გიორგი მშვენიერაძე: ,,ხელისუფლება ანგარიშს არ უწევს არავის და გვიმტკიცებს, რომ ესაა საზოგადოების უმრავლესობის ნება!”

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატვის“ თავმჯდომარეს _ გიორგი მშვენიერაძეს:

_ გააქტიურდა საუბარი მონარქიის აღდგენაზე. მონარქიის აღდგენის მოსურნეები ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ ბევრ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოში არის კონსტიტუციური მონარქია. პარადოქსულია ისიც, რომ საუბრობენ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე, მაშინ როდესაც ჩვენ კონსტიტუციური მონარქია არც არასოდეს გვქონია.

_ დიახ, საქართველოში არასოდეს ყოფილა კონსტიტუციური მონარქია. როგორც ისტორიიდან ვიცით, აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ თეორიული მსჯელობა იყო 1832 წლის შეთქმულებისას.

_ როდესაც საუბარი იყო თამარ ბაგრატიონის გამეფებაზე, მაგრამ მაგ იდეას მაშინაც ჰყავდა მოწინააღმდეგეები.

_ საქართველოში იყო კლასიკური, აბსოლუტური მონარქია, და ეს მონარქია, როგორც დრომოჭმული, თავად საზოგადოებამ შეცვალა, გადააგდო. როდესაც მმართველობის ფორმაზე ვსაუბრობთ, არსებითი არაა, ვისზე თქვა უარი საქართველომ, ბაგრატიონების მონარქიაზე თუ იმპერატორ ნიკოლოზ მეორეზე. თუ გულწრფელები ვიქნებით, რევოლუციას საქართველოში მხარს უჭერდნენ არა ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების, არამედ მმართველობის ფორმის მიუღებლობის გამო. ეს იყო საზოგადოების პროტესტი იმ მმართველობის ფორმისადმი, რაც იყო რუსეთის იმპერიაში და რაც, ბუნებრივია, ვრცელდებოდა საქართველოზეც. ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ თავად განაცხადა უარი მონარქიაზე. თუ გადავხედავთ ჩვენს დიდ წინაპრებს, ილია ჭავჭავაძეს _ ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ იდეურ ფუძემდებელსა და საძირკვლის არქიტექტორს, იგივე ნიკო ნიკოლაძეს, სერგეი მესხს, არჩილ ჯორჯაძეს თუ სხვებს, მათ მოღვაწეობასა და ნააზრევს, ვნახავთ, რომ ეს ადამიანები ნაკლებად იღვწოდნენ საქართველოში მონარქიის აღსადგენად. ისინი ძალზე სისტემურად საუბრობდნენ, რომელი წამყვანი სახელმწიფოს მმართველობის ფორმა იყო საქართველოსთვის მისაბაძი და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ბევრი მათგანისთვის სამაგალითო იყო ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ, ამ სენტიმენტს, რომ თითქოსდა ქართველმა მონაქრია და დამოუკიდებლობა ერთად დაკარგა და ახლა დიდების დასაბრუნებლად კვლავ მონარქი გვჭირდება, უადგილოდ იყენებენ იმისთვის, რომ გაამართლონ კონსტიტუციური მონარქიის აუცილებლობა. კონსტიტუციური მონარქია მმართველობის აბსოლუტურად სხვა ფორმაა და ვიმეორებ, ჩვენ არც არასოდეს გვქონია. მაშინ ლოგიკურად იბადება კითხვა, _ გვინდა თუ არა საქართველოში მონარქიის (და არა კონსტიტუციური მონარქიის), აღდგენა? ეს კი ნიშნავს, უარს ვამბობთ რესპუბლიკურ მმართველობაზე, აღარ გვექნება დემოკრატია და ვეღარ ავირჩევთ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, აღარ გვეყოლება წარმომადგენლები საკანონმდებლო ხელისუფლებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „გვინდა მონარქია“ ნიშნავს, რომ „გვინდა გავხდეთ ყმები“. ეს იქნება წარსულში 2 და მეტი საუკუნით უკან დაბრუნება. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ამას არასოდეს დაუჭერს მხარს. თუ ილიას დამოკიდებულებას გავიხსენებთ, ჩვენ მომავლისკენ და პროგრესისკენ უნდა ვიყუროთ და არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული წარსულში დაბრუნებაზე.

თუ ვისაუბრებთ კონსტიტუციურ (შეზღუდულ) მონარქიაზე, სადაც მეფეს სრულიად სიმბოლური ხასიათი აქვს, აქაც ჩნდება კითხვა, _ რატომ და რისთვის გვჭირდება ეს კონსტიტუციური მონარქია? მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, მათ არ მოეწონათ პირველი პრეზიდენტი, არც მეორე პრეზიდენტი, არც მესამე, არც დღევანდელი და ახლა უნდათ მეფე? რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს მეფეც არ მოგვეწონება, რევოლუციას ვაწყობთ?

