ვერმახტის რიგებში საქართველოს სახელით (ნაწილი პირველი)

საბჭოთა პერიოდში ისინი მოღალატეებისა და ფაშისტების სახელს ატარებდნენ, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი მათ მიმართ დამოკიდებულება, გარკვეულწილად, შეიცვალა. საზოგადოების ნაწილი მათ დღეს უკვე გმირებად და პატრიოტებად მიიჩნევს. საუბარია ქართული ლეგიონის ჯარისკაცებზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

რას წარმოადგენდა ქართული ლეგიონი და ვინ იბრძოდა მის რიგებში? ვინ იყვნენ ისინი: პატრიოტები თუ ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტები? ქართული ლეგიონის დეკლარირებული მიზანი საბჭოთა კავშირისგან საქართველოს ჩამოშორება და გერმანიის მფარველობის პირობებში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა იყო. ეს იყო გერმანული ვერმახტის ქოლგის ქვეშ შექმნილი ბატალიონები, რომლებიც, ძირითადად, ქართველი ემიგრანტებისა და ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ეროვნების საბჭოთა ჯარისკაცებისგან შედგებოდა.

ეს არ იყო რაღაც განსაკუთრებული მოვლენა. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად მესამე რაიხი აქტიურად იყენებდა ნაციონალური პრინციპით დაკომპლექტებულ სამხედრო ნაწილებს. ვერმახტის შემადგენლობაში ირიცხებოდა რუსული, უკრაინული, სომხური, აზერბაიჯანული, ქართული სამხედრო ნაწილები, ჩრდილოკავკასიელებისგან შედგენილი ბატალიონები, ბალტიისპირელების დივიზიები და ა. შ. ნაცისტების მიერ  წარმოებული პროპაგანდის შედეგად, ამ შენაერთების ჯარისკაცთა უმრავლესობას სჯეროდა, რომ საბჭოეთის დამარცხების შემდეგ მისი სამშობლო განთავისუფლდებოდა და დამოუკიდებლობას მიიღებდა.

რასაკვირველია, რეალურად, გერმანიას სულ სხვა მიზნები ამოძრავებდა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებას ნაკლებად განიხილავდა. ჰიტლერის მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირის დაშლა და წითელი იმპერიის ადგილზე ეროვნულ-ტერიტორიული ნიშნით, სპეციალური ერთეულების _ ე. წ. რაიხსკომისარიატების შექმნა იყო, რომლებსაც კოლონიური ტიპის მმართველობა ექნებოდათ. უბრალოდ, გერმანული პროპაგანდა პატრიოტულ გრძნობებზე თამაშობდა და დასახული ამოცანის მისაღწევად ამ პატრიოტულ სულისკვეთებას მაქსიმალურად იყენებდა.

რა თქმა უნდა, ნაციონალურ ბატალიონებში გაწევრიანების მიზეზი მხოლოდ სამშობლოსადმი სიყვარული არ იყო. ამ სამხედრო ფორმირებების ძირითად ბირთვს ტყვედ ჩავარდნილი და საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცები წარმოადგენდნენ. ვერმახტის რიგებში შესვლა, პატრიოტულ გრძნობებთან ერთად, სიცოცხლის შენარჩუნების სურვილითაც იყო ნაკარნახევი და რიგ შემთხვევაში, ეს სურვილი ხშირად იდეურ-მორალურ პრინციპებზე მაღლა იდგა.

ვერმახტის შემადგენლობაში ქართული და, ზოგადად, სხვა ნაციონალური სამხედრო ნაწილების შექმნის საკითხს გერმანიის მთავრობის შესაბამისი უწყებები საბჭოთა კავშირზე თავდასხმამდე კარგა ხნით ადრე ამუშავებდნენ. თუმცა ეს თემა მხოლოდ იდეის დონეზე განიხილებოდა, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნდა. საკითხმა აქტუალობა 1941 წლის ივნისში შეიძინა, როდესაც ჰიტლერის ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირთან ომი წამოიწყო. სამხედრო კონფლიქტის დაწყებისთანავე, გერმანულმა არმიამ უდიდეს წარმატებას მიაღწია და მოკლე დროში თითქმის მთლიანად დაიკავა ბელარუსი, მოლდოვა, ბალტიისპირეთი და უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი. ვერმახტის სწრაფმა წინსვლამ წითელი არმიის სრული პარალიზება გამოიწვია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ალყაში ასეულობით ათასი საბჭოთა ჯარისკაცი აღმოჩნდა, რომელთა უმეტესობა გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს.

თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, კარგად დაწყებულმა ბლიცკრიგმა შესაბამისი გაგრძელება ვერ ჰპოვა. რუსებმა გერმანელთა შეტევის შეჩერება მოსკოვთან მოახერხეს. ბერლინი შეეგუა იმას, რომ სწრაფი სამხედრო კამპანიის მეშვეობით საბჭოეთის დამარცხებას ვერ შეძლებდა და ხანგრძლივი ომისთვის მზადებას შეუდგა.

გენშტაბში მომზადებული გეგმის მიხედვით, გერმანიის არმია დარტყმის მიმართულებას ცვლიდა და მოსკოვის ნაცვლად  ძირითადი აქცენტი სამხრეთის მიმართულებაზე გადაჰქონდა. ბერლინმა მდინარე ვოლგაზე გასვლა, ამ გზით საბჭოთა კავშირის შუაზე გაჭრა, მისგან კავკასიის მოწყვეტა და ნავთობით მდიდარი ბაქოს რაიონის დასაკუთრება გადაწყვიტა. ამ მიზნის მიღწევაში კი კავკასიური ნაციონალური ბატალიონების გამოყენება, სამხედრო თვალსაზრისის გარდა, მნიშვნელოვან პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ დატვირთვას იძენდა. სწორედ ამის შემდეგ გადადგა მესამე რაიხმა კავკასიელებისგან ნაციონალური შენაერთების შექმნის რეალური ნაბიჯი.

ნაციონალური შენაერთების შექმნაზე ფიქრი გერმანიამ 1941 წლის შემოდგომაზე დაიწყო და იგი თურქეთის ინიციატივას უკავშირდებოდა. ოქტომბერში აღმოსავლეთის ფრონტზე მაღალი რანგის თურქ სამხედროთა ჯგუფი იმყოფებოდა, რომელთაც ტყვეთა ბანაკებში თურქულენოვანი საბჭოთა სამხედრო ტყვეები მოინახულეს. ფრონტის ხაზიდან დაბრუნების შემდეგ თურქი სამხედროები ფიურერმა მიიღო. თურქებმა ჰიტლერს ვერმახტის შემადგენლობაში თურქული წარმომავლობის ტყვეებისგან მოხალისეთა ბატალიონის შექმნა სთხოვეს. ჰიტლერმა ამაზე თანხმობა განაცხადა.

ამავე პერიოდში დაიწყო ფიქრი კავკასიელებისგან დაკომპლექტებული ანალოგიური სამხედრო შენაერთის ფორმირებაზეც. ეს ინიციატივა აღმოსავლეთის ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტროს მთავარი პოლიტიკური დეპარტამენტის ზოგადი საკითხების განყოფილების უფროსს, ფონ ბროიტიგამს და კავკასიური განყოფილების უფროსს, პროფესორ გერჰარდ ფონ მენდეს ეკუთვნოდა. საკმაოდ მალე აღმოსავლეთის საქმეთა სამინისტროს კავკასიის განყოფილებაში ქართული ქვეგანყოფილება შეიქმნა. ახალი სტრუქტურის უფროსად აღმოსავლეთის საქმეთა მინისტრის, ალფრედ როზენბერგის ახლო მეგობარი, ქართველი ემიგრანტი, გიორგი მაღალაშვილი დაინიშნა.

ჯერ კიდევ 1941 წლის აგვისტოში, აღმოსავლეთის ტერიტორიების სამინისტროს ეგიდით, ე. წ. სამხედრო ტყვეების საკითხთა კომისია შეიქმნა. ეს კომისია საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილი საბჭოთა ტყვეების ეროვნული ნიშნით აღწერას აწარმოებდა. გიორგი მაღალაშვილი გერმანიაში განლაგებულ ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკებში დადიოდა და ქართველ ტყვეებს ეძებდა. ამ საქმეში შემდეგ მან უკვე ქართველი ემიგრანტებიც ჩართო, რომელთა მეშვეობით დადგინდა, რომ გერმანიის, პოლონეთისა და გერმანიის მიერ ოკუპირებულ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ ბანაკებში, დაახლოებით, 18 ათასი ქართველი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. გარდა ამისა, გერმანელების მიერ სპეციალურ ბანაკებში გადაგზავნილი იყო დამატებით კიდევ 15 ათასი ქართველი ჯარისკაცი.

