ვენეციის რეკომენდაცია და „ოცნების“ დაპირება – კონსენსუსი თუ ერთპარტიული კონსტიტუცია?

ბოლო რამდენიმე კვირაა, მთავარი პოლიტიკური ტერმინი, რომელსაც საქართველოში იყენებენ, არის „პოლიტიკური კონსენსუსი“, _ კონსენსუსი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსენსუსი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, კონსენსუსი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, კონსენსუსი მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით და ა. შ.

სიტყვა „კონსენსუსის“ მნიშვნელობა ერთიათად გაიზარდა მას შემდეგ, რაც „ვენეციის კომისიის“ ხელმძღვანელობამ პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობა მთავარ პრობლემად დაასახელა საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან დაკავშირებით. ანუ „ვენეციის კომისიამ“, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საბოლოო დასკვნა არ გამოუქვეყნებია, „ოცნებას“ ნათლად მიანიშნა, რომ სხვა პარტიებთან შეუთანხმებელ და ერთპარტიულ რეჟიმში მიღებულ ცვლილებებს „ვენეციის კომისია“ პოზიტიურად ვერ შეაფასებს. კონსენსუსის გარეშე არ არესბობს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა. კონსტიტუცია და, უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო სისტემა არის ერთგვარი თამაშის წესი, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და მისაღები ყველა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშისთვის ქვეყანაში.

საარჩევნო სისტემამ ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის თანაბარი პირობები უნდა უზრუნველყოს. ამიტომ ყველა დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში ყოვლად დაუშვებელია ასეთი თამაშის წესები, ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიმუშავოს. ეს უნდა იყოს ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის შეთანხმების საგანი, რასაც, საბოლოო ჯამში, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსი ჰქვია.

გარდა იმისა, რომ „ვენეციის კომისიის“ ხელმძღვანელებმა თავის კომენტარებში კონსენსუსის არარსებობა ღიად გააკრიტიკეს, ასევე ღიად გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ამ ხარვეზს და მის გამოსასწორებლად ძალღონეს არ დაიშურებს. ეს კი ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან კონსენსუსის მისაღწევად. ასეთი შეხვედრის აუცილებლობა თავად „ოცნების“ ლიდერების დაპირებებმაც განაპირობა. კობახიძემაც და მთელმა მისმა გუნდმაც არაერთხელ განაცხადა, რომ „ვენეციის კომისიის“ ყველა რეკომენდაციას უსიტყვოდ შეასრულებდნენ. და, აი, პირველი რეკომენდაციაც: მართალია, ჯერ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გაჟღერებული, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ რეკომენდაცია კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით აუცილებლად მოხვდება საბოლოო დასკვნაშიც.

თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ, დიდი ალბათობით, დასკვნაში არა მხოლოდ კონსენსუსის არარსებობა მოხვდება. კულუარული წყაროები ვენეციიდან იუწყება, რომ დასკვნაში ასევე იქნება საუბარი გადაუნაწილებელ მანდატებზეც, რომელთა მისაკუთრებასაც ითხოვს „ქართული ოცნება“. თუ ეს კულუარული ხმები გამართლდა, ამაში გასაკვირი არაფერი იქნება, რადგან ფორმულა, „გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი“, საარჩევნო სისტემის დემოკრატიულობაზე არ მეტყველებს. ხელისუფლების სურვილი, მიისაკუთროს ის, რაც მას არ ეკუთვნის, მთელ მსოფლიოში აღიქმება, როგორც ძალაუფლების უზურპაციის მცდელობა, რასაც ავტოკრატიული მმართველობის ელფერი დაჰკრავს. დემოკრატია ძალაუფლების გადანაწილებაა, ავტოკრატია კი მისი ერთ ხელში კონცენტრაცია.

ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მისთვის სასურველ დასკვნას „ქართული ოცნება“ „ვენეციის კომისიისგან“ ვერ მიიღებს. ყოველ შემთხვევაში, ეს ორი რეკომენდაცია საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ხელისუფლებას თავდაყირა დაუდგეს ყველაფერი. და მაინც, გავიხსენოთ, რომელ „ყველაფერზეა“ საუბარი?..

