დავით ხარშილაძე: ,,ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, გავიქცევი და ვნახოთ, რომელი დამეწევით”

2017 წლის 13 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკვეთით სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა ჩემი შვილის, დავით ხარშილაძის მისამართით. მასზე სისტემატური თვალთვალი მიმდინარეობდა, უკანონოდ უსმენდნენ მის ტელეფონს და როგორც კი მარტო მოიხელთეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.

რომ არა მოწმე შორენა ლალიაშვილის მიერ შემთხვევის ადგილას გადაღებული ფირი, დავით ხარშილაძის სისხლის სამართლის საქმე ისე დასრულდებოდა, რომ ყველას მხოლოდ იმ სამი პოლიციელის ვინაობა ეცოდინებოდა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ოფიციალურად ფიგურირებს: გამომძიებელი ზურაბ ქუმელაშვილი, პოლიციელები _ ზაქარია ვასაძე და ვალერი ჩიბირაშვილი.

შორენა ლალიაშვილის ფირის მიხედვით კი გაირკვა, რომ შემთხვევის ადგილას ათზე მეტი პოლიციელი იმყოფებოდა და ღონისძიებას პირადად ხელმძღვანელობდა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, რამაზ თარაშვილი.

დაკავებული დავით ხარშილაძე წინასწარი დაკავების საკანში დაზიანებებით შეიყვანეს. სწორედ „კაპეზეს“ მიმართვის შემდეგ ქ. თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო იმ პოლიციელების მისამართით, რომლებიც დავით ხარშილაძის წინააღმდეგ პოლიციის სადამსჯელო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

სისხლის სამართლის საქმეში დევს ზურაბ ქუმელაშვილის, ზაქარია ვასაძისა და ვალერი ჩიბირაშვილის ჩვენებები, სადაც განმარტავენ, რომ მხოლოდ ისინი გავიდნენ ბოჭორიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და განახორციელეს დავით ხარშილაძის ჩხრეკა და დაკავება.

სასამართლო პროცესზე სამივე მათგანი კითხვაზე, _ შეიქმნა თუ არა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი და ვის მიერ? განმარტავდა, რომ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი არ შექმნილა, მსგავსი დოკუმენტი არც სისხლის სამართლის საქმეში დევს. მათი განცხადებით სისხლის სამართლის საქმეს ისინი პროკურორმა დავით მესტვირიშვილმა დაამატა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პროკურორი დავით მესტვირიშვილი 2017 წლის 13 მარტს მთელი დღის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში სასამართლო პროცესებზე იმყოფებოდა. სპეციალური პროგრამა, რომელზეც ე. წ. ჩამდებების ჯგუფი აპელირებს და დავით მესტვირიშვილიც მათ ვერსიას ადასტურებს, ელექტრონულია. ანუ პროკურორს წვდომა უნდა ჰქონდეს ინტერნეტთან და კომპიუტერთან. მოგეხსენებათ, სასამართლო დარბაზსა და პროცესზე მსგავსი წვდომა პროკურორს არ აქვს. ჩემი მხრიდან ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ დავით მესტვირიშვილი, ფაქტობრივად, ჩიხში აღმოჩნდა. დავით ხარშილაძის ადვოკატებმა ოფიციალურად მიმართეს ქ. თბილისის სასამართლოს, გადაეცათ მათთვის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომელ პროცესზე და რა დრომდე იმყოფებოდა სასამართლოს შენობაში დავით მესტვირიშვილი. სწორედ ოფიციალური მიმართვის შემდეგ დავით მესტვირიშვილი იძულებული გახდა, სასამართლო პროცესებზე ყოფნის ფაქტი დაედასტურებინა და ჩვენებაც შეცვალა, _ გამომძიებელმა ჯაბა ტეფნაძემ ტელეფონით დამირეკა და დავით ხარშილაძის მიმართ გამოძიების დაწყების ფაქტზე ინფორმაცია მომაწოდაო. დავით მესტვირიშვილი აშკარად ცრუობს, რადგან სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სატელეფონო ზარებს ვერც პროკურორები პასუხობენ. გარდა ამისა, მას აუცილებლად მოუწევს ამ ფაქტის დოკუმენტურად დადასტურება და, შესაბამისად, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ამონაწერის გასაჯაროება, რა დროს და რომელი ტელეფონის ნომრით დაუკავშირდა მას გამომძიებელი ჯაბა ტეფნაძე. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, დავით მესტვირიშვილი ე. წ. ჩამდებების ბრიგადის გათეთრებას ცდილობს, რადგან რეალურად ის, როგორც ზედამხედველი პროკურორი, გამოძიების დაწყების შესახებ საქმის კურსში საერთოდ არ იყო.

