გიორგი ჩალაძე: „ქალბატონ ნინო ნადირაძეს მისამართი შეეშალა, ვერ ვხვდები, რატომ სწირავს თავს სუს-ისა და სხვა ინტერესების გამო?“

ნენე ინჯგია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან ერთი წელი გავიდა. დღევანდელი მოცემულობით კი მისი სიცოცხლე საფრთხეშია. მთელი კვირის მანძილზე ვადევნებდით თვალს, თუ როგორც ცდილობდა ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი, ჯეიმს კობი, მის მონახულებას, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო მასზე ნებართვას არ გასცემდა. ამ პროცესებში მონაწილეობდა კლინიკა „ვივამედიც“, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება.

„…თქვენ მიერ მოწერილ მოთხოვნაზე, რომ კლინიკას აქვს უფლება უცხო ქვეყნის სპეციალისტი დროებით, დამოუკიდებელი საექიმო მომსახურებისთვის მოიწვიოს, თუ პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, მოგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პაციენტის ვიტალური პარამეტრები არ გახლავთ კრიტიკული და იგი განაგრძობს თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობასა და ზედამხედველობას. იგი ამ ეტაპზე არ საჭიროებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში კლინიკა აღნიშნულისთვის სრულ მზადყოფნაშია, როგორც ექიმი სპეციალისტების, ასევე აპარატურული კუთხით“, _ განაცხადა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ. ამ პროცესების შემდეგ კი, ჯეიმს კობის ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, დაუშვეს ნებართვა, რომ მას პრეზიდენტი სააკაშვილი მოენახულებინა. საბოლოოდ, ექიმმა კობიმ ფრენა გააუქმა და ხელმეორე ვიზიტი 10 ოქტომბერს ჩანიშნა.

რატომ აჭიანურებდა ჯანდაცვის სამინისტრო ექიმ კობის ვიზიტს მესამე პრეზიდენტ სააკაშვილთან? რამდენად ადეკვატურია ამ პროცესებში კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობა? რა გზა დარჩა გასავლელი სასჯელის გადავადებამდე?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ჩალაძეს ესაუბრა, რომელიც აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესებში:

_ გიორგი, ამ ეტაპზე როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
_ მიშას მდგომარეობა არის მძიმე. მას შემდეგ, რაც ოთახში შეუვარდნენ პროკურატურის წარმომადგენლები, ბატონი პროკურორი და მოსამართლე, მისი მდგომარეობა არის გართულებული, დამძიმებული, ვერ იღებს საკვებს, ეს არის ჭამაზე უარი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, რომ მიიღოს საკვები ან მიიღოს რამე პრეპარატი. ძალიან რთული და კრიტიკული სიტუაციაა.
_ „ქრონიკა+“-სთან ბოლო ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ თუ საჭირო გახდებოდა, ექიმებისთვის ლიცენზიის გაცემის მიმართულებითაც ჩაერთვებოდით. გასულ კვირას ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კუთხითაც აქტიურად იყავით ჩართული. ამერიკელ ექიმ ჯეიმს კობთან დაკავშირებით იყო შეფერხებები და ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დოკუმენტაცია არ იყო შესაბამისად მომზადებული. საბოლოოდ მაინც შევიდა ექიმი მიხეილ სააკაშვილთან, თუმცა იყო თუ არა ხელოვნური შეფერხება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან?
_ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება და მათი ინფორმირება, თუმცა არსებობს პროცესები და არსებობენ ადამიაინები, რომლებასც შეუძლიათ პრობლემების მოგვარება. ჩემი პროფესია არის პრობლემების მოგვარება, დავების გადაწყვეტა და არსებობს სპეციალური ხერხები. ამ ისტორიის თავი და ბოლოა ადამიანის სიტყვა და ავტორიტეტი. როცა შენი სჯერათ, როცა შენს სიტყვას ფასი აქვს, მაშინ პოლიტიკით დაწყებული, სამართლით დამთავრებული, საქმე გამოდის და ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ არალეგალურად რამის გაკეთებას, არამედ ვგულისხმობ იმას, რომ საქმის გამკეთებელ ადამიანს ყოველთვის ენდობიან. ყოველთვის შეიძლება ყველა მხარეს მოძებნო ხელის ჩამოსართმევი ადამიანი და შესაძებელია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისთანაც გექნება კომუნიკაცია. ჩხუბი, ყვირილი და ერთმანეთის ლანძღვა იმათ ახასიათებთ, რომელთაც არ იციან საქმის კეთება, შესაბამისად, ვნახეთ ის, რომ ბატონი კობი შევიდა მიხეილ სააკაშვილთან, _ ეს არის თემურ ჯანაშიას, ელისო კილაძისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის ერთობლივი, ძალიან დიდი ნაშრომი. თავისი საქმის მცოდნე ადამიანების ერთად ნაშრომის შედეგია ის, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო 5 კვირის წინ, მაგრამ რაც არის, ეს არის. მკითხველმა იცის, წინა ინტერვიუში ვთქვი, რომ თუ საჭირო გახდებოდა, ჩავერთვებოდი და პრობლემაც მოგვარდებოდა. ეს პრობლემა მოგვარდა და მთავარი ეს არის. მიზეზებს არ ჩავყვები. ჩვენ არ ვართ იმ დონის ხალხი, არ ვართ იმ კატეგორიის ადამიანები, რომლებიც დაიწყებენ მიზეზების ძებნას. გადაწყვეტილება იყო მისაღები და პრობლემა იყო მოსაგვარებელი და მოვაგვარეთ.
