გურამ მურადოვი: „ყველაფერი იდეით იწყება“

საქართველოში ამ ხელოვანის მიერ დამზადებული ნივთების მსგავსს იშვიათად ან საერთოდ ვერ შეხვდებით. უცხო და საინტერესოა ის ბეტონის ნაკეთობები, რომელიც უკვე არცთუ ისე ცოტა ადამიანის სახლს ამშვენებს. სწორედ მას ეკუთვნის ონლაინ მაღაზია Urban Mood-ი, რომელიც ბეტონის ნივთების დამზადებასა და რეალიზაციას ახორციელებს. გარდა ამისა, უკვე 15-წლიანი სტაჟი და გამოცდილება აქვს ფოტოგრაფიაში; პარალელურად, „ერთობა“ გრაფიკული დიზაინითა და დეკორით. ყველაფერ ამას კი 31 წლის გურამ მურადოვი აკეთებს, ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად გულწრფელობას აფასებს და განვლილი ცხოვრებიდან არაფერს ნანობს, რადგან ფიქრობს, რომ შეცდომებმა და იმ „მოტეხილმა ცხვირმა“ შექმნა პიროვნება, რომელიც დღესაა _ თავისუფალი, დამოუკიდებელი და რაც მთავარია, საკუთარ თავთან მართალი!

დღევანდელი სტატიის გმირი თბილისში დაბადებულ-გაზრდილი თვითნასწავლი ფოტოგრაფი გახლავთ, ეს უკანასკნელი კი ჰობიდან პროფესიაში გადაზრდილი საქმიანობა აღმოჩნდა. კითხვაზე, თუ რატომ და როდის დაინტერესდა მსგავსი ხელოვნების დარგების დაუფლებით ან რა გახდა კომპანიის დაარსების მთავარი მიზეზი, გურამი პასუხობს:
„ბავშვობიდან მიზიდავდა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხელოვნებას უკავშირდებოდა, იქნებოდა ეს ხატვა, ქარგვა თუ ძერწვა. ამ დროიდანვე მულტიპლიკატორობაზე ვოცნებობდი, თუმცა, დროთა განმავლობაში გემოვნება და მიზნები შემეცვალა და საბოლოო არჩევანი ფოტოგრაფიაზე გავაკეთე. აგერ უკვე 15 წელიწადზე მეტია, ფოტოგრაფი ვარ. ჩემთვის ეს არის არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ საკუთარი მსოფლმხედველობის გაზიარებისა და ემოციის გამოხატვის საუკეთესო საშუალება. წლების განმავლობაში ფოტოგრაფიის თითქმის ყველა ჟანრში გამოვცადე ბედი და ეს არა იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვეძებდი, არამედ სპორტული ინტერესი მქონდა, თუ როგორ გავუმკლავდებოდი სხვადასხვა სირთულეს, რომელიც ფოტოგრაფიას ახასიათებს (მათ საინტერესო სირთულეებს ვეძახი).
არც ისე დიდი ხანია, ფოტოგრაფიის გარდა პარალელურად სახლის დეკორატიული ნივთების კეთებას მოვკიდე ხელი. როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვობიდან ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება მეტი რამე მეკეთებინა, არ მიყვარს ერთფეროვნება, შესაბამისად, სულ ვცდილობ, საკუთარი თავი ახალი გამოწვევების წინაშე დავაყენო. Urban Mood ჩემი ონლაინმაღაზიაა, სადაც წარმოდგენილი მაქვს სახლის დეკორის სხვადასხვა ნივთი. ამ ნივთების მთავარი გმირი არის ცემენტი. მიზანიც ზუსტად ეს იყო, საფუძვლად ამეღო ისეთი რამ, რაც მასიურთან და სიმძიმესთანაა ასოცირებული და ახალი სახე მიმეცა _ უფრო დახვეწილი და მსუბუქი. იდეაც და შედეგიც საკმაოდ წარმატებულია. ამ დეკორატიული ნივთებით, ისევე როგორც ჩემი ფოტოგრაფიით, საზოგადოებისთვის საკუთარი ხედვისა და ემოციის გაზიარება მინდოდა“.
გურამ მურადოვი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც რამდენიმე წლის წინათ მის ახლო მეგობრებთან ერთად ონლაინჟურნალი „ფოტოესე“ შექმნა. ჟურნალის პირველი ნომერი დაიწყო სიტყვებით: „ყველაფერი იდეით იწყება“ _ სწორედ ეს სიტყვები გახლავთ მისი ცხოვრების კრედო, ამის გამო კი, როდესაც რაიმე იდეა უჩნდება, ცდილობს, ის ბოლომდე მიიყვანოს! Urban Mood-ის იდეაც სხვადასხვა სოციალურ ქსელში ფოტოების თვალიერებით მოუვიდა.
