დემოგრაფიულ შემთხვევათა სტატისტიკური აღრიცხვის პრომლემები საქართველოში

 

სათანადო ანალიზის საფუძველზე დავადგინეთ, რომ როგორც 1970, ისე 1979, 1989, 2002 და 2014 წლების მოსახლეობის აღწერების დროს აღრიცხული მოსახლეობის რაოდენობა არ შეესაბამება აღწერათაშორის პერიოდებში ბუნებრივი მატებისა და გარე მიგრაციის არსებული მონაცემების ჯამიდან გამომდინარე მოსახლეობის რაოდენობას (წულაძე, სულაბერიძე, მაღლაფერიძე, მამარდაშვილი, 2008: 114-131). საკვლევი პერიოდის მასშტაბიდან და სტატიის მოცულობიდან გამომდინარე, საკითხის უკეთ წარმოჩენის მიზნით, მას განვიხილავთ ორ პერიოდად 1960-2000 წწ. და 2000 წლიდან დღემდე.

ა) 1960-2000 წლები

საქსტატისა და ჩვენ მიერ გაანგარიშებული მოსახლეობის რაოდენობას შორის არსებული სხვაობა ძირითადად გამოწვეულია ბუნებრივი მოძრაობისა და მიგრაციის არაზუსტი აღრიცხვის შედეგად. გაეროს ექსპერტების შეფასებით 1960-1965 წლებში საქართველოში, საშუალოდ, წელიწადში აღურიცხავი რჩებოდა 20 ათასამდე გარდაცვლილი, ხოლო არასრული აღრიცხვის წილი 40%-ს შეადგენდა.
გაეროს ექსპერტთა შეფასებით გარდაცვლილთა არასრული აღრიცხვა საქართველოში უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩვენი შეფასებით. 1960-1990-იან წლებში საქართველოში გარდაცვლილთა არასრულმა რეგისტრაციამ, საერთო ჯამში, შეადგინა: გაეროს ექსპერტთა შეფასებით _ 215 ათასი (15,4%), ხოლო ჩვენი შეფასებით _ 165 ათასი (12,2%).
1990-იან წლებში, 1970-იან და 1980-იან წლებთან შედარებით, კიდევ უფრო გაიზარდა გარდაცვლილთა არასრული აღრიცხვის დონე.
უნდა აღინიშნოს, რომ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების საფუძველზე მოხდა აღწერათაშორისი (1989 და 2002 წწ.) პერიოდის დემოგრაფიული მაჩვენებლების, მათ შორის, გარდაცვლილთა რაოდენობის, გადაანგარიშება. საქსტატის მონაცემები გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ გადაანგარიშებამდე (ანუ რეგისტრირებული) და გადაანგარიშების შემდგომი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. კერძოდ, გადაანგარიშებამდელი მონაცემებით საქართველოში, 1990-2000 წლებში, გარდაცვლილთა რაოდენობა 460,9 ათას კაცს შეადგენდა, ხოლო გადაანგარიშების შემდეგ _ 552,6 ათას კაცამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საქსტატის გადაანგარიშებული მონაცემები გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, გარკვეული განსხვავების მიუხედავად, ჩვენი შეფასებითი მონაცემების მსგავსია (560,2 ათასი გარდაცვლილი).
საქართველო იმ ქვეყნებს განეკუთვნება, რომლებისთვისაც გარე მიგრაცია მოსახლეობის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქმე ის არის, რომ საქართველოს 1960 წლიდან გარე მიგრაციის უარყოფითი სალდო ახასიათებს.
