ეს აზიური ფაროსანაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის „საჩუქარია“

წინა ნომრის სტატიაში იმაზე ვწერდით, რომ სანამ ჩვენ გვეძინა, ოკუპანტებმა შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლთან, ორჭოსანი-ყარაფილა-წინაგარის მონაკვეთზე, გრუნტის გზა გაჭრეს, გაიყვანეს და დატკეპნეს კიდეც.

 

გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო, ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი და სანამ შიდა ქართლის პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე რეგიონშიც გვეძინა (უფრო სწორად, ხელისუფლებას ეძინა), აზიური ფაროსანა შემოგვესია და ისე შემოგვესია, რომ ეზოში ტანსაცმელი ვერ გაგვიმზეურებია, ყველგან მიძვრებიან: სიმინდზე, თხილსა და სხვა მცენარეებზე რომ არაფერი ვთქვათ…

შესაძლოა, იკითხოთ, ოკუპანტთა აქტივობასთან აზიურ ფაროსანას რა ხელი აქვსო? საქმეც ის გახლავთ, რომ ეს აზიური ფაროსანაც სწორედ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის „საჩუქარია“. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ფაროსნები ესოდენ არნახულად სწორედ მას შემდეგ მომრავლდნენ, რაც სოჭში ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო და უამრავი ხე-ტყის მასალა ჩამოიზიდა _ სწორედ იმ პერიოდიდან იწყებს ფაროსანა გამრავლებას და განვლილი დრო სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რათა დღევანდელი მასშტაბები მიეღო.

რასაკვირველია, ერთი ლოგიკური შეკითხვა აქაც იბადება: რატომ თავად სოჭსა და ოკუპირებულ აფხაზეთში არ გავრცელდა ეს მავნებელი ასეთი ასტრონომიული მასშტაბებით? პასუხი აქაც მარტივია: თავად რუსეთმა, რომელმაც საფრთხე ყველაზე ადრე აღმოაჩინა და იგრძნო, მისი გამრავლების შესაჩერებლად ზომები მიიღო, ხოლო შემდეგ ამ კუთხით მიღებული გამოცდილება ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელობასაც გაუზიარა. ამიტომ ამ მავნებელმა სოჭსა და ოკუპირებულ აფხაზეთს ყველაზე ნაკლები ზიანი მიაყენა.

სამაგიეროდ, აფხაზეთის გარდა, საქართველოს სხვა რეგიონები და, პირველ რიგში, სამეგრელო, დაუცველი აღმოჩნდა და აზიური ფაროსანას რისხვა ყველაზე პირველს სწორედ სამეგრელოს დაატყდა თავს. აღსანიშნავია, რომ ფაროსანთა განსაკუთრებული სიმრავლე ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში შეიმჩნევა, რაც კიდევ უფრო ამყარებს ფაროსნების აფხაზეთიდან, იქ კი _ რუსეთიდან შემოჭრის ვერსიას.

სანამ მსჯელობას გავაგრძელებდეთ და ვნახავდეთ, რა საფრთხის შემცველია აზიური ფაროსანა სამეგრელოს რეგიონში თუნდაც პოლიტიკური სტაბილიზაციისთვის, ჯერ ვნახოთ, რა არის აზიური ფაროსანა და რა მახასიათებლებით გამოირჩევა ის:

აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო, ლათ.: Hალყომორპჰა ჰალყს) წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

მწერმა 2016 წლის სეზონზე დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ზრდასრული ფაროსანა და მატლი (ნიმფა) აზიანებს სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს; ამცირებს მათ ხარისხს და ზოგიერთ შემთხვევაში გამოუსადეგარს ხდის მოსავალს. განსაკუთრებით აზიანებს თხილს, ვაშლს, ვაშლატამას, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს.

ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან და მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას ფოთლის ქვედა მხარეზე ჯგუფებად. 4-5 დღეში მოწითალო ნიმფები (მატლები) ჩნდებიან, რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ _ მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლებად _ იმაგოებად. ზრდასრული მავნებლის ზომა 12-17 მმ-ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოს სურათით ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე _ თეთრი ზოლებით.

მცენარით კვებას ფაროსანა გაზაფხულზე (აპრილის ბოლოს, მაისიდან) იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით; ძლიერი ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს, წოვს და მასში წარმოქმნის კორპისებრ ლპობად ლაქებს. მავნებელი გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ ბინებში შედის, ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარისა და ფანჯრის ღრიჭოებში; ასევე ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. იძინებს აპრილამდე.

მოსახლეობამ გამოსაზამთრებლად თავშეფარებული მავნებლები უნდა შეაგროვოს და მექანიკურად გაანადგუროს. მოზამთრების პერიოდში ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი ფაროსანას განადგურებას. ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან უნდა ჩატარდეს ყოველკვირეული დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე.

ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ რამდენი უნდა შეაგროვოს მოსახლეობამ? ან, კიდევ, თუ მაისიდან ივნისამდეა შეწამვლისთვის ყველაზე ოპტიმალური დრო, რა გააკეთა გასული წლის მაის-ივნისში ხელისუფლებამ და 2017 წლის მაის-ივნისში რით გაამყარა 2016 წლის მიღწევა?

ადგილობრივი მოსახლეობა სამეგრელოში ამბობს, რომ ბუკლეტების დარიგების გარდა, არც არაფერი გაკეთებულა და ეს მაშინ, როცა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამაც კი გვაჯობა _ იქ განმარტებითი სამუშაოებიც ჩაატარეს, ბუკლეტებიც დაარიგეს და თხილნარი და ყანები შეწამლეს კიდეც. შედეგი? შედეგი ისაა, რომ სამეგრელო უფრო დაზარალდა, ვიდრე აფხაზეთი _ სამეგრელოში, სადაც თხილი გლეხების გამოზამთრებასაც და შვილების სკოლებში თუ უნივერსიტეტებში სასწავლო ფულის გადახდასაც უკავშირდება, ეს კულტურა მთლიანად განადგურებულია. აი, როგორ აღწერს ერთ-ერთი ადგილობრივი, საკუთარი ოჯახის მაგალითზე, იმ დიდ მასშტაბს, რასაც აზიური ფაროსანა სამეგრელოში იწვევს:

„თუ სამეგრელოში მოსავლის 40% განადგურდა, სტიქიური უბედურების ზონად უნდა გამოცხადდესო, ამბობენ.

მე გეტყვით ჩემი ოჯახის მაგალითს: ჩემს ძმას თხილის ხეივანი აქვს, დაახლოებით, 700-800 ძირი ნარგავით, რომლის მოსავალი, მინიმუმ, 2 ტონა თხილი მაინც უნდა იყოს, რადგან ერთი ხიდან, საშუალოდ, 3-4 კგ-ს ანგარიშობენ. მინიმუმ 4 ლარად რომ ჩაებარებინა 2 ტონა თხილი, 8000 ლარი ხომ იქნებოდა შემოსავალი, რაც სოფლის ოჯახს თითქმის მთელი წელი არჩენს მინიმალური საჭიროებებით.

ჩემმა ძმამ, დაახლოებით, ასი კილოგრამი მოაგროვა, რომელიც არავინ ჩაიბარა, რადგან სრულიად უვარგისი იყო. ხალხმა თხილის მოგროვებას თავი მიანება. ჩემმა რძალმა მითხრა, გული მოგიკვდება, სასკოლო ასაკის გოგო-ბიჭები სოფლის მიკროავტობუსებით დაწუნებული თხილის ტომრებს უკან რომ ეზიდებიანო.

