დათვლილი სიბერე – დაგროვებითი პენსიის შუქ-ჩრდილები

დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე საუბარი კარგა ხნის წინათ დაიწყო და საზოგადოებისთვის ის პრინციპიც გახდა ცნობილი, რომლითაც სისტემა იქნება აწყობილი.
მოდელი ამ სისტემაში ჩართული დასაქმებული მოქალაქისგან საშემოსავლო გადასახადის კვლავ 20%-იან გადახდას გულისხმობს, თუმცა, ამჯერად, სახელმწიფო საკუთარ თავზე 2%-იან ვალდებულებას იღებს, ამას ემატება დასაქმებულისა და დამსაქმებლის 2-2% და ჯამში, კონკრეტული პიროვნების ხელფასის 6% მიემართება საპენსიო ფონდში (რომლიდანაც დასაქმებული მხოლოდ 2%-ს დებს). ამ სისტემაში ჩართვის ვალდებულება ეკისრება ყველა ოფიციალურად დასაქმებულ პირს, რომელთა ასაკიც 40 წლამდეა, ნებაყოფლობითია სისტემაში ჩართვა თვითდასაქმებულთათვის და 40 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის. ჯერჯერობით გაცხადებული ინფორმაციით, აღნიშნულ სისტემაზე გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო პენსია გაუქმდება და მოქალაქეები მხოლოდ თავიანთ დაზოგილ თანხებს მიიღებენ, თუმცა სახელმწიფო პენსია სოციალური ხასიათის იქნება და საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება. მისი ამოქმედება მომავალი წლის მესამე კვარტლიდან იგეგმება.

ყველაზე საინტერესო ამ სისტემაში ის არის, რომ საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები ამ თანხას გამოიყენებენ, მინიმუმ, 20 და მაქსიმუმ 40 წლის შემდეგ. მაშინ, როდესაც საქართველოში 2038, ან 2058 წელი იქნება და მსოფლიოში მიმდინარე ინფლაციიდან გამომდინარე, რთული სათქმელია, თუ რა ღირებულება და წონა ექნება 20, ან 40 წლის შემდეგ დღევანდელ 100 ლარს, როცა, ჯერ კიდევ, წინა წელთან შედარებით, ის ნაკლებ მსყიდველობითუნარიანია.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რა იქნება ის მიახლოებითი თანხა საშუალო ასაკის დასაქმებულისთვის, რომელსაც იგი ამ დაგროვებითი საპენსიო სისტემის მეშვეობით შეაგროვებს და რამდენად მსყიდველობითუნარიანი შეიძლება იყოს იგი?