_ მეფეს ვამხობთ. ამის დიდი გამოცდილება გვაქვს წარსულშიც და ბოლოს პრეზიდენტებზეც გავივარჯიშეთ.

_ ჩემი აზრით, ეს თემა, რომლის გააქტიურებაც პერიოდულად ხდება, არაა სერიოზული და ამის უკან არაფერი არ დგას, ეს არის კონკრეტულ მომენტებში საზოგადოების ყურადღების ერთი საკითხიდან სხვაზე გადატანა. თუ ხელისუფლება პატრიარქის ამ ქადაგებას მიიჩნევდა რიგით ქადაგებად და არ მიანიჭებდა ამხელა მნიშვნელობას, დღის წესრიგში დარჩებოდა ის საკითხები, რაც იყო აქტუალური იმ მომენტში _ კონსტიტუციის ახალ პროექტში ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე, გაუარესებულ უფლებრივ მდგომარეობაზე, საარჩევნო სისტემაზე, მაგრამ ხელისუფლებამ მონარქიის თემით რამდენიმე დღით ყურადღება მთლიანად გადაიტანა ამ ნიშვნელოვანი საკითხებიდან.

_ დაგეთანხმებოდით, რომ არა ერთი გარემოება. თავის დროზე, მონარქიის აღდგენისთვის საგანგებოდ დააქორწინეს ქართლისა და კახეთის ბაგრატიონების შტოების წარმომადგენლები, რითაც გადაწყვიტეს ტახტის პრეტენდენტთა დავა. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი იმისთვის მოიმოქმედეს, რომ შემდეგ ეს თემა, პერიოდულად, 2-3 დღით ყურადღების გადასატანად ყოფილიყო?

_ ეს კამპანია არც მაშინ იყო ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილი და ვფიქრობ, არც ახალაა. უბრალოდ, ეს იდეა აქვს რამდენიმე კლერიკალს და მათ შორის, პატრიარქს, რაც ამ ეტაპზე ხელისუფლებამ ყურადღების გადასატანად გამოიყენა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ მათთვის საფრთხის მომტანია ლიბერალური დემოკრატიაც, მომავალიც და მომავალში ყურებაც და ცდილობს კონსერვატიზმის იმ გაგების პოპულარიზაციას, რომელიც ხელშემშლელია ქვეყნის განვითრებისთვის და ეწინააღმდეგება ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს. მონარქიის აღდგენაც ერთ-ერთი ასეთი იდეაა, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ წარსულში და თითქოსდა ჩვენი ბედნიერება მე-11-12 საუკუნეების საქართველოშია და არა მომავალში. საპატრიარქოს ეს მცდელობაც და პერიოდულად ნებისმიერი ხელისუფლების გამონათებები ამ იდეის მხარდასაჭერად საძირკველშივე მკვდრადშობილია. შეუძლებელია, მომავალი ჰქონდეს რეგრესს და ამ თემაზე არც უნდა ვიმსჯელოთ სერიოზულად.

_ თუ პირიქით, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ის საფრთხე, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ იდეის განხორციელებას? როგორ ფიქრობთ, რატომაა ეკლესია ასე მოწადინებული? კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შემთხვევაში ხომ არ მივიღებთ რეალურად თეოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც ქვეყნის მართვის სადავეები ეკლესიის ხელში აღმოჩნდება? თუ გავიხსენებთ მათსავე ფორმულას „მეფე მეფობს და არ მართავს“, მივხვდებით, რომ ქვეყნის მართვაზე სწორედ მათ ექნებათ პრეტენზია…

_ ცხადია, საპატრიარქოს ეს სურს. მას თეოკრატიული სახელმწიფო უნდათ, მაგრამ თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ, შეუძლებელია ეს მოხდეს. კლერიკალთა ნაწილს სურს სახელმწიფო, სადაც ცალკეული ინდივიდის, ერთი ადამიანის თავისუფლება კი არაა აღიარებული, არამედ სადაც ადამიანები არიან ყმები ან მონები. რაც არ უნდა მოინდომონ მათ, საქართველოში ეს არ მოხდება, ხალხი ამას არ მიიღებს, მათ მცდარი წარმოდგენა აქვთ საქართველოს რიგით მოქალაქეზე. ამავდროულად, კომფორტი, რაც პროგრესს მოაქვს, სჭირდება ყველას, თავად საპატრიარქოც ვერ ამბობს უარს ცივილიზაციის სიკეთეებზე. წინა წლებში ბევრი სასულიერო პირისგან გვესმოდა, რომ ინტერნეტი ეშმაკისაა, მაგრამ დღეს საპატრიარქოს ვებგვერდიც აქვს და სასულიერო პირები ინტერნეტსაც აქტიურად იყენებენ, ხომ? უბრალოდ, შეუძლებელია უარი ვთქვათ იმ სიკეთეებზე, რაც მოაქვს პროგრეესს და როგორც ნიკო ნიკოლაძე ამბობს, ჩვენ დასავლეთისგან უნდა მივიღოთ არა მარტო ტექნოლოგიური სიახლეები, არამედ ის საზოგადოებრივი წეს-წყობილებაც, რომელიც ამ სიახლეებს ქმნის.

