ზუგდიდი წინასაარჩევნოდ _ რას მოასწავებს და რას ამბობს სიჩუმე სამეგრელოში?

 

სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის წინ საარჩევნო სიტუაცია, როგორც ჩანს, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული იქნება, თუმცა არა პოლიტიკური პარტიების აქტივობის, არამედ, უფრო მეტად, მათ კულუარებში არსებული ფარული თუ ნახევრადღია დაპირისპირების არსებობის გამო.

კაცმა რომ თქვას, სამეგრელო დღეს საქართველოში ყველაზე ანტიქოცურ რეგიონად შეიძლება მივიჩნიოთ. ამის წინაპირობა წინა არჩევნებმა შექმნა, როცა სანდრა რულოვსს, ფაქტობრივად, ცხვირწინ ააცალეს გამარჯვება, როცა ის მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს.

ცხადია, ეს არ მომხდარა მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ აქტივობის ხარჯზე _ ეს აქტივობა იმ გამარჯვების ფონზე, რითაც მაჟორიტარ კანდიდატთა ბრძოლაში ედიშერ თოლორაიამ გაიმარჯვა, უბრალოდ, არასაკმარისი იყო _ მთავარი ის გახლავთ, რომ როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, ენმ-ს ადგილობრივ, აქტიურ წევრებს არცთუ უსაფუძვლოდ ჰქონდათ პრეტენზიები ადგილობრივი შტაბის მიმართ _ რომ ისინი არასაკმარისად აქტიურობდნენ საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევების გამოვლენის თვალსაზრისით.

ისიც ითქვა, რომ სამეგრელოში, ფაქტობრივად, ძალიან ცოტა საჩივარი დაიწერა დარღვევებთან დაკავშირებით და მეტიც, არათუ ცოტა დაიწერა, როცა საქმე საქმეზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ კამერების ჩანაწერებიც არ არსებობდა, რაც ამ დარღვევებს და რამდენიმე უბანზე დარბევასაც კი დაადასტურებდა.

ენმ-ს ძველი წევრები, რომლებსაც პარტიის ლიდერშიპში იმ დროს არსებული დაპირისპირების გამო დიდად გულზე არ ეხატებოდათ აწ უკვე გაევროპელსაქართველოებული ყოფილი ენმ-ელები, იმაზე მიანიშნებდნენ, რომ სამეგრელოში ენმ-ს, ფაქტობრივად, ძალით დააყრევინეს ფარ-ხმალი და ეს ხელისუფლებამ სწორედ რომ ენმ-ს აწ უკვე ყოფილი წევრების მეშვეობით შეძლო.

„ქრონიკა+“, ჯერ კიდევ, 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდში წერდა სამეგრელოს ენმ-დან მიღებულ საგანგაშო სიგნალებზე, რომ, ფაქტობრივად, მთელი შტაბი კუდ-ის ყოფილი, ამჟამად კი სუს-ის აგენტებით იყო სავსე და მაგალითად, ენმ-ს ადგილობრივ წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ვახტანგ გაბელია მოჰყავდა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს კუდ-ში მუშაობდა, თუმცა ახალაიებისა და, ზოგადად, წინა ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა.

ვახტანგ გაბელია 2016 წლის არჩევნების დროს საკმაოდ მიღებული პირი იყო ენმ-ს სამეგრელოს შტაბში და, ფაქტობრივად, მთელ დროს თენგიზ გუნავასა და ლაშა დამენიას გარემოცვაში ატარებდა, რის შესახებაც ორივეს არაერთხელ დაუსვეს შეკითხვა, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ ის „საჭირო იყო და იყენებდნენ“.

ვინ რისთვის იყო საჭირო და ვინ ვინ გამოიყენა, არჩევნების შემდეგ კარგად გამოჩნდა. როცა ენმ ლიდერშიპის ნაწილმა დატოვა, ლაშა დამენიაც და თენგიზ გუნავაც ბოკერია-უგულავას გუნდში აღმოჩნდნენ. ცხადია, ვახტანგ გაბელიაც მათ გაჰყვა.

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ვახტანგ გაბელია ახლა უკვე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ინარჩუნებს სიამტკბილურ ურთიერთობას, თუმცა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ენმ-ს სამეგრელოს ორგანიზაციაში „ევროპელებმა“ თავიანთი ხალხი დატოვეს, პარტიის წევრებს ამ დრომდე არ განელებიათ.

