გიორგი მშვენიერაძე: „ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია არა უმრავლესობის ტირანიის შესაზღუდად, არამედ უმრავლესობის ტირანიის უზრუნველსაყოფად“

„როდესაც საზოგადოებას არ ეძლევა კონსტიტუციური ინსტრუმენტებით ორთქლის გამოშვების საშუალება, აუცილებლად აფეთქდება“

 

ახლად მიღებულ კონსტიტუციაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე:

 

_ მაინც იყო რაღაც იმედი, რომ კონსტიტუციის მიღებისას გათვალისწინებული იქნებოდა პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო სექტორის, „ვენეციის კომისიის“ შენიშვნები, მათ ასე გადაჭრით მიიღეს ის, რაც მიიღეს. თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი საფრთხე, რასაც ეს კონსტიტუცია ქმნის?

_ საზოგადოებას ხშირად ესმის, რომ კონსტიტუცია არის უზენაესი, უმაღლესი კანონი და თითქოსდა მის იერარქიულობას, მის მაღალ იურიდიულ ძალას ვაქცევთ ძირითად ყურადღებას და არა მის სოციალურ ბუნებას. არადა, თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიებში კონსტიტუცია მიიჩნევა ერთგვარ სოციალურ კონტრაქტად, მთავარ შეთანხმებად არა ხელისუფლებასა და მოსახლეობას, არამედ თავად მოსახლეობას, საზოგადოების წევრებს შორის. ამ აქტით ჩვენ ვთანხმდებით, რა ტიპის სახელმწიფო გვინდა ავაშენოთ და რა გვინდა იყოს დაცული ამ სახელმწიფოში, ან როგორ უნდა იყოს დაცული თითოეული ჩვენგანი. კონსტიტუცია არის ერთგვარი დამცავი მექანიზმი უმრავლესობის ტირანიისგან. უკვე საუკუნეებია, რაც სიღრმისეული ნაშრომები ქვეყნდება, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი უმცირესობებმა უმრავლესობის ტირანიისგან, ხოლო კონსტიტუცია ამის მექანიზმი უნდა იყოს. როდესაც უმცირესობაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში არ გვაქვს მხოლოდ პოლიტიკური უმცირესობა, სექსუალური, ეთნიკური, ან რელიგიური უმცირესობა, ვსაუბრობთ ყველა უმცირესობაზე, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ვართ, საბოლო ჯამში, საშინელი უმცირესობა სახელმწიფოში. კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელიც ერთი, რიგითი ადამიანის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, ამიტომაც ბუნებრივია, მისი შექმნის პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარე, ვისაც შესაძლებელია, კონსტიტუცია შეეხოს. სწორედ ეს განასხვავებს ძველი გაგებით დემოკრატიებს ლიბერალური დემოკრატიებისგან, სადაც უმრავლესობის ნება ყოველთვის შებოჭილია უმცირესობის ინტერესებითა და უფლებებით. სწორედ კონსენსუსის გზით მიღებულ დოკუმენტებს აქვს მაღალი ხარისხი, მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და შესაძლებლობა, რომ დიდი ხანი ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს. „ქართული ოცნების“ მიერ ერთპარტიულად მიღებული კონსტიტუცია სწორედ ამ მთავარ ნაკლს შეიცავს, ის არ არის საზოგადოების განსხვავებული წევრების, მათ შორის, პოლიტიკური, რელიგიური შეხედულებით განსხვავებული ჯგუფების, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლების კონსენსუსით მიღებული დოკუმენტი. ცხადია, ძნელია ისეთი დოკუმენტის შექმნა, რომელზეც იარსებებს სრული თანხმობა ყველა მოთამაშის მხრიდან. ეს, ფაქტობრივად, მიუღწეველი მიზანია, მაგრამ ხელისუფლება ყველანაირად უნდა ცდილობდეს, რომ ამგვარი დოკუმენტი კონსენსუსის გზით მიიღოს. ამიტომაც გვეუბნებოდა „ვენეციის კომისია“, თუ გინდათ, რომ კონსტიტუციას ლეგიტიმაცია ჰქონდეს, მასში ჩართული უნდა იყოს საზოგადოება და მაღალ საზოგადოებრივ კონსენსუსს ეფუძნებოდეს. თუკი ჩვენ ლეგიტიმაციის საკითხს ფორმალური, სამართლებრივი თვალსაზრისით შევხედავთ, რა თქმა უნდა, მას ეს ლეგიტიმაცია აქვს. „ქართული ოცნება“ სამ მეოთხედს ფლობს პარლამენტში, ცალკე თემაა, როგორ და რა გზით მოიპოვა ეს სამი მეოთხედი, მაგრამ დღეს სამი მეოთხედი მისია და ფორმალურად მას აქვს უფლება, კონსტიტუცია შეცვალოს. თუმცა მათი ერთპარტიულად მიღებული გადაწყვეტილება იმ ფუნდამენტურ პრინციპს ეწინააღმდეგება, რასაც კონსტიტუცია ემსახურება. კონსტიტუციის მთავარი მიზანი უმრავლესობის ტირანიის შეზღუდვაა, ამ შემთხვევაში კი ჩვენ მივიღეთ კონსტიტუცია არა უმრავლესობის ტირანიის შესაზღუდად, არამედ სწორედ უმრავლესობის ტირანიის გზით და მის უზრუნველსაყოფად.

