გია ხუხაშვილი: „ივანიშვილი ბუნკერიდან ცდილობს ქვეყნის მართვას და ეს სწრაფად დამთავრდება“

„დღევანდელობის ცინიზმია _ ვინც ოკუპაცია გააფორმა, სწორედ მან მოირგო პატრიოტის მანტია და აქეთ გვდებს ბრალს ოკუპაციაში; ვინც ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, აწამა და ქუჩაში ხოცა თანამოძმე, მიიტაცა ბიზნესი, მედია და პრაქტიკულად გააუქმა თავისუფალი სიტყვა, სწორედ ისინი გვდებენ ბრალს დემოკრატიის ნაკლებობაში დღეს, თანაც ნაძარცვი ფულით სახელდახელოდ გახსნილი ტელევიზიებიდან. დიდია ცდუნება, უპასუხო მათ ისე, როგორც იმსახურებენ. მაგრამ მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, „ქართული ოცნება“, ვრჩებით 2012 წლის იდეალების ერთგულად, მათ ახლაც მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ჩვენი დიდი კულტურა“, _ ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა. აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომას ეძღვნებოდა, რომლის როტაციაც ანბანის მიხედვით ყოველ 6 თვეში ხდება. აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები ორგანიზებულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანეს.
„ქართული ოცნება“ ეცადა, ეს აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავ ზეიმად მოენათლა, თუმცა აქციაზე მობილიზებული ადმინისტრაციული რესურსი და თავად ხელისუფლების წარმომადგენლების სახეები საზეიმო განწყობაზე ნამდვილად არ მეტყველებდნენ.

რა პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური მოცემულობის წინაშე დგას „ქართული ოცნების“ ლიდერი? შეძლებს თუ არა ოპოზიცია თავისი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას? ცდილობს თუ არა მმართველი ძალა ვადამდელი არჩევნების სცენარის გათამაშებას?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ რისთვის დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ ზეიმი ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სახელით?
_ არ ვიცი, მათ რა ჩანაფიქრი ჰქონდათ, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, რეალურად, ეს ყველაფერი ძალიან არაეფექტური იყო. ერთი ამოცანა, ალბათ, თვითონ ივანიშვილზე ზემოქმედება გახლდათ, რადგან შიდა წრე ხვდება, რომ ივანიშვილს, გარკვეულწილად, 2012 წლის ნოსტალგია აქვს, _ როდესაც ის ოპოზიციაში იყო, ხალხს უყვარდა და მისგან ენერგიას იღებდა. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ივანიშვილისთვის იმ პერიოდის სუროგატული, ყალბი პროდუქტი დაედგათ, რომ მისთვის იმ ბედნიერების ილუზია შეექმნათ. როგორც ჩანს, მაშინდელი პერიოდის ნოსტალგია ძალიან აწუხებს ივანიშვილს. ამ ზეიმის მიზანი, მეორე მხრივ, ძალის დემონსტრირებისა და მომავალში უკომპრომისო სცენარის დაანონსების მცდელობა იყო. როგორც ჩანს, ისინი არავისთან აპირებენ მოლაპარაკებას კონსენსუსის ძიებისთვის ამ პოლიტიკურ პროცესში. მათ ძალის დემონსტრირება უნდათ, თუმცა ეს ძალიან ტრაგიკომიკურად გამოიყურება. როდესაც ხელისუფლება მთელი რესურსის მობილიზებით რაღაც აქციას აწყობს, ეს არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული სამყაროსთვის, უფრო ავტოკრატიისთვის დამახასიათებელი ქმედებაა, რისი ეფექტიც ნულოვანია და თუნდაც საქართველოს ისტორიაში ასეთი წარუმატებელი პრეცედენტები გვაქვს. იმას არ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში ყველა მიყვანილი იყო, ალბათ, იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი სურვილით მივიდნენ, მაგრამ მათი მოტივაცია არ ყოფილა მაინცდამაინც ხელისუფლების სიყვარული. ადამიანების ეს ჯგუფი მოწყვლადი საზოგადოებაა, რომელიც იქ მივიდა არა ბიძინას სიყვარულით, არამედ _ მიშას სიძულვილით, მათი მოტივატორი ნეგატიური გზავნილი იყო და აქციის დამთავრების შემდეგაც ვიხილეთ, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროპაგანდისტულ სქემაში სხედან: თუ ბიძინა არ იქნება, მაშინ მოდის მიშა და დავიღუპებით. ფაქტობრივად, მაქსიმუმ, ერთკვირიანი თემაა, ერთი კვირის შემდეგ ყველას დაავიწყდება. როდესაც ეს ყველაფერი დაილექება, ამას მხოლოდ ნეგატიური შედეგი ექნება, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ, რადგან იქ ასეთი ტიპის აქციებს ნეგატიურად უყურებენ, _ დემოკრატიული სამყაროსთვის ამ ტიპის ღონისძიების მოწყობა არ არის დამახასიათებელი, მით უმეტეს იმ კონტექსტში, რაშიც ეს ყველაფერი მოხდა. ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გამოფენილი ყალბი ქუდის მიუხედავად, ეს არ იყო დემოკრატიული სამყაროსთვის დამახასიათებელი ღონისძიება, რადგან ევროსაბჭომ წინა დღეს სერიოზული სილა გააწნა ჩვენს ხელისუფლებას. რა ჰქონდათ საზეიმო, როდესაც მათდამი დამოკიდებულება ევროსაბჭოში არცთუ ისე სახარბიელოა? ასე რომ, 14 დეკემბერს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მმართველი გუნდი შეიძლება, ეიფორიაში იყო. ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს იმხელა ინტელექტუალური პოტენციალი აქვს, უნდა მიხვდეს, რომ 14 დეკემბერი მისთვის უფრო ნეგატივი იყო, ვიდრე _ პოზიტივი.
_ მმართველი გუნდის წევრები კმაყოფილები აღნიშნავდნენ, რომ 100 000 ადამიანი ესწრებოდა ღონისძიებას, თუმცა აქ მთავარია, ეს ადამიანები, როგორ მოიქცევიან საარჩევნო ყუთებთან. როგორია თქვენი პროგნოზი?
_ ჩვენ კარგად ვიცით, რეალურად, თუ რა რაოდენობა იყო, დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რადგან თავების თვლა არასწორად მიმაჩნია. მმართველი გუნდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნახევარი მილიონიც კი თქვა ბოლოს (იცინის). რაც შეეხება შედეგს, იგი ნეგატიური იქნება, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანები, რომლებიც იქ მიიყვანეს არა საკუთარი სურვილით, არამედ პირდაპირი ან ირიბი ზეწოლით (და ეს ზეწოლა, რომც არ ყოფილიყო, დღეს ძალიან ბევრ საჯარო მოხელეს აქვს განცდა, თუ ამაზე უარს იტყვის, „ნაცობას“ დააბრალებენ, რასაც შემდეგ სხვა შედეგები ექნება), ეს „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნოდ, რა თქმა უნდა, უფრო ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე _ პოზიტიურის. თუ ეს ადამიანები მანამდე ყოყმანობდნენ, ასეთი ტიპის ზეწოლის ქვეშ ყოფნის შემდეგ უფრო აგრესიულად განეწყობიან. აქედან გამომდინარე, 14 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“, იმ ხალხის სახით, ვინც იქ იყო, უფრო დაკარგა ამომრჩეველი, ვიდრე _ შეიძინა.
_ რა ამოიკითხეთ ივანიშვილის გზავნილებში? მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ მძიმე მემკვიდრეობა მიიღეს. რამდენად ადეკვატური მესიჯები ჰქონდა მას არსებული პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით?