_ მონარქიის აღდეგნის მოსურნეები, რომლებიც სხვა დროს გარყვნილების ბუდედ სახავენ ევროპას, ახლა სწორედ ევროპულ სახელმწიფოთა მაგალითებს იშველიებენ და შვედეთის, ნორვეგიის წარმატებას, რატომღაც, აკავშირებენ იქ კონსტიტუციური მონარქიის არსებობასთან და ამტკიცებენ, რომ თითქოსდა მონარქიებს მოაქვთ ეს წარმატება.

_ არსებითი და გადამწყვეტია საზოგადოების წეს-წყობილება და არა მმართველობის ესა თუ ის ფორმა. სახელმწიფოს წარმატების ფორმულა არის საზოგადოების წეს-წყობილებაში, რომელიც ნორვეგიას, შვედეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ საფრანგეთს საერთო აქვს, ეს არის ლიბერალური დემოკრატია. საპატრიარქოს წარმომადგენლები კონსტიტუციური მონარქიის წამოყენებით ფიქრობენ, რომ ებრძვიან სწორედ ლიბერალურ დემოკრატიას და ეს არის მათი ხიბლის მთავარი განმაპირობებელი. იმ სიკეთეებს, რომლებიც ცივილიზაციას მოქვს, დასავლეთში ქმნის სწორედ ლიბერალური დემოკრატია და არა რომელიმე კონკრეტული მმართველობის ფორმა, საპრეზიდენტო რესპუბლიკა იქნება, საპარლამენტო, შერეული თუ სულაც კონსტიტუციური მონარქია. ყველა ამ ფორმაში შეიძლება იყოს დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი და ბედნიერად იცხოვროს ადამიანმა. რა, აშშ-ში ან საფრანგეთში ხალხი უბედურია, რომ მეფე არ ჰყავს და მხოლოდ ინგლისსა და ნორვეგიაშია ბედნიერი? რამდენ ქვეყანასაც მოისურვებთ, იმდენს ჩამოგითვლით, სადაც მონარქიაა და ხალხი საშინელ დღეშია.

_ თქვენ მიიჩნევთ, რომ ეს მხოლოდ საპატრიარქოს გეგმაა? ვანო მერაბიშვილი, ჯერ კიდევ, 2010 წელს, „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ღიად აცხადებდა, რომ მონარქიის პროექტი იყო რუსეთის მიერ შემოგდებული. გამორიცხავთ ამ პროცესში რუსეთის აქტიურობას, რუსეთის ხელს?

_ არ გამოვრიცხავ, რუსეთს ჩვენთან მიმართებით ღია მიზანი აქვს: საქართველო არ განვითარდეს, არ იყოს წარმატებული ქვეყანა. ამისთვის ის სხვადასხვა გზას იყენებს. ბუნებრივია, რუსეთს ხელს აძლევს, რომ საქართველოში არ იყოს დემოკრატიული მმართველობის ფორმა. მისთვის საფრთხეს ქმნის თავისუფალი, წარმატებული საზოგადოების არსებობა საქართველოში. ამდენად, შესაძლებელია, რომ მონარქიის აღდგენის იდეა და ამით ხალხის ემოციებზე ზემოქმედება ხელს უწყობდეს რუსეთს საქართველოში საკუთარი მიზნების მისაღწევად.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება კონსტიტუცია, რომელსაც ეს ხელისუფლება იღებს ერთპარტიულად, სხვა პარტიების, არასამთავრობო სექტორის, საერთოდ საზოგადოების პროტესტის მიუხედავად?

_ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ კონსტიტუცია, როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტი, მიღებული უნდა იყოს საზოგადოების ფართო კონსენსუსის შედეგად, რადგან კონსტიტუცია საზოგადოების ხელშეკრულებაა ერთმანეთთან და არა ხელშეკრულება _ ხელისუფლებასთან. ეს არის ჩემი, თქვენი და ნებისმიერი მოქალაქის შეთანხმება, როგორ სახელმწიფოში გვინდა, რომ ვიცხოვროთ და რა ფორმულები გვაქვს, რა არის თანამედროვე გაგებით სახელმწიფოს მიზანი. ეს ყველაზე უკეთ ამერიკელებმა გადმოსცეს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში: რომ მოქალაქეებს გვაქვს სიცოცხლის უფლება, თავისუფლების უფლება და უფლება, მივილტვოდეთ ბედნიერებისკენ. ჩვენ სახელმწიფო გვჭირდება იმისთვის, რომ ვიყოთ დაცულები, არავინ იძალადოს ჩვენზე, ჩვენს სიცოცხლეზე, ჩვენს თავისუფლებაზე და ვიცხოვროთ ბედნიერად. მოქმედ კონსტიტუციაში გვაქვს გარკვეული ფორმულა, როგორ უნდა ვიცხოვროთ ბედნიერად, რომელიც კიდევ უფრო უნდა დაგვეხვეწა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ცვლის კონსტიტუციას და თავს გვახვევს თავისი თამაშის ისეთ წესებს, რომელიც არ გაგვხდის უფრო დაცულებსა და ბედნიერებს. ხელისუფლება ანგარიშს არ უწევს არავის და გვიმტკიცებს, რომ ესაა საზოგადოების უმრავლესობის ნება. სინამდვილეში, ეს არაა უმრავლესობის ნება. ეს ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდა უსამართლო საარჩევნო სისტემის წყალობით. მათ, რეალურად, ამომრჩევლის 47-48% უჭერს მხარს და მათ მიერ ერთპარტიულად მიღებული კონსტიტუცია არაა საზოგადოების უმრავლესობის კონსენსუსის შედეგად მიღებული დოკუმენტი! ესაა ძალადობა ხალხზე და კონსტიტუციაზე! ამას აუცილებლად მოჰყვება უკუპროცესი და, შესაძლებელია, ძალიან მძიმეც ხელისუფლებისთვის.

