ზურაბ ოდილავაძე: „ადამიანები რა გოთვერნებიც იყვნენ, თავის უმრავლესობაში, ისეთივე გოთვერნები დარჩებიან…“

„იერარქები წუთიერი იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ ფინანსური წარმატების მისაღწევად, დარტყმის ქვეშ, თვით ჩვენს საამაყო წარსულს _ ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიულ ღერძს _ მართლმადიდებლობას აყენებენ“, _ აცხადებს მწერალი და პუბლიცისტი ზურაბ ოდილავაძე „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში და 2017 წელზე საუბრისას ამბობს, _ როდესაც არაფერი ხდება, დროის შეგრძნებაც ქრება.
_ მოგესალმები, მიილია 2017 წელი, როგორ ფიქრობ, რა იყო ამ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი პირადად, შენთვის, როგორც მწერლისთვის და რას გამოყოფდი ქვეყნის _ სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანს?
_ დავიწყებ ზოგადით _ რა იყო მნიშვნელოვანი ქვეყნისა და ხალხისთვის… არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ მორიგმა უღიმღამო წელიწადმა ფანტომივით ჩაგვიქროლა…
თითქოს პირიქით უნდა იყოს _ მონოტონური არსებობა უნდა იწელებოდეს. ასეც ხდება, ოღონდ დროის მოკლე მონაკვეთში, შემდეგ კი, რომ არ გაგიჟდე, ტვინის დაცვითი რეაქცია ირთვება, დრო ჯერ ჩქარდება, შემდეგ კი საერთოდ ქრება. აი, ისე, როგორც ციხეში _ საკნის მონოტონურობამ რომ არ გაგსრისოს, მოსჯილი ვადა შეუმჩნევლად გარბის. როგორც ჩანს, ადამიანის გონი დროს მოვლენების მიხედვით აფიქსირებს და როდესაც არაფერი ხდება, დროის შეგრძნებაც ქრება. დრო ვიღაცამ მოიტაცა, ის აღარც არსებობს. მოკლედ, ამ წელმაც ჩაგვიქროლა, ქვეყანაში ჩამოწოლილი სევდა და სასოწარკვეთა კი დარჩა.
პირადად, წლები ველოდე, სანამ ქართული დემოკრატიისა და თანასწორობის ქალღმერთი ჩემთვისაც მოიცლიდა… და, აი, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, გამოიცა ჩემი „ქართველების ექვსი ვნება“… მაგრამ დაიბეჭდა მხოლოდ ნახევარი წიგნი და ამიტომ მას ფოლიანტის დიადი დასახელება _ „პირველი ნაწილი“ – მიენიჭა. არადა, გულის ჯიბეში ჩასადები ბლოკნოტის ზომისაა… ისე, საერთოდ, საქართველოს გარდა, სადმე თუ გსმენიათ, ნახევარი წიგნის გამოცემა?.. ეს მხოლოდ ჩვენში შეიძლება მოხდეს _ ქვეყანაში, რომელშიც არაფერი ხდება… ცუდის გარდა, რა თქმა უნდა…
_ დამეთანხმე, რომ საკმაოდ არაორდინალური ადამიანი ხარ. შენს ფეისბუკგვერდს რომ შეხედავს ადამიანი და შენს ნაშრომებსაც გადაავლებს თვალს, პირველი კითხვა, რაც შესაძლოა თავში ამოგიტივტივდეს, არის, – ამ კაცს ოდესმე სძინავს?
_ დიახ, მე 24 საათის განმავლობაში, დღედაღამ ვწერ და მხოლოდ დროდადრო მძინავს _ სხვას არაფერს ვაკეთებ. თითოეული წიგნის გამოცემას, დადებითი პასუხის შემთხვევაშიც კი, წლები ველოდები და ამიტომ მკითხველთან ურთიერთობისთვის მხოლოდ „ფეისბუქიღა“ მრჩება. მინდა, ყოველ დილით ადამიანებს რაღაც საინტერესო დავახვედრო და ამით სიხარული მივანიჭო. ოფიციოზის ალყაში მოქცეულს სხვა გზა არც მაქვს.