ამბობს, რომ დიდხანს ფიქრობდა, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა, რა ფორმით, რით დააინტერესებდა პოტენციურ მყიდველს და ბოლოს ცემენტზე შეჩერდა. ძალიან დიდი ინსპირაცია კი ბარსელონა გახდა. ქალაქის არქიტექტურის, ნახატების, მოზაიკების, ფერების, გაუდის გენიალური ნაგებობების, ხაზების, შუქისა და ჩრდილებით თამაშის სინთეზმა საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და როგორც ფოტოგრაფიაში, ასევე დეკორატიული ნივთების დამზადებაში დიდი ბიძგი მისცა.
კითხვაზე, თუ რა სირთულეები შეხვდა გზად, პასუხობს:
„სირთულეები ყველას გვხვდება, ამ სირთულეებს კი თითოეული ადამიანი თავისებურად უმკლავდება. მივეჩვიე სირთულეების საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოყენებას. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს წავაწყდი აქამდე, თუმცა, ალბათ, ყველაზე დიდი და სასიამოვნო იყო საკუთარი ხედვის გაზიარება, შემდეგ ამ ხედვისა და სტილის შენარჩუნება _ ნებისმიერ ხელოვანს საკუთარი ხელწერა აქვს. ამ ხელწერამდე მისვლა და შემდეგ შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი. სწორად ესაა ის სირთულე, რომელმაც, ასე ვთქვათ, გამაკაჟა და მიმიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვარ _ ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, შესაბამისად, ამით ბედნიერი ვარ!
ის გზა, რაც გამოვიარე, ის შეცდომები, რაც დამიშვია, დღეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მთავარია, არაფერი ინანო ცხოვრებაში და ყველაფერი ისე გამოვა, როგორც გინდა.
საკმაოდ ბევრი სამსახური გამოვიცვალე, ვმუშაობდი სწრაფი კვების რესტორანში მიმტანად, ტანსაცმლის მაღაზიაში კონსულტანტად, იყო პერიოდი, დამლაგებლადაც ვმუშაობდი და ამას არც ვმალავ, არც ვნანობ და არც მრცხვენია, პირიქით, მე რომ ეს არ გამეკეთებინა, დღეს ვერ მივაღწევდი იმას, რასაც მივაღწიე. თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და ყოველდღე ახალ რაღაცას ვსწავლობ, მომავალშიც ვისწავლი და ბოლომდე „გავაჯაზებ“.
ახალგაზრდა ხელოვანი ამბობს, რომ ძალიან უყვარს სხვა ადამიანების აზრის მოსმენა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლობელი ადამიანების აზრი. განსაკუთრებით მოსწონს სრულიად უცხო ხალხის შეფასებების მოსმენა. კრიტიკას მარტივად იღებს და ითვალისწინებს კიდეც, თუ თავადაც ეთანხმება. არ ცდილობს, ვინმეს რამე დაუმტკიცოს, ან ძალით მოაწონოს თავი. რა თქმა უნდა, ძალიან უხარია, თუ პოზიტიურ შეფასებას ისმენს მის ნამუშევრებზე, თუმცა ნეგატიურიც აინტერესებს. ამბობს, რომ ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს! იკვებება როგორც პოზიტივით, ასევე ნეგატივით, რაც ძალიან ზრდის როგორც პიროვნულად, ისე პროფესიონალურად.
ამბობს, რომ დღეს იმის ფუფუნება აქვს, უარი თქვას დისკომფორტულ სამუშაოსა თუ მოვლენებზე. ცხოვრების იმ პერიოდში კი, როცა პიროვნულად ვიზრდებით, ბევრი რამის მოთმენა გვიწევს, ბევრი არაკომფორტული არჩევნის გაკეთება, ბევრ რაღაცაზე უარის თქმა და დათმობა, თუმცა ეს ყველაფერი აუცილებლად გვადგება იმისთვის, რომ წარსულში რაღაცაზე ნათქვამი უარი მომავალში უფრო დალაგებულად განვახორციელოთ:
„ის დღეები, როდესაც გიჟური განრიგით მიწევდა მუშაობა, ან ღამეების თენება და საკმაოდ დიდი ფიზიკური დატვირთვა, ჩემთვის ცხოვრებისეული გაკვეთილებია, რაც დღეს ძალიან მადგება. მივეჩვიე სხვადასხვა ხასიათის ადამიანთან კონტაქტს, მივეჩვიე ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას, საქმის ბოლომდე მიყვანას. აქედან გამომდინარე, ყველა ის სფერო, რომელშიც ვსაქმიანობ, ჩემთვის კომფორტულია“, _ ამბობს სტატიის მთავარი გმირი.
