გივი კუბლაშვილი: „მერიამ თბილისობის დღესასწაულზე 21 საეჭვო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულებამ მილიონ 60 000 ლარი შეადგინა!“

sh1

„დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი“ თბილისის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ამჯერად საქმე ეხება თბილისობის დღესასწაულს, როდესაც მერიამ სხვადასხვა კომპანიასთან 21 ხელშეკრულება გააფორმა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მილიონ 60 000 ლარი შეადგინა.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის“ დამფუძნებელი _ გივი კუბლაშვილი:

_ თბილისის მერიაში ხელშეკრულებები პროცედურული დარღვევით რომ ფორმდება, ეს უკვე არავისთვის არის გასაკვირი. თავიდან, როდესაც თვითმმართველობის მონიტორინგი დავიწყეთ, განცდა მქონდა, თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი გამოვსულიყავი, მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა თვითმმართველობის განვითარებაში, მეგონა, რაც უფრო ღრმად შევიდოდი ამ საკითხებში, მეტს ვისწავლიდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც თბილისის მმართველობაში „ქართული ოცნება“ და დავით ნარმანია მოვიდა, უფრო ექსპერტი ვხდები ფინანსურ მაქინაციებში. დავით ნარმანია და მისი მერია იმდენ გადაცდომას სჩადიან, ბიუჯეტიდან იმდენ თანხას ხარჯავენ არამიზნობრივად, რომ დარწმუნებული ვარ, რომელი კეთილსინდისიერი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ამ საქმეების ამოღებისა და, უბრალოდ, გადათვალიერების შედეგედაც კი საკითხი დადგება და ბევრი კითხვის ნიშანი დაისმება, _ რამდენად სამართლიანად და კანონიერად მიდიოდა ესა თუ ის საქმე?!!

_ კონკრეტულად, რა მაქინაციებზე საუბრობთ?

_ კონკრეტულად, თბილისის მერიის მაქინაციებზე. ანუ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, რატომღაც, ყოველთვის ჩნდება განცდა, რომ თბილისობა უცებ ატყდებათ თავს და თითქოს წინასწარ არ იცოდნენ, რომ თბილისობა ყოველ წელს ტარდება. თავი დავანებოთ იმ ფაქტს, რომ მათ ვერ გაურჩევიათ, რომელი დღესასწაულია ბრწყინვალე და რომელი, უბრალოდ, დღესასწაული. რატომღაც, მერიის თანამშრომლებს, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებს, თბილისობის დღესასწაული ჰგონიათ ბრწყინვალე დღესასწაული. ეს რომ სამარცხვინო ფაქტია, ამას თავი დავანებოთ. კონკრეტულ ფაქტებზე მოგახსენებთ: 2014-2015 წლებში თბილისის მერიას არაერთი კვლევა დავუდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მათ შორის ჩვენმა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თბილისის მერია არამიზნობრივად ხარჯავდა თანხებს, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე იყო საუბარი. დღეს უკვე შუბლის ძარღვი გაიწყვიტეს და კიდევ 21 ხელშეკრულება გააფორმეს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სხვადასხვა კომპანიასთან, სხვადასხვა თანხებზე, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მილიონ 60 000 ლარი შეადგინა. ეს არის ყოვლად მიუღებელი, მით უმეტეს, იმ ფაქტთან მიმართებით, როდესაც გუშინ ვნახეთ თბილისის მერიის განცხადება, რომ სოციალურად დაუცველებს  120-ლარიანი დახმარების ვაუჩერებს მოუხსნიან, მაშინ, როდესაც სოციალურად დაუცველს 1,18 ლარად აჭმევს თბილისის მერია. მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების დროსაც ამ თანხით აჭმევდნენ სოციალურად დაუცველებს, ამ პერიოდში ლარის ინფლაცია და დევალვაცია ძალიან დიდი გვაქვს, ლარმა აბსოლუტურად დაკარგა ძალა და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 1,18 მაშინ იყო 95 ცენტი, დღეს უკვე კატასტროფაა, 50 ცენტიც აღარ არის. ამ დროს თბილისის მერია, რატომღაც, საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ თბილისელების მიერ შეგროვებული ბიუჯეტიდან მილიონ 56 000 ლარზე ხელშეკრულება გაუფორმოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაურკვეველ ინდმეწარმეებს. ხომ არ გგონიათ, რაიმე სერიოზული საქმეა, ვისაც გადაუდებელი აუცილებლობით გაუფორმეს ხელშეკრულებები?!

