ვაჟა ბერიძე: „ასეთი პარტია _ „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო“, არ არის!“

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე:

_ ბატონო ვაჟა, შემოდგომაზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება და, ალბათ, პოლიტიკური შედეგებიც სწორედ ამ დროს გამოჩნდება. მანამდე კი ვისაუბროთ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობენ. თქვენი აზრით, როგორ ფორმაში არიან ისინი?

_ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დასავლურ დემოკრატიას ვაშენებთ, რეალობა და ქართული სინამდვილე ამისგან, ჯერ კიდევ, შორს არის. საარჩევნო კამპანიას სჭირდება სერიოზული პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც აქვთ თავიანთი ხედვები და ადგილი პოლიტიკურ სივრცეში, ფინანსები, ინტელექტუალური რესურსი, ასეთი რეალობა და სიტუაცია საქართველოში არ არის. პარტიები არიან მხოლოდ პირდაპირ ან ირიბად ასოცირებულნი ერთ-ორ პიროვნებასთან, რომლებიც ამ პარტიებს არსებითად აკონტროლებენ, არიან მცირერიცხოვანი წევრებისგან შემდგარი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, მათ არ აქვთ რესურსი, ან არიან საბიუჯეტო დაფინანსებაზე, ან საერთოდ მოწყვეტილნი არიან რეალობას. ამ ორ ადამიანში ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს, ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ ძალებს სრულად აკონტროლებენ, მათ ფინანსურ კეთილდღეობასაც ისინი განსაზღვრავენ პიროვნულად და აბსოლუტურად. მეორე პრობლემა, რაც ჩვენს ნებისმიერ არჩევნებს ახლავს და რაც გვაშორებს დასავლურ დემოკრატიას, ის არის, რომ პარტიები ელექტორატის ინტერესებს ადეკვატურად არ გამოხატავენ. რაღაც პოპულისტური თემით მათ შეუძლიათ ადამიანების ჯგუფის მობილიზება, მათ შორის, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების ძალებს, ანუ ისეთ ძალებს, როგორებიც არიან „ლეიბორისტები“, „პატრიოტთა ალიანსი“. მათ შეუძლიათ, გარკვეული რაოდენობის ხალხის მობილიზება, მაგრამ არსებითად იგივე შეიძლება ითქვას, რომ ელექტორალური დემოკრატიისგან ჩვენი სინამდვილე შორს დგას და ამბიციური პიროვნებების ნების გამოხატულება გვაქვს, მათ მიერ საკუთარი თავის შეთავაზება საზოგადოებისთვის და, მეორე მხრივ, ფინანსურად მდიდარი ჯგუფების მიერ გარკვეული პოლიტიკური ძალების გაკონტროლება და არაპირდაპირი გზით ამომრჩევლის მოსყიდვა, მიმხრობა თავის მხარეს. ეს არის მთელი ანატომია, ასე ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრისა. ამიტომ თუ ვიტყვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა და დაიქსაქსა, რომ მათ ხედვებში და პრაქტიკულ საქმიანობაში მიუხედავად სერიოზული სიძულვილისა და მტრობისა „ევროპულ საქართველოსა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის“, პერსპექტივაში არჩევნების შემდეგ მათი ერთად დადგომა, ჩემი აზრით, შესაძლებელია, რომ არაფერი ვთქვათ ხელისუფლების, ანუ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კონტროლირებად ყოფილ დემარშებზე. აქაც, სადღაც, ერთი ფრონტი შეიძლება შეიკრას არა მარტო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, არამედ მთავარი არჩევნების, ანუ 2020 წლის არჩევნების შედეგების შემდეგ და ეს დასაშვებია. პრინციპში, რომ არა მათი და საზოგადოების მოწყვეტა ერთმანეთისგან, ქართული