მეორე დამნაშავე პროკურორი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სადამსჯელო ოპერაციას ათეთრებს, თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილია. თავის დროზე, ის ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კლანის რეკომენდაციით მოხვდა. მიხეილ შაყულაშვილის მოღვაწეობას თბილისის პროკურორის პოსტზე „ქრონიკა+“ გზადაგზა აუცილებლად დაუბრუნდება, ამჯერად კი მხოლოდ ერთს ვიტყვით, _ თბილისის პროკურატურა დანაშაულებრივი სქემის მონაწილედ იქცა და მას დავით ხარშილაძის წინააღმდეგ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი საერთოდ არ გამოუძიებია.

გამოძიება 18 მაისს დასრულებულა, მაგრამ დადგენილება საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ მხოლოდ 15 ივნისს, სასამართლო პროცესზე გახდა საჯარო და მტკიცებულებად დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. ესეც ერთგვარი ტრიუკი იყო მთავარი პროკურატურის მხრიდან.

დადგენილებაში, რომელსაც საგამოძიებო ნაწილის პროკურორი ლაშა ფანჩულიძე აწერს ხელს, ვკითხულობთ: სისხლის სამართლის #090130317003 საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძველად დაედო კუკური წივწივაძის პატაკი, რომელიც შეეხებოდა ოპერატიულ ინფორმაციას, რომ მოქალაქე დავით ხარშილაძე იმყოფებოდა ქ. თბილისში ბოჭორიშვილის ქუჩაზე და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას.

ეს არის არსებითად მცდარი ფორმულირება, რადგან კუკური წივწივაძის პატაკში წერია, რომ დავით ხარშილაძე უნდა იმყოფებოდეს (და არა იმყოფება) ბოჭორიშვილის ქუჩაზე, რა დროსაც იგი პირადად უკანონოდ უნდა ინახავდეს (და არა ინახავდა) ნარკოტიკულ საშუალებას. თბილისის პროკურატურამ უტყუარად დაადგინა, რომ დავით ხარშილაძის სისხლის სამართლის საქმეზე შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომლის წევრებიც იყვნენ: ზურაბ ქუმელაშვილი, ზაქარია ვასაძე, ვალერიან ჩიბირაშვილი, ალექსი კობერიძე, მიხეილ ჩივიაშვილი, ზაზა ჯახველაძე და არჩილ ოქრუაშვილი.

დავით ხარშილაძის სისხლის სამართლის საქმეში არ დევს არც ერთი დოკუმენტური მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ კუკური წივწივაძის პატაკზე საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. ზურაბ ქუმელაშვილი, ზაქარია ვასაძე და ვალერიან ჩიბირაშვილი სასამართლო პროცესზე აცხადებდნენ, რომ არანაირი საგამოძიებო ჯგუფი არ შექმნილა. მეტიც: ფუნქციები, ვის რა უნდა გაეკეთებინა, შემთხვევის ადგილას, ერთმანეთში თავად გადაინაწილეს.

დადგენილების მიხედვით, ვალერიან ჩიბირაშვილმა და ზაქარია ვასაძემ დააკავეს დავით ხარშილაძე და პროპორციული ძალის გამოყენებით დააწვინეს იგი ასფალტზე სახით ქვემოთ, დავით ხარშილაძე იქნევდა ხელებს და ფეხებს და თავის დაღწევას ცდილობდა, რა დროსაც მიიღო დაზიანება.

დავით ხარშილაძის დაკავების მეორე დღეს დაკითხული ვალერიან ჩიბირაშვილი თავის ჩვენებაში წერს, რომ დავით ხარშილაძე მათ დანახვაზე გაქცევას შეეცადა, რა დროსაც ის იქნევდა ხელებს, ჩიბირაშვილი მას გამოეკიდა და დააკავა.

სასამართლო პროცესზე ჩემმა შვილმა იხუმრა, _ გასაქცევი რა მქონდა, ჯიბეში უკანონო ნივთი საერთოდ არ მედო, შემაჩერეთ და გავჩერდი, თუ გინდათ, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩავატაროთ, გავიქცევი და რომელი დამეწევით, მაგასაც ვნახავთო…

დადგენილების მიხედვით, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დავით ხარშილაძის მიმართ რაიმე უკანონო ქმედება არ განხორციელებულა და მის მიმართ არანაირი სახის სიტყვიერ და ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია.

