გაზრდილი ფასები და ინფლაციის მაჩვენებელი

ვინც ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებს ყურადღებას აქცევს, ალბათ, ყველას ახსოვს გასულ წელს დაანონსებული ინფლაციის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც, „ეროვნული ბანკი“ ცალსახად ამბობდა, რომ 2017 წლის ინფლაციის მაჩვენებელი 4% იქნებოდა. დღეს უკვე, მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ივლისში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 0,9% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ _ 6,0%.

ამ მონაცემებს საქართველოს  სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მანვე წარმოადგინა სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე, წინა თვესთან შედარებით, ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2,6%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,78%-ული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული (18,0%), ხილი და ყურძენი (9,0%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0,5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0,3%); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,0%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,14%-ული პუნქტი შეადგინა; ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2,3% ი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1,5%). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,2%).

თუმცა წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,1%-ით, რაც 2,14%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25,6%), ხილი და ყურძენი (15,9%), რძე, ყველი და კვერცხი (9,3%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1%), ყავა, ჩაი და კაკაო (5,6%), ზეთი და ცხიმი (5,5%), თევზეული (4,4%);

ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 12,6%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,61%-ული პუნქტით აისახა; ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18,0%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,0%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,4%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,3%-ით, რაც 1,13%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,1%), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,3%);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,9%-ით, რაც 0,62%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (18,1%) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5,5%)“.

 

მოსახლეობისთვის, რომლის შემოსავლებიც უცვლელი რჩება, ფასების ზრდა ნამდვილად მტკივნეულია. „ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რა არის ფასების მსგავსი ცვლილების მიზეზი და შეიძლება თუ არა, ეს ტენდენცია ამგვარად გაგრძელდეს?

 

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:

_ ფასების ზრდის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდაა. გარე ფაქტორებიდან გამოწვეულ მიზეზებს რაც შეეხება,  ნედლეულზე (ხორბალზე, ნავთობპროდუქტებზე) ფასებმა მცირედით მოიმატა, მაგრამ ჩვენს რეალობაში მთავარი მიზეზი, რატომაც იზრდება ფასები საქართველოში, არის აქციზის გადასახადის გაზრდის შედეგი, რასაც ერთჯერადი ეფექტი ჰქონდა, ანუ ერთჯერადად გაიზარდა ფასი, ზრდა დაფიქსირდა და რადგან მოსალოდნელი აღარაა აქციზის გადასახადის მეტჯერ ზრდა, შესაბამისად, პროდუქტების ფასებზე ზრდაც აღარ არის მოსალოდნელი. ჯამურად, ფასების დონე მოცემულ თვეში 0.9%-ით შემცირდა წინასთან შედარებით და საშუალო წლიური მონაცემის მიხედვით, თანაბარ პირობებში, თუ მოვლენები ისე გაგრძელდა, როგორც არის, მაშინ ინფლაციის დონე თანდათანობით ჩამოიწევს. 2018 წელს კი „ეროვნული ბანკი“ ინფლაციის 3%-იან მაჩვენებელს ვარაუდობს.

 

პაატა შეშელიძე _ ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორი, ეკონომისტი:

_ ეს მონაცემები და დღევანდელი რეალობა მონეტარული პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია, რაც ამ ბოლო წლებში ხორციელდებოდა. მისი მთავარი მახასიათებელი იყო ის, რომ ე.ბ. მოთხოვნის წახალისებას ცდილობდა, რომ ფულის ბეჭდვა და მიმოქცევაში გაშვება არ აისახება ფასებზე, რაც მცდარი იყო. რა თქმა უნდა, ეფექტი იმ წუთში არ ჩანს, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო. საკმაოდ მაღალია ინფლაციის ეს მაჩვენებელი. მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნის წახალისებაზეა ორიენტირებული, ამავე დროს, კომერციული ბანკები აქტიურად ახდენენ ფულის მულტიპლიკაციას, _ ამ საშუალებას იყენებენ და მეტ სესხს გასცემენ, ვიდრე მათ სინამდვილეში შეეძლოთ, რომ გაეცათ, თუ იქნებოდა სხვა ტიპის მონეტარული სისტემა. მოკლედ რომ ვთქვათ: ინფლაციის ყველაზე მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი არის მონეტარული პოლიტიკა.