საქმეში მნიშვნელოვან ნაწილზე კი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის და მისთვისაც, მნიშვნელოვანია იმ შრომისა და თავდადების დაფასება, რასაც ადამიანი საკუთარ საქმიანობაში დებს. ამბობს, რომ საქართველოში საკმარისად არ ფასდება ფოტოგრაფია, რაზეც ძალიან წყდება გული, თუმცა არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეს სფერო უფრო პრესტიჟული, საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ, ვიდრე უკვე არის და რაც მთავარია, საზოგადოებამდე მიიტანონ ის აზრი, რომ ფოტოგრაფია, უბრალოდ, „გაჩხაკუნება“ არაა და მას შესაბამისი დაფასება სჭირდება.
ამბობს, რომ დრო ყველაზე ძვირფასი რამ არის, რაც კაცობრიობას აქვს და რაც მთავარია, დრო იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია, უბრალოდ, მისი სწორი მენეჯმენტია საჭირო. აღნიშნავს, რომ დრო არ ენანება პროფესიისთვის, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის, ძაღლისთვის და რაც მთავარია, არასდროს ენანება დრო სწავლისთვის!
კითხვაზე, არის თუ არა მაქსიმალისტი, შემდეგნაირად პასუხობს:
„რა თქმა უნდა! ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობ ის, რასაც ჩემი სახელი აწერია და ეწერება, აუცილებლად უმაღლეს დონეზე შესრულებული იყოს! ნებისმიერი ადამიანი იბრძვის პირველობისთვის და ეს ნორმალურია, ამას განსაკუთრებული სახელი არ უნდა ერქვას. პირველობა საკმაოდ საკამათო თემაა და მას ყველა თავისებურად აღიქვამს. ვარ თუ არა დღეს პირველი ჩემს სფეროში? _ არა! პირველი ფოტოგრაფი და პირველი დეკორის დიზაინერი, პირველი მხატვარი და ა. შ. უკვე არსებობს და მეორე პირველი ვერ ვიქნები, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ყოველდღე ახალ რაღაცას ვსწავლობ, ვითვალისწინებ კრიტიკას, ვისმენ პოზიტიურ და ნეგატიურ კომენტარებს ზუსტად იმისთვის, რომ პირველობას კი არა, ჩემს საქმიანობაში მაღალ საფეხურზე დგომას, შესაბამის დაფასებას მივაღწიო“.
გულწრფელად აღიარებს, რომ დიდი მეოცნებეა, თუმცა ყველა ოცნების საფუძველი და მიზანი მისი და ახლობლების, ზოგადად, კაცობრიობის კარგად ყოფნაა (მართალია, ცოტა Miss Universe-ის სილამაზის კონკურსის პასუხს ჰგავს, მაგრამ ასეა. _ ყველა ვოცნებობთ კარგად ყოფნაზე, _ ამატებს იუმორით).
ფიქრობს, რომ ყველა იმ წიგნის ან ფილმის გმირს ჰგავს, რომელიც საკუთარი თავის რეალიზებისთვის, მიზნების მისაღწევად და ხმისთვის იბრძვის. მისაბაძად კი ყველა იმ ადამიანს მიიჩნევს, რომელიც პოზიტივსა და საკუთარ მიზნებზეა ორიენტირებული _ იმას, რომელიც ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად ფარ-ხმალს არ ყრის და ბოლომდე იბრძვის! ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც უმთავრესი მისაბაძი ადამიანი მისთვის დედამისია!
რაც შეეხება მის დასვენებას და განტვირთვას, ამბობს, რომ სიჩუმეში, სიმშვიდეში დასვენება არ უყვარს, ამის საპირისპიროდ, ძალიან უყვარს, როდესაც მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში. ისვენებს მეგობრებთან საუბრით და მაშინ, როცა აკეთებს იმას, რაც სიამოვნებს.
ფიქრობს, რომ ადამიანებს საკუთარი მისია აქვთ, მთავარია, ეს ცნება სწორად ესმოდეთ. ჰგონია, რომ ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს საკუთარ გზას, საკუთარ მიზანს და მისიას. გურამის მისია კი არის, კარგი მაგალითი იყოს მისი დისშვილ-ძმისშვილებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც მომავალში იმ სფეროში მოღვაწეობას აპირებენ, სადაც დღეს თავადაა.
აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს წარმატების მიღწევის შანსი. ეს შანსი ჩვენ თვითონ უნდა მივცეთ საკუთარ თავს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოვიქცევით ამა თუ იმ სიტუაციაში და რა გაკვეთილს გამოვიტანთ გარკვეული ეპიზოდებიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან.
მისი პრინციპია, იყოს მართალი საკუთარ თავთან, არ დააღალატოს და არ მოატყუოს ადამიანები, ამასთან, მისთვის ყველაზე დიდი სიმშვიდე მოაქვს სტაბილურობას, საკუთარი მიზნებისკენ წყნარი ნაბიჯით სვლას, ახლობლების გვერდში დგომას და სხვის ნდობას მისი პიროვნებისადმი.
ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი ღიად და გულწრფელად საუბრობს იმ დიდ პრობლემეზე, რომლებიც მისი მოღვაწეობის სფეროში იკვეთება:
„სამწუხაროდ, ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს დღეს საქართველოში. დავიწყებ ფოტოგრაფიაში არსებული პრობლემებით. რამდენჯერმე ვახსენე, რომ ფოტოგრაფია არ ფასდება ისე, როგორც საჭიროა. ფოტოგრაფია საკმაოდ რთული სფეროა, ხელოვნებაა, რომელიც არ ნიშნავს მხოლოდ „გაჩხაკუნებას“. ბევრ ფოტოგრაფს უწევს არასასიამოვნო საუბარი, მაგალითად, დამკვეთებთან. ხშირად ეს არაპროფესიონალი ადამიანების ბრალია, რომლებსაც სხვადასხვა თანამდებობა უკავიათ დაუმსახურებლად, ახლობლობით. ზუსტად ასეთი ადამიანებისგან ისმის ხშირად ფრაზები: „ამის გადაღებას რა უნდა?“ „ძვირია!“ და ა. შ. და ამ ადამიანების „დამსახურებაა“, რომ ხშირად ვაწყდებით არასასიამოვნო სარეკლამო ვიზუალს, ვკითხულობთ შეურაცხმყოფელ სარეკლამო სლოგანებს. „არა, ძვირია. ჩემს ახლობელს კარგი ფოტოაპარატი აქვს და იმას გადავაღებინებ“, _ ეს დამოკიდებულება არის ყველაზე დიდი პრობლემა!
ზოგადად, საქართველოში არსებულ პრობლემებზე თუ დავიწყებთ საუბარს, ალბათ, დიდი ხანი ვერ გავჩერდები. დიდ პრობლემად მივიჩნევ, ასევე, ადამიანების დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ. სამწუხაროდ, ბოლო დროს განსაკუთრებულად თვალში საცემია „ჯუნგლების კანონი“, რომლითაც ბევრი ცხოვრობს. „მოკალი, სანამ შენ მოგკლავენ!“ არადა, სულაც არაა ეს პრინციპი საჭირო. ადამიანებს დაავიწყდათ, რომ უფრო დიდი პრობლემების წინაშე ვიდექით არც ისე დიდი ხნის წინათ და იმას თუ გაიაზრებენ, რომ შეიძლება უარესად ყოფილიყო ყველაფერი, მგონია, რომ უფრო გაუმარტივდებათ ყოველდღიურობა.
პრობლემა არის ის ისტერია, რაც დღეს ხდება _ ცდილობენ, ცხვირი ჩაყონ იმაში, რაც მათ არ ეხებათ, რაშიც ვერ ერკვევიან და, ალბათ, არც უნდათ, რომ აინტერესებდეთ. ამ პრობლემის მოგვარება კი, ალბათ, საკუთარი გადამეტებული ეგოიზმისა და ნარცისიზმის ჩახშობით შეიძლება!“
დაბოლოს, ახალგაზრდა და თავისუფალი ხელოვანის გზავნილი საზოგადოებას:
_ აკეთეთ ის რაც მოგწონთ ისე, რომ ირგვლივ მყოფ და გარემოს არ ავნოთ. იყავით მართლები, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. გამოიყენეთ თავისუფლება სწორად. აუცილებლად დაისახეთ მიზანი, უმისამართოდ ხეტიალით ვერაფერს მიაღწევთ. შეეშვით სხვისი ცხოვრებით ცხოვრებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია და ყველაზე მთავარი _ მეტი პოზიტივი.

ნინო ტაბაღუა