ვალერი გელბახიანი: „დავით ხარშილაძის საქმეში ყველა ასპექტი მიანიშნებს, _ ეს არის შეკვეთილი სისხლის სამართლის საქმე!“

2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ხარშილაძის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ხარშილაძის ერთ-ერთი ადვოკატი _ ვალერი გელბახიანი:

_ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა, რომელიც ითვალისწინებს მხარეების მიერ შესავალი სიტყვების წარმოთქმის ეტაპს. პროკურორს ძალიან მოკლე გამოსვლა ჰქონდა, მან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ბრძანა, რომ დავით ხარშილაძეს ჩვენ რა ბრალიც წარვუდგინეთ, იმის შესაბამისი მტკიცებულებები გვაქვს და ამას პროცესზე დავამტკიცებთო. ეს ძალიან გახმაურებული საქმეა და პროკურორი ვალდებული იყო, ყველა კითხვაზე დამაჯერებლად გაეცა პასუხი, რაზედაც მანამდე გამართულ სასამართლო სხდომებზე და საჯარო ტრიბუნიდან ისმენდა საზოგადება, ამიტომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელი იყო. პროკურორმა ამას გვერდი აუარა და მხოლოდ შაბლონური ტექსტებით დაკმაყოფილდა. ეს მათი ტექნოლოგიაა, _ არც თავის მართლების რეჟიმზე წავიდა და არც იმის მტკიცება დაიწყო, რატომ და რისთვის, უბრალოდ, თქვა, რომ ბრალი დავდეთ მძიმე დანაშაულში 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით და ამას ჩვენ სასამართლოზე დავამტკიცებთო. უფრო სხვანაირად მინდოდა ჩემი სიტყვის აგება, იმის აგება, რასაც პროკურორი აცხადებდა, მაგრამ შესავალი სიტყვის იმ ნაწილის სპონტანურად შეცვლა მომიწია, რომელიც ბრალდების მხარისადმი, ანუ პროკურორისადმი იყო განკუთვნილი. აქედან გამომდინარე, ტაქტიკა შეიცვალა და მიზანშეწონილად ჩავთვალე, რომ ამ შემთხვევაში უფრო გლობალური საკითხები გარკვეულიყო, ვიდრე ის დარღვევების სერიალი, რომელიც ჩემს კოლეგებს, ამ პროცესში მონაწილე სხვა ადვოკატებს გადავულოცე და სასამართლოს მოვახსენე, რომ ამ საკითხებზე დეტალურად შესავალ სიტყვაში ჩემი კოლეგები ისაუბრებენ, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლებრივ საქმეებზე ჩემი პოზიცია მექნებოდა.

_ თქვენი პოზიციის შესახებ გვითხარით…

_ სასამართლოში კითხვა დავსვი, _ არსებობს თუ არა დღეს იმის სამართლებრივი საფუძველი და ფაქტობრივი გარემოება, რა ბრალიც წარედგინა დავით ხარშილაძეს? მკითხველმა მინდა იცოდეს, რომ სასამართლოში სამი სტადიაა. სამივე სტადიაზე თითოეული სტადიისთვის განკუთვნილ მტკიცებულებათა სტანდარტი არსებობს. პირველი სტადიაა, როდესაც დაკავება-დაპატიმრება ხდება, ამ დროს კანონი ამბობს, რომ მტკიცებულებათა სტანდარტი შეიძლება იყოს საფუძვლიანი ეჭვი, ანუ ეჭვის ნიადაგზე შეიძლება პირი დააკავონ და დააპატიმრონ. ამ ეტაპზე კანონი ისეთ მტკიცებულებებს არ ითხოვს, რომელიც უტყუარია, ობიექტურია და ჭეშმარიტია. მეორე სტადია არის წინასასამართლო სხდომა, სადაც უფრო მეტი ალბათობის ხარისხს ითხოვს მტკიცებულებების სტანდარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისეთი მტკიცებულებები უნდა იყოს, რომელიც შთაბეჭდილებას ქმნის, რომ აქ შეიძლება განაჩენი დადგეს, ანუ პირველი ორი სტადია შეიძლებოდა, ვარაუდზე ყოფილიყო გავლილი ისე, რომ არ იყო აუცილებელი, სასამართლოს მოეთხოვა, _ გინდა თუ არა, წარმოადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები, მაგრამ მესამე _ არსებითი განხილვის სტადია უკვე დიამეტრულად აბრუნებს დამოკიდებულებებს