განსხვავებით საქსტატის ოფიციალური მონაცემისგან, შეფასებითი მონაცემებით, 1960-2000 წლების პერიოდში, გარე მიგრაციის შედეგად, საქართველოს მოსახლეობას დააკლდა 1404 ათასზე მეტი ადამიანი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის 1990-იანი წლები, როდესაც სხვადასხვა შეფასებითი მონაცემით, საქართველოს მოსახლეობამ, გარე მიგრაციის შედეგად, გაცილებით მეტი დანაკლისი განიცადა, ვიდრე წინა 30-წლიანი პერიოდის განმავლობაში. შეფასებითი მონაცემებით: 1990-2000 წლების პერიოდში საქართველომ, გარე მიგრაციის უარყოფითი სალდოს შედეგად, 1989 წლის მოსახლეობის რაოდენობის 19%-მდე დანაკლისი განიცადა, ანუ თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი წავიდა ქვეყნიდან.
ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ 1960-2000 წლების პერიოდში ოფიციალური მონაცემები საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, მათ შორის, აღწერებისას, არაზუსტი და ნაკლებად სანდო იყო. მოსახლეობის აღწერებისას მოსახლეობის საერთო რაოდენობა გადამეტებით იყო წარმოდგენილი (1979 წლის გარდა).
საქსტატისა და ჩვენ მიერ გაანგარიშებული მოსახლეობის რაოდენობას შორის არსებული სხვაობა 1960 წლიდან სულ იზრდება. 1970 წელს ეს სხვაობა 107 ათასი იყო, 1980 წელს _ 157 ათასი, 1990 წელს _ 236 ათასი, ხოლო 2000 წელს სხვაობამ 1028 ათასი შეადგინა.
ამრიგად, ჩვენი შეფასებით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1960-2000 წლებში ყოველთვის ნაკლები იყო საქსტატის შესაბამის მონაცემებთან შედარებით. ამასთან, ჩვენი შეფასებით, 1992 წლიდან საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა განუხრელად მცირდება მაშინ, როდესაც საქსტატის გაანგარიშებები მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ასასახვს.
საქართველოში 1960-1991 წლებში, მართალია სხვადასხვა სიდიდით, მაგრამ მოსახლეობა მატულობდა, რომელიც 1992 წლიდან კლებით შეიცვალა. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1960-1991 წლებში გაიზარდა 1099 ათასით, ხოლო 1992-2000 წლებში შემცირდა 882 ათასით. მოსახლეობის საერთო მატებაში ბუნებრივ და მექანიკურ მოძრაობას (მიგრაცია) განსხვავებული წილი ჰქონდა მთელი განსახილველი პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი მატება მცირდებოდა და პერიოდის ბოლოსთვის ნულოვან სიდიდემდე დავიდა, მისი მნიშვნელობა მაინც დადებითი იყო, მაშინ, როდესაც გარე მიგრაციის სალდო უარყოფითი იყო.
1992 წლამდე მოსახლეობის ბუნებრივი მატების სიდიდის მეტობა გარე მიგრაციის უარყოფით სალდოზე ძირითადად განსაზღვრავდა საქართველოს მოსახლეობის საერთო მატებას. 1992 წლიდან კი, ერთი მხრივ, ბუნებრივი მატების მკვეთრმა შემცირებამ და, მეორე მხრივ, ემიგრაციის ინტენსივობის მნიშვნელოვანმა ზრდამ მომდევნო წლებში განაპირობა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება.
ამდენად, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივი ფორმირების ძირითად კომპონენტს 1960-1991 წლებში ბუნებრივი მატება, ხოლო 1992-2000 წლებში გარე მიგრაცია წარმოადგენდა.

ბ) 2000-2015 წწ.

როდესაც 2000-იან წლებზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში, აღსანიშნავია 2002 წელს (17 იანვრის მდგომარეობით) ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის პირველი საყოველთაო ეროვნული აღწერა. მისი შედეგები სპეციალისტების მიერ არაერთგვაროვნად არის შეფასებული.
