გამოცხადებული დამოუკიდებლობის ქრონიკები (მეორე ნაწილი)

1917 წლის შემოდგომა. ეს ის პერიოდია, როდესაც ბოლშევიკებმა სამხედრო გადატრიალების გზით დროებითი მთავრობის დამხობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება შეძლეს. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ლენინის პარტიამ ღიად განაცხადა, რომ ისინი ტოტალიტარული სახელმწიფოს აშენებას აპირებდნენ, სადაც პროლეტარიატის დიქტატურა უნდა დამყარებულიყო.

რუსეთში წითელი ტერორის ხანა დადგა. კანონგარეშე ცხადდებოდნენ საზოგადოების მთელი ფენები, კლასები. დაიწყო ტოტალური ექსპროპრიაციის პროცესი. დევნიდნენ თავად-აზნაურობას, სამღვდელოებას, ინტელიგენციას, ბოლშევიკებისგან განსხვავებული ორიენტაციის მქონე ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას. დაიმსხვრა ყველა იმედი, რომ რუსეთი დემოკრატიული გზით შეძლებდა განვითარებას. ბოლშევიკების მიერ გაჩაღებულმა ტერორმა საპასუხო რეაქცია გამოიწვია. რუსეთში სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელმაც, თითქმის, 4 წელიწადს გასტანა.

ყოფილ იმპერიაში გამეფებული ქაოსის შედეგად, ამიერკავკასიის რეგიონი და, მათ შორის, საქართველო, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველო, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტ ხანს მთლიანად რუსეთზე იყო მიბმული და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, უეცრად ბედის ანაბარა აღმოჩნდა მიტოვებული. ფაქტობრივად, ეს იყო, უბრალოდ, ტერიტორია მკაფიო საზღვრების გარეშე, სადაც არც ერთი სახელისუფლებო შტო, არც ერთი კანონი აღარ მოქმედებდა. ეს იყო ქვეყანა, სადაც ხალხი მთავრობისა და მოქალაქეობის გარეშე დარჩა.

ამიერკავკასიაში სახელისუფლებო ვაკუუმის აღმოფხვრისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი 1917 წლის ნოემბერში გადაიდგა. ბოლშევიკური გადატრიალებიდან ორ კვირაში, ქართველი სოციალ-დემოკრატების ინიციატივით, 11 ნოემბერს ამიერკავკასიის დროებითი მთავრობის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით, საგანგებო თათბირი გაიმართა. თათბირს ქართველი სოციალ-დემოკრატი ევგენი გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა. გადაწყდა, რომ  სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების ჩატარებამდე, ამიერკავკასიის რეგიონის მართვისთვის, შექმნილიყო სპეციალური ორგანო, რის შესახებაც შესაბამისი რეზოლუციაც მიიღეს: „რადგან არ არსებობს ყველას მიერ მიღებული ცენტრალური მთავრობა და, შესაძლოა, ანარქიამ ამიერკავკასიაშიც იჩინოს თავი, ამასთან, რადგან გადასაწყვეტია მთელი რიგი საზოგადო, ეკონომიკური და ფინანსური საკითხები, რომელთა გადაწყვეტაზე დამოკიდებულია ამიერკავკასიის ბედი, თათბირმა დაადგინა: ვიდრე დამფუძნებელი კრების (საუბარია რუსეთის დამფუძნებელ კრებაზე) არჩევნები დასრულდებოდეს, ამიერკავკასიას განაგებდეს საზოგადოებრივი დაცვის კომიტეტი. კომიტეტში შევლენ ამიერკავკასიის ყველა ორგანიზაციის წარმომადგენლები“.