თემაზე „ქრონიკა+“-თან თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი _ ვახო ჭარაია საუბრობს:
_ საპენსიო რეფორმა წესით და რიგით უნდა გულისხმობდეს იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე წნეხი შემცირდეს. ჩვენ დღეს 700 000 პენსიონერი გვყავს და გაეროს კვლევის მიხედვით, 2030 წლამდე მათი რაოდენობა 1 მილიონამდე გაიზრდება. შესაბამისად, მათზე ბიუჯეტიდან გასაცემი თანხები ისე სწრაფად მოიმატებს, როგორც თავად პენსიონერების რაოდენობა. მით უფრო, თუ ჩვენ გვინდა, რომ ღირსეული პენსია შევთავაზოთ ჩვენს პენსიონერს, ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა არ ექნება, სწორედ ამიტომ, ალტერნატივა არის ის, რომ ადამიანებმა ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა მუშაობენ და შრომისუნარიანები არიან, თვითონ დააგროვონ თავიანთი პენსიისთვის გარკვეული თანხა. პრინციპი კი არის შემდეგი: 2-2-2% დასაქმებული, დამსაქმებელი და ხელისუფლება. ახლა ვიანგარიშოთ საშუალოდ: ვთქვათ, თქვენ ხართ 30 წლის დასაქმებული მოქალაქე და თქვენი ხელფასია 1000 ლარი. მისი 2% იქნება 20 ლარი, სახელმწიფო დაგიმატებთ კიდევ 20 ლარს და დამსაქმებელიც _ 20 ლარს, ანუ ჯამში თვეში 60 ლარი დანაზოგის სახით საპენსიო ფონდში გადავა. წელიწადში გამოვა, რომ 720 ლარს დებთ თქვენი პენსიისთვის. რადგან თქვენ ხართ 30 წლის, შესაბამისად, საპენსიო ასაკამდე დაგრჩათ კიდევ 30 წელიწადი. გამოდის, რომ 30 (წელიწადი) 720 (წლიურად დაგროვილი თანხა) = 21,600 ლარს.
ეს თანხა დღეისთვის არ არის მიზერული და ძალიან ცუდი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ საუბარია 2048 წელზე, ამ დროს რისი ეკვივალენტი იქნება ეს 21,600 ლარი და რისი ყიდვა შეგეძლებათ ამ რაოდენობის ფულით, რბილად რომ ვთქვათ, გაურკვეველია და თუ წლების მანძილზე დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებელს შევხედავთ საქართველოში, შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ 2048 წლისთვის ეს დაგროვილი თანხა იმაზე გაცილებით ნაკლებმსყიდველობითუნარიანი იყოს, ვიდრე დღესაა და თან, მნიშვნელოვნად.
გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საპენსიო რეფორმაში, წესით, პოზიტივი მეტი უნდა იყოს, ვიდრე ნეგატივი, ჩვენს შემთხვევაში იგი ვერ ამართლებს თავის თავს, რადგან ნიუანსები, რომლებიც ნეგატიურია, უფრო მეტია, ვიდრე პოზიტიური. მაგალითად, თუ დავუშვათ, ეს ფონდი შეიქმნა და ყველა მოქალაქემ დაიწყო მასში თანხის შეტანა სავალდებულო წესით, ეს ფონდი სად წაიღებს, რა მიმართულებას მისცემს ამ თანხებს? _ უბრალოდ რომ იდოს, აზრი არ აქვს, ინფლაცია შეჭამს და არანაირი ეფექტი არ ექნება. თუ ეს ფონდი ინვესტირებას დაიწყებს, სად და რაში უნდა გააკეთოს ეს? _ ადგილობრივი ორგანიზაციები, სადაც შეიძლება ამ თანხის ინვესტირება, ფაქტობრივად, ჩვენ არ გვაქვს და ფასიანი ქაღალდების ბაზარი განუვითარებელია, შესაბამისად, თუ არ გაქვს ეს ბაზარი, მასში ვერც დააბანდებ. გამოდის, რომ პირობითად, Google-ს, Microsoft-ის ან სხვა უცხოური კომპანიების აქციები უნდა იყიდონ, რომ გარკვეული სარგებელი მიიღონ ამ დაგროვილი თანხიდან. შესაბამისად, ვასკვნით, რომ რასაც საპენსიო ფონდი გააკეთებს, იქნება შემდეგი: საქართველოში შეგროვილ დანაზოგებს, რომელიც ფონდშია აკუმულირებული, საზღვარგარეთის ეკონომიკას მოახმარს, ანუ იმას, რომ, პირობითად, ამერიკაში, გერმანიაში, იაპონიასა და ა. შ. არსებული კომპანიები დაფინანსდეს ქართული ფულით. მართალია, საქართველო აქედან გარკვეული დროის შემდეგ პროცენტის სახით ხეირს მიიღებს, მაგრამ ეს პერიოდი შეიძლება იყოს წლები და საქართველოს ეკონომიკას, რომელსაც ისედაც არ აქვს ფუფუნება, რომ თავისუფალი რესურსი ჰქონდეს, კიდევ უფრო არ ექნება, როცა ეს აკუმულირებული თანხა დაიშლება.
კიდევ ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ სახელმწიფომ გამოაცხადოს: „სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში დავაბანდებ ამ ფულს“, თვითონ გამოუშვას ობლიგაციები და თავადვე აიღოს ამაში თანხა.