_ ივანიშვილის გზავნილებში სიახლე არ ყოფილა. მას სურს საზოგადოება აცხოვროს ორპოლუსიან ნარატივში, ანუ შუა გაკრიფოს და თვითონ გამოჩნდეს, როგორც კეთილი ძალა და ვინც მას ეწინააღმდეგება, ყველა ბოროტ ძალად წარმოაჩინოს. ის საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ მძიმე მემკვიდრეობაზე, მაგრამ, ამასთანავე, რაც ყველაზე პარადოქსულია, თვითონ გამოაცხადა თავი „მძიმე მემკვიდრეობის“ სამართალმემკვიდრედ. მას არაფერი შეუცვლია. ფაქტობრივად, ის სისტემა, რომელზედაც ის მუდმივად აპელირებს, რომ ბოროტი იყო, მთლიანად გადმოიბარა. მიშა სააკაშვილი ქუჩაში თვითონ ხომ არ დარბოდა და აცლიდა ვიღაცებს თავებს, ის მოქმედებდა სადამსჯელო სისტემის მეშვეობით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მთლიანად გადმოიბარა. 13 დეკემბერს, სასამართლო სისტემაში კოლექტიური მურუსიძის საბოლოო დამკვიდრებით, მან, ფაქტობრივად, პასუხისმგებლობა აიღო ყველაფერ იმაზე, რასაც თვითონ აკრიტიკებს, რადგან ის ხალხი მთლიანად გადმოიყვანა და ჩააყენა პოლიტიკურ ვერტიკალში. წინა ხელისუფლების დროს პრობლემა სისტემური იყო: თუ მიშა სააკაშვილი რამეს აშავებდა, ის ამას აკეთებდა სისტემის მეშვეობით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კი არ გააუქმა, კიდევ უფრო დააფრთიანა, მოაძლიერა და თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანა. თუ სააკაშვილს ჰქონდა ცუდი ტანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მუდმივად აკრიტიკებს და ამაზე აგებს თავის პოლიტიკას, მან ეს ტანკი კი არ გადაადნო, არამედ ჩაჯდა შიგნით, ჩვენდა საბედნიეროდ, ჯერ ბოლომდე ვერ დაქოქა, პედლებს აჭერს, მაგრამ ფაქტი არის ეს. შესაბამისად, ძალიან ცინიკურად ჟღერს მისი მხრიდან ასეთი ფრაზები: „რთული მემკვიდრეობა შეგვხვდა“, _ ამის შეცვლა სცადა?! _ არც უცდია. ასევე ის ამბობს, რომ არ ახსენდება არც ერთი დაპირება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა. მე კი პირიქით, არ მახსენდება არც ერთი დაპირება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა. მთავარი პრობლემები, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს: მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, მოსმენების თემა, თვალთვალი და ა. შ. ან თუნდაც საარჩევნო კოდექსი, ამ კუთხით არაფერი შეუცვლიათ. აქედან გამომდინარე, პირველი ადამიანი, ვისაც ივანიშვილი ამ საუბრის დროს ატყუებს, არის ისევ თვითონ, _ ჯერ თავს იტყუებს და შემდეგ ბიძინა ივანიშვილისგან მოტყუებული ბიძინა ივანიშვილი მთელი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. მას აქვს, რატომღაც, იმის იმედი, რომ ყველას ამნეზია დაემართა და ადამიანებმა აზროვნების უნარი დაკარგეს. ამ მოცემულობაში ცხოვრობს თვითონაც და უნდა, რომ ამ ფსევდორეალობაში გადაიყვანოს საზოგადოებრივი აზრიც. გამომდინარე იქიდან, რომ წინა ხელისუფლების მხრიდან საზოგადოება მართლა ტრავმირებული იყო, ჯერ კიდევ დარჩა მოწყვლადი ფენა, რომელზედაც ასეთი იაფასიანი პროპაგანდისტული სვლები ისევ მოქმედებს. შემცირდა, მაგრამ ასეთი საზოგადოება, ჯერ კიდევ, არის, რომელიც მზადაა, წარსულის პრობლემებით იცხოვროს. ეს ადამიანები დღევანდელ პრობლემებს კი არ უსწორებენ თვალს, არამედ წარსულის პრობლემებით ამართლებენ არსებულ პრობლემებს. საზოგადოების ეს ნაწილი მზად არის, დღევანდელ ტკივილზე თქვას, რომ დღეს კი მტკივა, მაგრამ გუშინ უფრო მეტად მტკიოდა, _ ამაში თავის დარწმუნებას და ამით ცხოვრებას ცდილობენ და არა მომავლისკენ გახედვას.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ივანიშვილს აქვს ინტელექტუალური პოტენციალი მოვლენების ადეკვატურად შესაფასებლად. მისი ამ განცხადებებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ის მიზანმიმართულად იტყუებს თავს?