მაღალაშვილის მფარველობის შედეგად, ამ ჯარისკაცების უმრავლესობა 1941-42 წლების მკაცრ ზამთარს საკონცენტრაციო ბანაკებში მშვიდობიანად გადაურჩა. სწორედ ამ ჯარისკაცებისგან შედგა უკვე შემდგომ პირველი ქართული ბატალიონები. მაღალაშვილი მიიჩნევდა, რომ ქართული ბატალიონების შექმნა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას ემსახურებოდა და ამ შენაერთების საშუალებით მომავალ ქართულ ჯარს საფუძველი იყრებოდა.

 

***

თუმცა სანამ უშუალოდ ქართული ლეგიონის შექმნასა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მის საბრძოლო გზაზე ვისაუბრებთ, აუცილებელია შევეხოთ იმ პოლიტიკურ საფუძველს, რომელმაც განაპირობა ლეგიონის დაფუძნება. ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართულმა ემიგრაციამ, რომლის გარეშეც ასეთი ტიპის შენაერთების ფორმირება, უბრალოდ, შეუძლებელი იქნებოდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქართველი პოლიტიკოსები და სამხედროები, ძირითადად, გერმანიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში დამკვიდრდნენ. ტფილისის იუნკერთა სასწავლებლის ყოფილი კურსანტების უმეტესობა საფრანგეთისა და პოლონეთის არმიაში მსახურობდა, ქართული პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვან ნაწილს კი საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა გერმანიასთან. ეს, პირველ რიგში, იმ ფაქტით იყო გამოწვეული, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიამ მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს და სწორედ მისი პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის მეშვეობით მოხერხდა თურქული ოკუპაციის შეჩერება.

გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველო და ახალგაზრდა რესპუბლიკის მფარველობა ითავა. საქართველოში იდგა 18 ათასიანი გერმანული სამხედრო კორპუსი, საქართველოს ეკონომიკაში აქტიურად იდებოდა გერმანული ინვესტიციები, საქართველოში იყო მრავალრიცხოვანი გერმანული დიასპორა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში გერმანია დამარცხდა და საქართველოდან მისი სამხედრო კონტინგენტი გავიდა, საქართველოსა და გერმანიის სამხედრო-პოლიტიკურ წრეებს შორის ურთიერთობა მაინც არ შეწყვეტილა.

ეს ურთიერთობა 1933 წლის დასაწყისში გერმანიის სათავეში ჰიტლერის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მოსვლის შემდეგაც გაგრძელდა. გერმანიის სამთავრობო სტრუქტურებში მრავლად იყვნენ ისეთი პირები, რომლებმაც უშუალო მხადაჭერა აღმოუჩინეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ერთ-ერთი ასეთი ფიგურა გრაფი ფრიდრიხ ფონ დერ შულენბურგი გახლდათ. შულენბურგი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღმოსავლური და, მათ შორის, კავკასიური საკითხების მთავარ ექსპერტად მიიჩნეოდა. საბჭოთა კავშირთან ომის დაწყების დროს იგი მოსკოვში გერმანიის დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა, საქართველოს თემა კი მისთვის საერთოდაც ახლობელი იყო. შულენბურგის უშუალო რჩევითა და ძალისხმევით გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა; თურქული არმიის შესაჩერებლად, 1918 წელს, სწორედ მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა გერმანელი კოლონისტების ლეგიონი; იგი იყო გერმანიის პირველი ელჩი საქართველოში.

შულენბურგი, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა, საბჭოთა კავშირთან ომის წინააღმდეგ გამოდიოდა. მაგრამ ამ პოზიციის მიუხედავად, მაინც აქტიურად შეუდგა კავკასიის მიმართ გერმანიის პოლიტიკური კურსის განსაზღვრისთვის საჭირო კონცეფციის შემუშავებას. ამ წამოწყებაში მას მხარს უჭერდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოაჰიმ ფონ რიბენტროპიც.

უნდა ითქვას, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და, პირველ რიგში, შულენბურგის ხედვა რადიკალურად განსხვავდებოდა ჰიტლერის პარტიის ძირითადი ხაზისგან. შულენბურგი მიიჩნევდა, რომ რუსების დამარცხება მხოლოდ რუსების ხელითვე იყო შესაძლებელი. ამიტომ მისი გეგმით გერმანიას ხელი უნდა შეეწყო რუსეთში სამოქალაქო ომის გაღვივებისთვის და ანტიკომუნისტური რუსული მთავრობის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც შემდეგ სტალინის ხელისუფლებას შეცვლიდა.