_ პენსიონერი ექიმი და ექსმედავითნე. პენსიონერი გასაგებია, მაგრამ ექს რატომ? ანუ რატომ განერიდე ეკლესიას, არასაკმარისი რწმენის გამო?
_ პენსიონერი არ ვარ, ყოფილი ექიმი კი ვარ, დისერტაციის დაცვის შემდეგ მედიცინას თავი დავანებე.
_ პენსიონერი მეტაფორად გამოვიყენე…
_ ეკლესიაში 7 წელი მედავითნე ვიყავი, მათ შორის, გერგეტის სამებაშიც.
როდესაც ადამიანი საკუთარი ცხოვრების დინებას გადახედავს, ადვილად აღმოაჩენს მტკიცე განზრახვას _ თითქოს ის ხიფათებითა და წინაღობებით სავსე ბილიკზე ვიღაცის უხილავ ხელს მიჰყავდა…
თუ საკუთარ თავთან გულწრფელი ვიქნები, უნდა ვაღიარო, რომ მეც ის გზა გავიარე, რომელიც ვიღაცის განზრახვით საჭირო იყო, მე გამევლო, რათა „ჭკუა მესწავლა“, დაშვებული შეცდომები აღარ გამემეორებინა, ერთი შეხედვით, გამოუვალი ჩიხიდან გამოვსულიყავი და გარკვეული წარმატებისთვისაც მიმეღწია… უფრო ზუსტად კი _ რადაც არ უნდა დამჯდომოდა, წესიერების გზისკენ გადავხრილიყავი.
ასე რომ, ჩემთვის ცხადზე ცხადია: ჩვენს ბედ-იღბალს ადამიანისთვის მიუწვდომელი სიბრძნით ერთი „კანონმდებელი“ წარმართავს.
ბოლოს ასე ვიტყვი: მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, რომელიც თავად ავირჩიე, მე ვხედავ, რაოდენ დიდი გარჯა მოუწია მას, რომ მე სამშვიდობოს გავეყვანე. ამიტომ მიყვარს ის და მოვალეც ვარ, მისდამი მადლიერება გამოვხატო. მადლობა მას, რომ მიუხედავად უამრავი ტკივილისა, ჩემში შური და ბოღმა არ ჩაასახლა.
_ ხშირად მომისმენია გამოთქმა: ღმერთი მწამს და მღვდელი _ არა. როგორ ფიქრობ, საიდან გაჩნდა ეს მოსაზრება და შენი აზრით, რას ნიშნავს? შენ რისი გწამს?
_ სამწუხაროდ, დღევანდელი სასულიერო პირებისა და მრევლის დიდი უმრავლესობის სულისკვეთება საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას ემსახურება.
მიწიერმა კერპებმა ზეციური ღმერთების ფუნქცია შეითავსეს და ყოვლისმცოდნე არსებებად იქცნენ, რომლებიც აქვე, დედამიწაზე, არიგებენ ზეციური სასუფევლის საგზურებს, ან სჯიან მთელ ერებს!
ეს იერარქები წუთიერი იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ ფინანსური წარმატების მისაღწევად, დარტყმის ქვეშ, თვით ჩვენს საამაყო წარსულს _ ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიულ ღერძს _ მართლმადიდებლობას აყენებენ.