მტკიცებულებების ნაწილში და ამბობს, რომ ვარაუდები, ეჭვები, ალბათობები, ყველაფერი მუშაობს ბრალდებულის სასარგებლოდ, ანუ თუ არ იქნება ეს ვარაუდი და ეჭვი უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებული, ასეთ შემთხვევაში, ბრალდებულის სასარგებლოდ მუშაობს, ეჭვი არ დადასტურდა და უნდა განთავისუფლდეს. საკითხი მეორენაირად რომ შემოვაბრუნოთ, ასე იქნება, რომ ეს სტადია დამაჯერებელ, უტყუარ და რელევანტურ მტკიცებულებათა ერთობლიობას ითხოვს. ამიტომ დავსვი ასე საკითხი, რომ წინა სტადიებზე შესაძლოა, ეჭვებითა და ვარაუდებით იყო საფუძველი, რომ ბრალდება წარედგინათ და დაეპატიმრებინათ, მაგრამ ამ სტადიაზე ეს საკმარისი არ არის. ახლა ვნახოთ, ამ სტადიაზე რამე შეიცვალა? პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებები? ამ სტადიაზე კანონი არ უშვებს ინტერპრეტაციებს და ამბობს, რომ უნდა იყოს უტყუარი, დამაჯერებელი, რელევანტური და ერთობლიობაში უნდა იყოს შეთანხმებული ყველა ეს

მტკიცებულება. მტკიცებულებაში წინააღმდეგობა არ უნდა იყოს, რაც გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველია. ამიტომ მესამე სტადიაზე ეს მოვითხოვე, აქ უკვე კანონი გვთხოვს _ წარმოადგინეთ კანონიერი მტკიცებულებები, რომ არც ერთი მტკიცებულება კითხვის ნიშანს არ უნდა აჩენდეს და არც ერთი კითხვა უპასუხო არ უნდა დარჩეს. ეს არის ამ სტანდარტის ერთმანეთთან სამართლებრივი კავშირი და შესაბამისი იურიდიული შედეგი. ამას მერე მოვაყოლე ფორმულა, თუ რამდენად დაცულია უდანაშაულო ადამიანი სამართლებრივად, რომ პოლიციელის უკანონობა არ დაკანონდეს. ცხადია, ეს შესაბამისობაში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მარტო რიტორიკული შეკითხვა არ იყო. მოპოვებული მტკიცებულებები სამართლებრივ საფუძვლებს და ფაქტობრივ გარემოებებს შევადაროთ, არის თუ არა დაცული უდანაშაულო ადამიანი საქართველოში? უშვებს თუ არა კანონი ამის შესაძლებლობას? სასამართლოები ერევიან თუ არა კანონის აღსრულებაში და უწყობენ თუ არა ხელს მართლმსაჯულების კანონიერად განხორციელებას? ცოტა უფრო მაღალი რაკურსით დაისვა ეს კითხვა და რადგან ისინი ვალდებულნი არ არიან, პასუხი გამცენ, ამიტომ მე თვითონ ვუპასუხე.

_ რა არის ამაზე პასუხი?

_ დავიწყე იქიდან, რომ არსებობს რამდენიმე საპროცესო დანიშნულების დებულება არა მარტო საპროცესო კოდექსში, არამედ საქართველოს სხვადასხვა კანონში და, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციაში. რა თქმა უნდა, კონსტიტუცია არის ფუძემდებლური დებულებები, რომლიდანაც გამომდინარეობს ყველა დანარჩენი სამართლებრივი აქტი, ანუ კონსტიტუციას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არც ერთი ნორმატიული აქტი და კონსტიტუციის ნორმა უნდა იყოს დაცული. ეს აქსიომაა ყველასთვის, არა მარტო იურისტებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და საერთოდ, საზოგადოებისთვის. რადგან ეს აქსიომაა, ამის მტკიცებას აღარ შევუდექი, რატომ და რისთვის, უბრალოდ, ვთქვი, რომ თუ, მაგალითად, კონსტიტუციის დარღვევა არ ეპატიება პრეზიდენტს და იმპიჩმენტს ითვალისწინებს, არ ეპატიება მთავრობის წევრს და გადაყენებას ითვალისწინებს, არ ეპატიება კონსტიტუციით გათვალისწინებული მაღალი თანამდებობის პირებს, მოსამართლეს, პროკურორს და ა. შ., რატომ ეპატიება პოლიციელს?! იმპიჩმენტი ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი მექანიზმი პოლიტიკურ რეაგირებაზე, პოლიტიკურ კონტროლზე და თუ კონსტიტუცია ამბობს, რომ აქ რაც წერია, ის ვინმემ დაარღვია, არავის ეპატიება, რატომ უნდა ეპატიოს ეს პოლიციელს?! რა თქმა უნდა, ამის საფუძველი იმიტომ მქონდა, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლში წერია: როდესაც ხორციელდება გადაუდებელი აუცილებელი გარემოებების გამო პიროვნების ჩხრეკა, ან დაკავება სასამართლოს თანხმობის გარეშე, ასეთ შემთხვევაში ამ ღონისძიებას უნდა ატარებდეს ამისთვის საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. ცხადია, კონსტიტუცია იცავს ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობას და ამბობს, რომ არ შეიძლება სასამართლოს თანხმობის გარეშე ვინმეს არც დაკავება და არც ჩხრეკა, მაგრამ თუ არსებობს ისეთი აუცილებელი გარემოება, გამონაკლისს უშვებს. როდესაც შეუძლებელია შეთანხმდეს სასამართლოსთან დროის სიმცირის გამო, ასეთ დროს ნებას რთავს, მაგრამ ყველას არა. ამბობს, რომ ეს პირი აღჭურვილი უნდა იყოს საგანგებო უფლებამოსილებით. რას ნიშნავს საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვა? _ ეს ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ბრძანება ზემდგომი საპროცესო პირისგან, მაგალითად, დაევალოს გელბახიანს, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედებები. სასამართლოს და პროკურატურას ვთხოვე, _ წარმომიდგინეთ ბრძანება, რომლის მიხედვითაც, გნებავთ იმ პირებს, ვინც წარმოდგენილნი არიან, ვასაძე და სხვები, მიენიჭათ საპროცესო უფლებამოსილება, რომ დაეკავებინათ ხარშილაძე. ვერ წარმომიდგენთ, არ არის და ამიტომ! მაშასადამე, გამოდის, რომ პიროვნების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტია დაირღვა, კონსტიტუციური დებულების წესი დაირღვა, რადგან დაკავება წესით არ მოხდა. წესს რომ არღვევ, ამის იურიდიული შედეგია, უკანონოდ გამჩხრიკე და დამაკავე, ანუ ჩემი უფლებაც დაარღვიე, კონსტიტუციაც დაარღვიე და საპროცესო კანონიც. სამი დარღვევა ფიქსირდება. თუ პოლიტიკური ენით გავყვებით, იმპიჩმენტი პოლიციელზე არ მუშაობს, ის არ არის კონსტიტუციით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, მაგრამ რადგან მე-18 მუხლის მე-5 ნაწილი ამბობს, რომ კონსტიტუციის ამ მუხლში გათვალისწინებული წესის დარღვევის აღმოჩენისას დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს, ხოლო დამკავებელი უნდა დაისაჯოს, ჩვენ შედეგი არ გვაქვს არც განთავისუფლებისა და არც დასჯის. ე. ი. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ეპატიება პოლიციელებს და წამახალისებელი ინსტრუმენტიც კი გახლავთ. ეს ასე არ არის, კონსტიტუცია ამას არ ამბობს, ამას ვინც ამბობს, იმან აგოს პასუხი.

_ ვინ არღვევს?

_ არღვევს სასამართლო, იმიტომ, რომ როდესაც სასამართლოში უკანონო ჩხრეკა-დაკავება კანონდება და განჩინება გამოდის; როდესაც პროკურორი მიმართავს, ამბობს, რომ მე ჩავატარე გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული ჩხრეკა-დაკავება და გთხოვთ, დამიკანონოთ, სასამართლომ დაუკანონა, ამ შემთხვევაში ხარშილაძის დაკავებას ვგულისხმობ, ანუ კონსტიტუციის დარღვევა დააკანონა სასამართლომ. გამოდის, სასამართლო კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილე გახდა და ის ამაზეა პასუხისმგებელი. წარმოიდგინეთ, შენ, მოქალაქემ, ერთი საათი ჩაკეტო სხვა მოქალაქე შენს კაბინეტში და იმან