ექიმი-ფოტოგრაფი ანუ მაქსიმუმისთვის მებრძოლი ლადო მჭედლიშვილი

თუ ოდესმე ისეთ ადამიანს შეხვედრიხართ, რომლისთვისაც დასვენება მეორეხარისხოვანია, მუდმივად მუშაობის პროცესშია და მაქსიმუმში სფეროში საუკეთესოდ ყოფნას გულისხმობს, მაშინ დღევანდელი სტატიის გმირს, ლადო მჭედლიშვილს ნამდვილად იცნობთ.

საოცარია და ცოტამ თუ იცის, რომ 28 წლის ახალგაზრდა იმ ფოტოების ავტორია, რომელიც თითოეული თქვენგანისთვის ძალიან ახლო, ნაცნობი და საყვარელია. მის ანგარიშზეა ისეთი ფოტონიმუშებიც, რომლებმაც სოციალური სივრცე დაიპყრო. ერთ-ერთი ვიდეოკლიპი კი, რომელსაც, ძირითადად, კომერციული საქმიანობისთვის იღებს, 2017 წელს საუკეთესო დაბალბიუჯეტიან რეკლამად აღიარეს!
გასაკვირიც კია, თვითნასწავლი ხელოვანი რეალურად მეანგინეკოლოგია. ერთ-ერთ კერძო კლინიკაში რეზიდენტურის კურსს გადის. ჰყავს ოჯახი და ულამაზესი ქალიშვილი.
დღეს ახალგაზრდაზე გიყვებით, რომელიც მოტივაციას მოგცემთ, იყოთ საუკეთესოები და არა უბრალოდ კარგები!
სანამ უშუალოდ მის ისტორიაზე გადავალთ, გეტყვით, რომ თავიდან ლადოც რიგითი მეანი მეგონა, რომელიც, უბრალოდ, ფოტო და ვიდეო ხელოვნებით იყო გატაცებული, სულ რაღაც ერთ დღეში კი მივხვდი, რომ წინასწარი მოლოდინი ხშირად არც მართლდება და სწორედ ეს შემთხვევა იყო!
როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდა ხელოვანი ექიმი ყველაფერს იღებს, რაც საინტერესოა მისთვის, თანამშრომლობს ადამიანებთან, რომელთაც ღირებული შემოთავაზებები აქვთ. ამასთან ერთად, თითქმის ყოველ საღამოს მინიმუმ თითო ადამიანს ახარებს დედამიწაზე მოვლენილი ახალი სიცოცხლით.
ყვება, რომ მედიცინით დაინტერესება ოჯახიდან მოდის. ბავშვობიდანვე იცოდა, რომ ექიმი უნდა გამოსულიყო, ამიტომაც ჩააბარა და დაამთავრა დავით აღმაშენებლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დიპლომსშემდგომი გამოცდაც წარმატებით გაიარა, გახდა რეზიდენტი და როგორც ზემოთ აღვნიშნე, დღეს ერთ-ერთ კლინიკაში თავის საქმიანობას აგრძელებს. უკვე წელიწადნახევარში დიპლომირებული ექიმიც გახდება და დამოუკიდებლად შეეძლება მუშაობის გაგრძელება. საინტერესოა, რომ თავიდანვე მეანგინეკოლოგობა არ სურდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, რამდენიმე მორიგეობის შემდეგ მიხვდა, ბედნიერი იყო იმით, რომ სხვას ანიჭებდა სიხარულს, რის გარეშეც მორიგეობის გატარება წარმოუდგენელია: „თუ გინდა, რომ პაციენტს სიხარული მიანიჭო, ყურადღება მიაქციო, მაშინ ექიმობა სხვა არაფერია!“ _ ამბობს ლადო.
გვიყვება მის დაინტერესებაზე ფოტოგრაფიაშიც:
„ფოტოგრაფიის სამყაროში ჩემი შესვლა კი ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. მახსოვს, და ბავშვობის ფირებიდანაც ჩანს, რომ ყველას ვთხოვ კამერაში ჩამახედოს, რომ მე თვითონ გადავიღო კადრი. ვფიქრობ, ჩემი ინტერესი დროდადრო გაღრმავდა და როგორც ყველა საქმე, ისე განვითარდა. ხშირად მესმის და ბევრს ჰგონია, რომ ფოტოების გადაღება მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერაა და სხვა არაფერი. ჰგონიათ, რომ მარტივია კარგი ვიდეორგოლის გადაღებაც, არადა, რეალურად, იმდენად რთულია კომპოზიციურად გამართვა, მთავარი დეტალის გამოჩენა, სწორი აქცენტების დასმა, განსხვავებული და საინტერესო ხედვის ქონა… იქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია და მას დიდი გამოცდილება, ყურადღება სჭირდება!