თბილისის პროკურატურას პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების გამოძიებისას გამორჩა ორი არსებითი სახის ეპიზოდი, რომელიც დოკუმენტურადაა დადასტურებული. კონკრეტულად: სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლევან ბეგიაშვილი ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების შემდეგ ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობაში მივიდა, სადაც ასევე ორი საათის მისული იყო ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე, რომელსაც დაკავებულთან არ უშვებდნენ. ამის დასტურია ის მესიჯები, რომელსაც არჩილ ჩუბინიძე პერიოდულად უგზავნიდა ზურაბ ქუმელაშვილს.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ოქმში, რომელიც მან ადგილზე შეადგინა, განმარტავს, რომ პირადად ესწრებოდა ნარკოლიგიურ შემოწმებას, 11 ტესტიდან 10-მა უარყოფითი შედეგი აჩვენა, რაც შეეხება მე-11 ტესტს, ექსპერტმა განმარტა, რომ ვერ დაწერდა ვერც დადებით და ვერც უარყოფით პასუხს და ბიოლოგიური მასალა დალუქა ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩასატარებლად. დავით ხარშილაძე განმარტავს, რომ მე-11 ტესტის პასუხიც, რეალურად, უარყოფითი იყო. ექსპერტმა საკუთარ თავზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა და უკანონო ქმედება ჩაიდინა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის განმარტებით, ნარკოლოგიური შემოწმების დასრულების შემდეგ დავით ხარშილაძე პოლიციის შენობაში დააბრუნეს, პოლიციის შენობაში შესვლის შემდეგ პოლიციელმა, რომელიც მას მიჰყვებოდა, უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა მისი გულშემატკივრების შეძახილების გამო და შეძახილის ავტორს არაერთხელ შეაგინა და დაკავებულის პროვოცირებას ცდილობდა.

გლდანის საპყრობილეში დაკითხვის დროს დავით ხარშილაძემ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა და დეტალური ჩვენება მისცა გამოძიებას. განაცხადა, რომ შეძლებდა იმ პოლიციელების ამოცნობას, რომლებმაც მას ნარკოტიკი ჩაუდეს და სახალხო დამცველის წარმომადგენლის თანდასწრებით იგინებოდნენ და ცდილობდნენ მის პროვოცირებას.

გამოძიებას არ დაუკითხავს არც სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა ადგილზე პოლიციელების მხრიდან დაკავებულის პროვოცირებისა და მისი ახლობლების გინების ფაქტს და არც დაინტერესებულა, შეეძლო თუ არა ჩემს შვილს მოძალადე პოლიციელების ამოცნობა. დღეს, როცა ე. წ. ჩამდებთა ბრიგადის წევრების ვინაობა ცნობილია, დაკავებული დავით ხარშილაძე აცხადებს, რომ პოლიციელი, რომელიც მას შეურაცხყოფას აყენებდა და მის პროვოცირებას ცდილობდა, არჩილ ოქრუაშვილია. „ქრონიკა+“ უკვე წერდა, რომ არჩილ ოქრუაშვილი ვენაში რამდენჯერმე იყო დაკავებული ტანსაცმლის ქურდობისთვის, ერთხელ დეპორტირებას ის მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ კბილებით ხელიდან ხორცი ამოიგლიჯა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც გამოადეპორტეს. როგორ მოხვდა ტანსაცმლის ქურდი არჩილ ოქრუაშვილი შს სამინისტროში თანამდებობაზე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არავის უნდა, ისევე როგორც შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მთავარი სამმართველოს უფროს რამაზ თარაშვილს არ იცნობს.

