ეპისტოლიდან ეპიტაფიამდე

„სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს ისტორიის არც ერთ სხვა პერიოდში არ ყოფილა შეხედულებათა ასეთი მრავალფეროვნება, აზრთა ასეთი პლურალიზმი და დაუბრკოლებელი ცხარე პოლიტიკური დებატები, რომლებსაც დღეს ვხედავთ ჩვენს მედიასივრცეში. დღეს ქართული მედია უფრო თავისუფალია ხელისუფლების მხრიდან ჩარევისგან და უფრო თავისუფლად გამოთქვამს კრიტიკას მის მიმართ, ვიდრე ოდესმე“, – ზუსტად რომ არ ვიცოდეთ, ეს წერილი ევროპარლამენტარებს ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გაუგზავნა, შესაძლოა, გვგონებოდა, რომ ის ან აშშ-ის, ან დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ვერტიკალის წარმომადგენელთა მიერაა ხელმოწერილი.

ამ ამაყი ციტატის შემცველი საპასუხო წერილი გიორგი კვირიკაშვილმა ბებერი კონტინენტის პარლამენტის წევრებს მას შემდეგ გაუგზავნა, რაც მათგან შენიშვნებით, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, დიპლომატიური გინებით გაჯერებული წერილი მიიღო, სადაც მთავარი გზავნილი იყო რჩევა, საქართველოს ხელისუფლებამ ერთი ადგილის თამაშს თავი გაანებოს და „რუსთავი 2“-ს შეეშვასო.

ეპისტოლარული ჟანრი რომ „ოცნების“ ხელისუფლების ერთგვარი სტილია, ეს უკვე კარგად ცნობილი ფაქტია. თავის დროზე, სწორედ ეპისტოლარული მიმოხილვა „გვაჯახა“ ბიძინა ივანიშვილმა, სანამ ქართულ პოლიტიკაში მოვიდოდა, ხოლო მის შემცვლელებს ეს ჟანრი, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობით ერგოთ.

ეპსტოლარული ჟანრით არა მხოლოდ პერმიერ-მინისტრები, „ოცნების“ დროის პირველი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოირჩეოდნენ. შეგახსენებთ, თავის დროზე, რა დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა დავით უსუფაშვილის ავტორობით გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი იყო ასახული და ეს „ჭორვილელი მონტე კრისტო“, როგორც ერთმა უცხოურმა მედიასაშუალებამ უწოდა, ლამის, ცაში იყო აყვანილი.

ექსპრემიერ ივანიშვილის ეპისტოლარული ჟანრი ცალკე საუბრის თემაა. დღემდე ბურუსითაა მოცული, ვინ იყო ბიძინა ივანიშვილის სპიჩრაიტერი, მაგრამ უმრავლესობა ირაკლი ტრიპოლსკიზე თანხმდება. და თუ ასე იყო, ისიც უნდა დავასკვნათ, რომ ბიძინა ივანიშვილის გემოვნება, მაინცდამაინც, დახვეწილი ვერ ყოფილა, რახან ასეთი მდაბიური, ლიტერატურულად სრულიად გაუმართავი სტილის მქონე პირს სპიჩრაიტერობა ანდო.

ივანიშვილის პირველი ეპისტოლის გამოქვეყნებიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა და მის შემდეგ მილარდერმა კიდევ ბევრი რამით გაგვაოცა, მაგრამ ევროპასა და ცივილიზებულ სამყაროში ფართოდ დამკვიდრებულ ეპისტოლარულ ჟანრს რომ „ქართული ოცნების“ სახეები ცუდად იყენებენ, ეს უკვე დავის საგანი აღარაა. სხვათა შორის, პასუხებმაც ტრანსფორმაცია განიცადა: თუკი გიორგი კვირიკაშვილის ახლანდელი პასუხი-ეპიტაფია, აქაოდა, თავისუფალი პრესა და ქვეყანა აგვიშენებია, მკლავს რატომ მჭრითო, მაინც თავაზიანი ტონითაა გაჯერებული, პირველ ეპისტოლარულ კრიტიკას ევროპარლამენტის 23 წევრის მხრიდან ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მტკივნეულად შეხვდა და არც უკმეხ ტონს მორიდებია:

მაშინ, ჯერ კიდევ, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ზუსტად ოთხი წლის წინათ, 2013 წლის მარტში, განაცხადა, რომ წერილი, რომელშიც ევროპარლამენტის 23 წევრი მას აკრიტიკებდა, „სირცხვილი იყო“ და დასძინა, რომ მისი ავტორები „სააკაშვილის ტყუილებზე ცხოვრობენ“.