ამ თათბირიდან რამდენიმე დღეში, 1917 წლის 15 ნოემბერს, ტფილისში ამიერკავკასიის კომისარიატი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში, ძირითადად, ქართველი სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები), სომეხი დაშნაკები და აზერბაიჯანელი მუსავატები შედიოდნენ. ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგჭკორი გახდა, რომელიც, ამავე დროს, შრომისა და საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს კომისრის მოვალეობასაც ითავსებდა. შინაგან საქმეთა და ფოსტა-ტელეგრაფის სამინისტროს კომისრად კი ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აკაკი ჩხენკელი დაინიშნა.

ამ ორგანოს მხოლოდ რეგიონის მართვის დროებითი ფუნქცია უნდა ეტვირთა. ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებს ელოდნენ, რომელიც ნოემბრის მიწურულს უნდა გამართულიყო. მათი მოლოდინით, დამფუძნებელი კრების (საკანონმდებლო ორგანო, იგივე პარლამენტი) არჩევის შემდეგ, რუსეთში კანონიერი მთავრობა დაკომპლექტდებოდა, რაც ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებას უზრუნველყოფდა, ხოლო საქართველო კი ავტონომიურ სტატუსს მიიღებდა. ამდენად, ამიერკავკასიის პოლიტიკური პარტიები, რომელთა შორის წამყვან როლს ასრულებდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები, ბოლშევიკების მიერ მოწყობილ გადატრიალებას არ სცნობდნენ, ხელისუფლებაში მათ მოსვლას დროებით მოვლენად მიიჩნევდნენ და სწამდათ, რომ ლენინის მთავრობა ძალაუფლებას დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნა იძულებითი ნაბიჯი იყო და იგი სულაც არ ითვალისწინებდა რუსეთის ორბიტიდან რეგიონის ნაწილობრივ, ან მთლიან მოწყვეტას, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდის ქართველი პოლიტიკოსები ნაკლებად ფიქრობდნენ რუსეთისგან განცალკევებას, კომისარიატის დაარსებით, მათ, თავისდაუნებურად, დამოუკიდებლობისკენ მიმართული პროცესების გააქტიურებას შეუწყვეს ხელი.

რამდენად გამართლებული იყო ქართველი პოლიტიკოსებისგან ქვეყნის დამოუკიდებელობაზე უარის თქმა და რატომ მიიჩნევდნენ ისინი, რომ დამოუკიდებლობაზე მეტად საქართველოსთვის განახლებული რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიური სტატუსი უფრო მომგებიანი იქნებოდა? შესაძლოა ვთქვათ, რომ ასეთი მიდგომა მემარცხენე ძალებს ახასიათებდა, რომლებიც ეროვნულთან ერთად, არანაკლებ ყურადღებას სოციალისტურ და ზოგადსაკაცობრიო იდეალებს აქცევდნენ. მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის თემასთან დაკავშირებით, თითქმის, იგივე პოზიცია ჰქონდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასაც, რომლის ხედვა ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით აშკარად განსხვავდებოდა სოციალისტებისგან. ამას, 1917 წლის 19 ნოემბერს საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს ინიციატივით მოწვეული პირველი ეროვნული ყრილობის რეზოლუციაც  ადასტურებს, სადაც ხანგრძლივი კამათის შემდეგ საქართველოს რუსულ ორბიტაში დარჩენას ნაწილობრივ ეროვნულ-დემოკრატებმაც დაუჭირეს მხარი.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ქვეყნის დამოუკიდებლობა საერთოდ არ ანაღვლებდა და მხოლოდ ვიწროპარტიული მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა. ერთი შეხედვით, რუსეთში დაწყებული საერთო ქაოსი დამოუკიდებლობის გამოცხადების მშვენიერ საშუალებას წარმოშობდა: იმპერია ინგრეოდა, რუსული საზოგადოება ერთმანეთს დაუნდობლად ებრძოდა და საქართველოს მსგავსი კოლონიებისთვის ნაკლებად ეცალა. მაგრამ მოცემულ ვითარებაში არსებობდა ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც დამოუკიდებლობის გამოცხადებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა _ გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველი მსოფლიო ომისა და რუსული რევოლუციების შედეგად წარმოიქმნა.