უპირველეს ყოვლისა აღნიშნული კრიტიკული დამოკიდებულება ეფუძნება „ემიგრანტთა სააღწერო ფურცელს“, რომელმაც, პრაქტიკულად, ვერ ან ცუდად „იმუშავა“. მაგალითად, 2002 წლის აღწერის შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ ემიგრანტების რაოდენობა საქართველოდან შეადგენს 113,7 ათასს (საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული აღწერის შედეგები, 2003). იმავე დროს სტატისტიკის დეპარტამენტის გაანგარიშებით გარე მიგრაციის უარყოფითმა სალდომ საქართველოსთვის აღწერათაშორის პერიოდში (1989-2001 წწ.) დაახლოებით 930 ათასი შეადგინა (opulation of Georgia. Statistical collection, 2003: 67).
2002 წელს მოსახლეობის შეფასებითი რაოდენობა მუდმივზე 370,5 ათასით ნაკლები იყო.
2003-2014 წლებში აღნიშნული სხვაობა იზრდებოდა და 2014 წლის პირველი იანვრისთვის მიაღწია 729,8 ათასს, ანუ 16,3%-ს. ამასთან, მოცემულ წლებში საქსტატის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონის ფარგლებშია და 2008 წლიდან ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მისგან განსხვავებით, შეფასებითი მონაცემებით, 2002 წლიდან იგი 4 მილიონს ქვემოთაა და კლების ტენდენცია აქვს. მოსახლეობის ფორმირების ორი კომპონენტიდან, საქსტატის შემთხვევაში, მიგრაციული სალდო უარყოფით როლს არ თამაშობს. მისგან განსხვავებით, შეფასებითი მაჩვენებლებით, მოსახლეობის რაოდენობის ცვლილების გადამწყვეტ ფაქტორად, ძირითადად, ისევ გარე მიგრაცია გვევლინება.
საქსტატისა და შეფასებითი მაჩვენებლების ასეთი კონტრასტული განსხვავება, ისევ და ისევ, მოსახლეობის დემოსტატისტიკური აღრიცხვის პრობლემებიდან გამომდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია ცალ-ცალკე გავაანალიზოთ და შევადაროთ როგორც მოსახლეობის ბუნებრივი მატების კომპონენტების დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის, ასევე მიგრაციული სალდოს საქსტატისა და ჩვენი შეფასებითი მაჩვენებლები.
2007-2009 წლებში საქსტატის ოფიციალური და ჩვენი შეფასებით დაბადებულთა რაოდენობა ერთმანეთის მსგავსია, რაც ამ წლებში გამოსწორებულ აღრიცხვაზე მეტყველებს. ამ წლებისგან განსხვავებით წინა და მომდევნო წლების სხვაობა კი მიანიშნებს დაბადებულთა არასრულ აღრიცხვაზე.
ცოცხლად დაბადებულთა აღრიცხვისგან განსხვავებით 2000-2014 წლებში უფრო მეტად დარღვეულია გარდაცვლილთა აღრიცხვა, განსაკუთრებით 2004-20010 წლებში.
დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის დინამიკიდან გამომდინარე, 2002-2014 წლებში მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ, საქსტატის მონაცემებით, 100,0 ათასი კაცი, ხოლო შეფასებით 71,4 ათასი კაცი შეადგინა.
მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის კომპონენტთა აღრიცხვათან შედარებით უფრო ცუდადაა საქმე გარე მიგრაციის აღრიცხვაში. 2002-2014 წლებში გარე მიგრაციული სალდო, არასწორი აღრიცხვის გამო, საქსტატის მონაცემებით დადებითი იყო და 24 ათასი შეადგინა, ხოლო შეფასებით _ უარყოფითი და 314 ათას კაცი შეადგენდა.
ჩვენგან (მეცნიერ-ექსპერტთაგან) განსხვავებით, საქსტატს კანონმდებლობით არ აქვს სახელმწიფო სამსახურებიდან ოფიციალურად მიღებული მიმდინარე სტატისტიკური ინფორმაციის გადამოწმების, გადაანგარიშებისა და შეფასების უფლება. სწორედ ამის შედეგია, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში არ აღირიცხება სამშობიაროს გარეთ, ბინაში დაბადებულები, ხოლო გარდაცვლილთა (განსაკუთრებით ჩვილთა) შემთხვევაში რეგისტრაციის გვერდის ავლით დაკრძალულები.
