ვერმახტის რიგებში საქართველოს სახელით (ნაწილი მეოთხე)

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##21;23;24.

1942 წლის ივლისიდან, კავკასიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, ვერმახტმა ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია წამოიწყო. წითელი არმია, რომელიც სამხრეთის მიმართულებაზე ზედიზედ კარგავდა სტრატეგიულ პუნქტებს, მძიმე ბრძოლებით უკან იხევდა. აგვისტოსთვის ფელდმარშალ ფონ ლისტის დაჯგუფებამ მთლიანად დაიკავა ყუბანის რეგიონი, ხოლო ფონ ბოკის შენაერთებმა მდინარე ვოლგასა და სტალინგრადს მიაღწიეს. ნათელი გახდა, რომ თუ საბჭოთა კავშირი კავკასიასა და სტალინგრადს დათმობდა, ომის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იქნებოდა.

სწორედ კავკასიისთვის ბრძოლაში გამოიყენა გერმანიამ პირველად ვერმახტის რიგებში შექმნილი ქართული ლეგიონის ბატალიონები. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გერმანიის სამხედრო დაზვერვის _ „აბვერის“ ქოლგის ქვეშ მოქმედი სპეციალური ქვედანაყოფი „ბერგმანი“, რომელიც გერმანულად „მთიელს“ ნიშნავდა.

„ბერგმანის“ ჩამოყალიბება „აბვერის“ ობერლეიტენანტ თეოდორ ობერლენდერის პირად ინიციატივას უკავშირდება. სტრუქტურისა და ამოცანის მიხედვით, იგი ძირეულად განსხვავდებოდა ქართული ლეგიონის შემადგენლობაში მყოფი სხვა ბატალიონებისგან.

ტყვე კავკასიელებისგან დაკომპლექტებული სპეცდანიშნულების ბატალიონის ფორმირების იდეა ობერლენდერს, ჯერ კიდევ, 1941 წლის ოქტომბერში გაუჩნდა. 1942 წლის ზამთარში, როდესაც გერმანიის გენშტაბში სამხრეთის  მიმართულებით ძირითადი შეტევის ხაზის გადატანა დაიგეგმა, ობერლენდერის ინიციატივამ უკვე კონკრეტული ფორმა მიიღო. მისი გათვლით, ბატალიონს სპეციალური მისია უნდა დაკისრებოდა, რომელიც შემდეგი გახლდათ: „ბერგმანის“ მებრძოლებს საჰაერო-სადესანტო ოპერაციის მეშვეობით მტრის ზურგში გადაისროდნენ და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ჯვრის უღელტეხილის დაკავების დავალებას მისცემდნენ. თუ ეს წამოწყება წარმატებით განხორციელდებოდა, გერმანული არმია დაუბრკოლებლად შეძლებდა კავკასიონის გადალახვას და შემდგომ უკვე თბილისის აღებას.

ამ ინიციატივამ გერმანიის სამხედრო დაზვერვის შეფის, ვილჰელმ კანარისის პირადი მხარდაჭერა მიიღო. სწორედ მისი ბრძანების შემდეგ დაიწყო კავკასიელი ტყვეებისგან სპეცდანიშნულების ბატალიონის ფორმირება. ობერლენდერმა თავად მოიარა პოლტავის რაიონში შექმნილი სამხედრო ტყვეთა ბანაკები, რათა ბატალიონისთვის შესაფერისი კადრები შეერჩია. ამ საქმეში მას თბილისელი გერმანელი, ფონ კუტჩენბახი ეხმარებოდა, რომელიც კარგად ფლობდა რუსულ და ქართულ ენებს.

საგულდაგულო შემოწმების შემდეგ ბატალიონში, დაახლოებით, 700-მდე ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ჩრდილოკავკასიელი მოხვდა. 1941 წლის ბოლოს ლეგიონერები პოლონეთის სილეზიაში, კერძოდ კი ქალაქ ნოიჰამერთან მდებარე სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მებრძოლთა მომზადება დაიწყო. სამხედრო ტყვეების გარდა ბატალიონს, დაახლოებით, 130-მდე ქართველი ემიგრანტი დაემატა. მათ შორის იყვნენ საფრანგეთისა და პოლონეთის არმიის ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ადრე „აბვერის“ სპეციალური დანაყოფის,  „თამარა-II“-ის წევრები იყვნენ. „ბერგმანში“ ჩაირიცხა 300-მდე გერმანელი ოფიცერი, უნტეროფიცერი და ჯარისკაცი. სხვა ქართული ბატალიონებისგან განსხვავებით, ყველა გერმანელი გამოცდილი სამხედრო იყო და „აბვერის“ სპეცდანიშნულების პოლკში მსახურობდა.

