გამოცხადებული დამოუკიდებლობის ქრონიკები (დასასრული)

დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##15-18.

 

1918 წლის მაისის მიწურული. საქართველო თურქული ოკუპაციის რეალური საფრთხის წინ იდგა, რომელსაც ვერაფერს უპირისპირებდა. მას შემდეგ, რაც თურქებმა ალექსანდროპოლი (დღევანდელი გიუმრი) დაიკავეს, ნათელი გახდა, რომ ოსმალები მხოლოდ მიღწეულით არ დაკმაყოფილდებოდნენ. თურქთა მთავარ მიზანს აზერბაიჯანთან პირდაპირი სახმელეთო დერეფნის გაჭრა და ტფილისი-ბაქოს დამაკავშირებელი ცენტრალური სატრანსპორტო მაგისტრალის ხელში ჩაგდება წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, თურქები ტფილისის დაკავებას ეცდებოდნენ, რადგან თუ კავკასიის ცენტრის დასაკუთრებას მოახერხებდნენ, ისინი მთელ რეგიონზე კონტროლის დამყარებას შეძლებდნენ.

სხვანაირად რომ ვთქვათ, ამიერკავკასიაში არსებული ქაოსური მდგომარეობიდან თურქეთი მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობდა. ოსმალები კარგად აცნობიერებდნენ, რომ ამიერკავკასიის ფედერაცია უსუსური წარმონაქმნი გახლდათ და რეგიონი, ფაქტობრივად, მმართველობის გარეშე იმყოფებოდა. თურქთა წინაშე იყო აბსოლუტურუდ დაუცველი და ყველასგან მიტოვებული ტერიტორია. ტერიტორია, რომელსაც რუსეთის იმპერია ვეღარ აკონტროლებდა, ხოლო ადგილობრივ ერებს ჯერ კიდევ არ შეეძლოთ ეფექტიანი სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბება. თურქთა ამოცანას ის ფაქტორიც აადვილებდა, რომ ამიერკავკასიის სამ ერს განსხვავებული საგარეო პოლიტიკა ჰქონდა და მათ ერთიანი პოზიცია არ გააჩნდათ. სწორედ აქედან მომდინარეობდა თურქთა ულტიმატუმის ენა ბათუმის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ბრესტ-ლიტოვსკის სამშვიდობო ზავის პირობების თავხედური გადახედვაც.

ოსმალეთის ერთადერთი შემაკავებელი ძალა გერმანია იყო, რომელიც თავად ესწრაფოდა კავკასიაში დამკვიდრებას. ამდენად, თურქებს მთლიანად ამიერკავკასიის, ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავება მანამდე უნდა მოესწროთ, სანამ გერმანია ოფიციალურად განაცხადებდა საკუთარ პრეტენზიას რეგიონზე. ამ შემთხვევაში საუბარი საქართველოზე იყო, რომელსაც გერმანიამ აღმოსავლურ პოლიტიკაში, ერთგვარი, პლაცდარმის როლი განუსაზღვრა.

გერმანიასთან ოფიციალური პარტნიორული ურთიერთობის დასამყარებლად, საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა გამოეცხადებინა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებდა გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას და მასთან ისეთი ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც თურქთა აგრესიას შეაჩერებდა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება კი, თავის მხრივ, ავტომატურად გამოიწვევდა 1918 წლის 22 აპრილს შექმნილი ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლას. ფედერაციაში დარჩენის შემთხვევაში, საქართველოს სომხებთან და აზერბაიჯანელებთან საერთო პოზიცია უნდა შეემუშავებინა, მაგრამ თურქული აგრესიის გათვალისწინებით, ამის არც დრო იყო და არც პოლიტიკური ნება არსებობდა.

შექმნილ კრიტიკულ ვითარებას კარგად გადმოსცემენ იმ პერიოდის გაზეთები.