კიდევ, შეიძლება არა ამ, ან მომავალ ხელისუფლებას, მაგრამ 30 წლის შემდეგ, პერსპექტივაში, გამოჩნდეს ხელისუფლება, რომელსაც წასცდეს ხელი ამ ფონდისკენ და ეს ფული იმისთვის აიღოს, რომ უფრო მეტი პროექტი გააკეთოს, მეტი გზა დააგოს, სკოლა ააშენოს, ანუ ცუდი მიზნით კი არ გამოიყენოს, პირიქით, კარგისთვის, მაგრამ როდესაც ამ ფულს მთლიანად გამოიყენებს და მერე პენსიონერებისთვის თავიანთი კუთვნილი თანხის გადახდის ვალდებულება დადგება, შეიძლება, ამ ფონდში უკვე აღარ იყოს ადეკვატური თანხა, რომ მან თავისი ვალდებულებები შეასრულოს. ანუ შეიძლება რომელიმე ხელისუფლება მოვიდეს და ამ ფონდის თანხა დახარჯოს, შემდეგ იგი სხვა ხელისუფლებამ ჩაანაცვლოს და მან თქვას, _ რა ვქნა, მე ხომ არ დამიხარჯავს ეს თანხებიო?! ეს განმარტება კი პენსიონერს არაფერს მისცემს.
არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად ასე მოხდება, მაგრამ მსგავსი ნიუანსები, რომელიც შეიძლება მოხდეს, ძალიან ბევრია და ეს ყველაფერი ამ ფონდს არ აძლევს კარგ ელფერს. რისკები იმდენად ბევრია, რომ თუ ზედმიწევნით არ იქნა ფონდი მართული, შესაძლოა, უფრო მეტი უბედურება მოგვიტანოს, ვიდრე სარგებელი. მეტიც, თუ ჩვენ იმ 21 600 ლარს დავუბრუნდებით, რომელიც დასაქმებულმა 30 წლის განმავლობაში დააგროვა თავისი „უზრუნველყოფილი“ სიბერისთვის, თუ მან, მინიმუმ, 10 წელს იცოცხლა, წელიწადში მისი პენსია ზუსტად 2160 ლარი იქნება, ეს გავყოთ 12 თვეზე (2160/12=180) და გამოვა, რომ 180 ლარი იქნება მისი ყოველთვიური პენსია. ეს თანხა ხომ დღესაც არაფერს ნიშნავს და 30 წლის შემდეგ მისი მსყიდველობითი უნარი მეტად დაცემული იქნება, რომც ჰქონდეს ის უნარი, რაც დღეს აქვს, თუ მთელი ცხოვრება ამ თანხისთვის ვიწვალეთ, ეს არაფერია!
იმის გამო, რომ ჩვენთან დაბალი ხელფასებია, რთულია რაიმე მნიშვნელოვანი თანხის შეგროვება უზრუნველყოფილი სიბერისთვის, ხოლო ამერიკაში, მაგალითად, სადაც ხელფასები ასე მაღალია, იქ ეს 2% შეიძლება ბევრ რამეს ნიშნავდეს. ჩვენთან კი 1000-ლარიანი ხელფასიც ძალიან ცოტას აქვს. ძირითადად, ხელფასები 500-600 ლარს უტოლდება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საშუალო ხელფასი 900 ლარია, იმითაა გამოწვეული, რომ ვისაც ძალიან მაღალი ხელფასი აქვს, იმათ გამოათანაბრეს და საშუალო ეგ გამოვიდა. რეალობა ყველამ ვიცით! ახლა იანგარიშეთ იმავე პრინციპით და 500-ლარიანი ხელფასის პირობებში. საბოლოო თვიური პენსია განახევრდება.
შეიძლება თქვა, რომ პენსია იქნება 500 ლარი, კი ბატონო, იქნება, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც „დანაზოგ“ პენსიას 4 ან 5 წელზე გადაანაწილებ, მაგის მერე, როცა პენსიონერს ფული აღარ დარჩება, მერე რა უნდა ქნას?! _ მსგავსი კითხვები ბევრია.
ჯერჯერობით ხელისუფლება ამბობს, რომ დანაზოგთან ერთად სახელმწიფო პენსიაც შენარჩუნდება, მაგრამ მე, რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ გავა გარკვეული დრო და გარდამავალი პერიოდის შემდეგ მთავრობა იტყვის, მოსახლეობა თვითონ აგროვებს თავის პენსიას, ბიუჯეტზე მათი დაწოლა დიდ წნეხს ახდენს და ის უნდა მოვხსნათო. ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ თუ ორივე მათგანი (სახელმწიფო პენსია და დაგროვილი) იქნება, მაშინ რატომ ავალდებულებ ხალხს, რომ დააგროვოს, თუ შენ _ სახელმწიფო, ისედაც მისცემ მას ამ თანხას? თუ მას ავალდებულებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ გინდა, ეს ტვირთი გაწვეს.
ამ რეფორმამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაამართლა, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებული იყო, იმიტომ რომ ხელფასები იყო მაღალი, ამ ფონდის მართვა სწორი გზით განახორციელეს, მაგრამ საქართველოში მსგავსი ტიპის ფონდის მართვის გამოცდილება საერთოდ არ გვაქვს, ამიტომ რისკები ძალიან მაღალია და მით უფრო, როდესაც ჩვენი ეკონომიკა სუსტად განვითარებულია და ამ ფონდში დაგროვილ თანხას მას ვერ მოვახმართ. გამოდის, რომ იმ ფულსაც კი, რომელიც ჩვენი მომავლისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, უცხოური კომპანიების დასაფინანსებლად ვიყენებთ.
რომ არა დაგროვებითი პენსია, ჯერჯერობით, კაცობრიობას ამაზე უკეთესი არაფერი მოუგონია, მაგრამ ის, რომ სხვა უკეთესი არ არსებობს, არ ნიშნავს, რომ ეს არის ერთადერთი საუკეთესო. ეს რეფორმა, ჯერჯერობით, უფრო მეტ კითხვის ნიშანს სვამს, ვიდრე პოზიტივის განცდას.

ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“ დაინტერესებული პირებისთვის სპეციალური გამოსათვლელი სისტემა შექმნა, სადაც თქვენი ხელფასის მიხედვით შეგიძლიათ ცვალოთ ცვლადები და მიიღოთ თქვენი დანაზოგი იმდენი ხნის შემდეგ, როცა პენსიაზე გახვალთ და დანაზოგის გამოყენებას დაიწყებთ.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ პრეზიდენტი _ გიორგი კეპულაძე:
_ ახალ სისტემაზე გადასვლა და დაზოგვის კულტურის საჭიროება ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს და ამ სისტემაზე გადასვლა, ადრე თუ გვიან, მაინც მოგვიწევდა. წლების შემდეგ დანაზოგის გამოთვლისას მაქსიმალური სიზუსტე რთულია, ბევრი ცვლადი არსებობს, მაგრამ მიახლოებით გამოთვლა მაინც შეგვიძლია.
ზოგადად, ოდესღაც ჩვენ მაინც მოგვიწევს ამ სისტემაზე გადასვლა და რაც უფრო მალე გადავალთ, ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესია. მესმის, რომ ორი მხარეა, რომელსაც სხვადასხვა აზრი აქვს, არიან უფრო ულტრამემარჯვენე და ლიბერტარიანული მიდგომის მქონენი, სადაც მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ერეოდეს ამ საკითხში და ადამიანი თვითონ როგორც გადაწყვეტს, ისე უნდა დააგროვოს თანხები, არ უნდა იყოს რაღაც ძალდატანებითი და სავალდებულო, თუმცა საქართველოს ტიპის ქვეყანაში, სადაც, მოგეხსენებათ, რომ დაზოგვის კულტურა ძალიან დაბალია, მით უმეტეს, ეროვნულ ვალუტაში დაზოგვა ნაკლებად ხდება, მცირე ზეწოლა, ჩემი აზრით, მაინც სჭირდება, კარგი გაგებით. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ კითხვის ნიშნები არსებობს, რაღაცები დასახვეწია, თუმცა პრინციპი, რომ ჩვენ დაგროვებით პენსიაზე გადავიდეთ და 40 წლამდე ახალგაზრდები ნელ-ნელა დაიწყებენ დაგროვებას თავიანთი სიბერისთვის, ეს საჭირო და აუცილებელიც არის. აქ მნიშვნელოვანია, თუ რა ღირებულება ექნება თანხას დროში. პრინციპში, 30 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, დაახლოებით, იმის ნახევარი ღირებულება ექნება, ვიდრე დღეს აქვს.
იმ ცხრილის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, 1000-ლარიანი ხელფასის შემთხვევაში, თუ დაგროვების დრო არის კვლავ 30, ხოლო განკარგვის _ 10 წელი, 6%-იან სარგებელთან ერთად, 30 წლის შემდეგ დაგროვილი თანხა 60 271 ლარს უტოლდება, თვიური პენსია კი (კვლავ საპროცენტო სარგებელთან ერთად, რადგან მხოლოდ 60 271/120 (თვეების რაოდენობაზე 10 წელიწადში) = 502.36 (ლარს) 669 ლარი გამოდის.