ვინაიდან „ბერგმანს“ გასაიდუმლოებული და სპეციფიკური დავალებისთვის ამზადებდნენ, შეიარაღებაც შესაბამისი ჰქონდათ. ჯარისკაცები, ძირითადად, მსუბუქი იარაღით სარგებლობდნენ: ხელის ტყვიამფრქვევები, საველე ნაღმტყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო თოფები და გერმანული წარმოების კარაბინები.

1942 წლის მარტში „ბერგმანის“ პირადი შემადგენლობა ბავარიის ალპებში გაემგზავრა და მიტენვალდთან მდებარე ლუტენზეს სასწავლო-საწვრთნელ ბანაკში, ოთხი თვის განმავლობაში, ინტენსიურ მომზადებას გადიოდა. ალპები შემთხვევით არ იყო შერჩეული. სასწავლო ბანაკის გარემო მაქსიმალურად მიახლოებული იყო კავკასიონს. „ბერგმანის“ სრულყოფილ მომზადებას გერმანელები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ამას თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ ივლისის დასაწყისში ლუტენზეს ცენტრი თავად კანარისმაც კი მოინახულა.

საინტერესოა, თუ რას ფიქრობდა ბატალიონ „ბერგმანის“ ხელმძღვანელი თეოდორ ობერლენდერი კავკასიაზე და, ზოგადად, როგორი წარმოდგენა ჰქონდა მას კავკასიისა და გერმანიის მომავალ ურთიერთობაზე? ამ კუთხით მნიშვნელოვანია, ჯერ კიდევ, 1941 წლის ოქტომბერში ობერლენდერის მიერ შედგენილი სპეციალური ბროშურა:

„ბოლშევიზმისგან თავისუფალი კავკასიის მომავალისთვის აუცილებელია ორი წინაპირობა: 1. უნდა არსებობდეს ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო, რადგან სხვა შემთხვევაში რეგიონში დაიწყება ბრძოლა ყველა ყველას წინაღმდეგ; 2. ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია კავკასიის დაქვემდებარება და შენარჩუნება.

გერმანია არ ესაზღვრება კავკასიას. რუსეთის, თურქეთისა და ბრიტანეთისგან განსხვავებთ, გერმანიას კავკასიასთან პრობლემები არასოდეს ჰქონია. იარაღით ხელში გერმანიამ მხოლოდ ერთხელ, 1918 წელს შეაბიჯა კავკასიაში და მაშინაც ადგილობრივთა შორის კარგი რეპუტაცია დაიმკვიდრა.

კავკასიელთა უმეტესობა ვერ იტანს ბოლშევიზმს, ამიტომ, პროპაგანდისტული კუთხით, საჭიროა გადაიჭრას შემდეგი სამი საკითხი: 1. მიწის საკუთრება; 2. ნაციონალური ავტონომიების ფორმირება; 3. კავკასიელი ხალხებისთვის რელიგიური და კულტურული დამოუკიდებლობის მინიჭება. აქედან გამომდინარე, ვერმახტის მიერ კავკასიის დაკავების შემდეგ აუცილებელია კოლმეურნეობების დაშლა და გლეხებისთვის მიწის დაბრუნება, აგრეთვე, ადგილობრივთა ფართო ჩართულობით ძლიერი ავტონომიური სისტემის შექმნა“.

ობერლენდერი აღნიშნავს, რომ რეგიონში სამხედრო და სამეურნეო მმართველობას გერმანული ადმინისტრაცია გააკონტროლებდა, ხოლო იუსტიციის, კულტურისა და ფინანსთა სფერო კავკასიელთა კომპეტენციაში დარჩებოდა. გარდა ამისა, ობერლენდერის აზრით, კავკასიაში რუსულის ნაცვლად გერმანული ენა უნდა დამკვიდრებულიყო, რომლის მეშვეობითაც მოხდებოდა კავკასიელ ხალხთა შორის კომუნიკაცია.

