გია ხუხაშვილი: „მთავარი ინტრიგა: მეორე ტურში კალაძე გადავა თუ გახარია?“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა, განსაკუთრებით კი დედაქალაქში.

პირველ სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია იბრძოლებს. გახარიას ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ კი, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თბილისის მერიაში, გახარიასა და კალაძეს შორის შეხვედრა შედგა. მეტიც, კობახიძე და მდინარაძე საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს გახარია მზად იყო, „ქართული ოცნების“ მხრიდან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, საკუთარი კანდიდატურა არ დაეყენებინა. არსებული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია კახა კალაძემ დაადასტურა, თუმცა გახარიას თქმით, ეს ინფორმაცია ტყუილია.

ამ პროცესების პარალელურად, კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

რა კუთხით ცვლის პოლიტიკურ მოცემულობას გახარიას ჩართვას თბილისის მერობისთვის ბრძოლაში, რამდენად გამართლებულია „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება და რითი აიხსნება ოპოზიციის წინასაარჩევნო პასიურობა.

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, „“ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ თბილისის მერობისთვის პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეც იბრძოლებს, გახარიას ჩართვა ამ ბრძოლაში კალაძეს ართმევს ხმებს და ზრდის მელიას შანსებს, თუ პირიქით ზრდის კალაძის პირველივე ტურში გამარჯვების შანსს?

_ მოგეხსენებათ, ვითარება ისეთია, რომ მეორე ტური პრაქტიკულად გარდაუვალია. გახარია, ელექტორალური თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში პირველ ტურში, არ შეიძლება განვიხილოთ მელიას კონკურენტად, იმიტომ, რომ მელიას ჰყავს საკმაოდ კარგად ორგანიზებული ძალიან მყარი ელექტორალური სეგმენტი, რომლისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ორივე ალტერნატიული კანდიდატი, როგორც გახარია, ასევე კალაძე. შესაბამისად, ამ ელექტორალურ სეგმენტზე პრეტენზია არც აქვს გახარიას. მისი პოლიტიკური გზავნილი, არც არის მიმართული იმაზე, რომ შეიქმნას ილუზია ამ ელექტორატის მოზიდვა შეუძლია. შესაბამისად, პირველ ტურში კონკურენცია ამ სამობილიზაციო ელექტორატზე იქნება კალაძესა და გახარიას შორის. სხვანაირად, რომ ვთქვათ ბუნებრივია, გახარიას მიჰყავს ის ელექტორატი, რომლის იმედზეც იყო „ქართული ოცნება“.

_ თქვენი თქმით, გახარიას მიჰყავს ის ელექტორატი, რომლის იმედზეც არის „ოცნება“ კონკრეტულად რა შანსები აქვს გახარიას?