_ გასაგებია, დარღვეულია ფუნდამენტური პრინციპი, მაგრამ რა არის ის ძირითადი საფრთხეები, რაც მის მუხლებშია ნაღმებად გაბნეული, რომელიც გზადაგზა აფეთქდება და ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს?

_ უმთავრესი ნაღმი სწორედ კონსენსუსის არარსებობაა. ესაა პროცესი, როდესაც გაზქურაზე შემოდგმულ ქვაბს მჭიდროდ ახურავენ თავს და როდესაც საზოგადოებას არ ეძლევა კონსტიტუციური ინსტრუმენტებით ორთქლის გამოშვების საშუალება, აუცილებლად აფეთქდება და საზოგადოებაში დაგროვილ ემოციებს ცუდ გასაქანს მისცემს, რაც არ წაადგება სახელმწიფოს. ხელისუფლებამ არავის აზრი არ გაიზიარა და არ შეცვალა ის მანკიერი საარჩევნო სისტემა, რომელმაც გასულ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ უსამართლოდ მოუტანა მანდატების სამი მეოთხედი. არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ნახევარმაც კი არ მისცა ხმა მმართველ პარტიას, 48%-მა მისცა, მაგრამ ამ მანკიერი სისტემის წყალობით, მაჟორიტარების ხარჯზე, პარლამენტში სამი მეოთხედი მოიპოვა. ეს მანკიერი სისტემა „ქართულ ოცნებას“ არ შეუქმნია, არამედ მემკვიდრეობით მიიღო. ეს სისტემა მოქმედებდა წინა არჩევნებზეც და იმის წინა არჩევნებზეც, მაგრამ აქამდე „ქართული ოცნება“  ამბობდა, რომ მათ ასეთი კონსტიტუცია და სისტემა დახვდათ, რასაც კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღების შემდეგ ვეღარასოდეს იტყვიან. ასე ვთქვათ, პოლიტიკური ტვირთი მათზე გადავა.