_ შემიძლია კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ ივანიშვილს აქვს ამის პოტენციალი, მაგრამ აქვს თუ არა რეალურ სამყაროში ცხოვრების სურვილი, _ ამაში აღარ ვარ დარწმუნებული. შესაბამისად, როდესაც გითხარით, პირველი ადამიანი, ვისაც ის ატყუებს, საკუთარი თავია-მეთქი, შესაძლოა, ის ზუსტად ამ ფაზაშია უკვე გადასული _ როდესაც მას შეუძლია, მაგრამ აღარ უნდა რეალობას თვალი გაუსწოროს. მას ამ ილუზიაში უნდა ცხოვრება, რადგან ის სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავს. მას ეშინია რეალობისთვის თვალის გასწორების, მას ვარდისფერი ოთახიდან გამოსვლა აღარ უნდა, რადგან მისთვის ეს ყველაფერი გახდა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. მას ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რადგან განცდა აქვს, რომ ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავს. ამიტომ ის ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა იბრძოლოს, მათ შორის, სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. ამ ბრძოლაში წარმატების მისაღწევ ერთადერთ საშუალებად ის განიხილავს მხოლოდ მაჟორიტარულ არჩევნებს. 14 დეკემბერს ის მიმართავდა იმ ადამიანებს, რომლებიც „გადააგდო“, საზოგადოებას სიტყვა მისცა და გატეხა, ეს მისთვის ფუნდამენტური ზიანია. მე მას კარგად ვიცნობ და ის ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ თუ ვინმეს სიტყვას მისცემდა, ამ სიტყვას ნებისმიერ ფასად შეასრულებდა. ფაქტობრივად, მისი ცხოვრებისეული ფილოსოფიის მთავარი ღერძი, რაზედაც მეტ-ნაკლებად მყარად იდგა, თავისივე ხელით დაანგრია, რადგან ძალაუფლების დაკარგვის შიში მისთვის უფრო ფასეული აღმოჩნდა. შესაბამისად, ის დღეს ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეს ვიზუალურად არ ჩანს. მან რეპუტაციული ზიანი არა მხოლოდ ჩვენს თვალში, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მიიღო. რეალურად, ამერიკა და ევროპა მას ეუბნება, რომ გადამგდები ხარო. ამასაც რომ თავი დავანებოთ, მას ჰყავს საერთაშორისო წრე, ადამიანები, რომელთანაც ჰქონდა ბიზნესი. ბიზნესში, საერთოდ, ადამიანი დგას რეპუტაციაზე, ანუ იმ ბიზნესწრეებში ვისთანაც ურთიერთობა აქვს, იქაც შეელახა სახელი, რადგან მათ თვალშიც ბიძინა დღეს გადამგდებია. გადამგდებთან კი არც ბიზნესს, არც პოლიტიკასა და არც არაფერს აკეთებენ. ფაქტობრივად, ის ამ ნაბიჯით, რომელიც პროვინციული სცენარით შეფუთა, გამოუსწორებელ ზიანზე წავიდა. მე აღვნიშნე, მას აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები, მაგრამ ეჭვი შემეპარა ერთ რამეში, რომ მას ეს ინტელექტი გათიშული ხომ არ აქვს? როდესაც მას დაუდგეს და პროვინციული სცენარი შესთავაზეს „მაჟორიტარების ამბოხით“, რომ ვითომ ბიძინას უნდოდა პროპორციული, ხუნდაძე და ბერაია კი აუმხედრდნენ და მათი დაყოლიება ვერ შეძლო, ეს სცენარი მან დაამტკიცა და შემდეგ რეალიზაციაში გაუშვეს „სოფლის კლუბში“, _ მას ჰქონდა ილუზია, რომ შეიძლებოდა, მართლა ასე მომხდარიყო, პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ხუნდაძეს და თვითონ დარჩენილიყო თეთრი და ფუმფულა. როგორ შეიძლებოდა, მას ერწმუნა, რომ ამ სცენარს ვინმე დაიჯერებდა?! მაგრამ მას იმდენად უნდოდა, ასე მომხდარიყო, რომ დაიჯერა კიდეც. თუმცა ეს ასე არ მომხდარა, არავის სჯერა, რომ ეს რეალური ამბოხი იყო. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს იყო უხარისხოდ დადგმული სპექტაკლი, მის მიერ ხელმოწერილი და დაშვებული. ივანიშვილს ილუზია ჰქონდა, რომ ზიანს არ მიიღებდა, მაგრამ მან ეს ზიანი მიიღო. ივანიშვილის სამყარო ძალიან დაპატარავდა, თითქოს მთელი რესურსები მის ხელშია, მათ შორის, მატერიალური, ადმინისტრაციული, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ბუნკერში ჩაიკეტა, თვითონაც იქ ჩაჯდა და ბუნკერიდან ცდილობს ქვეყნის მართვას. ბუნკერიდან ქვეყნის მართვას კი კარგი არაფერი მოყვება, სამწუხაროდ, ეს ძალიან სწრაფად მთავრდება.
_ ივანიშვილი კი ჩაჯდა ბუნკერში, მაგრამ ოპოზიცია სად არის ამ დროს?
_ ეს არის პრობლემა. ივანიშვილის მთავარი აქტივი, სწორედ, ოპოზიციის სისუსტეა. ჩვენ მთლიანად პოლიტიკური ელიტის პრობლემა გვაქვს ხელისუფლებიან ოპოზიციანად. ოპოზიციის ნაწილი კომპრომეტირებულია, ნაწილი _ მუდმივი წარუმატებლობით დაღდასმული. ვინც ახალია, ისიც ძალიან სუსტია. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოებაში მოთხოვნილება სუფთა ფურცლიდან პოლიტიკაზეა, რაც, მეტ-ნაკლებად, ძლიერი ალტერნატიული ცენტრების ფორმირებით ვერ ხერხდება. ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. ობიექტური ის გახლავთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, ალტერნატიულ პოლიტიკურ აქტივობას რესურსი გამოაცალოს. ხელისუფლებისთვის დღეს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენა, რომლისკენაც შეიძლება წავიდეს ის ამომრჩეველი, ვისაც არ მოსწონდა არც წარსული და არ მოსწონს აწმყოც. ასეთი ამომრჩევლის რაოდენობა ძალიან დიდია. შესაბამისად, ხელისუფლების მთავარი სამიზნე ზუსტად ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრებია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობა“ ეჯავრება, მასთან პოლიტიკურად საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან თუ სიკეთის გამოსხივება არ შეგიძლია, უნდა შექმნა მტრის ხატი, რომელიც შენზე მეტად საძულველია და ამის ხარჯზე გახვიდე ფონს, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. „ნაციონალური მოძრაობა“ მართლა რომ გაქრეს, „ქართული ოცნებაც“ გაქრება, რადგან მტრის ხატის გარეშე „ქართული ოცნებისადმი“ აგრესია უფრო მეტი იქნება, _ ადამიანები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ არ მოსწონთ, გაჩერებულები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ალტერნატივა კიდევ უფრო არ მოსწონთ. ამ ნარატივის დარღვევის ეშინია ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ და ყველაფერს აკეთებს, რომ ალტერნატიული ცენტრები არ გაჩნდეს.
_ თავად ეს ალტერნატიული ცენტრები რას აკეთებენ იმისთვის, რომ ნეიტრალური ამომრჩეველი დააინტერესონ?
