ვინ შეასრულებს დანაპირებს?

თელავის მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო დაპირებები

 

საქართველოში ბევრი პოპულარული წინასაარჩევნო დაპირება არსებობს, რომელსაც პოლიტიკური პარტიები არჩევნების წინ ინტენსიურად იყენებენ, ყველაზე პოპულარული ისინია, რომლებიც საზოგადოების ყურადღებას უფრო იპყრობენ, რაც, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე ახდენს გავლენას.

 

რას ანიჭებს ქართველი ხალხი უპირატესობას? _ სასარგებლო დაპირებებს, რომლის შესრულებაც არც თუ ისე რეალურია, თუ დაპირებებს, რომელიც წინასთან შედარებით ბარაქიანობით ვერ გამოირჩევა, მაგრამ უფრო რეალურია? ეს დღევანდელი კვერცხისა თუ ხვალინდელი ქათამის დილემას წააგავს და მაინც, რას ანიჭებს ხალხი უპირატესობას?

პოლიტიკური პარტიები იმდენად გადაერთვნენ გამარჯვებაზე, რომ ყურადღებას აღარ აქცევენ, როგორი სახის დაპირებებს აძლევენ ამომრჩეველს, მთავარია, ხალხის გული მოიგონ. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ მათი უმეტესობა სოციალურ-ეკონომიკური სახისაა, რაც აშკარად პრობლემური საკითხია საქართველოში.  დღეისთვის მედიას კარგად იყენებენ პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ. ყველას შეგვიმჩნევია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური რეკლამების რაოდენობა როგორ იზრდება, ყველას გვესმის ამა თუ იმ პარტიის დაპირება, თითოეული სარეკლმო რგოლი ხალხის გულის მოსაგებადაა გათვლილი და ქართველ კაცსაც მეტი რა უნდა: ის მოსწონს, რაც მისთვის მეტი სარგებლის მომტანია, თითოეული მათგანი უფრო რეალისტურად რომ უყურებდეს ამა თუ იმ დაპირების სისწორეს, ადვილად მიხვდებოდა მათ რეალურობას და ნამდვილ სახეს. ეს ყველამ იცის, განსაკუთრებით პოლიტიკურმა ლიდერებმა და წინასაარჩევნო კამპანიაში ამას კარგად იყენებენ. ეს ერთგვარი იდეალიზმიცაა _ ეუბნები ამომრჩეველს იმას, რაც მას ყველაზე მეტად სიამოვნებს და სთავაზობ იმას, რაც ყველაზე მეტად უნდა.

დემოკრატიულ სამყაროში პარტიები და მათი წინასაარჩევნო პოლიტიკური პროგრამები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როგორც წესი, პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა იმ ძირითად დეტალებს მოიცავს, რომლებიც პარტიის გეგმების, პრინციპებისა და შეხედულებების შესახებ ორიენტაციის საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ამომრჩვლებს.

საკუთარი პროგრამით პარტია გამოხატავს, თუ რით განსხვავდება სხვა პარტიებისგან, ალტერნატიული შემოთავაზებისგან. თუმცა წინასაარჩევნო პროგრამა და მისი მნიშვნელობა საქართველოში დაკნინებულია როგორც ამომრჩევლებისთვის, ასევე პარტიათათვის. საარჩევნო პროგრამისთვის დაბალი მნიშვნელობის მინიჭება ელექტორატის მხრიდან ცალსახად პარტიათა წისქვილზე ასხამს წყალს, თუმცა მხოლოდ პარტიათა დადანაშაულება ამ პროცესში არასამართლიანი იქნება. შეგვიძლია ვთქვათ, ეს ორმხრივი პროცესია და საზოგადოების დაბალი ინტერესი კიდევ ერთი მიზეზია. დაბალი პოლიტიკური კულტურა წარმოიქმნება როგორც ამომრჩეველთა უმოქმედობით, რადგან არ არსებობს შესაბამისი მოთხოვნა, ასევე პარტიათა ზედაპირული დამოკიდებულებით. პოლიტიკურ პარტიათა მიერ დაბალი მნიშვნელობის მინიჭება წინასაარჩევნო პროგრამისადმი წარდგენის ვადებშიც გამოიხატება.

