გულიკო ზუმბაძე: „თბილისში უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი 7415 პირია“

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი კომისიის _ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. კომისიების წევრებმა უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ანგარიში მოისმინეს, რომელიც დეპუტატებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო ლომინაძემ წარუდგინა.

სხდომაზე დეპუტატები უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რაოდენობასა და თავშესაფრით უზრუნველყოფილი პირებისა და ოჯახების სტატისტიკას, სტატუსის განმსაზღვრელ კრიტერიუმებსა და ამ საკითხზე მომუშავე კომისიის სამომავლო გეგმებს გაეცნენ.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, უსახლკარო პირების რეგისტრაციის პროცესი 2015 წლის ბოლოდან დაიწყო და დღეს თავშესაფრით და საცხოვრისით 121 პირია უზრუნველყოფილი. საუბარი ასევე თავშესაფრითა და საცხოვრისით უზრუნველყოფის პრიორიტეტული რიგის პირებს შეეხო, რომელთა შორის შშმ პირები, ვეტერანები, მარტოხელა მშობლები მოიაზრებიან.

კომისიის წევრებმა საცხოვრისისა და თავშესაფრის ტერმინოლოგია გამიჯნეს და აღნიშნეს, რომ საცხოვრისი წარმოადგენს იზოლირებულ ბინას ოჯახისთვის, სადაც პირები მერიის ხელშეწყობით დამოუკიდებლად ცხოვრობენ, ხოლო თავშესაფარ ფართზე ერთ ოთახში რამდენიმე პირი განთავსდება და მათ დამატებით ხარჯებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ანაზღაურებს.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე _ გულიკო ზუმბაძე:

_ ქალბატონო გულიკო, რამდენად მასშტაბურია უსახლკარო პირების პრობლება და რა პროცესები მიმდინარეობს ამ მიმართულებით თბილისის მერიასა და საკრებულოში?

_ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თვშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისია, რომელიც 2015 წლის 9 დეკემბრის მთავრობის განკარგულების მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის #28-116 დადგენილების საფუძველზე მუშაობს.

აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონში „სოციალური დახმარების შესახებ“ ცვლილებების შედეგად, უსახლკაროების დეფინიცია განისაზღვრა, ჯერ კიდევ, 2006 წელს (1-ლი თავი, მე-4 მუხლი, „ჟ“ ქვეპუნქტი), რომლის მიხედვითაც, უსახლკაროა პირი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო, ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ფაქტობრივად, 8-9 წლის მერე დაიწყო ამ კანონმა მოქმედება. მაგრამ ესეც საკმაოდ ნელი ტემპით მოხდა, შესაბამისი გეგმის გარეშე, რომელიც საცხოვრისზე ხელმისაწვდომობის ერთიან ეროვნულ პოლიტიკას უნდა დაეფუძნოს და რაც დღევანდელი მდგომარეობით, ჯერჯერობით, არ გაგვაჩნია.

_ როგორია მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის შესახებ?

_ სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

უსახლკაროდ რეგისტრაციის მსურველი პირების განცხადებების რაოდენობა  7415-ია, საიდანაც სრულყოფილი დოკუმენტაცია იყო 6015 პირის შემთხვევაში.

კომისიამ ამ ხნის განმავლობაში (წესის ამოქმედების დღიდან) განიხილა 1431 განაცხადი, საიდანაც დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 506 პირის მიმართ (ანუ ეს რაოდენობა დარეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო). თბილისის მთავრობამ განკარგულება გასცა 35 ოჯახის დაკმაყოფილების თობაზე (121 პირი).

_ რა რესურსი აქვს თბილისის მერიას, თუნდაც ამ 506 პირის საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად?

_ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღეს მოქმედებს, დაახლოებით, 200 ბენეფიციარზე გათვლილი ააიპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი“, თუმცა ის არ წარმოადგენს ოჯახურ საცხოვრებელს, მიუსაფარ ადამიანებს ინდივიდუალურად ემსახურება და მათზე ბიუჯეტიდან კვებისა და ჰიგიენისთვის შესაბამისი ხარჯები არის გამოყოფილი. ამდენად, ამ ნაწილში მას აღარ განვიხილავთ.