გიჩივლოს. ეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაა. მე, როდესაც საჯაროდ, ღია ცის ქვეშ, დამიჭირე, დამაპატიმრე და ამას აკანონებ, ეს ათასჯერ მეტი სიმძიმის დანაშაულია, ვიდრე ის, რომ ვიღაც კაბინეტში ჩავკეტე. ე. ი. სასამართლო ემსახურება ანტიკონსტიტუციურ პროცესს, იმიტომ, რომ ფაქტის წინაშე ვართ, სასამართლომ ბრძანება გასცა, რომ ეს ჩხრეკა კანონიერი იყო, მაშინ, როდესაც უკანონო იყო. ე. ი. ჩვენ სახელმწიფო არ ვართ! გამოდის, რომ სასამართლო ჩართულია კონსტიტუციის დარღვევის პროცესებში! ამ სასამართლოს შეუძლია, გამოასწოროს წინა სასამართლოს მიერ აშკარად გამოხატული უკანონო ქმედებები, მაგრამ არ ვთქვათ ეს და არ შევაფასოთ, ეს გამორიცხულია. გარდა იმისა, რომ პირი დაკავებულია და მისი საკითხი იხილება, ამავე დროს, ვართ საზოგადოება, სასამართლომ მომეცი გარანტია, რომ დაცული ვარ! თუ ჩემი უსაფრთხოება და პიროვნული ხელშეუხებლობა ქვეყანაში დაცული არ არის, მაშინ ამას სასამართლოც არ მპირდება და არც მართლმსაჯულებაა სადმე! ეს გლობალური, ცხოვრებისეული არსებობის გარანტიებია და როდესაც ამ გარანტიებზე პასუხს ვერ მაძლევ და პირიქით, უკუპროცესს მაჩვენებ, ბუნებრივია, არ გენდობი! სასამართლო თავად აჩენს პრობლემას საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უნდობლობაზე. მართლმსაჯულება თავისი ამოცანით ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება და ამ უფლებების დაცვის სანაცვლოდ ჩვენ ადამიანის უფლებების დარღვევის დაკანონებას ვიღებთ! ამ რეალობის წინაშე ვართ, სასამართლოს ვუთხარი, _ თქვენ გაწევთ სიმძიმე, რომ ეს საკუთარ თავზე აიღოთ და ჰაიეკის ცნობილი ფრაზა მოვიყვანე, _ ანგელოზებიც რომ ჩამოვიყვანოთ ციდან და დავნიშნოთ მთავრობის წევრებად, ეს ანგელოზებიც ძალიან მალე ცოდვილნი გახდებიანო. იმდენად დიდია სიმძიმეც და პრობლემების გადაწყვეტის პროცესის ვალდებულება, რომ ანგელოზები არავინ ვართ, არც მე, როგორც ადვოკატი და ადამიანი, არც თქვენ, _ მივმართე ქალბატონ მოსამართლეს და არც პროკურორი, მით უმეტეს, პოლიციელის ანგელოზობაზე როგორ ლაპარაკობთ?! პოლიციელმა, რომელმაც არ იცის ელემენტარული კანონის მოთხოვნა, არის დაბალი დონის მოხელე და არაკომპეტენტური. ჩვენ მას მივანდეთ ადამიანის თავისუფლების ბედი, არის არაკომპეტენტური, უცოდინართა კატეგორია, ესენი გვირღვევენ ყველა იმ გარანტიას, რომელსაც გვაძლევს კონსტიტუცია და თქვენ ამ უცოდინართა კასტას უკანონოდ ემსახურებით. ვუთხარი, _ როგორ გგონიათ, ქვეყანაში ეს ნორმალური პროცესია? თქვენს შვილს, ან ნათესავს ანდობთ ასეთ სამართალს ასეთ პოლიციელს? თუ თქვენს შვილს შეეხო, ვერ ანდობთ, მაგრამ თუ სხვას ეხება, ღობეს ჩხირია. ეს საერთო პრობლემაა, _ თქვენიც, ჩემიც, სხვისიც… ჩვენ ამ რეალობისგან შორს არ ვართ, იმიტომ, რომ 9 წლის განმავლობაში ვხედავდით უკანონობის კონვეიერებს და, სხვათა შორის, ამ სისტემას სასამართლო ემსახურებოდა და არა ბაბუაჩემი, რომელიც საფლავში წევს! პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომ 200 ადამიანი იყო პოლიტპატიმარი, ანუ ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება არის მიღებული 200 პატიმრის უკანონოდ დაკავების შესახებ. გამოდის, რომ 200 ადამიანს უკანონოდ გამოუტანეს განაჩენი და ვინ გამოუტანა? _ ამ სასამართლომ! ჩვენ არ ვართ რეალობას მოწყვეტილნი, ეს უკანონობები სერიული ხასიათისაა. თუ მიგვაჩნია, რომ ეს უკანონობები ჩვენი რეალობაა, რატომ ეს უკანონობა