თელავის მერობის კანდიდატთა დაპირებებიც ამის ნათელი მაგალითია.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველის ძირითადი საარჩევნო პროგრამა ასე გამოიყურება:

_ ოჯახებს, რომლებსაც მეორე შვილი შეეძინებათ, 500-ლარიანი და ყოველ მომდევნო შვილზე 1000-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ; ოჯახს, სადაც რეგისტრირებულია შშმ პირი, დამატებითი სოციალური დახმარება 50 ლარი დაენიშნება; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს დაენიშნებათ  დახმარება 50 ლარი; საბავშვო ბაღების ვაუჩერიზაცია, 3 ახალი საბავშვო ბაღი ქალაქ თელავს; ამუშავდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების 50 000-ლარიანი საკონკურსო პროგრამა; მოწესრიგდება სადარბაზოების იერსახე, სადარბაზოებში დამონტაჟდება მეტალის კარები და შეიფუთება ელექტროგაყვანილობა; აშენდება უპატრონო ცხოველთა თავშესაფარი; საერთო სარგებლობის სივრცეების ადაპტირება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მრავალსართულიანი სახლების ფასადების მოწესრიგებისა და დათბუნების პროგრამის ამუშავება; კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო წრეების 20-ლარიანი ვაუჩერი ბავშვებს; დაფინანსდება მუსიკალური და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა კონკურსებში მონაწილეობა საზღვარგარეთ; ყოველწლიურად წახალისდება ქალაქ თელავის ყველაზე წარმატებული 2 სკოლა, მასწავლებლები და წარჩინებული მოსწავლეები, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯება 30 000 ლარი; 20 საუკეთესო სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის საფასური;  ყოველწლიურად არანაკლებ 10 ახალგაზრდას დაუფინანსდება უცხოეთში სწავლება და სტაჟირება; დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა, კულტურის მუშაკთა, საბავშო ბაღების თანამშრომელთა, მწვრთნელთა და სპორტსმენთა ხელფასების ზრდა 20%-ით; ამოქმედდება პროგრამა „ღირსეული სიბერე“, აშენდება მოხუცებულთათვის სარეაბილიტაციო ცენტრი, სარეკრეაციო ზონა, საცხოვრებელი სახლი; ამოქმედდება მოხალისეობის პროგრამა „მე ვზრუნავ თელავზე“; აშენდება 5 ახალი ხელოვნურსაფარიანი მინიმოედანი; მოეწყობა 10 ახალი ბავშვთა გასართობი სკვერი (ატრაქციონები); თელავში არსებულ ყველა სკვერში უფასო ჭი-Fი ინტერნეტი;

 

თელავის მერობის კანდიდატი, დავით თუშიშვილი _ „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა ერთიანი დემოკრატიული მოძრაობა _ თავისუფალი საქართველოსათვის“ თავისი საარჩევნო პროგრამის დეტალებზე გვესაუბრა:

_ ძირითადი, რაც უნდა შეიცვალოს, ესენია: გაზრდილი კომუნალური ტარიფების კომპენსირების მიზნით ყველა ოჯახი მიიღებს ელექტროენერგიასა და გაზზე სოციალურ დახმარებას. ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს სამედიცინო გამოკვლევების დაფინანსებას. ამოქმედდება შშმ ბავშვთა დახმარების პროგრამა. სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედებისთვის დაწესდება დახმარების ფონდი, რომელიც ფინანსურ დახმარებებს გასცემს. მოსახლეობას უფასოდ გაეწევა კონსულტაცია აგრარულ საკითხებში მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, აღნიშნული საკონსულტაციო ცენტრები წახალისდება მუნიციპალური ბიუჯეტიდან. ყველა სოფელში წახალისდება სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმო მუნიციპალური ბიუჯეტიდან, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას.

 

პარტია „შენების მოძრაობიდან“ თელავის მერობის კანდიდატი, გელა გელაშვილი, „ქრონიკა+“-თან აღნიშნავს:

_ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა. საარჩევნო დაპირებებში ფრთხილები და თანამიმდევრულები უნდა ვიყოთ. ჩემი მხრიდან მთავარი შეთავაზებაა, შემუშავდეს ქალაქის გენერალური გეგმა. ასევე, არ გავწყვეტ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, რომლებიც მანდატს მოგვანიჭებენ. ვამბობთ, რომ სწორად შენების დროა. რაც ცუდია _ ვცვლით, რაც კარგია _ ვტოვებთ, რაც გვაკლია _ ვქმნით. რაც შეეხება ქალთა ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში, მხარს ვუჭერ მათ მაქსიმალურ აქტიურობასა და ჩართულობას საარჩევნო პროცესებში. ეს პრობლემა არსებობდა 100 წლის წინათაც და დღესაც არის.