გაზეთი „საქართველო“, 1918 წლის 23 მაისი: „ვრცელდება ცნობები ოსმალების სამხედრო ქმედებების შესახებ. მთავრობამ ნაზარბეგოვისგან მიიღო შემდეგი ცნობა: „მიუხედავად იმისა, რომ დროებითი ზავია გამოცხადებული, ოსმალები სამხედრო მოქმედებას განაგრძობენ და კარაკლისის ფრონტისკენ მოიწევენ. დღეს სოფელ ავდიბელიდიდან ჩვენები გამოდევნეს. ცნობები მივიღეთ, რომ ოსმალებს ტფილისის გზატკეცილით დიდი ძალები გამოუგზავნიათ ლორის რაიონისკენ. გვაქვს, აგრეთვე, ცნობა, რომ მათ განზრახული აქვთ კარაკლისზე და შემდეგ ტფილისზე წამოსვლა“.

იგივე გაზეთი, 1918 წლის 24 მაისი: „ამიერ-კავკასიის რესპუბლიკის მდგომარეობა თავიდანვე არ იყო მტკიცე, მაგრამ დღეს ის განსაკუთრებულს ხიფათს განიცდის. ოსმალეთის ლაშქარი უკეთესს შემთხვევაში შუაზე გაჰყოფს ამიერ-კავკასიის რესპუბლიკას და მისი ლაშქარი გაივლის მუსლიმანთა მიწებს და ბოლშევიკებისგან ბაქოს განთავისუფლებას შეუდგება. ბევრს იმის შიშიც აქვს, რომ ოსმალთა ჯარები ტფილისისკენაც გამოეშურებიან და საქართველოს დედაქალაქში შემოვლენ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იმდენად მნიშვნელოვანი აქტია, რომ არ შეიძლება მას დიდი ცვლილება არ მოჰყვეს ოსმალეთის სამხედრო და დიპლომატიურ ოპერაციებში. ყოველს შემთხვევაში, ეს ოსმალეთის აქტიურ მოქმედებას დროებით მაინც შეაფერხებს. უფრო მოსალოდნელი კი არის, რომ დამოუკიდებელ საქართველოს ოსმალეთი აღარ შეეხება და მასთან მეგობრულ განწყობილებას დაიჭერს“.

ტფილისზე თურქეთის მოსალოდნელ შეტევასთან დაკავშირებით, 1918 წლის 24 მაისს ტფილისის თვითმმართველობამ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ტფილისის მოსახლეობას სიმტკიცისკენ მოუწოდებდა: „ოსმალთა არმია ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა, იპყრობს ჩვენს ქალაქებს, სოფლებს და ემუქრება ჩვენს დედაქალაქს – ტფილისს… სად გაჩერდება მტერი და როდის შესწვეტს წინსვლას, უცნობია. ჩვენი ტანჯული ქვეყნის რა ნაწილების წაჰგლეჯა სურს მას, არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, _ ძალას, მხოლოდ ძალა უნდა დავუპირისპიროთ. მხოლოდ ჩვენი ვაჟკაცობითა და ორგანიზებულობით შეიძლება გამოვიდეთ ამ მძიმე ვითარებიდან. პანიკა, უსაფუძვლო შიში, არაორგანიზებული მოქმედება და უწესრიგობა უფრო საშიშია, ვიდრე გარეშე მტერი. სხვადასხვა ბნელი ძალები ყველგან შემაშფოთებელ ჭორებს ჰყრიან. ჩვენი მტრების აგენტები ცდილობენ, არეულობა შეჰქმნან ჩვენს რიგებში. არ აჰყვეთ პროვოკაციულ ხმებს, იყავით მედგრად. დიდი განსაცდელის ჟამს საჭიროა სიმტკიცე და თავდაჭერილობა…

…ჩვენი ქვეყნის თავზე შავი ღრუბელი ტრიალებს და იგი შეიძლება ტფილისსაც დაემუქროს. ყველამ შეასრულეთ საკუთარი მოვალეობა, რათა ღირსეულად მოვიგერიოთ ნებისმიერი ხიფათი, საიდანაც არ უნა მოდიოდეს იგი“.