ჩვენ პარლამენტი გვჭირდება, სადაც წარმოდგენილი იქნებიან საზოგადოების ყველა განსხვავებული შეხედულებების, იდეოლოგიის, მოსაზრებების მქონე ნაწილის წარმომადგენლები. ეს ასეც მოხდებოდა, თუკი უარს იტყდოდნენ ამ მანკიერ სისტემაზე და გადავიდოდით პროპორციულ სისტემაზე, მაგრამ ხელისუფლება გვეუბნება, რომ ასეთ არჩევნებს, როგორც თქვენ გინდათ და სამართლიანია, ჩავატარებთ 2024 წლიდან. ანუ რა გამოდის? მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა ჩვენ, მთელი ქვეყანა ვკარგავთ დემოკრატიული განვითარების 7 წელს. გარდა ამისა, სრულიად არარელევანტური არგუმენტით გააუქმეს პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესიც. ის, რომ თურმე პრეზიდენტს ბევრ ქვეყანაში არაპირდაპირი გზით ირჩევენ და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს, სრულიად გაუგებარია იმიტომ, რომ არ არსებობს ორი იდენტური კონსტიტუცია და არ არსებობს ორი იდენტური სახელმწიფო, ყველა სახელმწიფოს თავისი ისტორიული და დღეს არსებული გამოწვევების შესაბამისად უნდა ჰქონდეს დარეგულირებული ეს საკითხი. რა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა და რატომ არ შეიძლებოდა არსებული წესის შენარჩუნება? მით უმეტეს, მოქმედი პრეზიდენტის პირობებში დავინახეთ, რომ ის ერთადერთ პოლიტიკურ ფიგურად დარჩა, რომელიც ცდილობს, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს დაბალანსებას და დანარჩენი შტო _ სასამართლო ხელისუფლება, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი, სრულად არის მოქცეული ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე გვპირდებოდა, რომ არ დაუშვებდა კონსტიტუციაში იმგვარი ცვლილებების შეტანას, რომელიც გააუარესებდა ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და იმ ცვლილებების შეტანას, რომელზეც „ვენეციის კომისიას“ უარყოფითი მოსაზრება ექნებოდა გამოთქმული. მისი ეს სიტყვები სიტყვებად დარჩა და ჩვენ კონსტიტუციაში მივიღეთ ცვლილებები, რომელიც როგორც „ვენეციის კომისიის“ მხრიდან არის მკაცრად გაკრიტიკებული, ასევე, სამწუხაროდ, აუარესებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და ეს ნამდვილად დამაფიქრებელია.

_ გულისხმობთ ნორმას, რომელიც რწმენის თავისუფლებას ზღუდავს?

_ არა მარტო. მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ერთმანეთისგან გამიჯნულია სახელმწიფო და ეკლესია. რელიგიური მოტივებითა და შეხედულებებით კანონების შექმნა დაუშვებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს დემოკრატიული ქვეყნისთვის კი არა, იმ  თეოკრატიული თუ კლერიკალური სახელმწიფოებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც ხელისუფლების წყაროა არა ხალხი, არამედ ღვთიური ნება. ასეთ ქვეყნებში, სადაც ხელისუფალს ჰგონია, რომ ღმერთმა აქცია ხელისუფლად და ამიტომ ღმერთს უნდა ემსახუროს კანონებითაც, ბუნებრივია, ასეთ კანონებს იღებენ, ეს არის შორეული წარსული, მათ შორის, საქართველოსთვისაც. დემოკრატიულ სახელმწფოში კანონს ხალხის სახელით ხელისუფლება იღებს და არ შეიძლება, ეს უკანასკნელი რელიგიური მოტივებით იღებდეს მას. რადგანაც სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუციას რელიგია არ გააჩნია, მას აქვს რელიგიის თავისუფლების დაცვის ფუნქცია. ჩვენი, 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია, ბევრად კარგი იყო, ვიდრე 2002 წელს გახდა.

_ როდესაც კონკორდატი დაიდო.

_ თვითონ კონსტიტუციურ შეთანხმებაში პრობლემას ნაკლებად ვხედავ, პრობლემას ვხედავ იმ ბუნდოვან დებულებაში, რომელიც კონსტიტუციაში გაჩნდა მაშინ. კიდევ უფრო უცნაური იყო, როდესაც 2010 წელს მიღებული ცვლილებების შედეგად მოხდა ღმერთის კატეგორიის შემოტანა კონსტიტუციის პრეამბულაში. კი, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ 1787 ან 1791 წელს მიღებულ კონსტიტუციებს, იქ ღმერთი გვხვდება და ყველასთვის გასაგებია, რატომაც, მაგრამ როდესაც 2010 წლის კონსტიტუციაში შემოგყავს ღმერთი, რომელიც მანამდე არ გეწერა, ეს რაღაცაზე მიანიშნებს. ეს წინა ხელისუფლების კისერზეა, იმიტომ კი არა, რომ ვინმე ღმერთის ხსენების წინააღმდეგია, არამედ იმიტომ, რომ კონსტიტუციაში ღვთიურობის ადგილი არაა, იქ რელიგიის თავისუფლებისა და ხელისუფლებისა და რელიგიის გამიჯვნის ადგილია.