_ ახსენეთ ამერიკა, ბედნიერების უფლება, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ჩვენს არც ერთ კონსტიტუციაში არასდროს წერებულა მსგავსი რამ. ცხადია, მექანიზმები ჩადებული იყო საიმისოდ, რომ ადამიანს ბედნიერად ეცხოვრა, მაგრამ საქართველოში არასოდეს ყოფილა დეკლარირებული, რომ ადამიანს ბედნიერების უფლება აქვს.

_ ცხადია, ჩვენი სამართლებრივი ტექსტები დაცლილია ასეთი სიტყვებისგან და ეს გასაგებიცაა. ეს არც 1921 წლის კონსტიტუციაში გვეწერა, მაგრამ გვეწერა იმ დროისთვის ძალიან ბევრი პროგრესული რამ. შემდგომი კონსტიტუციები: 1922, 1927, 1937 და 1978 წლების _ იყო ფიქციები, საბჭოთა კონსტიტუციების ქართული ასლები, რომელშიც ერთი ეწერა და მეორე ხდებოდა. მაგალითად, 37 წლის კონსტიტუციაში გვეწერა, რომ გვქონდა შემოქმედებითი თავისუფლება და პარალელურად ხვრეტდნენ მხატვრებს, მწერლებს, რეჟისორებს, მსახიობებს. ამიტომ საზოგადოების ნდობა კონსტიტუციისადმი საერთოდ არ არსებობდა. საზოგადოება კონსტიტუციებს არ აღიქვამდა რეალურ დოკუმენტებად, ის იყო რაღაც ფორმალური დოკუმენტი, რომელიც ცალკე არსებობდა. შესაბამისად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როდესაც იქმნებოდა კონსტიტუცია, მისი ავტორები უფრთხოდნენ ხატოვან ტერმინებს, საზოგადოებას, რომელსაც არანაირი რწმენა არ გააჩნდა კონსტიტუციის მიმართ. ცხადია, ირონიულად ან შინაარსისგან დაცლილად მოეჩვენებოდა მსგავსი ჩანაწერების არსებობა. თუ გულწრფელი ვიქნებით, ჩვენ დღესაც გვიჭირს იმის სწორად გააზრება, რა არის სახელმწიფო და რისთვის გვჭირდება ის. საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო კვლავ ჰგონია ერთგვარი „მეწველი ძროხა“, რომელმაც უნდა არჩინოს, დაასაქმოს, უპატრონოს, უმკურნალოს. სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება თავისუფლება და უსაფრთხოება, რომ ჩვენ ჩვენი თავის რეალიზებით მივაღწიოთ წარმატებას. საზოგადოება თუ ამას გაიაზრებს, აღმოაჩენს, რომ მიუხედავად იმისა, სიტყვა ბედნიერება არის თუ არა ნახსენები ჩვენს კონსტიტუციაში, სწორედ ეს ყოფილა ფორმულა ბედნიერად ცხოვრების. თუ ამას არ გავიაზრებთ და ისევ სახელმწიფოს ხელში შემყურეები ვიქნებით, როდის გადმოგვიგდებს რამეს, ყოველთვის ვიქნებით, ჯერ კიდევ, საბჭოეთში, სადაც სავალდებულო იყო შრომა, გქონდა საჭმელი, უფასო ჯანდაცვა, მაგრამ იყავი მონა, რომელსაც არ გააჩნდა არც სიტყვის თავისუფლება, არც რწმენის, არაფრის და სადაც ყველაფერს სხვა გკარნახობდა.