23-მა პარლამენტარმა, საიდანაც 19 ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფიდანაა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს 6 მარტს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ივანიშვილს იმაში ადანაშაულებდა, რომ მან საქართველო ევროპის გზას ჩამოაშორა.

„თუ თქვენს ძალისხმევას სავარაუდო დემოკრატიული უკუსვლის გაღრმავება მოყჰვება, საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს, საფრთხე შეექმნება და ევროპული პერსპექტივის გარეშე დარჩება. მაშინ, თქვენ იქნებით ის ადამიანი, ვინც დაუხურავს საქართველოს ევროპის კარს“, _ საკმაოდ ხისტად იწერებოდნენ შუაგულ ევროპიდან.

მაშინ ლეღვის ფოთოლი პარლამენტის თავმჯდომარე აღმოჩნდა _ ბიძინა ივანიშვილს თავი დიდად არ შეუწუხებია. დიახ, არ შეგშლიათ _ სწორედ ის დავით უსუფაშვილი, რომელიც ახლა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს და მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსია.

მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ევროპარლამენტართა ჯგუფი „სიცრუეზე დაფუძნებულ“ იმ განცხადებების გამო გააკრიტიკა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი გაგზავნილ მათ წერილში იყო მოყვანილი და მოუწოდა, მათ თავი შეეკავებინათ მსგავსი წერილების ხელმოწერისგან, რადგან „ამის გამო მალე თავადვე შერცხვებათ“.

„დაგვიწესეთ უმაღლესი ევროპული სტანდარტები და განგვსაჯეთ ამ სტანდარტების მიხედვით. ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება პოსტკომუნიზმისგან თავის დასაღწევად. მაგრამ ამ სტანდარტების მეტრად სააკაშვილს და მის რეჟიმს ნუ დაგვისახავთ, ეს ევროპის შეურაცხყოფაა“, _ გაბრაზებული ტონი გაკრთა უსუფაშვილის პასუხშიც.

„შეგიძლიათ მიგვითითოთ ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვინმეს ძალადობისკენ მოუწოდა, ან უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა? სინამდვილეში, ბატონი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ხომ არ არის ავტორი საზოგადოების შეურაცხმყოფელი და გამთიშველი გამონათქვამებისა, როგორიცაა „მუმიები“, „ჩასარეცხები“, „კრემლის აგენტები“, „გასანადგურებელი კლასი“, „სახელმწიფოს მტრები“ და სხვა? პარალმენტის ურჩი წევრების (გელაშვილი 2005 წელს, დავითაშვილი 2007 წელს) სასიკვდილოდ გამეტებით სააკაშვილი ევროპისკენ მიმავალ კარს ფართოდ აღებდა და ამ საქმეების გამოძიების დაწყებით ახალი მთავრობა ამ კარს ხურავს?

და თუ ესაა დემოკრატიის თქვენეული სტანდარტები და ამგვარ სტანდარტებზე დაფუძნებულ ევროპაზე გვესაუბრებით, ჩვენ ასეთ ევროპას ნამდვილად არ ვიცნობთ და არც ასეთი ევროპისკენ მივდივართ. თქვენი წერილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპული ღირებულებების ერთგულებისთვის ევროპაში ცხოვრების ფაქტი არ კმარა.

თქვენ ევროპაში ცხოვრობთ, მაგრამ, სააკაშვილის პოლიციური რეჟიმისთვის მხარდაჭერით, თავად ემიჯნებით ევროპას. ამით თავად ევროპას, ალბათ, ბევრს ვერაფერს დააკლებთ, მაგრამ ჩემი პატარა ქვეყანა კი, შესაძლოა, ამგვარი „ევროპელების“ მორიგი მსხვერპლი გახდეს“, _ არ ცხრებოდა დავით უსუფაშვილი პასუხში.

თუ დავით უსუფაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის ტონს შევადარებთ, რასაკვირველია, განსხვავება თვალსაჩინოა. არცაა გასაკვირი: მაშინ ახლად გაპრემიერებული ბიძინა ივანიშვილი მეცხრე ცაზე დაფრინავდა, საზოგადოების მეტი ნაწილის მხარდაჭერაც ჰქონდა და, არც იყო გასაკვირი, შოლტი ეტკაცუნებინა უსუფაშვილის ზურგსუკან, _ ტონი გაამკაცრეო.