 

პარტია „ვაშაძე ერთიანი საქართველოს“ მერობის კანდიდატ თამარ ლამაზოშვილის აზრით:

_ უმთავრესი პრობლემა არა მხოლოდ თელავში, არამედ მთელ საქართველოში არის მაღალი ბიუროკრატია. ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება ბიუროკრატიის შემცირება. გვინდა, რომ არსებული მერიები და გამგეობები ჩავანაცვლოთ მუნიციპალური იუსტიციის სახლებით. ეს არის სახელმწიფო წყობის განვითარების სრულიად ახალი მოდელი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქისა და სოფლის განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას. ჩვენი პროგრამის მიხედვით, არსებული მერია და საკრებულო მუნიციპალურ იუსტიციის სახლებად უნდა გადავაკეთოთ, სადაც 700 თანამშრომლიდან 40-50 თანამშრომელი დარჩება, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან განცხადების მიღებასა და პასუხის დაბრუნებაზე. მთლიანად გადავდივართ ელექტრონულ სისტემაზე. მაგალითად, ერთჯერადი დახმარებების გაცემაზე კონკრეტული კრიტერიუმები გაიწერება. როდესაც განაცხადი შევა, ელექტრონულად დამუშავდება და ადამიანის ფიზიკური ჩარევა, ანუ სუბიექტური ფაქტორი გამორიცხული იქნება. ახლაც არიგებენ შეშის ვაუჩერებს, მაგრამ ამას „ოცნების“ კოორდინატორებსა და მხარდამჭერებს აძლევენ. ამ შემთხვევაში, როდესაც ეს ყველაფერი ელექტრონული იქნება, ფიზიკურად შეუძლებელი გახდება სუბიექტური ფაქტორების გამოყენება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს ყველაფერი გაკეთდება შემდეგი 4 წლის ვადაში. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პროექტულ მართვაზე გადავალთ, კონკრეტული მოქალაქე, რომელსაც პრობლემა აწუხებს, შეძლებს, რომ პატარა მონახაზი დაწეროს _ რა პრობლემაა, მისი გადაჭრის გზებსა და შედეგებს (სრულყოფილ პროექტს არ მოვითხოვთ) შემოიტანს მუნიციპალურ იუსტიციის სახლებში, სადაც ამ პროექტს არასამთავრობო სექტორისგან, აქტიური მოქალაქეებისგან და პროფესიონალებისგან შემდგარი კომისია განიხილავს და დააფინანსებს. მაგალითად, როდესაც მე ჩემს უბანში სკვერი არ მაქვს, ამაზე პროექტს შევიტან, დამაფინანსებენ და მე ვიქნები პასუხისმგებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თითოეული მოქალაქის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ამაღლდეს. ასე უფრო მეტი საქმე გაკეთდება და მარტივი იქნება დავინახოთ ადამიანების საჭიროებები.

 

„ქართული ოცნების“ თელავის მერობის კანდიდატი, შოთა ნარეკლიშვილი, თავის დაპირებებზე ასე საუბრობს:

_ პირველი დაპირება იქნება ის, რომ ნებისმიერი პრობლემისა და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მოხდება მოსახლეობის უშუალო ჩართულობით. ჩვენი მიზანია, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უფრო მეტად გავაძლიეროთ თვითმმართველობა. ამ მიმართულებით მთავრობაც გეგმავს სოფლებში გარკვეული ადგილობრივი ჯგუფების შექმნას, რომლებიც უშუალოდ თავიანთი სოფლის ინტერესებს წარმოადგენენ და მათთან ერთად მოხდება ამ პროექტებზე მუშაობა და პრიორიტეტების განსაზღვრა. მოხდება გზების რეაბილიტაცია, გარეგანათებების მოწყობა (რაც, ჯერ კიდევ, არ არსებობს საუბნო გზებზე, როგორც სოფლებში, ასევე ქალაქში). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება. ეს საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება, მაგრამ ვეცდებით, რომ უახლოეს პერიოდში გამოვნახოთ გარკვეული გზები. ერთიანი მუნიციპალიტეტი იქნება და ეს მოიცავს როგორც სოფლებთან დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემოყვანას როგორც ქალაქში, ასევე სოფლად. ყველაფერს, სამწუხაროდ, ერთად ვერ გავაკეთებთ და ამ პრიორიტეტების განსაზღვრის შედეგად პრობლემის მოგვარება დაიწყება.

 

მერობის კანდიდატი, ნიკოლოზ ვარდოშვილი, ლეიბორისტული პარტიიდან:

_ თუ მოსახლეობა მხარს დამიჭერს და თელავის მერი გავხდები, არჩევიდან პირველივე კვირაში დავიწყებ სხვა მუნიციპალიტეტების მერებთან მოლაპარაკებას, რომ ერთობლივად გავაკეთოთ რეგიონული ცხოველთა თავშესაფარი. მეორე პრობლემა ეს გახლავთ, პარკირების პრობლემა, რომელიც 2014 წელსვე იყო ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა; მესამე პრობლემა: აუცილებლად მოვიძიებ თანხას იმისთვის, რომ შევიძინო ქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც თავისთავად გადაჭრის პარკირების პრობლემას. ამ საკითხებზე მუშაობა ჩემი არჩევიდან პირველივე კვირაში დაიწყება და მოგვარდება ჩემი უფლებამოსილების პირველივე წელს. ასევე, 21-ე საუკუნეში ცივილიზებულ ქალაქობაზე გვაქვს პრეტენზია და ერთი ავტობუსიც არ დადის თელავში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ იყოს, შესაბამისად, ტაქსზე მოთხოვნა მოიკლებს და ეს ვერ გავაკეთეთ. პრობლემად რჩება წყალმომარაგება.