1918 წლის 24 მაისს ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც ბათუმის საზავო კონფერენციის მიმდინარეობასა და საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ მოხსენება საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ნოე ჟორდანიამ გააკეთა. ამ მოხსენებაში ნათლად იკვეთებოდა ის საფრთხეები რომელიც საქართველოს თურქეთის მხრიდან ემუქრებოდა.

ჟორდანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამიერკავკასიის დელეგაციის წევრებს შორის თანხმობა არ არსებობდა და თითოეული ერის დელეგაცია მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობდა. თურქულ საფრთხეზე საუბრისას ჟორდანიამ აღნიშნა, რომ ოსმალეთის მმართველ წრეებში ამიერკავკასიის მომავალი ბედის შესახებ სამი განსხვავებული თვალსაზრისი არსებობდა: ერთი ჯგუფი ამიერკავკასიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას ბრესტ-ლიტოვსკის საზავო პირობების გათვალისწინებით ემხრობოდა; მეორე ჯგუფს მიაჩნდა, რომ ბრესტ-ლიტოვსკის ზავით განსაზღვრული ტერიტორიების გარდა, თურქეთს კავკასიაში დამატებით კიდევ რამდენიმე ოლქი უნდა მიეღო; თურქეთის თავდაცვის მინისტრ ენვერ-ფაშას კი, რომელიც პანთურქიზმის იდეას ქადაგებდა, საერთოდ მთელი ამიერკავკასიის ოკუპაცია სურდა.

ჟორდანიას მოხსენებიდან ირკვეოდა, რომ თურქებს ბრესტ-ლიტოვსკის ზავით გათვალისწინებული ბათუმისა და არდაგანის ოლქების გარდა, ახალქალაქის, ახალციხის, ეჩმიაძინის, ალექსანდროპოლისა და სურმალინის ოლქების დაკანონებაც სურდათ. გარდა ამისა, ისინი მოითხოვდნენ საომარი მოქმედებების პერიოდში ამიერკავკასიის სარკინიგზო ხაზის მათთვის გადაცემას. სომხეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს ჩამოყალიბებას თურქეთი საერთოდ არ განიხილავდა და ამ ქვეყნის უდიდესი ნაწილის პირდაპირ მიერთებას აპირებდა. ჟორდანიამ მიმოხილვისას ისიც დასძინა, რომ გერმანია თურქთა გაზრდილ ამბიციებს არ ეთანხმება და ოსმალებისგან ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმების დაცვას მოითხოვდა: „ამჟამად ჩვენ ველოდებით თურქების ულტიმატუმს. თუ ამიერკავკასია ამ ულტიმატუმს დასთანხმდება, ფედერაცია დაიშლება. ადგილობრივი თათრები ამბობენ, რომ ხელს მოაწერენ ულტიმატუმს, რადგან ეს მათ ინტერესებშია. ამიერკავკასიის ფედერაცია უკანასკნელ დღეებს ითვლის…“

ჯერ კიდევ 14 მაისს, ბათუმის სამშვიდობო კონფერენციაზე, ქართულმა დელეგაციამ ოფიციალურად ითხოვა გერმანიის მფარველობა. ამ თხოვნიდან ცოტა ხანში გერმანიის დელეგაციის არაოფორმალურმა ხელმძღვანელმა, გრაფმა ფონ დერ შულენბურგმა, კერძო საუბარში აკაკი ჩხენკელს აცნობა, რომ გერმანიის ხელისუფლება მზად არის, ყველანაირად დაეხმაროს საქართველოს, თუ იგი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

