გივი ხაჭაპურიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ბევრს კარგავს 120/30 სისტემით, ვიდრე დანარჩენი ოპოზიცია და თავად „ქართული ოცნება“

პანდემიის პირობებში საზოგადოებაში არსებული განწყობებისა და პოლიტიკური პროცესების პერსპექტივაზე „ქრონიკა+“ PR საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორ გივი ხაჭაპურიძეს ესაუბრა:

_ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი დასრულდა. ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს უბრუნდება. და მაინც, როგორი იყო საზოგადოების განწყობები პანდემიის პირობებში? ჩემთვის ცნობილია იმ ონლაინ კვლევის შესახებ, რომელიც თქვენმა კომპანიამ ჩაატარა.
_ პანდემიის პირობებში ხელისუფლების მიმართ საზოგადოების განწყობები დადებითად აისახა. ჩვენ მიერ აპრილის პირველ ნახევარში ჩატარებული ონლაინ კვლევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 814 რესპონდენტი, შეზღუდვები ჯერ კიდევ გამკაცრებისკენ იყო მიმართული. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებდა. კითხვაზე: „ფიქრობთ თუ არა, რომ ხელისუფლება შექმნილი ვითარების საარჩევნოდ გამოყენებას ცდილობს?“, გამოკითხულთა მხოლოდ 16% პასუხობდა: „დიახ“, ხოლო 29.9% _ „ნაწილობრივ“. საარჩევნოდ არსებული ვითარების გამოყენების მცდელობას რესპონდენტები უფრო ოპოზიციის მხრიდან ხედავდნენ, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი ვაშაძის აქტივობებს უკავშირდებოდა სწრაფ ტესტებთან მიმართებით.
_ რაც შეეხება პერსონალურ განწყობებს?
_ შექმნილი ვითარება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის საუკეთესო აღმოჩნდა. მას რეალური საშუალება მიეცა, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ საზოგადოების განწყობები დადებითისკენ შეეცვალა. კვლევის შედეგები ამბობდა, რომ პრემიერის საქმიანობას გამოკითხულთა 80% დადებითად აფასებდა.
_ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. რა იყო მთავრობის მიმართ პოზიტივის გამოხატვის განმაპირობებელი ფაქტორი?
_ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ემთხვეოდა საზოგადოების მოლოდინებს. ამის ნათელი მაგალითია საგანგებო მდგომარეობის ვადების შესახებ დასმული შეკითხვა. მოსახლეობის 61.2% მაისის შუა რიცხვებში ან მაისის ბოლოს ელოდა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას. და ეს ასეც მოხდა. ის, რომ მთავრობამ არ მიმართა პრეზიდენტს 22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თაობაზე, ადასტურებს ხელისუფლების ნაბიჯების შესაბამისობას საზოგადოების მოლოდინებთან. ფაქტია, რომ კორონავირუსმა დადებითად იმოქმედა როგორ ხელისუფლების, ასევე უშუალოდ „ქართული ოცნების“ რეიტინგზე.
_ და თავად კვლევის სპეციფიკაზე რას იტყვი?
_ პანდემიის პირობებში კვლევით ორგანიზაციებსაც შეგვეზღუდა ტრადიციული მეთოდოლოგიით კვლევების ჩატარება, რადგან #დარჩისახლში ჩვენც შეგვეხო. შესაბამისად, მივმართეთ ონლაინ და სატელეფონო გამოკითხვებს, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად ჩვენც დავუბრუნდებით ჩვეულ მდგომარეობას. სავარაუდოდ, კვლევებს ჩაატარებს NDI და IRI, რომელთა მონაცემებიც საინტერესო იქნება გასაანალიზებლად.
_ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები ახსენე, ბოლო ასეთი, მნიშვნელოვნად საყურადღებო კვლევა ჰქონდა Edison Research-ს. ამ კვლევის შედეგებმა ოპოზიციის აღფრთოვანება გამოიწვია. საინტერესოა, რამდენად არის შენარჩუნებული აღფროვანების „დიაპაზონი“?
_ Edison Research-ის მიერ მარტში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით „ქართული ოცნების“ რეიტინგი 29% იყო, ხოლო ალოკაციით პარტიის რეიტინგი 39%-ს შეადგენდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია წინა კვლევებთან შედარებით.