 

„პატრიოტთა ალიანსს“ თელავში მერობის კანდიდატი არ ჰყავს, თუმცა პარტიის სიის პირველი ნომერი, არჩილ თვალიაშვილი, ამბობს:

_ მთავარი დაპირება, რაც შეიძლება მოსახლეობას მისცე, არის ამოცანა, როგორ შეიძლება ვიხსნათ ისინი გაჭირვებიდან. ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ არა ერთჯერადი დახმარება, არამედ ბიუჯეტიდან უნდა გამოვყოთ თანხა, რომელსაც მოსახლეობას მივცემთ და ამ თანხით სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას შეძლებენ, სხვებსაც დაასაქმებენ, შემოსული მოგებიდან ისევ საშემოსავლო გადასახდს გადაიხდიან ბიუჯეტში და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უფრო ძლიერი იქნება. თუ გვაქვს 22 მილიონი ბიუჯეტი წელიდაწადში, შევძლებთ რომ გამოვყოთ 1 მილიონი ლარი და ამ თანხით საწყისი ბიზნესისთვის დავაფინანსოთ იდეა 5 000 ლარით. მთავარია, ოჯახებში სიღარიბე შევცვალოთ უკეთესი ცხოვრებისათვის.

 

მართალია, ამ ჩვენს ქვეყანაში არათუ პოლიტიკოსის, ფქვილის სტანდარტიც კი არ არსებობს, სამაგიეროდ, ადამიანები ახერხებენ გაპოლიტიკოსებასაც და პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე მუდმივ ტივტივსაც. მეორე მხრივ, არც ჩვენი საზოგადოებაა შეთანხმებული, თუ რა თვისებები უნდა ახასიათებდეს პოლიტიკოსს, რომ ეფექტიანად შეძლოს ქვეყნის მართვა და მათი ცხოვრების გაუმჯობესება, რაც ქვეყნისა და არა პოლიტიკოსის წინსვლას შეუწყობს ხელს.

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი წინასაარჩევნო პროგრამა ზედაპირული ხასიათისაა, არ ასახავს იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც რეალურად უნდა გააცნოს პარტიამ ამომრჩეველს. ნაცვლად ამისა, გვთავაზობს კარგად შეფუთულ დაპირებებს, სადაც საუბარია მიზანზე, თუმცა მიზნის მიღწევის საშუალებები უცნობია და ხშირ შემთხვევაში აბსურდულიც. ამომრჩეველს არ ეძლევა საშუალება, გაეცნოს იმ ძირითად ხედვებს, რასაც პარტია ეყრდნობა, მეტიც, ზოგჯერ მხოლოდ სატელევიზიო გადაცემები გვრჩება ერთადერთ საშუალებად, რომ გავიგოთ, თუ რას ფიქრობს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, ან რომელიმე კანდიდატი ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე, პრობლემის გადაჭრის გზებსა თუ ხედვაზე. დაპირება წინასაარჩევნო პროგრამაში მრავალია, თუმცა მათი შესრულების გზა არ არის განმარტებული. რეალურად, ქართველი ამომრჩეველი არ კითხულობს წინასაარჩევნო პროგრამებს, შესაბამისად, ხმის მიცემას ნაკლებად განაპირობებს პარტიული ხედვა, იდეოლოგია, მიზანი. ვისთვის ქმნიან პარტიები საარჩევნო პროგრამას? ვინ განიხილავს მათ და რატომ? საარჩევნო პროგრამის არსებობა პარტიათათვის თითქოს კიდევ ერთი ბერკეტია მოწინააღმდეგე პარტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, საარჩევნო პროგრამის ძირითადი „მკითხველი“ ამომრჩეველია, ქართულ რეალობაში ამომრჩეველთა დიდ ნაწილს ანაცვლებენ ექსპერტები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა. შ. შესაბამისად, წინასაარჩევნო პროგრამები უფრო მეტად პოლიტიკური კამპანიის მცირე დეტალია, რომელიც საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ „პროდუქტი“ კარგად შეიფუთოს.

 

მაკა მოსიაშვილი