_ ძნელი სათქმელია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, პირველ ტურში კალაძესა და გახარიას შორის კონკურენციაზე. ორივეს აქვს თავისი აქტივები და პასივები. რაც შეეხება კალაძის აქტივებს, ბუნებრივია ეს არის მატერიალური რესურსი, ანუ განუსაზღვრელი ფული. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ქალაქი გადაძეძგილია ფასიანი გარე, სატელევიზიო თუ სხვა ტიპის რეკლამებით. გარდა ამისა, ადმინისტრაციული რესურსი, ასევე იმუშავებს პროპაგანდისტული რესურსი იმუშავებს მასზე და ამ მხრივ, გახარიასთან შედარებით, აშკარა უპირატესობა აქვს იმიტომ, რომ გახარიას მხარდამჭერი მედია სივრცე უბრალოდ არ არსებობს ჩვენ სინამდვილეში, ამიტომ პროპაგანდისტული რესურსიც არის კალაძის აქტივი. რაც შეეხება გახარიას აქტივებს, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ პერსონალური რეიტინგით ის წინ არის კალაძეზე. მე მეტსაც გეტყვით, თვითონ „ქართული ოცნების“ ელექტორატში მიმღებლობის თვალსაზრისით, კონკრეტულად ამ სეგმენტზე გახარია უსწრებს კალაძეს. მისი აქტივია, ასევე ბევრად უკეთესი რიტორიკული და საქმიანი შესაძლებლობები. ჩვენ თუნდაც, როდესაც პრეზენტაციებს ვხედავთ, ერთის და მეორის, აშკარა უპირატესობა აქვს გახარიას, როგორც პოლიტიკური გუნდის ხარისხის მიმართულებით, ასევე თვითნ ტექნოლოგიურად, როგორ არის ეს ყველაფერი შესრულებული. მეორე მხრივ, გახარიას სისუსტედ შეიძლება, აგრეთვე ჩავთვალოთ ის, რომ მისი რეიტინგი მაინც მოლოდინის რეიტინგია ის გარკვეულწილად, ორ ცეცხლს შუა მოქცეული. ორივე მხარე შეეცდება ის თამაშგარეთ დატოვოს და ჩვენ სინამდვილეში ორპოლუსიანობა დააბრუნოს, რაზეც იყო აგებული მთელი ამ წლების განმავლობაში პოლიტიკური პროცესი, ამის ინსტრუმენტები აქვთ, იმიტომ, რომ სატელევიზიო მედია ძირითადად აშარად გამოკვეთილი პოლიტიკური გემოვნებით გამოირჩევა და შესაბამისად, გახარიას საინფორმაციო თვალსაზრისით, თამაშგარეთ დატოვება მათ არ გაუჭირდებათ. გახარიას ახლა ეს ამოცანა აქვს, როგორ გაარღვიოს ეს იზოლაციის მცდელობა ორივე ტრადიციული პოლუსის მხრიდან, ფაქტობრივად ყველა მიმართულებით. თან მოლოდინის რეიტინგი მყიფე ინდიკატორია, ხშირად გადადის ხოლმე დიდ იმედგაცრუებაში. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ გახარიაზე განხორციელდება ძალიან ბინძური შეტევები და ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა, იგივე კობახიძის და მისი დამქაშების განცხადებები, რომელიც არაჯანსაღი ფანტაზიის ნაყოფი იყო, რომ თითქოს გახარია მზად იყო, „ქართული ოცნების“ მხრიდან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ საკუთარი კანდიდატურა არ დაეყენებინა. ეს ყველაფერი ამ ოპერიდან არის, მაგრამ ეს არის პრელუდია, მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მძიმე დარტყმებიც განხორციელდება გახარიაზე. თუ გახარიამ ამ ყველაფერს გაუძლო და შეინარჩუნა პოზიციები, ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ შანსი იმისა, რომ მან ამ პირველი ტურის კონკურენციაში დაამარცხოს კალაძე არსებობს. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, მელიას პრაქტიკულად, გარანტირებული აქვს მეორე ტურში გადასვლა და პირველი ტურის მთავარი ინტრიგა იქნება, მეორე ტურში კალაძე გადავა თუ გახარია. კალაძეს აქვს გარკვეული უპირატესობა, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მან ეს უპირატესობა შეინარჩუნოს. თუ სწორად გაათამაშა გახარიამ თავისი კოზირები, ამ შემთხვევაში შეიძლება, კალაძე საერთოდ თამაშგარეთ დარჩეს, რაც არა მხოლოდ კალაძის, არამედ მთლიანად „ქართული ოცნების“ კატასტროფის წინაპირობა იქნება.

_ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც აქამდე მოქმედება გახარია, მას აქვს შანსი, რომ გახარია-მელია ვიხილოთ მეორე ტურში?