თავიდან არაკომერციული ფოტოგრაფიით, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გადაღებით დავიწყე. პირველ გამოწვევას მეგობრის შემოთავაზების შემდეგ დავთანხმდი და ჩემი ნამუშევრები დამკვეთს იმდენად მოეწონა, რომ რამდენჯერმე კიდევ მთხოვეს მსგავსი საღამოს გადაღება. საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია და ახლა უკვე ისე ვარ, რომ დროც აღარ მყოფნის! დავრწმუნდი, რომ პირველ რიგში ეს სქმე მე თვითონ მიყვარს და ისე არ ვაკეთებ, რომ უბრალოდ მოვიშორო. თითოეულ კადრს იმხელა ყურადღებას ვუთმობ, რომ ხანდახან მგონია, ასეთი „დახარჯვაც“ არაა საჭირო. ზოგადად, პერფექციონისტი არ ვარ, თუმცა ფოტოგრაფიასა და ვიდეოს გადაღებისას პერფექციონისტულად ვუდგები ყველა დეტალს! _ შედეგიც სახეზეა!“ _ ამბობს ექიმი.
პირად საუბრებში იმასაც იხსენებს, რომ ბევრი კონკურსი მოიგო. პირველი მათგანი კი იყო „მომავალი სიღარიბის გარეშე“. სწორედ ამ კონკურსმა გააღრმავა მისი სიყვარული ფოტოგრაფიისადმი, თუმცა ახლა ნაკლებად უთმობს დროს არაკომერციულ ფოტოგრაფიას! ცდილობს, ის ბალანსი დაიჭიროს, რომელიც მხოლოდ კომერციულ ღირებულებას არ აძლევს პროდუქტს, ამიტომ მაქისმალურად მხატვრული ღირებულების მიცემაზე მუშობს, რაც დამატებით პასუხისმგებლობასაც აკისრებს:
„როცა სხვაზე მუშაობ, კიდევ უფრო მეტი სპორტული ჟინი გიჩნდება, რომ დაამტკიცო, პირველი ხარ! მე კიდევ სულ ჩემს თავს ვუმტკიცებ, სულ კრიტიკულად ვუყურებ, არ მინდა ვიფიქრო, რომ ის ნახევარი საათი უსაქმოდ ვიჯექი. ერთი საათის მანძილზე რომ ვიჯდე და ვიღაცამ მითხრას, იზარმაცეო, ძალიან დავიძაბები“.
გვეუბნება, რომ ყველაზე დიდ ყურადღებას, ცალსახად, კომპოზიციას უთმობს, აღნიშნავს, რომ ყველა საგანს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და აუცილებლად ტექნიკურად გამართული უნდა იყოს
„მედიცინას ჩემი დროის უდიდეს ნაწილს ვუთმობ. ეს ის სფეროა, რომელიც მიყვარს. ჩემი მეუღლეც მისი წყალობით გავიცანი სამი წლის წინ. ის ჩვენს კლინიკაში თავისი ახლობლის საგულშემატკივროდ მოვიდა. იმ საღამოს ვმორიგეობდი. პირველივე დანახვისთანავე ძალიან მომეწონა. თამამად მივედი და ვუთხარი, თუ რამე დაგჭირდათ, გვერდით მიგულეთ-მეთქი. ამით დაიწყო ყველაფერი! მალევე შევუღლდით, ახლა წლინახევრის ქალიშვილი გვყავს და ძალიან ბედნიერები ვართ! ზუსტად ვიცი, რომ არ მაქვს უფლება, ამ ადამიანებს ჩემი დაღლა დავანახვო. მათ ვერ უნდა იგრძნონ, რომ მე ვმორიგეობდი ან სხვა საქმეს ვაკეთებდი და დავიღალე! უნდა ვიყო საღი გონებით, მთლიანად მობილიზებული და შესაბამისი სამუშაო გავაკეთო. შედეგიც სახეზეა!“
გულწრფელად გვიტყდება, რომ საკუთარი თავის მიმართ ყველაზე კრიტიკული თავადაა: „არ მახსენდება წუთი, როცა შესრულებულ საქმეზე მეთქვას, არა უშავს, იყოს რაც არის, შემდეგში უკეთესს გავაკეთებ, ახლა დავისვენებ-მეთქი! პირიქით, მაქსიმალურ სიზუსტეს ვთხოვ საკუთარ თავს, თუ ჩემზეა პასუხისმგებლობა და მე ვარ ხელმძღვანელი, ამ დროს აუცილებლად მაქსიმალისტი ვარ“.