საქმე ისაა, რომ როგორც სხვადასხვა წლების ჩვენი და გაეროს ექსპერტების გამოკვლევები გვიჩვენებს საქართველოს მთიანეთისა და ქვემო ქართლის სოფლებში ჯერ კიდევ აღინიშნება ბინაზე მშობიარობა. გარდა ამისა, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ნაწილი მშობიარობდა და მშობიარობს უცხოეთში (ძირითადად, აზერბაიჯანში); 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომამდე, ოსთა და ქართველთა შორის არსებული მშვიდობიანი ურთიერთობის დროს, ცხინვალის რეგიონთან მცხოვრები მოსახლეობა სამშობიაროდ ცხინვალში გადადიოდა. აღნიშნული ძირითადად გამოწვეული იყო მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით და საქართველოში მშობიარობის სიძვირით. შესაბამისად, დაბადებულთა ეს ნაწილი არ რეგისტრირდებოდა და არ აღირიცხებოდა საქსტატის დაბადებულთა კრებსით მაჩვენებელში.
გარდაცვლილთა აღრიცხვის პრობლემას ძირითადად ართულებდა და ართულებს ის, რომ საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და სოფელში, მიუხედავად ადგილობრივ ხელისუფალთა ადმინისტრაციული ჯარიმისა, გარდაცვლილის დაკრძალვისთვის მიწის გამოსაყოფად, ხშირად, არ ითხოვდნენ გარდაცვლილის რეგისტრაციის მოწმობას. გარდა ამისა, თვით ოჯახი გარდაცვლილს რეგისტრაციის გარეშე დასაფლავებისთვის, სასაფლაოზე მიწის გამოყოფის ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ასაფლავებდა და ასაფლავებს. გარდა ამისა, ოჯახი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, გარდაცვლილის პენსიის შენარჩუნების მიზნით, გარდაცვლილ პენსიონერს გვიან ან საერთოდ არ ატარებს რეგისტრაციაში და სხვ.
ზემოთ მოტანილი მიზეზები და ბუნებრივი მოძრაობის აღრიცხვის ადმინისტრირების დაბალი დონე და კულტურა შესაბამისად ართულებს ზუსტ აღრიცხვას, რაშიც საქსტატს ვერ დავადანაშაულებთ.
მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობისგან განსხვავებით, მიგრაციის არაზუსტი აღრიცხვა, ძირითადად, არასწორი მეთოდოლოგიის შედეგია. კერძოდ, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი 2012 წლამდე აღრიცხავდა მხოლოდ ვიზიტორებს და შესაბამისი სტატისტიკური ბაზების არარსებობის გამო არ ხერხდებოდა ვიზიტორთა ხანგრძლივობისა და სხვა პარამეტრების გამოყოფა, რაც შესაძლებლობას მისცემდა საქსტატს, სწორედ აღერიცხა საერთაშორისო მიგრაცია. 2012 წლიდან გარე მიგრაციის აღრიცხვის საქსტატის შემუშავებულმა ახლმა მეთოდიკამ მნიშვნელოვნად შეამცირა გარე მიგრაციის არაზუსტი აღრიცხვა და იმედია, იგი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. რაც შეეხება ქვეყნის შიგა მიგრაციას, საბჭოთა პერიოდის (თუმცა არც მაშინ იყო ზუსტი აღრიცხვა) შემდეგ ის საერთოდ მოიშალა, რამდენადაც მოსახლეობის ქვეყნის შიგნით გადაადგილება საერთოდ აღარ კონტროლდება და, შესაბამისად, არ აღირიცხება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსახლეობის ბოლო ორ აღწერათაშორის პერიოდში (2002-2014 წწ.) საქსტატისა და ჩვენს შეფასებით მაჩვენებლებს შორის სხვაობიდან გამომდინარე, დაბადებულთა არაზუსტი აღრიცხვის დონე ცალკეულ წლებში დაბალი იყო (2010 წლის გარდა), ხოლო გარდაცვლილთა შემთხვევაში (2012-2013 წლების გარდა) _ მაღალი. მათთან შედარებით ჩვილთა მოკვდაობის არაზუსტი აღრიცხვის საკმაოდ მაღალი დონე შესამჩნევად ზრდის დაბადებისას მოსახლეობის მოსალოდნელ სიცოცხლის მაჩვენებლებს, რომელიც, შეფასებითი მაჩვენებლებით, საქსტატისგან განსხვავებით, დაბალია. მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის აღრიცხვისგან განსხვავებით ფანტასტიკურად მაღალია გარე მიგრაცია. არაზუსტი აღრიცხვის დონე 2005 წელს 14-ჯერ, 2009 წ. 16-ჯერ, ხოლო 2010 და 2011 წლებში 18-ჯერ აღემატებოდა რეალურ დონეს.