კონსტიტუციის მსგავსად,  საზოგადოება არც ადამიანის უფლებებს, მის თავისუფლებას აღიქვამდა სახელმწიფოს ფუნდამენტად. მაშინ, როცა თანამედროვე ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოები ეფუძნება ერთი ადამიანის თავისუფლების აღიარებას, მის ინდივიდუალობას. სწორედ ესაა ილია ჭავჭავაძისა თუ ვაჟა-ფშაველას ფილოსოფიაც, რომ ინდივიდი, ადამიანი იყოს თავისუფალი და ისეთი მიიღოს საზოგადოებამ, როგორიც მას სურს, რომ იყოს. ცხადია, საბჭოთა სახელმწიფო არ იყო ასეთი, საბჭოთა სახელმწიფო იყო უმრავლესობის სახელმწიფო _ მუშათა და გლეხთა სახელმწიფო და თუკი უმრავლესობის წინააღდეგ იყავი, იმ ტოტზე იჯექი, რომელიც უნდა მოეჭრათ, იყავი გარიყული, ან დასჯილი. ამიტომ როდესაც ახალ წესჩვეულებაზე გადავეწყვეთ, წესები კი შევცვალეთ, მაგრამ საზოგადოების შეცვლას დრო სჭირდება, ჩვენ 25 წელიწადში, არაერთი შიდა თუ საგარეო კონფლიქტის ფონზე, კიდევ საკმაოდ განვვითარდით. აღსანიშნავია, რომ 90 წლებამდე ჩვენი ბრძოლა არ იყო ბრძოლა პიროვნული თავისუფლებისთვის, არამედ უმთავრესად ვიბრძოდით ეროვნული დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ პიროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლა ახლაც გრძელდება. 1995 წელს, როდესაც კონსტიტუცია მივიღეთ, ის ბრძოლით არ მოგვიპოვებია და მასში ასახული უფლებები უფრო გვაჩუქეს, ვიდრე მოვიპოვეთ. ამ უფლებების მოსაპოვებლად რეალურად ახლა ვიბრძვით და როდესაც ამ უფლებებს ბრძოლით მოიპოვებს საზოგადოება, მერე მას აღარც დათმობს. საზოგადოება ახლა იწყებს გათავისებას, რას ნიშნავს იყო პიროვნულად თავისუფალი და ჯერაც მიდის ბრძოლა ალუდა ქეთელაურებსა და თემს შორის, საზოგადოების იმ ნაწილს შორის, რომელიც ალუდა ქეთელაურია და უნდა, რომ თავად წყვეტდეს, როგორ მოიქცეს და იმ ნაწილს შორის, რომელიც თემს განასახიერებს და ფიქრობს, რომ ტრადიცია, ადათი ხელშეუხებელია და ყველა ამას უნდა ემორჩილებოდეს და ყველა უმრავლესობის ინტერესით მოქმედებდეს. ეს ბრძოლა ჩვენთან დღესაც გრძელდება, ანუ „ალუდა ქეთელაური“, რაც ვაჟამ დაწერა, იქ კი არ ხდება, მე-19 საუკუნეში, არამედ _ 21-ე საუკუნეში. ეს ბრძოლა ყველა ვარიანტში ალუდას გამარჯვებით დასრულდება, გარდაუვალია, რომ ჩვენთან თავისუფალი საზოგადოება არ შედგეს.

_ თქვენი აზრით, რას აძლევს საზოგადოებას ამ კონსტიტუციის მიღება?