_ ამის შანსი არის. მე ვერ ვიტყოდი, რომ ამის დიდი შანსია, მაგრამ ასეთი შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს. მე კვლევებიდან ვმსჯელობ, ჰაერზე არ ვსაუბრობ. კვლევით, „ქართული ოცნების“ ელექტორატში, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“, რასაც თავის ელექტორატად თვლის, ამ ელექტორატში გახარიას მიმღებლობა, უფრო მაღალია, ვიდრე კალაძის, ანუ ფაქტბრივად, წმინდა საარჩევნო კუთხით, რომ შევხედოთ და ტექნოლოგიები და რესურსების უპირატესობები, მედიაზე ხელოვნური თუ სუბიექტური ზეგავლენა და პროპაგანდისტულ იარაღად გამოყენება, გვერდზე, რომ დავტოვოთ ამ შემთხვევაში, გახარია წმინდა ელექტორალური თვალსაზრისით, თავისუფალი ნების გამოხატვის პირობებში კალაძეს უგებს. სხვა საკითხია, რომ სხვადასხვა მიმართულებით რესურსული ფაქტორები, რომ ერთვება ამან შეიძლება სურათი შეცვალოს და ეს სერიოზული არგუმენტია. ასე, რომ მე ვფიქრობ ყველაფერი წინ გვაქვს და საკმაოდ საინტერესო, დინამიური და შეიძლება ითქვას, დრამატულიც თვე გვექნება.

_ ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის განცხადებები ახსენეთ,კალაძესა და გახარიას შეხვედრასთან დაკავშირებით, მათი თქმით, გახარია მზად იყო, „ქართული ოცნების“ მხრიდან ფინანსური დახმარების სანაცვლოდ საკუთარი კანდიდატურა არ დაეყენებინა, – რაზე მეტყველებს მათი მხრიდან ამ ტიპის განცხადება?

_ ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წამსვლელია. ისინი საფუძვლიანად თვლიან, რომ გახარია მათთვის იქცა ძალიან სერიოზულ პრობლემად და გამომდინარე იქედან, რომ ისინი საერთოდ არ ცნობენ წითელ ხაზებს და ნებისმიერ სიბინძურეზე ხელისმომწერები არიან, – ამის დაანონსება მოხდება მეტი არაფერი და ეს არ არის ბოლო შემთხვევა. თუ კალაძესა და გახარიას შორის შედგა შეხვედრა, მე საერთოდ არ მესმის ეს რატომ არის გახარიას კომპრომატი, უფრ კალაძის კომპრომატია და რაღაც ცუდად დაემთხვა, პროკურატურის შესვლა თბილისის მერიაში, ფაქტობრივად იმ დღესვე მოხდა. ამ შემთხვევაში ინტრიგა იმაში კი არ არის, გახარიამ რა გააკეთა, ინტრიგა იმაშია, რომ კალაძეს არ ენდობიან შიგნით, – ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის რატომ გადადგა ეს ნაბიჯი გახარიამ, თუ გადადგა. ეს აბსოლუტურად ცივილიზებული ფორმაა, იმიტომ, რომ პოლიტიკაში ოპონირება ან თუნდაც მტრობა ეს არ ნიშნავს ადამიანურ ურთიერთობებზე უარის თქმა, აქ რაღაც მიჯნა უნდა იყოს გატარებული. თუ რაღაც წინა ურთიერთობის გამო ადამიანი ვალდებულად თვლის თავს, რომ თავის კონკურენტს, ოპონენტს წინასწარ  შეატყობინოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რაზეც კალაძემ ილაპარაკა, რომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ უთხრა გახარიამ, ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ღირსეული ნაბიჯია. ამ შემთხვევაში,კობახიძემ ის მოახერხა, რომ უფრო კალაძეზე დადო კომპრომატი, ვიდრე გახარიაზე.

_ კობახიძის ამ განცხადებაში, ხომ არ ხედავთ მიზანიმართულ გზავნილს, რომ ამას კალაძის საწინააღმდეგო შედეგი ჰქონოდა, ამ ტიპის ინტერესი შესაძოა ჰქონდეს კობახიძესა და მის ‘გუნდს’?

