დაზღვევის კულტურის არქონა საქართველოში

დაზღვევა რისკებისგან თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს, რომელიც ორმხრივ _ დამზღვევისა და დაზღვეულის სარგებელზეა დაფუძნებული. იგი რისკის მართვის ერთგვარი სახეა, რომელიც დაზღვეულ პიროვნებას საშუალებას აძლევს, დიდი ზარალი თავიდან აიცილოს.

საინტერესოა, რომ პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოში 1990 წელს დაარსდა და ესეც ხსნის ფაქტს, ჩვენს ქვეყანაში დაზღვევის კულტურა რომ ჯერაც არაა მყარად ფეხმოკიდებული, თუმცა ამაში მთავრობის როლიც, ცალსახად, უმნიშვნელოვანესია. თავიდან ქვეყანაში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა გაცილებით ბევრი იყო, ვიდრე ახლაა.

დღეის მდგომარეობით, ამ მიმართულებით სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციაც გვაქვს, რომელშიც 12 სადაზღვევო კომპანია შედის, მათი ნაწილი კი კომერციული ბანკების არაპროფილურ ბიზნესსაც წარმოადგენს, რაც ადეკვატურად აისახება ბაზარზე მათ მიერ მოპოვებულ მოწინავე ადგილსა და ამ კომპანიებში დაზღვეული ადამიანების რაოდენობაზეც. ასოციაციაში შემავალი კომპანიებია:

„ჯიპიაი ჰოლდინგი“, „აი სი ჯგუფი“, „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია იარაო“, „იმედი L“, „დაზღვევის კომპანია ქართუ“ „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“, „უნისონი“, „სტანდარტ დაზღვევა საქართველო“, „თიბისი დაზღვევა“, „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“, „ალფა“.

ზოგადი სტატისტიკით, მსოფლიოში, განვითარებულ ქვეყნებში, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია მშპ-ს 8%-ს წარმოადგენს, განვითარებად ქვეყნებში კი იგი 3%-იან მაჩვენებელსაც ვერ უახლოვდება. ჩვენს ქვეყანაში, ამ მხრივ, გასულ წელს 2%-იანი მაჩვენებელიც კი არ გვქონდა დაფიქსირებული, რაც ცალსახად სფეროს წარუმატებლობაზე მიუთითებს.

მთელი რიგი რეფორმიდან და ხმაურიანი განხილვებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ყველა ფენამ და მოქალაქემ იცის ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ და სწორედ ეს მიმართულება დგას პირველ ადგილზე სადაზღვევო სფეროში.  სამედიცინო დაზღვევას სულ 45%-იანი წილი აქვს, რაც ლარებში 175 მილიონ ეროვნულ ვალუტას წარმოადგენს. ამ მაჩვენებელს 10 მილიონით ჩამორჩება ქონების დაზღვევა, რომელიც მეორე ადგილზეა. ავტომანქანებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევას რაც შეეხება, რომელიც მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, მას 60-მილიონიანი დაინტერესება აქვს საქართველოში. რაც შეეხება სიცოცხლის დაზღვევას (რომელსაც წინა ნომრებში ცალკე სტატია მივუძღვენით), მისი წილი 7%-ს შეადგენს.

ძალიან საინტერესოა, რით არის გამოწვეული მსგავსი მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაში და რა მდგომარეობაა დღეს ამ მიმართულებით?

 

„ქრონიკა+“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის თავმჯდომარეს _ დევი ხეჩინაშვილს ესაუბრა:

_ მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენს მოსახლეობას, ბიზნესსექტორსა და მთავრობას, ასე ვთქვათ, სადაზღვევო კულტურა დაბალი აქვს. ანუ სადაზღვევო კულტურის გამოყენების ჩვევა და ტრადიცია ძალიან დაბალია, ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა _ ეს არის ძირითადი საფუძველი.

ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მთელ მსოფლიოში სადაზღვევო კულტურას ავითარებდა, როგორიც არის სავალდებულო დაზღვევები, საქართველოში წლების მანძილზე არ გამოყენებულა, ანუ მთავრობაც იმ რისკების მართვისთვის, რომელზედაც პასუხისმგებელია, როგორც წესი, დაზღვევას არ იყენებდა. ყოველ შემთხვევაში, კლასიკურ მოდელებს არ იყენებდა, თუმცა იყო ერთი გამონაკლისი _ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები, რომლებიც საქართველოში 2008 წლიდან 2014 წლამდე მოქმედებდა და რომელმაც, სხვათა შორის, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო კიდევაც, _ ფაქტობრივად, ამის ფონზე ნებაყოფლობითი დაზღვეულების რაოდენობა ჯანდაცვის სფეროში გაათმაგდა. ანუ ამ სისტემამ იმუშავა, როცა იგი არსებობდა.