_ აქციზის გადასახადს არ აქვს კავშირი ამ მაჩვენებელთან?

_ ინფლაციის განსაზღვრა ძალიან სპეციფიკურია. წარმოიდგინეთ, ვთქვათ, აქციზმა მომწოდებელი აიძულა, რომ ფასი გაეზარდა, მაგრამ თუ კონკრეტულ პროდუქტს 10 მოქალაქე იაფად ყიდულობდა, დღეს ყიდულობს 7 მათგანი… მონაცემები შეიცვალა, მაგრამ ინფლაცია ამას არ აღრიცხავს, ის მხოლოდ ფასებს აღრიცხავს, შესაბამისად, მოცემული სიტუაცია გვაქვს. რა თქმა უნდა, როცა ინფლაციას ანგარიშობენ, აქციზის გადასახადსა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს გავლენა აქვს, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ჯამში, პროდუქტების ნაწილზე ფასი იზრდება, ნაწილზე _ კლებულობს. ანუ ეს აქციზი გავლენას ახდენს ფასებზე, მაგრამ, ასევე, იგი გავლენას ახდენს მომხმარებელზე.

_ სანამ არსებული მონეტარული პოლიტიკა არ შეიცვლება, ფასებისა და ინფლაციის ზრდა გაგრძელდება?

_ ამ შემთხვევაში ინფლაცია არ არის ორმაგი და სამმაგი, ამიტომ ის პოლიტიკა, რაც ტარდება, განსაკუთრებით მარტიდან, როცა კურსის სტაბილურობაზე აიღეს აქცენტი, გარკვეულწილად, გავლენას იქონიებს და ინფლაციას შეაჩერებს. დღევანდელი მაჩვენებელი წინა პერიოდების ქმედებების შედეგია. ვფიქრობ, თუ მონეტარული პოლიტიკა გადაიხედება და ახლანდელი მიდგომა რაცაა, კურსის სტაბილურობის მიმართულებით შენარჩუნდება, ბევრი რამ შეიცვლება. კურსის სტაბილურობაც არაფორმალურად ხდება, ვგულისხმობ იმას, რომ როცა ეს მიმართულება აიღეს, ხმამაღლა არ გაუცხადებიათ. ვფიქრობ, მონეტარულ პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებები მოხდა და დიდი ალბათობით ეს ისევ იმაში აისახება, რომ ფასების ზრდა ასე ინტენსიურად აღარ გაგრძელდება.

ჩემი პოზიცია უცვლელია: მონეტარული პოლიტიკის ცვლლილება აუცილებელია! ის, რაც ხდება ფულის მიწოდების თვალსაზრისით, ზედმეტი საბანკო სესხების გაცემა, რომელიც არაფრითაა უზრუნველყოფილი, უნდა შეიცვალოს, თუ გვინდა, რომ ის სიკეთეები მივიღოთ, რაც თანამედროვე ეკონომიკას უნდა მოჰყვეს. თანამედროვე ეკონომიკა მზარდია და მის პირობებში ფასი კი არ უნდა იზრდებოდეს, არამედ უნდა მცირდებოდეს. ჩვენ კიდევ საწინააღმდეგო პროცესი გვაქვს არასწორი პოლიტიკის გამო. ეს ასეა არა მხოლოდ საქართვეოში, არამედ უცხოეთშიც და, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკა არის სხვისი ცუდი პოლიტიკის, ცუდი მიბაძვა, ცუდი კოპიო.

სულ ოთხ პუნქტზე გაძვირდა აქციზი, მაგრამ ჩვენ გვაქვს აკუმულაციური პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხმარება და ფასებიც სხვადასხვანაირად გადანაწილდა. თან ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნავთობი, გაზი და მსგავსი ტიპის პროდუქტები სხვადასხვა კატეგორიის ხალხისთვისაა. აქ უფრო მეტი მონეტარული პოლიტიკის წილია. ბევრი რამ აღმოსაფხვრელია და რაც აღმოფხვრილია, ის ფორმალიზებული არ არის.