მახსოვს აპელირება იმაზე, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას 53%, ანუ უმრავლესობა აძლევს ხმას და „ქართული ოცნება“ დამარცხდება ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში. მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია სწორედ ამით იმშვიდებდა თავს. თუმცა ეს შედეგები დამამშვიდებელი „ქართული ოცნებისთვის“ უფრო იყო, ვიდრე _ ოპოზიციისთვის. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო ჩატარებული და პანდემიის პირობებში არსებული დადებითი განწყობები სახელისუფლებო ძალის მიმართ, ოპოზიციას ნამდვილად არ აძლევს სიმშვიდის საშუალებას. ამ მდგომარეობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს „ქართული ოცნებას“ მიუხედავად იმისა, გადავალთ თუ არა ახალ საარჩევნო სისტემაზე.
_ ახალი საარჩევნო სისტემა ახსენე. საინტერესოა, რა შანსები უჩნდებათ პოლიტიკურ სუბიექტებს სისტემის ცვლილების შემთხვევაში?
_ რაც შეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას და მეტად პროპორციულზე გადასვლას, ამ ნაწილში „ქართულ ოცნებას“ გაცილებით უკეთესი ვითარება აქვს, ვიდრე _ ოპოზიციას. უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას განთავისუფლების საკითხი, რომელიც ასე აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში, ესეც საშუალებაა „ქართული ოცნებისთვის“. თუ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, განსაკუთრებით 20 ივნისის შემდეგ, აშკარა იყო, რომ გარკვეული ოპოზიციური პოლიტიკური ძალები დაშორდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“. ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკური ძალა იყო „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც გამორიცხავდა თანამშრომლობას მათთან. იყვნენ ასევე სხვა პარტიები და „ოცნებიდან“ წამოსული პოლიტიკური სახეები, რომლებიც აქტიურად მოქმედებდნენ ე. წ. ალტერნატიული, მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად. პროპორციული არჩევნების ჩატარების მისაღწევად ოპოზიცია ერთიანი იყო, თუმცა სხვა მოთხოვნა ან სამომავლო პოლიტიკური ერთიანობა გამოირიცხებოდა. ყოველ შემთხვევაში მათი მხრიდან, ვისაც საარჩევნო ზღურბლის გადალახვის შანსი ჰქონდა.
_ მაგრამ არსებობს 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ხელისუფლების ვალდებულებად იქცა და ოპოზიცია მას შანსად განიხილავს…
_ 8 მარტის შეთანხმებაში ე. წ. პოლიტპატიმრების საკითხის მოხვედრამ ძალაუნებურად პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია გამოიწვია არა მხოლოდ პროპორციული არჩევნების მოსაპოვებლად, არამედ უგულავა-ოქრუაშვილი-რურუას განთავისუფლების გარშემოც. ბუნებრივია, ეს იქ შეკრებილი პოლიტიკური ძალებისთვის არასასურველი მდგომარეობაა, რადგან საზოგადოება ისევ ხედავს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც აქამდე ამტკიცებდა, რომ საერთო არაფერი აქვთ.
უგულავა-ოქრუაშვილის განთავისუფლება და ამ საკითხის გარშემო კიდევ უფრო მეტი საუბარი, თუ რა გამოიწვია ოპოზიციურმა ერთობამ, საზოგადოებაში ამყარებს განცდას, რომ ყველა ეს პოლიტიკური ძალა მხოლოდ ფორმალურად არის ცალ-ცალკე წარმოდგენილი. შექმნილი ვითარება კარგი საშუალებაა, საზოგადოება ისევ გახდეს ორპოლუსიანი და ყველა პოლიტიკური ძალა ისევ აფილირდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. პრეზიდენტის შეწყალების მოტივიც, როგორც გაირკვა, ყოფილა ის, რომ ქვეყანა არ გადააყოლოს 2-3 კრიმინალის ციხეში ჯდომას და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ერთიან მოთხოვნას და საერთაშორისო თანამეგობრობის გამოხმაურებებს უპასუხა. ანუ ამითაც დაადასტურა, რომ ერთიანი ოპოზიციის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და არა რამდენიმე პარტიის, რომელთა ინიცირებულიც იყო ეს საკითხი. ამ დაჭერა-განთავისუფლებით „ქართულ ოცნებას“ საშუალება მიეცა, ისაუბროს იმაზე, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ითხოვდა ამ სამი ადამიანის განთავისუფლებას, ერთ ფრთას წარმოადგენს და მათ სათავეში ისევ მიხეილ სააკაშვილია.
_ ანუ ამ პროცესშიც „ოცნებისთვის“ სასარგებლო პასაჟებს ხედავ?