_ ეგ ყველაფერი გასაგებია, ამ ახალ მიღებულ კონსტიტუციაში რა არის ამ მხრივ მიუღებელი?

_ რა და „წინსვლა“, კონსტიტუციაში ჩანაწერის იმგვარად ფორმულირება, რომელიც კიდევ უფრო დომინანტურ მდგომარეობაში აყენებს ისედაც დომინანტურ ეკლესიას. ეს გაკეთდა  ზოგიერთი კლერიკალის გულის მოსაგებად, მათგან პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად და ასევე რელიგიურ გრძნობებზე თამაშია. თუ აქამდე კონსტიტუციაში გვეწერა, რომ სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, ამავდროულად, აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ახლა ეს, „ამავდრულად“, შეიცვალა სიტყვით „ერთად“, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქოსდა ეს ორი სიკეთე _ ეკლესიის განსაკუთრებული როლი და რწმენის თავისუფლება _ თანაბარი სიკეთეებია კონსტიტუციისთვის. საქართველოს ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე არავინ დაობს, მაგრამ მთავარი კონსტიტუციური პრინციპი სახელმწიფოს ეკლესიისგან გამიჯვნა და რწმენის თავისუფლებაა. რაც მთავარია, ახალი კონსტიტუციით რწმენის თავისუფლების შეზღუდვა გაცილებით მეტ შემთხვევაშია შესაძლებელი, ვიდრე წინა კონსტიტუცია ითვალისწინებდა, ან ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. კერძოდ, სახელმწიფოს შეუძლია რწმენის თავისუფლებაში ჩარევა სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. სახელმწიფოს ერთ დღესაც შეუძლია გამოაცხადოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას ემუქრება საფრთხე და რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას აუკრძალოს საქმიანობა. ევროპული კონვენციით სახელმწიფო უსაფრთხოება არაა ის არგუმენტი, რომელიც შეიძლება რწმენის თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი გახდეს. ამას „ვენეციის კომისიაც“ უთითებდა თავის დასკვნებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს არ გაიზიარა.

_ როგორ შეაფასებთ იმ ცვლილებას, რომელიც ქორწინების დეფინიციას შეეხო?