გასაკვირი აღარ უნდა იყოს საქსტატისა და ჩვენი შეფასებით მოსახლეობის ორ აღწერათაშორის პერიოდში 2002-2014 წწ. მოსახლეობის ყოველწლიურ რაოდენობას შორის სხვაობა. დიაგრამა 4-ის შესაბამისად 2015 წლის პირველი იანვრისთვის საქართველოს მოსახლეობა უნდა ყოფილიყო 4496 ათასი კაცი (გაეროს მონაცემით 4 მილიონი კაცი). 2014 წლის 5 ნოემბრის მოსახლეობის აღწერის შედეგად კი დაფიქსირდა 3730 ათასი კაცი, ანუ 766 ათასი კაცით (17%-ით) ნაკლები. ამ თვალსაზრისით ბევრად უფრო ზუსტი აღმოჩნდა ექსპერტული შეფასებით გაანგარიშებული მაჩვენებლები, რომლის თანახმადაც 2015 წლის პირველი იანვრისთვის მოსახლეობის რაოდენობა პროგნოზით უნდა ყოფილიყო 3758 ათასი კაცი და რეალურად 3756 ათასი შეადგინა. განსხვავება მხოლოდ 2000 კაცია (0,1%).
საქსტატის 2002-2914 წლების მოსახლეობის აღწერათაშორის პერიოდის თუნდაც ერთი, 2014 წლის დემოგრაფიულ მონაცემთა გადაანგარიშება იძლევა მნიშვნელოვან ცვლილებებს. თუ საქსტატის 2013 წელს შობადობის მაჩვენებელი შეადგენდა 12,9‰-ს (პრომილე – 1000 კაცზე გაანგარიშებით), 2014 წელს მან 16,3‰ შეადგინა, ნაცვლად 13,5‰-სა. ასევეა მოკვდაობის მაჩვენებელთა შემთხვევაშიც: თუ საქსტატის 2013 წელს მოკვდაობის მაჩვენებელი შეადგენდა 12,9‰-ს, 2014 წელს მან 13,2‰ შეადგინა, ნაცვლად 10,9‰-სა. სხვაობა _ 2,3‰ საკმაოდ დიდია.
ამ ასპექტით საინტერესოა მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებლები დაბადებისას. თუ ეს მაჩვენებელი საქსტატის მონაცემით ორივე სქესისთვის 2013 წელს შეადგენდა 75,2 წელს, 2014 წლის გადაანგარიშებით იგი შეადგენს 72,9 წელს, ანუ 2,3 წლით ნაკლებს. ამასთან, ერთ წელიწადში მამაკაცებისთვის იგი შეცირდა 2,1 წლით და შეადგინა 68,7 წელი, ხოლო ქალებისთვის _ 2,2 წლით და შეადგენს 77,2 წელს.

გიორგი წულაძე
ავთანდილ სულაბერიძე