_ ვნახოთ, რას აუმჯობესებს და რას აუარესებს და თავად განსაჯეთ. ახალი კონსტიტუცია გვთავაზობს მმართველობის ფორმის ცვლილებას, რაც უფრო ახირებაა „ქართული ოცნების“, რომ გინდა თუ არა, საპარლამენტო მმართველობა უნდა  გვქონდეს, რომ აქაა ხსნა. სწორედ ამ კუთხით აქვს შენიშვნები „ვენეციის კომისიას“, რომელსაც ეს ხელისუფლება არად დაგიდევს. გარდა ამისა, ამ ახალი კონსტიტუციის რედაქციით არათუ უმჯობესდება უფლებრივი მდგომარეობა, არამედ პირიქით, ეს კონსტიტუცია მიმართულია  უმცირესობის ჯგუფების უფლებების შელახვისკენ, ანდა სამომავლოდ მოსპობისკენ, რაც იმთავითვე ეწინააღმდეგება  კონსტიტუციურ პრინციპებს, რადგან კონსტიტუცია არის ხელშეკრულება, რომელიც უმრავლესობის ბატონობისგან, უმრავლესობის ტირანიისგან იცავს უმცირესობის ჯგუფებს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას ეს არ ესმის, ან არ უნდა გაიგოს. იგივე მიდგომებია საკუთრების უფლებასთან მიმართებითაც, უმრავლესობას არ უნდა, რომ მე ჩემი მიწა მივყიდო ვისაც მინდა იმას და ამიტომ მიზღუდავს საკუთრების უფლებას. აღარაფერს ვამბობ თავად ამ ინიციატივის უკან მდგარ ირაციონალურ შიშებზე. ამ კონსტიტუციით უარესდება რწმენის თავისუფლების გარანტიები, რომელიც მანამდე გვქონდა კონსტიტუციაში. გარდა ამისა, მოქმედი კონსტიტუციით, ადამიანს შეეძლო ედავა საკონსტიტუციო სასამართლოში ნებისმიერ იმ უფლებაზე, რომელიც არ ეწერა კონსტიტუციაში, მაგრამ გამომდინარეობდა კონსტიტუციური პრინციპებიდან. ახალი კონსტიტუცია არსებითად ამცირებს ამ შესაძლებლობას. ახალი კონსტიტუცია ასევე ასუსტებს ჩვენს უფლებას, მივიღოთ ინფორმაცია საკუთარ თავზე, რომელიც სახელმწიფო უწყებებშია დაცული. მხოლოდ იმ შემთხვევაში გაეცნობი ინფორმაციას, თუ არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ანუ მე რომ ინფორმაციას მოვითხოვ საკუთარ თავზე, შეიძლება სახელმწიფო დაწესებულებამ არ მომცეს იმ მოტივით, რომ იქ კომერციული საიდუმლოებაა და მე ვეღარ გავიგებ, რა ინფორმაცია ინახება ჩემზე სახელმწიფო დაწესებულებაში. მოკლედ, კონსტიტუცია უარესდება ადამიანის ძირითადი უფლების კუთხით და გარდა ამისა, სერიოზული გამოწვევები არსებობს თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებითაც. ამის შესახებ განცხადებაც გავავრცელეთ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რაზედაც პასუხად პარლამენტის თავმჯდომარის ცინიკური და შეურაცხმყოფელი პასუხი მოვისმინეთ. ე. ი. ორ-სამ ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაეწერა კონსტიტუცია, ყველაფერი სწორად ესმის და ყველა დანარჩენი პოლიტიკური ჯგუფი, არასამთავრობოები, ექსპერტები, ვენეციის კომისია, საერთაშორისო ორგანიზაციები ვართ ბრიყვები და არაკომპეტენტურები. რეალურად კი, ამ კონსტიტუციით, „ქართული ოცნება“ ცდილობს ერთადერთ რამეს, გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში საკუთარი ყოფნა იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც გამოირჩევიან შოვინისტური, ქსენოფობიური, ჰომოფობიური განწყობებით, იმ ადამიანებით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩვენთვის საფრთხე არის დასავლეთი და ჩვენთვის წარმატების საიუდუმლო არის წარსულში დაბრუნება.

_ ახსენეთ, რომ ამ კონსტიტუციის მიღება ძვირი დაუჯდება ხელისუფლებას და საზოგადოებისგან მკაცრ პასუხს მიიღებს. რა ფორმით?

_ არ ვიცი, რა ფორმით, მაგრამ ნამდვილად ვიცი, როცა სახელმწიფო კონსტიტუციასა და საზოგადოებაზე ძალადობას იწყებს, ამას ყოველთვის აქვს საზოგადოებისგან პასუხი, ეს პასუხი შეიძლება არ იყოს დაუყოვნებლივი, მაგრამ პასუხი იმაზე გაცილებით მწარე და მტკივნეული იქნება, ვიდრე არჩევნების წაგებაა ხოლმე. არადა, ჩვენ რაც გვჭირდება ამ ქვეყანაში, არის სიმშვიდე, განვითარება, პროგრესი და, მათ შორის, ხელისუფლების არჩევნებით ცვლა. რაც ახლა კეთდება, ეს ეწინააღმდეგება ამ პროცესს და ხელისუფლება უნდა იაზრებდეს, რომ ამგვარი ქმედებით მას შეიძლება, ხვალ გაცილებით დიდი პრობლემები და საფრთხეები დაუდგეს წინ, ვიდრე იგივე არჩევნებში ჯანსაღი კონკურენციაა.

_ თუმცა მათ არჩევნებზეც იზრუნეს და ისეთი ბერკეტები ჩადეს, რომელიც ასევე უზრუნველყოფს მათ უმრავლესობაში დარჩენას, იმ შემთხვევაშიც, როდესაც რეალურად უმრავლესობა არ უჭერს მხარს. საუბარია გაუნაწილებელი მანდატების მისაკუთრებაზე.

_ ასე ეგონა „ნაციონალურ მოძრაობასაც“, მათაც ყველაფერი ჰქონდათ კონსტიტუციაში ასახული ისე, რომ არ არსებობდა რაიმე საფრთხე, რომელიც მათ ხელისუფლებაში ყოფნას დაემუქრებოდა, არათუ უახლოეს 4 წელიწადში, არამედ ათ წელიწადში, მაგრამ… ასე იყო 2011 წლის შემოდგომამდე, მაგრამ როდესაც ბატონი ივანიშვილი პირველი განცხადებით გამოვიდა პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ, ყველაფერი შეიცვალა. სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალები და პოლიტიკური ლიდერები არსებული რეალობის აღქმას კარგავენ ხელისუფლებაში და შეცდომებს იაზრებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელისუფლებას კარგავენ. დღეს ვერც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვერც „ევროპულ საქართველოში“ ვერ იპოვით პოლიტიკოსს, რომელიც ვერ ხვდება, სად შეცდნენ წარსულში და რას გააკეთებდნენ სხვაგვარად. „ქართულ ოცნებაში“ დღეს ეს პრობლემა გვაქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებზე კი არ სწავლობენ, თავისას ელოდებიან. სამწუხაროდ, ამით ჩვენ ვზარალდებით, რიგითი ადამიანები.