_ „ქართული ოცნების“ გაზრდილი რეიტინგი, რომელსაც პანდემიასთან ბრძოლის დადებითი შედეგებიც ემატება, მმართველ ძალას პოზიციების გამყარების საშუალებას აძლევს. საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხები, დღევანდელი მოცემულობით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე _ „ქართული ოცნებისთვის“. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ბევრს კარგავს 120/30 სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, ვიდრე დანარჩენი ოპოზიცია და თავად „ქართული ოცნება“.
_ იქნებ, განმარტო…
_ სისტემის ცვლილების შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ მაჟორიტარულ ოლქებში რჩება 30 სავარაუდო მეორე ადგილის პოტენციური მანდატი, რომლის ნაწილიც სხვა ოპოზიციურ ძალებს უნდა დაუთმონ, ხოლო ცვლილებების ვერმიღების შემთხვევაში 30 იზრდება 73 პოტენციურ მანდატამდე, საიდანაც საერთო კანდიდატებზე შეთანხმების შემთხვევაში, სავარაუდოდ, 30 ოლქს მოითხოვს. შანსი იმისა, რომ მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური გაიმართოს დიდია იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებს თავის კანდიდატებს. ერთია შეთანხმება კანდიდატებზე და მეორეა, თუ ვის რა პარტიული, ფინანსური და ელექტორალური რესურსი აქვს და ვისზე უფრო მეტად იმუშავებენ, _ თავის კანდიდატზე, რომელიც წარმოდგენილი იქნება პირობითად ზუგდიდში, თუ „ლელოს“ კანდიდატზე, რომელიც კენჭს იყრის ჭიათურაში?! რა თქმა უნდა, ზუგდიდისკენ იქნება მთლიანად მიმართული მისი რესურსები. აქვე უნდა გავითვალისწინოთ დამოუკიდებელი კანდიდატების როლი, რომლებიც, ძირითადად, ოპოზიციური კანდიდატებისთვის ხმის წასართმევად იქნებიან მრავლად წარმოდგენილები.
აქედან გამომდინარე, მეორე ტურების შემთხვევაში ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩაბმული ოპოზიციური კანდიდატის გასამარჯვებლად და რეალურად მივიღებთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ანალოგს.
_ პირველ ტურში ყველა თავის კანდიდატს მიხედავს და მეორეში _ მეტ-ნაკლებად…
_ საარჩევნო სისტემის ცვლილებას დღეს, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი აზრით, თუ ცვლილებები არ განხორციელდება, არ გამოვრიცხავ, „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად რეალურად იფიქროს. საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში 90-95 მანდატს ვვარაუდობ „ქართული ოცნებისთვის“. თუ 120/30 თანაფარდობით გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, ამას მოყვება პარლამენტში სხვა პარტიების მოხვედრა, როგორიც არის „ლელო საქართველოსთვის“, „ლეიბორისტული პარტია“, „გირჩი“ და სხვ. პარლამენტი გახდება რეალურად უფრო მრავალპარტიული, რაც _ ქვეყნის განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
_ პანდემიის პირობებში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა მედია. მან საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა მოსახლეობის ინფორმირებისთვის, თუმცა მრავლად არიან მედიის საქმიანობით უკმაყოფილო ადამიანებიც…
_ მედიის როლი პანდემიის პერიოდში იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც ამ პერიოდმა დაგვანახა იყო ის, რომ ცუდი ამბების ძიებაზე და მოსახლეობის დაზაფრვაზე, ანუ პანიკის დათესვაზე მედია ორიენტირებული არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით საწყის პერიოდს. მთავარი ამ დროს იყო ის, რომ სატელევიზიო არხების რეიტინგი გაიზარდა. მოსახლეობის სახლში დარჩენამ ტელევიზიებზე დადებითად იმოქმედა. გაიზარდა „მაესტროს“ რეიტინგიც კი, რაც მიუთითებს იმას, რომ სახლში გამოკეტილი მოსახლეობა უწყვეტი ინფორმაციის წყაროს ეძებდა. ყველაზე დიდი სარგებელი, ბოლო მონაცემებით, ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო. მისი რეიტინგი 27%-მდეც კი გაიზარდა მაშინ, როცა ბოლო 1 წელი არხს რეიტინგის სტაბილური კლება ჰქონდა. არხის რეიტინგი „რუსთავი 2-ზე“ განვითარებული მოვლენების შემდეგაც კლებით ხასიათდებოდა.
