გაყალბება ოცნებისეულად – კრიმინალი ხელისგულზე

როგორ გააყალბა „ოცნებამ“ ადგილობრივი არჩევნები?

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ყველაზე ცუდი მოლოდინები გამართლდა. როგორც კი ივანიშვილის პარტიას რეიტინგულად გაუჭირდა, როგორც კი ელექტორალური პრობლემები შეექმნა, არჩევნების გაყალბების მექანიზმები მაშინვე ამოქმედდა. მართალია, თავის გადასარჩენად გაყალბების გამოყენება „ოცნებას“ გასულ წელსაც დასჭირდა, _ საპარლამენტო არჩევნებს ვერაფრით მოიგებდნენ ოპოზიციის ხმების მოპარვის, ან გაბათილების გარეშე, მაგრამ ის, რაც წელს ადგილობრივ არჩევნებზე იკადრეს, ეს ყველაფერი ცალკე აღნიშვნის ღირსია.

ქართველ ერს და, ზოგადად, ქართული არჩევნების დამკვირვებლებს გაყალბების მილიონნაირი ტექნოლოგია უნახავთ, მაგრამ ყველა მთავრობა, რომელიც აქამდე აყალბებდა, ცდილობდა, ისე მაინც გაეყალბებინა, რომ ვერავინ მიმხვდარიყო. ვის როგორ გამოსდიოდა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ხომ ცდილობდნენ მაინც? ანუ ესმოდათ, რომ დანაშაულს სჩადიოდნენ და ბუნებრივად სურდათ, მათი ეს დანაშაული, რაც შეიძლება, ნაკლებ ადამიანს გაეგო. აი, „ქართული ოცნება“ ამ საკითხშიც გამონაკლისი აღმოჩნდა. მათ საერთოდ არ ადარდებთ, დაინახავს თუ არა ვინმე და გადაიღებს თუ არა კამერა იმას, როგორ აყალბებენ ისინი არჩევნებს. ყველა მათი გაყალბების ტექნოლოგია ხელის გულზე იდო.
შემოგთავაზებთ ოცნებისეული გაყალბებების ყველაზე ნათელ და საინტერესო მაგალითებს:
პირველი, რაც არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე ყველას თვალში მოხვდა და ყურადღება მიიქცია, საარჩევნო უბნის თანამშრომლების ზურგს უკან მდგომი, ფურცლებით და კალმებით შეიარაღებული ადამიანები იყვნენ, რომლებიც აქტიურად იწერდნენ მისული ამომრჩევლების მონაცემებს. ხოლო კითხვაზე, თუ ვინ არიან, ან რომელ ორგანიზაციას წარმოადგენენ, კატეგორიულად არ პასუხობდნენ. რაღა თქმა უნდა, მათი პასუხის გარეშეც ყველასთვის გასაგები იყო, რომ ეს ახალგაზრდები ხელისუფლების აქტივისტები იყვნენ, რომლებსაც ორი ძირითადი ფუნქცია ჰქონდათ დაკისრებული: ერთი ის, რომ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვით დაედგინათ, ვინ არ იყო ჯერ მოსულა, ეს ინფორმაცია გადაეცემოდა „ოცნების“ კოორდინატორებს, ისინი საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ იმ ადამიანებს დაუკავშირდებოდნენ, რომლებიც ჯერ არ მისულიყვნენ საარჩევნო უბანზე და სამსახურის დაკარგვით დაემუქრებოდნენ. ანუ ეუბნებოდნენ, _ ვიცით, რომ ჯერ არ მოსულხართ, ხოლო თუ არ მოხვალთ და ხმას არ მოგვცემთ, სამსახურსაც დაემშვიდობებით.
მეორე, რასაც ეს ხალხი ემსახურებოდა, გაუთვითცნობიერებელ ამომრჩეველზე, რომელიც ხედავდა, რომ ბიულეტენის აღების დროს ვიღაცა მის მონაცემებს აფიქსირებს, ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა იყო. ანუ თქვენი მონაცემები ამოწერილი გვაქვს და თუ მოვინდომებთ, იმასაც გავიგებთ, ვის მიეცით ხმაო.
ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ასე აღარავინ ტყუვდება, მაგრამ ვაი, რომ ტყუვდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდ ნაწილს, ძირითადად, ასაკოვან ადამიანებს, პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, ჯერ კიდევ, სჯერათ იმისი, რომ ხმის მიცემის დროს კამერები უღებენ, რომ ვიღაცა მათ უთვალთვალებს და თუ ხელისუფლების საარჩევნო ნომერს არ შემოხაზავენ, სოციალურ დახმარებას შეუწყვეტენ. მერწმუნეთ, პირადად შევხვედრივარ ისეთ ადამიანებს, უპირატესად რეგიონებში, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თუ ხელისუფლებას არ მისცემდნენ ხმას, მათ სახელმწიფო პენსიის გარეშე დატოვებდა. სამწუხაროდ, ასეთი შიშები და სტერეოტიპები ჩვენს საზოგადოებაში, ჯერ კიდევ, არსებობს და ხელისუფლება, რომელიც თვითგადარჩენის ზღვარზეა მისული, შესანიშნავად იყენებს ამ სტერეოტიპებს თავის სასარგებლოდ.
რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, „ოცნებამ“ აქაც განაცვიფრა საზოგადოება. თუ აქამდე ყველა ცდილობდა, ამომრჩევლის აშკარა მოსყიდვის ფაქტები დაემალა, დღევანდელ ხელისუფლებას ესეც არ ადარდებს. ოზურგეთში „ქართული ოცნების“ აქტივისტი, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანთან, ყველას თვალწინ, თითო ხმაში 15 ლარს იხდიდა. თან აღრიცხვასაც აწარმოებდა, ვის მისცა უკვე 15 ლარი და ვისთვის ჯერ კიდევ მისაცემი ჰქონდა. ასეთი აშკარა და დაუფარავი თავხედობა ერთ რამეზე მეტყველებს, _ „ოცნებაში“ სრული დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული. როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციაში დარწმუნებული არიან, რომ ბიძინა ივანიშვილი მთელი ცხოვრება საქართველოს კულუარული მეპატრონე იქნება და ბოლოს ცასაც გამოეკერება და მუდმივად იცხოვრებს მათ საკეთილდღეოდ!
დაუსჯელობის სინდრომს ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით, მანამდე კი ოცნებისეული გაყალბების მთავარ ტექნოლოგიაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
მაშ, ასე! ყველაზე საინტერესო საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ხმების დათვლისას იწყება. იწყება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, _ ხმე-ბის მო-პარ-ვა!!!
ნურავინ იფიქრებს, რომ სიტყვა „მოპარვას“ გადატანითი მნიშვნელობით ვხმარობ, არა… საუბარია ხმების ქურდობაზე, როცა ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემული ხმები ოპოზიციის ყულაბიდან ქრება და ხელისუფლების ბიულეტენების დასტაში ჩნდება, ან გაბათილებულ ბიულეტენებში გადაინაცვლებს. ოპოზიციურ პარტიებს მსგავსი კრიმინალური ქმედების ამსახველი შემაჯამებელი ოქმები ხელთ აქვთ და ამიტომაცაა ამდენი საუბარი გადათვლის აუცილებლობაზე.
მაგალითისთვის: ერთ-ერთ ოპოზიციურ საარჩევნო ბლოკს კასპში, უბანზე ხმების დათვლის შემდეგ, ოქმში ნული ხმა დაუფიქსირეს. წარმომადგენლის მიერ ატეხილი ომის შემდეგ, როცა ხმები თავიდან გადაითვალეს, აღმოჩნდა, რომ ამ სუბიექტს 45 ხმა ჰქონია მიღებული იმ უბანზე. შესწორების ოქმში ასეც ჩაიწერა, _ იქ სადაც წერია ნული, უნდა ეწეროს 45-ო. ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა ისანშიც: ოპოზიციურ სუბიექტს დაუფიქსირდა 6 ხმა, ხმების გადათვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მას 56 ხმა მიუღია. ლოგიკურად იბადება კითხვა, _ სად იყურებოდნენ საარჩევნო კომისიის წევრები, როცა ასეთ გაყალბებულ შემაჯამებელ ოქმებს აწერდნენ ხელს?! პასუხი ძალიან მარტივია, _ გაყალბებების დანახვაში მათ ის კუპიურები ეღობებოდნენ, რომლებიც ხელისუფლების ინტერესების გატარებისთვის ჰქონდათ აღებული.
ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრების მოსყიდვა ახალი პრაქტიკა არაა, უბრალოდ, „ქართული ოცნებისთვის“ ამის გაკეთება ძალიან იოლია, რადგან ივანიშვილის ფინანსური რესურსი იმხელაა, რომ ყველა კომისიის წევრი, მათი ხელფასის ათმაგი ოდენობითაც რომ მოისყიდოს, მილიარდერის ჯიბე შემსუბუქებას მაინც ვერ იგრძნობს. ამიტომაც გაყიდული კომისიის წევრები ამ არჩევნებზე არავის გაჰკვირვებია.
ერთადერთი, ვის იმედადაც ოპოზიციური პარტიები ხმის დათვლის დროს დარჩნენ, იყვნენ პარტიების მიერ დანიშნული წარმომადგენლები. მათ ბრძოლისუნარიანობაზე იყო დამოკიდებული, მოპარავდა თუ არა „ოცნება“ ოპოზიციურ პარტიას მიღებულ ხმებს. თუმცა ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგაც შეიმუშავა ეფექტიანი მექანიზმი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პანტაპუნტით ყრიდნენ საარჩევნო უბნიდან. როგორც უკვე გითხარით, თითქმის ყველა კომისიის წევრი ხელისუფლების ჯიბეში კოტრიალობდა, ასე რომ, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება და არასასურველი წარმომადგენლების უბნიდან გამოგდება (ქუდი რატომ არ გახურავს მიზეზით) პრობლემას არ წარმოადგენდა.
თვალსაჩინოებისთვის ახალქალაქის მაგალითს გაგაცნობთ: ერთ-ერთი ოპოზიციური ბლოკის მერობის კანდიდატის (რომელსაც გამარჯვების საკმაოდ მაღალი შანსები ჰქონდა) წარმომადგენლების ნახევარზე მეტი, სწორედ, ქუდი რატომ არ გახურავს მიზეზით, საარჩევნო პროცესის დაწყებისთანავე გამოყარეს უბნებიდან. შემაჯამებელ ოქმებში ამ კანდიდატის მიღებულ შედეგებს რომ ჩახედოთ, მაშინვე მიხვდებით, როგორ ეფექტიანად მუშაობს წარმომადგენლების უბნებიდან გამოყრა. ყველა იმ უბანზე, სადაც წარმომადგენელი აღარ იყო, ამ კანდიდატმა ნულიდან ხუთ ხმამდე მიიღო, ხოლო იმ უბნებზე, სადაც წარმომადგენლები იყვნენ, საშუალოდ, ასი ხმა დაფიქსირდა.
წლევანდელი ადგილობრივი არჩევნები პირველია საქართველოს საარჩევნო ისტორიის პრაქტიკაში, როცა ასეულობით რიგითი ამომრჩეველი ღიად აცხადებდა და საგამოძიებო ორგანოებს ჩვენებებსაც აძლევდა, რომ ნამდვილად მისცა ხმა ოპოზიციურ პარტიას, ან მის მერობის კანდიდატს და ოქმში კი მას მაინც ნული ხმა უწერია. კახა კუკავას ოჯახის შემთხვევა, ამ მხრივ, ნამდვილად სამაგალითოა: კუკავა საარჩევნო უბანზე მთელი ოჯახით გამოცხადდა, ოჯახის ოთხმა წევრმა, _ თავად კახამ, მისმა დედ-მამამ და დამ გასაგებია, როგორი არჩევანიც გააკეთეს, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, ხმები დაითვალეს და იმ უბანზე მხოლოდ სამი ხმა აღმოჩნდა კუკავასთვის მიცემული. ოჯახის წევრების გარდა კიდევ 50 ამომრჩეველი ვაკის საოლქოში გამოცხადდა და მათთვის ჩვენების ჩამორთმევას ითხოვდა იმასთან დაკავშირებით, რომ კუკავას მისცეს ხმა და პასუხი სურდათ კითხვაზე, _ სად გაქრა მათი ხმები?!