მეტიც, 2016 წლის არჩევნების შემდეგ ზუგდიდის ორგანიზაციაში საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირება დაიწყო პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში სამეგრელოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის დროს.

ენმ-ს 20 იანვრის ყრილობამდელი და ამის შემდგომი პერიოდი ენმ-ს ადგილობრივი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი აღმოჩნდა. ენმ-ს აქტივი პოლიტსაბჭოში სამეგრელოდან ზაალ გოროზიას მოხვედრის პერსპექტივამ აღაშფოთა. აქტივი მიიჩნევდა, რომ ყოფილი გუბერნატორის, ზაზა გოროზიას ძმა არ იმსახურებდა ენმ-ს პოლიტსაბჭოში სამეგრელოს წარმომადგენლად ყოფნას და ამის მიზეზად ადგილობრივ არჩევნებს ასახელებდა, როცა, მათი თქმით, ზაალ გოროზიამ მარტვილში „საერთო საქმეს უღალატა“.

მაშინ სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ საქმე ლამის ხელჩართულ ბრძოლამდე მივიდა და ზუგდიდში ენმ-ს ლიდერშიპის რამდენჯერმე ჩასვლაც გახდა საჭირო. ენმ-ს ადგილობრივი აქტივი პრეტენზიას ანი წითლიძის მიმართაც გამოთქვამდა და მას ყოფილი წევრების მიმართ ლოიალობაში ადანაშაულებდა.

ანი წითლიძე ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პირი იყო მას შემდეგ, რაც საკრებულოში პარტიის სიით მოხვდა. ზუგდიდლებს დღემდე ახსოვთ მისი აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთან, გარემოვაჭრეებთან თუ ბაზარში მოვაჭრეებთან, როცა ბაზრის გადატანას ცენტრიდან გარეუბანში აპირებდნენ.

თავის დროზე, ანი წითლიძე სწორედ გუბერნატორ ზაზა გოროზიას რჩეული ახალგაზრდა იყო და მისი მონდომებითა და ხელშეწყობით ის აქტიურად ერთვებოდა პოლიტიკურ პროცესებში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ანი ოპოზიციაში აღმოჩნდა და ენმ-ს ეგიდით გააგრძელა პოლიტიკური აქტივობა. საკრებულოშიც სწორედ ენმ-ს პარტიული სიით მოხვდა.

ბუნებრივია, შემდეგ უკვე მისი პოლიტიკური ამბიციაც გაიზარდა და მალე, როცა უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიული სიები დგებოდა, მას ზუგდიდის კვოტით სიაში მოხვედრის სურვილიც ჰქონდა. ამ სიაში უკონკურენტო მხოლოდ თენგიზ გუნავა იყო, დანარჩენი კი განხილვას ექვემდებარებოდა და წესით, თუ აქტიურობის მიხედვით ვინმეს ერგებოდა სიაში ყოფნა, ეს ანი წითლიძე იყო, მაგრამ მაშინ გიგა ბოკერიამ, რომლის პოზიციები პოლიტსაბჭოში საკმაოდ მყარი იყო, თავისი გაიტანა და სიაში, ცნობილ პირებთან ერთად, იმ დროისთვის ბევრისთვის უცნობი ლელა ქებურიაც შეიყვანა, რომელიც პარლამენტის წევრიც გახდა და ახლა „ევროპულ საქართველოშია“.

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ სამეგრელოს დეპუტაციის უმრავლესობა, ვინც ენმ-ს პროპორციული სიიდან მოხვდა პარლამენტში, „ევროპულ საქართველოშია“.

როგორ მოხდა ეს და სად გაეპარათ მნიშვნელოვანი მომენტი ენმ-ს მაშინდელი ლიდერების იმ ნაწილს, ვინც მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრედ და თანაგუნდელად დარჩა? ალბათ, სწორედ იმ დროს, როცა შტაბში სააკაშვილისა და ახალაიების მიმართ არცთუ კეთილგანწყობილი პირების გამოჩენის გამო პროტესტს ყური არ ათხოვეს, ან ათხოვეს, მაგრამ ვერაფერი შეცვალეს, რადგან, ერთობლივად, რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა უწევდათ.