_ ელოდებიან, რა, ამ ხუთი წლის მანძილზე ცოტა შეცდომა დაუშვეს? შეიძლება, თვითონ ჯერ ვერც ხვდებიან და ვერც აცნობიერებენ, მაგრამ საზოგადოება ხვდება. თქვენი აზრით, რა არის ის საბედისწერო, გამოუსწორებელი, ან ძნელად გამოსასწორებელი შეცდომები, რომელსაც ეს ხელისუფლება უშვებს?

_ ესაა, პირველ რიგში, ახალი კონსტიტუცია, რაც დღეს დგას დღის წესრიგში, თორემ პრობლემები უამრავია. მათ შორის, სამართალდამცველი სისტემა და დაუსჯელობის სინდრომი პოლიციაში. პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირება,  მოძალადე ნარკოპოლიტიკა, სავალალო მდგომარეობაში მყოფი სასამართლო სისტემა, პრივილეგირებული დამნაშავეები, რომელთაც იმუნიტეტი აქვთ და, ჩემი აზრით, ამის თვალსაჩინო მაგალითი ბატონი ფარცხალაძეა. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და საკუთარ ქვეყანაში შეფარებული ადამიანების სხვა სახელმწიფოებისთვის ფარულად თუ ღიად გადაცემა, რელიგიური უმცირესობებისა თუ სხვა უმცირესობათა ჯგუფების შევიწროება და დისკრიმინაცია. უკვე სერიოზული პრობლემები გვაქვს ბიზნესის თავისუფლებასთან მიმართებითაც, კვლავ პრობლემებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვიბრძვით სიტყვის თავისუფლებისთვის. გვახსოვს შევარდნაძის პერიოდიც, ბევრი გახმაურებული საქმე,  სააკაშვილის პერიოდიც და მედიებთან დაკავშირებით მის დროს მიღებული პოლიტიკურადაც მცდარი და სამართლებრივადაც, ფაქტობრივად, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები, მათ შორის, ეს ეხება ტელეკომპანია „იმედში“ განვითარებულ მოვლენებს.  ასევე გვახსოვს, როგორ გადალაგდა ამ ხელისუფლების პერიოდში მედია კიდევ ერთხელ და როგორ მივიღეთ, ფაქტობრივად, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიასივრცე. მიდის ბრძოლა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, რაშიც, ფაქტობრივად, ჩართული არის ხელისუფლების სამივე შტო. რაც ხდებოდა და ხდება „რუსთავი 2“-თან მიმართებით, ეს, პირველ რიგში, თვითონ ხელისუფლებისთვისვეა პრობლემა, ის კარგავს უნარს, მოისმინოს კრიტიკა.

სხვათა შორის, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ ხელისუფლებას აქვს ხოლმე უნარი, არ იყოს რადიკალური რაღაც საკითხებთან მიმართებით და დროში გაწელილი პროცესით იბრძოლოს მიზნისკენ. მაგალითად, „ბირჟა მაფიის“ საქმეზე, ვფიქრობ, მსგავსი რამ რომ მომხდარიყო წინა ხელისუფლების დროს,  წინა ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში არ დაიხევდა უკან, ისევე როგორც არ დაიხია გვანცა ყუფარაძის თუ სხვა საქმეებზე. აუხსნელი იყო, რატომ გაჯინიანდა მაშინ ხელისუფლება და რატომ უნდოდა, რომ ეს გოგო ყოფილიყო ციხეში? რა მოუტანა ამან ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ შეელახა ავტორიტეტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე?

_ და რა, ეს ხელისუფლება არ ჯინიანდება? როდესაც 13 გამამართლებელი განაჩენია ბაჩო ახალაიაზე და ყველა ჯერზე მას ახალ ბრალდებას უთითხნიდნენ, რომ ციხეში დაეტოვებინათ და დღემდე ციხეში ჰყავთ, ჯინიანობა არაა, პუტინის მიერ მილიონებად შეფასებული რომა შამათავს ციხეში გამოკეტვა? ჯინიანობა არაა ვანო მერაბიშვილის ციხეში გამოკეტვა?