არ არის რეალობა, რასაც ახლა ვიხილავთ?! ეს კონტექსტები არ არის რიტორიკა, ეს არის კონკრეტულად არსებული ვითარება, რომელიც ასე უნდა შეფასდეს! იმიტომ ვერ შეფასდება, რომ ამას არ აქვს მხოლოდ პროცესუალური ასპექტი, ამას აქვს პოლიტიკურ-პროცესუალური ასპექტი და სახელმწიფო მოხელემ კეთილი უნდა ინებოს, ფორმას რომ იცვამს, ყველამ უნდა იცოდეს, იცვამს იმიტომ, რომ დაცვის ტვირთი მასზე გადადის, რომ მან უნდა დაიცვას სხვისი უფლება! როდესაც ასეთ ურთიერთობებში უფლებებსა და ვალდებულებებს შორის სასამართლო მედიატორად არ დგას და მხარეა, იქ საერთოდ წარმოუდგენელია, ადამიანის უფლებების დაცვაზე ან კონსტიტუციური გარანტიების თაობაზე ვისაუბროთ! გამოდის, რომ მთლიანად სახელისუფლებო შტოები წარმოადგენს უკანონო სინდიკატურ ანკლავებს, რომელიც არ შეიძლება შეფასდეს ნორმალური საზოგადოებისთვის, როგორც სახელმწიფო ხელისუფლება. მე რასაც ვამბობ, ეს არ არის ქუჩაში მოსმენილი ჭორები, აგერ საქმეში რაც დევს, იქიდან ვლაპარაკობ. შევადაროთ ნორმატიულ ბაზას, რაზედაც ვისაუბრე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლი ითვალისწინებს პირის დაკავებას და ამბობს, რომ პირი დაკავებულად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როდესაც მას თავისუფლება შეეზღუდა, ანუ მოჰკიდა თუ არა პოლიციელმა ხელი, იმ მომენტიდან ის დაკავებულია, ამას ამბობს კანონი. დაკავების წინ კანონი ამბობს: დაკავებულ პირს უნდა წარედგინოს დადგენილება მისი დაკავების თაობაზე, ამას ითხოვს კანონი. ახლა ვნახოთ, რა მოხდა რეალურად, _ დამკავებელი გამომძიებლები თავიანთ ჩვენებებში წერენ, მე ხომ არ ვიგონებ, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ხარშილაძე, მივედით მანქანით, დავინახეთ, იმანაც შეგვამჩნია და გაიქცაო, გავეკიდეთ, დავიჭირეთ, წავაქციეთ, მერე ფეხზე წამოვაყენეთ, გავჩხრიკეთ და ნარკოტიკი რომ აღმოაჩნდა, მერე წარვუდგინეთ დაკავების დადგენილებაო. ეს წერია ჩვენებაში. ახლა ვნახოთ, კანონი რას ითხოვს? _ კანონი ითხოვს, რომ მოჰკიდე თუ არა ხელი, იმ წუთში დაკავებულია და დადგენილება უნდა წარუდგინო. ფაქტობრივი მტკიცებულება ამბობს, როცა გაიჩხრიკა, დადგენილება მერე წარუდგინეს. ამას რა ჰქვია? ამას ჰქვია დარღვევა! საპროცესო კოდექსის 121-ე მუხლი ამბობს, როდესაც გადაუდებელი მოტივაციით ტარდება საგამონაკლისო გადაუდებელი ღონისძიება _ ჩხრეკა, ასეთ შემთხვევაში, ჩხრეკა-დაკავების თაობაზე დგება ერთი ოქმი და დაკავების ოქმში უნდა იყოს აღნუსხული ჩხრეკის შედეგები. იგივეს ამბობს 174-ე მუხლის მე-4 პუნქტი. გადმოვიღე და ვანახე, ორი ოქმია, ცალკეა ჩხრეკის ოქმი და ცალკეა დაკავების ოქმი, კანონი ამბობს, რომ ერთ, დაკავების ოქმში უნდა იყოს დაფიქსირებული. მაშასადამე, ჩხრეკის ოქმი ზედმეტია, რადგან კანონი არ ითვალისწინებს და რასაც კანონი არ ითვალისწინებს, ის არ შეიძლება იყოს მტკიცებულება. ამიტომ ჩხრეკის ოქმი არ არის მტკიცებულება, შესაბამისად, ის, რაც ამოღებულია ჩხრეკის შედეგად, არ არის მტკიცებულება. ამას მე არ ვიგონებ, კანონი ამბობს, რატომ არ შეფასდა სამართლებრივად? იმიტომ, რომ ვიღაცას უნდოდა, უკანონობა დაეკანონებინა! ვინ იყო ეს ვიღაცა? _ სასამართლო! არ უნდა აგოს ამ სასამართლომ პასუხი?! უნდა აგოს! ე. ი. მე რომ ჩავიდენ დანაშაულს, ის არ უნდა მეპატიოს, მაგრამ სასამართლო რომ ჩაიდენს დანაშაულს, ის უნდა ეპატიოს, პროკურატურა რომ ჩაიდენს, უნდა ეპატიოს, პოლიცია