გამოძიების ინფორმაციით, რამაზ თარაშვილი, თურმე, რაციით დაუკავშირდა ზაზა ჯახველაძეს, რომელმაც მას დავით ხარშილაძის გაქცევის მცდელობის შესახებ აცნობა, რის გამოც იგი ღონისძიებაზე მივიდა თავის სამსახურებრივი მუქი ფერის „ტოიოტა პრადოს“ ფირმის ავტომანქანით, რომლის სახელმწიფო ნომერია GS020GS. ვინც ჩემი შვილის კონფიგურაცია იცის, სასაცილოდ არ ეყოფა ვერსია, რომ ის არჩილ ოქრუაშვილსა და პროფესიონალ ჩამდებს, ჯერ კიდევ, კახა თარგამაძის დროიდან _ მიხეილ ჩივიაშვილს, გაექცეოდა და მათ დასახმარებლად მთავარი სამმართველოს უფროსი გამოიძახეს. მეტიც, რამაზ თარაშვილი დაკავების ადგილზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა. სწორედ მისი ავტომანქანიდან გადმოიტანა ზურაბ ვასაძემ ის ორი პაკეტი ნარკოტიკი, რომელიც ჩემს შვილს ჩაუდეს. გამოძიება ობიექტურად რომ წარმართულიყო, სატელეფონო ანძების ამონაწერების მიხედვით მარტივად დადასტურდებოდა, სად იმყოფებოდა და როდის მივიდა დავით ხარშილაძის დაკავების ადგილას რამაზ თარაშვილი, მეტსახელად, „შტანგა“, რომელიც თამაზაშვილის ხელისბიჭი და ნარკოტიკების რეალიზატორების მფარველია. მაგრამ მიხეილ შაყულაშვილს, ამ ეტაპზე, მთავარი პროკურორის სავარძელი ესიზმრება და ამიტომ მზად არის, ხელისუფლების ნებისმიერი დაკვეთა შეასრულოს.

მეორე ეპიზოდი, რომლითაც გამოძიება არც კი დაინტერესებულა, არის ქურთუკის ეპიზოდი. იმ პოლიციელებმა, რომლებმაც დავით ხარშილაძე გლდანის საპყრობილეში გადაიყვანეს, მას ე. წ. დუტის ქურთუკი გახადეს და მოიპარეს ისე, რომ არანაირი დოკუმენტი ქურთუკის ჩამორთმევის შესახებ არ შედგენილა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მოპარული ქურთუკი გამოყენებული იყო ჩემი შვილის დნმ-ის ნიმუშის გასაყალბებლად. სწორედ დნმ-ის გაყალბების მერე შეეცადა გამომძიებელი ზურაბ ქუმელაშვილი, დავით ხარშილაძის ქურთუკი მისი ადვოკატისთვის დაებრუნებინა, რაზეც დაცვის მხარემ, ბუნებრივია, უარი განაცხადა.

ეს არის იმ წინააღმდეგობრივი ფაქტების მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელიც ქ. თბილისის პროკურატურის დადგენილებაშია გადმოცემული. ირაკლი შოთაძეს, სოსო გოგაშვილს, დავით მესტვირიშვილს, გიორგი მღებრიშვილს, მიხეილ შაყულაშვილს, რამაზ თარაშვილს, არჩილ ოქრუაშვილსა და ჩამდებების ბრიგადის სხვა წევრებს იმედია, არ ჰგონიათ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არასოდეს შეიცვლება. როგორც კი ეს ბალასტი ხელისუფლებას დატოვებს, სწორედ ჩამდებთა ბრიგადის წევრებს შორისაა ის პიროვნება, რომელმაც უკვე მომცა პირობა, რომ, უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში, მზადაა, ობიექტურ გამოძიებას ჩვენება მისცეს და დეტალურად მოყვეს, ვისი დავალებით და რა პირობებში ჩაუდეს ჩემს შვილს ნარკოტიკები.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა, დავით ხარშილაძის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების დაწყების შესახებ. ცხადია, გიორგი მღებრიშვილს ამ მიმართულებით თითი თითზე არ დაუკარებია. მას, ამ ეტაპზე, უფრო დიდი საზრუნავი აქვს _ ნარკორეალიზატორების „დაკრიშვით“ მიღებული შავი ფულის მეშვეობით მფარველებს ეძებს „ქართულ ოცნებაში“, პარალელურად კი თადარიგიც დაიჭირა და მოკითხვებს უთვლის გივი თარგამაძეს.

დავით ხარშილაძე იყო პირველი გახმაურებული მსხვერპლი იმ მახინჯი სადამსჯელო სისტემისა, რადაც იქცა შინაგან საქმეთა სამინისტრო და სუს-ი. ხვალ-ზეგ სახელმწიფო დაიბრუნებს საკუთარ ფუნქციებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნის ეს მახინჯი სისტემა აუცილებლად დაინგრევა.

 

ელისო კილაძე