დემოკრატიისა და ქვეყნის ინტერესებისთვის შეიძლება ასეთი შესაძლებლობა არსებითად მისაღებიც იყოს იმიტომ, რომ პროდასავლური კურსის თანმიმდევრულობასა და უწყვეტობას უზრუნველყოფს. თუკი ეს გაურკვეველი სიმბიოზი, რასაც წარმოადგენს „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო“ _ დაიშლება, რადგან ბიძინა ივანიშვილი ან გადაწყვეტს, ან იძულებული იქნება, ასე მოიქცეს, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდეს, რომ თავის მიერვე დაფუძნებული პარტიაც მოხნას პოზიციიდან და თვითონაც გაერიდოს პოლიტიკურ და ქვეყნის მართვის არენას. ამის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ, მით უმეტეს, მისი საეჭვო გაუჩინარების ფონზე, რომელიც საერთოდ შეუთავსებელი და წარმოუდგენელია დემოკრატიის ელემენტარულ პრინციპებთან. აქედან გამომდინარე, უკიდეურესად პირობითი რეალობა გვაქვს, ეს ტენდენციები, მით უფრო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდე, მაინცდამაინც, წინა პლანზე არ წამოვა, რაგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩვენს პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს ამის საშუალებას არ მისცემენ, მათ აქვთ კონტროლის ქმედითი ბერკეტები და მექანიზმები. ეს ანალიზი იმიტომ დავიწყე, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ხაზი მოეშლება, რომელიც უმრავლესობით არის პარლამენტში წარმოდგენილი, ხალხის მხარდაჭერა ბოლო დროს შეუმცრდა, რაც ძალიან სახიფათოა, მაშინ არენაზე უნდა გამოვიდნენ ისინი, ვისაც პირობითად პრორუსულ ძალებად მოიხსენიებენ, რომელთაგან პირადად მე ზოგიერთი ასეთად არ მიმაჩნია, მაგრამ ასეთია ჩვენი საყოფაცხოვრებო ლექსიკა და შეფასებების ამპლიტუდა. მათი გამოსვლა არენაზე მთავარ აქტორებად დიდი კატაკლიზმებისა და ტექტონიკური ძვრების გარეშე კავკასიაში, რეგიონში შეუძლებელია და ასეთ ტექტონიკურ ძვრებს მე მაინც გამოვრიცხავ. მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოში და კავკასიაში არ გადაიკვეთება დასავლეთისა და რუსეთის, თურქეთ-ირანის ინტერესები და აქ არ გაჩაღდება სირია. ამას მე მაინც ვერ ვხედავ. მინდა, რომ ასე არ მოხდეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე. ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისს აკონტროლებდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყანას მართავდეს „ქართული ოცნება“, ჩვენ დემოკრატიის ის ხარისხი არ გვაქვს, რომ ეს დასაშვები იყოს. ეს სერიოზულ კონფლიქტს წარმოშობს, ეს არ არის პოლონეთი, მით უმეტეს, არ არის საფრანგეთი, რომ სხვადასხვა ძალა იყოს პრეზიდენტი, პრემიერი, სხვადასხვა ძალა იყოს საკანონმდებლო ორაგნოში წარმოდგენილი. მაინც მგონია, რომ არსებითი დაპირისპირება მოხდება კალაძესა და უდუმაშვილს შორის, იმიტომ არა, რომ ისინი პოლიტიკური ფიგურები არიან. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ისინი არ არიან პოლიტიკური ფიგურები, პოლიტიკაში ახალბედაა კალაძე და საერთოდ ახლახან გამოჩენილია უდუმაშვილი, გადაცემის წაყვანა, თავისთავად, არ ნიშნავს პოლიტიკოსობას. გადაცემის წაყვანაც კარგია და, მით უმეტეს, ანალიტიკური ჟურნალისტიკაც სერიოზული სფეროა. საბოლოო ჯამში, პერსპექტივა მაინც ამ ორ კანდიდატს აქვს. უპირატესობას კალაძეს მივანიჭებდი ხალხის განწყობისა და სახელისუფლებო რესურსის ფლობის გამო.