რომ ჩაიდენს, უნდა ეპატიოს. რა გამოდის? მაშინ, თქვენ თუ ამას აცნობიერებთ, ეს არის ბრძოლა უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ! _ მივმართე მოსამართლეს, _ ამ ბრძოლას სამართლებრივი ფარგლები აქვს და როდესაც თქვენ არღვევთ ამ სამართლიან ფარგლებს, ამ ბრძოლას მერე მოჰყვება სხვა გაგრძელება: ქუჩა, დემონსტრაცია, აჯანყება, რევოლუცია და ა. შ. ამის სათავე თქვენ ხართ, მიზეზი აქ დევს. გადავიდეთ შემდეგზე, _ ჰქონდათ თუ არა სტატუსი იმ პირებს, რომლებმაც ეს საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს? მე ვარ ადვოკატი და საპროცესო კოდექსის მიხედვით, საპროცესო პირი ვარ, შემიძლია ჩავატარო საპროცესო მოქმედებები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვა არ მაქვს, რა არ უნდა ჩავატარო, კანონით ეს არ არის განსაზღვრული, ვიცი, რომ ჩემს უფლებამოსილებაში არ შედის, რომ პირი დავაკავო. რომ დავაკავო და გავჩხრიკო, სასამართლო მეტყვის, რომ თქვენ უკანონო მოქმედება გააკეთეთ, ადამიანის უფლებები დაარღვიეთ და დასაჭერი ხართ. დამეთანხმა მოსამართლე, ასეაო. თუ ასეა, მაშინ ვნახოთ ის პირები, ვინ არიან, რომლებმაც ხარშილაძე დააკავეს, ჩემზე მეტი რით არიან? კანონის 37-ე მუხლში წერია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ გამომძიებელს და პროკურორს, მეტს არავის, მეორე პუნქტში წერია, რომ გამომძიებელი არის პირი, რომელიც აღჭურვილია საპროცესო უფლებამოსილებებით, ამ კანონში ჩამოთვლილი ყველა ღონისძიების განხორციელების უფლებამოსილებებით და მას აქვს გამომძიებლის სტატუსი. ხარშილაძის შემთხვევაში ეს მოქმედება ჩაატარა ვინმე ჯაბა ტეფნაძემ, საქმეც მან აღძრა, ხალხიც მან დაკითხა, მთელი საქმე აწარმოა. სტატუსი ვნახოთ, რა აქვს _ უწერია გამომძიებლის თანაშემწე. ავიღე კოდექსი და ვაჩვენე, რომ გამომძიებლის თანაშემწეს საპროცესო კოდექსი არ იცავს, ანუ ამ სტატუსის მქონე პირს არ გააჩნია გამომძიებლის უფლებამოსილებები, ისევე როგორც მე არ გამაჩნია, მე საპროცესო პირი მაინც ვარ, ასე რომ, ამ კაცის, არაუფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება არის კანონგარეშე დოკუმენტი და მას არ შეიძლება გააჩნდეს იურიდიული ძალა. ამიტომ ამ საქმეში როდესაც არასაპროცესო პირის სტატუსის მქონე პირი მონაწილეობს, როგორც მთავარი გმირი, მონაწილეობს უკანონოდ! მოსამართლეს მივმართე, _ მე მოგიტანეთ კანონი, სადაც წერია, რომ მას არ აქვს ამ პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება, ახლა თქვენ მომიტანეთ კანონი, სადაც წერია, რომ აქვს. ვერ მომიტანთ, იმიტომ, რომ არ არსებობს! თუ არ არსებობს, ასე უნდა შეფასდეს და სხვაგვარი შემფასებელი კრიტერიუმი არ შეიძლება გააჩნდეს, რადგან სტანდარტი ერთია ჩემთვისაც, პროკურორისთვისაც და მოსამართლისთვისაც. უბრალოდ, მეორეა _ ვინ ძალადობს კანონზე და ვინ თავხედობს საზოგადოების წინააღმდეგ? საზოგადოების რიგითი წევრი ამას ვერ ბედავს, ამის უფლებამოსილებას საკუთარ თავს აძლევს პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო. ასეთი თავხედობა ანარქიაა და ანარქიის სასამართლოში მიმართვა არანაირად არ არის გამართლებული, იმიტომ, რომ სადაც არის კანონზე ზემოქმედება, კანონზე ძალადობა, არ შეიძლება, რომ მას ეწოდოს სამართალი. კონსტიტუცია ამბობს, მივმართავ სასამართლოს იმისთვის, რომ სამართლიანობას მივაღწიო. როგორ უნდა მივაღწიო მოძალადე ხელისუფლებასთან, რომელიც