„კავკასია ევროპის ყველაზე მაღალ მთებს და ნავთობის უზარმაზარ მარაგს ფლობს. ეს მოცემულობა იმის გარანტიას იძლევა, რომ ევროპის მომავალ სისტემაში კავკასიელები დღევანდელზე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებენ. კავკასიასა და ევროპას შორის ხანგრძლივი კავშირის უზრუნველყოფისთვის უნდა გამოვიყენოთ სამი საშუალება: იარაღი, სამართალი და, აგრეთვე, გააზრებული მმართველობა. ყველივე ამის ერთობლიობა უზრუნველყოფს განთავისუფლებული ხალხების ნდობას ჩვენ მიმართ. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ახალი ევროპის რიგებში კავკასიის სრულფასოვანი ჩართვა“, _ ამბობდა ობერლენდერი.

1942 წლის ივლისის ბოლოს „ბერგმანის“ ბატალიონი უკვე სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო. ამ დროისთვის მის შემადგენლობაში 1200 მებრძოლი ირიცხებოდა _ 900 კავკასიელი და 300 გერმანელი. სტრუქტურული თვალსაზრისით ბატალიონი შედგებოდა: სამი ქართული (1; 2 და 5 ასეულები), ერთი ჩრდილოკავკასიური და ერთი აზერბაიჯანული ასეულებისგან. გარდა ამისა, ბატალიონში შექმნილი იყო დივერსიული და პროპაგანდისტული სპეცდანაყოფებიც.

წითელი არმიის ზურგში საჰაერო დესანტირებისა და ჯვრის უღელტეხილის დაკავების ოპერაცია მე-5 ქართულ ასეულს უნდა განეხორციელებინა, რომლის შემადგენლობა დამატებით სომხური ოცეულითაც გაძლიერდა. ბატალიონის ძირითადი ნაწილის გამოყენებას კი გერმანელები საქართველოს სამხედრო გზის დაკავების ოპერაციაში ფიქრობდნენ.

1942 წლის 28 ივლისს ბატალიონი „ბერგმანი“ აღმოსავლეთის ფრონტზე გაემგზავრა. იგი გენერალ ფონ კლაისტის პირველ სატანკო არმიას დაუქვემდებარეს, რომელიც ბრძოლებს იალბუზის მისადგომებთან აწარმოებდა.

პირველი სატანკო არმიის სტრატეგიულ მიზანს გროზნოსა და ორჯონიკიძის (დღევანდელი ვლადიკავკაზი) დაკავება, საქართველოს სამხედრო გზაზე გასვლა და შემდეგ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შეტევის განვითარება წარმოადგენდა. საბოლოოდ, კლეისტის არმია თბილისში უნდა შესულიყო და წინსვლა ბაქოსკენ გაეგრძელებინა. მაგრამ გერმანელებმა ამ ამოცანის გადაჭრა ვერ შეძლეს. ამის გამო „აბვერის“ ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, უარი ეთქვა თავდაპირველ გეგმაზე. გერმანული არმიის სარდლობამ გადაწყვიტა, ბატალიონის ასეულები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა მიმართულებით გამოეყენებინა. „ბერგმანის“ მობილური ჯგუფები მონაწილეობდნენ ვერმახტის საერთო შეტევით ოპერაციებში, მაგრამ ყველაზე ხშირად მათ სადაზვერვო-დივერსიულ და პროპაგანდისტულ ოპერაციებში იყენებდნენ. „ბერგმანის“ მებრძოლები ახორციელებდნენ დივერსიულ აქტებს, პანიკას თესდნენ მტრის ზურგში, აფეთქებდნენ ხიდებს და სარკინიგზო ხაზებს. ბატალიონი მონაწილეობდა მოზდოკის ოპერაციაში, მეოთხე ქართული ასეული თავგანწირვით იბრძოდა ყაბარდო-ბალყარეთის მონაკვეთზე, სადაც საკმაოდ მძიმე დანაკარგის მიუხედავად, ლეგიონერებმა არ დატოვეს სანგრები.

სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების გარდა, „ბერგმანს“ განსაკუთრებული მნიშვნელობა პროპაგანდის ფრონტზე ენიჭებოდა. სწორედ ამის საშუალებით ცდილობდნენ გერმანელები, წითელი არმიის რიგებში კავკასიური შენაერთებისა და კავკასიელი ეროვნების მებრძოლთა გადმობირებას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია „ბერგმანის“ პირველი და მეხუთე ქართული ასეულების მუშაობა, რომლებიც მოზდოკის სამხრეთით თერგის პლაცდარმს ამაგრებდნენ. ქართულ ენაზე ხმის გამაძლიერებლებით წარმოებულმა პროპაგანდისტულმა აქციამ უდიდესი გავლენა იქონია წითელი არმიის 414-ე ქართული მსროლელი დივიზიის მებრძოლებზე.