როგორც ამბობენ, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო. არც სანახაობის ნაკლებობა იყო ამ არჩევნებზე. გაყალბების უამრავი ვიდეომასალა წარმოადგინეს ოპოზიციურმა პარტიებმა. მთელმა საზოგადოებამ საკური თვალით იხილა კადრები, როცა ერთი და იგივე ამომრჩეველი ზედიზედ რამდენჯერმე აძლევს ხმას, როგორ იპარავენ „ოცნების“ აქტივისტები ცარიელ ბიულეტენებს და იკუჭავენ ჯიბეში „სომხური კარუსელისთვის“. ცნობისთვის: ვინც არ იცის, „სომხური კარუსელი“ ეწოდება გაყალბების ერთგვარ ტექნოლოგიას, როცა ამომრჩეველი უკვე შემოხაზული ბიულეტენით შედის უბანზე, ხოლო ის ბიულეტენი, რომელსაც უბანზე მისცემენ, გარეთ გამოაქვს, რათა კოორდინატორმა აქაც სასურველი ნომერი შემოხაზოს და შემდეგ ამომრჩეველს გადასცეს. ეს იმისთვის კეთდება, რომ სახელისუფლებო პარტია საჯარო სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა არ მოატყუონ და შემთხვევით სხვას არ მისცენ ხმა.
გარდა ამისა, ფარულად გადაღებულ კადრებში შესანიშნავდ ჩანს, როგორ აძლევენ ხმას ადამიანები, რომლებსაც პირადობის მოწმობები არ აქვთ და ა. შ. ერთი სიტყვით, ამდენი დადასტურებული გაყალბება, თავისი გაყალბებული ოქმებით, თავისი გაყალბების ამსახველი ვიდეომასალით და თავისი მოწმეებით, რომლებიც ითხოვენ თავისი ხმების ასახვას, არჩევნების ისტორიას არ ახსოვს. მაგრამ რა?.. _ არც არაფერი.. გაყალბების ასეთი ფაქტების გასაჯაროების შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სულ მცირე, ის უბნები მაინც უნდა გაეუქმებინა, რომლებზეც ეს დარღვევები დაფიქსირდა და მთელმა მსოფლიომ იხილა. რად უნდა იმას მტკიცება, რომ უბანზე, სადაც კარუსელები ტრიალებს, ერთი და იგივე ამომრჩეველი რამდენჯერმე აძლევს ხმას, ხოლო ბიულეტენებს ბღუჯა-ბღუჯა იპარავენ, იქ არჩევნები გაყალბდა და ყველა ეს დარღვევა არჩევნების შედეგებზე მოახდენდა გავლენას. ეს უბნები არათუ არ გაუქმდა, საჩივრები არც კი განხილულა.
ცალკე საუბრის თემაა ის. თუ როგორ მოიქცა ცესკო და რა პასუხი გასცა ამდენ გაყალბების დამადასტურებელ ფაქტს. ბევრი სამაგალითო ამბავი ჩამოვთვალეთ და ესეც, ალბათ, უტიფრობის შესანიშნავ მაგალითად გამოდგება. ცესკომ თქვა, რომ მე საერთოდ არაფერ შუაში ვარო, უბანზე თუ რამე დაირღვა, იმწამსვე უნდა გაგესაჩივრებინათო. _ და თუ კომისიის წევრები გარეთ გამოგვიყარეს, ვის უნდა გაესაჩივრებინაო? _ რომ ჰკითხეს ცესკოს, _ ეგ მე არ მეხებაო, _ იყო პასუხი. არადა, საარჩევნო კოდექსში შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნებიდან ორი დღის განმავლობაში საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ, გაასაჩივრონ დარღვევები საოლქო კომისიებში და იქ უნდა განიხილონ საჩივრები. კოდექსში კი წერია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საოლქო კომისიებს სულ არ აინტერესებთ ის, რაც კოდექსში წერია, ამიტომაც, პრაქტიკულად, არც ერთი საჩივარი არ განიხილეს და არც ერთი უბანი არ გადათვალეს. ანდა რას გადათვლიდნენ, როცა ორი უბნის გადათვლის შემდეგ, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, ერთში 45 მოპარული ბიულეტენი აღმოჩნდა და მეორეში _ 50. „ოცნებაში“ ზუსტად იცოდნენ, რომ არჩევნების შედეგები თავდაყირა დაუდგებოდათ და ამიტომაც გაიცა უმკაცრესი განკარგულება _ არც ერთი უბანი აღარ გახსნილიყო.