_ საბოლო ჯამში, ამერიკელმა ექიმმა, ჯეიმს კობიმ, შეძლო მიხეილ სააკაშვილთან შესვლა. რა ვიცით მისი ვიზიტის შესახებ გარდა იმისა, რაც ოფიციალურად მოვისმინეთ მისგან?
_ ბატონი ჯეიმს კობი პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ გამოვიდა და გადადო მისი ფრენა, რადგან რაც იხილა, იმის დადასტურება სჭირდებოდა განმეორებითი ვიზიტისას. პრეზიდენტის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, ექიმი კობი დეტალებზე ჩემთანაც კი არ საუბრობს. დეტალი კონფიდენციალურია და სპეციალური დაცული არხით გადასცა შეერთებულ შტატებს, მათ ვისთანაც აქვს კავშირი. არავინ იცის, რა წერია მის დასკვნაში. ერთადერთი ვიცით ის, რომ მან თქვა, _ ძალიან ბევრი რამ არის დაგვიანებული და მოქმედება იყო საჭიო გუშინ და არა დღეს. მე დეტალები არ ვიცი, იმიტომ, რომ ამ ინფორმაციის გადაცემის საშუალებაც კი, როგორც ექიმმა კობიმ აღნიშნა, იყო დაცული არხით. მან იცის, რა ტიპის ქვეყანაშია ჩამოსული და ვისთანაც აქვს საქმე. ამიტომ ცდილობს, მაქსიმალურად თავი დაიცვას და დაიცვას თავისი პაციენტის ინტერესებიც. ხაზს ვუსვამ: მან აღნიშნა, რომ შესაბამისი ზომები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მისაღები იყო უკვე გუშინ. მისივე თქმით, ასევე ბევრი რამ არის დაგვიანებული, თუმცა გამოსწორებადია, თუკი მაღალი დონის შესაბამისს პროცედურებსა და ქმედებებს განახორციელებენ. ეს არის მაქსიმალური დეტალიზაცია, მეტი არაფერი ვიცით.
_ ამ ნაწილში დავაზუსტებ, _ შესაბამისი ზომების განხორციელებაში საქართველოში მკურნალობა იგულისხმება თუ საზღვარგარეთ?
_ მას არ დაუზუსტებია, ჩემთან საქართველოში თუ საზღვარგარეთ, _ ეს მე არ ვიცი.
_ ვიცი, რომ აქტიურად ხართ ჩართული სამედიცინო ექსპერტიზის მიმდინარეობაში, ასევე უცხოელ ექიმთან კომუნიკაციის კუთხით. პროცედურულად კიდევ რა გზები დარჩა გასავლელი იმისთვის, რომ დასკვნა დაიდოს და შემდეგ იგი სასამართლოში წარადგინონ?
_ ახლა უკვე ექსპერტები უნდა დასხდნენ ერთად. მათი შუალედური დასკვნები თუ დაკვირვებები უნდა შეჯამდეს და შემდეგ ქალბატონ ჯიშკარიანის ჯგუფთან ერთად შეჯამდება. ამის შემდეგ ბატონმა ხაჭაპურიძემ სასამართლოში უნდა შეიტანოს დოკუმენტაცია, რომელიც მოითხოვს სასამართლოში საქმის განხილვას. რა იქნება დასკვნაში, _ ეს ჩვენ არ ვიცით. თუ იქნება ეს ჯანმრთელობის იმგვარი მდგომარეობა, რომელიც საშუალებას იძლევა და ავალდებულებს კანონს, რომ სასჯელი გადაუვადდეს პრეზიდენტს, მაშინ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. თუ დასკვნაში არ ეწერება, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, ასეთ შემთხვევაში ამაზე არ იქნება საუბარი. ყველაფერი დამოკიდებულია დასკვნაზე, რა ეწერება ექსპერტიზის დასკვნაში, _ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
_ თქვენი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია დასკვნაზე, თუ რა ეწერება დასკვნაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური და ჩვენი ქვეყნის სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, ეს დასკვნა რომც იყოს იმ ტიპის, რომ სასჯელის გადავადება გახდეს საჭირო, სასამართლოს დამოუკიდებლობის იმედი გაქვთ?