_ ესაა ჰომოფობიური ცვლილება. ხელისუფლება მანიპულირებს იმაზე, რომ საზოგადოებას მცდარი წარმოდგენა აქვს ამ ინსტიტუტზე. ქორწინება, როგორც სოციალური მოვლენა, სახელმწიფოსგან და სამართლისგან დამოუკდიებლად არსებობს. ქორწინება, როგორც სოციალური მოვლენა, არსებობდა და იარსებებს იმის მიუხედავად, იქნება თუ არა სახელმწიფო კანონები. ქორწინებას განაპირობებს და მის საფუძველს წარმოადგენს არა ის, რა წერია კანონში, არამედ ადამიანთა ურთიერთობის ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმა. როდესაც ქორწინებაზე ვსაუბრობთ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სამართლის მიღმა, ქორწინება, ცხადია, მიიჩნეოდა და მიიჩნევა ქალისა და მამაკაცის კავშირად, ასე იყო ისტორიულად, ასეა დღესაც და ამაზე არავინ დაობს, მაგრამ სამართლის ენაზე ქორწინება ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, ასე ვთქვათ, ხელს მოაწერენ _ დაქორწინდებიან კანონის ენაზე, მათ ერთმანეთის მიმართ წარმოეშობათ გარკვეული სამართლებრივი უფლებები და მოვალეობები, რომელიც სხვა პირებს არ ეხებათ. მაგალითად, იყვნენ  ერთმანეთის მემკვიდრეები, მიიღონ გადაწყვეტილება ჯანდაცვის საკითხებზე, თუკი ერთ-ერთის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და იგი უგონოდ იმყოფება, ნახონ მასთან ქორწინებაში მყოფი პირი პატიმრობისას, არ მისცენ ჩვენება იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელთანაც ქორწინებაში იმყოფებიან, იყვნენ იმ ქონების თანამესაკუთრე, რომელიც თანაცხოვრებისას შეიძინეს და ა. შ. ეს არის წმინდა სამართლებრივი კატეგორია, რომელსაც სოციალურ ინსტიტუტთან კავშირი არ გააჩნია. ყოფილი რედაქციის 36-ე მუხლი, სადაც ცვლილება შევიდა, ქორწინებას, როგორც სოციალურ ინსტიტუტს, საერთოდ არ ეხებოდა, ამას ეხებოდა მე-16 მუხლი, რაც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაა, ერთად იცხოვრონ ადამიანებმა, ან ჯვრისწერით ქორწინებაში იყვნენ. 36-ე მუხლი ეხებოდა მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებას, ე. წ. ხელის მოწერას, სადაც ეწერა, რომ ქორწინება უნდა ემყარებოდეს მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას. აღნიშნულ მუხლში დაკონკრეტდა ქორწინების დეფინიცია და ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, რითაც ვამბობთ იმას, რომ მეუღლეებს, რომელთაც არ აქვთ განსხვავებული სქესი, სამართლებრივად არ უნდა ჰქონდეთ უფლება, ისარგებლონ იმ უფლებებით, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით. რატომ აკეთებს სახელმწიფო ამას? არის ეს თუ არა ჰომოფობიური ნაბიჯი? ხელისუფლება ამბობდა, რომ ამას აკეთებს საქართველოში არსებული ჰომოფობიური ტალღის შესაჩერებლად, რადგან ადამიანები ამით მანიპულირებენ. ეს ძალიან ცინიკური დამოკიდებულებაა და დაახლოებით ისეთივე არგუმენტია რასიზმის შესაჩერებლად, აფროამერიკელებს რომ ქუჩაში გამოსვლა ავუკრძალოთ, რათა ხალხი არ გაღიზიანდეს. ეს სამარცხვინო ნაბიჯია.

_ მაგ არგუმენტებსაც რომ თავი დავანებოთ, ეს საკითხი ისედაც დარეგულირებული იყო სამოქალაქო კოდექსით, ქორწინება ხდება ქალსა და მამაკაცს შორის და ერთნაირი სქესის ადამიანებს ისედაც არავინ მოაწერინებდა ხელს.

_ არც იდგა დღის წესრიგში ეს თემა. „ვენეციის კომისიამ“ დასკვნებში რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები შეიძლება იყოს ასე, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იქნება გამოყენებული სამოქალაქო პარტნიორობის წინააღმდეგ. მე რომ ჟურნალისტი ვიყო, პარლამენტის თავმჯდომარეს ვკითხავდი, ეთანხმება თუ არა „ვენეციის კომისიის“ ამ შეფასებას? თუ დაგვეთანხმება, მაშინ კი ბატონო, მივიღოთ ცალკე კანონი სამოქალაქო პარტნიორობაზე, რომელიც ასეთივე უფლებებით აღჭურვავს ამ პირებს. აქ უფლებებზეა საუბარი და არა სახელსა და ტერმინებზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ალბათ, ამაზეც ვერ მივიღებთ პასუხს.

_ არ არსებობდა კონსენსუსი არც მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით.

_ ეს არის ყბადაღებული თემა, რომელზედაც „ქართული ოცნება“ ხან  ერთს ლაპარაკობს, ხან მეორეს და აკეთებს მესამეს. გვეუბნებოდა, რომ საერთოდ კრძალავდა მიწის უცხოელებზე მიყიდვას, მაგრამ ახლა მესამე მოსმენისას შეცვალეს და ეს შეზღუდვა შეეხო მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს. კარგია, რომ შეცვალეს, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად ჰქონდათ ამის უფლება. მათ თქვეს, რომ რედაქციული ცვლილება განახორციელეს, მაგრამ ეს იყო შინაარსობრივი ცვლილება, რომლის უფლებაც მესამე მოსმენისას აღარ ჰქონდათ.