კანონით გათვალისწინებული ამ ორდღიანი ვადის გარდა, საარჩევნო კოდექსში კიდევ ერთი მუხლია, კერძოდ, მე-14, რომელშიც წერია, რომ თუ რაიმე საეჭვო გარემოება გამოიკვეთა, რომელიც შესაძლოა, გაყალბებას უკავშირდებოდეს, საუბნო კომისიებიც და თავად ცესკოც ვალდებულია, გახსნან უბანი და აღმოფხვრან უსამართლობა. რა თქმა უნდა, ამდენი თვალსაჩინო დარღვევის მიუხედავად, ცესკომ ვერაფერი საეჭვო ვერ დაინახა და ეს მუხლიც არ გამოიყენა.
მარტივად რომ გითხრათ, ცესკომ საოლქო კომისიებიდან გადმოგზავნილი მონაცემები კალკულატორით დააჯამა და მიღებული რიცხვი საბოლოო შედეგად ისე გამოაცხადა, რომ არც ერთი საჩივარი არ განუხილავს. არადა, გასაჩივრებული იყო რეკორდული რაოდენობა საარჩევნო უბნებისა და ოლქებისა. მოსარჩელე იყო არა ერთი ან ორი, არამედ ყველა ოპოზიციური პარტია. იყო კოლექტიური სარჩელები, რომელსაც ოცი პარტია აწერდა ხელს, იყო ინდივიდუალური სარჩელები. ერთი სიტყვით, სარჩელების უპეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა, მაგრამ მერე რა?.. _ არც არაფერი.
მთელ ამ პოსტსაარჩევნო ორომტრიალში ვერაფრით ავუვლით გვერდს ჩვენს „საამაყო“ სასამართლო სისტემას, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველი თემიდა სულაც არაა ბრმა. პირიქით, გაფაციცებით შესცქერის თვალებში ბიძინა ივანიშვილს, შემთხვევით რამე დავალება რომ არ გამომრჩესო. საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების მიერ გამოტანილ განაჩენებში ისეთი სიშტერეები წერია, რომელიც სტუდენტებისთვის სახელმძღვანელოებში უნდა შეიტანონ, რათა მომავალმა თაობამ ისწავლოს, როგორი არ შეიძლება იყოს მოსამართლე. მაგალითად, ერთ-ერთი სარჩელის განხილვის შემდეგ, სადაც 10 ოპოზიციური პარტია უბნების გადათვლას ითხოვდა, მოსამართლემ განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებზე მომხდარ დარღვევებთან ცესკოს არავითარი შეხება არ აქვს და სრულიად გაუგებარია პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაბათილებისა და შედეგების გადათვლასთან დაკავშირებითო. მოკლედ, სად არჩევნები და სად ცესკოო, _ ამას რომ მანტიაში გამოწყობილი მოსამართლე იტყვის, ბუნებრივად გებადება კითხვა, _ რა ჯანდაბად გვჭირდება მაშინ ეს ცესკო?!. რატომ ვუხდით ამ ცესკოს თავმჯდომარეს და მის წევრებს ყველაზე მაღალ ხელფასებს ქვეყანაში?!. რად უნდათ ამხელა შენობა და მრავალმილიონიანი ბიუჯეტი, თუ არც დარღვევები ეხებათ, არც გაყალბებები, არც საჩივრების განხილვა და არც პასუხისმგებლობა არჩევნებზე?!. გეთანხმებით, რიტორიკული კითხვებია, მაგრამ რა ვუყოთ? _ სწორედ ამ ყალბი რიტორიკისგან შედგება ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ინსტიტუტი, _ არჩევნები…
როგორ ფიქრობთ, რატომ ბედავს ამდენს „ქართული ოცნება“?!. რატომ აყალბებს არჩევნებს ისე, რომ ერთი წამითაც არ ეშინია პასუხისგების?!. იმიტომ, რომ მას აქამდე არ ჰქონდა მიწებებული გამყალბებელი ხელისუფლების იარლიყი. 2017 წლის ადგილობრივი არჩევნები აშკარად წითელი ხაზის როლს შესრულებს „ოცნების“, როგორც გამყალბებელი ხელისუფლების იმიჯის ჩამოყალიბებაში.