ისევ ლარს კურსის თემას დავუბრუნდეთ: კურსის სტაბილურობაზე თითქოსდა არ აპირებდნენ აქცენტის გაკეთებას, მაგრამ ახლა აკეთებენ. რატომ? თუ არ ერევი ამ პოლიტიკაში, მაშინ რატომ ყიდულობ მას ბაზარზე?! ისევ შეიძინეს თანხები, რატომ?! ახლა კურსის სტაბილურობა აირჩიეს _ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიგვანიშნებს, თუ რა არის მათი ორიენტირი. თუკი გაუფასურება დაუშვეს, გამყარებას რატომ არ უშვებენ? თუ ლარის კურსის დასტაბილურებაში ერევიან, მაშინ როგორ აკეთებენ ამას? _ რაღაც პრინციპი ხომ უნდა იყოს? და ეს ბოლო პერიოდში ჩანს. მათ არ აქვთ მყარი პრინციპი. მოვლენებიდან გამომდინარე ცვლიან. რაღაც გაუჭირდებათ და შეცვლიან. მათი პოლიტიკა არ არის სტაბილური და განსაზღვრული, ის ყოველთვის სეპარატული და დახურულია.

_ თუ არის საუბარი ამ პოლიტიკის შეცვლაზე?

_ ამაზე ბევრი ვისაუბრე, მაგრამ ოფიციალურად ისინი არ აღიარებენ თავიანთ შეცდომებს. რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ პრაქტიკა ახლა შეცვალეს, მაგრამ ამას არ აღიარებენ. რასაც ვამბობდი, სტაბილური კურსი უნდა იყოს _ ეს გააკეთეს, მაგრამ არ ახმაურებენ. ისევ იმას ამბობენ, რასაც მანამდე, რომ თითქოს მათი ამოცანა ინფლაციის კონტროლია, მაგრამ ინფლაციის კონტროლი თუ მართლაა მათი ამოცანა, ივლისში რომ 6%-ს უდრის ეს მაჩვენებელი, ამავდროულად, წლიურ მაჩვენებლად რომ 4%-ს ელოდებიან, ე. ი. რაღაც პრობლემაა. შეგვიძლია დავსვათ საკითხი: რატომ არ სრულდება ის დაპირებული ინფლაცია? რაა მიზეზი? _ მაშინ უნდა გაგვცენ პასუხი, ეს კი მარტივი საქმე არ არის. ლაპარაკია იმაზე, რომ აღიარონ _ შეცდომა და ეს კიდევ ყველას არ შეუძლია. ფაქტია, რომ პოლიტიკას ცვლიან.

 

ვახტანგ ჭარაია _ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი:

_ მონაცემების მიხედვით, 12-დან 3 ჯგუფშია, ძირითადად, ფასები მომატებული სოლიდური ოდენობით და ყველაზე ხაზგასასმელი ამ შემთხვევაში არის სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების მატება, რაც ყველაზე მძიმედ აისახება მოსახლეობაზე; აგრეთვე, თამბაქოზეც, ჯანდაცვის მომსახურებასა და სხვა სერვისებზეც. თუმცა ყველაზე მეტად პირველადი საჭიროების მაინც სურსათია და მასზე ფასების ცვლილება დიდ გავლენას ახდენს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ წლის დასაწყისში აქციზური გადასახადები გაიზარდა ნავთობპროდუქტებზე, საავტომობილო გაზზე. შემდეგ უკვე ელექტროენერგიის ფასმაც მოიმატა, შესაბამისად, ეს ყველაფერი, საბოლოოდ, საქონელსა და მომსახურებაზე აისახება, რომელიც ქვეყანაში იყიდება და ყველა მათგანში არის ელექტროენერგიის, ასევე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯები, რომლებიც გავლენას ახდენს მთლიან ინფლაციაზე, შესაბამისად, პირდაპირ გამომწვევი მიზეზი ეს იყო.