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებისა და შეუთანხმებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი საარჩევნო სისტემაა. ხელისუფლება გვთავაზობს: 1. ყველა გადაუნაწილებელი მანდატი პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ მიიღოს საჩუქრად; 2. გაუქმდეს პოლიტიკური ბლოკების შექმნის უფლება და ყველა პარტიამ ინდივიდუალურად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში; 3. საარჩევნო ბარიერი ისევ 5% დარჩეს, ანუ არ დაიწიოს.

აქვე გეტყვით, რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს ქვეყანა, სადაც ეს სამი კომპონენტი ერთად იყოს თავმოყრილი საარჩევნო სისტემაში. იქ, სადაც გადაუნაწილებელი მანდატების მიკუთვნებაა, ანუ ბონუსების სისტემა, არსებობს ზღვარი, რომელზე მეტსაც დეპუტატს გამარჯვებული პარტია ვერ შეიყვანს პარლამენტში, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის ხელში არ აღმოჩნდეს. იქ, სადაც გაუქმებულია ბლოკების შექმნის უფლება, არ არსებობს ბარიერი. ერთი სიტყვით, ყველგან ყველაფერი დაბალანსებულია, ყველა ცივილიზებული ქვეყანა ზრუნავს და იზღვევს თავს ძალაუფლების უზურპაციისგან.

რაც შეეხება ოპოზიციის შეთავაზებას, აქ ყველაფერი პირიქითაა. გადაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდეს პროპორციულად, ანუ რამდენი პროცენტიც მიიღო ბარიერგადალახულმა პარტიამ, იმდენი პროცენტი გადაუნაწილებელი მანდატებისაც წაიღოს მან; ბლოკების შექმნის უფლება არ გაუქმდეს, რადგან პარტიებს არ მოესპოთ გაძლიერების საშუალება და ბარიერი შემცირდეს 3%-მდე. ბარიერის შემცირების არგუმენტი არის ის, რომ 5%-იანი ბარიერის პირობებში ძალიან ბევრი ამომრჩევლის ხმა იკარგება. მაგალითად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმ პარტიებისთვის მიცემული ხმების რაოდენობამ, რომელიც ხუთ პროცენტს ქვემოთ აღმოჩნდა, 360 000 შეადგინა. საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სწორედ მაღალი ბარიერის გამო რჩება ამდენი გადაუნაწილებელი მანდატი არჩევნების შემდეგ. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი რომ ყოფილიყო 3%, გადაუნაწილებელი დარჩებოდა მანდატების სულ 4%, ანუ 6 მანდატი. შესაბამისად, დაიკარგებოდა არა 360 ათასი, არამედ მხოლოდ 70 ათასი ხმა.

კონსენსუსი, ანუ შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის,  უპირველეს ყოვლისა, სწორედ, ამ სამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შედგეს. ეს არც ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. განსაკუთრებით არაა იოლი ხელისუფლებისთვის, რადგან „ოცნებაში“ შესანიშნავად ესმით, _ რომ არა გადაუნაწილებელი მანდატების მთლიანად მითვისება, დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, საპარლამენტო უმრავლესობაც აღარ ექნებათ. ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, რომ მიუხედავად არჩევნებზე გამოყენებული ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსისა, ბოლო ორ საყოველთაო არჩევნებზე მათი შედეგი სავალალო იყო. ბოლო ადგილობრივ არჩევნებზე, სამი წლის წინათ, მათ მხოლოდ 44%-ის მოგროვება შეძლეს თბილისში, ხოლო გასულ საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ 48%-ის. ეს ნიშნავს, რომ არა, რაიმე დამატებითი რესურსი, „ოცნება“ მთავრობის დაკომპლექტებას, სხვა პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანების გარეშე, ვერ შეძლებდა. აქამდე ასეთი დამატებითი რესურსი მაჟორიტარები იყვნენ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ კი ასეთი რესურსი გადაუნაწილებელი მანდატები უნდა გახდეს. ასე რომ, თუ „ოცნება“ მანდატების პროპორციულად განაწილებას დასთანხმდება, ეს იქნება მისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, მაგრამ ქვეყნისთვის უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი.