_ ოპოზიციის ლიდერებმა განცხადება გააკეთეს, პროდასავლური ორიენტაციის პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდეს და დედაქალაქის მერობის კანდიდატზე პრაიმერის ჩატარება შესთავაზეს. მათი თქმით, თუ ოპოზიცია არ გაერთიანდება, არჩევნებს ხელისუფლება მოიგებს. ნაწილობრივ თქვენ უკვე გაეცით ამ შეკითხვას პასუხი, მაგრამ უფრო კონკრეტულად, როგორ უყურებთ ამ განცხადებებს და რამდენად რეალურია მათი გაერთიანება? იგივე „ნაციონალები“ და „ევროპელი დემოკრატები“, „გირჩი“, „ახალი საქართველო“ რამ უნდა გააერთიანოს, ისინი ხომ ცოტა ხნის წინ სკანდალების გარეშე, მაგრამ მაინც გაეყარნენ ერთმანეთს? აქვე აღვნიშნავ „თავისუფალი დემოკრატების“ გადაწყვეტილებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა, მათ „რესპუბლიკელებთან“ ალიანსის შესახებაც გააკეთეს განცხადება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გაერთიანება არ შედგა. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს?

_ როგორც აღვნიშნეთ, ეს პარტიები არ წარმოადგენენ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ხედვებს და ინტერესებს, იქ უფრო პიროვნული  ამბიციების შეჯახებაა და დაპირისპირება, ვინ იქნება წამყვანი ამ ალიანსში, ვაშაძე თუ „გირჩი“. ეს უკანასკნელი საკმაოდ ექსტრაორდინარული გაერთაინებაა ცნობილი სკანდალური განცხადებებით. საერთოდ, აქ მაინცდამაინც პრინციპულ ფაქტორს ვერ ვხედავ. გავბედავ და ვიტყვი, რომ ამ ძალებს ივანიშვილი აკონტროლებს. ელექტორალურად მათ არ აქვთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, აქედან გამომდინარე, პრინციპში, ისინი ერთიან კანდიდატურას წამოაყენებენ თუ ცალკეულ კანდიდატებს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მათ შეუძლიათ, არჩევნებზე მოიყვანონ ამომრჩევლის მცირეოდენი პროცენტი, რომელიც არ მივა არჩევნებზე. არჩევნებზე მივა, ერთი მხრივ, პრაგმატული ობივატელი, რომელსაც სიმშვიდე სწყურია სწრაფი განვითარების დინამიკური პროცესის არარსებობის ფონზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და მეორე მივა იდეური „ნაცონალი“, ისინი ქვეყანაში არიან. ვინც არ აპირებს არჩევნებზე მისვლას, იქიდან 5-10%-ის მობილიზება შეუძლიათ, თუ გაერთიანდებიან, მაგალითად, „ევროპული საქართველო“ და სხვანი. მაინცდამაინც ვერ ვხედავ, რა განსხვავებულ ხედვებს სთავაზობენ საზოგადოებას „ქართული ოცნებისგან“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“, პიროვნული ხიბლი, მაინცდამაინც, არც ერთ მათგანს არ აქვს და რატომ უნდა მივიდეს ამომრჩეველი მათ გამო საარჩევნო უბნებთან?! მით უმეტეს, ძალიან საინტერესო იყო პოლიტიკური მანევრების ვირტუოზის, დავით ბერძენიშვილის ქმედება (მას ახასიათებს ოსტატური მანევრები), გაერთიანებულიყვნენ „თავისუფალ დემოკრატებთან“ და ალეკო ელისაშვილი წარედგინათ მერობის კანდიდატად. პოპულისტურ პლატფორმაზე მდგომი ელისაშვილი უფრო სერიოზული შანსით გავიდოდა არჩევნებზე. ეს გაერთიანებაც არ შედგა და აქედან გამომდინარე, ეს პოლიტიკური მიეთმოეთი არის ფორმალური, ცხელი ზაფხულის ფონზე მოდის არჩევნები და აქ ისევ ორი ტრადიციული პარტია დარჩება ერთმანეთის პირისპირ. ამიტომ როდესაც ისეთი გამოცდილი კადრია, როგორებიც არიან „რესპუბლიკელები“, ეს აღარებს, რომ აქ თანმიმდევრულ იდეოლოგიურ პრატფორმას არ აქვს შანსი უმრავლესობის მოსაპოვებლად. ეს არის მოცემულობა, რომელიც უნდა მიიღოს ამ მიმართულების პარტიებმა, რასაც აღიარებს გამოცდილი პოლიტიკოსი, თუ მან ეფექტური მანევრი არ გააკეთა. თავის დროზე, ეს პარტია ხელისუფლებაში მოვიდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, შემდეგ მოვიდა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ისინი იყენებენ სხვის რესურსს. ალეკო ელისაშვილის რესურსი მიმზიდველად გამოიყურებოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არ იყო წარმატების მომტანი, რადგან არ არის ფული, არ არის ადამიანური რესურსი და რაც მთავარია, არ არის დრო, რომ გაშლილიყო წინასაარჩევნო ფონზე და ვფიქრობ, ალეკო ელისაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, უნდა გაიზარდოს. ჩვენთან, საერთოდ, პოლიტიკოსების მიმართ ნიჰილიზმია, მათ არ აქვთ კარგი რეპუტაცია, ისინი არ უყვართ და ამის გამო ხელისუფლება მთლიანად არის გადასული მოყვარულების ხელში. აქ, შეიძლება, ფეხბურთელი, მომღერალი მოგვევლინოს პოლიტიკოსად, ან, ვთქვათ, მენეჯერი კვირიკაშვილი, რომელიც ამდენი ხანია, პოლიტიკოსად ჯერ კიდევ ვერ შედგა, და საერთოდ, მინისტრებად მსახურობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში მინისტრის პოსტზე მოვიდნენ. ასეთი რამ საქართველოსთვის დამღუპველია, რადგან პროფესიის პროფანაცია, რომელმაც შენი დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს, არ არის გარდაუვალი წარმატების მომტანი. შეიძლება პირადად მე ვაკრიტიკებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იდეებს და პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ისინი პოლიტიკოსები იყვნენ. იგივე შეიძლება ვთქვათ შევარდნაძის დროინდელ ხელისუფლებაზე, რომელმაც კორუფციის ჩიხში შეიყვანა ქვეყანა, მაგრამ ხელისუფლებაში პოლიტიკოსები იყვნენ. შევარდნაძემ იცოდა, როგორ დაებალანსებინა ახალგაზრდები და ძველი გვარდია. შეიძლება, არ მოგწონდეს შევარდნაძე, მაგრამ ეს ტექნოლოგიები ძალიან კარგად ესმოდა. ჩვენ არაფერი დაგვრჩენია, თუ არა პატარა მარიონეტების თეატრი და პატარა ცირკი ვნახოთ ოქტომბრამდე და მივიღებთ იმ შედეგს, რა სტატუს-კვოც დღეს გვაქვს.