75-ბინიანი სოციალური საცხოვრისი, რომელიც ორხევის დასახლებაში აშენდა და სადაც, ამჟამად, შესახლება მიმდინარეობს იმ ადამიანებისა, რომლებიც უსახლკაროდ არიან დარეგისტრირებულები,  ზემოთ აღნიშნული კომისის გადაწყვეტილებით და მთავრობის განკარგულებით, ასევე ვერ უზრუნველყოფს არსებული რაოდენობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ფაქტობრივად, მარტო დედაქალაქში, სულ ცოტა, 10000-მდე ადამიანის ბედს ეხება საქმე. მაგრამ უბინაოთა რიცხვი, ანუ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც თავად არ მიუწვდებათ ხელი საცხოვრისზე, გაცილებით მეტია.

მოკლედ, საცხოვრებელი ბინის ხელმისაწვდომობის პრობლემა მასშტაბურია და ის სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, კერძოდ:

  1. არსებული პრობლემის ანალიზი;
  2. პრობლემის მოგვარების პოლიტიკა, სტრატეგია და განხორციელების გეგმა (გრძელვადიანი და მოკლევადიანი);
  3. გრძელვადიანი გეგმის ჩამოყალიბება, საჭირო რესურსების განსაზღვრის საფუძველზე;
  4. მოკლევადიანი, დროში სწრაფად განხორციელებადი კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრა და განხორციელება, რაც პრობლემის მასშტაბურობის შემცირებას უზრუნველყოფს.

ამ საკითხების განსახორციელებლად საჭიროა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნა, საქმიანობის ვადის განსაზღვრა, ეროვნული საპროგრამო დოკუმენტის შემუშავების მიზნით.

რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებსა და საჭიროებებს, ეს უნდა იყოს სამუშაო გეგმის ნაწილი (საკანონმდებლო ინიციატივები, ფონდების შექმნა, საბანკო რეფორმა, არსებული რესურსის რეაბილიტაცია (დაუმთავრებელი ბინათმშენებლობები, დაუკანონებელი ფართები, ელემენტარული სათანადო საცხოვრებელი პირობების  უზრუნვეყოფის ღონისძიებები და სხვ.).

ადამიანისთვის მისი საცხოვრებელი ადგილი ყველაზე მნიშვნელოვანია. არასათანადო პირობები, არამდგრადი ურბანული გარემო, სერიოზულ გავლენას ახდენს მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. დიდია ის პრობლემა, რომელიც ასეთ შემთხვევაში ჯანმრთელობის დარღვევის ჯაჭვს მიჰყვება.

ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი განათლების ხარისხისა და საზოგადოებაში სრულყოფილ მოქალაქედ ინტეგრირების საკითხიც. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს.

_ როგორია თქვენი კონკრეტული წინადადებები პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ობიექტების შესახებ?

_ 2012 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს ჯანდაცვის საყოველთაო სისტემა, რაც უდავოდ დიდი შვება აღმოჩნდა ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ მიმართულებით, როგორც სახელმწიფო, ისე  დედაქალაქის   ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები გამოიყო.

მაგრამ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ნაწილში პრობლემები თვალსაჩინოა. არადა,  სწორედ ამ ტიპის მომსახურების შედეგად არის შესაძლებელი დროული დიაგნოსტიკა და დაავადების გართულების პრევენცია.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მე, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანდაცვის სამინისტროს, გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ ტერიტორიებზე, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მისაღებად არაერთხელ მივმართე.

მსგავსი ობიექტების არსებობის აუცილებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით თბილისს შემოერთებული ტერიტორიების მცხოვრებლებისთვის, როგორიცაა ვარკეთილის დასახლება (ვარკეთილის მეურნეობა), დიდი ლილო, ნასაგური, წინუბანი, აგრეთვე ორხევის დასახლება და დედაქალაქის  სხვა პერიფერიული უბნები.

აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ სამგორის რაიონში დიდი ლილო, ნასაგური, წინუბანი და მიმდებარე დასახლებები წარმოადგენენ ჯანმრთელობის დაზიანების სარისკო არეალს, ამ ტერიტორიებზე ქალაქის ნაგავსაყრელის არსებობის გამო. თუმცა ეს ფაქტორიც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ შესაბამის უწყებებს,  მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ უბანში არის ყოფილი პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების შენობები, რომლებიც დღეს მწყობრიდან გამოსულია და არ ფუნქციონირებს.

მიგვაჩნია, რომ ხელმისაწვდომი პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება ქვეყნის  პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა ჩამოყალიბდეს.