აქვს პრინციპი, რომელსაც დარწმუნებით იცის, რომ არასდროს უღალატებს _ სიყვარული!
აქვს ნამუშევარიც, რომელიც გამორჩეულად უყვარს, ეს წლების წინათ გადაღებული კადრია, სადაც კავკასიონის ქედიდან გადმოსული ღრუბლებიდან სიღნანღი მოჩანს. როცა, ჯერ კიდევ, არაპროფესიონალური კამერა ჰქონდა და ბევრ რამეს ვერ იგებდა, მაშინ შექმნა იგი. თამამად ამბობს, რომ ფოტოგრაფიისა და კარგი კადრისთვის საჭირო სულაც არ არის ძვირადღირებული კამერა, განათება ან ლინზა. მთავარია კომპოზიციის კარგად დალაგება და საგნების სწორად განაწილება!
ადამიანში ყველაზე მეტად ჰუმანურობას აფასებს, რომელიც ბევრ რამეს მოიაზრებს საკუთარ თავში: „ის, რომ ადამიანი მოაზროვნე და პიროვნება ხარ, თავისთავად გულისხმობს სხვის პატივისცემას, თანასწორობას, უნდა შეგეძლოს სხვისი მოსმენა, აზრის გათვალისწინება! ამ პრინციპით ვცხოვრობ და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის“.
მიუხედავად იმისა, რომ ყველამ, ვინც ლადოს იცნობს და მისი ნამუშევრების შესახებ იცის, ხვდება, თუ რამხელა ძალასა და ენერგიას დებს იგი საკუთარი საქმის შესრულებაში, ზოგჯერ ადამიანები არ უქებენ ორი პროფესიის ქონას და მეტიც, დემოტივატორები ხდებიან ჩვენი სტატიის მთავარი გმირისთვის, თუმცა ლადო ფიქრობს, რომ ორი პროფესია ავსებს და ამრავალფეროვნებს ცხოვრებას: „ადამიანები, რომლებიც ინტერესდებიან ჩემით ან ჩემი საქმიანობა მოსწონთ, ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევენ, რომ უფრო მეტი გავაკეთო და არ დავნებდე. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ცერად უყურებს ჩემს საქმეს. მე მოტივაციას ის მაძლევს, რომ შეიძლება ვიღაცის მოტივატორი თავად გავხდე. პასუხისმგებლობას კი მხოლოდ ოჯახი და ჩემი თავი მაკისრებს“.
უკვე მიღებული გამოცდილებიდან გვიყვება, რომ გვერდით საკმაოდ ბევრი და კარგი ადამიანი ჰყავს, რომელთა იმედიც სულ აქვს. მიაჩნია, რომ თავადაც ისეთი პიროვნებაა, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეს. მისი აზრით, თუ ადამიანი გეხმარება, მერე შენც ისე უნდა დაუდგე გვერდით, ის პასუხისმგებლობა უნდა აიღო, რომ სხვასაც იგივენაირად დაეხმარო! ეს ძალიან პრინციპულია მისთვის და ყველას ურჩევს, რომ გაითვალისწინოს.

წარმოშობოთ სიღნაღელ ხელოვანსა და ექიმს ჰყავს 26 წლის ძმა, ლაშა მჭედლიშვილი. ისინი ცოტა ხნის წინათ ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ, რადგან დაწერეს პროექტი „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მოიპოვეს დაფინანსება და სიღნაღში „ღვინის მუზეუმი“ გახსნეს კიდეც, რომელიც უკვე საკმაოდ ბევრ ტურისტს იზიდავს! სტატიის გმირი ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი! განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ძმასთან და მშობლებთან!