„მუდამ მართალ მორწმუნეებსაც“ წესად ექცათ, აგრესიულად ამტკიცონ საკუთარი უპირატესობა. „ქურუმების“ კვალდაკვალ მხოლოდ მათ იციან ჭეშმარიტება, თითქოს მეტნი არიან რაღაცით შენზე და პრივილეგირებულთა კლასს _ ღვთაებრივ საიდუმლოს ნაზიარებ კასტას წარმოადგენენ… ხოლო ჩვენ, დანარჩენი _ „უგუნურნი“, „უვიცნი“ და „ამორალურნი“ ვართ. ასე ადვილად, უშრომლად, მეტანიებითა და ლოცვებით, განათლებისა და კითხვის გვერდის ავლით, სიყვარულისა და მოყვასისთვის თავგანწირვის გარეშე, გახდნენ ისინი უპირატესნი. სწორედ ეს აღმატებულობის განცდა „ათრობს“ ამ ადამიანებს. ყოვლისმცოდნეობით „მთვრალი“ მორწმუნეები კი აგრესიულნი ხდებიან.
მოკლედ, როდესაც ყოველივე ამას ადამიანი გააცნობიერებს, ის ეკლესიის წინააღმდეგ იმუნიტეტს იძენს და მას ვერავითარი ქადაგება ეკლესიის წიაღში ვეღარ დააბრუნებს. ეკლესიაში შვიდწლიანი მედავითნეობის შემდეგ მეც იგივე შემემთხვა და წლები დამჭირდა, რათა ურწმუნოების იარები მომეშუშებინა და რწმენა დამებრუნებინა. ასე იყო ეს ამბავი და მე ის აღვწერე რომანში „ნიუ-ბაბილონელი მეთოჯინეები“.
_ ისე, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე უნდა გკითხო აუცილებლად. გვყავს იდუმალი მოსაყდრე, როგორც ირკვევა, გვყოლია პროდასავლელი ეპისკოპოსებიც და ხომ ისედაც ვიცოდით, რომ გვყავდა პრორუსი მღვდელმთავრები. ამ განლაგებაში პროქართული ეპისკოპოსებისა და სასულიერი პირების დეფიციტი იგრძნობა. როგორ ფიქრობ, საით მიდის ქართული ეკლესია და როგორი იქნება მისი მომავალი?
_ პოსტსაბჭოურ საქართველოში, ადამიანთა ცნობიერების გამო, წარმოიშვა ის რეალობა, რომელშიც სარწმუნოებამ არა მხოლოდ ჩაანაცვლა კომუნისტური იდეოლოგია, არამედ თვით იქცა ტოტალიტარულ იდეოლოგიად. ამ თავისთავად მეტად არასასურველ ფაქტს ისიც დაემატა, რომ მოძღვრები დაკავებულნი არიან რუსული მტრის ხატების შექმნით. შედეგად, დღევანდელი ქართული მართლმადიდებლობა წარმოადგენს რუსული იდეოლოგიური მანქანის გაგრძელებას, რაც დამღუპველია ქართული სახელმწიფოსა და ეროვნული ცნობიერებისთვის.
საით მიდის ქართული ეკლესია და როგორი იქნება მისი მომავალი? დანამდვილებით ვიცი, რომ ეკლესიაში არიან ჯანსაღი, პატრიოტულად განწყობილი და განათლებული მოძღვრები, რაც იმედისმომცემია, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს…
_ აუცილებლად უნდა გკითხო შობაზე: როდის უნდა აღვნიშნავდეთ შობას, _ 25 დეკმებერს თუ 7 იანვარს?
_ ზედმეტი თეოლოგიური წიაღსვლების გარეშე გიპასუხებ: ყველასთვის ხომ ცხადია _ ეს იგივე რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების გაგრძელებაა. ქართველებმა შობა უნდა აღვნიშნოთ 25 დეკემბერს, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახალ წელს მარხვა, როდესაც ყველა, მათ შორის, მემარხულეებიც, ზეიმობენ და ერთობიან _ არაბუნებრივია, ხელოვნური და მას ფარისევლობის ელფერი დაჰკრავს.