ამას ემატება ის, რომ საკმაოდ წარმატებული წელი გვაქვს ეკონომიკური ზრდის მიხედვით, რაც დამატებით, თავის მხრივ, იწვევს ინფლაციასაც. ერთმანეთს განაპირობებენ ინფლაცია და ეკონომიკური ზრდა. ისინი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია და მეტიც, ერთმანეთს  იწვევენ კიდევაც, მიზეზ-შედეგობრივი კავშირია და ესეც გავლენას ახდენს, ნაწილობრივ მაინც. ეს შემდგომ უკვე  ბუმერანგის ეფექტით აისახება გაზრდილ ინფლაციაზე. გარდა ამისა, წლევანდელი წელი ტურისტული კუთხითაც საკმაოდ წარმატებულია, რაც, აგრეთვე, ასტიმულირებს ფასების ზრდას, თუნდაც, იგივე სამომხმარებლო საქონელზე და ეს ყველაფერი შემდეგ უკვე იმ ინფლაციაში აისახება, რომელიც გვაქვს და მიზნობრივს აღემატება, თან საკმაოდ მნიშვნელოვნად, რადგან მიზნობრივი 4% იყო და უკვე მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებმა მას გადააჭარბა კიდეც. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება წლის ბოლომდე ინფლაცია ისე დარეგულირდეს, რომ 4%-ის ფარგლებშიც შენარჩუნდეს. იმიტომ რომ მომდევნო პერიოდშიც შეიძლება ინფლაცია ასეთი მაღალი აღარ იყოს, _ ტურისტული პერიოდი რომ გადაივლის შეიძლება, ის, გარკვეულწილად, დაბალანსდეს, მაგრამ ამის იმედი დიდად არ მაქვს. მაინც მგონია, რომ რეალური ინფლაცია მიზნობრივს გადააჭარბებს. ეს ყველაფერი, მეტწილად, ერთწლიანი პროცესია. ანუ რა ხდება: ინფლაციას ვზომავთ წინა თვეს, ან წინა წელთან შედარებით. ის მონაცემი, რაც ახლა გვაქვს, არის წინა წლის „ეროვნული ბანკის“ თარგეთი _ 4%. იგი იანგარიშება წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან მიმართებით. შესაბამისად, ამ კუთხით რომ ვისაუბროთ, შარშან, როდესაც რაღაც დონის ინფლაცია იყო, იმასთან შედარებით წელს საკმაოდ გაზრდილია მაჩვენებელი ძალიან ბევრი მიმართულებით ამ 12 სასაქონლე ჯგუფში. მომავალ წელს, უკვე წინა წლის მაჩვენებელი რადგან ძალიან გაზრდილი იქნება, შეიძლება ინფლაცია ასეთი მაღლი აღარ იყოს. ეს გადასახადების ეკონომიკური პროცესია, ზოგადად, და ამ შემთხვევაში აქციზის გაზრდით მიღებული ეფექტი, რომელიც ინფლაციაში გამოიხატა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ეკონომისტებისთვის გასაგებია და მომავალ წელს, როცა აღნიშნული ეფექტი უკვე განეიტრალდება, ანუ თანხები როდესაც აითვლება არა 0-დან და შემდგომ უკვე აქციზის დამატებით, არამედ აქციზი დამატებული იქნება მასზე და ახალი არაფერი დაემატება გადასახდელი, შესაბამისად, ის უკვე ასეთ ინფლაციას არ მოგვცემს, მაგრამ ეს 2018 წლის პროგნოზია.

_ ანუ მიმდინარე წელს ეს საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია?

_ ნორმალურია, იმის გათვალისწინებით, რომ წინა წლებთან შედარებით საკმაოდ კარგი ეკნომიკური ზრდა გვაქვს და მას აუცილებლად თან ახლავს ინფლაცია. თუ გავითვალისწინებთ, რომ გადასახადები ამ აქციზზეც გაიზარდა, უკვე რეალობას გვაძლევს, _ არაფერი ისეთი წარმოუდგენელი აქ არ ხდება და ეკონომიკისთვის გრძელვადიან პერიოდში ეს მწვავე დარტყმას არ იწვევს, მაგრამ მოსახლეობისთვის, რომელსაც ხელფასი არ ეზრდება, რიგ შემთხვევაში, შეიძლება მცირდებოდეს კიდევაც, მათთვის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და მისთვის 6%-იანი ფასების ზრდა, იმ პირობებში, როდესაც შემოსავლები არ ეზრდება, რა თქმა უნდა, ცუდია, ნეგატიურია, მაგრამ მთლიანი ეკონომიკისთვის პროგრესი ინფლაციის გარეშე წარმოუდგენელია. საბოლოოდ, სუფთა ეკონომიკურ ჭრილში, საგანგაშო მონაცემები არ არის, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, პრობლემაა.

 

ნინო ტაბაღუა