ამ პროპაგანდამ სულ მალე შესაბამისი შედეგი გამოიღო: 1942 წლის დეკემბერში 1375-ე პოლკის მე-3 ბატალიონის ნაწილმა პოზიციები მიატოვა და გერმანელებს ჩაბარდა. გერმანელების მხარეს გადავიდა 414-ე დივიზიის ერთ-ერთი საარტილერიო ბატარეის მთელი პირადი შემადგენლობაც. დეზერტირობის შემთხვევები იმდენად გახშირდა, რომ საბჭოთა სარდლობამ 414-ე ქართული დივიზია საერთოდ მოხსნა ფრონტის ხაზიდან და იგი სხვა ნაწილით შეცვალა.

„ბერგმანის“ მეთაური ობერლენდერი, მოგვიანებით, თავის ჩანაწერებში ასე იხსენებდა კავკასიის მისადგომებთან განვითარებულ მოვლენებს: „საღამოს საბრძოლო პოზიციებზე მყოფი ქართველი მეომრები ნაციონალურ სიმღერებს მღეროდნენ, რომელიც ძალიან კარგად ესმოდათ იქითა მხარეს. ყველას კარგად გვახსოვს ზაფხულის ის საღამოები, როდესაც ჩვენს მხარეს ჯგუფებად გადმოდიოდნენ საბჭოთა დივიზიის მებრძოლები. აქ კი მათ ღვინით ხელში თანამემამულეები ხვდებოდნენ, რომლებსაც გერმანული ვერმახტის სამხედრო ფორმა ეცვათ.

ჩვენ არც კი გვჭირდებოდა მათი განიარაღება. ისინი თავად ყრიდნენ იარაღს. ძალიან ხშირი იყო ნათესავებისა და ნაცნობების შეხვედრები. უმეტესობა ჩვენთან რჩებოდა, ზოგი ისევ უკან ბრუნდებოდა. ჩვენ მათ ვუშვებდით, რადგან კარგად ვიცოდით, თუ რა ზეგავლენას მოახდენდნენ ისინი წითელი არმიის ქართველ მებრძოლებზე. რამდენიმე დღის განმავლობაში 414-ე ქართული დივიზიიდან ჩვენს მხარეს 800-მდე მებრძოლი გადმოვიდა“.

გერმანიის მხარეს საბჭოთა მებრძოლების მასობრივმა გადასვლამ „ბერგმანის“ ხელმძღვანელობას ახალი ქვედანაყოფების შექმნის საშუალება მისცა. 1942 წლის შემოდგომის მიწურულს ობერლენდერის განკარგულებით „ბერგმანი“ რამდენიმე ასეულითა და ესკადრონებით გაძლიერდა.

დაახლოებით იგივე ვითარება იყო 795-ე ქართულ ბატალიონში, რომელიც კავკასიის მისადგომებთან 1942 წლის 10 სექტემბრიდან იბრძოდა. ბატალიონი 23-ე სატანკო საგრენადერო ბრიგადის დაქვედებარებაში იმყოფებოდა და ბაქსანის მონაკვეთზე იბრძოდა. ქვედანაყოფში 1000-მდე მებრძოლი ირიცხებოდა, რომელთაგან 937 ქართველი იყო. მას ობერლეიტენანტი შირი ხელმძღვანელობდა, თუმცა ქართველთა უშუალო მეთაურად პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე ითვლებოდა.

13 სექტემბერს ქვედანაყოფი ბრძოლაში ჩაერთო. 795-ე ბატალიონს სადაზვერვო ოპერაციის ჩატარება, მდინარე ბაქსანის ფორსირება და სტრატეგიული პლაცდარმის დაკავება დაევალა. მოხალისეებისგან მოიერიშე ჯგუფი შეირჩა, რომლის შემადგენლობაში 32 ქართველი და ორი გერმანელი შედიოდა. მიუხედავად თავდადებისა, ოპერაცია ნაწილობრივ წარუმატებელი აღმოჩნდა. ჯგუფში სამი ჯარისკაცი დაიღუპა ხოლო 2 მძიმედ დაიჭრა.