_ მოლოდინები და პროგნოზები არის უმადური საქმე. ზუსტად ვიცით, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ვინ არის. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და არ ვაკნინებთ მათ წონას, ფასსა და შესაძლებლობებს. ზუსტად ვიცით, ვისთანაც გვაქვს საქმე, თუმცა პრეზიდენტ სააკაშვილის ჯგუფი მზად არის ყველაფრისთვის. ყველა გამოწვევას გაუმკლავდება ისე, როგორც ეს ვიხილეთ. ყველაფერი გაკეთდა, რომ ბატონი კობი არ შესულიყო მასთან, ამის მიზეზებს არ ჩავუღრმავდეთ, საბოლოოდ ბატონი კობი შევიდა პრეზიდენტ სააკაშვილთან. გონიერება ყოველთვის მოძებნის გზას, ყველა გამოწვევაზე პრეზიდენტ სააკაშვილის ჯგუფი ყოველთვის მზად იყო და როცა ქვეყანა კაშკაშებდა და ამაყობდა პრეზიდენტ სააკაშვილის ჯგუფით, ასეთივე ჯგუფი შეიკრიბება და ჰყავს კიდეც ბატონ სააკაშვილს ჯგუფი, ვინც მის ინტერესებს ბოლომდე დაიცავს. ჩვენ მივიღებთ შედეგს მიზეზების ძებნის გარეშე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს და შემდეგი გაუარესება აღარ იყოს. სასჯელის გადავადება კი არის საშუალება მიზნის მისაღწევად. ვიმეორებ: ჩვენი მთავარი ამოცანა არის პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება და გადარჩენა. რაც დასჭირდება, ყველაფერს გააკეთებს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯგუფი.
_ ამ პროცესებში რამდენად ადეკვატური იყო კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელობა და კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე, რომელმაც ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ამ დროისთვის პაციენტის ვიტალური პარამეტრები არ გახლავთ კრიტიკული და იგი განაგრძობს თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობასა და ზედამხედველობას“?
_ ჩემი შეფასებით, ქალბატონი ნინო ნადირაძე იმსახურებს სისხლის სამართლის ყურადღების მიქცევას და პირადად დავრწმუნდები, რომ მასთან დასმული კითხვები იქნება ზუსტად ის, რაც საჭიროა. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა სიტყვაზე პასუხს აგებენ და არავითარ შემთხვევაში არ დაავიწყდეთ პრეზიდენტ სააკაშვილის მასშტაბი, ეს არ არის ვინმე ხელწამოსაკრავი ფიგურა, თუმცა არც ჩვეულებრივ ადამიანთან აშეიძლება ასე საუბარი. არავის დაავიწყდეს, ვისზეა საუბარი და არავის შეეშალოს პრეზიდენტ სააკაშვილის მასშტაბი. როგორც ჩანს, ამ ქალბატონს შეეშალა მისამართი. მე ვერ ვხვდები, რატომ სწირავს სუს-ისა და სხვა ინტერესების გამო საკუთარ თავს? არ ჩანს ის სულელი ქალი, რომელიც ვერ აანალიზებდეს, რომ სხვისი ინტერესების გამო საკუთარ მომავალს იფუჭებს. ჩემი შეხედულებით, მომავლის გაფუჭება ნიშნავს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
_ ნადირაძეზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ახსენეთ. რატომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა?