მეორე თემა, რომელზედაც პოლიტიკური სპექტრი შესათანხმებელია, ესაა ბლოკების გაუქმების საკითხი. ეს თემაც „ოცნებისთვის“ პრინციპულად მნიშვნელოვანია, თან რამდენიმე მიზეზით: პირველი ის, რომ ყველა ხელისუფლება საქართველოში პოლიტიკური ბლოკის მეშვეობით მოვიდა და დღევანდელ ხელისუფლებასაც სრულიად ლოგიკურად ეშინია იმის, რომ ტრადიცია გაგრძელდება და მასაც ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი გაერთიანება ჩამოაშორებს ხელისუფლებას. ბლოკების შექმნის აკრძალვა კი „ოცნებას“ ბევრად გაუხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას, რადგან გაერთიანებისა და, შეაბამისად, გაძლიერების გარეშე ოპოზიცია კიდევ დიდხანს ვერ გაუწევს კონკურენციას ბიძინა ივანიშვილის პარტიას, რომელსაც, ადმინისტრაციული რესურსის გარდა, თავად ივანიშვილის ამოუწურავი ფინანსური რესურსიც უმაგრებს ზურგს. მეორე, რატომაც სჭირდება „ოცნებას“ ბლოკების გაუქმება, არის ამ საკითხის უშუალო კავშირი გადაუნაწილებელ მანდატებთან. ბლოკების გარეშე, ოპოზიციის ძალიან მცირე ნაწილი შეძლებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაუნაწილებელი მანდატები ყოველთვის ბევრი იქნება. შედეგად, რაოდენ მცირე პროცენტიც არ უნდა აიღოს პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ, გადაუნაწილებელი მანდატებით იგი ყოველთვის მოაგროვებს საპარლამენტო უმრავლესობას და არაა გამორიცხული, საკონსტიტუციო უმრავლესობასაც გამოჰკრას ხელი. მესამე, რატომაც არის ბლოკების გაუქმება ასეთი პრინციპული „ოცნებისთვის“, გახლავთ ის, რომ ერთი წლის წინათ პოლიტიკაში მოსული და მაშინვე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე გამწესებული ირაკლი კობახის სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნება ბლოკების აკრძალვით ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების საკითხს.

ასე რომ, რამდენად შეელევა ხელისუფლება კონსენსუსისთვის ასეთ მნიშვნელოვან ბერკეტს, ძნელი სათქმელია.

მესამე თემა, რომელზედაც ასევე შეთანხმებაა საჭირო, არის ბარიერი. პრინციპულობით არც ეს ჩამოუვარდება პირველ ორს, რაღაც-რაღაც ასპექტით კი შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანიც იყოს. თუ „ოცნება“ დასთანხმდა ოპოზიციის წინადადებას და ბარიერი ხუთიდან სამ პროცენტამდე ჩამოწია, გადაუნაწილებელი მანდატებიც და ბლოკების გაუქმებაც აზრს კარგავს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთ შემთხვევაში, გადაუნაწილებელი მანდატებიც საგრძნობლად იკლებს და პარტიებს ბლოკების გარეშეც უჩნდებათ ბარიერის გადალახვის შანსი. მაშინ რაღა აზრი აქვს ამდენი შიდა და გარე დარტყმების ატანას, თუ ერთი ბარიერის ჩამოწევით ყველაფერი წყალში უნდა გადაიყაროს?

საერთოდ, ხელისუფლება (ზოგადად), ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დროს, ხშირად იყენებს ხოლმე ისეთ პოლიტიკურ ტაქტიკას, როცა მოლაპარაკებებზე, მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, რამდენიმე უმნიშვნელოსაც დააყენებს იმისთვის, რომ შემდეგ ეს უმნიშვნელო დათმოს და განაცხადოს, რომ კონსენსუსისთვის, აი, რამხელა დათმობაზე წავედიო. „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, ამის ჭკუაც არ აღმოაჩნდა. მათ სამივე ისეთი ინიციატივა წამოაყენეს, რომ ნებისმიერი მათგანის დათმობა თითქმის კატასტროფის ტოლფასია მათთვის. ამიტომაც „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაცია, კონსენსუსს მიაღწიეთო, ხელისუფლებისთვის ყველაზე რთული შესასრულებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

