„გორგიას“ დამფუძნებლის გატაცების მცდელობა, თუ ბიზნესმენის ახალი სცენარი ყოფილი ცოლის წინააღმდეგ?

2017 წლის 12 სექტემბერს ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დამფუძნებლის, გია გორგოშაძის გატაცების მომზადებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოთხი პირი: დავით ფოცხიშვილი, გურამ დგებუაძე, ვასილ ვასილიადი და თამაზ მენთეშაშვილი დააკავეს.

 

გამოძიებამ გვითხრა, რომ დაკავებულებმა გორგოშაძის საცხოვრებელი სახლის მეზობლად ბინა დაიქირავეს, ბიზნესმენის მარშრუტს ერთი თვის განმავლობაში სწავლობდნენ, შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები, პარიკები და ელექტროშოკი.

იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების ბინაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები გაავრცელა, სადაც ისინი გია გორგოშაძის გატაცების დეტალებს აზუსტებენ.

დაკავებულებიდან ერთ-ერთმა, თამაზ მენთეშაშვილმა, დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით საკუთარი ჩვენება გადათქვა და სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიების დაწყებიდან პირველივე დღეს „გორგიას“ მეპატრონის ყოფილი ცოლის, ნინო დარსალიას საცხოვრებელი ბინა გაიჩხრიკა, თუმცა უშედეგოდ. ბინიდან დარსალიას გამტაცებლებთან კავშირის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ამოღებული არ არის.

გია გორგოშაძე და ნინო დარსალია ერთად შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ისინი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და საერთო შვილიც არ ჰყავდათ. „გორგია“ მათი საერთო ბიზნესი იყო.

მოგვიანებით, როცა ნინო დარსალიამ სამართალდამცველ ორგანოებს დასახმარებლად მიმართა და ყოფილი მეუღლის ბიზნესიდან საკუთარი წილი მოითხოვა, საჩივარში დეტალურად აღწერა, როგორ გაფართოვდა ცოლ-ქმრის საერთო ბიზნესი.

„მეც და გია გორგოშაძეც ხშირად დავდიოდით უცხოეთში და სხვადასხვა ბიზნეს-პარტნიორი გავიჩინეთ, მათ შორის, ისეთებიც, რომლებიც გვენდობოდნენ და დიდი რაოდენობით პროდუქციას გვაძლევდნენ კონსიგნაციით, ხოლო ამ პროდუქციის რეალიზების შემდეგ ხსენებულ ვალებს ვისტუმრებდით და დარჩენილ მოგებას ბიზნესის განვითარებაში ვაბრუნებდით. 2005 წელს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო სახელმწიფო შპს-ს „ბათუმის საკონსერვო ქარხნის“ 100%-იანი წილი, ხოლო აღნიშნული შპს ბათუმში ფლობდა ძვირადღირებულ შენობა-ნაგებობებს და 41 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ამ ქონების შეძენა გადავწყვიტეთ. იმ პერიოდისთვის არც გია გორგოშაძე და არც ფირმა არ იყო ასეთი დიდი თანხების მქონე, რის გამოც ნაწილი თანხა ფირმაში შევაგროვეთ, ხოლო დანარჩენი ვისესხე, რომელიც შემდგომში გავისტუმრე. საბოლოო ჯამში, ხსენებული შპს-ს 100%-იანი წილი შევიძინეთ შპს „გორგიას“ სახელით 705 000 აშშ დოლარად. აუქციონს პირადად ვესწრებოდი მე და შპს „გორგიას“ დირექტორი, ხვიჩა პაპუნიძე. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შეძენილი ფირმის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იპოთეკით დავტვირთეთ სს „თიბისი ბანკში“ და 20 000 000 აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი გავაკეთეთ, რომლის გამოყენებითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი ბიზნესი“, _ წერდა ნინო დარსალია.

ამავე პერიოდში კომპანიაში ფინანსური პოლიცია შევიდა და დაჭერის შიშით გორგოშაძე ქვეყნიდან გაიქცა.