_ შიგნით, რომ არაჯანსაღი სიტუაციაა ეს სავსებით ცხადია. კალაძეზე, რომ ეჭვიანობენ ესეც ცხადია, დიდი ხანია ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. სხვა საკითხია, რომ საერთო დანაშაული ადამიანებს აკავშირებს, დანაშაული ადამიანებს, უფრო მეტად კრავს, ვიდრე მეგობრობა, იმიტომ, რომ საერთო პასუხისმგებლობის ეშინიათ. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ შეეცდება კალაძე მოკლე საბელზე დაიჭიროს, მანევრის საშუალება არ მისცეს და ამაში ალბათ ჩაერთვება ყველა მექანიზმი, პროკურატურა, სპეცსამსახურები და ბევრი რამ. არა მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდეს კალაძეზე შესაბამისი დოსიეს შექმნა, რომელიც მისაბმელს ძალიან დაამოკლებს და საჭიროების შემთხვევაში მოახრჩობს კიდევაც. ასე, რომ ამ თამაშში ვართ. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოში ასეთ თემებზე გვიწევს ლაპარაკი და მითუმეტეს, ისეთ დაჯგუფებაზე, რომელიც მუდმივად გუნდის ინტერესებზე ლაპარაკობს. სად არის გუნდი, გუნდი არ არსებობს. ზიზღზე აშენებულ დაჯგუფებას არ შეიძლება გუნდი ეწოდოს.

_ ამ პროცესების პარალელურად, 2 სექტემბერს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერა ხელი, ეს პარტიის ამომრჩეველში ხომ არ გამოიწვევს იმ ტიპის იმედგაცრუებას, რაც არჩევნებზე უარყოფითად აისახება „ნაცინალური მოძრაობისთვის“?

_ ვფიქრობ, რომ ამომრჩეველი სწორად გაიგებს ამ ნაბიჯს იმიტომ, რომ წმინდა პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, ეს არის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ უკვე შევდივართ იმ ფაზაში, როდესაც უნდა დადგინდეს რა ხდება იმ შემთხვევაში 43 %-იან ბარიერს ვერ გადალახავს, ანუ ამის შემდეგ რა პოლიტიკურ პროცესთან გვექნება საქმე. „ქართული ოცნების“ ბოლო არგუმენტი არის ეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოაწერა ხელი და თითქოს, ამიტომ გავიდნენ ისინიც ხელშეკრულებიდან, ეს არგუმენტი სამომავლო პოლიტიკურ პროცესში, 2 ოქტომბრის შემდგომ „ქართულ ოცნებას“ უნდა გამოეცალოს და ეს ჩემი აზრით, სწორი პრევენცია. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მაგრამ ეს კითხვები არ არის ახლა მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ მუდმოვად უკან არ უნდა ვიყუროთ, გუშინ და გუშინწინ რა იყო იმაში კი არ უნდა ვიქექებოდეთ, არამედ წინ უნდა ვიყუროთ. მომავალი პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, ეს არის პოლიტიკურად აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ამომრჩეველზე როგორ აისახება, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი შეიძლება შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სხვადასხვა ეპიზოდებში ბრაზდებოდეს, მაგრამ მას ხომ ალტერნატივა არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, რომც გაბრაზდნენ სად წავლენ გახარიას მისცემენ ხმას, თუ კალაძეს, გასაგებია, რომ ისევ მელიას დაუჭერენ მხარს. მითუმეტეს, რომ მელიამ მოახერხა და „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებს გასცდა, ანუ მელია არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, მელია არის „ნაციონალურ მოძრაობას“ პლიუს კიდევ რაღაც, ანუ მან არ აიკრა „ნაციონალური მოძრაობის“ ის კომპრომატი, რომელზეც მუდმივად აპელირებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. მთლიანად არ აიკრა ეს კომპრომატი, რაღაცნაირად უნიკალური მოდელი შექმნა. შესაბამისად, მე ამას არ ვუყურებ დრამატულად. ახსნადია ეს ყველაფერი თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი „ნაციონალურმა მოძრაობამ“. შესაძლოა, ვიღაცამ იჭუჭყუნოს, მაგრამ არა უმეტეს ამისა.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ როგორც ქალაქში, ასევე მედიაში ყველგან კალაძის რეკლამაა, არა მხოლოდ კალაძის შემთხვევაში, თვალშისაცემია, „ქართული ოცნების“ კანდიდატების პლაკატები ყველა რეგიონსა თუ ქალაქში, ამ კუთხით საერთოდ არ ჩანს ოპოზიცია და მათი კანდიდატები, გასაგებია, რომ მატერიალური რესურსი იმდენი არ აქვთ, რამდენი მმართველ გუნდს, თუმცა რითი აიხსნება მათი პასიურობა ამ კუთხით? ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრის ნაწილში, ხშირად აღნიშნავენ, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით ხელისუფლებისგან განსხვავებით პასუხისმგებლინად იქცევიან და მასშტაბურ შეხვედრებს არ აწყობენ – რამდენად სწორია ეს მიდგომა?

