დროა, გონს მოვეგოთ, გამოვფხიზლდეთ, ჩვენ არ ვართ დედამიწაზე მცხოვრები რიგითი ერი!

წითელი პარასკევი თენდება, ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანისთვის უმძიმესი დღე, სწორედ დღეს ეცვა ჯვარს უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ეცვა, რამეთუ ჩვენივე ცოდვები ეტვირთა, რამეთუ კაცობრიობა დაღუპვისგან ეხსნა. იუდამ, მისი 12 მოციქულიდან ერთ-ერთმა, მოღალატე გამყიდველმა, გასცა უფალი ჩვენი. მას მერე 2017 წელი გავიდა და ჩვენი მეორე ქრისტე _ საქართველო _ აგერ უკვე მერამდენედ გაყიდული და გაცემულია, იუდას მიმბაძველნი კი იმას ვერ მიმხვდარან, რომ უფლის დარად და ხატად საქართველოც მარადიულია!

 

სწორედ ამ რწმენით იწამა ქართველმა ერმა ქრისტეც და საქართველოც, ერთ მთლიანობად აქცია, მძლავრად მოიქცია გონსაწიერში, გაისისხლხორცა, სული და მკლავი გაიმამაცურა და საუკუნეებია, ამაყად მოაქვს თავაწეულს, ზოგჯერ ხმალამოწვდილს და ჯვართამაღლებულს წაიღებს კიდევ ქვეყნის დასალიერამდე, რამეთუ სხვაგვარად არ ძალგვიძს, ეს არის ის ჯვარი, რაც უფლის ნებით და ჩვენი თავის უფლებით ვირგუნეთ და ასე იქნება მარად. ვინ აღარ ებრძოდა ამ ჯვარს, 1000 ჯურის მტერი თუ ვითომ მოყვარე. აღარც ჩამოვთვლი, მაგრამ ვერავინ ვერასოდეს შეძლებს, უფლის ნებას წინ აღუდგეს, ამიტომ არის საქართველო მარადიული! ძალიან ცოტა ქვეყანა, ერი და საზოგადოებაა ჩვენი მსგავსი ისტორიის. ის ხომ ფაქტია, რომ არა უფლის მადლი, წყალობა და ამხელა პასუხისმგებლობა ჩვენ, უბრალოდ, გავქრებოდით, ამიტომ ვაქციეთ მართლმადიდებლობა და სამშობლო, ენასთან ერთად, 3 ღვთაებრივ საუნჯედ.

 

