გოჩა თევდორაძე: „თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, მოუწევს მისთვის ასე ძვირფასი სკამების დათმობა!“

თითქმის ერთი თვეა, თბილისის პარლამენტის შენობასთან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები შიმშილობის აქციას მართავენ. 17 სექტემბრის ხალხმრავალი აქციის შემდეგ პარტიის 17 მხარდამჭერი პარლამენტის კიბესთან პროტესტს დღემდე შიმშილობით გამოხატავს.

 

პარტიის ლიდერთა თქმით,  მოშიმშილეების რაოდენობა თანდათანობით გაიზრდება.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასე გამოიყურება: საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა; კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ახალგაზრდა თაობაში ეროვნული ცნობიერებისა და ქართული აზროვნების ჩამოყალიბება სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა; უნდა აღდგეს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არც მფლობელი და არც დამქირავებელი არ შეიძლება იყოს უცხოელი; მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს; შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დაიწყებს მუშაობას ახალი პოლიტიკური ფორმატის „საქართველო-ნატო-რუსეთის“ ამოქმედებაზე და ამავე კონტექსტში დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან; შეიქმნას საბანკო გადასახადების მარეგულირებელი კომისია, რომელიც დაარეგულირებს არა უბრალოდ საბანკო კრედიტის პროცენტის მოცულობას, არამედ ჯამში ყველა საბანკო გადასახადს წლიურად და ეს გადასახადი დოლარში უნდა იყოს 6%, ხოლო ლარში _ 9%. იგივე უნდა ეხებოდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს; ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს საბანკო გადასახადების რეგულაცია და პროცენტის შემცირება იმგვარად, რომ მოსახლეობამ თავი დააღწიოს საბანკო ტერორსა და მძევლობას; იპოთეკარებისა და მეანაბრეების თემა _ სასწრაფოდ შეიქმნას სახელმწიფო კომისია, დაიწყოს ხელახალი აღწერა და სოციალური შემწეობა აღუდგეს ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ის უსამართლოდ გაუუქმეს, შეიცვალოს ე. წ. კრიტერიუმების, ქულების სისტემა.

 

აქციის მიმდინარეობაზე, სამომავლო გეგმებსა და ხელისუფლების რეაქციაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი _ გოჩა თევდორაძე:

_ ჩვენი მოთხოვნები მრავალგვარია: ეს არის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები. უპირველესი ეს არის კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხები. ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ ერთპარტიულ რეჟიმში მიიღო კონსტიტუცია ყოველგვარი კონსენსუსის გარეშე, რაზედაც მოუწოდებდა ევროპული სტრუქტურები, „ვენეციის კომისია“, ქართული საზოგადოება, ოპოზიციური სპექტრი, პრეზიდენტი, მაგრამ ხელისუფლებამ კონსტიტუცია ერთპარტიულ ინტერესს მოარგო, მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია, ფაქტობრივად, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა არ დატოვა. სწორედ ეს არის უპირველესი მოთხოვნა, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და დაუყოვნებლივ პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ; მეორეა პრეზიდენტის არჩევის წესი. როდესაც პრეზიდენტს ირიბად ვირჩევთ და, ამ დროს, საზოგადოების მოთხოვნაა პირდაპირი წესით არჩევა, ეს არის მიღწეული მიჯნა უკვე დემოკრატიული განვითარების უკუსვლისთვის, ამიტომ, თავისთავად ცხადია, ამ საკითხს ვაპროტესტებთ; ერთ-ერთი საკითხი ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვას. ჩვენ ვამბობთ: კონსტიტუციაში ცალსახად უნდა ეწეროს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ უნდა იყიდებოდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. ხელისუფლება გვპირდება, რომ ასეთი გაყიდვა არ მოხდება, მაგრამ კონსტიტუცია ამას ერთმნიშვნელოვნად არ განსაზღვრავს და ხელისუფლება გვეუბნება, რომ გამონაკლისი შემთხვევები ორგანული კანონით დარეგულირდება, მაგრამ ამ გამონაკლის შემთხვევებზე ერთმნიშველოვნად არ საუბრობს, რა იგულისხმება. ფაქტობრივად, ხელისუფლება ტოვებს უცხოეთის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის შესაძლებლობას. ქვეყნისთვის უმთავრეს პრიორიტეტს არ წარმოადგენს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი. ეს მოთხოვნები დავაყენეთ ხელისუფლების წინაშე, მაგრამ კონსტიტუციაში აღნიშნული მუხლი არ მოხვდა, არადა, ქვეყნის უზენაესი კანონი უნდა განსაზღვრავდეს უმთავრეს პრიორიტეტს. თუკი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა მთავარი სახელმწიფოსთვის, თავისთავად ცხადია, ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი და დიალოგის გზით. ამაზე თანხმდება სრულიად საზოგადოება, ოპოზიციური სპექტრი თუ ხელისუფლება, მაგრამ ეს მშვიდობიანი გზა თუ დიალოგს ითვალისწინებს, საჭიროა დიალოგი ქართულ მხარესთან, რუსეთთან და, შესაბამისად, ცხინვალთან და სოხუმთან, ამაზე ხელისუფლება არ ზრუნავს. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ ხელისუფლებამ იზრუნოს ნატო-საქართველო-რუსეთის ფორმატის შექმნაზე, რაც, თავისთავად ცხადია, პოზიტიურ ძვრას მისცემს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს. სოციალური მოთხოვნებიც გვაქვს, ადამიანებს მასობრივად უხსნიან შემწეობას, როდესაც არჩევნები მოახლოვდება, თითქოს ეს რიცხვი შემცირდება, დასრულება არჩევნები და ამის შემდეგ ისევ იწყება სოციალური შემწეობის მოხსნის კასკადი და ეს ხალხი შემწეობის გარეშე რჩება. ხელისუფლებისგან ვითხოვთ, რომ ქულების მინიჭების არსებული სისტემა და კრიტერიუმები დაუყოვნებლივ შეიცვალოს და სოციალური დახმარება ყველა იმ ადამიანს აღუდგეს, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

_ თითქმის ერთი თვეა, თქვენი პარტიის მხარდამჭერები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. ხელისუფლების მხრიდან თუ ყოფილა ამ მოთხოვნებზე რაიმე სახის გამოხმაურება?

_ ხელისუფლება ამ კუთხით ყრუ და მუნჯია, მას საერთოდ არ აინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. ამასთან დაკავშირებით თბილისში ორჯერ და ბათუმში ერთხელ გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ, ჯერჯერობით, ხელისუფლებამ მაინც არაფერი იღონა.

_ როდემდე აპირებთ აქციების გაგრძელებას?

_ ვფიქრობთ, რომ ეს აქციები უნდა გაგრძელდეს და ბათუმშიც გავმართეთ აქცია ერას მოედანზე, აქციები გაგრძელდება პერმანენტულად თბილისშიც. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ  საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენების მექანიზმები ბოლომდეა ჩართული ხელისუფლებისგან. თავისთავად ცხადია, ამასაც ვაპროტესტებთ.

_ ოპოზიცია ხშირად საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე. ამ მხრივ, თქვენი პარტია განსაკუთრებით აქტიურია და არჩევნების შედეგებს მუდმივად აპროტესტებს. ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენებაზე უკვე საუბრობთ. 21 ოქტომბრის არჩევნებზე თუ განმეორდა მსგავსი შემთხვევები, რას აპირებთ?

_ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს და თუ ამ არჩევნებზეც წაართმევენ არჩევანს საქართველოს მოსახლეობას, თავისთავად ცხადია, ადეკვატური რეაქცია გვექნება. თუ წინა აქციაზე 15 და 18 ათასი კაცი იყო გამოსული, 2-3-ჯერ მეტი გამოვა, რომლის პროტესტსაც, თავისთავად ცხადია, ხელისუფლება ვერ გაუძლებს, თუ ასე გააგრძელა. ესენი მხოლოდ სკამებზე ზრუნავენ, არც საგარეო და არც საშინაო პოლიტიკა აინტერესებთ და მოუწევთ მათთვის ასე ძვირფასი სკამების დათმობა.

თამარ ბატიაშვილი