ვახტანგ ჭარაია _ ეკონომისტი:
_ ამ ოდენობის თანხა ნამდვილად იქნებოდა სასიამოვნო პენსიონერებისთვის, თუმცა ამ პენსიის მიღება იმდენი ფაქტორის გამართლებასთანაა დაკავშირებული, რომ მე ის მიუღწევლად მიმაჩნია და რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არა მხოლოდ თანხის მოცულობაზე, არამედ უფრო მეტად ყურადღება მის მსყიდველობით უნარზე უნდა გადავიტანოთ 30 წლის შემდეგ. 700 ლარი დღეს და 700 ლარი 30 წლის შემდეგ სრულიად სხვა მსყიდველობითი უნარის მქონე იქნება.

თემაზე საუბრისას განსხვავებულ აქცენტებს აკეთებს ეკონომისტი სოსო არჩვაძე:
_ ჯერ ერთი, ეს სისტემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იმ თანხას, რომლის დაგროვებასაც 40 წლამდე დასაქმებული დაიწყებს, მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას გამოიყენებს. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს თანხა, გარკვეულწილად, საინვესტიციო დატვირთვის იქნება და მას კომერციული პროექტების განსახორციელებლად გამოიყენებენ. ეს მიმართულება კომერციული იქნება, საინვესტიციო თუ სხვა, ნიშნავს, რომ ინფლაციის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, ამიტომ პირდაპირ, მექანიკურად იმის თქმა, თუ რამდენი იქნება ეს თანხა, არასწორია.
აქ ფონდით მარტო პირველსავე წელს 80 მლნ ლარის მობილიზებაა შესაძლებელი. დაახლოებით 30 წელიწადში წარმოიდგინეთ, რამდენ მილიარდზე ავა! არც ერთი საინვესტიციო ფონდი არ იტყოდა უარს ამ კაპიტალით მუშობაზე, ამიტომ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს თანხა რამდენიმე წლით ჩაიდება საქმიანობაში, მაგრამ აქ ჩნდება ყურადსაღები ფაქტები: ვინ განკარგავს ამ თანხებს? ვინ შევა სამეთვალყურეო საბჭოში და დაუმსახურებელი პრეტენზიები ხომ არ გამოითქმება მათი არჩევის დროს?
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკანონმდებლო კოლიზიაა. ყველას გვახსოვს, როგორი ძალისხმევა იყო საჭირო და ხელისუფლების წარმომადგენლებმაც კი არ დაუჭირეს მხარი იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც უნდა ამოღებულიყო 94-ე მუხლი (ის, რომ სავალდებულო წესით გადასახადების გაზრდა, ან შემოღება, ან განაკვეთის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის საშუალებით). კიდევ ერთი კითხვა, _ 2%-ით დამქირავებლის დავალდებულება რამდენად შეესაბამება იმ საკანონმდებლო რეგულირების ნორმას, რომელიც დღეს მოქმედებს (კონსტიტუციურ და ორგანულ ნორმასთან, ეკონომიკური თავისუფლების შესახებ)? აქედან გამოდის 2 დასკვნა: ეს ნორმა უნდა გაუქმდეს, ან ფორმა უნდა შეიცვალოს, რომ საკანონმდებლო კოლიზიები არ განვითარდეს. მე კომპრომისულ ვარიანტად მესახებოდა დასაქმებულის 2% საშემოსავლო გადასახადის 20%-ის ფარგლებში. ბიუჯეტისთვის არ იქნებოდა ზარალი და შევინარჩუნებდით კანონის მოთხოვნებსაც. რეფერენდუმის ჩატარება პირადად პოპულისტური და ზედმეტი მგონია.
ისევ თემას რომ დავუბრუნდეთ, ამჟამინდელი პენსია 180 ლარის ოდენობით ისევ ძალაში იქნება და დაგროვილი პენსიის სახით, საუბარია დანამატზე. ხოლო ვისაც არ უმუშავია და არ დაუგროვებია, ის იმდენს მიიღებს, რამდენიც სოციალურად საარსებო მინიმუმთან მიახლოებული თანხა დაჯამდება. საბოლოოდ, ფონდში არსებული ფულადი მასა იმოძრავებს და მოგებას მოიტანს.

ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია იმისა, თუ რამდენს „დავზოგავთ“ მომავლისთვის და როგორ წაადგება ის ჩვენს უზრუნველყოფილ სიბერეს. მოუტანს თუ არა იგი მოგებას ქვეყნის ეკონომიკას და რამდენი ნაბიჯით წავწევთ წინ ქვეყნის კეთილდღეობას? ამას კი მომავალი 30 წლის პერსპექტივაში გავიგებთ.

P. შ. შეგახსენებთ, რომ ზემოთ მოყვენილი ციფრები პირობითია და მასზე გარკვეული დროის მანძილზე ძალიან ბევრმა ფაქტორმა შეიძლება მოახდინოს გავლენა.

ნინო ტაბაღუა