***

საკანი #78 ზოგჯერ საომარ თალპიონს ემსგავსება არა ვიზუალურად. დილა საქართველოთი იწყება, საღამო საქართველოთი მთავრდება, ზედამხედველებიც კი გაოცებულები არიან ხოლმე და ხშირად ყურსაც კი გვიგდებენ, ემანდ, რამე არ გამოგვრჩესო! ახლაც შემოიხედეს და მინდა გითხრათ, მთელი აზარტით მგულშემატკივრობენ და უხარიათ, რომ ისეთ თემას შევეჭიდეთ, რაც აქ არასდროს არავის უცდია, თან იმასაც კარგად ხედავენ, ვინ ვართ, რატომ ვართ და როგორ ვართ. მილიონობით ქართული სიცოცხლე ჩამქრალა მართლაც რომ წმინდა თავდაცვით ომებში და ჩვენთვის შეურყევლად მოუტანიათ სამივე სიწმინდე, ჩვენ კი უნებობით და უთავბოლობით უარს ვამბობთ ამ სიწმინდეების დაცვაზე! ვიღაც იტყვის, გვშიაო და აბა, სადღა შეგვიძლიაო? რა, 16 წლის დავითსა და მის თაობას არ შიოდა?! ლიხს გადმოსვლაც კი რომ პრობლემა ჰქონდათ! თუ იმათ მოახერხეს და საქართველო სახელმწიფოდ აქციეს, ჩვენც უნდა შევძლოთ! მთავარია, დავიჯეროთ: გიორგი VII-მ, რომელმაც მოსავლის აღებაც კი ვერ მოასწრო, ისე მოიჭრა საქართველოს ყველაზე დიდი სისხლის დამაქცევარი, მაგრამ გულმაგრად დაუდგა მეფე _ ჩვენ მიერ სათანადოდ ვერდაფასებული. წვრილი ერი საბოლოოდ ბრძოლაში დაეცა კიდეც, მაგრამ სისხლდამაქცევარი მაოხრებელი ლაშქრობის შემდეგ ისე გაშორდა აქაურობას, გურჯისტანის ქედის მოხრას ვერ ეღირსა, ვერც ერი გაათათრა, ვერც მეფეს დაახრევინა თავი!!! განა, მეფე გიორგისა და მის მემკვიდრეებს არ ესმოდათ, რომ ხალხი დაიღუპა, ერს შიოდა, ციოდა და ა. შ.? მაგრამ ყველაზე დიდ საფრთხეს დიახაც რომ სწორად აცნობიერებდა, დანებება გაქრობასა და გათათრებას მოასწავებდა, ამიტომ ბოლომდე იომა! იომა, რამეთუ სწამდა საკუთარი ხალხის უტეხობის, უძლეველობის, ფენიქსობის, რწმენის. კეთილო ადამიანებო, ჩვენ კი რა დაგვმართნია?!! მშვიდობიანობის დროს განცხრომას მივცემივართ, 10 ადამიანი მილიარდებს თვლის, 100 _ მილიონებს და, ამ დროს, მოსახლეობის 67% სიღატაკეში ცხოვრობს. დღეს გვაქვს საფიქრალი მხოლოდ? ხვალ და ზეგ დაგვავიწყდა? არა! რაც არ უნდა იყოს, მე არ მჯერა ჩემი ერის სიბრიყვის! არა, ეს „მოყვრის“ სახით მოსულ ვითომ ქართველებს უნდათ, ჩვენი სამება დაგვიკნინონ, ვერაგულად გული გაგვიტეხონ და ხელი აგვაღებინონ ჩვენს საუნჯეებზე. იმას, რასაც ამდენი ხანი ვუფრთხილდებოდით, უნდათ, ხელი გავუშვათ და დავივიწყოთ. ნორმალური მმართველობის პირობებში საქართველო ერთ დიდ სამშენებლო მოედანს უნდა ჰგავდეს, საქართველოს აქვს პოტენციალი, ჩვენი თავი არა მხოლოდ ვარჩინოთ, არამედ კარგად ვიცხოვროთ კიდეც! ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. რაც შეეხება უფლის სახლს, ეკლესიას და მის როლს, ასევე წმინდა სინოდს, ნამდვილად უმნიშვნელოვანესია ის როგორც დღევანდელობაში, ისე წარსულში. ბუნებრივია, იყო, არის და იქნება წინააღმდეგობები მათ ცხოვრებაში, რამეთუ მათი ცხოვრებაც ცხოვრებაა! უფლის მაგალითი, ეს მოღვაწეობის ის სფეროა, სადაც მარად უმრავლესნი რწმენით, სიკეთით, სათნოობით, წესიერებით მოქმედნი და მოღვაწენი იყვნენ, არიან და იქნებიან! რა ვუყოთ, რომ დიდი დავითიც ძლივს მოერია სატანის ცდუნებებს ეკლესიაში და რომ არა რუის-ურბნისი და ჭყონდიდელი, არავინ იცის, რა იქნებოდა. თან ნუ დაგვავიწყდება სატანის ხრიკები! იქ, სადაც დიდი მადლია, დიდი ცდუნებაც და ანგარებაც იქვეა ჩასაფრებული! სწორედ ამიტომ ადამიანის ფსიქიკა ვერ უძლებს ვერცხლის ელვარებას (მე დაცემული და უბირი არავის განვიკითხავ, მაგრამ დროა, ვიღაცამ სიმართლე თქვას, მე კი ჩემებურად დანახულ სიმართლეს ვამბობ)! სულმნათ ჭყონდიდელს 1000 მადლობა სამარადჟამოდ! ბერი თევდორეს ისტორია ყველამ იცით. ასევე მაგ დროს შემოჭრილ ოსმალებს გორთან მტკვარზე გადასასვლელი ხიდი სომეხმა მღვდელმა ჩაუნგრია და უძვირფასესი დრო მოაგებინა ქართველობას! ბევრი ეპისკოპოსი დაეცა მარაბდის ველზე, დიდება მათ ხსოვნას, ჯვარი და ხმალი ერთად ზიდეს უმძიმეს ეპოქაში, მადლობა მათ და 1000 მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ასეთი თავდადებისა, როცა უფალი მიწიერ ცხოვრებაში არ არის ხილული და ის თან ყველგანაა. ჩვენი ხილული ღმერთი საქართველოა და ის ჩვენი მოსავლელი და მისახედია! გვყავდა პატრიარქი ანტონი (ერეკლეს ბიძაშვილი), რომელიც კათოლიკედ მალულად მოინათლა, ეს იმ ეპოქის სკანდალიც კი გახლდათ! წერენ, შეინანაო, მაგრამ ცნობილია, რომ მას კათოლიკურად აუგეს წესი! ეს ერთეული შემთხვევაა, საბედნიეროდ. გვყავდა ამბროსი ხელაია, ადამიანი, რომელიც შიშველი ხელებით და მტკიცე რწმენით იბრძოდა უღმერთო ბოლშევიკების წინააღმდეგ. მცირედით უკან დავიხიოთ. განა, სიმბოლური და მართლმადიდებლური არ არის, რომ საქართველოს მასშტაბით 26 მაისს მრევლს სწორედ ღმერთის მსახურებმა აუწყეს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა! აქვე მიტროპოლიტი ნაზარიც გავიხსენოთ, რომლის საფლავიც კი არ გვაქვს! რიგითი სასულიერო პირების მამულიშვილობა გნებავთ? ინებეთ (უზომოდ მეამაყება!): ჩემი დიდი ბაბუა გრიგოლი 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მოთავე იყო, რომელიც სხვა აჯანყებულებთან ერთად შორაპნის სადგურზე ვაგონებში დახვრიტეს ბოლშევიკებმა. დიდება სამშობლოსთვის თავდადებულებს!