_ თქვენი აზრით, რატომაა მიუღებელი ეს აკრძალვა?

_ ადამიანებს სახელმწიფო იმისთვის გვჭირდება, რომ აქ და ახლა შევძლოთ ბედნიერად ცხოვრება და არა იმისთვის, რომ ოდესმე შვილთაშვილის შვილთაშვილებმა იცხოვრონ ბედნიერად. არ ვართ ადამიანები ასე მოწყობილი, ჩვენ გულწრფელები თუ ვიქნებით, ჩვენც გვინდა ბედნიერად ცხოვრება ამ ქვეყანაში. ბედნიერება კი კავშირშია მათ შორის ეკონომიკურ კეთილდღეობასთან. გამოვიარეთ ურთულესი პერიოდი, 90-იან წლებში ჩვენმა ეკონომიკამ დაკარგა თავისი მოცულობის სამი მეოთხედი, მთელ მსოფლიოში მოწინავე ვიყავით ეკონომიკური ვარდნით და ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები და ნუ ვიტყვით, რომ ჩვენი საკუთარი ძალებით შევძლებთ ეკონომიკის სასურველი ტემპით ზრდას. მით უმეტეს, რომ ერთმორწმუნე მტრის დამსახურებით ორი კონფლიქტი გვაქვს ქვეყანაში, რაც რისკია ინვესტიციების მოზიდვისას, ამის გარდა, ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატიის ქვეყანა ვართ, სადაც ხელისუფლებების ცვალებადობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს როგორც საგადასახადო პოლიტიკაზე, ისე ბიზნესის უსაფრთხოებაზე. ამიტომ ამ რისკებთან ერთად რაღაცით მიმზიდველიც უნდა იყოს ეს ქვეყანა. საქართველოში რამდენი ადამიანი გეგულებათ, რომელიც წავა და რომელიმე სხვა ქვეყანაში, რომელსაც კონფლიქტი აქვს ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ სახელმწიფოსთან, აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და მტრის ჯარი უდგას საკუთარ ტერიტორიაზე, სადაც მყიფე დემოკრატიაა, ჩადებს ინვესტიციას, თან იმ პირობით, რომ მიწა მისი არ იქნება? რა თქმა უნდა, ასეთ ჭკუათმყოფელს ბევრს ვერ იშოვით და რატომ გვგონია, რომ უცხოეთი სავსეა ასეთი ხალხით? აქედან გამომდინარე, ის ადამიანები, რომლებიც თითქოსდა ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ ქართული მიწის გადარჩენა უნდათ, ქვეყანას მიწაწყლიანად უფსკრულში მიგვაქანებენ. რამდენი მათგანი ამუშავებს მიწას? რამდენი მათგანია ფერმერი?

თუკი ვინმეს ჰგონია, რომ თუ მიწას უცხოელებს არ მივყიდით, ამით გადავრჩებით, ან უცხოელს არ შემოვუშვებთ და ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში გავმდიდრდებით, დამერწმუნე, როგორც სახელმწიფო, ძალიან მალე დავასრულებთ არსებობას. ჩვენ თუკი ჩვენი გადარჩენა, სახელმწიფოს განვითარება და ამ სახელმწიფოში ბდენიერი ცხოვრება გვინდა, ამის ერთადერთი გზა თავისუფალი ეკონომიკაა, ბევრი ინვესტიცია და მდიდარი მოქალაქეები. მდიდარ მოქალაქეს განაპირობებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, რომელიც ათჯერ და მეტჯერ ნაკლებია ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

_ ამ აკრძალვის მომხრეების არგუმენტი ისაა, რომ საბოლოოდ დავკარგავთ მიწებს და უცხოელების ხელში გადავა.