რაც შეეხება საბჭოთა მოკავშირე რესპუბლიკებს, შულენბურგს მიაჩნდა, რომ გერმანიას მათი დამოუკიდებლობა უნდა ეცნო და ისინი მოკავშირეებად განეხილა. შულენბურგი განსაკუთრებით საქართველოს დამოუკიდებლობის უჭერდა მხარს. თავისთავად ცხადია, რომ საქართველოში გატარებული წლების შემდეგ მას ქართველებისადმი პირადი სიმპათია ჰქონდა, მაგრამ, ამასთანავე, კარგად ესმოდა, რომ ქართველები გერმანიას მეგობარ ქვეყნად განიხილავდნენ და მათი მხარდაჭერის შემთხვევაში, გერმანია სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონზე სრულ გავლენას მოიპოვებდა.

ოკუპირებული ტერიტორიების მოწყობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა აღმოსავლეთის ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტროს შეფს, ალფრედ როზენბერგს. როზენბერგი ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ძველ გვარდიას ეკუთვნოდა. მას პირადი ურთიერთობა ჰქონდა ფიურერთან და ჰიტლერი მის აზრს ყოველთვის ითვალისწინებდა. ამდენად, საბჭოთა კავშირის მომავალი მოწყობის მიმართ როზენბერგის პოზიცია ჰიტლერის მთავრობის საერთო ხაზს იმეორებდა.

მართალია, როზენბერგს, შულენბურგის მსგავსად, წითელი იმპერიის მარტივ მამრავლებად დაშლა სურდა, მაგრამ ნაციონალურ წარმონაქმნებს იგი მხოლოდ ბუფერული ტერიტორიის ფუნქციას ანიჭებდა. ამდენად, დამოუკიდებელი სახელმწიფოების ფორმირებაზე საუბარი საერთოდ არ იყო. ეს იქნებოდა გერმანიის გავლენის ქვეშ მოქცეული სივრცე _ ე. წ. რაიხსკომისარიატები, რომლის მმართველობა ბერლინიდან დანიშნული კომისრის მეშვეობით განხორციელდებოდა.

ამ გეგმის მიხედვით, რუსეთის ტერიტორია რუსების ეთნიკურ საზღვრებამდე შემცირდებოდა და იქ მკაცრი გერმანული მმართველობა დაწესდებოდა. გარდა ამისა, უნდა შექმნილიყო „ოსტლანდის“ (ბალტიისპირეთი, ბელარუსი) და „კრაინის“ (უკრაინა) რაიხსკომისარიატები. დაგეგმილი იყო, აგერეთვე, „კავკასიისა“ და „თურქესტანის“ (ცენტრალური აზია) რაიხსკომისარიატების ჩამოყალიბება, რომლებსაც მესამე რაიხის შემადგენლობაში, სხვებთან შედარებით, მეტი ავტონომია ექნებოდათ. ეს გეგმა კავკასიისთვის, ფაქტობრივად, შეზღუდულ დამოუკიდებლობას ნიშნავდა.

ძირითადი საკითხი, რომლის შესახებაც გერმანიის მთავრობაში ყველა თანხმდებოდა, შემდეგი იყო: გერმანიის პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, კავკასია სამუდამოდ უნდა განთავისუფლებულიყო ბოლშევიკური მმართველობისგან.

1941 წლის მიწურულს და 1942 წლის დამდეგისთვის კავკასიის საკითხის გააქტიურებას ბუნებრივად მოჰყვა გერმანიის ხელისუფლების მჭიდრო კონტაქტი ქართულ ემიგრაციასთან. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა საფრანგეთში მოქმედი ქართული პატრიოტული ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“, რომელიც, ჯერ კიდევ, 1924 წლის სექტემბერს პოლიტიკური ემიგრაციის მემარჯვენე ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა დააფუძნეს. ორგანიზაციის წესდებაში უმთავრეს ამოცანად ქართული ეროვნული სახელმწიფოს აღდგენა იყო მითითებული. ამ ორგანიზაციას 1924 წლის მიწურულს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი რაზმის წევრები დაემატნენ, რომლებიც საქართველოში მოწყობილი წარუმატებელი სამხედრო აჯანყების შემდეგ საფრანგეთში აღმოჩნდნენ.