კიდევ ერთი თემა არსებობს, რომელიც უდავოდ უშლის ხელს განვითარებას: ყველამ ვიცით, რომ დაზღვევა _ ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც, მომავალ დღეს, მოღვაწეობას, ბიზნესის დაგეგმვას ასტაბილურებს და საფრთხეს უქმნის რისკებს, თუმცა, ამავდროულად, ჩვენი მოქალაქეები დღევანდელი დღის პრობლემების მოგვარებაში არიან ჩართულები და ნაკლებად ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე, ეს კი იმ ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ცხოვრება გვიწევს. ამ ორ ძირითად მიზეზთაგან პირველი უმთავრესია.

სხვა ქვეყნებშიც ყოფილა მსგავსი შემთხვევები _ უტრადიციობა, დაზღვევის კულტურის არქონა, თუმცა მოგვარებულა. საერთოდ, დაზღვევა არ არის, მაინცდამაინც, მდიდარი ხალხის ინსტრუმენტი _ იმათ ისედაც შეუძლიათ მოაგვარონ, გამოასწორონ საქმე, გაუმკლავდნენ ზარალს. ამიტომ მაინც, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება, საქართველოში მდგომარეობა ისე შეიცვალოს, რომ მთავრობამ, როგორც ქვეყნის ლიდერმა, დაზღვევის გამოყენება დაიწყოს რისკების მართვისთვის, რაც იმ ადამიანების მასას შექმნის, რომლებიც სადაზღვევო ურთიერთობებში ერთგვარი იძულებით იმუხტებიან და  მერე ნელ-ნელა მიეჩვევიან, სიკეთეს ნახავენ აქედან და ასე, ეტაპობრივად შეცვლის ეს სრულ მდგომარეობას.

დღესდღეობით ერთადერთი მასობრივი, რაც არის, ესაა ჯანმრთელობის დაზღვევა და ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აქვს იგი ნებაყოფლობითად. სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა კი, რომელსაც, ტრადიციულად, მეორე ადგილი უჭირავს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი, გავრცელებული განხრაა მთელ მსოფლიოში, ჩვენთან ძალიან მცირედ არის, იმის გამო, რომ არ არსებობს სადზაღვევო აუცილებლობა, თუმცა ამაზე მთავრობამ განაცხადა, რომ უკვე ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმასა და ცვლილების განხორციელებას გეგმავს. ჩვენ, საქართველოში, დაახლოებით, 200 000 რეგისტრირებული მანქანა გვყავს, მათგან, დაახლოებით, 70 000-ია მხოლოდ დაზღვეული. უარესი სურათია ქონების დაზღვევის თვალსაზრისით, როგორც კორპორაციულ ნაწილში, ისე ინდივიდუალურში. ინდივიდუალური ქონება თითქმის არ არის დაზღვეული, რადგან ადამიანები არ ფიქრობენ იმაზე, რომ ხვალ შეიძლება ხანძარი ან მიწისძვრა მოხდეს. არადა, ეს მუდმივად ხდება და ბოლოდროინდელი მოვლენები ამის მკაფიო მაგალითია.

ამ ყველაფრის მოსაგვარებლად საჭიროა, რომ, უპირველეს ყოვლისა, მაინც, სავალდებულო დაზღვევები შემოიტანოს მთავრობამ იმ ნაწილში, სადაც მისი პასუხისმგებლობაა. ე. წ. მესამე პირებისადმი დაკისრებული პასუხისმგებლობა, სადაც არის მაღალი რისკი, ეს არის ავტომობილების სფეროში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ა. შ., როგორც ყველგანაა, მსოფლიოში. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. მთავრობამ თავისი წილი ლიდერობა უნდა გამოამჟღავნოს.

აქამდე ისე ხდებოდა, რომ მთავრობა ყოველთვის ამბობდა, დაზღვევა კარგიაო, მაგრამ მას არ იყენებდა თავისი პრობლემების მოგვარებისთვის. მასობრივი თავშეყრის ადგილებში ხომ ვხედათ, რომ ზოგჯერ სასტუმროები იწვის, _ ყველგან წინასწარ მოგვარებულია ამის შედეგების ანაზღაურება, მთავარი იდეა ხომ ეგ არის, რომ შეიძლება მოხდეს ხანძარი, მიწისძვრა, შეიძლება ადამიანი ავტოკატასტროფაში მოყვეს, მაგრამ ამან არ უნდა შეაწუხოს ყველა გარშემო, არ დაანგრიოს ის ოჯახი, არ შეაწუხოს მთავრობაც, მათ შორის. მაგისთვისაა ეს გამოგონებული და სისტემაში აყვანილი.