795-ე ბატალიონის პირისპირ, მდინარე ბაქსანის მეორე ნაპირზე, ამიერკავკასიის 392-ე ქართული დივიზია იდგა, რომელსაც პოლკოვნიკი სილაგაძე ხელმძღვანელობდა. საბრძოლო შეტაკებების გარდა ორ ქართულ ნაწილს შორის პროპაგანდისტული დაპირისპირებაც დაიწყო. საბჭოეთი ხმის გამაძლიერებლებისა და სააგიტაციო ფურცლების მეშვეობით, ქართველ ლეგიონერებს იარაღის დაყრას ურჩევდა. ამ შემთხვევაში ლეგიონერებს სრულ ხელშეუხებლობას ჰპირდებოდნენ. ამასთან, თუ ლეგიონერები ამას არ დასთანხმდებოდნენ, ბოლშევიკები საქართველოში დარჩენილი მათი ოჯახების რეპრესიებით იმუქრებოდნენ.

თავის მხრივ, კონტრპროპაგანდას ქართული ლეგიონიც აწარმოებდა. ამ დაპირისპირებაში გამარჯვება აშკარად გერმანელებს დარჩათ. მარტო 1942 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში 392-ე ქართული დივიზიიდან ვერმახტის მხარეს ორი ათასზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი გადავიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 27 სექტემბერს მომხდარი ფაქტი, როდესაც 392-ე დივიზიის 790-ე პოლკის ორი ბატალიონი მთლიანად გერმანელებთან აღმოჩნდა. მათ შორის იყო ოფიცერთა უმრავლესობა და პოლკის პოლიტკომისარიც კი. სწორედ ამის შემდეგ შეძლო 795-ე ქართულმა ბატალიონმა მოწინააღმდეგის შევიწროება, მდინარე ბაქსანის ფორსირება და სტრატეგიული პლაცდარმის ხელში ჩაგდება.

დეზერტირობის მასშტაბებს კარგად ასახავს 392-ე ქართული დივიზიის საგანგებო ნაწილის უფროსის, კუჭავას მოხსენებითი ბარათი. ამ ბარათის მიხედვით, ფრონტზე გაგზავნის წინ დივიზიის პირადი შემადგენლობა 11 ათას სამხედრო მოსამსახურეს აღწევდა, 1942 წლის ნოემბრისთვის კი დივიზიამ მოკლულების, დაჭრილებისა და, უფრო მეტად, დეზერტირობის გამო, 6 ათასზე მეტი კაცი მოისაკლისა. ბაქსანის პლაცდარმის დაკარგვის შემდეგ საბჭოთა სარდლობამ 392-ე ქართული დივიზიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. სამხედრო შენაერთი ფრონტიდან საერთოდ მოხსნეს და მთლიანად დაშალეს.

დეზერტირობის შემთხვევები იყო გერმანული მხრიდანაც. მაღლაკელიძის ცნობებით, 795-ე ქართული ბატალიონიდან 18 ჯარისკაცი საბჭოთა მხარეს გადავიდა. ამ მხრივ საყურადღებოა ბატალიონის მეორე ასეულის მეთაურის, კონსტანტინე ტყეშელაშვილის შემთხვევა, რომელმაც წასვლის წინ შალვა მაღლაკელიძეს გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა. როგორც ტყეშელაშვილი წერდა, იგი არ მიიჩნევდა თავს გერმანიის მტრად და მადლობას იხდიდა, რომ ლეგიონში ჩარიცხვით მას ასეთი დიდი ნდობა გამოუცხადეს, მაგრამ იქვე აღნიშნავდა, რომ მისთვის ძალიან მძიმეა ქართული ნაწილების წინააღმდეგ ბრძოლა. იგი იძულებულია, დატოვოს ლეგიონი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლშევიკები მის ახლობლებს გაანადგურებდნენ. წერილის ბოლოს ტყეშელაშვილი იმედს გამოთქვამდა, რომ გერმანული არმია, უახლოეს პერიოდში შეძლებდა საქართველოში შემოსვლას.

დეზერტირობის ყველაზე სერიოზული შემთხვევა კი 1942 წლის 10 ოქტომბერს მოხდა, როდესაც საშტაბო ასულის მეთაურის, მიხეილ მურმანიძის მეთაურობით, საბჭოთა მხარეს 33 ჯარისკაცი გადავიდა. ამ შემთხვევის შემდეგ 795-ე ქართულ ბატალიონში რეორგანიზაცია დაიწყო. ის ლეგიონერები, რომელთა სანდოობაც ეჭვს იწვევდა, საგზაო-სამშენებლო ნაწილებში გადაიყვანეს, ხოლო თავად ბატალიონი ორ ასეულამდე დაიყვანეს.

