დიმიტრი ყიფიანის მუზეუმს სახურავი გადახადეს და… მიატოვეს

 

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი უკვე წლებია, სარეაბილიტაციოა! შენობა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარეობს.

 

წმინდანის მუზეუმის რეაბილიტაცია ადგილობრივმა მთავრობამ მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო: აივნები შემოიხსნა, სახურავი გადაიხადა, კედლები ჩამოიშალა, თუმცა სამუშაოები რამდენიმე კვირაში შეჩერდა. მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ აღნიშნულის მიზეზი თანხების უქონლობაა.

გივი გელაშვილი _ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის თანამშრომელი: „მუშები კარგა ხანია, აღარ გამოჩენილან და არც საშენი მასალა მოუტანიათ, არადა, ზამთარი ახლოვდება, სოფელში მკაცრი კლიმატია, თოვლი მალე მოვა. თუ სახურავი არ დაიხურა, ისტორიული შენობა მთლიანად დაზიანდება. გვითხრეს, რომ დაფინანსება გამოიყოფა თუ არა, გადახურვის სამუშაოები მაშინვე დაიწყებაო, მაგრამ არავის უთქვამს, თანხები როდის გამოიყოფა“.

სამუშაოები რომ შეჩერებულია, ამას ქვიშხეთის ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს:

„დიდი ხანია, აქ არც მუშა გვინახავს და არც სამუშაოები გაგრძელებულა. მიზეზი არ ვიცით, რა არის, არც გვეუბნებიან“.

ხაშურის მუნიციპალიტეტში კი ამტკიცებენ, რომ წმინდანის მუზეუმის რეაბილიტაცია არ შეწყვეტილა.

გიორგი პაპიაშვილი _ ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი: „სამუშაოები გეგმა-გრაფიკის სრული დაცვით მიმდინარეობს. შენობის კედლის ჩრდილოეთ მხარეს ბზარი აღმოჩნდა, რისი ექსპერტიზაც მიმდინარეობს. სწორედ ექსპერტიზის შემდეგ იგეგმება სამუშაოების გაგრძელება, რომელსაც შპს „ამხანაგობა-მშენებელი“ ახორციელებს“.

ცნობისთვის: მუზეუმის რეაბილიტაციისთვის თანხა რეგიონებში საწარმოებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო და თანადაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტი ახორციელებს. სამუშაოთა ღირებულება 820 000 ლარს შეადგენს.

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ქვიშხეთში 2007 წელს გაიხსნა. მისი, როგორც ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალის ისტორია კი XX საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება. სახლი, სადაც მუზეუმია განთავსებული, მე-19 საუკუნის 60-იან წლებშია აშენებული. სახლ-მუზეუმში 900-მდე ექსპონატი, დოკუმენტი და ფოტომასალაა დაცული.

დიდი ისტორიული მნიშვნელობის მიუხედავად, ხელისუფლება სახლ-მუზეუმის მოვლა-პატრონობისთვის თავს არ იწუხებს. აღსანიშნავია, რომ, ამ ეტაპზე, ექსპონატები მუზეუმის გვერდით მდებარე შენობაში ინახება, თუმცა რამდენად დაცულია სტანდარტები, არავის აინტერესებს. ხაშურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, მაგრამ რამდენად მოესწრება იმ ფონზე, რომ რეაბილიტაცია შეჩერებულია, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

 

მალხაზ მიქელაძე