არადა, როგორც ჩვენი წყარო ვენეციიდან გვატყობინებს, ორი კვირის წინ, ბერლინში გამართულ შეხვედრამდე, „ვენეციის კომისიაში“ განწყობები, „ოცნების“ გადაგზავნილ პროექტთან დაკავშირებით, გაცილებით პოზიტიური იყო, ვიდრე შეხვედრის შემდეგ. საინტერესოა, რა გხდა განწყობების შეცვლის მიზეზი?.. გაგიკვირდებათ და თავად საქართველოს ხელისუფლება და, უპირველეს ყოვლისა, საპარლამენტო უმრავლესობა.

როგორც წყარომ გვაცნობა, „ვენეციის კომისია“, თავდაპირველად, აპირებდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის, რეკომენდაციის სახით, შეეთავაზებინა გადაუნაწილებელი მანდატების საკითხის გადახედვა, მაგრამ ქართული დელეგაციის მხრიდან ისეთი პასუხი მიიღო, რომ კომისია სახტად დარჩა. „ოცნებისტებმა“ ვენეციელებს უთხრეს ის, რასაც რამდენიმე თვეა, საქართველოს მოქალაქეებს გვეუბნებიან. ის, რომ თუ ასეთი პროპორციული სისტემა არ გაწყობთ, მაშინ აგერ არიან „ოცნების“ მაჟორიტარები, რომლებსაც ისედაც არ უნდათ ეს პროპორციული სისტემა და ავდგებით და დავტოვებთ დღეს არსებულ შერეულ მაჟორიტარულ სისტემასო. ბუნებრივია, ასეთი საუბრით „ვენეციის კომისიაში“ ვერავის დააშანტაჟებ, სამაგიეროდ, უარყოფით განწყობებს ნამდვილად დაიმსახურებ, რაც მოხდა კიდეც. შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ის, რომ დასკვნაში გადაუნაწილებელი მანდატების გადახედვის გარდა, აუცილებლად მოხვდება რეკომენდაცია კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით და არაა გამორიცხული, ბარიერის დაწევის აუცილებლობაზეც იყოს საუბარი.

კონსენსუსისთვის გასამართ მოლაპარაკებებს რომ ვერ გაექცევიან, „ოცნებაში“ კარგად უნდა ესმოდეთ, მაგრამ მოლაპარაკების მეორე, ოპოზიციურ მხარესაც რომ არ არის ერთიანი პოზიცია, ესეც ნათელია.

საარჩევნო სისტემის სამივე საკამათო საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას საერთო პოზიცია აქვს: გადაუნაწილებელი მანდატები უნდა გადანაწილდეს პროპორციულად, ბლოკები არ უნდა გაუქმდეს და ბარიერი უნდა დაიწიოს. თუ სამივე საკითხს ერთ პაკეტში განვიხილავთ, განსხვავებული პოზიცია არავის აქვს, მაგრამ თუ ამ სამიდან რომელიმეს დათმობა გახდება საჭირო, აქ უკვე პოლიტიკურ პარტიებს, თავისი ინდივიდუალური ინტერესებიდან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომები აქვთ. მაგალითად, შედარებით პატარა, 1-2%-იან პარტიებს, ძირითადად, ადარდებთ ბლოკების თემა. მათთვის მთავარია, არჩევნების წინ რომელიმე ლოკომოტივს ჩაებან და პარლამენტში თუ არ მოხვდებიან, კვალიფიციური პარტიის სტატუსი მაინც მიიღონ იმისთვის, რომ შემდგომი ოთხი წელი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მინიმალური საარსებო საშუალება მაინც ჰქონდეთ. ამის საუკეთესო მაგალითია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წინასაარჩევნოდ შექმნილი ბლოკი. პარლამენტში „პატრიოტების“ გარდა ვერავინ მოხვდა, სამაგიეროდ, ხუთი ერთკაციანი პარტია 2020 წლამდე ბიუჯეტიდან ასეულობით ათას ლარს მიიღებს, ამიტომაც თუ საკითხი დადგა, რომ კონსენსუსისთვის ოპოზიციამაც უნდა დათმოს რამე, პატარა პარტიები უფრო მალე გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასულისთვის ჩუქებას დათანხმდებიან, ვიდრე ბლოკების გაუქმებას. ბარიერის სამ პროცენტამდე ჩამოწევაც მათთვის პრინციპული მნიშვნელობის არაა, ეს მათთვის უფრო პოლიტიკურად საჭირო საკითხია, ვიდრე შინაარსობრივად მნიშვნელოვანი. ვისაც დღეს ერთი პროცენტი უჭირავს მხოლოდ, მისთვის ბლოკის გარეშე, სამი პროცენტიც მიუწვდომელი სიმაღლეა, ამიტომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ბარიერი 3% იქნება, 5 თუ 10 … მთავარია, ბლოკის შექმნის საშუალება დარჩეს.