_ მასობრივ შეხვედრებს, რომ არ აწყობენ ეს სწორია, იმიტომ, რომ პანდემია უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ კომუნიკაცია შეწყვიტონ ხალხთან იმიტომ, ეომ მარტივი პრინციპი არსებობს, შენ თუ არ მიდიხარ ხალხთან ხალხი მითუმეტეს არ მოვა შენთან. ფორმა თუ როგორ მოვიდნენ ხალხთან ეს ფორმა უნდა მოძებნონ ერთი თვეა არჩევნებამდე დარჩენილი და რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვან და ხალხთან კომუნიკაციის ფორმა მოძებნონ. კამერული, სატელევიზიო, ფაქტობრივად, ცალმხრივი კომუნიკაცია აბსოლუტურად არ არის მისაღები და მითუმეტეს საკმარისი. კარდაკარ უნდა მოიარონ ყველაფერი და შეძლონ და დაარწმუნონ ამომრჩვეელი, რომ მისი პრობლემების გადაწყვეტას ისინი უკეთესად შეძლებენ, ვიდრე არსებული ხელისუფლება. ტელევიზორი ეკრანიდან კი არ უნდა პირდებოდნენ, ზოგჯერ სისულელესაც კი, არამედ მათთან პირდაპირი კომუნიკაციის, ინტერაქტიული კავშირი უნდა გაჩნდეს, ეს კავშირი თუ ვერ გააჩინეს ხალხთან, მაშინ სავალალო შედეგი ექნებათ, ჯერჯერობით, ჩვენ რასაც ვხედავთ ამას აკეთებს გახარია, დინამიურად ვითარდებიან. ასევე, ნაწილობრივ ეს კომუნიკაცია დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. თუ შეამჩნევთ, სხვა პარტიების კომუნიკაცია მუდმივად ეკრანებიდან მიმდინარეობს, ამ ვირტუალურ კამპანიას აწარმოებენ. როგორც ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, ეს ვირტუალური ცალხმრივი კამპანია, როგორც ჩვენი გამოცდილება აჩვენებს არ შეიძლება იყოს და ვერ იქნება ეფექტური. ასე, რომ ხალხში გავიდნენ მე ყველას ვურჩევ, რა ფორმით გააკეთებენ ამას, ამაზე თვითონ იფიქრონ.

_ ერთი მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასია და ამ არჩევნებით წყდება როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, მეორე მხრივ, კი სათანადოდ არ აქტიურობენ, მათ შორს, მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაწილში, – რითი აიხსნება ეს?

_ ბევრი რაღაც არის ერთად, მათ შორის სიზარმაცე. ახლა ზაფხულია, ზღვაზე დასვენება უნდათ , ოჯახები ჰყავთ გარდა ამისა, პანდემიაა. ასევე, შესაბამისი კრეატიულობა არ ჰყოფნით. როდესაც შენ არგუმენტებს ეძებ იმისას, თუ რატომ არ ხვდები ხალხს, ეს მინიმუმ სიზარმაცეა, ან პოლიტიკური პროცესისადმი კაპიტულანტური, სკეპტიკური განწყობა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მცირე პარტიებს მაინცდამიანც არ უნდათ რიგგარეშე არჩევნები, იმიტომ, რომ იმაზე მეტს, რაც დღეს პარლამენტში აქვთ ისინი ვერ მიიღებენ, – ეს სრულიად ცხადია. 6 კაციანი ფრაქციები შექმნეს, ამაზე მეტის იმედი მათ რიგგარეშე არჩევნებზე არ აქვთ. გასაგებია, რომ ერთი მხრივ, ისინი ამას არასდროს აღიარებენ, მაგრამ პოლიტიკური რეალობა ასეთია, – ეს ჩვენ ხომ ვიცით.