_ პოლიტიკასაც შევეხოთ: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას თავდაუზოგავად აკრიტიკებ, „ნაციონალი“ არ ხარ. რა გრჯის, რატომ არ ისვენებ? არს ჯობია, მიჰყვე დინებას და ბევრი შენი კოლეგასავით იცხოვროთ ფუფუნებაში შენ, შენმა ოჯახმა, ახლობლებმა და თვით შენმა ძაღლმა, რომლის სახელიც დამავიწყდა?
_ დავიწყებ ბოლოდან: ჩემი წარმოსახვითი მეგობრისა და თანამოსაუბრე ძაღლის სახელია _ დემო. ის სინამდვილეში არ არსებობს და მას ნაწერებში, როგოც მონათესავე სულის სახეს, ისე ვიყენებ.
ახლა კი დინებაზე მიყოლას რაც შეეხება: უსამართლობასთან ან თანამშრომლობ, ან ებრძვი, მესამე გზა არ არსებობს. დუმილი ან „ობიექტური“ ჩურჩული _ იგივე თანამშრომლობაა, რაც ყველა ხელისუფლებას დემოკრატიისა და თავისუფლების ფასადის წარმოსაჩენად, პირიქით, აწყობს.
მე იდეალისტი ვარ და ჩემი იდეალია წესიერება და სიმართლე. მე არ ვარ ჭაბუკი, რომ ადამიანების უეცარი გაუმჯობესების მჯეროდეს და დარწმუნებული ვიყო, რომ სიკეთისკენ შევცვლი სამყაროს _ არა, ადამიანები რა გოთვერნებიც იყვნენ, თავის უმრავლესობაში, ისეთივე გოთვერნები დარჩებიან… მაგრამ იდეალიზმი სწორედ იდეალურისადმი ლტოლვაა, წესიერებისა და სიკეთის მიუწვდომელი იდეისადმი სწრაფვა და… ცოდნა იმისა, რომ იდეალი აღუსრულებელია, მიუღწევადი.
იდეალიზმი თავგანწირვისთვის მუდმივ მზადყოფნას გულისმხობს – უბრალოდ, ისე, არაფრისთვის, მხოლოდ სიკეთისა და სიმართლისთვის _ ჯამში კი ღმერთის იდეისადმი, ანუ იდეალურისადმი რწმენის გამო. იდეალიზმი როგორც რწმენა, ისეა. სწორედ ამიტომაა ის დაუმარცხებელი.
„სახაზინო“ კოლეგებს რაც შეეხება… როგორც ერთი ამბობს: „კარის მწერალს“ არ შეუძლია, პატიოსნად იმუშაოს, ის მოვალეა, იყოს ნაძირალა _ ეს მნიშვნელოვანი ესთეტიკური მომენტია.
_ ისე, მართლა, რას ერჩი ხელისუფლებას?
_ ზემოთ ვთქვი, პრინციპია ასეთი ფუნდამენტური _ ბოროტებასთან ხელი- ხელჩაკიდებული სიარული არ შეიძლება.
თუ ყოველივეს დღევანდელი დღის ჭრილში განვიხილავ, უკვე აშაკარად ჩანს: სახელმწიფოს მართავს ერთი საბჭოური მენტალობის ფეოდალი და მისი სუს-ი, ხოლო ხელისუფლება ჩაფლულია კორუფციაში, პოლიციაც ისევ თავნებობს, სასამართლო კი დუმს…
აი, ამის გამო მიმაჩნია ეს ხელისუფლება უზნეოდ და მასთან რაიმე სახის თანამშრომლობას გამოვრიცხავ. ასე ვაპირებ გავაგრძელო მომავალშიც.
