გიორგი ვაშაძე: „პირველი ბიძინა ივანიშვილს უარყოფენ კობახიძე, მდინარაძე და ღარიბაშვილი“

გიგა გელხვიიძე

ე. წ. რუსული კანონის დღის წესრიგში ხელმეორედ დაბრუნებისას საქართველოში აღნიშნული საკითხი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები ყველაზე მნიშვნელოვანი მსჯელობის საგანი გახდა. საქართველოს დასავლელი პარტნიორების განცხადებით, ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო ამ კანონის მიღებით საბოლოოდ ამბობს უარს ქვეყნის ევროპულ კურსზე და შესაძლებელია, დაემშვიდობოს იმ სიკეთეებსაც კი, რომელიც უკვე დაიმსახურა წლების მანძილზე გაღებული მსხვერპლის საფუძველზე.

მიუხედავად მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა, ახალგაზრდების ყოველდღიური მსვლელობისა და მაქსიმალური ზეწოლისა, რომელიც ხორციელდება „ქართულ ოცნებაზე“ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მმართველი პარტია არ აპირებს უკან დაიხიოს და ჯიუტად აცხადებს, რომ ისინი მაინც მიიღებენ „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, რადგანაც ის არის ანალოგი იმ კანონების, რომლებიც მოქმედებს აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში.

აღნიშნულის ფონზე მმართველი პარტია აგრძელებს სხვა საკანონმდებლო ინიციატივების განხილვასაც, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებისაც კი, სადაც საუბარია უკვე ლგბტქ პროპაგანდის წინააღმდეგ მისაღებ კანონზე, რომელიც საჯარო განხილვის საგნად აქციეს და ამ თემით ცდილობენ გადაფარონ ის მოცემულობა, რომელიც ახლა საქართველოშია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებაც არის სრული იდენტური რუსეთსა და უნგრეთში არსებული ლგბტქ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების.

„რუსულ კანონზე“, ევროპელი და ამერიკელი უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებაზე, ოპოზიციის შიგნით არსებულ პრობლემებსა და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთ ლიდერსა და პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს:

_ ბატონო გიორგი, სანამ მიმდინარე საკითხებზე დავიწყებთ საუბარს, მინდა გკითხოთ საერთო ოპოზიციურ სიაზე, რომელზედაც მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა _ რამდენად რეალურია ამ სიის შექმნა?

_ მე შემიძლია, ჩემი პოზიცია გითხრათ. ვემხრობი ამ საერთო ოპოზიციურ სიას და გაერთიანებას. ხალხისა და საზოგადოების დაკვეთა ეს არის და ყველამ თავისი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს.

_ თუ ბოლო პერიოდში ჩატარებული სხვადასხვა კვლევით ვიმსჯელებთ, აუცილებლობა არის ოპოზიციური სპექტრის ერთობისა, სხვა შემთხვევაში პარლამენტში შესვლა ორ ან მაქსიმუმ სამ ოპოზიციურ პარტიას შეუძლია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ვინაიდან გაქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონტაქტი, რამდენად შესაძლებელია ეს ოპოზიციური პარტიების სრულიად განსხვავებული და კრიტიკული დამოკიდებულების გათვალისწინებით ერთმანეთისადმი?

_ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემი პოზიცია სულ არ ემთხვევა იმ პოზიციას, რომ ერთიანობა არის საჭირო. იაზრებს, არ იაზრებს, ესმის, არ ესმის, მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დაფიქრდეს ერთ რამეზე: თუ ვამბობთ, რომ დღეს ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება და საქართველოს ერთიანობისთვის აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, ერთიანობისკენ უნდა გადაიდგას აუცილებლად ნაბიჯი. უკვე ყველა ამის მომხრე რომ იყოს, წინ წავიწევდით და გვექნებოდა გაცილებით მეტი შედეგი და ეფექტი, მაგრამ, ჯერჯერობით, მსჯელობისა და დისკუსიის საგანია ეს ყველაფერი.

_ „რუსული კანონი“ _ ადამიანებს უჭირთ ახსნა ხშირ შემთხვევაში, რატომ არ უნდა მიიღონ ეს კანონი და მოიშველიებენ იმ უცხოელი პარტნიორების განცხადებებს, რომლებსაც ვისმენთ. თუ შეიძლება, რომ კიდევ ერთხელ განგვიმარტოთ, რატომ არა „რუსულ კანონს“?