უკვე, ფაქტობრივად, მესამე პირის პასუხისმებლობის დაზღვევების ნაწილში  კანონპროექტის პირველი პაკეტია შესული პარლამენტში, ალბათ,  საბოლოოდ, სექტემბერში მორჩებიან განხილვას, იქ შემოდის საქართველოში არარეგისტრირებული მანქანების მფლობელების პასუხისმგებლობის დაზღვევა, სატრანზიტო და უცხოური მოძრაობა. პრემიერმა განაცხადა ეს და ჩვენც უკვე ვიწყებთ ამაზე მუშაობას ისე, რომ 2019 წლიდან   სავალდებულო გახდეს ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, ანუ ავტომფლობელი თავის მოძრაობისას სხვას რომ მიაყენებს ზიანს, ის უნდა იყოს ანაზღაურებული სადაზღვევო კომპანიის მიერ. კანონპროექტში ამ მიმართულებით ცვლილება იქნება და ეს მთავრობას საშუალებას მიცემს, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში სადაზღვევო ურთიერთობები დანერგოს. მაგალითად, ბაზრობები. ყველამ ძალიან შეგვაწუხა ბოლოდროინდელმა  ხანძრებმა, დაზღვეულები რომ ყოფილიყვნენ, მერე მოვაჭრეც უზრუნველყოფილი, კომპენსირებული იქნებოდა.

ვნახოთ, ნელ-ნელა უკეთეს მდგომარეობამდე მივალთ, ამ მიმართულებით თუ გავაგრძელეთ სიარული. სწორედ სავალდებულო დაზღვევებია ის ინსტრუმენტი, რომლითაც ადამიანი სადაზღვევო ურთიერთობებში ერთვება, ეჩვევა მის გამოყენებას და შემდგომ უკვე ნებაყოფლობითაც იწყებს ამაზე ფიქრს.

 

გიორგი კეპულაძე _ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ პრეზიდენტი:

_ დაზღვევის დაბალი კულტურა არსებობს და მისი განვითარებაა  საჭირო. მე რაც სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა ასოციაციის  ხელმძღვანელების მიერ გამოხატული აზრი მომისმენია, ისინი ამბობენ, რომ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მოქმედებები: პირველი ნაბიჯი, რომელიც უშუალოდ ხელს შეუწყობს დაზღვევის განვითარებას და რიგითმა მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა, შეიძლება, თავიანთი ჯანმრთელობა, ქონება, ბიზნესები დააზღვიონ. ამის განვითარებას სჭირდება წლები და ასე მარტივად არ მოდის.

ძირითადად ხდება ხოლმე, რომ რაღაც ცუდი მაგალითის შემდეგ იწყებენ ადამიანები დაზღვევაზე ზრუნვას. ვთქვათ, ბოლო დროს გვახსოვს, ხანძარი რომ მოხდა „ბავშვთა სამყაროში“, ამ მოვლენის შემდეგ „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიაზე მეტს ჰქონდა უკვე დაზღვეული თავისი ქონება. ეს დროის საკითხია.

გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით დაგეგმილია და, ალბათ, გადაიდგმება კიდეც. სახელმწიფოს იმ დონემდე შეუძლია ჩარევა, სანამდეც უფლება აქვს. დამატებითი რეგულაციების კუთხით ჩარევა საჭირო არ არის. ჩვენ გარკვეული ვალდებულებებიც უნდა შევასრულოთ, რომელიც DჩFთI-ის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გვაძლევს, რის მიხედვითაც, რაღაც ტიპის დაზღვევები უნდა განვავითაროთ ქვეყანაში, თუ გვინდა, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდეთ. ამ მხრივაც მოუწევს სახელმწიფოს რაღაც ნაბიჯების გადადგმა.

ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რაჭაში 90-იან წლებში მომხდარი სიმძლავრის მიწისძვრა თბილისთან ახლოს რომ მოხდეს, თითქმის ყველაფერი განადგურდება და  დაზღვეული, ფაქტობრივად, არაფერი აღმოჩნდება! პრობლემა ესეც არის. რატომ წარმოიქმნა ვერის ადიდების შემდეგ პრობლემა? იმიტომ, რომ ეს მოხდა თბილისში, მჭიდროდ დასახლებულ ადგილას, თორემ წელსაც მოხდა წყალდიდობა რეგიონში, თუმცა არავის უზრუნია მასზე, რადგან, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია მეჩხრად დასახლების გამო. სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტის შემდეგ დადგა დაზღვევის საკითხი და მოსახლეობა მიხვდა, რომ რაღაც უნდა დააზღვიოს. ანუ როცა რაღაც პრობლემა წარმოიქმნება, მერე ვიწყებთ ფიქრს დაზღვევაზე.