_ ვინ გახდება დედაქალაქის მერი, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის აქტუალური თემაა, მაგრამ თუ იგივე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქტიურობას დავაკვირდებით, მმართველი გუნდის სახელით პოლიტიკურ მოედანზე მხოლოდ კახა კალაძეა. არსად ჩანან რეგიონებში „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების ამბიციები უნდა ჰქონდეთ. თქვენი აზრით, ასე რატომ ხდება?

_ არ არის ასეთი პარტია _ „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო“! როცა არ არის ასეთი პარტია, რომელ რეგიონებზეა საუბარი?! ცენტრში რა ხდება?! ჯერ იმაში ვერ გარკვეულა ეს პარტია, ცენტრისტული მიმართულება უჭირავს თუ მემარცხენე-სოციალისტური? სოციალურ ინტერნაციონალთან თანამშრომლობენ, სოციალისტური პარტიების გაერთიანებასთან ევროპაში, აქ ლამის მემარჯვენეებით იყო დაკომპლექტებული ალიანსი 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს ვერ გაურკვევიათ. პარტიული ლიდერი ერთია _ ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, მეორე არის პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ არ ვართ ჩამოყალიბებული დემოკრატიის ქვეყნების მსგავსი, რომ არჩევნებისთვის პარტია შეიქმნას, ხელისუფლებაში მოვიდეს და მერე დაიშალოს. რეგიონულ დონეზეა სამუშაო, ურთულესი რეგიონები გვაქვს, დინამიტებია ჩადებული ჩვენს რეგიონებში: ქვემო ქართლში, ჯავახეთში, აჭარაში, სამეგრელოშიც კი. აქ რეგიონული ორგანიზაციების არსებობა და სტრუქტურირებული პარტია, ელემენტარულად, აუცილებელია. ბიძინა ივანიშვილს პარტიულ მუშაობაზე თანხის დახარჯვა არ უნდა, პიარზე ფულის დახარჯვა არ უნდა, თეორიულ-კონცეპტუალურ ფორმებს და სიღრმისეულ ანალიზს ყურადღებას არ აქცევს, განდევნა და დაშალა. „ნაციონალური მოძრაობა“, ფაქტობრივად, დაშალა, „რუსთავი 2“ არენიდან განდევნა, ექსპერტები და ჟურნალისტური კორპუსი, ფაქტობრივად, დევალვირების გზაზე დააყენა და მერე ამით რა მიიღო?! განვითარების პერსპექტივა? _ არა! რაიმე განსაკუთრებული ვითარება? _ არა! რატომ? იმიტომ, რომ არც ბიძინა ივანიშვილია პოლიტიკოსი! პოლიტიკური პროცესები სხვაა, რუსეთში ბიზნესი სხვაა, ფულის კეთება _ სხვა! ასეთი პრინციპით საქართველოს მართვა რთულია და შედეგს არ მოგვცემს! ამას სჭრდება სერიოზული ანალიზი, რომელიც ქვეყანაში არ მიმდიარეობს! კარგი, თვითმმართველობაში კიდევ იქნება ორი წლით „ქართული ოცნება“, მერე რა?! რა მოიტანა წინა ორმა წელიწადმა და შემდეგი რას მოიტანს?! ახლახან ვიყავი იმ რეგიონში, საიდანაც წარმოშობით ვარ, სოფელში გაზი მიიყვანეს, 60-იან წლებში ჩაყრილი წყლის მილები გამოცვალეს, ისე გადათხარეს, გააუბედურეს გზები და მილების სისტემა, რომ დილიდან საღამომდე მოსახლეობა ხელისუფლებას აგინებს, არადა, თითქოს საქმე გააკეთეს, _ გაზი მიიყვანეს სოფელში და წყლის მილები. ასეთი უთავბოლობა იცის არაპროფესიონალიზმმა, პოლიტიკოსების არყოფნამ მთავრობაში და მათ ე. წ. პარტიაში!

 

თამარ ბატიაშვილი