_ ძალიან კონკრეტულია: ეს კანონი არის სპეციალურად შემოტანილი იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები დააზიანოს დასავლელ პარტნიორებთან, ამას ისახავს მიზნად, რომ საბოლოოდ გაწყდეს ეს ურთიერთობები. იმიტომ არის ეს კანონი რუსული, რომ შინაარსობრივად დასავლური დემოკრატიის სტანდარტს არ იზიარებს და ის თავისი შინაარსით ებრძვის თავისუფალ სიტყვას, აზრის გამოხატვის თავისუფლებას და სწორედ ამიტომ შემოიტანა ის ბიძინა ივანიშვილმა, რომ მას უნდა, კურსი შეცვალოს ქვეყნის განვითარების, ეს არის რეალობა. შესაბამისად, ამერიკელი სენატორებისა და ევროპელი პარლამენტარების რეზოლუცია ამას მიუთითებს. ისინი ღიად ამბობენ, რომ თუ თქვენ ამ კანონს იღებთ და ეს არის დისკუსიის საკითხი, მაშინ ევროინტეგრაცია შეჩერდება და მეტიც, უვიზო მიმოსვლაც საფრთხეშია და სანქციებიც შეიძლება დაწესდეს. ეს არის მათი კონტრზომები იმასთან დაკავშირებით, რომ ღირებულებები, რომელიც გვიწერია კონსტიტუციაში, ამას არ ითვალისწინებს.

_ გარდა სანქციებისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ, თუ ეს ორი დოკუმენტი ამოქმედდება, როგორ იცვლება დღის წესრიგი?

_ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „რუსული კანონის“ მთავარი მიზანია, ბოლომდე გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და აიძულოს ისინი, გაწყვიტონ კავშირები საქართველოსთან.

არსებობს უკვე ორი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი: ერთი არის 14 ამერიკელი სენატორის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელიც გუშინ გავრცელდა, სადაც ღიად საუბრობენ სანქციებზე საქართველოსთან, უფრო სწორად, იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც, პირველ რიგში, ამ ანტიქართულ საქმეს ეწევიან, მეორე არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც საუბრობს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე და უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე საქართველოსთან.

ამ ორი ქმედების ერთდროულად ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს უბრალოდ ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე აყენებს დღეს „ქართული ოცნება“. მიზანი რუსული კანონის არის სწორედ ეს, მაგრამ მინდა, პირველ რიგში, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მივმართო: არ არის ქართველი ხალხის არჩევანი ის, რასაც ახლა აკეთებს „ქართული ოცნება“ და ეს არაერთხელ დადასტურდა მრავალათასიან მიტინგებზე.

_ როგორი უნდა იყოს საწინააღმდეგო ქმედებები ოპოზიციისა და ზოგადად საზოგადოების მხრიდან? ვხედავთ აქციებს, განცხადებებს, თუმცა ასევე ვისმენთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების შეფასებებსაც.

_ რაც შეეხება ჩვენს ქმედებას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ ეს უმძიმესი რეალობა გადაიტანოს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით. დანაკარგები უკვე გვაქვს, ჩვენს იმიჯს უკვე ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა „ქართულმა ოცნებამ“ ივანიშვილის თაოსნობით. მაგრამ ჩვენ ისე როგორც არასდროს უნდა ვიყოთ ერთიანები, რომ გადავტეხოთ რეალობა, რომ ჩვენი უბრალოდ გაკოტრება, ეკონომიკის ჩამოშლა და ჩამონგრევა, საქართველოს იზოლაცია ავირიდოთ თავიდან.

კიდევ ერთხელ მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს: რასაც არ უნდა გავალებდეთ ივანიშვილი, იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანი პასუხისმგებელი ხართ ქვეყნის, ერისა და თქვენი სამშობლოს წინაშე, თქვენი ოჯახებისა და თქვენი შვილების წინაშე. დაფიქრდით, რას აკეთებთ.

_ სანქციებთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია, რომელსაც მხარი დაუჭირა ევროპული პარლამენტის 425-მა დეპუტატმა და რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ, „ქართული ოცნებისთვის“ ფარატინა ქაღალდია და მას ჩალის ფასი აქვს. სინამდვილეში რა ფასი აქვს მას და რამდენად რეალურია იმ შეზღუდვების ამოქმედება, რაზედაც ვისაუბრეთ?