ამ მიმართულებით ერთობლივად მუშაობა, სადაზღვევო პროდუქტების უკეთ შეფუთვაა საჭირო კომპანიების მხრიდან და ნელ-ნელა წინ წავალთ.

 

ვაჟა კაპანაძე _ ეკონომიკის ექსპერტი:

_ სადაზღვევო სექტორი რომ განვითარდეს, ეკონომიკა უნდა იყოს ძლიერი და მეორეც, ძირითადად, სადაზღვევო კომპანიები უნდა იყონ დიდი ფინანსური რესურსების მატარებლები. ჩვენთან, საწუხაროდ, ეს სადაზღვევო კომპანიები უფრო ევროპის მსხვილი კომპანიების აგენტები არიან, იმიტომ, რომ, ძირითადად, ამ რისკების გადაზღვევა ხდება ევროპის  სადაზღვევო კომპანიებში. მეორე _ გარკვეულწილად, თვითონ ბიზნესს იმდენად მწირი შემოსავალი აქვს, რომ უჭირს სადაზღვევო მომსახურების გადახდა.

ადრე იყო მცდელობა, რომ სავალდებულოც კი გაეხადათ დაზღვევა. მაგალითად, ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა ერთი პერიოდი სავალდებულო იყო, მაგრამ შემდეგ გააუქმეს.

ეკონომიკა არ არის იმდენად ძლიერი, ეკონომიკურ აგენტებს იმის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ თავიანთი რისკები გადააზღვიონ.

დაზღვევა დიდი ციფრების თეორიაა! პირობითად, მე თუ ვარ დაზღვეული და არაფერი დამემართა, მაშინ მომგებიანი როგორაა ჩემთვის?!

სადაზღვევო კომპანები რომ არსებობენ, ე. ი, საბოლოო ჯამში, მოგებაში რჩებიან, ხომ?!

მთელი ქვეყნის მასშტაბთ სადაზღვევო ბიზნესი რადგან მომგებიანია, ე. ი. მათ ეკონომიკა უფრო მეტს უხდის, ვიდრე თვითონ ანაზღაურებენ. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური აგენტებისთვის არ არის ეს მომგებიანი. აქ ერთი რამეს _ რისკების დაზღვევა ნიშნავს იმას, რომ თქვენ დიდი ზარალი არ მოგადგეთ. მირჩევნია, ნაკლები და პერიოდულად „ვიზარალო“ (დაზღვევის ყოველთვიური პროცენტის გადახდით), რომ დიდი ზარალი არ მივიღო _ ეს არის ფლოსოფია. მარტივია! აქედან გამომდინარე, მე უნდა მქონდეს ამ ნაკლები ზარალის საშუალება, რომ დიდისგან დავიზღვიო თავი, მაგრამ თუ არ მაქვს ამის საშუალება, ვრისკავ და მინდობილი ვარ ბედს, ან ღმერთს, რომ დიდი ზარალი არ მომადგება.

მაგალითად რომ ავიღოთ სოფლის მეურნეობა, აქ, სეტყვის საწინააღმდეგო დაზღვევის საფასური იმდენად მაღალია, რომ არ უღირს გლეხს, ვერ გადაიხდის, ამიტომ ერევა მერე ამ საქმეში სახელმწიფო, მასაც ურჩევნია, რომ ნაკლები დახარჯოს, ვიდრე ბევრი აუნაზღაუროს სეტყვის შემდეგ.

მოვაჭრეებსაც უჭირთ დაზღვევა იმიტომ, რომ მათი რენტაბელობა არ აძლევს ამის საშუალებას, მერე არაფერი არ რჩებათ მათ. ინდმეწარმეები, რომლებიც დღეში 100 ლარის შემოსავლის გამო დგანან გარეთ, მათ რა უნდა დააზღვიონ, როგორ უნდა გადაიხადონ?!

აი, თუ დაზღვევა სავალდებულო გახდება, მერე იძულებულები იქნებიან, რომ გადაიხადონ. ეს უკვე არის დიდი ციფრების თეორია, როგორც ვთქვი, რაც უფრო მეტი დაზღვეულია, ეს სადაზღვევო კომპანიისთვის უკეთესია, რადგან ის შემდეგ თავის გადასახადს ამცირებს.

საბოლოო ჯამში, მაინც რთული საკითხია, კონტროლიც სჭირდება, რომ მონოპოლიური სტრუქტურები არ ჩაერიონ საქმეში და არ იყოს  კარტერული გარიგებები.

 

ნინო ტაბაღუა