_ ქალბატონმა ნინო ნადირაძემ, როგორც კლინიკის გენერალურმა, მენეჯერმა, პაციენტის უფლების შესახებ კანონის დარღვევით (არაერთი მუხლის დარღვევით, ჩემი შეფასებით, მან დაარღვია კანონის მინიმუმ ორი მუხლი), თავის სამსახურებრივ მოვალეობას გადააჭარბა. შეუძლებელია, რომ მას ჰქონოდა შეფასების ადეკვატური საშუალება. კანონი ნინო ნადირაძეს ავალდებულებდა განეხორციელებინა კონკრეტული ქმედება, დაეშვა ექიმი კობი პირადად ლიცენზიების გარეშე ბატონ პრეზიდენტთან მისივე მოთხოვნით, ანუ პრეზიდენტ სააკაშვილის მოთხოვნით. ქალბატონმა ნადირაძემ მოთხოვნა უგულებელყო და შეეცადა არაფორმალურ კომუნიკაციას ჩვენთან სხვადასხვა არალეგალური პირობების მოცემით. ეს იყო მცდელობა, რომ თავი გაემართლებინა, თითქოს რატომ არ განახორციელა ქმედება, თუმცა ჩვენს ჯგუფს ეს არ გამოეპარა, მიიღო შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, დამატებითი წერილი: თუკი ორ საათამდე არ იქნებოდა პასუხი გაცემული, მიიღებდა პროკურატურაში განაცხადს მის წინააღმდეგ. 12:55 წუთზე მისი თანაშემწე ისტერიული სირბილით და ძებნით დაგვეწია და გადმოგვცა ის სისულელე და დანაშაულებრივი წერილი. რომ შევაჯამოთ, ჩემი შეფასებით, ქალბატონმა ნინო ნადირაძემ დაარღვია კანონის მინიმუმ ორი მუხლი, რაზედაც აუცილებლად მოუწევს დამატებითი განმარტებების გაკეთება და კითხვებზე პასუხების გაცემა. ეს საკითხი არ არის ჩავლილი, იგი ახლა იწყება და ჩვენ ვიხილავთ ამ საქმის გაგრძელებას. პირადად დავწრმუნდები, რომ ქალბატონი ნადირაძე ყველა კითხვას გასცემს პასუხს. საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს, საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობა ისჯება კანონით, ვინც არ უნდა იყოს ეს და ვერ ამოეფარება ვერანაირ გვარსა და ვერანაირ თანამდებობას. კარგად ვიცით მის ოთახში მსხდომი და მდგომი სუსისა და პროკურატურის თანამშრომლები, რომლებმაც ექიმებზე მოახდინეს ზეგავლენა, დოკუმენტაციაში ცვლილებები შეიტანეს. ასევე კარგად ვიცით გაყალბებული დოკუმენტაციის შესახებ და ამ ყველაფერს ნათელი მოეფინება. ერთი ღერი თმა პრეზიდენტ სააკაშვილისგან ჩამოვარდნილი მათი მეცადინეობით და ამას მიიღებენ.
_ როდესაც ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, პირველი შეფასებები, რაც მმართველი გუნდისგან და კობახიძისგან მოვისმინეთ, იყო ის, რომ ეს არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია. რას იტყვით გუნდზე, რომელიც ასეთ შეფასებებს აკეთებს, როცა საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და როცა ეს ადამიანი ქვეყნის მესამე პრეზიდენტია. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი?
_ არ ვაპირებ, თავი გავუყადრო მათ. მათი წონის ადამიანები არიან პარლამენტში და ეს ხმალაობა შეუძლია გააგრძელონ პარლამენტში შესაბამისი კატეგორიის ადამიანებთან. არ ვაპირებ დავეშვა კობახიძის კომენტარების დონეზე. იმედი მაქვს, რომ მიიღებენ შესაბამის პასუხს პარლამენტის ტრიბუნაზე. ბევრად მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, ვიდრე ამ შაპიტოს ცირკის მონაწილეებთან ხმალაობა. ამისთვის ჩვენ გვყავს საპარლამენტო გუნდი და იმედი მაქვს, საპარლამენტო გუნდს შესწევს ძალა, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
_ ფიქრობთ თუ არა, რომ იმის პარალელურად, რასაც თქვენ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად აკეთებთ, მნიშვნელოვანია ქუჩის პროტესტი?
_ ძალიან საინტერესო პროცესები მიდის ქუჩის პროტესტთან დაკავშირებით და ბევრი ინფორმაცია მაქვს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა ეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა ის, ეს არ უნდა ის არ უნდა. მოკლედ, სააკაშვილმა რა თქვა და რა დაწერა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი. იქ არსად წერია, რომ ქუჩის პროტესტი მას არ სდომებია. იქ ეწერა აბსოლუტურად განსხვავებული რამ, მაგრამ ქუჩის პროტესტი იმდენად პოლიტიზებულია, ნებისმიერი კომენტარი ახლა ჩემი მხრიდან იქნება ყურადღების სხვა თემაზე გადატანა. პრეზიდენტი სააკაშვილი ხალხზე არ არის გაბრაზებული, არ აყენებს საკუთარ თავს იმ პოზიციაში, რომ ხალხს უთხრას, რა გააკეთოს. პრეზიდენტი სააკაშვილი რომ ჩამოვიდა, მან თქვა, რომ მე მივდივარ ბოლომდეო. ის მიდის ბოლომდე და ხალხმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება.
_ პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს აქვს თუ არა რამე დამატებით სათქმელი ან გზავნილი ქართველი ხალხისთვის?
_ მე მის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, ის თავად იტყვის თავის სათქმელს.