დავა ორ კერძო სუბიექტს შორის, თუ ბიძინა ივანიშვილს სურვილი _ ქვეყანაში ალტერნატიული აზრი არ ისმოდეს?!

სტრასბურგის სასამართლომ, საკუთარი არსებობის ისტორიაში პირველად, „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეაჩერა. მსგავსი რამ სტრასბურგის სასამართლოს არასდროს გაუკეთებია, გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიანების წამებას, ან საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ან ეხება მათ ექსტრადიციას.

„არასდროს, არც ერთ ვითარებაში, არც საკუთრების უფლებასთან მიმართებით, არც გამოხატვის უფლებასთან მიმართებით, სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია, ეს პირველი, ისტორიული შემთხვევაა და მინდა გითხრათ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმემ, ერთი მხრივ, საქართველოს სამარცხვინო სასამართლო ხელისუფლებამ და სამარცხვინო მთავრობამ საფუძველი დაუდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ახალ პრაქტიკას, რასაც ყველას გილოცავთ. პირველ რიგში, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, რომელიც გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ უმძიმეს დღეშია ჩავარდნილი, რომელმაც დამარხა მართლმსაჯულების სისტემა, რომელმაც დამარხა საქართველოში ადამიანის უფლებები, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლებების ნაწილში, დემოკრატია დამარცხდა, დაიბრუნოს სახე და მოვლენებს თავისუფლად განვითარების შესაძლებლობა მისცეს, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელშიც ძალიან დიდი ხანია, უკვე შესულია, როგორც უმთავრეს ინსტანციაში „რუსთავი 2“-ისა და შპს საქართველოს სარჩელები და საკონსტიტუციო სასამართლოსგან ვითხოვთ, პრაქტიკულად, უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების გამოტანას. ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სრულიად მიიღო მონაწილეობა იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინა შემადგენლობას გადაწყვეტილება ვერ გამოეტანა, ერთი ღამის განმავლობაში შეეცვალა ყველაფერი…“, _ განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ.

 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ზოგადად, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ „ქრონიკა+“ არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს ესაუბრა.

 

თამარ კეკენაძე _ „თავისუფალი დემოკრატები“:

_ „რუსთავი 2“-ის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული მიზანმიმართული ნაბიჯია, რაც რეალურად ძალინ დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. დროც ძალიან ცინიკურად იყო შერჩეული, ეს მოხდა მეორე დღეს, რაც ვიზალიბერალიზაციას მოეწერა ხელი და ერთი დღით ადრე, სანამ საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტი ჩამოვიდოდა. ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეგონა, რომ ამ თემებით გადაფარავდნენ „რუსთავი 2“-ის საკითხს და იმის ილუზიას შექმნიდნენ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის დემოკრატიული განვითარების კუთხით და საერთაშორისო საზოგადოებასაც ამ ილუზიას შეუქმნიდნენ. რა თქმა უნდა, ის მყისიერი რეაქცია, რაც ამ ყველაფერს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მოჰყვა, სწორი ნაბიჯი იყო და ამან კიდევ ერთხელ დაანახა თითოეულ ჩვენგანს, რომ ეს არ არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და ეს იყო ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რაც, რეალურად, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ემსახურება. მას არ სურს, რომ ქვეყანაში კრიტიკული მედია არსებობდეს და ალტერნატიული მოსაზრება ისმოდეს. რაც მთავარია, ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სისტემის ყველა დონეს მთლიანად აკონტროლებს. რა თქმა უნდა, სტრასბურგის გადაწყვეტილება ერთადერთი გამოსავალი იყო ამ ეტაპისთვის, _ ჩვენი ევროპელი მეგობრები, სამწუხაროდ, უფრო მეტს ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენს ევროატლანტიკურ არჩევანზე, ვიდრე საქართველოს მთავრობა. ეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ 8 მარტს სტრასბურგის სასამართლო შემაჩერებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს და სანამ ბოლომდე არ დაასრულებს ამ საკითხზე მუშაობას, მანამდე აღსრულებას შეაჩერებს.