_ მაგალითად?

_ მაგალითად, საბავშვო გასართობი ღონისძიებები რიყეზე, ინდმეწარმე ვინმე ეკა ტრაპაიძეს მისცეს 17 000 ლარი. შპს „ივენთ ჰოლი“, რომელთანაც კულტურის სამინისტროსაც შეექმნა პრობლემები, რადგან ძალიან ბევრ ხელშეკრულებას დებს ამ ორგანიზაციასთან ეს უკანასკნელი. მერიამაც 138 193 ლარი და 60 თეთრი გადაუხადა (60 თეთრი საიდან გამოინაგარიშეს, ძალიან მაინტერესებს) საპატიო თბილისელების დაჯილდოებისთვის, რომ ეს ღონისძიება მოეწყო. ეს თანხა რომ საპატიო თბილისელებისთვის გადაეცათ, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი კმაყოფილი ადამიანი იქნებოდა და შემდავებელიც არავინ ეყოლებოდათ იმიტომ, რომ საქველმოქმედო აქციებისთვის დაიხარჯებოდა. თბილისში ძალიან ბევრი გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი უსახლკაროა. შემიძლია, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე განახოთ ადამიანი, რომელიც მინდორში იძინებს და იღვიძებს მხოლოდ იმის გამო, რომ სახლ-კარი არ აქვს. მე, ყოველ შემთხვევაში, მიუღებლად მიმაჩნია მერიის ასეთი საქციელი. არის ასევე საქმეები, მაგალითად, ლეღვთახევის ღონისძიების ორგანიზება, შპს „ლდ ლუქსს“109 000 ლარი მისცეს, ასევე მუსიკალური ღონისძიებების მომსახურება 26 000 ლარი, ვიტრინების მოწყობაში ახლად გაკეთებულ აღმაშენებლის გამზირზე 92 856 ლარი გადაიხადეს. უკვე ვფიქრობ, რომ ამას სპეციალურად აკეთებენ, რომ აზრი დაკარგოს ამაზე საუბარმა, მაგრამ ნახეთ, ფაქტი რა არის, რომ რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს _ ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ამ ფაქტზე და მანკიერი გამოცდილებაც კი დაგროვდა. სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ კომპანიებთან (მე ასე მგონია, რომ ესენი დოტაციაზე არსებული კომპანიებია) არაერთ ხელშეკრულებას წააწყდებით, რომ გადახედოთ და რა ხდება შემდეგ _ არჩევნებზე ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები, ან თავად ორგანიზაციები ხდებიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები, რეალურად ამის ფაქტები არსებობს. ვერ გეტყვით წინასწარ ამ ორგანიზაციებიდან 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში რომელი იქნება შემომწირველი, წინასწარ ამას ვერავინ განსჯის და განჭვრეტს, მაგრამ არსებობს ამის საფუძვლიანი ეჭვი იმიტომ, რომ სხვადასხვა სამშენებლო თუ სხვა ტიპის ორგანიზაციაში ამის ფაქტები გვაქვს, რომლებიც შემომწირველებში აღმოვაჩინეთ, რომლის კომპანიასაც ტენდერები აქვს მოგებული, ან ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მიიღო თანხა ბიუჯეტიდან. ვფიქრობ, რომ თბილისელებმა ერთხელ და სამუდამოდ რეალურად უნდა დაიწყონ ფიქრი იმაზე, რომ რაღაც უშველონ თბილისის მერიას. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის, რაიონების გამგეობისა და სიპების თანამშრომელებს მოსთხოვეს, რომ მათ უნდა მოხაზონ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურით არჩევნებზე 41 ნომერი. თავს ვერავინ გამოააშკარავებს, რეალურად ვინ მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა საკუთარ თანამშრომლებზე და ამომრჩეველზე, კაი დედმამიშვილი ხარ და აბა, არ შემოგიხაზია „ქართული ოცნება“, ასეთ შემთხვევაში ემუქრებიან, ალბათ, რომ სამსახურებს დაატოვებინებენ, რომ გაუფუჭებენ პირად საქმეს. ამის ფაქტებიც არაერთი გვაქვს და არაერთხელ ყოფილა ამაზე საზოგადოებაში საუბარი, რომ „ქართული ოცნება“ ემუქრება სოციალურად დაუცველებს. სხვათა შორის, თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირებზეა საუბარი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებზე. ეს არის დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით უნდა ისჯებოდეს. დავით ნარმანია რატომ დადის საერთოდ თბილისის ქუჩებში და რატომ არის, საერთოდ, თბილისის მერი?! ეჭვი მაქვს, ეს, ჯერჯერობით, იმიტომ ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი პროექტები აქვს დასასრულებელი „პანორამა თბილისის“ სახით, ის პროექტი აუცილებლად უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ამ პროექტის ბოლომდე მიყვანის პასუხისმგებლობა მას აქვს აღებული და თუ არ შეასრულებს, დარწმუნებული ვარ, დავით ნარმანიას ხელს არავინ დააფარებს, მაგრამ რა იქნება, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწირული ადამიანები, არაერთი გვინახავს მთავრობაში და აწ უკვე ოპოზიციაში, რომლებმაც უკვე თავი დაანებეს პოლიტიკას. აგერ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით უსუფაშვილი პარტიიდან წავიდა. ამ ადამიანმა ლიმონივით გამოწურა ყველა, მოახერხა, რომ მის გარშემო გაეკეთებინა მობილიზება პოლიტიკური სპექტრისთვის და ჟარგონით რომ ვთქვათ, ჯიბეში ჩაისვა ყველა, რასაც უნდა, იმას აკეთებს. ფაქტი რჩება ის, რომ საქართველოში არასაპარლამენტო ოპოზიცია რეალურად აღარ არსებობს.