ჯერჯერობით გაზრდილ რეიტინგს ინარჩუნებს „ტვ პირველი“. ბოლო მონაცემებით მისი რეიტინგი 5.5%-ა. ამ არხს ახასიათებს კრიზისების პერიოდში რეიტინგის მატება. „რუსთავი 2-ზე“ განვითარებული მოვლენების დროსაც გაიზარდა მისი რეიტინგი, თუმცა ვერ შეინარჩუნა, რადგან გამოჩნდა „მთავარი არხი“, რომელიც დღეს „რუსთავი 2-ის“ რეიტინგსაც აჭარბებს რიგ პერიოდებში. თავად „რუსთავი 2“ პანდემიამ დააზარალა. პრაქტიკულად, სტაბილური ვარდნაა მის რეიტინგში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ: საქართველოში ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 10 მაისამდე მონაკვეთში 13.12%-დან 10.74%-მდე შეუმცირდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია არხისთვის მას შემდეგ, რაც მფლობელი ქიბარ ხალვაში გახდა.
მედია რეიტინგების ამგვარი განაწილებაც მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ განწყობები დადებითისკენ იცვლება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორონავირუსი „ტვ იმედისა“ და „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო აღმოჩნდა.
_ როგორია პოსტკორონასეულ პერიოდთან დაკავშირებული განცდები და გამოწვევები?
_ კორონა ვირუსის შემდგომი პერიოდი მძიმე იქნება, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე პოლიტიკური სპექტრისთვის. უმუშევრობის ზრდისა და ეკონომიკური სიდუხჭირის მატების პარალელურად, ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ეძლევა საშუალება, არჩევნებამდე ამომრჩევლის დადებითი განწყობები შეინარჩუნოს. პრაქტიკულად, ის, რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვლებოდა ხელისუფლების მხრიდან, დღეს ეს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოსტკრიზისულ მოქმედებად მიიჩნევა. ასე რომ, თუ ბიძინა ივანიშვილის მიერ წინა არჩევნებზე 600 ათასი ადამიანისთვის საკრედიტო ვალდებულებების დაფარვას საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა, დღეს ეს ნაკლებად მოსალოდნელია.
_ ოპოზიციის შემთხვევაში?
_ თავად ოპოზიცია საკმაოდ რთულ ვითარებაშია, რადგან ყველაზე მთავარი შესაძლებლობა, შეხვედრები მოსახლეობასთან, პრაქტიკულად, ვერ მოხერხდება. თუ ვირუსის გავრცელების საფრთხე იქნება, თავად მოსახლეობა შეიკავებს თავს კანდიდატებთან შეხვედრაზე, აქციებში მონაწილეობასა და ა. შ. ხელისუფლებას კი საშუალება ექნება, შეზღუდოს ფართომასშტაბიანი შეკრებები.
ისევე როგორც ბიზნეს სექტორი გადაეწყო ალტერნატიულ პლატფორმებზე, რათა თავისი პროდუქცია მომხმარებლამდე მიეტანა, სწორედ ახლა ოპოზიცია იმაზე უნდა ზრუნავდეს, თუ როგორ შეიძლება ამომრჩევლის დარწმუნება, ხმა მას მისცეს ისეთ პირობებში, როდესაც უშუალო საკომუნიკაციო არხები შეზღუდული აქვს.
დღეს პოლიტიკური პარტიები უნდა მოქმედებდნენ იმისთვის, როგორ მივიდნენ ამომრჩევლამდე და არა იმისთვის, როგორ შევიდეს ჩიხში 8 მარტის შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილში. პანდემიის გამო მათ დაკარგეს უამრავი დრო, რომელსაც ვერაფრით აინაზღაურებენ, რადგან კრიზისს ჯერ კიდევ არ გადაუვლია და ამასთანავე ზაფხული მოდის, ხოლო სექტემბრიდან ოფიციალურად საარჩევნო კამპანია იწყება. მთელი 3-4-თვიანი პერიოდი, როდესაც კამპანია უნდა ეწარმოებინათ, აღარ არსებობს.
არჩევნები ამ თუ იმ ფორმით მაინც ჩატარდება და აუცილებელია, ოპოზიცია ინოვაციურად და არასტანდარტულად მიუდგეს ამ არჩევნებს. დღეს იმდენად განსხვავებული ვითარებაა მსოფლიოში, რომ ყველაფრის ახალ რეალობაზე მორგებაა საჭირო. შესაბამისად, პოლიტიკური კამპანიების წარმოებისას ტრადიციული მეთოდები უკვე დიდი ხანია, მათთვის ეფექტიანი აღარაა და მით უმეტეს, მოახლოებულ არჩევნებში ვერ იქნება.
_ გმადლობ, საინტერესო საუბრისთვის.

არმაზ მეტრეველი