 

სოსო შატბერაშვილი _ „მემარცხენე ალიანსი“:

_ როდესაც სამი ინსტანციის სასამართლო შენს წართმეულ ქონებაზე უფლებას მოგანიჭებს, ის, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია და კიდევ ერთი უფლება აქვთ სამი დღის წინანდელ მფლობელებს _ ძმებ ყარამანიშვილებს, ევროპის სასამართლოში გაასაჩივრონ. სამაგიეროდ, ქართველი ხალხის თავზე პოლიტიკური უბედურება და ტრაგედია დატრიალდა. ევროპის სასამართლომ და, ზოგადად, ევროპამ დაამტკიცა, რომ საქართველო არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. იმ დროს, როდესაც საქართველოდან ევროპის სასამართლოში წასული უამრავი საქმე თაროზეა შემოდებული და რიგს ელოდება, რამდენიმე საათში მოსამართლე „რუსთავი 2“-ის არათუ სარჩელს იხილავს, არამედ აბსურდულ განცხადებას აკეთებს, რომ თუ ეს არ დაკმაყოფილდება, თბილისის ქუჩებში ხალხი გამოვარდება და თითქოს ველურები ვიყოთ, მილეწ-მოლეწავს ყველაფერს. რამდენიმე საათში ჩერდება საქართველოს უმაღლესი ორგანოს _ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება და ხდება იმის დემონსტრირება, რომ საქართველო არის არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ მთლიანად დამოკიდებულია ევროპისა და ამერიკის ჩინოსნებზე. ეს არის დიდი უბედურება და რაც შეეხება შედეგს: ამის შემდეგ რუსული პროპაგანდა გაძლიერდება, პრორუსულად განწყობილი საქართველოს მოსახლეობა გაძლიერდება და შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, თუ მომავალშიც ასე გაგრძელდა, „ევრაზიულ კავშირში“ შესვლა მოინდომოს, როგორც ეს ჩვენმა მეზობლებმა _ სომხეთმა და აზერბაიჯანმა გააკეთეს.

 

კონსტანტინე გამსახურდია _ „თავისუფლება“:

_ ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი სასამართლოს უკან, შეუიარაღებელი თვალით, აშკარად იგრძნობა ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა მოძრაობები. ეს უკვე ძალიან ცუდ ზეგავლენას იქონიებს იმ გაგებით, რომ ახლახან მოცემული ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საკმაო ჩრდილს მიაყენებს ჩვენს ურთიერთობას. ვგულისხმობ იმას, რომ ვიზალიბერალიზაცია ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ამ სასამართლო პროცესს რომ ამისთვის წინ გაესწრო, მართლა შესაძლებელია, ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის მოცემა გაეჭიანურებინა. რაც შეეხება თვითონ „რუსთავი 2“-ის საკითხს, ერთი შეხედვით, ფასადურად, ეს მართლაც კომერციული დავაა, მაგრამ თვითონ სასამართლოს ქცევა და საქმის მიმათ დამოკიდებულება არ არის ადეკვატური, რამდენადაც თითქოს საერთოდ არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მაღალრეიტინგული საქმეა, მაღალრეიტინგულ ტელევიზიასთან გვაქვს საქმე, რასაც ძალიან დიდი და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს მაყურებლიდან და მთელი საზოგადოებიდან გამომდინარე. ამიტომ ამის ასეთ დახურულ რეჟიმში განხილვა, სადაც ცხრა მოსამართლე ერთ პოზიციაზე დგება, აშკარა ეჭვებს იწვევს, რომ ეს ყველაფერი არ არის ის, რაც ერთი შეხედვით ჩანს _ ჩვეულებრივი რიგითი კომერციული დავა, სადაც ერთი მფლობელი ედავება მეორეს. ჯერ თვითონ მფლობელთა საკითხიც ძალიან რთულია, რადგან აქ არ უნდა იყოს ლაპარაკი მხოლოდ ქიბარ ხალვაშზე, აქ არის იგივე ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი, რომელიც საქმეში არ ჩანს, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ის არ არის, ამიტომაც საკითხის გარკვევა _ ვინ არის კანონიერი მფლობელი, სავსებით ობიექტურად რომ მივუდგეთ, არც ისე მარტივია. ეს ყველაფერი ბევრად დამაჯერებელი იქნებოდა, თუკი მხარეებს შესაძლებლობას მისცემდნენ, მონაწილეობა მიეღოთ მტკიცების სტანდარტში. ყველა სასამართლოს აქვს თავისი შეჯიბრებითობა და ამის გარეშე ჩატარდეს ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი, არ შეიძლება. პრაქტიკულად, „რუსთავი 2“-ის მხარეს ამის საშუალება არ მისცეს, სასამართლო პროცესებიდან გააძევეს, უზენაეს სასამართლოში ხომ მთლად გამორიცხული იყო რაიმეს მტკიცება, რადგან დახურული პროცესი მიმდინარეობდა. კიდევ ვიმეორებ, რადგან პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა, არავითარ მტკიცების სტანდარტზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე _ „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო“:

_ თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, ფაქტია, რომ ევროპის საბჭოს ისტორიაში მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება არ გამოუტანია სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს განჩინების დონეზე საპროცესო იძულებითი ღონისძიების სახით, როდესაც საკითხი ეხება საჩივრის უზრუნველყოფის ღონისძიებას. ანუ სტრასბურგის სასამართლოს ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის დროებითი ღონისძიება, გამოყენებული სასამართლოს მიერ, სანამ საქმეს წარმოებაში მიიღებს და დაიქვემდებარებს. თუმცა 8 მარტამდე ეს განჩინება მოქმედებს ერთადერთი პირობით, რომ შემდგომში უკვე პალატამ იმსჯელოს ღონისძიების გაგრძელების მიზანშეწონილობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, „რუსთავი 2“ გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც განსაზღვრავენ აღმოსავლეთ ევროპისა და ევროკავშირის პოტენციური წევრობის სახელმწიფოებისთვის დღის წესრიგს, „რუსთავი 2“ განსაკუთრებული მნიშვნელოვის ობიექტი აღმოჩნდა, როგორც რუპორი პოლიტიკურ-იდეოლოგიური ტრენდისა. აქცენტიც სწორედ კეთდება არა იმდენად საკუთრების უფლების ხელყოფაზე, არამედ რამდენადაც გამოხატვის უფლების შეზღუდვის პრევენციაზე და მიჩნეულია, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვითა და გაუქმებით, განსაკუთრებული და გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. მე პირადად, როგორც პოლიტიკოსი და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი, მივიჩნევ, რომ „რუსთავი 2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანული ნაწილი და ცალკე „რუსთავი 2“ რომელიმე მონათესავე პოლიტიკური ძალის გარეშე არ განიხილება დასავლეთისთვის, როგორც საინტერესო და საჭირო ობიექტი. ჩემი აზრით, პროცესი ნამდვილად უპრეცედენტო და საინტერესოა. ვფიქრობ, ამ პროცესში პოლიტიკურმა პარტიებმა იმ კუთხით უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომ კვალდაკვალ მივდიოთ პოლიტიკურ ნაბიჯებს. ეს არის ძალიან საინტერესო პრეცედენტი იმისთვის, რომ ამ სტანდარტით სტრასბურგის სასამართლომ, რეალურად, გარკვეული რისკიც გასწია _ ფორმალურად ვამბობ, ეს ეხება სუვერენული სახელმწიფოს უზენაესი, სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ჯამში, 13 მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანცია, ამავე დროს, სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეში ჩარევის პრეცედენტია. ეს საკითხი პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი გასარჩევია. ვფიქრობ, რომ ამაზე არაერთი დღისა და კვირის განმავლობაში მოგვიწევს მრგვალ მაგიდასთან დისკუსია.

 

თამაზ მეჭიაური _ „ერთიანი საქართველოსთვის“:

_ ზოგადად, პრესის თავისუფლების მომხრე ვარ, თუმცა საქართველოში აბსოლუტურად თავისუფალი მედია, პრაქტიკულად, არ არსებობს. ამას, ძირითადად, ტელევიზიებზე ვამბობ. ეს დადასტურდა, თუნდაც, არჩევნების დროს, როდესაც სახელისუფლებო თუ ოპოზიციური ტელევიზიები ჩვენთვის დახურული იყო. მაგალითად, იმ ძალებისთვის, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ ნატოსაც, არც მეორე მხარეზე იჭრიდნენ ვენებს და ეროვნულ ნიადაგზე იყვნენ. როგორც ჩანს, ეროვნული არავის აინტერესებს. რაც შეეხება კონკრეტულად ამ დავას, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ, მაგრამ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სამართლიანი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება, რადგან ახალი ადამიანები ჩნდებიან, რომელთაც ამ ტელევიზიაზე პრეტენზია აქვთ, ერთმა მეორეს წაართვა, მეორემ _ მესამეს, მესამემ _ მეოთხეს და ა. შ. ამ დროს ყველას ავიწყდება, ვინ არის ამ ტელევიზიის მთავარი მოწილე. მთავარი მოწილე კი გახლავთ ხალხი, საზოგადოება, რომლის კუთვნილი რამდენიმე ათეული მილიონი, არანაკლებ 40 მილიონის ვალი, „რუსთავი 2“-ს ჩამოეწერა. აქედან გამომდინარე, ქიბარ ხალვაში მოიგებს პროცესს თუ ვინმე სხვა, ყველამ უნდა იცოდეს _ ეს ტელევიზია არ არის მხოლოდ მისი და ხალხს ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია „რუსთავი 2“-თან, იმაზე, რომ ეს ტელევიზია გახდეს დამოუკიდებელი და საზოგადოების ინტერესების გამტარებელი. ფაქტობრივად, საზოგადოებრივი ტელევიზია #2, შეიძლება, შინაარსობრივად, პირველიც კი, რამდენადაც ამ ტელევიზიაში ყველაზე მეტი ხალხის ფულია ჩადებული, ვიდრე ერთად აღებული ყველა მოდავე მხარისა, რომელსაც დღეს პრეტენზია აქვს მის პატრონობაზე. თუ ხალვაში საბოლოოდ მოიგებს სასამართლოს, მანაც უნდა გაითვალისწინოს ეს და ვურჩევ, სამეურვეო საბჭოს მსგავსი ორგანო შექმნას, არ გახდეს ერთპიროვნული მმართველი, ამ ორგანოში უნდა შევიდნენ საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი პირები. თუ გადაწყვეტილება სხვა მხარის სასარგებლოდ გამოვა, ტელევიზიას უნდა ჩამოშორდნენ მოძალადეები, რომელთაც თავისუფალ მედიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, მათი წარსულიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაშიც, ტელევიზიის მართვაშიც ჩანაცვლება უნდა მოხდეს ასევე საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი ხალხით. ხოლო რაც შეეხება ჟურნალისტებს, მიუხედავად მათი მხრიდან, რიგ შემთხვევებში, ტენდენციურობისა, უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მათი ნიჭის რეალიზაცია მოახდინონ თავისუფალ ტელევიზიაში, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი პარტიული თუ სახელისუფლებო ზეწოლისგან. არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ, მე პირადად, „რუსთავი 2“ დიდ დისკომფორტს მიქმნის, მაგრამ სულელადაც ნუ ჩამთვლიან, რომ ჩემი ფულით ჩემ წინააღმდეგ რომელიმე პარტიული ინტერესების გასატარებლად იმაუწყებლოს. უზარმაზარი ხელფასი რომ აქვს თუნდაც ტელევიზიის ხელმძღვანელს, თუ ფინანსურად ცუდად ჰქონდათ საქმე და ისე უჭირდათ, რომ ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი აპატიეს, მაშინ რატომ ინიშნავდნენ ამხელა ხელფასებს?! არც ახლა გამოვრიცხავ, რომ ტელევიზია ფინანსურ პრობლემებს განიცდიდეს, ამ დროს მის ხელმძღვანელობას ამხელა ხელფასები აქვს! ასე რომ, ამ საქმეს ცალმხრივად არ ვუყურებ, აქ ხდება სპეკულაცია. ამ შემთხვევაში არც ხელისუფლების მადლიერი ვარ, სახელისუფლებო არხებზეც დაბლოკილი ვიყავი არჩევნებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში, ამაზე არავის პროტესტი არ გამოუხატავს. მოვუწოდებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელობას, გაითვალისწინოს და ტელევიზია გახადოს იმ ფუნქციების მატარებელი, რისთვისაც არის მოწოდებული და დაუბრუნოს საზოგადოებას. ვის საკუთრებაშიც არ უნდა გადავიდეს „რუსთავი 2“, კიდევ ვიმეორებ, ყველა ჟურნალისტს უნდა მიეცეს საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება. „რუსთავი 2“-ზე ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი მუშაობს. დარწმუნებული ვარ, თუ ამ ნიჭის გამოყენების საშუალება თავისუფალ ტელევიზიაში მიეცემათ, მას გაცილებით დიდ სიმაღლეზე აიყვანენ. რაც შეხება სასამართლოს, ზოგადად, სამართლიანობის მომხრე ვარ და სასამართლოს პატივი უნდა ვცეთ მაშინაც კი, როდესაც მისი გადაწყვეტილება ჩვენს ხედვას არ შეესაბამება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, შეურაცხყოფილი ვარ იმით, რომ ვიღაც ერთმა მოსამართლემ, ვინც არ უნდა იყოს ის, სტრასბურგში, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ ფეხებზე დაიკიდა მთელი ქართული მართლმსაჯულება ისე, რომ არც კი მოუსმენია მეორე მხარისთვის, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ერთად აღებული ქართული მართლმსაჯულების ყველა ინსტანციის იგნორირება მოახდინა.

 

თამარ ბატიაშვილი