებში, ყველა და, მათ შორის, ხელისუფლებაც ხვდება, რომ „ოცნების“ ერთპარტიულ მმართველობას პირველსავე არჩევნებზე მოეღება ბოლო.

„ნაცების“ საარჩევნო სისტემა, მაჟორიტარების მეშვეობით, დაუმსახურებელი მანდატების მოპოვების საშუალებას იძლეოდა. სწორედ ამ სისტემის შენარჩუნებით მოახერხა „ოცნებამ“ 2014 წელს ჯერ ადგილობრივ არჩევნებზე, თბილისში, 44%-იანი მხარდაჭერით 78% დეპუტატების შეყვანა საკრებულოში.  საპარლამენტოზე კი 2016-ში მხოლოდ 48%-იანი მხარდაჭერით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება შეძლო. რომ არა ეს სისტემა, „ოცნებას“ ძალაუფლების მთლიანად საკუთარ ხელში მოხვეჭა არ გამოუვიდოდა, საჭირო გახდებოდა მისი გადანაწილება, რაც ერთი პარტიის ჰეგემონიას გამორიცხავდა. სამაგიეროდ, ქვეყანას დემოკრატიული განვითარების გზით წაიყვანდა. სამწუხაროდ, როგორც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას  გაირკვა, პროცესების დემოკრატიული განვითარება „ქართული ოცნების“ გეგმებში არ შედის. ამიტომაც საჭირო გახდა ერთი უსამართლო საარჩევნო სისტემის მეორით ჩანაცვლება, რაც გააკეთა კიდეც ირაკლი კობახიძემ. თუ აქამდე დაუმსახურებელ უმრავლესობას  ხელისუფლება მაჟორიტარების მეშვეობით აგროვებდა, ახალი სისტემით ეს გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასულისთვის მიკუთვნებით მოხდება. ხოლო იმისთვის, რომ ასეთი გადაუნაწილებელი მანდატი რაც შეიძლება მეტი დარჩეს, 5%-იანი ბარიერი რაც შეიძლება ნაკლებმა პარტიამ უნდა გადალახოს. ამისთვის იდეალური საშუალება საარჩევო ბლოკების აკრძალვაა. პარტიები ვეღარ მოახერხებენ გაერთიანებას, შესაბამისად, ვეღარ მოახერხებენ გაძლიერებას და იძულებული ხდებიან, საკუთარი მწირი შესაძლებლობებით ებრძოლონ ამოუწურავი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის მქონე ხელისუფლებას. ალბათ, ყველას კარგად ესმის, რომ ასეთი „კონკურენციის“ პირობებში 5%-იან ბარიერს მხოლოდ ხელისუფლება გადალახავს და მისი ის სატელიტი, რომელიც ხელისუფლებას ყველაზე მეტად აწყობს პარლამენტში, როგორც ოპოზიცია. ორპარტიული პარლამენტი კი, თავისთავად, გადაუნაწილებელი მანდატების უზარმაზარ რაოდენობას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადაუნაწილებელი დარჩა 62%, რაც დღეს იქნებოდა 93 მანდატი; 1999 წელს დარჩა მანდატების 27%, რაც პირველ ადგილზე გასულს მიაკუთვნებდა დაუმსახურებელ 40 მანდატს; 2004 წელს დარჩა 26%, რაც 39 მანდატს ნიშნავს; 2016 წელს კი გადაუნაწილებელი დარჩა 20%, რაც 30 მანდატი იქნებოდა.

შედეგად ვიღებთ, რომ სამი კომპონენტის ერთობით, ანუ გადაუნაწილებელი მანდატებით, ბლოკების გაუქმებითა და ბარიერის არდაწევით (ცნობისთვის: სამივე ერთად მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს) ხელისუფლება იმაზე უფრო მეტს აღწევს, რასაც აღწევდა „ნაცების“ საარჩევნო სისტემის პირობებში. და არ დაიჯეროთ, რომ ამ სისტემით შეუძლებელია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. მარტივად წარმოიდგინეთ, რომ პარლამეტში ბარიერი გადალახა მხოლოდ ორმა პარტიამ. პირველ ადგილზე გასულმა „ქოცებმა“ აიღეს ხმების 40%, მათმა სასურველმა ოპოზიციამ კი _ 20%. როგორ ფიქრობთ, რა შედეგი დადგება?.. რა და „ოცნება“ თავისი მიღებული პროცენტებით მიიღებს 60 მანდატს, ხოლო ოპოზიცია _ 30 მანდატს. გადასანაწილებელი დარჩება კიდევ 40%, ანუ კიდევ 60 მანდატი, რომელიც ასევე პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა ბონუსად. შედეგად, „ოცნებას“ პარლამენტში ეყოლება 120 დეპუტატი, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისზე მეტია, ხოლო ოპოზიციას ეყოლება 30 დეპუტატი.

ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც მუდმივად მეორე პლანზე რჩება ხოლმე: ხელისუფლება დემოკრატიის დიდ მიღწევად ასაღებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო აღარ იქნება ხელისუფლების ნებართვა, დეპუტატთა მხოლოდ 1/3 და კომისიაც შეიქმნება. რა თქმა უნდა, ის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა აღარ სჭირდება, ერთმნიშვნელოვნად კარგია, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიცია პარლამენტში მესამედით, ანუ 50 დეპუტატით წარმოდგენილი ვერასდროს იქნება. აი, გადაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად რომ გადანაწილდეს, მაშინ ამის შანსი იარსებებდა. ასე რომ, მკვდრადშობილი ნორმით თავის მოწონება არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია.

დავუბრუნდეთ საკონსტიტუციო განხილვებს თბილისში ჩავარდნილი შეხვედრის შემდეგ, სადაც ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა ქართული მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის კონსტიტუციით აკრძალვა იყო. ამ მოთხოვნის საყოველთაობის გამო „ოცნებაში“, როგორც ჩანს, სერიოზულად შეფუცხუნდნენ. ეტყობა,  იმდენად სერიოზული წნეხი იგრძნეს, რომ სახელისუფლებო ხერხემლის დაზიანების შეეშინდათ. სანამ საჯარო განხილვები საჯარო იყო და ყველა თვალს ადევნებდა პირდაპირ ტრანსლაციას, შესანიშნავად ჩანდა, რომ არა მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ ხელისუფლების მიერ შეხვედრებზე მობილიზებული ადამიანებიც კი კატეგოტრიულად აყენებდნენ მიწის საკითხს. ერთ ადამიანსაც კი არ უთქვამს, რომ მიწა გავყიდოთ უცხოელებზეო. არც ის უთქვამს ვინმეს, ორგანული კანონით დავარეგულიროთ მიწის გასხვისების პირობებიო. მთელი ქვეყნის პოზიცია, მცირედი გამონაკლისის გარდა, არის ის, რომ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი არ შეიძლება სამუდამო მფლობელობაში გადაეცეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

საზოგადოებრი აზრის ასეთი პრინციპულობის გამო, ხელისუფლებაში გადაწყვიტეს, შეერბილებინათ პოზიციები და წინა კვირას ძალიან ბუნდოვანი დაპირება გაახმოვანეს იმის შესახებ, რომ კონსტიტუციაში მიწასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს გავაკეთებთო. თუმცა არავინ იცის, რამდენად არსობრივი და საგნობრივი იქნება ეს განმარტებები. წარმოდგენილ პროექტში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მიწა არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი რესურსი და მორჩა. არავითარი აკრძალვა და არავითარი რეგულაცია მისი დაცვისთვის იქ არ წერია. არ დაგიმალავთ და დიდი ეჭვი მაქვს, ახალი განმარტებებიც მხოლოდ პატრიოტული ფრაზეოლოგიით შემოიფარგლება და არავითარი კონკრეტული აკრძალვა იქ არ იქნება. ეს ეჭვი კი, მერწმუნეთ, ჰაერიდან არ მომსვლია. თუ წინა კვირას პრესაში გამოქვეყნებულ, თვით ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გადავხედავთ მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, ძნელია, ასეთ ეჭვებს გვერდი აუარო. ქვეყნის კულუარული მმართველი დაუფარავად და გულწრფელად გვამცნობს თავის დამოკიდებულებას მიწის გაყვიდვასთან დაკავშირებით. იგი ცდილობს, თვალი აგვიხილოს ეროვნული ფასეულობებით „დაბრმავებულ“ თანამოქალაქეებს და გვიხსნის, რაოდენ მომგებიანი არის ყველაფრის გაყიდვა, მათ შორის, მიწის. როდესაც ხედავ, რომ ქვეყნის პარლამენტისა და მთავრობის მფლობელი ადამიანი ასეთ სუპერლიბერალურ პოზიციებზე დგას, ძნელია დაიჯერო რომელიღაცა პარლამენტარის მტკიცება იმის შესახებ, რომ ნუ გეშინიათ, ხალხო, ქართულ მიწებს არაფერი დაემუქრებაო. როგორც ამბობენ, „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო“. ეს ბოლო კი სოფლის მეურნეობის მინისტრია, რომელმაც თავისი თანაპარტიელების მცდელობას, ხალხის გული მოეგოთ და ქართული მიწის დამცველებად წარმოჩენილიყვნენ, ცივი წყალი გდაასხა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ღიად განაცხადა, თუ რას აპირებს მთავრობა მიწებთან დაკავშირებით.