_ როგორ ფიქრობთ, ამ ფონზე რა როლი ეკისრება საზოგადოებას?

_ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეალურად უნდა იმუშაონ, უნდა გაასაჯაროონ ფინანსური დარღვევები, რომელსაც არჩეული ახალი მთავრობა ჩაიდენს. ვნახეთ, რომ მათ უკვე აქვთ გამოცდილება, როგორ იშოვონ ფული ბიუჯეტიდან, არაერთი ფაქტი დადებულა, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება არ წარმოებს, ყოველგვარი საქმე შემოდებულია თაროზე და როდის ჩამოიღებენ, კაცმა არ იცის. ჩვენ ვნახეთ თბილისის მერიის თანამშრომლები და გამგებლები, რომლებიც ქრთამზე დააკავეს, არის ასევე ეჭვები და სერიოზული განცხადებები პროკურატურაში შესული, პირადად ჩემ მიერ არაერთი ფაქტია დაფიქსირებული, გახსოვთ, ბაღდათის გამგებლის საქმე, რომელმაც 250 000 გადაიხადა საბოლოო ჯამში და, ჯერჯერობით, გირაოთია თავისუფლებაზე გამოსული. არის ფაქტები იმისა, რომ ბიუჯეტში გარღვევებია და ადამიანებს პირდაპირ ჯიბიდან პარავენ ფულს, ბიუჯეტი ხომ ყველა ჩვენგანის ჯიბიდან დგება, არსამათავრობოები და საზოგადოება, რაც შეიძლება აქტიურად უნდა ჩაერთოს და არც ერთ ვარიანტში არ უნდა დაჰყვეს „ქართული ოცნების“ მიერ ნიჰილიზმის დანერგვას. როგორც კი ეს ფესვებს გაიდგამს საზოგადოებაში, მთლიანად ყველაფერი დაკარგული გვაქვს და ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად გადაეშვება 20-25 წლით უკან. ჩვენს ქვეყანას აქვს იმის გამოცდილება, როგორ მოკლან პოლიტიკური სპექტრი სხვადასხვა სამსახურებმა და თავად მმართველმა ძალამ. ძალიან კარგად გვახსოვს შევარდნაძის დროინდელი ქვეყანა, როდესაც ნაცრისფერი იყო ყველაფერი, არ გვქონდა დენი, წყალი, გაზი, არაფერი არ გვქონდა, მაღაზიაში შედედებული რძის ქილები ეწყო და ჰუმანიტარული დახმარებით შემოტანილი მაკარონი. არ მინდა, ნამდვილად, რომ ჩემი და სხვისი შვილები ამ პერიოდში მოხვდნენ, ამისთვის არ უბრძოლია არც ერთ ქართველს, არც მაშინ და არც 2012 წლის არჩევნების პერიოდში, რომ ისევ უკან დავბრუნებულიყავით. ყველა ნათელი მომავლისთვის იბრძოდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა იმ დავალების შესრულება, რომელიც მას, როგორც ჩანს, რუსეთიდან აქვს გამოყოლილი იმიტომ, რომ საქართველოში რუსული სპეცსამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობენ, ძალიან აქტიურად მიდის ადამიანების დამუშავება და ზუსტად მიზანმიმართული სამუშაოები სრულდება იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა და იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ენერგია ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს და თავისი გამოცდილება შეუძლია მოახმაროს თავის ქვეყანას, ახალი ენერგიით ააშენონ ქვეყანა, ადამიანებში ჩაკლან ყველანაირი ენთუზიაზმი და ყველას ყურადღება გადაიტანონ იმაზე, სად იშოვონ საჭმლის ფული, სად იშოვონ ბავშვების ფული, სად იშოვონ ელემენტარული სარჩო-საბადებელი. ჩვენს ქვეყანაში ძალიან გაიზარდა სოციალურად დაუცველების რაოდენობა, გაიზარდა სრუდენტების რაოდენობა, რომელთაც სტატუსი შეუჩერდათ გადასახადების გადაუხდელობის გამო და მთელ ქვეყანაში გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა. დღევანდელ ქვეყანაში რეალურად დამსაქმებელი არის სახელმწიფო, ანუ სამინისტრო და თვითმმართველობის ორგანოები. თბილისის მერიაზე როდესაც პეტენზიას გამოთქვამდნენ რომ გიგი უგულავას გაბერილი ჰქონდა შტატები, თავად რამდენი შტატი დაამატეს აიპებში, სიპებსა და თვითინ მერიის სტრუქტურებში?! ამას ჩემი კვლევაც ადასტურებს, რომ თითქმის 5000 კაცია მერიის სამსახურებში დამატებული და აიპებში კონკრეტული ციფრის გამოკვლევა ვერ ხდება იმიტომ, რომ ანგარიშვალდებულები არ არიან და საჯარო ინფორმაციებს არ გვაწვდიან. აქედან გამომდინარე, მგონია და ვეთანხმები ოპოზიციურ ძალებს, რომ უნდა მოხდეს სამინისტროებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების შემცირება, რეალურად მოხდეს კერძო ინვესტიციების მოძიება იმისათვის, რომ ჯერ ერთი ლარი გამყარდეს და მეორეც, რომ დასაქმება რეალური იყოს. ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ ლარი გამყარდება და ჩვენ გვეუბნება, იმედი გქონდეთო. თვითონ არ სჯერა ამ ადამიანს ლარის გამყარების და მე როგორ დავიჯერო?! მით უმეტეს, როდესაც ვხედავ, ყოველდღიურად სად მიფრინავს კურსი, კაცმა არ იცის. ამ დროს თბილისის მერია და სხვადასხვა სამსახური, რომელთაც ტენდერის გამოცხადება ევალებათ, მიზანმიმართულად ახდენენ ლარის დევალვაციას ამ ერთ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებებით. ეს არის ერთჯერადად გამოსროლილი თანხები მიმოქცევაში, რომელიც ლარს სერიოზულად ურტყამს, ეს არაფრით შეიძლება, მაგრამ, სამწუხაროდ, ან ცოდნა არ აქვთ, ან, უბრალოდ, მგონია, რომ ფულის შოვნაზე არიან გადასულები. ეჭვი მაქვს, რომ დავით ნარმანია და თბილისის მერიის კონკრეტული თანამდებობის პირები ამ საქმეებზე არიან მიზანმიმართულად ორიენტირებულები.