კავკასიის უშუალო სიახლოვეს პირველი მსოფლიო ომის აქტიური ფრონტის ხაზი გადიოდა, სადაც ერთმანეთს რუსული და თურქული არმიები ებრძოდნენ. ჯერ კიდევ 1914 წელს თურქეთმა გერმანიასთან საიდუმლო შეთანხმება გააფორმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთის საზღვრების გაფართოებას თვალისწინებდა. თურქთა ერთ-ერთ ძირითად მიზანს კავკასიის რეგიონზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა.

1916 წლისთვის კავკასიის ფრონტზე ოსმალეთმა უმძიმესი მარცხი იწვნია. გენერალ იუდენიჩის მეთაურობით რუსეთის არმიამ ოსმალეთის სიღრმეში შეაღწია და ზედიზედ დაიკავა: ერზრუმი, ტრაპიზონი, ვანი, ერზიჯანი და ბითლისი. ოსმალეთის აღმოსავლეთის პროვინციები და შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსების ოკუპაციის ქვეშ მოექცა. ფრონტის ხაზი, დაახლოებით, 1000 კილომეტრზე გაიწელა.

თუმცა 1917 წლის დამდეგისთვის ვითარება კარდინალურად შეიცვალა. თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსულ არმიაში საბრძოლო სულისკვეთება კატასტროფულად დაეცა. ბოლშევიკთა აგიტაციის წყალობით, გახშირდა ჯარისკაცთა დაუმორჩილებლობისა და დეზერტირობის შემთხვევები. საჯარისო ნაწილები თანდათან გაიხრწნა და ქაოსმა მოიცვა. ეს პროცესი კიდევ უფრო გააძლიერა 1917 წლის ოქტომბერში ბოლშევიკების მიერ მოწყობილმა გადატრიალებამ. ჯარისკაცები მასობრივად ტოვებდნენ სანგრებს და რუსეთში ბრუნდებოდნენ. წლის ბოლოსთვის კავკასიის ფრონტი მეტწილად უკვე დაშლილი იყო.

კავკასიის ფრონტზე რუსული არმია 184 ათას ქვეით ჯარისკაცს, 32 ათას კავალერისტსა და 600-მდე საარტილერიო დანადგარს ითვლიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში საკამოდ დიდი იყო იმის ალბათობა, რომ სეპარატიზმის აღსაკვეთად რუსული არმია საქართველოში შემოსულიყო. გარდა ამისა, გასათვალისწინებელი იყო ოსმალთა ფაქტორიც: თუ რუსეთი კავკასიის ფრონტზე პოზიციებს მიატოვებდა, საქართველო თურქეთის თითქმის 100-ათასიანი ჯარის პირისპირ რჩებოდა. და ეს იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას არც ხელისუფლება გააჩნდა და არც შეიარაღებული ძალები ჰყავდა.

ამასთან, საქართველო არ წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტს და სამხედრო აგრესიის შემთხვევაში მას არ უნდა ჰქონოდა მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოების მხარდაჭერის იმედი. ეს მოცემულობა 1917 წლის დეკემბერში ტფილისში ანტანტის წარმომადგენელთა ვიზიტმაც დაადასტურა. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრებთან შეხვედრისას ევროპელებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი არ ემხრობიან დამოუკიდებლობის იდეას და გარე აგრესიის შემთხვევაში საქართველო მათგან დახმარებას არ უნდა ელოდოს.