_ სამწუხაროდ, ამაზე ღია მსჯელობა პირველად დაიძრა და ეს ცუდია ქვეყნისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არც უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს და არც ფინანსური მხარდაჭერა, რადგანაც უბრალოდ ეკონომიკურ კოლაფსთან გვაქვს საქმე ასეთ დროს. ალბათ ნახავდით სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, თუ რა მასშტაბური გადინებაა ჩვენი მოქალაქეების. ჩამოშლის ეს ყველაფერი ქართულ ეკონომიკას, ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით და სრული გაკოტრება მოხდება ქვეყნის. თუ რამეზე ვდგავართ და რამე არის გაკეთებული ამ ქვეყანაში, ეს არის ჩვენი დასავლური პარტნიორების მიერ მოწოდებული გრანტი, გზებიდან დაწყებული ყველაფერი მაგით არის და ეს ყველაფერი თუ ამოქმედდა კომპლექსურად, ეს კატასტროფაა. 80% ჩვენი ქვეყნის დოლარია და ეკონომიკური სექტორი სრულად ჩამოიშლება.

_ ჩალის ფასი, ფარატინა ქაღალდი, _ როდესაც ჩვენი პარტნიორები ისმენენ ამ შეფასებას მმართველი პარტიის წარმომადგენლების, მათ შორის პრემიერის მხრიდან, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს?

_ ეს არის, ფაქტობრივად, პირდაპირი ანტიქართული ქმედება, რომელიც უფრო აჩქარებს გადაწყვეტილებების მიღებას დასავლეთში და უფრო შემოგვიტრიალდება ეს ყველაფერი ეკონომიკურად შემდგომში.

_ უშვებთ თუ არა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი გაათავისუფლებს ახლა მაინც მიხეილ სააკაშვილს, მისი ბოლო ინტერვიუს გათვალისწინებით, სადაც მან აღნიშნა, რომ ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე და პლუს რეზოლუციის გათვალისწინებით, სადაც კიდევ ერთხელ ჩაიწერა სააკაშვილის განთავისუფლების აუცილებლობა.

_ ვნახოთ, შესაძლებელია, მე არ გამოვრიცხავ და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სწრაფად განთავისუფლდეს. ამ მხრივ ვმუშაობთ საგარეო ასპარეზზეც და ქვეყნის შიგნითაც. რეგიონებში ვიყავით ახლა და კონსენსუსია ამასთან დაკავშირებით, რომ ის უნდა დავიხსნათ პატიმრობიდან, ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ კუთხით და დანარჩენი ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობიანი ქმედება იქნება ამ ნაბიჯის გადადგმა ზურაბიშვილის მხრიდან.

_ როგორ ესმით რეგიონებში „რუსული კანონი“ _ როგორია ადამიანების დამოკიდებულება?

_ ხალხის განწყობა არის ცვლილებებისკენ. ყელში ამოუვიდათ ის მავნებლობა, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ საქართველოში და მომწიფებულია ეს ცვლილებები.

_ მიგრაციის სტატისტიკა ახსენეთ და მინდა გკითხოთ, რისი დამსახურებაა რეალურად 2023 წელს 95%-მდე გაზრდილი მიგრაცია? თუ პრემიერის განმარტებას დავუჯერებთ, ეს არის ევროპის ქვეყნებთან გახსნილი საზღვრების შედეგი.

_ მთავარი მიზეზი არის ეკონომიკა. სამუშაო ადგილი არ არის, ფასები იზრდება, ხელფასები დაბალია და ადამიანები ვერ ახერხებენ ოჯახების შენახვას და ამიტომ უწევთ მათ უცხოეთში წასვლა საშოვარზე, თორემ არავის უნდა წასვლა, ყველას უნდა, რომ თავის სახლში ცხოვრობდეს და ნორმალური სამუშაო გარემო ჰქონდეს.

_ რა ვერ ისწავლა გასული წლის გაკვეთილით ხელისუფლებამ?

_ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ჯიუტად აწვებიან იმ მიმართულებას, რომ მოგვწყვიტონ დასავლური განვითარების ვექტორს და დაიქვემდებარონ ეს ქვეყანა, როგორც პირადი სამფლობელო. ძალიან კარგად ისწავლა გაკვეთილი, ქართველი ხალხის განწყობაც იცის, მაგრამ ფიქრობს, რომ გადატეხავს ამ ხალხს. შემიძლია გითხრათ, რომ საჯარო სამსახურში სრული კონსენსუსია, რომ ეს მათთვის მისაღები არ არის, იგივე განწყობაა პოლიციაშიც. დასავლეთიდან როდესაც მოვდიოდი, პატრული მაჩერებდა ძირითადად იმისთვის, რომ ეთქვა, არ იზიარებდნენ ამ მოსაზრებას. ეს არის რეალობა. არავის გასვლია და არც ბიძინა ივანიშვილს გაუვა. უბრალოდ, რეალობას არიან მოწყვეტილები, პირველი ბიძინა ივანიშვილს უარყოფენ კობახიძე, მდინარაძე და ღარიბაშვილი, ჩვენ რა ვქნათ, რასაც გვავალებდა, იმას ვაკეთებდითო, აქამდეც მივა ეს ყველაფერი.

_ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე გკითხავთ, _ რისი მიღწევა სურს მმართველ პარტიას? არის თუ არა ეს მიზანი დაპირისპირების გასაღვივებლად მოქალაქეებს შორის?

_ პროვოკაციულია ეს შეკრება თავიდან ბოლომდე. წინასწარ შემოღობეს რუსთაველის გამზირი, ფაქტობრივად, და ეს არის შიშის მომასწავებელი. ძალით მოყვანილი ხალხის ზურგს უკან უნდათ, რომ დაიმალონ ივანიშვილს და ყველას.

_ როგორ ფიქრობთ, იქნება ივანიშვილი ამ აქციაზე?

_ ჩემი აზრით, ივანიშვილი ფიზიკურად არ იქნება ამ აქციაზე, მაქსიმუმ შეიძლება ეკრანზე გამოჩნდეს და გამარჯობა უთხრას იქ შეკრებილ ადამიანებს, რადგანაც მას ეშინია.

_ საჯარო მოხელეების მასობრივი მობილიზება მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ, არც მათ აქვთ დიდი სურვილი „ოცნების“ წარმოდგენაში მონაწილეობის. რას ეტყვით ამ ადამიანებს?

_ მივმართავ საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებზეც ყოველდღიურად ძალიან ბევრი წნეხია. მეგობრებო, ჩვენი ერთად დგომის შემთხვევაში, თქვენი ქართველ ხალხთან დგომის შემთხვევაში ძალიან სწრაფად შეგვიძლია ეს ყველაფერი მოვაგვაროთ. წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო მოექცეს იზოლაციაში და კიდევ ერთხელ ვამბობ: „რუსული კანონი“ სწორედ ამას ისახავს მიზნად, რამენაირად გააფუჭოს ურთიერთობა დასავლეთთან და პროვოცირება გაუკეთოს იმ ნაბიჯებს, რაზეც არის ახლა საუბარი აშშ-ში თუ ევროკავშირის მასშტაბით.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გადავიტანოთ ეს ყველაფერი. მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით საქართველო ახლო მომავალში გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ამ უბედურებას, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, გავიხსენებთ როგორც უმძიმეს წარსულს, რომ მომავალში არასდროს აღარ განმეორდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების მსგავსი საბოტაჟი.

_ კიდევ ერთი „რუსული კანონი“, რომელიც შეეხება ოჯახის სიწმინდესა და მოზარდების დაცვას, რეალური სახელი რომ დავარქვათ, ეს არის კანონი ლგბტქ პროპაგანდის წინააღმდეგ. ის იდენტურია იმ კანონის, რომელიც მოქმედებს რუსეთსა და უნგრეთში _ რამდენად საფრთხის შემცველია ეს კანონი ადამიანის უფლებების, მედია დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების მხრივ?

_ ეს არის აბსოლუტური სისულელე და სამარცხვინო, რაზედაც ახლა მსჯელობენ. თვითონაც რაღაც ცირკის მსახიობებად და კლოუნებად წარმოაჩინა საკუთარი თავი პარლამენტის თავმჯდომარემ და ყველამ. ხედავთ, რეგიონებშიც კი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეს განხილვები და გათიშეს, იმდენად სამარცხვინო იყო. მე არ ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა აწუხებს ახლა ხალს. ხალხს აწუხებს ეკონომიკური პრობლემა, უმუშევრობა, უვიზო მიმოსვლაზე საფრთხე, ევროკავშირში ინტეგრაცია და არა ეს ძალით მოტანილი საკითხი.

_ ცენზურა ფილმებში, რომელიც ამ კანონზეა მიბმული, გაქვთ თუ არა განცდა, რომ არა უბრალოდ რუსეთში, არამედ საბჭოთა კავშირში გვაბრუნებს, როდესაც სრულიად ყველაფრისგან დაცლილი ფილმების ნახვა უხდებოდა საბჭოთა მაყურებელს ან სულაც ვერ ნახულობდა ფილმები დღის შუქს?

_ იმხელა აბსურდთან გვაქვს საქმე, ეს უკვე სასაცილოა. სანამდე შეიძლება ეს სისულელე მივიდეს. რა ფილმებიდან რამის ამოჭრა! ინტერნეტის გათიშვას თუ აპირებენ საქართველოში, ეს საერთოდ მიუღებელია ყველასთვის. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს აბსოლუტური სისულელე და ყველასთვის მიუღებელი საკითხებია.