კანონს თვითონ არღვევს?! ამიტომ ჩემი გზა სიმართლისკენ გადაკეტილია. ევროკონვენციის მე-6 მუხლი სწორედ ამას ამბობს: თუ შენთვის არ არის ხელმისაწვდომი სამართლიანი სასამართლო, შენი უფლებები დარღვეულია. ფაქტის წინაშე ვართ, პირველი ორი სასამართლო პროცესი მიუწვდომელი აღმოჩნდა ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად, რაც არის ადამიანის უფლებების პირდაპირი შეზღუდვა. თუ მივდივართ ევროპისკენ და მთელი სახელმწიფო პოლიტიკა ამაზეა აგებული, თქვენ ვინ ხართ, რომ ამ პროცესს არღვევთ?! თუ ვინმე ხელს შეგვიშლის ევროპულ ოჯახში შესასვლელად, ეს არის სასამართლო! სხვა ამაში ხელს არავინ გვიშლის და რატომ ებრძვით საკუთარი ქვეყნის მომავალს?! თუ ვიღაცის ინტერესს ემსახურებით, მაშინაც დამნაშავენი ხართ! თუ კანონს ეწინააღმდეგებით, მაშინაც დამნაშავეები ხართ! ყველა ასპექტი, რომლითაც არ უნდა განიხილო, ჩანს, რომ ეს არის შეკვეთილი სისხლის სამართლის საქმე! როდესაც ამდენი დარღვევაა, როდესაც კონსტიტუცია ირღვევა, როდესაც გარანტიები ირღვევა, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა, როდესაც საპროცესო კანონის ყველა მუხლი ირღვევა და შენ მაინც თვალებს ხუჭავ, რა უნდა გაიძულებდეს, ძვირფასო სასამართლოვ? ერთადერთი _ შიში, რომ არ მოგხსნან! მაშასადამე, გავალებენ! როდესაც მეუბნება, _ თავი იმართლეო, არაფერი მაქვს თავის სამართლებელი, თქვენ გაქვთ და თქვენ უნდა იმართლოთ თავი ამ საქმეში, საზოგადოება რომ დაარწმუნოთ, რომ სამართალს ემსახურებით და არა შეკვეთებს, თორემ ის, რაც წინა 9 წელიწადში გეპატიათ, მეორე 9 წელიწადში აღარ გეპატიებათ და პასუხს მოგთხოვენ, მათ შორის, მეც ვარ ის კატეგორია, ვინც ითხოვს, რომ პასუხი აგოს ყველა უკანონოდ მოქმედმა თანამდებობის პირმა და სასამართლომ! ჩემს სატელევიზიო თუ საგაზეთო გამოსვლაში არ ვმალავ ამ პოზიციას, რომ მოსამართლემ ოდესღაც პასუხი უნდა აგოს იმ უკანონობებზე, რომლებიც 9 წლის განმავლობაში კონვეიერის სახით ხორციელდებოდა! ამის მოთხოვნის უფლება მაქვს იმიტომ, რომ არსებობს პარლამენტის დადგენილება! მივმართე მოსამართლეს, _ არ გამოგივათ სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, რადგან თქვენ წინაშე არის გახმაურებული დაკავება უკანონოდ! მე რომ ამ დარბაზიდან გავიდე, გარეთ პოლიციელი დამხვდეს, გამაჩეროს, ნარკოტიკი ჩამიდოს, ოქმი შემიდგნოს, რით ვიმართლო თავი? თუ თქვენ თქვენს სიმაღლეზე არ დგახართ, თავს ვერ ვიმართლებ, მაშასადამე, უდანაშაულო ადამიანი 15 წლით უნდა გამამწესოთ ციხეში, ეს არ არის სამართალი, ეს არ არის ნორმალური საზოგადოება, აქ არ შეიძლება მართლმსაჯულებაზე საუბარი და რომ სხედხართ მანდ, იმიტომ სხედხართ, რომ ეს დაიცვათ, თქვენ სხვა მოვალეობა არ გაკისრიათ! ამის გარდა, მოვიყვანე მაგალითები, ამას როგორ აფასებენ _ მოსაზრება ეჭვით კი არ მაქვს, წარმოგიდგენთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც მოსამართლე ამბობს, გასაგებია და სწორია კანონის მოთხოვნა იმაში, რომ გადაუდებელი ღონისძიება უნდა დასაბუთდეს, სხვანაირად ის უკანონო იქნებოდა, მაგრამ სად არის ამდენი დრო, პოლიციელს უნდა მივცეთ საშუალებაო. ამას რომ დაწერს მოსამართლე, ეს სირცხვილია და დანაშაული! ამის ავტორმა სადაც უნდა, იქ წეროს საკუთარი მოსაზრებები, მაგრამ საქართველოს სახელით _ არა, იმ საქართველოს სახელით მეც ვარ, თქვენც ხართ, სხვაც არის… ჩემი სახელით ნუ წერს ამ სისულელეს. მოსამართლე