ტფილისში შექმნილი ამიერკავკასიის კომისარიატი კავკასიის ფრონტის რუსულმა სარდლობამ თავდაპირველად სწორედ სეპარატიზმად შეაფასა. თუმცა შემდეგ ქართველი პოლიტიკოსების დელეგაციამ შეძლო რუსი გენერლების დარწმუნება, რომ ამიერკავკასია რუსულ ორბიტას არ სცდებოდა და ამ ნაბიჯით მხოლოდ ბოლშევიკების მთავრობას ემიჯნებოდა. სწორედ ამ მოსაზრებებით იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ პირველ ეროვნულ ყრილობაზე საქართველოს დამოუკიდებლობის ღიად გამოცხადება, ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობამ და, მათ შორის, ეროვნულ-დემოკრატებმაც ნაადრევად მიიჩნია.

თუმცა, როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, საქართველომ საფრთხის აცილება ვერ შეძლო და დამოუკიდებლობის თემაზე გამოჩენილმა სიფრთხილემ სასურველი შედეგი მაინც არ გამოიღო. 1917 წლის დეკემბერში ბოლშევიკებმა ოსმალეთთან საზავო ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის შემდეგაც, რუსეთსა და თურქეთს შორის საბრძოლო მოქმედებები შეწყდა და კავკასიის ფრონტი მთლიანად მოირღვა.

1918 წლის იანვარში  ფრონტიდან გამოქცეულმა რუსულმა სამხედრო ნაწილებმა ტფილისისკენ აიღეს გეზი. საქართველოს დედაქალაქს რეალური დარბევის საფრთხე დაემუქრა, თუმცა ეროვნულმა საბჭომ ოპერატიულად იმოქმედა და რუსულ სამხედრო ეშელონებს ტფილისისკენ გზა გადაუკეტა. რუსი სამხედროების ნაწილმა ქალაქში შეღწევა ძალით სცადა, მაგრამ ეროვნული საბჭოს მიერ მობილიზებულმა ქართულმა კორპუსმა და სახალხო გვარდიის ნაწილებმა მათ ამის საშუალება არ მისცა. სადგურ შამქორთან მცირე შეტაკებაც კი მოხდა, რის შემდეგაც რუსული სამხედრო ეშელონი იძულებული გახდა, ბაქოსკენ გაეგრძელებინა გზა.

1918 წლის იანვარში ქართველი პოლიტიკოსების იმედებმა, რუსეთის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით, საბოლოო კრახი განიცადა. 5 იანვარს რუსეთის ახლად არჩეული დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა ჩატარდა. დამფუძნებელ კრებას რუსეთის სახელმწიფოს მოწყობის საკითხი უნდა გადაეწყვიტა.

ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებით დეპუტატთა უმრავლესობას მემარჯვენე ესერებისა (სოციალ-რევოლუციონერები) და ცენტრისტების გაერთიანება წარმოადგენდა. 715 მანდატიდან ბოლშევიკებს სულ 175 ჰქონდათ.

პირველივე სხდომა დამფუძნებელი კრებისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. დეპუტატთა უმრავლესობამ არ მიიღო ბოლშევიკების მიერ შემუშავებული სახელმწიფო მოწყობის გეგმა, რომლის მიხედვითაც რუსეთი საბჭოთა რესპუბლიკად ცხადდებოდა. კომუნისტებმა გააცნობიერეს, რომ დამფუძნებელი კრება მათ მუდმივად ხელს შეუშლიდა და მისი დაშლა გადაწყვიტეს. ლენინის პარტიამ დამფუძნებელ კრებას პირველი სხდომის ბოლომდე ჩატარების საშუალებაც კი არ მისცა და დეპუტატები დარბაზიდან გარეკა. რუსეთში ბოლშევიკური პარტიის სრული დიქტატურა დაიწყო.

რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა ქართველ პოლიტიკოსებზე ცივი შხაპის ეფექტი მოახდინა. ნათელი გახდა, რომ დამფუძნებელი კრების დაშლით რუსეთში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო რადიკალურ ხასიათს მიიღებდა და ქაოსი გაძლიერდებოდა. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ორი გზა რჩებოდა: საქართველოს ან დამოუკიდებლობლობა უნდა გამოეცხადებინა და საკუთარი ბედი თავად განესაზღვრა, ან რუსეთში მიმდინარე პროცესების საბოლოო გარკვევას დალოდებოდა. ქართველმა პოლიტიკოსებმა კვლავ სიფრთხილე გამოიჩინეს და მომლოდინე პოზიცია დაიკავეს. მათ კიდევ ჰქონდათ იმის იმედი, რომ რუსეთის დამფუძნებელი კრება მომავალში მაინც შეიკრიბებოდა.

რუსეთის დამფუძნებელი კრების დაშლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ ამიერკავკასიიდან არჩეული დეპუტატები. 12 იანვარს ამიერკავკასიის კომისარიატში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ იმსჯელეს და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს _ სეიმის (იგივე პარლამენტი) ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღეს. ვინაიდან სეიმის არჩევნები დროში გაიწელებოდა, კომისარიატში შეთანხმდნენ, რომ სეიმი, ძირითადად, რუსეთის დამფუძნებელ კრებაში ამიერკავკასიიდან არჩეული დეპუტატებით დაკომპლექტდებოდა.

1918 წლის 10 თებერვალს, ანუ რუსეთის დამფუძნებელი კრების დაშლიდან ერთი თვის შემდეგ, ტფილისში სეიმის პირველი სხდომა ჩატარდა. სეიმი 115 დეპუტატისგან შედგებოდა. მის შემადგენლობაში შედიოდა: სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქცია (საქართველო) _ 32 დეპუტატი, მუსლიმანური ფრაქცია (აზერბაიჯანის მუსავატური პარტიისა და უპარტიოთა გაერთიანება) _ 44 დეპუტატი, დაშნაკთა პარტიის ფრაქცია (სომხეთი) _ 27 დეპუტატი. სეიმში ასევე წარმოდგენილი იყვნენ ქართველი ეროვნულ-დემოკრატები, რუსი ესერები და კადეტები. სეიმის ხელმძღვანელად ქართველ მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლოზ ჩხეიძე აირჩიეს.

სეიმის პოზიციას და, საერთოდ, იმ პერიოდის ქართველი პოლიტიკოსების სულისკვეთებას კარგად გამოხატავს ნიკოლოზ ჩხეიძის მიერ სეიმის გახსნისას წარმოთქმული სიტყვა. ჩხეიძემ სხდომა იმით გახსნა, რომ დეპუტატებს სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ რევოლუციის საქმისთვის დაღუპულების ხსოვნისთვის: „მოქალაქენო, სეიმის წევრებო! როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ნორჩი საკანონმდებლო დაწესებულების ბედი, დღევანდელი დღე გახდება ისტორიულ დღედ. განხორციელდა ის, რაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შორეულ ოცნებად გვეჩვენებოდა: ჩვენს ხელშია ამჟამად უძვირფასესი საჩუქარი რევოლუციისა _ საკანონმდებლო კრება. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ამ საჩუქრის მიღებას უნდა ვუმადლოდეთ თავდადებულ მებრძოლებს, რომელთაც უკვე შესწირეს თავის სიცოცხლე რევოლუციის საქმეს. მაშ, დავამტკიცოთ ჩვენი მოწიწებითი მუხლის მოდრეკა ამ მებრძოლთა წარსულის წინაშე იმით, რომ პატივი ვცეთ მათ დიდებულ ხსოვნას ფეხზე ადგომით. რევოლუციის იმ მებრძოლებს კი, რომელთაც დღევანდლამდე მაღლა უჭირავთ წითელი დროშა, ვუთხრათ: წინ, უშიშრად! გაუმარჯოს რევოლუციას!“

ამიერკავკასიის სეიმს დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია. ჩხეიძის გამოსვლა ნათლად ადასტურებდა, რომ ქართველი პოლიტიკოსების ფიქრები რუსეთის დემოკრატიისკენ იყო მიმართული და სწორედ ამ კონტექსტში განიხილებოდა რეგიონისა და, მათ შორის, საქართველოს მომავალიც. ჩხეიძე ერთა თვითგამორკვევის პრინციპს არ უარყოფდა, მაგრამ ეს ყველაფერი რუსეთთან კავშირში იგულისხმებოდა.