1918 წლის 25 მაისს, ტფილისში საქართველოს ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში, რომელიც ფრეილინის ქუჩაზე (დღევანდელი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა) მდებარეობდა, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომა ერთადერთ საკითხს იხილავდა _ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. სხდომა ნოე ჟორდანიამ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას აკაკი ჩხენკელის წერილი გააცნო, სადაც ამიერკავკასიის დელეგაციის მეთაური, ბათუმის მოლაპარაკებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას ითხოვდა. ჟორდანიას წინადადებით, ამიერკავკასიის სეიმი ათ საათზე უნდა შეკრებილიყო, რომელიც თავს დაშლილად სცნობდა, ხოლო შემდეგ ეროვნული საბჭო საქართველოს დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. მაგრამ როგორც ჟორდანიამ განაცხადა, სეიმის ზოგიერთმა ფრაქციამ ამ შეკრებაზე უარი განაცხადა: „მუსავატებმა სთქვეს, რომ მათ ჯერ არ განუხილავთ საკითხი და აზრი არ შეუმუშავებიათ. თუ ქართველებს სურთ დამოუკიდებლობის გამოცხადება, გამოაცხადონ, ჩვენ ხელს არ შევუშლითო. სომხებმა განაცხადეს, რომ შესამუშავებელი აქვთ თავიანთი განცხადება და თხოულობენ გადაიდოს სეიმის სხდომა ხვალ დილით. რადგანაც ჩვენ გვინდოდა მათთან თანხმობით საქმის გაკეთება, მაგრამ რადგან არ ხერხდება და არ სურთ, ჩვენ უნდა ცალკე ვიმსჯელოთ. სეიმის კრება დღეს არ მოხდება. დანიშნულია ხვალ დღის 12 საათზე. სეიმის შემდეგ, საბჭო, სასახლეშივე გამოაცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობას“.

ჟორდანიას აზრით, არ შეიძლებოდა დამოუკიდებლობის გამოცხადება, სანამ სეიმი და მისი მთავრობა ჯერ კიდევ არსებობდა, ამიტომ ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა დამოუკიდებლობის გამოცხადება მეორე დღეს _ 26 მაისს. თავმჯდომარის ამ წინადადებას ეროვნული საბჭოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა და გადაწყდა დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადება. თუმცა 25 მაისს ეს მაინც ვერ მოხერხდა, რადგან როგორც გამოირკვა, არ იყო შეჯერებული დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი. ნოე რამიშვილის წინადადებით, საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ამიერკავკასიის სეიმის სხდომა 26 მაისს დილის ათ საათზე შედგებოდა, რის შემდეგაც გაიმართებოდა ეროვნული საბჭოს სხდომა, სადაც გამოცხადდებოდა კიდეც  საქართველოს დამოუკიდებლობა.

1918 წლის 26 მაისს, გოლოვინის გამზირზე (დღევანდელი რუსთაველის გამზირი), კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა. 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა.

იმავე დარბაზში, დაახლოებით, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. სხდომას უამრავი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. აქ იყვნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, გერმანიის ხელისუფლების წარგზავნილი გრაფი შულენბურგი და გერმანელი ოფიცრები, ტფილისის მიტროპოლიტი ლეონიდე თავის ამალასთან ერთად, ქართველი საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ქართველი ოფიცრები.

მეფისნაცვლის ყოფილი რეზიდენციის წინ მდებარე მოედანი და მიმდებარე ქუჩები ხალხით იყო სავსე. შენობის თავზე ქართული სამფეროვანი დროშა  ფრიალებდა. მიუხედავად ქვეყანში შექმნილი საგანგაშო ვითარებისა, განწყობა ყველას ამაღლებული ჰქონდა.

საბჭოს სხდომა ნოე ჟორდანიამ გახსნა: „მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის, იშვიათის და ამავე დროს ტრაგიკული აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, ახლა ამავე დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს. ამ ორ სახელმწიფოს შორის, რომელთაგანაც ერთი მოკვდა და მეორე იბადება, შეუძლებელია ყოფილიყო ინტერესთა წინააღმდეგობა. და თუ ოდესმე პირველი აღსდგება მკვდრეთით, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, მათ შორის მუდამ იქნება ინტერესთა თანხმობა.

საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს არსდება, არ იქნება მიმართული არც ერთის ერის, არც ერთის ხალხის, არც ერთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი მიზანია, დღევანდელი ისტორიული ქარტეხილებისაგან დაიფაროს თავისი თავი და როცა ამას მოახერხებს, იგი დაეხმარება სხვებსაც, ვინც ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩავარდა დიდ განსაცდელში…“

შესავალი სიტყვის შემდეგ, ჟორდანიამ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ წაიკითხა, რომელიც ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა:

„ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ითვალისწინებს რა ზემოჩამოთვლილ პირობებს, საქართველოს ეროვნული საბჭო, ამორჩეული საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ 22 გიორგობისთვეს 1917 წ. დღეს საყოველთაოდ აცხადებს:

1) ამიერიდან, საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;

2) დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა _ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა;

3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა;

4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს, საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან;

5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა;

6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს;

7) დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე“.

ამავე სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაც: ნოე რამიშვილი _ მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მონისტრი, აკაკი ჩხენკელი _ საგარეო საქმეთა მინისტრი; გრიგოლ გიორგაძე _ სამხედრო მინისტრი; გიორგი ჟურული _ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი; გიორგი ლასხიშვილი _ სახალხო განათლების მინისტრი; ნოე ხომერიკი _ მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი; შალვა მესხიშვილი _ იუსტიციის მინისტრი; ივანე ლორთქიფანიძე _ გზათა მინისტრი.

1918 წლის 28 მაისს გერმანიამ ახლად დაარსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. იმავე დღეს, ფოთში გერმანულ სამხედრო გემზე (შშ Mინნა Hორნ) ხელი მოეწერა შეთანხმებას გერმანიის იმპერიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომლის მიხედვითაც საქართველომ გერმანიის მფარველობა მიიღო. გერმანიის მხრიდან შეთანხმებას ხელს აწერდა გენერალი ოტო ფონ ლოსოვი, საქართველოს მხრიდან _ პრემიერ-მინისტრი ნოე რამიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი.

ქვეყნებს შორის მყარდებოდა დიპლომატიური კავშირი, რომელიც გერმანიასა და საქართველოში საელჩოებისა და საკონსულოების გახსნას ითვალისწინებდა. საიდუმლო წერილით ფონ ლოსოვი საქართველოს საერთაშორისო აღიარებას და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში სრულ მხარდაჭერას ჰპირდებოდა. ტფილისში გერმანიის მთავრობის საგანგებო წარმომადგენლად გრაფი შულენბურგი დაინიშნა.

ხელშეკრულების მიხედვით, გერმანიას საქართველოს რკინიგზის შეუზღუდავი გამოყენების უფლება ენიჭებოდა, ხოლო გერმანულ გემებს ქართულ ნავსადგურებში თავისუფალი შემოსვლა შეეძლოთ. საქართველოს ტერიორიაზე თავისუფალი მიმოქცევის ნება ეძლეოდა გერმანულ ვალუტას.

შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების აღსრულებას გერმანია სწარაფად შეუდგა. ჯერ კიდევ 1918 წლის 25 მაისს, ანუ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, ფოთის ნავსადგურში გერმანული სამხედრო ხომალდი შემოვიდა, რომელმაც ყირიმიდან საქართველოში  ბავარიული კორპუსის 3 ათასამდე ჯარისკაცი ჩამოიყვანა.

გერმანელებმა საქართველოს ყველა სტრატეგიული პუნქტი დაიკავეს. ფოთში გერმანული გარნიზონი 10 ათას ჯარისკაცს უტოლდებოდა, ტფილისში 5 ათასი მებრძოლი განალაგეს. გერმანელი სამხედროები იდგნენ: სიღნაღში, გორში, ქუთაისში, ოჩამჩირესა და ახალ სენაკში. საქართველოში გერმანიის საექსპედიციო კორპუსის საერთო რიცხვი, დაახლოებით, 30 ათას სამხედროს ითვლიდა, რომელსაც გენერალი ფრიდრიხ-კრეს ფონ კრესენშტაინი ხელმძღვანელობდა.