საკითხის ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით, სამინისტროს ვთავაზობთ შემდეგ კონკრეტულ წინადადებებს:

  1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა და თბილისის მერიამ დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე (ნასაგური, დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა და წინუბანი), ასევე, პერიფერიულ უბნებზე, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, აღწერონ და შეისწავლონ ის ობიექტები, სადაც პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სერვისის უზრუნველყოფის განხორციელებაა შესაძლებელი;
  2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა და თბილისის მერიამ ზემოაღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციისა და სამედიცინო მიმართულებით შემდგომი ფუნქციონირების მიზნით გამოაცხადონ ინტერესთა გამოხატვა;
  3. ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტში ნათლად აისახოს პირველადი ჯანდაცვის მომსახურების სერვისის განვითარება უვადოდ.

შენიშვნა: ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტში გათვალისწინებული უნდა იყოს ინვესტორის კომერციული ინტერესი და, ამ მიზნით, შენობის ფართის შესაძლებლობის, ან მისი რეკონსტრუქციის საშუალებით, სამედიცინო ან სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მიმართულებების მიზნობრივი პროექტების განხორციელება.

_ რაც შეეხება თქვენს წინადადებას დედაქალაქის საგარეუბნო სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის?

_ დიახ, ამაზეც მოგახსენებთ: 2017 წლის, 14 ივლისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად წარმოუდგინა განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალების გაცემის საკითხი (გრგ), რომლის მიხედვითაც, დიდი ლილოსა და წინუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი: #81.09.443; 97 470 კვ.მ.), ახლო მომავალში, უნდა აშენდეს ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების ქარხანა, მოეწყოს ქვის სამტვრევი გამანაწილებელი კომპლექსი, თავისი ქვიშის სარეცხის საწრეტი ავზებით.

აღნიშნული ტერიტორიაზე, თავის დროზე, მოწყობილი იყო მეფრინველეობის ფაბრიკა, ანუ საწარმო შეესაბამებოდა სოფლის მეურნეობის დანიშნულებას. ტერიტორია გარდაბნის რაიონს ეკუთვნოდა.

2006 წელს დიდი ლილო, ნასაგური, წინუბანი და გარდაბნის რაიონის ორი სხვა სოფელი თბილისს შემოუერთდა იმ დათქმით, რომ სასოფლო-სამეურნეო და საკურორტო ტერიტორიების სტატუსი შენარჩუნდებოდა.

2017 წლის 18 ივლისს თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა („სითი ინსტიტუტ ჯორჯია“) წარმოადგინა გეგმის პროექტი, რომლის მიხედვით ზემოაღნიშნულ ტერიტორიებს კვლავ უნარჩუნდებათ სასოფლო-საკურორტო ზონის სატატუსი, სადაც უნდა იყოს ხელშეწყობილი და განვითარებული მხოლოდ საბაღე-ფერმერული და სხვა სოფლის მეურნეობის საწარმოები

(ქ. ბერლინის მაგალითზე, ქალაქის შემოგარენში გახლავთ 40-მდე საფერმერო მეურნეობა, 50 საბაღე მეურნეობა, 400-მდე საფუტკრე მეურნეობა).

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ეხმარება ქალაქებს საგარეუბნო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გარკვეული პოლიტიკის შემუშავებაში.

ამიტომ მივმართავ  მერიას, მიწათასარგებლობის განახლებულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს წინადადებით:

  1. უარი ეთქვას სამშენებლო და სხვა არასასოფლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობასა და ფუნქციონირებას (ტურიზმის მიმართულების გარდა);
  2. განმტკიცდეს შესაბამისი ნორმატიული აქტებით შემოერთებული ტერიტორიების (სოფლები) სტატუსი;
  3. შემუშავდეს პოლიტიკა დედაქალაქის საგარეუბნო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის;
  4. დაიგეგმოს და განხორციელდეს სპეციალური პროექტები საგარეუბნო სოფლის მეურნეობის საწარმოების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის.

აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს როგორც ტერიტორიების დაცვა-შენარჩუნებასა და განვითარებაში, ისე მას ექნება თვალსაჩინო ეკონომიკური ეფექტი.

მივმართვ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, ქ. თბილისის მერიას, დაიწყონ აღნიშნული პროექტის შესახებ მსჯელობა და კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

 

გელა მამულაშვილი