ნიკოლოზ ჩხეიძე: „…ამიერკავკასიის დემოკრატია მტკიცე საფუძველი იქნება ამიერკავკასიის სეიმისა, რადგანაც სეიმი დაადგება რევოლუციის მოპოვებათა განმტკიცებისა და რუსეთის დიდ რევოლუციის ლოზუნგების ცხოვრებაში გატარების გზას, რომელთა შორის დამფუძნებელი კრების მოწვევა, რა თქმა უნდა, რჩება სრულ ძალაში, ვინაიდან ამ ლოზუნგზე უარის თქმა, ჩემის ღრმა რწმენით, ნიშნავს რუსეთის დიდი რევოლუციიდან ჩამოშორებას, ეს ნიშნავს აფექტის პირდაპირი გავლენის ქვეშ მოქმედებას, ეს ნიშნავს ირგვლივ მომხდარ ამბების შთაბეჭდილების ქვეშ მუშაობას…

ერის თვითგამორკვევის ლოზუნგი დიდი ხანია, ფრაზა არ არის და, მე ვფიქრობ, ამიერკავკასიის არც ერთ ხალხს არ შეუძლია დათანხმდეს თავის არსებითი უფლებების შეკვეცას. მაგრამ, ამავე დროს, ფანატიზმი და დოქტრინერობა, ვიტყვი, სისულელე იქნებოდა, თუ აქ არ აღმოჩნდებოდა ურთიერთგაგების, შეთანხმებისა და კომპრომისის ადგილი. ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთა თვითგამორკვევის დიდი ლოზუნგი გადაიქცეოდა ამიერკავკასიის ეროვნებათა ურთიერთთა ამოჟლეტად. სეიმმა უნდა შეჰქმნას პირობები, რომ მშვიდობიანად გადაჭრას ეს საკითხები და მას აქვს შეძლება, შეჰქმნას ეს პირობები, თუ იგი გამონახავს ნიადაგს ყველა ეროვნებათა დემოკრატიის ინტერესების ერთიანობისათვის, და ეს, მე ვფიქრობ, არ არის შეუძლებელი…

რუსეთის დამფუძნებელი კრება რჩება დღეს ლოზუნგად და ამით ზოგადათ ისახება სეიმის ჩარჩოები და კომპეტენცია, ამასთანავე, ხაზს ვუსვამ, რომ ეს ჩარჩოები, _ ვფიქრობ მე, _ გაფართოვდებიან პირობებისა და ცხოვრების მსვლელობის მიხედვით. დასასრულ, მე ვფიქრობ, რომ სეიმი, თუ ივლის აღნიშნული გზით, შესძლებს, აღმასრულებელ ორგანოს მისცეს საჭირო სიძლიერე. ძველად ამბობდენ, _ ღმერთია მოწყალეო, მე ვიტყვი, _ რევოლუციაა მოწყალე. გაუმარჯოს რევოლუციას, გაუმარჯოს პირველ ამიერკავკასიის სეიმს“.

1918 წლის მარტში პირველი მსოფლიო ომის მსვლელობაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში ლენინის მთავრობამ სეპარატული ხელშეკრულება გააფორმა ცენტრალური სახელმწიფოების (გერმანია, ავსტრო-უნგრეთი, ბულგარეთი, ოსმალეთი) კავშირთან, რითაც, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადა და პირველი მსოფლიო ომიდან გამოვიდა.