ამას არ უნდა წერდეს. მართალია, კანონი ითხოვს, მაგრამ უნდა დავარღვიოთო, წერს! იმას, რასაც არ წერენ და ვიცით, რომ დავალებებს ასრულებენ, ეს ხომ მტკიცებულებაა?! მოსამართლე გეუბნება, კანონი დაირღვა, მაგრამ უნდა ვაპატიოთ. რა დავარქვათ ამ დოკუმენტს?! უნდა გამოვაქვეყნოთ და ხალხს წავაკითხოთ, _ აი, როგორი სასამართლო გვაქვს! უნდა ვამცნოთ ევროპელებს, რომ ამ სასამართლოში ადამიანის უფლებებზე საუბარი ზედმეტია, საზოგადოებამ უნდა მოვთხოვოთ, რომ ჩვენ ასეთი სასამართლო არ გვჭირდება! ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენი თავი, თქვენ არ დაგვიცავთ, თქვენ იმისთვის ხართ, რომ ჩვენი უფლებები დაარღვიოთ და ციხეებში შეგვრეკოთ! კანონში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმი სწორად არის გაწერილი, არც პოლიციელის ბრალია და არც პროკურორის, ეს არის მოსამართლის ბრალი! აბა, მოსამართლე იდგეს თავის სიმაღლეზე და თქვას, _ ამ უკანონობას მე არ დავაკანონებო, შემდეგ ვერც ერთი პოლიციელი გაბედავს უკანონო ქმედებას! არადა, სერიული გახდა, ნარკოტიკსა და იარაღზე ყველა ჩხრეკა-დაკავება გადაუდებელია, გამონაკლისი 10 საქმიდან უნდა ხდებოდეს ერთი და 10-დან ათივეზე ასე ხდება და მასობრივი ხასიათი აქვს ამ დარღვევებს. ეს სტატისტიკა ხომ ჩემი მოგონილი არ არის, ჩახედეთ შარშანდელ გამოქვეყნებულ მასალებს, 100 ჩხრეკიდან 98 იყო გადაუდებელი. რა ჰქვია ამას? _ ხდება სისტემური ხასიათის დანაშაული! ამის პასუხისმგებლობა აკისრია მხოლოდ სასამართლოს. თუ სასამართლო არ იქნება თავის სიმაღლეზე, რომ დაიცვას კანონი, სხვას ჩვენ ვერ მოვთხოვთ კანონის დაცვას იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში კანონდება უკანონობა და ამისთვის არის მოწოდებული სასამართლო. დაგვიმტკიცეთ, ბატონო, რომ სასამართლო ადამიანის უფლებებს იცავს, დაგვანახეთ, რომ თქვენს სიმაღლეზე დგახართ და თუ ეს ამ საქმეში არ გამოჩნდა, დავკეტოთ ყველა სასამართლო და ხალხს მოვუწოდოთ ამის შესახებ. კომუნისტების დროს, როდესაც ხალხი კომპარტიას აღარ ენდობოდა, რაიკომის მდივნებს კარებს უჭედავდა. საზოგადოებამ ასე გადაწყვიტა და თუ სასამართლოს კარიც აიჭედება, ესეც მათი გადაწყვეტილება იქნება! შენ თუ გეპატიება კანონის დარღვევა, მე რატომ არ უნდა მეპატიოს?! თუ დისკრიმინაციაზეა ლაპარაკი, ეს კონფლიქტი შემოაქვს სასამართლოს, ყველა დაძაბულობა შემოაქვს სასამართლოს და რატომ აქვს ეს ტვირთი და რატომ იქცევა ასე?! იმიტომ, რომ ეპატია ის 9 წელიწადი! რომელიმე მოსამართლეს რომ დაენახა, არ ეპატია, მაშინ ვერავინ გაბედავდა! სსრ კავშირი რომ დაიშალა და ორი გერმანია შეერთდა, უნივერსიტეტის პროფესორებიც კი, რომლებიც ლექციებს კითხულობდნენ, იმათაც კი ჩამოართვეს ამის უფლება. იმ სისტემის მომსახურე ყველა მოხელეს ჰქონდა ისეთი მენტალიტეტი და სწორედ ეს იყო იმ ქვეყნის მოსახლეობისთვის ანტიკოსტიტუციური. აღარ არის პოლიციელებზე, მოსამართლეებსა და ჩინოვნიკებზე ლაპარაკი, მათ აღარ ანდეს ხელისუფლება. მეორე სამამულო ომი რომ დამთავრდა, იტალიელებმა კონსტიტუცია მიიღეს და ჩაწერეს, რომ სავინის გვარის მატარებელს იტალიაში შემოსვლა და გასვლაც კი ეკრძალება. სავინები იყვნენ სამეფო გვარის წარმომადგენლები, რომლებმაც ხმა არ ამოიღეს ფაშიზმის წინააღმდეგ. როცა მსოფლიოს ასეთი მაგალითები აქვს, საზოგადოება ვალდებულია, რომ ბრძოლის დროშა აიღოს და უკანონობას წინ აღუდგეს!

 

თამარ ბატიაშვილი