ოპოზიცია არც მალავს, რომ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლა სტრასბურგში გაგრძელდება. უბრალოდ, იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღოს, მას საქართველოში ყველა ინსტანცია გავლილი უნდა ჰქონდეს. ამიტომაც უწევთ პოლიტიკურ პარტიებს იმ სასამართლოში სარჩელის შეტანა, რომლის გადაწყვეტილებაც წინასწარვე ცნობილია; სადაც მოსამართლეები არც ინტერესდებიან იმ მასალებით, რომელსაც მოსარჩელე მხარე წარმოადგენს; სადაც მოსამართლეები გაყალბების დამადასტურებელ ვიდეომასალას უყურებენ და ამთქნარებენ, რადგან წინასწარ იციან, რომ ამ ვიდეომასალას ისინი არ დაეყრდნობიან; სადაც მოსამართლეები გადაწყვეტილებებს მხოლოდ იუსტიციის სამინისტროდან განხორციელებული ზარების შემდეგ იღებენ.
რა თქმა უნდა, სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც, სავარაუდოდ, ორი წლის შემდეგ იქნება, არჩევნებთან დაკავშირებით ვერაფერს შეცვლის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვნის შეცვლას შეუწყობს ხელს. ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას ობიექტური განწყობების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. როცა ყველანი გავიაზრებთ და დავრწმუნდებით, რომ გამყალბებელი ხელისუფლება გვყავს, რომელიც პარტიებს ხმებს ჰპარავს, ხოლო ამომრჩეველს _ არჩევანს, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლება. უფრო ზუსტად, ყველას მოგვინდება ქვეყანაში ბევრი რამის შეცვლა.
რაც შეეხება დაუსჯელობის სინდრომს, რომელიც გაყალბების პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს გამჯდარი აქვს, რა თქმა უნდა, ისინი დამნაშავენი არიან, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არავინ, არასდროს ამ ქვეყანაში არჩევნების გაყალბების გამო არ დასჯილა. არათუ ციხეში არ ჩამჯდარა არავინ, ამის გამო თანამდებობაც კი არავის დაუკარგავს. ამიტომაც ვართ კვლავ ბანანის რესპუბლიკა, სადაც ნებისმიერი ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ არ სჯის თავის წინამორბედ გამყალბებლებს, რომ თვითონაც გაყალბებისთვის ემზადება. საკმარისია, რამდენიმე ათეულ, მთავარ გამყალბებელს პასუხი აგებინონ და მერე ვნახავთ, როგორ დათანხმდება ვინმე 20 და, გნებავთ, 100 ლარის სანაცვლოდ კარუსელებში მონაწილეობას და ბიულეტენების მოპარვას.
და ბოლოს, ჩვენმა ძვირფასმა პრეზიდენტმა ბოლო ერთ თვეში უკვე მეორედ გაგვაკვირვა. „ოცნების“ ერთპარტიული კონსტიტუციის „გაპრავების“ შემდეგ მან იგივე „ოცნებას“ გაყალბებული არჩევნებიც „გაუპრავა“.
საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, _ შემთხვევით, ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილს ხომ არ შეუნდო?..

დემნა ვეშაპიძე