ბოლშევიკებმა სეპარატული ზავის მომზადება ოქტომბრის შეიარაღებული გადატრიალებისთანავე დაიწყეს. კომუნისტების ერთ-ერთი ძირითადი ლოზუნგი მსოფლიო ომიდან რუსეთის გამოსვლა იყო. სწორედ ამ ლოზუნგით შეძლეს ბოლშევიკებმა ხანგრძლივი ომით დაღლილ ჯარისკაცთა მასების საკუთარ მხარეზე გადმობირება, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ლენინის მთავრობა ამ დაპირების შესრულებას შეუდგა.

შეიარაღებული გადატრიალების მეორე დღესვე _ 26 ოქტომბერს, ბოლშევიკებმა სამშვიდობო დეკრეტი გამოსცეს, სადაც მსოფლიო ომში მონაწილე ყველა მხარეს მოლაპარაკებების დაწყებისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.

საზავო მოლაპარაკებები ოთხთა კავშირთან, სადაც ძირითად როლს გერმანია ასრულებდა, ჯერ კიდევ, 1917 წლის ნოემბერში დაიწყო და საბოლოოდ, 1918 წლის მარტისთვის დასრულდა. ბოლშევიკებისთვის ამ ზავს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მსოფლიო ომისა და რევოლუციების შედეგად, რუსეთის ეკონომიკა მთლიანად დაინგრა. კატასტროფულად დაეცა მოსახლეობის სოციალური დონე. ქვეყანა სავსე იყო ფრონტიდან გამოქცეული ჯარისკაცებით და დევნილებით. მსხვილ ქალაქებში თითქმის ყოველდღიური ხასიათი მიიღო გაფიცვებმა, საპროტესტო გამოსვლებმა და მიტინგებმა. ბოლშევიკებს უპირისპირდებოდა მთელი პოლიტიკური სპექტრი.

ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა დასავლეთის ფრონტზე შექმნილი ვითარება. გერმანიამ კარგად ისარგებლა იმით, რომ დემორალიზებული რუსული არმია მას წინააღმდეგობას ვერ უწევდა და რუსეთის სიღრმეში 300 კილომეტრით წაიწია. გერმანელებს პეტერბურგამდე 170 კილომეტრი აშორებდათ.

ამ ფონზე გერმანიასთან სამშვიდობო ზავი ბოლშევიკებს სულის მოთქმის საშუალებას მისცემდა. მშვიდობის სანაცვლოდ გერმანიამ ბოლშევიკებს უმძიმესი ულტიმატუმი წამოუყენა, რაზეც ლენინის მთავრობა იძულებული შეიქმნა, დათანხმებულიყო. რუსეთი კარგავდა ბალტიისპირეთს, უკრაინას, ბელარუსიის ნაწილს, პოლონეთს, ფინეთს. რუსეთი პოზიციებს თმობდა ამიერკავკასიაშიც. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო საზავო ხელშეკრულების მეოთხე მუხლი, რომლის თანახმადაც, გერმანიის მოკავშირე ოსმალეთის სასარგებლოდ, რუსეთი ყარსის, არდაგანისა და ბათუმის ოლქებს თმობდა.

ამონარიდი საზავო ხელშეკრულების მეოთხე მუხლიდან: „რუსეთი ყველაფერს მიმართავს, რათა დაუყოვნებლივ დაიცალოს რუსული მხედრობისგან არდაგანის, ყარსისა და ბათუმის ოკრუგები. რუსეთი არ ჩაერევა ამ ოკრუგების ახალ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციაში, არამედ მისცემს საშუალებას ამ ოკრუგების მოსახლეობას, დაამყაროს ახალი სისტემა სახელმწიფოებთან და განსაკუთრებით თურქეთთან თანხმობით“.

თანახმა იყო თუ არა საქართველო არდაგანისა და ბათუმის გადაცემაზე, ამით არავინ დაინტერესებულა. ამიერკავკასიის სეიმისა და მთავრობის სახელით ევგენი გეგეჭკორისა და ნიკოლოზ ჩხეიძის მიერ განცხადებულმა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო.

 

მიხეილ ბასილაძე