ფრაგმენტი ნინო დარსალიას საჩივრიდან:

„2004 წლის აგვისტოს თვეში საკმაოდ იაფად, საკუთარი სახსრებით შევიძინე თბილისში იოსებიძის 57 ნომერში მდებარე 320 კვ.მ. ბინა უძრავი ქონების საკ.კოდი N01.10.13.014.003.01.013. აღნიშნული ბინა წარმოადგენდა ჩემს პირად საკუთრებას და არანაირი შეხება არ ჰქონდა შპს „გორგიასთან“, თუმცა 2008 წელს შპს „გორგიაში“ საგადასახადო შემოვიდა და, დაახლოებით, 15 000 000 ლარით დაგვაჯარიმა. გია გორგოშაძე ამ პერიოდში საქართველოდან წასული იყო დაჭერის შიშის გამო და წლების განმავლობაში ჩვენი ბიზნესიდან მიღებული მოგება, ათეულობით მილიონი დოლარი, თურქეთის ბანკებში ჰქონდა გატანილი, ხოლო აქ დარჩენილი მთელი ბიზნესი ჩემი მისახედი იყო. აღნიშნულის გამო იძულებული გავხდი, სახელმწიფოსთან პრობლემები მომეგვარებინა და სხვა დაგროვილ ქონებებთან ერთად, 2008 წლის მარტის თვეში მომიწია ამ ბინის გაყიდვა და აღებული თანხებით ფირმის ვალების გასტუმრება. საბოლოოდ, სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმების შემცირება და დარჩენილი ჯარიმების გასტუმრება მოხდა, რის შედეგად შევქმენით ახალი შპს _ „ბი ემ სი გორგია“ (ს.ნ. 245621288) გია გორგოშაძის მამის, რეზო გორგოშაძის სახელზე. აღნიშნული ფირმით გაგრძელდა შპს „გორგიას“ საქმიანობა.

როგორც ამბობენ, გორგოშაძეს ფინანსურ პოლიციასთან პრობლემები სწორედ საერთო მეგობრებმა მოუგვარეს და დაჭერასაც გადაარჩინეს. იგი მეუღლეს დაშორდა და არც პირობა შეასრულა. პირობა კი შემდეგში მდგომარეობდა, _ ნინო დარსალიას სახელზე უნდა გადასულიყო თბილისში, წერეთლის 117-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც ფორმალურად გია გორგოშაძის მეგობრის, მურატ ბიულენტ კაჩანის სახელზე იყო გაფორმებული. ასევე ბათუმის საკონსერვო ქარხანა. ნინო დარსალია მას დაუბრუნებდა ორ მიწის ნაკვეთს და მსუბუქ ავტომანქანა „პრადოს“. შეთანხმებას მოწმეებიც ესწრებოდნენ. ამავე მოწმეების თანდასწრებით გია გორგოშაძემ ყოფილ ცოლს უთხრა, რომ უძრავი ქონებების სანაცვლოდ ათ მილიონ დოლარს გადაუხდიდა. გორგოშაძემ პირობა არ შეასრულა, სწორედ ამიტომ ნინო დარსალიამ  ყოფილ მეუღლეს და პარლამენტარ ნანა ყეენიშვილს უჩივლა, ყეენიშვილმა მას 80 000 $ გამოართვა აფრიკაში, კონკრეტულად კი განაში ოქროს ბიზნესში ჩართვის სანაცვლოდ. გამოძიება ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოში ქ. თბილისის პროკურატურის ზედამხედველობით დაიწყო. მოგვიანებით, გია გორგოშაძე თავის ჩვენებაში დაწერს, რომ არსებული გამოძიების ფარგლებში ის დაიკითხა და „იმის გამო, რომ ჩემი ქმედება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, საქმე ამ დროისთვის წარმოებაშია და როგორც ჩემთვის ცნობილია, არანაირი საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული“ (ციტატის დასასრული). გია გორგოშაძემ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ საქმე შეწყვეტილი არ არის, მაგრამ აქვე ბუნებრივად ჩნდება კითხვა, საიდან იცის მან, რა სტადიაშია გამოძიება? იმთავითვე ვრცელდებოდა ვერსია იმის თაობაზე, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ჩაფარცხვაში მას სწორედ პარლამენტარი ნანა ყეენიშვილი დაეხმარა და როგორც ქ. თბილისის პროკურატურაში, ისე ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოში მან საკმაოდ სოლიდური თანხა (სამი მილიონი დოლარი) გადაიხადა. ნანა ყეენიშვილს „გორგიას“ სკანდალი პოლიტიკური ფასი უკვე დაუჯდა, ის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში აღარ ჩასვეს, მაგრამ გორგოშაძის გატაცების საქმის პარალელურად, მთავარმა პროკურატურამ თაროზე შემოდებული თაღლითობის საქმე გამოსაძიებლად წაიღო. ამიტომ სულაც არაა გამორიცხული, გატაცებაში ეჭვმიტანილი პირების პარალელურად პასუხისგებაში გორგოშაძეც მისცენ და ყეენიშვილიც.