„რუსული ნაჯახით მოსჩეხეს ისედაც განახევრებულ საქართველოს მისი მიწა-წყლის თითქმის მეოთხედი და მით იყიდეს ოსმალეთის მეგობრობა და ამიერ-კავკასიის ერთა შორის შექმნეს ის მოჩვენებითი მშვიდობიანობა, რომელიც თავის სიღრმეში ატარებს ისეთი შუღლისა და შურისძიების ელემენტებს, რომელიც არასდროს არსებულა ამ ერთა შორის. საქართველოს საკუთრებად ცნობილი ტერიტორიაც კი ხელოვნურად რამოდენიმე ავტონომიურ რესპუბლიკად დაანაწილეს…

…საქართველოში ყველა ბატონობს გარდა ქართველისა: საქართველოში ყველაფერი კეთდება გარდა ქართულისა; საქართველო ყველაფერია, გარდა საქართველოისა,“ _ აღნიშნული იყო „თეთრი გიორგის“ დეკლარაციაში. ამავე დოკუმენტის დასკვნით ნაწილში მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული ორგანიზაციის ძირითადი მიზნები: ერის განთავისუფლება რუსეთის მონობისგან; საქართველოს მთლიანობის აღდგენა; ბრძოლა რუსული ენის, აზროვნებისა და ყოველგვარი რუსულის ბატონობის წინააღმდეგ.

1925 წელს ორგანიზაციის ხელმძღვანელი გენერალი ლეო კერესელიძე გახდა. „თეთრი გიორგის“ იდეოლოგიური ბაზა პოლიტიკურმა მოღვაწემ, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორმა, მიხეილ წერეთელმა შექმნა. წერეთელი, ჯერ კიდევ,  პირველი მსოფლიო ომის წლებში იყო გერმანიაში მოქმედი ორგანიზაციის _ „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იგი იბრძოდა ანტანტის წინააღმდეგ და გერმანიის მეშვეობით რუსეთის იმპერიისგან საქართველოს განთავისუფლებას  ცდილობდა.

მკვეთრად გამოხატული ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი ორგანიზაციისთვის საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა ფაშისტური მოძრაობა, რომელიც 20-იანი წლების პერიოდში ევროპაში ძალას იკრებდა:  „მარქსისტული დისციპლინის მიზანი ანტიეროვნულია. იგი ცდილობს ეროვნულ ფუძეთა და თვით ერის დანგრევას. ხოლო ფაშისტური დისციპლინის მიზნები ეროვნულია“, _ აღნიშნავდა „თეთრი გიორგის“ ხელმძღვანელი ლეო კერესელიძე თავის ერთ-ერთ სტატიაში.

დროთა განმავლობაში „თეთრი გიორგის“ რიგებში განხეთქილება მოხდა, რომელიც იდეოლოგიურ განსხვავებებს უკავშირდებოდა. ლეო კერესელიძე იტალური ფაშიზმის მომხრე იყო და მიაჩნდა, რომ საქართველოს ბოლშევიზმისგან განთავისუფლების საქმეში მოკავშირე იტალია უნდა ყოფილიყო, მაშინ როდესაც ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა მაღლაკელიძე, გერმანული ფაშიზმის მოდელს ემხრობოდა. ამ განსხვავებების შედეგად, „თეთრ გიორგის“ მაღლაკელიძის ჯგუფი გამოეყო.

თუმცა „თეთრი გიორგის“ ორგანიზაცია მხოლოდ ნაწილი იყო ქართული ემიგრაციისა, რომელიც, პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით, საკმაოდ ჭრელ კრებულს წარმოადგენდა. ქართული ემიგრაციის მთავარი ძალა _ სოციალ-დემოკრატიული პარტია, სულაც არ იზიარებდა მემარჯვენე ნაციონალისტური ორგანიზაციების სიმპათიებს ფაშიზმის მიმართ.

ჯერ კიდევ 1940 წელს ნოე ჟორდანიას პოლიტიკური ფრთა გერმანიას საბჭოთა კავშირის მოკავშირედ განიხილავდა. 1939 წლის აგვისტოში გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც სხვანაირად მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელით არის ცნობილი, სწორედ ასეთი დასკვნის გამოტანის საბაბს იძლეოდა. სხვა საქმე იყო, რომ გერმანელები საბჭოებთან თანამშრომლობას დროებით მოვლენად განიხილავდნენ და იგი მხოლოდ პოლონური პრობლემის გადასაჭრელად სჭირდებოდათ. რასაკვირველია, ჰიტლერის ასეთი გათვლა ქართული ემიგრაციისთვის უცნობი იყო. სწორედ ამით გახლდათ გამოწვეული ჟორდანიას განცხადება, რომლის მიხედვითაც დევნილობაში მყოფი საქართველოს მთავრობა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბლოკს უცხადებდა მხარდაჭერას.