1942 წლის ოქტომბრის მიწურულიდან კავკასიის ფრონტზე მყოფი გერმანული ნაწილები გამოიფიტნენ. წითელი არმიის წინააღმდეგობის შედეგად გერმანელებმა ვერ შეძლეს დასახული ამოცანის მიღწევა: მათ ვერ დაიკავეს გროზნოს ოლქი, ვერ მოახერხეს კავკასიონის გადალახვა და საქართველოში დამკვიდრება. ამ წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი სტალინგრადის მისადგომებთან მიმდინარე სასტიკი ბრძოლები გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერმახტის ნაწილებმა ქალაქის უდიდესი ნაწილი დაიკავეს, მათ ვერ შეძლეს სტალინგრადის სრული დამორჩილება და მდინარე ვოლგის გადაჭრა.

1942 წლის კამპანიის დროს გერმანული სარდლობა ძირითად აქცენტს სწორედ სტალინგრადზე აკეთებდა _ თუ ქალაქი დაეცემოდა, საბჭოთა კავშირი, დიდი ალბათობით, დამარცხდებოდა კიდეც. ძირითადი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად ვერმახტმა ფელდმარშალ ფონ ლისტის დაჯგუფების შესუსტება და კავკასიიდან ჯარების სტალინგრადის მიმართულებით გადასროლა დაიწყო. ამით უმალ ისარგებლეს საბჭოთა ჯარებმა და კავკასიონთან მეტოქის შევიწროება დაიწყეს.

1943 წელს ვერმახტმა სტალინგრადთან საშინელი კატასტროფა განიცადა. პაულუსის 300-ათასიანი მე-6 არმია ჯერ ალყაში აღმოჩნდა, შემდეგ კი წითელი არმიის მიერ მეთოდურად განადგურდა. გერმანიამ ტოტალური უკანდახევა დაიწყო.

ვერმახტთან ერთად უკან იხევდნენ ქართული ლეგიონის ნაწილებიც. სპეცდანიშნულების ბატალიონი „ბერგმანი“, ისევე როგორც სხვა ქართული ბატალიონები, ყირიმში გადაისროლეს, სადაც სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციასთან ერთად, მათ უკვე  პარტიზანებთან საბრძოლველადაც იყენებდნენ.

1943-1945 წლებში ქართული ბატალიონები ვერმახტის შემადგენლობაში მონაწილეობდნენ უკრაინაში, ბელარუსში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, პოლონეთში, გერმანიაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.

ბოლო ბრძოლა ქართული ლეგიონის ერთ-ერთმა ნაწილმა 1945 წლის გაზაფხულზე ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე გადაიტანა. ქრონოლოგიურად ეს იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ მას ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ვითარება განსხვავებული იყო _ ვერმახტის 882-ე ქართული ბატალიონი გერმანელებს აუჯანყდა. ვერმახტის ნაწილებსა და ქართველ მებრძოლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 1945 წლის 4 აპრილიდან 20 მაისამდე მიმდინარეობდა. გერმანელებმა აჯანყება ჩაახშეს. დაიღუპა 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები.

მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ ქართული ლეგიონის უდიდესი ნაწილი მოკავშირეების ტყვეთა საფილტრაციო ბანაკებში აღმოჩნდა. მათი უმრავლესობა საბჭოთა კავშირს გადასცეს. ლეგიონის ოფიცრებსა და სერჟანტებს საბჭოთა სპეცსამსახურები კოლაბორაციონიზმის ბრალდებით ადგილზევე ხვრეტდნენ, ჯარისკაცთა დიდი ნაწილი კი ციმბირის ბანაკებში გაისტუმრეს, სადაც მათ აუტანელ გარემოში ამუშავებდნენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ ქართული და, ზოგადად, კავკასიური ლეგიონების ბრძოლისუნარიანობა საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა, რადგან ჯარისკაცებმა კარგად იცოდნენ, რომ ტყვეობაში მათ უეჭველი სიკვდილი ელოდათ. საბჭოთა არმიაში არსებობდა სპეციალური ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც კოლაბორაციონისტებს ტყვეობაში არ ტოვებდნენ და მომენტალურად ხვრეტდნენ.

რაც შეეხება სტატისტიკას: გერმანული ვერმახტის შემადგენლობაში შექმნილ ქართულ ნაციონალურ ფორმირებებში 1941-1945 წლებში, დაახლოებით, 30 ათასი ქართველი ჯარისკაცი მსახურობდა.

 

სტატიის მომზადებისას გამოყენებულია გიორგი მამულიას წიგნის „ქართული ლეგიონის“ მასალები

 

მიხეილ ბასილაძე