მაშ, ასე! _ მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განგვიცხადა, რომ  უცხოელებზე მიწის მიყიდვის ტოტალური აკრძალვა არ მოხდება! მისი თქმით, საქართველოს მთავრობას უკვე მომზადებულიც კი ჰქონია  კანონპროექტი, რომლითაც  უცხოელებზე მიწის გასხვისების შემთხვევებია გაწერილი.

დღევანდელი სოფლის მეურნეობის მინისტრის ეს ინფორმაცია კიდევ უფრო შეავსო და გასაგები გახადა ყოფილმა მინისტრმა, დღეს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ. მან ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, ღიად გვითხრა, რომ მიწის უცხოელებზე გასხვისება მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა უცხოელი ინვესტორები წარმოადგენენ დიდ ინვესტიციას. ანუ რაც უფრო მეტი ქართული მიწის შეძენას მოინდომებს უცხოელი, მით უფრო ხელსაყრელ პირობას შეუქმნის მას ქართული კანონმდებლობა.

ვერაფერს იტყვი… ამას ჰქვია ქართული მიწის დაცვა?!. მგონი, გასაგებად ავხსენი, რატომ მაქვს სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ის, რასაც სრულიად საქართველო, ერი და ბერი ითხოვს, ამ ხელისუფლების პირობებში არ მოხდება. პირიქით, კატასტროფას ვიხილავთ და საქართველოში არაბული სოფლების სოკოებივით აღმოცენება მალე შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკუთრებაში არმიცემა იოლია, რადგან მთელი მსოფლიო ამას აკეთებს და არავინ დაგვიქნევს თითს, რატომ არ ყიდით მიწებსო. მაგრამ უკვე გასხვისებული ქონების უკან დაბრუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან კერძო საკუთრებას იგივე მსოფლიო კბილებით იცავს და ასეთი სურვილის შემთხვევაში, თითს კი არა, მუშტსაც დაგვიბრახუნებენ და შეიძლება, წამოგვითაქონ კიდეც.

როგორ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ ხელისუფლების მოქმედი თუ კულუარული წარმომადგენლები, საზოგადოებას დიდხანს ვერ მოატყუებენ. რამდენიც არ უნდა დაემალოს ხელისუფლება ხალხს და კულისებში განიხილოს ცვლილებები, კონსტიტუციაში ჩუმად მაინც ვერ ჩაწერენ. ბოლოს და ბოლოს, მაისიდან კონსტიტუცია პარლამენტში შევა და ყველა ნათლად დაინახავს, ვინ იცავს და ვინ _ არა ქართულ მიწას; როგორ საარჩევნო სისტემას ვამკვიდრებთ ქვეყანაში და რაც მთავარია, შესანიშნავად გამოჩნდება, თუ რა გზით მოუწევს ქვეყანას უახლოეს მომავალში სიარული, _ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების გზით, თუ კვლავ რადიკალური და რევოლუციური გზით? ჯერჯერობით მხოლოდ ჩიხისკენ მივექანებით, ჩიხი კი დაპირისპირებას და კონფრონტაციას ნიშნავს.

 

დემნა ვეშაპიძე