ახლა ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, ხელისუფლებაში არ არის _ ევროპის თვალში ასეა, თუმცა, რასაკვირველია, ბებერი კონტინენტის ბებერმა პარლამენტარებმა კარგად იციან, ვინ უკვეთავს მუსიკას. ამის მიუხედავად, ივანიშვილი დღეს კვირიკაშვილს ზურგსუკან შოლტს არ გაუტკაცუნებდა, ტონი გაამკაცრეო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ წერილს არა მხოლოდ „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები აწერდნენ ხელს და მეორეც, ამ წერილამდე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო.

ივანიშვილი წინასწარ განჭვრეტას დაუქვემდაბარებელი სვლებით კი გამოირჩევა, მაგრამ გიჟი ნამდვილად არაა, ყველა ევროსტრუქტურა საბოლოოდ მოიმდუროს. სწორედ ამიტომ კვირიკაშვილს შედარებით მოკრძალებული ტონის შერჩევა დაევალა და მანაც არ დააყოვნა:

„თქვენ გვადანაშაულებთ, თითქოს ჩვენ გვინდა ვაქციოთ „რუსთავი 2“ „მთავრობისადმი კეთილგანწყობილ კიდევ ერთ ტელეკომპანიად. ეს არის სერიოზული ბრალდება იმ მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მედიაპლურალიზმსა და იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელშიც საერთოდ არ არსებობს მთავრობის მხარდამჭერი ტელეარხები.

მაშინ, როდესაც 2012 წლამდე მხოლოდ სამი ტელეარხი მაუწყებლობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეს მათი რიცხვი 13-მდე გაიზარდა, ხოლო 2016 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისა და კიდევ უფრო აქტიური დერეგულაციის შემდეგ, დღეს სამაუწყებლო კომპანიის დაფუძნება, სულ რაღაც, 10 დღეში არის შესაძლებელი, რისთვისაც საჭიროა მხოლოდ განაცხადის მარტივი პროცედურის გავლა და მაუწყებლობის დაწყება.

საერთაშორისო რეიტინგები ცხადყოფს ყოველწლიურ გაუმჯობესებას საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ინტერნეტთან დაკავშირებულ კატეგორიებში. ეს არის ჩვენი მონაპოვარი და ჩვენს ინტერესებშია მისი დაცვა. ამის საწინააღმდეგოდ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს“, _ წერს გიორგი კვირიკაშვილი და რასაკვირველია, იქვე გახსენდება ლიტერატურულ-ზოოლოგიური პასაჟი, როგორიცაა სიტყვა „ამოიკნავლა“…

მაგრამ ჰოი, საკვირველებავ, პრემიერ კვირიკაშვილს ეს ამოკნავლებაც კი არ შეარჩინეს. არც ეპიტაფია დაუფასეს, არც მედიაზე ზრუნვაში გათენებული ღამეები და ეს წერილი სულ ცხვირში ძმრად ამოადინეს.

მაგალითად, პოეტი დავით გოგიბედაშვილი, რომელიც, სხვათა შორის, რვა მის კოლეგასთან ერთად თავადაცაა ევროპაში გაგზავნილი ერთ-ერთი ეპისტოლის (რასაკვირველია, კვირიკაშვილის ეპიტაფიისგან განსხვავებული შინაარსის) ავტორი, „ქრონიკა+“-თან გიორგი კვირიკაშვილის წერილს „უტიფრობისა და სიყალბის მაგალითს, გაყეყეჩებული დაბნეულობის ნიმუშს“ უწოდებს და ივანიშვილის სახელით ადრე გამოქვეყნებულ ეპისტოლეებსაც ამსგავსებს:

„ჩემი აზრით, ევროპარლამენტარებისთვის საპასუხოდ გაგზავნილი პრემიერ-მინისტრის წერილი უტიფრობისა და სიყალბის მაგალითია, გაყეყეჩებული დაბნეულობის ნიმუში.