ძირეულად განსხვავებული პოზიციები აქვთ შედარებით ძლიერ ოპოზიციურ პარტიებს. მათთვის, ვინც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 3 და მეტი პროცენტი მიიღო, ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ბარიერის დაწევა სამ პროცენტამდე და გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად გადანაწილება. ამ პარტიების მიზანი მხოლოდ კვალიფიციური სტატუსის შენარჩუნება არ გახლავთ. მათი ამბიციები უკვე პარლამენტში ადგილების მიღებას უკავშირდება. ასე რომ, თუ არჩევანის გაკეთებაზე მიდგა საქმე, შედარებით ძლიერები ბლოკების გაუქმებას უფრო დაუჭერენ მხარს, ვიდრე მანდატების არასამართლიანად გადანაწილებას. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპული პრაქტიკის მიხედვით იქ, სადაც პოლიტიკური ბლოკების შექმნა აკრძალულია, ბარიერი საერთოდ არ არსებობს, ან ძალიან დაბალია, შედარებით ძლიერი პარტიებისთვის ეს შესანიშნავი არგუმენტი შეიძლება გახდეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს. ანუ „დაგითმობთ ბლოკების თემას, ბარიერის დაწევის სანაცვლოდ“. იმ პარტიებისთვის, ვინც პარლამენტში მოსახვედრად იბრძვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია გადაუნაწილებელი  მანდატების სამართლიანად განაწილების წესი, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ეს მანდატები მათაც ერგებათ. ასე რომ, მათი პოზიცია მოლაპარაკებებზე, სავარაუდოდ, ასეთი იქნება: მთავარია, მანდატების სამართლიანი გადანაწილება და ბარიერის დაწევა, ბლოკები კი ხელისუფლების „ფეშქაში“ იყოს.

თუმცა განსხვავებები ოპოზიციური პარტიების პრიორიტეტებში ამით არ სრულდება. სულ სხვა ინტერესები აქვს იმ ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებულია, რომ დღეს არსებულ 5%-იან ბარიერსაც თავისუფლად გადალახავს და ამისთვის ბლოკის შექმნაც არ დასჭირდება. საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის განაყოფზე, „ბოკერიას ნაციონალებზე“. მათი მთავარი ინტერესი დღეს გადაუნაწილებელი მანდატებია. ბლოკების გაუქმება და ბარიერის ხუთ პროცენტზე დატოვება, ხელისუფლების მსგავსად, მათ ინტერესშიც კი შედის. ასეთ არაკონკურენტულ საარჩევნო პირობებში პარლამენტში შესვლას მხოლოდ „ქოცები“ და „ნაცები“ შეძლებენ. აქ მათი ინტერესები სრულიად ემთხვევა ერთმანეთს. ბიძინა ივანიშვილის, ჯერ კიდევ, 2012 წელს ნათქვამი ფრაზა: „შუა უნდა გაიკრიფოს“, სწორედ ორპარტიულ პარლამენტსა და ორ პარტიას შორის გადანაწილებულ პოლიტიკურ მინდორს გულისხმობდა. ასე რომ, ერთადერთი, რისთვისაც „ნაცები“ რეალურად იბრძოლებენ სავარაუდო მოლაპარაკებებზე, ესაა გადაუნაწილებელი  მანდატების პროპორციულად გადანაწილება. თუ დააკვირდებით, იოლად შეამჩნევთ, რომ „ნაციონალების“ არც ერთი ფრთა, საარჩევნო სისტემაზე საუბრისას, ბლოკებსა და ბარიერის თემას, საერთოდ, არ ახსენებს. ძალიან მარტივია, ყველა საუბრობს იმაზე, რაც აწუხებს და რაც მათ პირად პოლიტიკურ ინტერესშია. ეს არაა მხოლოდ ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ნიშანთვისება, მთელ მსოფლიოში ასეა, იმიტომ რომ თავად პოლიტიკაა ინტერესების ხელოვნება. მთავარია, რომ პარტიების პოლიტიკური ინტერესები ქვეყნის ინტერესებსაც დაემთხვეს ხოლმე.