_ ფულის გათეთრებაზე საუბრობთ?

_ რა თქმა უნდა, პირდაპირ ამას ვგულიხმობ, „ატკატებს“… ტენდერების გზით როდესაც ხელშეკრულებები ფორმდება, რომელი კომპანიაც მოიგებს ტენდერს, იმ კომპანიასთან თუ გამგეობის მიერ არის გამოცხადებული ტენდერი, მიდიან და ეუბნებიან, რომ ჩემი 2-3 კაცი უნდა დაასაქმო კომპანიაშიო. ამაზე უკვე წუწუნებენ კომპანიები, მაგრამ ჯერ მაინც ერიდებიან ღიად საუბარს იმიტომ, რომ არ იციან, რა იქნება 2017 წელს, მათაც სჭირდებათ სამუშაო, სახლში ფულის მიტანა, მათ ოჯახებსაც სჭირდება რჩენა, ამიტომ ეშინიათ ამ ინფორმაციის ღიად გასაჯაროება და საკუთარი თავის გამოაშკარავება, თორემ მე პირადად მაქვს ისეთ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც ამბობენ, რომ აღარ შეგვიძლია, გვაძალებენ, ეს ჩასვით, ის ჩასვითო… ტენდერში გამარჯვებული კომპანიების 99%-ს ამას აძალებენ, მაგრამ, რეალურად, ვერ ებრძვიან, რადგან ამის არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ. არ მიიღებენ ტენდერში მონაწილეობას და გამგებლები, მათი მოადგილეები და სხვა თანამდებიბის პირები თავიანთ კომპანიებს მიაღებინებენ მონაწილეობას და მათ მოაგებინებენ. ვნახეთ, რომ რამდენიმე გამგებელს და გამგებლის მოადგილეს, თავიანთი მეუღლეების კომპანიებსა და ახლობლების აძლევენ ხელშეკრულებით საკმაოდ დიდ თანხებს. ასეთი საქმეები ძალიან ბევრია, კომპანიას ტენდერს რომ მოაგებინებ, თან სერიოზულ თანხებზე, მილიონებზეა საუბარი და იქიდან რომ მოსთხოვ, ჩემი ახლობელი დაასაქმე, კაცმა არ იცის, აღებული ხელფასიდან კიდევ რამდენი უნდა მიუტანოს ამ საქმეზე, რადგან ეს ხდება შავად. ყველაფერი ძალიან სერიოზულ კონტროლს მოითხოვს, მაგრამ დღეს ქვეყანაში პატრონი არ არის!

 

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:

„თბილისობასთან დაკავშირებით მოეწყო სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც მოიცავს როგორც შინაარსობრივ, ასევე, ტექნიკურ ნაწილს. რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს _ სცენის მოწყობა, გახმოვანება, განათება, მასალების ბეჭდვა და ა. შ. ამ ტიპის მომსახურება ტენდერის გზით შევისყიდეთ, თუმცა ნაწილის შესყიდვა მაინც აუცილებელი გახდა გამარტივებული შესყიდვის გზით, რადგან, როგორც ხედავთ, წინა წლებთან შედარებით წლევანდელი ღონისძიებები ბევრად მრავალფეროვანია.

რაც შეეხება ღონისძიებათა ციკლს, მათი შინაარსობრივი ნაწილის ტენდერის გზით შესყიდვა არ მიგვიყვანდა ეფექტიან შედეგამდე“.

 

                                                                                               თამარ ბატიაშვილი