 

  1. შ. დამათენდა თავზე, რა ლამაზი განთიადი იცის მტკვრის ხეობაში… უფალო, მადლობა…

 

  1. P. შ. ჩემმა ბუბუნამ, _ იცი, დათო, დამესიზმრეო. ჩემო ანგელოზო, ეგ სიზმარი უფალს ვთხოვე მთელი გულით, შენამდე მოეტანა და აჰა, დაფრინავენ ჩემი მფარველი ანგელოზები და ერთმანეთს გადასცემენ ჩვენს გულის ნადებსა და უფლის ბოძებულ ნიჭს, სიყვარულად რომ იწოდება დედამიწაზე.

 

***

მივედით იქ, სადაც ყველა ქართველს ლეგიტიმური კითხვები გასჩენია, პასუხებს კი ვერ იღებს, რატომღაც. აქვე განვმარტოთ: ეს არ არის არც დაეჭვებულის კითხვები, არც ცუდის მსურველის, ღმერთმა დამიფაროს, ეს პროცესი, რაც ახლა ჩვენი დედა ეკლესიის წიაღში ხდება, სპეციალურად რომ გვაჩვენეს, ცხადია. ისევ ორი კურდღლის დაჭერას ეცადა ჩვენი შინაური „მოყვარე“. ერთი ისაა, რომ ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციისა და ფენომენის სახელის დაკნინებას ეცადა. მეორე კი ისაა, ხელი დაუქნია მავანთ: მანდ ჭკვიანად იყავით, თორემ სხვა რამეებიც ვიცითო, ჩვენს ნებას დამორჩილდით, თორემ ისეთები დაიდება, კათოლიკურ ეკლესიას „შეშურდებაო“. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ… კაცმა რომ თქვას, ახალი არც არაფერი გვინახავს, ეს დრამა ბევრჯერ გათამაშებულა საქართველოსა და არა მარტო საქართველოს სასულიერო კარზე. ჟამსა ჟამობისასა მიესევიან ტახტ-კვერთხის მაძიებელი გუნდები ერთმანეთს და მიეტევებიან თავდავიწყებით! პირდაპირ ვთქვათ, სულ სამი ჯგუფია პრორუსული, ანუ სუს-ის, პროცივილიზებული და ევროპული და მესამე ჯგუფი, რომელიც ჩუმადაა და რაღაცას ელოდება _ ან შედეგს, ან თავისი გეგმა აქვს. ამ ამბებს წინ უძღოდა ძალიან კარგი ქართველის, ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტის მიმართ უზნეოდ შეთითხნილი ბრალდებები. უწმინდესი შიდა სიტუაციას რომ ვეღარ მართავს, ეს ცხადია, ამიტომაც დაიწყო ასე მძაფრად ეს დაპირისპირება. ცნობილია, რომ ორივე ქორეპისკოპოსი სუს-ის ბანაკშია. ვინ არის მათთან? ჯერ არ ვიცით. ასევე ვიცით, რომ დემეტრე და პეტრე ერთ გუნდში არიან. საეჭვო სიჩუმეა კალისტრატეს კარზე (ვიცი რაღაცები, მაგრამ ჯერ არ ღირს). ასევე საერთოდ არ ჩანს მეუფე იობი. რატომ? _ არ ვიცი, მაგრამ მაქვს ვერსია, _ ზნეობრივად მაღალი ადამიანია და რცხვენია კიდეც ამ დაპირისპირების.