ფოთში ხელმოწერილი ხელშეკრულების მიხედვით, გერმანიას საქართველოს ბუნებრივი რესურსების მონოპოლიური მოპოვების უფლებაც მიენიჭა. გერმანულ კაპიტალს ჭიათურის მანგანუმის საბადოების 30-წლიანი დამუშავების ლიცენზია გადაეცა. ფოთის ნავსადგური 60 წლით, ხოლო საქართველოს რკინიგზა 40 წლით გადადიოდა გერმანელთა საკუთრებაში. ექსპორტის სახით საქართველოდან გერმანიაში გაჰქონდათ ქვანახშირი, სპილენძი, ხე-ტყე, თუთუნი, ჩაი, ხორბლეულობა, ხილი, ღვინო და ტყავი.

გერმანია მთლიანად შემოვიდა საქართველოში და ახალგაზრდა რესპუბლიკა ოსმალეთის ოკუპაციისგან იხსნა. თუმცა, მიუხედავად გერმანული ფაქტორისა, საქართველო მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვას მაინც ვერ გადაურჩა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია მოკავშირე თურქეთს ბრესტ-ლიტოვსკის ზავით გათვალისწინებული პირობების შესრულებას აიძულებდა, ოსმალებმა მაინც შეძლეს საკუთარი პოზიციის დაცვა და ამიერკავკასიაში ის ტერიტორიებიც დაისაკუთრეს, რომლის ოკუპაციაც თურქულმა არმიამ 1918 წლის აპრილ-მაისის სამხედრო კამპანიის დროს მოახერხა.

1918 წლის 4 ივნისს ოსმალთა მიერ ოკუპირებულ ბათუმში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თურქეთს შორის  სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, თურქეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მის მფლობელობაში გადადიოდა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. კერძოდ, ოსმალებმა მიიტაცეს ბათუმისა და არდაგანის ოლქები, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები.

4 ივნისს ბათუმში ოსმალებმა სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმეს აზერბაიჯანთან და სომხეთთანაც, რომლებმაც დამოუკიდებლობა 28 მაისს გამოაცხადეს. ბათუმის შეთანხმება მძიმე გამოდგა სომხეთისთვისაც. თურქეთმა დაიკანონა ყარსის ოლქი, სურამალინის მაზრა, ალექსანდროპოლისა და ეჩმიაძინის მაზრების სამი მეოთხედი, შარურ-დარალაღეზის მაზრის მეხუთედი.

ბათუმის ხელშეკრულებით საქართველოს, დაახლოებით, 12 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია ჩამოსცილდა, სადაც 250 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ეს ხელშეკრულება ამიერკავკასიისთვის გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე ბრესტის ზავით განსაზღვრული პირობები. საქართველოს მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, ბრეს-ლიტოვსკის ზავით ქვეყანა კარგავდა ბათუმსა და არდაგანს, ხოლო ბათუმის მოლაპარაკების შემდეგ ამ ტერიტორიას ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებიც დაემატა.

1918 წლის შემოდგომაზე გერმანია და მისი მოკავშირე თურქეთი პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა. როგორც თურქეთს, ასევე გერმანიას ამიერკავკასიის დატოვება მოუწია. ისინი რეგიონში უკვე დიდმა ბრიტანეთმა ჩაანაცვლა. საქართველომ დაიბრუნა ბრესტ-ლიტოვსკისა და ბათუმის ხელშეკრულებების ძალით წართმეული ტერიტორიები. მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობა დიდხანს არ გაგრძელებულა. იგი ყველასგან მიტოვებული აღმოჩნდა და 1921 წლის თებერვალში ქვეყანა ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო. თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.

 

მიხეილ ბასილაძე