_ შეიძლება, მათ რესურსი არ გააჩნიათ, მაგრამ რაღაც ახალი იდეები ხომ უნდა შემოიტანონ? ინტელექტუალურად მაინც შეეცადონ, რომ ელექტორატის იმ სეგმენტის მოთხოვნილებას უპასუხონ, რომელსაც არც წარსული უნდა და არც _ აწმყო, მათ მომავალი უნდათ. გამოიკვლიონ და გაიგონ, რა უნდათ ამ ადამიანებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამას ალტერნატიული ცენტრები, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, რაც უკვე აღვნიშნე, ეს არის ფუნდამენტური მიზეზი, თუმცა ყველას აქვს დამატებით თავისი სუბიექტური პრობლემა. ზოგადად, მდგომარეობა იმდენად აფექტურია, რომ პროგნოზირებაც კი ჭირს, _ ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლებას აღარ შეუძლია მართვა, მისი წასვლის შემთხვევაში კი ჩნდება ვაკუუმი, რომელიც რამ უნდა შეავსოს, არ ვიცით. ასეთი ძალიან უცნაური ვითარებაა შექმნილი, ამიტომ მოვლენების განვითარების სცენარები ძალიან ბევრია.
ხელისუფლების გეგმა აბსოლუტურად გასაგებია: ის შეეცდება შუას გაკრეფას, გამოაცხადებს, რომ სამყაროში მხოლოდ ორი ძალაა: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე შეეცდება, ყველა თავის ოპონენტს „ნაციონალური მოძრაობა“ დაარქვას. უკვე IRI-საც კი „ნაცობა“ დააბრალეს. ამ პროპაგანდისტულ სურათს შექმნიან, შემდეგ შეთქმულების თეორია, სახელმწიფო გადატრიალების საქმე და ისევ ამ ისტერიკის ფონზე, რომ თუ ბიძინა არ იქნა, მაშინ ქვეყანა დაინგრევა და კატაკლიზმები არ აგვცდება, საორგანიზაციო რესურსის გამოყენებით ხალხს ცხვრებივით მირეკვას საარჩევნო უბნებზე. ეს არის მათი გეგმა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს გეგმა ოპოზიციისთვის ცნობილია, რაღაცნაირად უნდა მოახერხოს, რომ ეს გეგმა ხელისუფლებამ ვერ განახორციელოს, ამის პრევენციაზე უნდა მუშაობდნენ. ამის ნაცვლად მუდმივ დეჟავიუში ვართ, 90-იანი წლების შეცდომებს იმეორებენ უკვე 2019 წელს. პოლიტიკურმა ელიტამ არათუ სხვის შეცდომებზე, საკუთარ შეცდომებზეც კი ვერ ისწავლა.
_ ამასობაში, თუნდაც ოპოზიციის ნაკლებად ქმედითუნარიანი ნაბიჯებიდან გამომდინარე, დაიკარგა თუ არა იმის პოლიტიკური შანსი, რომ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს არჩევნები?
_ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გახდა. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მას „გერმანულ მოდელზე“ საუბარი არ უნდა. ის მაჟორიტარულ სისტემას იმიტომ ებღაუჭება, რომ ძალაუფლების შენარჩუნების სხვა მექანიზმს ვერ ხედავს. ასევე ვერ გამოვრიცხავ, რომ ეს შეიცვალოს, შესაძლებელია, ძალიან ინტენსიური და კარგი გაგებით აგრესიული ზეწოლის ქვეშ ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს. ამ შემთხვევაში კი კომბინაცია უნდა იყოს, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ზეწოლის. ვერ ვიქნები ოპტიმისტი და ამის შესაძლებლობას სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ სამწუხარო ის გახლავთ, რომ ქვეყანაში ეს პროცესი მუდმივი არასტაბილურობის წყარო იქნება. პოლიტიკას თავი რომ დავანებოთ, სახელმწიფო ზიანდება. დღეის მდგომარეობით, ხელისუფლებისთვის საკუთარი ტყავის პოლიტიკური ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დგას, ამიტომ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა არ გააჩნია. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ელიტისთვის პოლიტიკური ინტერესის წითელი ხაზი არის სახელმწიფო ინტერესი. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებულ სამყაროში ძალიან მწვავე ბრძოლები მიმდინარეობს, არც ერთი პოლიტიკური ძალა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო არ დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენთან დიდი ხანია, გადალახულია ეს საზღვარი და მმართველი პოლიტიკური ძალა მზად არის, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს გადააყოლოს სახელმწიფო ინტერესი, სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ ის, რაც მოხდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით?! ხელისუფლებამ აჩვენა, რომ ის თვითონ არის დაინტერესებული კრიზისის შექმნით. ახლა ისინი ვიღაცებისკენ იშვერენ თითს, მაგრამ კრიზისი გადაგდებამ შექმნა. ხელისუფლება დღეს შიშით განპირობებული აფექტის მდგომარეობაში მუშაობს. მშიშარა და აფექტში მყოფი სუბიექტი, ინდივიდი იქნება ეს თუ პოლიტიკური ძალა, ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ძალიან ბუნდოვანი და ცალსახად არასტაბილური მომავალი გველის სხვადასხვა განვითარების სცენარით.
_ პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ „ქართული ოცნება“ 15-მა დეპუტატმა დატოვა. გასულ კვირას მათ რიგებს ოთარ ჩრდილელი შეუერთდა. როგორ ფიქრობთ, ვადამდელისთვის ხომ არ ემზადება „ქართული ოცნება“?
_ არ მგონია, რადგან ვადამდელის ჩატარების სულ სხვა სცენარი უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, რომ მართლა გაეთამაშებინათ მაჟორიტარების ბუნტი. 40 მჯდომარე მაჟორიტარი გასულიყო და თავისთავადად დაიშლებოდა უმრავლესობა, რის შემდეგაც დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები, რომელიც, ბუნებრივია, ისევ მაჟორტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა. ეს სცენარი ბევრად უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, ვიდრე ის სცენარი, რაც პროვინციალმა სცენარისტებმა დაგვიდეს. თან ეს მაჟორიტარები ახალ პოლიტიკურ პლატფორმას შექმნიდნენ. დღეს რა პროცესებიც მიდის მმართველ გუნდში, მე მაინც მეჩვენება, რომ ნატურალური პროცესია. ის დეპუტატები, რომლებიც უმრავლესობის რიგებს ტოვებენ, ხვალ დაბრუნდებიან თუ არა ბიძინა ივანიშვილთან, ეს სხვა საკითხია, ამას ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ის, რომ ეს ხელოვნურად მართული პროცესი იყოს, ამის არ მჯერა. მაგალითად მოგიყვანთ თამარ ჩუგოშვილს. იგი იყო ადამიანი, რომელსაც მთელ მსოფლიოში დაატარებდა ბიძინა ივანიშვილი და უმაღლეს დონეზე ჩუგოშვილის ენით ამტკიცებდა, რომ პროპორციული არჩევნები უკვე შემდგარი ფაქტი გახლდათ. წარმოიდგინეთ, როდესაც შენი პირით ვიღაც მთელ მსოფლიოში ძალიან სერიოზულ ადამიანებს ატყუებს, შენ მიმართ ჩნდება კითხვები. ფაქტობრივად, პირში უყურებდი ადამიანებს და ატყუებდი. ასეთ დროს, თუ გინდა, რომ რეპუტაციის ნარჩენები შეინარჩუნო, გიჩნდება პროტესტი და მიდიხარ. ასე რომ, ჯერჯერობით, „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების გასვლა ნატურალური პროცესია. ამ ნატურალური პროცესის საფუძველი ვისთვის ფასეულობათა სისტემაა და ვისთვის _ პირადი წყენა, ამის გარჩევას არ დავიწყებ. ეს ყველაფერი დაილექება.

ნენე ინჯგია