პათოსით ივანიშვილის სახელით ადრე გამოქვეყნებულ წერილებს ძალიან ჰგავს, რადგან გიორგი კვირიკაშვილი რეალური პრაგმატული პოლიტიკოსი არაა _ ის ნომინალური ფიგურაა და დამოუკიდებლად მოქმედების უნარი საერთოდ არ გააჩნია. ის სუსტი ფიგურაა და მხოლოდ ივანიშვილის კარნახით მოქმედებს“, _ ამბობს დავით-დეფი გოგიბედაშვილი ჩვენთან ინტრევიუში, ხოლო შეკითხვაზე, ზოგადად, როგორ უყურებს ეპისტოლარულ ჟანრს, როგორც პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის საშუალებას, ამბობს:

„ეპისტოლარული ჟანრი პოლიტიკაში დიდი საქმეა, უმთავრესი გზავნილები სწორედაც ოსტატურად დაწერილი წერილებითა და საუბრის ექსპრესიით გამოიხატება, ის ყოველთვის მუშაობს, თუ მას პრაგმატული პოლიტიკა და პიროვნებებისა და იდეების ძლიერი ურთიერთკავშირი ესაძირკვლება.

ამ მთავრობას დღევანდელ გლობალურ პოლიტიკაში უსუსურად მავნებლური ადგილი უჭირავს. დღევანდელი ხელისუფლება ბუნდოვან გზავნილებს უშვებს, გაუგებარს და უხერხემლოს, თავისი განმასხვავებელი ორიგინალური სტილი არ აქვს, სიტყვისა და აზრების, გზავნილებისა და მთლიანი ტექსტის სტილი კი მაშინ ჩნდება და ყალიბდება, როცა საქმეს სიმართლე ესაძირკვლება და სხვა არაფერი“, _ ამბობს ის და იდეალურ შემთხვევასაც აღგვიწერს, როგორი ეპისტოლეა მიზანმიმართული და „ათიანში გარტყმული“:

„შინაარსი და ფორმა ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთს კი არ ეპაექრებიან, არამედ ერთი მიზნისკენ იყურებიან და ერთი მიზნისკენ მიისწრაფიან. კვირიკაშვილის შემთხვევაში კი აშკარაა ივანიშვილის ბრაზი და დიდი მარცხი.

მარცხი, რომელსაც კრემლი მას არ აპატიებს, ამიტომ ძალიან ქაოტურად მოქმედებს, მისი იარაღი მხოლოდ ჭორი და ცილისწამებაა, მას უნდა, მიისაკუთროს ის, რაც მისი არაა, მას სურს ყველაფერი და ეგრევე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ის მიიღებს არაფერს და თანდათან, რადგან ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო თანმიმდევრულია და პასუხისმგებლობით სავსე, ეს კი ივანიშვილისთვის და კრემლისთვის სილის გაწნაა.

ასეთ წერილებს არ სჭირდება დიდი მხატვრული ჩახვევა _ ტექსტი თუ სიმართლითაა ნათქვამი, მკაფიოა და ლირიკისგან და რაც უმთავრესია, ტყუილებისგან თავისუფალია. კონკრეტული და აზრობრივად გამჭვირვალეა, ის ადვილად აღსაქმელი ხდება და მიზნამდე აღწევს. სიმართლე ქვას ხეთქავს და მას ბრჭყვიალა მტვერი არ სჭირდება.

ერთი ცნობა _ შეიძლება, სხვისთვის უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისადმი თანაგრძნობის ნიშნად, როგორც სოლიდარობის აქტი, 5 მარტს დავწერე ტექსტი, ქართველი პოეტის, მწერლის მიმართვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მე-4 სექციის პრეზიდენტს.

ტექსტი „რუსთავი 2“-ის ადვოკატს გადავუგზავნე _ დიტო საძაგლიშვილს. წერილს ცხრა მწერალი ვაწერთ ხელს. ტექსტი სტრასბურგშია.

დრო არ ითმენდა, ვერავის დაველოდებოდი. მით უმეტეს, სხვადასხვა ლიტერატურული კლუბისა თუ ცენტრის კონიუნქტურას, თუ მით უარესი, _ ნომენკლატურას.

თუ სხვა მწერლები, პოეტები, „რუსთავი 2“- ის სასამართლოს ამბავზე, ამ კონკრეტულ საკითხზე ჩემსავით ფიქრობენ, ჩვენსავით ფიქრობენ, შეადგინონ ტექსტი და სტრასბურგს გაუგზავნონ. ნება მათია.

ჩემი აზრით, დუმილს მაშინ აქვს აზრი, როცა სიმართლეს ეთანხმები, ლაპარაკს კი მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა სიმართლეს ამბობ“, _ აცხადებს „ქრონკა+“-თან ინტერვიუში დავით-დეფი გოგიბედაშვილი.

 

ლაშა ბერულავა