უფალო, მომიტევე თუ ვინმეს რაიმე უნებურად ვაწყენინე. ეს მხოლოდ ჩემი აზრია! ძალიან მაღალი აზრის ვარ მეუფე ანტონზე, კაცზე განათლებულსა და მეცნიერზე. ესენი არიან ის სასულიერო პირები, რომელთა მოღვაწეობაც, ასე თუ ისე, ჩანს საზოგადოებრივ ასპარეზზე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება ამ ადამიანების ქონებრივი მდგომარეობა. ყველაფერს აქვს ზღვარი, მათ შორის, ფუფუნებისკენ მიდრეკილებას! 100 000-იანი მანქანებით მოძრაობა მაშინ, როდესაც საქართველოში ყოველდღე 1 ბავშვი შიმშილით კვდება და როცა მაღალი ხარისხის სამღვდელო იერარქი ხარ და ყოველდღე უნდა იღვწოდე არა მარტო საქმით და ლოცვით, არამედ ფიზიკურად იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩინო, უბრალოდ, უხერხულია! რაც ერი, ის ბერიო, ვიღაც წესიერსა და ტვინგახსნილს უთქვამს!!!

ამათი შემხედვარე, სამღვდელოების ქვედა ფენებშიც მოიპოვებიან ადამიანები, რომლებიც ვერცხლისმოყვარეობას მისცემიან, მრუშობას, ლოთობასა და 1000 მაიმუნობას ჩასჭიდებიან.

ადრე კუდ-ი და ახლა სუს-ი მამაოების გასასვრელად სუსტ სქესს იყენებს. რამდენიმე მეძავი, რომელიც სუს-ის საქმეს აკეთებს, მამაოებს უსაფრდება, ვითომ შემთხვევით გაიცნობს. ის, ვინც დაეცემა და ცდუნდება, მახეშია გაბმული, მას, რა თქმა უნდა, ფარულად იღებენ და შიშით, რომ ეს კადრები ინტერნეტში არ მოხვდეს, მამაო მორჩილად ხდება სუს-ის აგენტი! ჩემთვის ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როცა აღსარების საიდუმლო გაითქვა. არასოდეს ასეთი ღრმა კრიზისი ეკლესიის წიაღში არ ყოფილა!.. არასოდეს!.. ღმერთმა გვიშველოს და გადაგვალახინოს ეს კირიზისი…

 

16.04.2017

ქრისტე აღდგა!!! _ ჭეშმარიტად აღდგა!!!

 

უფლის მადლით და ჩვენი ერთად დგომით აუცილებლად ავაშენებთ იმ საქართველოს, რომელზეც ერთად გვიოცნებია. 12 საათს წუთებიღა აკლდა, როცა მილოცვები დაიწყო. „პრაგონებიც“ გატარდა, ციხე გუგუნებდაო, ამაზეა ნათქვამი. საოცრად ამაღლებული განწყობაა! თავისუფლება ახლა აქაა, ამ წამს, მთელი თავისი არსით და განცდით. ყველა ფანჯრიდან, სადაც თვალი მიმიწვდება სანთლები ელავს მთელი სიცხადით, მაოცებს პატიმართა ეროვნული თვითშეგნება და საოცარი რწმენა. უპირველესი სანთელი საქართველოა, მეორე _ თავისუფლება, მესამე _ ოჯახია! გილოცავთ, ძმებო. სრულიად საქართველოს ყველა პატიმარს, თავისუფლებას, სიკეთესა და ჯანმრთელობას გისურვებთ, ძმებო! ყველაფერი კარგად იქნება!

 

17.04.2017

ორი დღეა არაფერი დამიწერია, გათიშული დავდივარ ეს დღეები, 18 რიცხვს ველოდები, ძლივს გავიდა ეს დრო, საქმე უკვე ისეა დაშლილი, ამ სასამართლომ კი არა, ახალი გვინეის სასამართლომ უნდა გამიშვას, წესით. მაგრად მაინტერესებს, რა მოხდება. ღმერთო, თუ სადმე სამართალია, მადლი მოისხას და სახლში გამიშვან! ოჯახი მენატრება, საყვარელი ადამიანი მენატრება, შვილი მენატრება, მეგობრები, ახლობლები… იმედია, ხვალ ამ დროს სახლში ვიქნები… ღმერთო, ისმინე ჩემი ვედრება და ჩემი სიმართლე არ დამეკარგოს კანონის წინაშე! ხვალ… ჰგონიათ, კუთხეში მომიხელთეს. ადრე მოსწყენიათ, ასე შუა ბრძოლაში რომ არ მქონდეს თავისა და რწმენის იმედი! ღმერთო, შენ გადმომხედე! ხვალ წარმატება ძალიან მჭირდება! ხვალ საღამომდე, მეგობრებო. იმედია, სახლიდან გავაგრძელებ წერას…

დათო ხარშილაძე