1940 წლის 10 მაისს გერმანული არმია დასავლეთის ფრონტზე შეტევაზე გადავიდა. ვერმახტის შეტევა ისეთი სწრაფი და ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ სამხედრო კამპანიის დაწყებიდან ერთ თვეში _ 14 ივნისს, გერმანელებმა უკვე პარიზი დაიკავეს. 22 ივნისს ფრანგული მხარე იძულებული გახდა, ქვეყნისთვის დამამცირებელი ზავისთვის მოეწერა ხელი.

გერმანული ოკუპაციის პირობებში, ქართული ემიგრაციის სოციალ-დემოკრატიული ფრთა რეალური რეპრესიების საშიშროების წინაშე დადგა. თუმცა ქართველები დაპატიმრებას პროგერმანული ორიენტაციის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, მიხეილ კედიას ძალისხმევის შედეგად გადაურჩნენ. გასაბჭოების შემდეგ კედია გერმანიაში დამკვიდრდა. მოგვიანებით, იგი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, თუმცა გერმანიასთან კონტაქტი არ გაუწყვეტია.

1940 წლის ივლისში, გერმანიაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი ელჩის, ლადო ახმეტელისა და საფრანგეთში გერმანიის სამხედრო დაზვერვის („აბვერი“) წარმომადგენლის, დოქტორ მერკერტის რეკომენდაციით, მიხეილ კედია „ქართული ბიუროს“ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ ბიუროს საფრანგეთში მოქმედი ქართული ემიგრაციის საკოორდინაციო ფუნქცია უნდა შეესრულებინა.

გერმანულ სპეცსამსახურებთან კედიას პირველი კონტაქტი 1940 წლის 7 ივლისს შედგა. კედიამ „აბვერთან“ თანამშრომლობის სანაცვლოდ გარკვეული პირობები წამოაყენა. კედია საფრანგეთში მცხოვრები ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ხელშეუხებლობას ითხოვდა. შედეგად, ქართველი სოციალ-დემოკრატები საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნას გადარჩნენ. მეტიც, კედიას ძალისხმევით 80 ქართველი ებრაელის გადარჩენაც მოხერხდა.

გერმანიის ხელისუფლებასთან ქართული ემიგრაციის თანამშრომლობამ 1942 წლის ზაფხულში შესაბამისი შედეგი გამოიღო: როზენბერგის უწყებამ გერმანიაში ქართული ნაციონალური კომიტეტის დაფუძნებაზე თანხმობა განაცხადა, რაც მესამე რაიხის მიერ საქართველოს პოლიტიკური წარმომადგენლობითი ორგანოს ერთგვარი აღიარება გახლდათ. ფორმალური თვალსაზრისით, ნაციონალურ კომიტეტს მხოლოდ სათათბირო ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ ეს უკვე დიდი მიღწევა იყო, რადგან ამ კომიტეტის საშუალებით, ემიგრაციას საქართველოს მოწყობის საქმეში მონაწილეობის მიღება შეეძლო.

კომიტეტის ხელმძღვანელობა მიხეილ წერეთელმა ჩაიბარა. ამავე კომიტეტში შედიოდნენ: გიორგი მაღალაშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი სპირიდონ კედია, აგრეთვე ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან დაახლოებული პროფესორი ზურაბ ავალიშვილი.

მიუხედავად მესამე რაიხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისა,  ეროვნული კოტეტის დაფუძნებას ნოე ჟორდანიამაც დაუჭირა მხარი. მან გვერდზე გადადო ყველა იდეოლოგიური და პარტიული დაპირისპირება და პირადად სთხოვა სპირიდონ კედიასა და ავალიშვილს კომიტეტში მუშაობაზე თანხმობა განეცხადებინათ. ჟორდანიას აზრით, კომიტეტის ძირითადი მიზანი _ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, თუნდაც გერმანიის პროტექტორატის ქვეშ _ ზეპარტიულ ამოცანას წარმოადგენდა.

სწორედ ამ კომიტეტის დაარსების შემდეგ დაიწყო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა ვერმახტის შემადგენლობაში ქართული ლეგიონის ჩამოყალიბებისკენ.

 

სტატიის მომზადებისას გამოყენებულია გიორგი მამულიას წიგნის, „ქართული ლეგიონის“ მასალები

მიხეილ ბასილაძე