ზოგადად, „გორგიას“ მეპატრონის ფენომენს კარგად ხსნის მის მიერ წინა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებაც. კერძოდ, ის საკუთარ ჩვენებაში წერს, რომ ნინო დარსალია არის ჯადოქარი, მან ყოფილი ქმარი მოაჯადოვა და შვიდი წელი სწორედ ამიტომ ცხოვრობდნენ ერთად. მოგვიანებით, გორგოშაძე ბოდბეში წასულა, წმინდა ნინოს წყაროში ჩაუყვინთავს და გონება განათებია, რომ ცოლს უნდა გაშორებოდა და მისივე თანამშრომელი, ნინო გოგიბერიძე მოეყვანა ცოლად.

ბევრად უფრო შორს წავიდა გორგოშაძე 2013 წელს, როცა საჯარო რეესტრში მერწყულის საზოგადოების აღორძინების ფონდი „საღმრთო სავანე“ გაატარა რეგისტრაციაში, ხოლო ორგანიზაციის წესდებაში კიდევ უფრო კომიკური მიზნები და ამოცანები უწერია. ციტატა წესდებიდან:

არაკომერციული იურიდიული პირის _ მერწყულის ეპოქის საზოგადოების აღორძინების ფონდის „საღმრთო სავანის“ მოღვაწეობის ძირითადი მიზანია:

საქართველოში ტაბუდადებული ისტორიულ-კულტურული და მატერიალურ ფასეულობათა ძეგლების მოძიება-მოპოვება;

ბუნებრივ კანონზომიერებაში ცხოვრების ძირითადი კანონის _ სიყვარულის შემეცნების დანერგვა;

სულიერი და მატერიალური მეცნიერების შერწყმული ცოდნის დანერგვა;

ცოდნისა და ჭეშმარიტების არსებული ტაძრების მოკვლევა-მოპოვება;

21-ე საუკუნის ადამიანთა სასიცოცხლო პანაცეის ობიექტების მოკვლევა-მოპოვება;

ცილისა და ენერგეტიკის დეფიციტის შევსება ბუნებაში არსებული წყაროების მოპოვებით;

მოხუც და მოზარდ ადამიანთა სოცუზრუნველყოფის შევსება.

მართალია, ასოციაციის მიზნები და ამოცანები სრულიად გაუგებარი და კომიკურია, არც ისაა ცნობილი, როგორ ახორციელებდა ასოციაციის მიზნებს 2013 წლიდან მოყოლებული გია გორგოშაძე, მაგრამ ფაქტი ერთია _ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის გატაცების საქმემ სრულიად ახალი მიმართულება მიიღო. გორგოშაძის ყოფილი მეუღლე არ გამორიცხავს, რომ გატაცების იმიტირება სწორედ ბიზნესმენმა მოაწყო და ისიც იმიტომ, რომ ყოფილი მეუღლე თავიდან მოეშორებინა და გატაცების ორგანიზატორად გამოეყვანა.

თუ მთავარი პროკურატურა თაღლითობის საქმეს ბოლომდე და ობიექტურად გამოიძიებს, „გორგიას“ ირგვლივ კიდევ ერთი სკანდალი აგორდება.

ელისო კილაძე