საბოლოოდ, ანი წითლიძე საპარლამენტო სიის მიღმა დარჩა, მაგრამ 20 იანვრის ყრილობის შემდეგ ენმ-ს პოლიტსაბჭოში აღმოჩნდა, მოგვიანებით კი ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიც გახდა.

მაგრამ პრობლემები ამით არ ამოწურულა და ანი წითლიძის მიმართ პრეტენზიები ამ დრომდე დარჩა. ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივი ორად გაიყო და ერთი, საკმაოდ რადიკალურად განწყობილი ჯგუფი, რომელიც ზუგდიდის ყოფილი გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას მხარდამჭერია, ანი წითლიძეს „ევროპული საქართველოს“ წევრების მიმართ არა მარტო ლოიალურ დამოკიდებულებაში, არამედ მათ სასარგებლო პოზიციების გამოხატვაშიც ადანაშაულებს.

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის წევრების აქტივის ნაწილი „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ ეს ლოიალობა, პირველ რიგში, ახალაიებთან დაკავშირებული პოზიციის თანხვედრაში გამოიხატება.

მათ „ქრონიკა+“-ს ანი წითლიძესთან პირადი მიმოწერის ნაწილიც აჩვენეს (რედაქცია არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მათ გასაჯაროებას), სადაც ის საკმაოდ ირონიულად, კრებითი სახელით, „მეგისებად“ მოიხსენიებს ახალაიების მხარდამჭერებს, რომლებიც ყოფილი პოლიციელები არიან და რომელთაც თავიანთ თავზე იწვნიეს კიდეც „ოცნების“ ხელისუფლების წნეხი: დაკითხვები, მუდმივი თვალთვალი და ციხეში ყოფნაც კი.

აქტივის ეს ნაწილი ანი წითლიძეს და მის გუნდს „თავზე ნაცრის წაყრაში“ ადანაშაულებს, რაც, მათი თქმით, მუდმივად შეცდომებზე აპელირებასა და ბოდიშის მოხდაში გამოიხატება.

ანი წითლიძეს კი აქტივობის ნაკლებობას ნამდვილად ვერ დასწამებ. სხვა საქმეა, რა ხდება კულუარებში, რას წერს ის აქტივის წევრებს, რა ტაქტიკას ირჩევს მათთან ურთიერთობისთვის, მაგრამ ის საკმაოდ კრიტიკულადაა განწყობილი „ოცნების“ ადგილობრივი დეპუტაციის მიმართ და სარკასტულ შეფასებებს არც „ევროპული საქართველოს“ დეპუტაციისთვის იშურებს. თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არც შეხვედრებსა და აქტიურობაზე ამბობს უარს _ კარდაკარ დადის და ამომრჩევლებს ხვდება, არც ბაზრის მოვაჭრეების პრობლემები დავიწყებია და არც გარემოვაჭრეთა პროტესტი.

იჩენს თუ არა თავს ამაზე უფრო მეტად ის ფარული დაპირისპირება, რაც სამეგრელოში, კონკრეტულად კი, ზუგდიდში არსებობს, ჯერ გაურკვეველია. ორივე მხარე პოზიციების მოსინჯვაზეა გადასული და ადგილობრივი არჩევნების წინ ზუგდიდში ჩამოვარდნილი სიჩუმე ქარიშხლისწინა სიჩუმეს ჰგავს.

ამოიფრქვევა თუ არა ვულკანი სამეგრელოში, ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ იქნება ენმ-ს მერობის კანდიდატი ზუგდიდში. ამაზე ჯერ პოლიტსაბჭოში ერთიანი და ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს. პოლიტსაბჭო არცთუ მარტივი ამოცანის წინაშე დგას: კანდიდატი გამაერთიანებელი უნდა იყოს და განხეთქილების ვაშლად არ აუნდა იქცეს.

ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ შესაძლოა, ენმ-ს კანდიდატი ზუგდიდში ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა ყოფილიყო. ამის წინააღმდეგი, ერთი შეხედვით, არც თავად სიჭინავა უნდა ყოფილიყო. ის ბოლო დრომდე ხაზს უსვამს, რომ აპირებს, დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი და მშობლიური ქალაქის მერობისთვის იბრძოლოს, მაგრამ, ამავე დროს, იმასაც ამბობს, რომ თუ რომელიმე პარტია ღირსეულ კანდიდატს წარადგენს, ის მერობისთვის ბრძოლაზე უარს იტყვის.