_ აი, წარმოვიდგინე, რომ სადღაც, რომელიღაც გადაჭედილ დაბაზში, მიკროფონთან მიდის წამყვანი და აცხადებს: „სცენაზე ვიწვევ მწერალსა და პუბლიცისტს, ქართული ინტელიგენციის ღირსეულ წარმომადგენელს, ზურაბ ოდილავაძეს“. და გაგრძელება: დგები შენ და ამ წამყვანს ლამის დედას აგინებ ტექსტით: ვინ არის ინტელიგენციის წარმომადგენელი?. ვინც გიცნობთ, ვიცინით, ვინც არა, გაკვირვებულები არიან. და აქაც გკითხავ, – რას ერჩი „ღირსეულ ქართულ ინტელიგენციას“?
_ უფ, ამ კითხვით ძალიან გამახარე! მოდი, ჯერ შემდეგი სიტუაცია წარმოვიდგინოთ: ლიტერატურულ პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონიაა და მე გამარჯვებულად გამომაცხადეს… გამოგიტყდები _ ეს ჩემი სანუკვარი და ყველაზე დიდი ოცნებაა და, აი, რატომ…
ავდივარ სცენაზე, ვიღიმი და ვიწყებ:
„მეგობრებო, დიდი მადლობა! ნება მომეცით, ერთი ძველი ამბავი გავიხსენო…
ერთხელ წამალი ჩამიდეს, სამმართველოში „უფროსთან“ მიმიყვანეს. ვიღაც პოლკოვნიკია _ სახე აქვს დალაგებული, ვითომ სოლიდური, უწესიერესი კაცია და ნახეთ, რა შემომთავაზა: „ბატონო ჩემო, ჩვენ ყველაფერი ვიცით!.. თქვენი ნებაა, რაღა თქმა უნდა, მაგრამ სჯობს, ნარკორეალიზატორი აგვაყვანინოთ და ამის შემდეგ თქვენ სახლში წაბრძანდებით“. გვერდზე ვინც წამალი ჩამიდო, ის მიდგას და ყურში ჩამჩურჩულებს: „დათანხმდი, შე ჩემა, ერთად წავიდეთ, შეხვალ, იყიდი, დავიჭერთ, წამალიც ერთად ვიჩხიროთ, მეტი კაი სიტყვა რა გინდა?“
პაუზა გავაკეთე და გმირული პათოსით დავუშვი: „არა, ბატონო ჩემო, არა! მე ჩემს კეთილდღეობას სხვის უბედურებაზე ვერ ავაგებ!.. შეიძლება, წაბოზება ძალიანაც მაწყობდეს, მინდოდეს კიდეც, მაგრამ ამის უფლებას სინდისი არაფრით მომცემს!..“
„სცემეთ, ამის დედას შ…იო, გაბერეთ ცემაშიო! “ _ დუჟისყრით იბღავლა გალანტურმა პოლკოვნიკმა და „ფორმიანი ბიჭებიც“ გულმოდგინედ შეუდგნენ საქმეს…
ახლა პატივცემულო საზოგადოებავ, ბატონებო და ქალბატონებო, რატომ მოვყევი ეს ამბავი… მთელი ცხოვრება თქვენ გებრძოდით, ახლა კი თქვენი ხელიდან ჯილდო უნდა მივიღო… ე. ი. ჩემს პრიციპებს უნდა ვუღალატო, რაც იგივეა, რომ „წავიბოზო“…
ჰოდა, რისი თქმა მინდა, იცით, შეიძლება, წაბოზება ძალიანაც მაწყობდეს, არც პრემიის 4 ათასი ლარი მაწყენს, მაგრამ ამის უფლებას სინდისი არაფრით მომცემს!..“
დასასრულ, გოჩა, შემდეგს დავამატებ: წარმოიდგინე, რესპექტაბელური საზოგადოების გაყინული სიფათები და მიხვდები, ამის ნახვა არათუ „საბას“, არამედ ნობელის პრემიის დათმობადაც კი ღირს…
_ ჰო, სხვანაირ ზურას ვერც კი წარმოვიდგენ. დიდი მადლობა და დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავ…
_ დიდი მადლობა, შენ და ყველას, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს.

გოჩა მირცხულავა