“გერმანიაში ვინც სამსახური დაკარგა, შეუძლია, სექტემბრამდე ქირა არ გადაიხადოს”

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის 85 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, 22 000-ზე  მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 1100 -ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიაში მდგომარეობა სერიოზულია.  მისივე თქმით,  კორონავირუსის საფრთხესთან ბრძოლაში ყველა მოქალაქის ჩართვა აუცილებელია.

“ქრონიკა”-ს  გერმანიაში მოღვაწე ქართველმა  ბიზსენმენმა,   კომპანია “Pirosmann GmbH”-ის დამფუძნებელმა  და აღმასრულებელმა   დირექტორმა, მარიამ ქირია-დუბაუმ განუცხადა, რომ  გერმანიაში  კორონავირუსის  კრიზისის გავლის შემდეგ ბევრი მცირე ბიზნესი გაუქმდება, თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ გერმანიის სახელწიფო ამ დიდი გამოწვევებისთვის მზად არის:

მარიამ ქირია-დუბაუ:

– გერმანიაში 1999 წლის 27 მარტიდან ვცხოვრობ, ჩამოვედი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც   გერმანული მარკა არსებობდა და გერმანიის სახელმწიფო  ყველანაირად   უწყობდა ხელს მცირე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს.  რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, ამ ეტაპზე დიდი სირთულის ქვეშ დადგა პატარა კომპანიები და გერმანიის სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს მათ დახმარებას. დარწმუნებული ვარ, მეტის გაკეთება რომ შეიძლებოდეს, აუცილებლად გაკეთდებოდა. პირადად ძალიან დამეხმარნენ. მე ვფლობ კომპანია “Pirosmann GmbH” – ს, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც ვარ და ეს კომპანია ემსახურება რემონტებსა და დასუფთავებას. ჩემს კომპანიაში დასაქმებული ადამიანები უხელფასოდ არ დარჩენილან, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ასეთი რთული ვითარებაა. რა თქმა უნდა, პრობლემების დაძლევაში დამეხმარა გერმანიის ფედერაციული სახელმწიფო.  უსამსახუროდ დარჩენილებისთვის შეიქმნა ცხელი ხაზი და  სპეციალური სამსახური უკავშირდება დასაქმების ოფისს. ზუსტად  ორ დღეში განიხილება უსამსახუროდ დარჩენილი პირების დაფინანსების საკითხი.

აგრეთვე სახელმწიფო პასუხისმგებელია დაზღვევაზე და ყველას, ვინც სამსახური დაკარგა, შეუძლია, სექტემბრამდე ქირა არ გადაიხადოს. გერმანია არის უძლიერესი სახელმწიფო და მჯერა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ხალხის საკეთილდღეოდ. პანდემიის გადავლის შემდეგ ყველამ ვიცით, რომ ბევრი რამ შეიცვლება. სამწუხაროდ, სავარაუდოდ, ბევრი მცირე ბიზნესი დაიხურება, მაგრამ გერმანიის სახელმწიფო ამისთვისაც უკვე მზადაა. რამდენიმე პროექტი  დასასრულებელი გვქონდა,  მაგრამ covid19-ის გამო ვეღარ გავაგრძელეთ მუშაობა, თუმცა მე, როგორც მცირე ბიზნენის წარმომადგენელი და კონსულტანტი, ოპტიმისტურად ვუყურებ შექმნილ მდგომარეობას.

მშვიდობას ვუსურვებ მსოფლიოს და იმედია, ყველაფერი მალე დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს.

ლევან ქემოკლიძე