მათი სწავლა-განათლება, ჩაცმა-დახურვა და ჭამა-სმა ამ მოსავალზე იყო დამოკიდებული. გულმკვდარი დაიარება ხალხი. ახლა ასევე მოუსავლიანი იქნება სიმინდი. ხალხი ბოსტნეულ კულტურებს მიაკვდა და მთლიანად გაანადგურა ფაროსანა ხოჭომ. ასევე ხილი. ხილი ზაფხულში რომ არ ჭამოს ადამიანმა, ზამთარში მურაბა, კომპოტი და ჯემი სოფლის ოჯახის საზრდოა.

გარდაუვალია დიდი სიღატაკე და შიმშილობა, რაც კრიმინალის გაზრდის საფრთხეს მოასწავებს. დიახ, სამეგრელო სტიქიური უბედურების ზონაა და მთავრობამ ხალხს რამენაირი კომპენსაცია უნდა გამოუყოს. იგივე მდგომარეობაა გურიასა და იმერეთში. სამეგრელო კი ყველაზე მეტად დაზარალდა.

განადგურებულია ყველანაირი მოსავლის 90%-ზე მეტი. ამაზე დარდმა მომკლა. წელს ჩემი ძმის ორი შვილისთვის მე რომ არ მეყიდა სასკოლოდ ჩანთები და სამოსი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ამას ვერ შეძლებდა.

რძალი უმუშევარია და ჩემს ძმას რეინჯერის პოზიციაზე 470 ლარი ეძლევა ხელფასი. ლუგელას ხეობის მთიანეთში უწევს უმძიმესი სამუშაოს შესრულება.

ჩემი ოჯახი მხოლოდ მემილიონე მაგალითად მომყავს, მეგობრებო. მოსახლეობის 90% ამგვარ მდგომარეობაშია. ეს უკვე სასიკვდილო განაჩენია მოსახლეობისთვის. ეს ხალხი პატრიოტული მოსაზრებით, უბრალოდ, ხმას არ და ვერ იღებს.

არ ვიცი, როგორ უნდა გადავარჩინოთ გაუკაცრიელებას ჩვენი კალმით ნახატი სოფლები. გამისკდა თავიც და გულიც!

არავინ იფიქროს, რომ ვითარების დრამატიზებას ვახდენ და თუნდაც ოდნავ ვაჭარბებ რამეს…“

მოსახლეობამაც, სანამ შეეძლო, ითმინა და ბოლოს ვერ მოითმინა _ ქუჩაში გამოვიდა. აქციები სექტემბრის დასაწყისში გაიმართა და მოსახლეობამ ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცა. ისინი კომპენსაციის გაცემას ითხოვენ. სხვათა შორის, გალის რაიონში გალის დე ფაქტო ხელისუფლებამ კომპენსაციები გასცა…

ერთი კვირის გასვლის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას უთხრა, რომ კომპენსაციები არ გაიცემა, რამაც ახალი მღელვარება გამოიწვია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პარლამენტში „ოცნებისგან“ მოხვედრილმა ზუგდიდელმა დეპუტატებმაც კი ამოიღეს ხმა და სხდომაზე მთავრობას ქმედითი ღონისძიებების გატარება მოსთხოვეს.

მეორედ ქუჩაში გასული ადამიანების რიცხვი იმდენად მაღალი იყო, რომ ხელისუფლება სერიოზულად შეშფოთდა. მით უმეტეს, მოსახლეობის პროტესტს ენმ და ევროპული საქართველოც შეუერთდა და ხელისუფლებას მოსთხოვა, ხალხის გასაჭირი გულთან ახლოს მიეტანა.

საბოლოოდ, შედეგი ვერც ამ აქციებმა გამოიღო. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ხელისუფლებას სიტუაციის დარეგულირების რესურსი უკვე აღარ გააჩნია. არჩევნები კი კარზეა მომდგარი. თუმცა ჩატარდება თუ არა ეს არჩევნები სამეგრელოში, დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან სამეგრელოს მოსახლეობა არჩევნების არა მარტო ბოიკოტირებით, ჩაშლითაც იმუქრება.

 

ლაშა ბერულავა