_ გვანცა ყუფარაძის საქმე არანაირ პოლიტიკურ ინტერესს არ შეიცავდა. წინა ხელისუფლება, დღევანდელისგან განსხვავებით, პოლიტიკურ ოპონენტებს არ იჭერდა. ვგულისხმობ მაღალი ცნობადობის პოლიტიკურ ფიგურებს, თორემ, რა თქმა უნდა, იყო პრობლემები სხვებთან მიმართებით. მათ გარკვეული წითელი ხაზები ჰქონდათ დადგენილი, რომ ეს ადამიანები ციხეში არ უნდა ყოფილიყვნენ, კარგად ესმოდათ, რა მოჰყვებოდა მათ დაჭერას. ამ ხელისუფლებას ეს არ ესმის, არ ესმის, რას ნიშნავს, როცა რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი საეჭვო ბრალდებებით, საეჭვო საქმეებით ჰყავს ციხეში, ეს იქნება ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, იგივე გიგი უგულავას საქმე, თუ ეს არის დევნა სააკაშვილზე, პიჯაკების სამარცხვინო საქმე. სამაგიეროდ, ამ ხელისუფლებას შეუძლია რიგით საქმეებზე, რომელიც მისთვის არ არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, არ იყოს ისეთივე ხისტი, როგორიც იყო წინა ხელისუფლება. ამ ხელისუფლებამ ისწავლა წინა ხელისუფლებისგან, რომ ხანდახან არ უნდა გაჯინიანდეს, მოქნილია უფრო, ასე ვთქვათ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მიზნებში ბევრად უკეთესია.

_ ამ ხელისუფლების მიერ დაშვებული რომელი შეცდომები აზიანებს ქვეყნის განვითარებას?

_ თუნდაც, ამ კონსტიტუციის მიღება; ის, რაც ხდება პოლიციაში, ის, რომ სასამართლო არაა დამოუკიდებელი, სამარცხვინო ნარკოპოლიტიკა; თუნდაც ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას პატიმრობა, ასევე სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა. თუკი ისინი ამაზე უარს იტყოდნენ, ეს ნიშნავდა იმას, რომ შექმნიდნენ პრეცედენტს, მათ შორის, მომავალი ხელისუფლებისთვისაც, რომ პოლიტიკური ოპონენტის მიმართ შეიძლება წარმოებდეს გამოძიება, მაგრამ არა იმიტომ, რომ პოლიტიკური ოპონენტია და მიზნად გქონდეს მისი ციხეში გამოკეტვა. ჩვენ მომავალ ხელისუფლებასაც კვლავ ეჭვის თვალით უნდა ვუყუროთ, იგივეს ხომ არ გააკეთებს, რადგან ჯერ სხვაგვარი გამოცდილება არ გვქონია.

_ არავის დაუწყია შევარდნაძის დევნა, ჩამოყალიბდა კიდეც ეგ სტანდარტი, მაგრამ რა გინდა? იმუშავა?

_ თუმცა რამდენიმე პოლიტიკური თანამდებობის პირი და მოხელე გვყავდა პატიმრობაში და იდევნებოდა.

_ უკაცრავად, ისინი კორუფციული ბრალდებებით ისხდნენ და ეს პროკურატურის, სასამართლოს გარდა დაადასტურა მათ მიერვე მიტანილმა მილიონებმაც. რა, მირცხულავა ჩასასმელი არ იყო, მთელი ახალგაზრდობა ეგნატე ნინოშვილივით ლამპის შუქზე გამატარებინა.

_ მე არ ვამბობ, რომ ისინი არასწორად დააკავეს სამართლებრივად, მაგრამ იმ ხელისუფლებას რომ არც ერთი დაეკავებინა და მათი სასამართლო პროცესი აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გარეშე წარემართა, დღევანდელ ხელისუფლებას უფრო გაუჭირდებოდა ვინმეს დაკავება. მთავარია, რა პოლიტიკურ სტანდარტს ქმნი. როდესაც ქმნი სწორ სტანდარტს, ის შენვე გიცავს მომავალში. ამ ხელისუფლებას რომ ჰკითხო, ბაჩო ახალაიასაც დაუდასტურა ის, რაზეც ზის და ვანო მერაბიშვილსაც. ხელშეუხებელი არავინაა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, შენი თვითმიზანი არ უნდა იყოს მათი ციხეში გამოკეტვა. რატომ დააპატიმრეს ბაჩო ახალაია, სად გაიქცეოდა? თავად გამოცხადდა. ან ვანო მერაბიშვილს რატომ აპატიმრებ, როდესაც ყველა დაკითხვაზე დადიოდა? ვანო მერაბიშვილი იმ მოტივით დააპატიმრეს, რომ მოწმეებზე მოახდენდა ზემოქმედებას, მაგრამ მაშინ, როდესაც ყველა მოწმე უკვე დაჰკითხა, კვლავ პატიმრობაში დატოვეს. რატომ? ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვჭირდება, რომ ვისწავლოთ, ოღონდ კარგი იქნება თუ სხვის შეცდომებზე ვისწავლით და საკუთარს არ დაველოდებით. საბოლოოდ, დროის ამბავია, უბრალოდ, ძალიან გვეჩქარება, რადგან ბედნიერად ცხოვრება არა მარტო ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის, ჩვენთვისაც გვჭირდება.

 

რეზო შატაკიშვილი