ოპოზიციური პარტიების ასეთი ჭრელი ინტერესები ხელისუფლებისთვის ყოველთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. თუ ოპოზიცია საერთო სტრატეგიაზე ვერ შეთანხმდა, „ოცნებას“ ყოველთვის ექნება სათქმელი, რომ ოპოზიცია თავად ვერ გარკვეულა, რა უნდა. გარდა ამისა, ხელისუფლებას კარტ ბლანში ეძლევა, ინდივიდუალურად იმუშაოს პარტიებთან და კიდევ უფრო გააღრმაოს მათ შორის დაპირისპირება. „ოცნებისთვის“ მთავარია იმის დემონსტრირება, რომ მარტო არაა. აქამდე მან ამის გაკეთება ვერ შეძლო, რადგან ამისთვის არც პოლიტიკური გამოცდილება ჰყოფნის და არც _ ალღო.

ოპოზიციის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ არც მათ მისცეს „ქართულ ოცნებას“ გაჯეჯილების საშუალება, მაგრამ ყველაფერი მაინც მაშინ გამოჩნდება, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში შევა და საბოლოოდ ეყრება კენჭი.

სხვათა შორის, საკონსტიტუციო პროექტის პარლამენტში განხილვის ვადები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ხელისუფლებამ უკვე რამდენჯერმე გაიმეორა, _ ივნისში სამი აუცილებლიდან ორი კენჭისყრის გამართვას უპირობოდ აპირებს. არადა, ვენეციის კომისიის დასკვნა 15-16 ივნისამდე არ იქნება, რადგან სწორედ ამ დღეებში გაიმართება საქართველოსთან დაკავშირებული განხილვები. დასკვნის შემდეგ კი კომისიის რეკომენდაციების შესრულებასაც ხომ დრო უნდა?

ე. ი. ხელისუფლება „ვენეციის კომისიის“ დასკვნას არ ელოდება. ამდენად, ყველა მისი დანაპირები, „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციებს უსიტყვოდ შევასრულებო, ტყუილი ყოფილა.

თუ ასეთ პოლიტიკურ თავხედობაზე წავა „ქართული ოცნება“, ის ძალიან მალე აღმოჩნდება პოლიტიკურ უფსკრულში, როცა მისი ქმედებებით უკმაყოფილო იქნება ქვეყნის შიგნით არსებული საზოგადოებაც და უკმაყოფილო დარჩება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაც. მართალია, „ვენეციის კომისიის“ დასკვნა არაა სავალდებულო და ის, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, მაგრამ როცა მის შენიშვნებს არათუ არ ითვალისწინებ, არამედ არც ელოდები, ევროსაბჭოს ძალიან კრიტიკული რეზოლუცია გაქვს გარანტირებული.

და როცა მოსახლეობაც და საერთაშორისო პარტნიორებიც უკმაყოფილოა, ხელისუფლებას და მის  ლეგიტიმაციას დასაყრდენი აღარ აქვს, რასაც მოსდევს ზუსტად ის, რაც დაემართა ჯერ შევარდნაძისა და შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლებას.

თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. ორ კვირაში ყველაფერი გაირკვევა.

 

დემნა ვეშაპიძე