_ ეს საფრთხეები, რომელზეც ხშირად ლაპარაკობენ, რომ ვინმე ამ მიწებს მიიტაცებს, ძალიან მცდარი და არასწორია. მიწაზე არსებობს ორი ტიპის საკუთრება _ სუვერენული და კერძო საკუთრება და ვინც არ უნდა იყოს მიწის კერძო მესაკუთრე, ქართველი თუ უცხოელი, ამ მიწაზე სუვერენული საკუთრების უფლება მაინც სახელმწიფოს აქვს. ამავდროულად, გადაუდებელი აუცილებლობის, ან აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს შეუძლია, ეს საკუთრება ნებისმიერ პირს ჩამოართვას. სახელმწიფოს ბერკეტი აქვს, ნებისმიერ დროს დაიბრუნოს მიწა, თუ ამის საჭიროება არსებობს. ჩვენ გვაქვს კანონი როგორც ქონების ექსპროპრიაციის შესახებ, ასევე კანონი, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევას გადაუდებელი აუცილებლობისას. სახელმწიფოს ყოველთვის ჰქონდა ეს ბერკეტი, აქვს და ექნება. საკუთრება არ არის აბსოლუტური უფლება.

რაც მთავარია, სახელმწიფოს მის საკუთრებაში არსებული მიწა კონსტიტუციის ამ ჩანაწერის გარეშეც შეეძლო არ გაეყიდა უცხოელებზე, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო, არ მიეყიდა მიწა უცხოელისთვის. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ჩანაწერით ჩვენ იმ მოქალაქეებს ვუზღუდავთ მიწის უცხოელზე მიყიდვას, ვისაც სურდა, თავისი საკუთრება უცხოელისთვის მიეყიდა და ალბათ გაცილებით ძვირად. რატომ არ უნდა გაყიდოს მოქალაქემ მიწა ძვირად და რატომ უნდა მიჰყიდოს იაფად სანდრო ბრეგაძეს? მე მგონი, ლეგიტიმური შეკითხვაა.

_ რას მოიტანს პრეზიდენტის ვეტო, როდესაც უმრავლესობას ბერკეტი აქვს, დაძლიოს ეს ვეტო, როგორც არაერთხელ დაუძლევია. ხომ არაა ეს ვეტო ვეტოსთვის?

_ ცხადია, „ქართულ ოცნებას“ უპრობლემოდ შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, რადგან მის დაძლევას ზუსტად იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც დასჭირდა კონსტიტუციის მიღებას. ამ ვეტოს სხვა ფუნქცია აქვს. ამ ვეტოთი გამოჩნდება, რომ პრეზიდენტი იყო კონსტიტუციის მიღების პროცესის მიღმა, ისევე როგორც ის პარტიები, რომელიც თავიდან ჩართული იყვნენ ამ პროცესში და მოატყუეს. გამოჩნდება, რომ პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფო მეთაურს, ისევ და ისევ პარტიების მსგავსად, კონსტიტუციის მიღების შემდგომაც აქვს პოზიცია და თუკი ამ პოზიციას არ გაითვალისწინებს ხელისუფლება, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს კონსტიტუცია ყოველგვარი კონსენსუსის გარეშე, ერთპარტიულად მიღებული დოკუმენტია. ახლა იმის თქმა, რომ ეს კონსტიტუცია უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების ერთად მიღებული აქტია და მრავალპარტიულია, რა თქმა უნდა, არც ქვეყნის გარეთ გამოადგება არგუმენტად ხელისუფლებას და არც ქვეყნის შიგნით. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, შანსი აქვს, რომ თუ პრეზიდენტის შენიშვნებს გაიზიარებს, ერთპარტიულად მიღებული კონსტიტუცია აქციოს მეტ-ნაკლებად მაინც საზოგადოებრივი კონსენსუსის მქონე აქტად. როგორც აღინიშნა, ამ ნაბიჯს პოლიტიკური ფასი აქვს და ნაკლებად სამართლებრივი. სამართლებრივად ეს ვეტო იოლად დაძლევადია, მაგრამ პოლიტიკურად კიდევ ერთი მძიმე ტვირთი იქნება ხელისუფლებისთვის.

რეზო შატაკიშვილი