გვიტყდება, რომ მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ადამიანი, ვისაც თავს აწონებს, მისი მეუღლე თამთაა. ჩვენს გმირსაც სურს, რომ მისთვის საუკეთესო იყოს, თუმცა რამდენად გამოსდის ეს, უკვე თამთას შესაფასებელია. ამბობს, რადგან მეუღლე ჩემ გვერდითაა და მისთვის საუკეთესო ვარ, იმას ნიშნავს, რომ ვუყვარვარ და იმედებსაც ვუმართლებო!
კითხვაზე, არის თუ არა იგი თავისუფალი, პასუხობს:
„ჩარჩოებში ყველა ზის, მათ შორის, მეც. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, თავისუფალი ვარ და ჩარჩოში მოქცევა არ ნიშნავს, რომ ვინმე გზღუდავს. თავისუფლება ჩემთვის არ გულისხმობს სადმე ყვირილს ან ამორალურ ქცევას, ჩემი თავისუფლება ხშირად ისაა, რომ არავინ შევაწუხო!“
ამბობს, რომ განსაკუთრებულად მძაფრად განიცდის საქმისადმი დაუფასებლობას და სწორედ ამას ასახელებს ძალიან დიდ პრობლემად იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობს _ არასათანადო, გულგრილი დამოკიდებულება:
„შეიძლება მსგავსი მიდგომა სფეროს ყველაზე მაგარი პროფესიონალის მიმართაც ჰქონეთ. დარწმუნებული ვარ, ბევრს ჰქონია ეს წუთი, როცა მთელი გული ჩადე საქმეში, შეიძლება ძალიან ცუდი გამოგივიდა ან ძალიან კარგი, თუმცა მაინც არ დაგიფასეს და ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს, რაც არასასიამოვნოა!
ყოველთვის ვმუშაობ იმაზე, რომ არ ვიყო გულგრილი საქმის მიმართ, ყოველდღიურად გავითვალისწინო სხვების შეცდომა და რჩევები! ვიცი, რომ მსგავს სიტყვებს ყველა გეტყვით, შეიძლება ყველაზე დემორალიზებულმა და ამორალურმა ადამიანმაც კი გითხრათ, მაგრამ სიტყვის თქმა არაფერს ნიშნავს, ადამიანი კონკრეტული სიტუაციით უნდა განსაჯო!“
როგორც სტატიის მთავარი გმირი გვიყვება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკმაოდ ხშირად გადის, რაც ყოეველდღიურობიდან თავის დასაღწევად სჭირდება. სამშობლოში ყოფნის დროს ყოველთვის მაინც სამსახურზე, ოპერაციებსა და გადაღებაზე ფიქრობს მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იმ კონკრეტულ სიტუაციაში.
ამბობს, რომ მისიაც აქვს და ის საკუთარი შვილის ღირსეულ მოქალაქედ აღზრდაა, რაც ოჯახით სიამაყესა და საზოგადოების ღირსეულ წევრობას გულისხმობს.
28 წლის ახალგაზრდას, რომელსაც შესანიშნავად გამოსდის ორივე საქმე, საკუთარი თავი ნამდვილად ნაპოვნი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამბობს, შენი თავის ძიება მუდმივი პროცესია და ის ყოველდღიურად ახალი გამოწვევების წინაშე გაყენებსო, მაინც სჯერა, რომ საკუთარი თავი იმიტომ აქვს ნაპოვნი, რომ ზუსტად იცის თუ რისთვის ცხოვრობს! რომ ეს არის მისი ოჯახი და სიყვარული! ნამდვილად სიანტერესო და საოცარია, რომ ჩვენი სტატიის მთავარ გმირს ძალიან უყვარს ბალანსი და დიდ ყურადღებას აქცევს მას საქმეში, მეგობრობაში, ყოველდღიურ ურთიერთბასა თუ სმა-ჭამაში! ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჰუმანურობაა და მას შემდეგ პროფესიონალიზმი: „მინდა, რომ როგორი წარმატებული, უშუალო და საყვარლებიც არიან ჩემთვის ღირსეული პიროვნებები, ისეთი ადამიანი ვიყო მეც. ამ მდგომარეობაში ამისთვის ვიბრძვი! ერთადერთი საზრუნავი ეგ არის! არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნები, სამედიცინო სფეროში თუ ფოტოგრაფიაში, თბილისსა თუ სხვა რეგიონში, მთავარი მიზანი მაინც ეგ არის, ვიყო ისეთივე პროფესიონალი და ჰუმანური, როგორებიც ჩემი მოტივატორები არიან“.

გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ლადო მჭედლიშვილთან:

ვარ – ადამიანი, რომლის ცხოვრებაშიც ბევრჯერ ყოფილა წუთი, როცა რაღაც არ გამოვიდა. ადამიანი, რომელიც ხშირად დახმარებია სხვებს!
არ ვარ – ფილოსოფოსი და არც ზედმეტად ნაკითხი პიროვნება, თუმცა ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ რა მაბედნიერებს, რა არის ღირებული, რისთვის ვცხოვრობთ, დაცემის შემდეგ როგორ წამოვდგე ფეხზე. იმდენჯერ დავეცი როგორც ჩემს პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურებრივად, რომ ფეხზე წამოდგომა ვისწავლე, ახლა ვცდილობ, მყარად ვიდგე!
შანსი რომ მქონდეს, დავიბადებოდი – მაინც ამ ეპოქასა და საქართველოში!
რომ არა ლადო მჭედლიშვილი, ვიქნებოდი – არსებობენ ადამიანები, რომელთაც პატივს ვცემ, თუმცა რომ არა ლადო მჭედლიშვილი, მაინც იგივე ვიქნებოდი!
ფრაზა, რომელსაც ხშირად ვიყენებ – ფანტასტიკურია! იმდენად დამუხტული სიტყვაა ენერგიით, ისეთ რამეზე რომ თქვათ, რაც კარგი არ არის, მაინც ეგრევე ფანტასტიკური ხდება!
მაბედნეირებს – თვითრეალიზება. როცა ასეთი ხარ, ყველასთვის მისაღები, მისაბაძი ხდები. ეს არის მდგომარეობა, რაც ბევრისთვის ხელმისაწვდომი არ არის და ვისთვისაც არის, ის ყველა ბედნიერია.
უნდა მივიდე იქამდე, რომ – პირველ რიგში თამთასა და ქალიშვილისთვის, მარიამისთვის ვიყო ისეთი ადამიანი, რომელიც იმედებს არ აცრუებს და სხვები ამბობენ, რომ მისაბაძია!
ვიბრძვი იმისთვის, რომ – ყველა ჩემი სურვილი ავისრულო, იქნება ეს მატერიალური თუ არამატერიალური.
შინაგანად ვარ – 28 წლის, ზუსტად იმდენის, რამდენისაც რეალურად. ზოგჯერ მეგობრებთან ერთად უფრო „პატარა ბიჭი“ ვხდები, მაგრამ ცხოვრებას ზუსტად ისე ვუყურებ, როგორც უნდა იყოს.
ნამდვილი ლადო მჭედლიშვილი არის – ზოგჯერ იმდენი დემოტივატორი გადამეყრება გზაზე, რომ მანდ ვიწყებ ფიქრს, ნუთუ ამდენ ხანს რასაც ვაკეთებდი და დღეს რაც უნდა გავაკეთო არასწორია? ხვალინდელი გეგმებიც სწორია თუ არა?! მართალს ვაკეთებ თუ არა?! თუმცა როგორც კი კარგად გავაკეთებ რაიმეს, წარმატებული ოპერაციიდან გამოვალ ან კარგ კადრს გადავიღებ, მაშინ ზუსტად ვიცი, რომ ლადო ვარ, მჭედლიშვილი და იმ სიტუაციაში ბევრი ვერ გააკეთებდა იგივეს ჩემნაირად! ჩემი გზავნილი საზოგადოებას – პატივი ეცით ერთმანეთს, ყველაფრის სათავე ეგ არის! ნაკლები რადიკალიზმი გვქონდეს. დათმობით უფრო მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე რადიკალიზმით! ასე მიცხოვრია და გავაგრძელებ კიდევაც. ყველაზე მთავარი კი არის, საკუთარ თავთან მართალი იყოთ, ამიტომ უკან არ დაიხიოთ და მაქსიმუმისთვის იბრძოლეთ!

ნინო ტაბაღუა