ივანიშვილის ხელისუფლებას ზუგდიდში არაკომპრომეტირებული, ავტორიტეტის მქონე და პოლიტიკით დაინტერესებული ისეთი პირი აღარ ჰყავს, ვინც ღირსეული კანდიდატების იმ სტანდარტებში ჩაჯდება, რასაც ზვიად სიჭინავა და, მასთან ერთად, ზუგდიდლების უმრავლესობა გულისხმობს. კაცმა რომ თქვას, ასეთი კანდიდატის პოვნა ენმ-საც გაუჭირდება, სულაც რომ არაფერი ვთქვათ „ევროპულ საქართველოზე“ და სხვა ოპოზიციურად მოაზრებულ პარტიებზე.

ასეთ შემთხვევაში ზვიად სიჭინავას, როგორც დამოუკიდებელი ფიგურის კენჭისყრა ზუგდიდის მერად, წესით, არც სახელისუფლებო პარტიას აძლევს ხელს და არც ენმ-ს. მით უმეტეს, რომ ზვიად სიჭინავას მხარდაჭერა ზუგდიდლებში უკვე დაიტესტა: მან ბოტანიკური ბაღის გაწმენდითი სამუშაოები თავისი ფინანსებიდან დაასპონსორა და ეს ისე გააკეთა, რომ მოხალისეთა ჯგუფის მიერ სამუშაოების დაწყების შესახებ არც ერთი ადგილობრივი მედიასაშუალებისთვის არ უცნობებია.

ბოტანიკური ბაღის გაწმენდის პროცესში ადგილობრივი მოქალაქეები ჩაერთნენ, რომლებმაც ამ აქციის შესახებ სრულიად შემთხვევით, ქუჩიდან გაიგეს. ცხადია, გაიგეს ჟურნალისტებმაც და როცა ზვიად სიჭინავას უსაყვედურეს, _ ჩვენ რატომ არ გვითხარიო? მან საკმაოდ გულწრფელად თქვა, რომ ამას მედიისთვის არ აკეთებს და, უბრალოდ, უნდა, მისი მშობლიური ქალაქი ისევ ისეთივე მიმზიდველი და ლამაზი გახდეს, როგორიც სულ იყო.

რასაკვირველია, სიჭინავას ამ საზოგადოებრივმა აქტიურობამ „ოცნების“ ხელისუფლებამდეც მიაღწია. მათ სიჭინავას პირველი დღე, 6 ივნისი აცალეს და მეორე დღეს უკვე თავზე პოლიციით დაადგნენ, _ აქაურობა დატოვეო. როცა სიჭინავამ მიზეზი იკითხა, აუხსნეს, 20 ივნისიდან ჩვენ აქ ძალიან დიდი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ და შენ ხელს გვიშლიო. არ გაჭრა სიჭინავას არგუმენტებმა, მე რაში გიშლით ხელს, პირიქით, გეხმარებით, ჩემი შეხედულებით კი არ ვაკეთებ ამ ყველაფერს, სპეციალისტები მყავს დაქირავებული და ტბისთვის ფრინველებიც შევუკვეთეო. მაგრამ ამან არ გაჭრა _ ზვიად სიჭინავა და მოხალისეები იძულებული გახდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ.

20 ივნისი კი არა, აგერ, მთლიანად იწურება ივნისი და ბოტანიკურ ბაღში ხელისუფლების მხრიდან თითი არავის არაფრისთვის დაუკარებია. მეტიც, ღობეებიც კი მორღვეულია და ბოტანიკურ ბაღში ახლა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დასეირნობს. ამ დროს კი ზუგდიდის კეთილმოწყობის სამსახურის ის განყოფილება, რომელსაც უშუალოდ ევალება ურჩი პირუტყვისთვის თვალყურის დევნება და მათი მიხედვა, არაფერს აკეთებს…

მოკლედ, ზუგდიდი წინასაარჩევნოდ ამჯერადაც გატრუნულია. თუმცა, ეს სიჩუმე, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა არჩევნების წინ, უჩვეულო სულაც არ არის და ბევრი რამის ტეტსი გახდება. მათ შორის იმისაც, რამდენად შემორჩათ ადგილობრივებს მთავარი ოპოზიციური პარტიისადმი ნდობა მათი გაუთავებელი შიდაკულუარული კინკლაობის ფონზე…

 

ლაშა ბერულავა