_ წინასაარჩევნო პროცესების პარალელურად, კი „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს, რაზე აქვს გათვლა მმართველ გუნდს და აცნობიერებენ თუ არა შედეგებს, რაც შეიძლება მათ ამ ნაბიჯს მოჰყვეს?

_ ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ახლა მთავარია შიგა პოლიტიკური პროცესი და მზად არის, რომ ნაბან წყალს ბავშვიც გადააყოლოს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ისინი პარანოიდალური შიშით არიან შემყრობილები და მზად არიან, რომ ხიდები დაწვან პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნონ. მათი ტაქტიკური გათვლა, ამ თემასთან დაკავშირებით არის მარტივი, ისინი არც ისე ბრიყვები არიან, რომ ვერ ხვდებოდნენ თუ რა ზიანს აყენებენ დასავლეთთან ურთიერთობას, მაგრამ ისინი დღეს, ერთგვარ სკეპტიკურ განწყობას ქმნიან საზოგადოებაში, რომ საზოგადოებამ იფიქროს, მაინც არაფერი შეიცვლება, შესაბამისად ნიჰილიზმი თუ დათესეს ამ შემთხვევაში ასეთ გარემოში ძალიან ადვილია არჩევნების ყიდვა. თუ ამომრჩეველმა ჩათვალა, რომ მაინც არაფერი იცვლება, ის იფიქრებს, რომ ან სახლში დავრჩები, ან ერთჯერადად ამას მივეყიდები, მაინც არაფერი იცვლება და სჯობს ისევ „ქართული ოცნების“ მერი იყოს ქალაქში, რაღაცას მაინც გააკეთებს, – ასეთი განწყობა უნდათ დათესონ და მერე ამომრჩეველი იყიდონ. გასაგებია, რომ ფული მთლიანად მათ ხელშია და მარტივად, დადგნენ და თუ 5 კგ კარტოფილი არ ეყოფათ 10 კგ-ს მისცემენ, მათ ხომ განუსაზღვრელად მეტი რესურსი აქვთ. ასეთი განწყობის შექმნა უნდათ და ამ ნიჰილისტურ გარემოში თუ გადალახეს 43 % , შემდეგ ისევ შეეცდებიან, რომ დასავლეთთან დაალაგონ ურთიერთობა. თუ ხელისუფლება ლეგიტიმაცია მიიღო, დასავლეთსაც მეტი რა გზა ექნებათ. მთავარია ეს ერთი თვე გაუძლოს „ქართულმა ოცნებამ“ და შემდეგ დასავლეთს ბოდიშებს მოუხდიან, რაღაცას იზამენ. დასავლეთიც იფიქრებს: თუ ამ ხალხს ესენი უნდა, კი შეიძლება ნაძირლები არიან, მაგრამ თუ ეს ნაძირლები გვეუბნებიან, რომ თქვენი ვართ, – მათთვის მთავარი ხომ არჩევნების შედეგებია, ეს არის მათთვის წითელი ხაზი, თუ საარჩევნო შედეგი ასე მანიპულირებულად მთელი სიბინძურეებით მიიღეს, იმის იმედი აქვთ, რომ დასავლეთი თვალს დაუხუჭავს. ან დაუხუჭავს ან არა, მე გარანტირებულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ტაქტიკური გათვლა ასეთია. მითუმეტეს, „ქართული ოცნებისთვის“ ეს ყველაფერი პრობლემა არ წარმოადგენს, რადგან ეს არ არის დაჯფუფება, მე მათ პარტიას ვერც ვუწოდებ, რომელსაც აქვს რაღაც მწყობრი ფასეულობათა სისტემა, მათი ერთადერთი ფასეულობა არის ძალაუფლება, რომელსაც მათთვის მოაქვს სიკეთე და ასევე, რაც მთავარია ძალაუფლება. მათ ეშინიათ, ჰგონიათ, რომ ძალაუფფლების გარეშე ყველას დაიჭერენ და რაღაცას უზამენ, შიშის ფაქტორიც არის. ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც დასჭირდება იმის შესაბამისი გახდება, მათი ფასეულობათა სისტემა. დასჭირდებათ, დაიძახონ გაუმარჯოს, ნატოს, იტყვიან გაუმარჯოს ნატოს, დასჭირდებათ იმის თქმა, რომ გაუმარჯოს წითელ არმიას, ამასაც იტყვიან. ჩვენ ხო ვხედავთ, რა ელექტორალურ სეგმენტზე აკეთებენ ისინი ძირითად აქცენტებს, ურაპატრიტიზმზე და ყველა არჩევნებზე, ურაპატრიოტულ, ოხლოკრატიაზე დამაყებულ გზავნილს იგონებენ და იმაზე აგებენ ყველაფერს. ხომ არ იცით სად არის გარეჯი, წინა არჩევნებიც ხომ ამ ურაპატრიოტულ გზავნილზე ააგეს. ღარიბაშვილს რატომ არ უსვამენ კითხვას, სად არის გარეჯი. ხომ შეგვპირდა და გამოვიდა დიდი „პატრიოტი“ და „გმირი“, სად არის ეს გარეჯი ვინმეს ახსოვს?! ახლა ისევ ურაპატრიოტული გზავნილი აქვთ, რელიგიურ მოტივებზე აგებულ ულტრაკონსერვატიზმზე, ანუ ხალხის ყველაზე ბნელი ინსტიქტები ამოაქვთ. ოხლოკრატიული გზავნილი, ტექნოლოგიაც ხომ ეს არის, როდესაც შენ ცდილობ, რომ ადამიანებს გაუჩინო გონება და მხოლოდ ინსტიქტების ბაზაზე შეუქმნა მტრის ხატი და ინსტიქტებმა მათში გააღვიძონ ყველაზე ქვედა აგრესიული ინსტიქტი, აცემინო ჟურნალისტები, გქონდეს გზავნილი, რომ ქართველობას გვართმევენ და ამ ოხლოკრატიული გზავნილით მართო სიტუაცია. ამას აკეთებს დღეს „ქართული ოცნება“.

_ პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზისით, შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი, ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა, გამართლებულია?

_ გარკვეულწილად კი. ამ საზოგადოებაში არის გარკვეული სეგმენტი, რომლისთვისაც ეს გზავნილი არის მუდმივად მისაღები, ასევე ის სეგმენტია, რომელიც მუდმივად ტყუვდება, მუდმოვად მზად არის, რომ გათიშოს გონება და თავისი პრობლემების ადრესად ხელისუფლება კი არ გახადოს, არამედ მზად არის ზომბირებისთვის და მისი აგრესიის ვექტორი მიემართება სხვაგან, ამას ხელისუფლება აღწევს პროპაგანდის მეშვეობით. ის, რომ უმუშევარია, შია, წყურია, ამაში ხელისუფლება კი არ არის დამნაშავე, არამედ ჟურნალისტი, – ასეთ აბსურდულ დასკვნამდე, მაშინ მიდიხარ, როცა გონებას ვერ რთავ და მხოლოდ ინსტიქტებით მეტყველებ. ეს სეგმენტი ფიქრობს, რომ ერთადერთი, რაც შერჩათ ეს არის ქართველობა და ვიღაც ნადირობს ამაზე, ვინც ამას აკეთებს ის უნდა დაამარცხონ. სინამდვილეში, ხომ არავინ, არაფერზე ნადირობს.

ნენე ინჯგია